
„მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (იოანე 14,6).

მოციქულები ჯერ ცხოვრებით ასწავლიდნენ, შემდეგ კი სიტყვით. მათ სიტყვები არც სჭირდებოდათ, მათი საქმეები მეტყველებდა ხმამაღლა.
წმ. იოანე ოქროპირი
ნუ შეჩერდები შენს გზაზე, როდესაც იხილავ, რომ ბოროტნი განსვენებით ცხოვრობენ და გული ნუ დაგეფლითება, კეთილთა ქანცგაწყვეტილობას რომ იხილავ. ეს ცხოვრების თამაშია, შენ კი მხოლოდ აღსასრულს უმზირე.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
დემონები ყველაზე მეტად იმას ცდილობენ, რომ ადამიანმა არ მიაპყროს მზერა ღმერთს და ვერ შეძლოს ამით სიკეთეში წარმატება. ამიტომ დემონის მავნებლური ბუნების ყველაზე მთავარი მიზანია, დაარწმუნოს ცდუნების მიმღებელნი, რომ ცხოვრებისეული საქმეები ღმერთის ნებაზე კი არა, ვარსკვლავთა კავშირზე და აქედან გამომავალ ძალაზეა დამოკიდებული. ამრიგად, თუკი სწყურიათ დემონებს ადამიანის ღვთისგან განშორება – ეს ცდომილება კი ნამდვილად განაშორებს – ცხადი ხდება დემონთა ის ძალისხმევა, რომლითაც ცდუნებულნი ყავთ ისინი, ვინც ფიქრობს, რომ მთელი ძალა ვარსკვლავებშია და არ უმზერენ ღვთის მეუფების ყოვლისშემძლეობას.
წმ. გრიგოლ ნოსელი
ჯადოქრობა ძალადაკარგულია მათ წინააღმდეგ, ვინც სათნოებით ცხოვრობს. ღვთის შეწევნით გაძლიერებულნი ყოველგვარ მზაკვრობას სძლევენ.
წმ. გრიგოლ ნოსელი
თუკი თქვენ მკითხავებს დაუჯერებთ, არ იქნებით ღვთის წყალობის ღირსნი, ამით საკუთარ თავს უამრავ უბედურებას განუმზადებთ.
წმ. იოანე ოქროპირი
„რამეთუ დაუტევა ერი თვისი, სახლი იაკობისი, რამეთუ აღივსო, ვითარცა დასაბამსა, სოფელი მათი მისნობითა ვითარცა-იგი უცხო-თესლთაჲ“ (ეს. 2,6).
ყველაზე მძიმე სასჯელი ღვთისგან მიტოვებაა... რა დანაშაულთათვის კარგავს მავანი ღვთის შეწევნას, ამას შემდეგი სიტყვები გვიჩვენებს: „რამეთუ აღივსო, ვითარცა დასაბამსა, სოფელი მათი მისნობითა ვითარცა-იგი უცხო-თესლთაჲ“. ხედავ, როგორი ბოროტებაა მისნობა (მკითხაობა, ჯადოქრობა)! მის მიმდევრებს ღვთის შეწევნის გარეშე ტოვებს… და დიდად სახელოვანი ადამიანები, ზეციდან მსაჯულს რომ მოელიან, გულგრილად ვარდებიან ამ დამღუპველ ბიწიერებაში. მაგრამ ისმინე: განგდებულია ხალხი, რომელიც ამას მისცემია. ჯერ კიდევ ძველად, მოსეს სჯულით, შელოცვები, მკითხაობები, ჯადოქრობა, ფრინველებით მისნობა განგდებულ იქნა, როგორც დემონთა გამონაგონი. ნათქვამია: „ნუცა იზმნით და ნუცა ქათმითა იმისნით“ (ლევიტ. 19,26); „ხოლო წარმართნი ესე, რომელნი შენ დაიმკვიდრნე, ჰავის ზმნათა და მისნობათა აღრეულ იყვნეს, ხოლო შენ არა ეგრე გამცნო უფალმან ღმერთმან შენმან“ (2 სჯულ. 18,14).
წმ. ბასილი დიდი
გადარჩენა და უბედურებისგან თავის დაღწევა ყველანაირი გზით კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ ღვთის მიერ. ამას ვამბობ მათ გასაგონად, ვინც სნეულების დროს შელოცვებს და სხვა გრძნეულებებს მიმართავს ავადმყოფობის შესამსუბუქებლად. ეს ნიშნავს, ეძებო არა გადარჩენა, არამედ დაღუპვა, რადგან ჭეშმარიტი გადარჩენა ის არის, რასაც ღმერთი გვიბოძებს.
წმ. იოანე ოქროპირი
ყოველი წინააღმდეგობა ვნების მოთხოვნისადმი, ასუსტებს მას, ხოლო მუდმივი წინააღმდეგობა დაამხობს ვნებას. ყოველი მიყოლა ვნებისადმი აძლიერებს მას, მუდმივი მიყოლა უმონებს ვნებას მის მიმყოლს.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი
თუკი ოდესმე იხილავ ღვთის რაიმე განგებულებით ერეტიკოსების ან ურწმუნოების მიერ აღსრულებულ სასწაულს, ამით შენი მართლმადიდებლური რწმენა არ უნდა შეირყეს. შეიძლება ღმერთი მხოლოდ შენს გამოსაცდელად აღასრულებს სასწაულს ... იოანეს (ნათლისმცემელს) რომელიც იყო საუკეთესო „შობილთა შორის დედათაჲსა“ (ლუკ.7,28), არანაირი სასწაული არ აღუსრულებია, ხოლო იუდა, როცა მოციქულებთან იყო, ცხადია, აღასრულებდა სასწაულებს (მათ. 10,1-4). ამიტომ, როცა დაინახავ ვინმე უღირსის ან ბოროტად მორწმუნის მიერ სასწაულის აღსრულებას, ამას დიდ რამედ ნუ მიიჩნევ.
წმ. ანასტასი სინელი
კითხვა: თუკი ვინმე ქრისტეს ურწმუნო, მაგალითად, იუდეველი ან სამარიტელი, მრავალ კეთილ საქმეს აღასრულებს, შევა ცათა სასუფეველში?
პასუხი: ვინაიდან უფალი ეუბნება ნიკოდიმოსს: „ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (იოან. 3,5), ცხადია, რომ ვერ შევა სასუფეველში. თუმცა არ დაკარგავს თავის მისაგებელს: ან იღებს თავის კეთილდღეობას სიმდიდრით, ფუფუნებით და სხვა ცხოვრებისეული სიამოვნებებით, იმის მსგავსად, ვინც გაიგონა აბრაამისგან: „მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა“ (ლუკ. 16,25), ანდა მისი ხვედრი მომავალ საუკუნეში დიდად განსხვავებული იქნება იმათი ხვედრისგან, ვინც სიკეთეს არ აღასრულებდა. რამეთუ როგორც მართალთათვის აქვს ღმერთს მრავალი სავანე (იხ. იოან. 14,2), ასევე ცოდვილთათვისაც მრავალი სხვადასხვა სასჯელია.
წმ. ანასტასი სინელი (კითხვა-პასუხი, კ.7)
ერთმა გლეხმა გვიამბო: ჩემსა და ჩემს მეზობელს შორის მტრობა აღმოცენდა ეკალივით, ერთმანეთს თვალებში ვერ ვუყურებდით. ზამთრის ერთ ღამეს ჩემი პატარა ბიჭი სახარებას მიკითხავდა ხმამაღლა და როდესაც წაიკითხა მაცხოვრის სიტყვები: „აკურთხევდით მწყევართა თქუენთა“ (მათ. 5,44), მე დავუყვირე ბავშვს: საკმარისია! მთელი ღამე ვერ დავიძინე, გამუდმებით ვფიქრობდი, როგორ აღმესრულებინა ღვთის ეს მცნება. როგორ გავუკეთო სიკეთე ჩემს მეზობელს? ერთხელაც მეზობელი სახლიდან ხმამაღალი ტირილი შემომესმა. გამოვიკითხე და შევიტყვე, რომ საგადასახადო ხელისუფლებამ გასაყიდად წაიყვანა ჩემი მეზობლის მთელი საქონელი ვალის სანაცვლოდ. ელვასავით მეკვეთა აზრი: აი, ღმერთმა მოგცა საშუალება მეზობლისთვის სიკეთის გასაკეთებლად! გავიქეცი სასამართლოში, გადავიხადე გადასახადები ადამიანისთვის, რომელსაც ქვეყნად ყველაზე მეტად მე ვძულდი, და მისი საქონელი უკან დავუბრუნე. როდესაც მან ამის შესახებ შეიტყო, დიდხანს დადიოდა ჩაფიქრებული თავისი სახლის გარშემო. რომ ჩამობნელდა, დამიძახა, სახელით მომმართა. მე ღობესთან მივედი. ვკითხე: რისთვის დამიძახე? მან პასუხად ქვითინი დაიწყო, ძალა არ შესწევდა სიტყვის სათქმელად, ტიროდა და ტიროდა. მას შემდეგ ჩვენ იმაზე მეტი სიყვარულით ვცხოვრობთ, ვიდრე ღვიძლ ძმებს აქვთ. (წმ. ნიკოლოზ სერბი)
ეს სამსჯავრო იქნება ერთადერთი, საბოლოო და საშინელი, და უფრო სამართლიანი, ვიდრე საშინელი, ან, უკეთ რომ ვთქვათ, იმიტომაცაა საშინელი, რომ სამართლიანია. მაშინ დაიდგმება საყდრები, ძველი დღეთა (დან. 7,9) დაჯდება, წიგნები გადაიშლება, ცეცხლოვანი მდინარე დაიწყებს დენას, თვალთა წინაშე წარმოდგებიან განმზადებული ნათელი და ბნელი: „და გამოვიდოდიან კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა“, რომელიც აწ დაფარულია ქრისტეში, ხოლო ბოლოს მასთან ერთად გაცხადდება, „ხოლო ბოროტის მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა“ (იოან. 5,29), რომლებიც, ურწმუნონი, უკვე განსაჯა განმსჯელმა სიტყვამ (იოან. 12,48). და პირველნი დაიმკვიდრებენ გამოუთქმელ ნათელს და წმიდა სამების ჭვრეტას... ხოლო მეორეთა ხვედრი, სხვა ყველაფერთან ერთად, იქნება ტანჯვა, ან, უკეთ რომ ვთქვათ, ყველაზე უწინ, განგდება ღვთისგან და სირცხვილი, რასაც დასასრული არ ექნება.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
აი, რას მიაღწია ეშმაკმა. მან დედამიწა აქცია ლაბირინთად, რომელშიც ჩვენ ერთმანეთის გაგება არ შეგვიძლია... ჩვენ იქამდე მივედით, რომ ჩვენს დროში დედამიწა ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოდ ვაქციეთ! და ჩვენ არც კი გვესმის, რაშია საქმე. ყველანი გაოცებულები ვართ: „რა დაგვემართა, საით მივდივართ, რატომ მიდიან ჩვენი შვილები, რატომ წავიდნენ საკუთარი სახლებიდან და დაეხეტებიან უმიზნოდ, რატომ მიატოვეს ცხოვრება, რატომ მიატოვეს სწავლა? რატომ ხდება ეს?“ ეშმაკმა მოახერხა საკუთარი თავის დაფარვა და ადამიანებისთვის შთაგონება, რომ სხვა სახელები გამოეყენებინათ. როდესაც ადამიანი იტანჯება, ექიმები, ფსიქოლოგები ხშირად ამბობენ: „ახ, შენ ნევროზი გაქვს! ახ, შენ სტრესი გაქვს!“ – და ამის მსგავსი. ისინი არ თანხმდებიან იმაზე, რომ ეშმაკი ანვითარებს ადამიანში ეგოიზმს...
წმ. პორფირი კავსოკალიველი
ბოროტება ბოროტებას ვერ მოსპობს. თუკი ვინმე ბოროტებას გიკეთებს, შენ მას სიკეთე გაუკეთე, რომ კეთილი საქმით მოსპო სიბოროტე.
წმ. პიმენ დიდი
მოვა დრო და ადამიანები ჭკუაზე შეიშლებიან. როდესაც ისეთ ვინმეს ნახავენ, ვინც საერთო სნეულებით არ იქნება დაავადებული, დაუპირისპირდებიან და ეტყვიან: „შენ შეშლილი ხარ, რადგან ჩვენნაირი არ ხარ“.
წმ. ანტონი დიდი
თუკი უფალმა ვირი აალაპარაკა და მოგვის მიერ სულიერი კურთხევა მიანიჭა [ებრაელებს]; თუკი, ამგვარად, ვირის უსიტყველი ბაგეებით და ბალაამის უწმინდური ენით უფალი უმადური იუდეველებისთვის მოქმედებდა, მით უმეტეს თქვენთვის, თუკი მადლიერნი იქნებით, ის ყველაფერს აღასრულებს, რაც საჭიროა, და სული წმიდას გარდამოავლენს, – თუნდაც რომ მღვდლები უკიდურესად ბიწიერნი იყვნენ.
წმ. იოანე ოქროპირი
თუკი ადამიანი საკუთარ თავზე მუშაობას არ დაიწყებს, მაშინ ეშმაკი მას სხვა სამუშაოს გამოუძებნის – სხვების ნაკლოვანებების მოძიებას.
წმ. პაისი ათონელი
სულო ჩემო! რაც უნდა სიმართლე გქონდეს, თუ ძმისგან შეურაცხყოფა და წყენა არ მოითმინე, არა გაქვს ნაწილი იესოსთანა და სახარების მადლისაგან შორს დარჩები.
წმ. ალექსი ბერი, შუშანია
სიახლეები
16 მაისი 2025
მოღვაწეობა: წიგნი წმიდისა მამისა დოროთესი
8 იანვარი 2025
ცხოვრება: წმიდა მამები სიძულვილის შესახებ
25 დეკემბერი 2024
პატერიკები: წმინდა ნიკოლოზ სერბი – ამბავი სიძულვილის ძლევისა
15 აპრილი 2024
ცხოვრება: წმინდა პაისი მთაწმინდელი – სწავლებები
18 ნოემბერი 2023
ისტორია: რატომ გაუქმდა გლადიატორთა ბრძოლები
2 ნოემბერი 2023
საცდურები: წმ. მამები ასტროლოგიის შესახებ
24 ივლისი 2023
მოღვაწეობა: წმიდა მამათა სწავლებების კრებული (ნაწ. 2)
8 დეკემბერი 2022
ცოდვები: წმ. მამები ავსიტყვაობისა და ბილწსიტყვაობის შესახებ
18 ივნისი 2022
განმარტება: წმ. იოანე ოქროპირი – თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ
15 აპრილი 2022
მოღვაწეობა: არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) – სწავლებები
10 აპრილი, 2021
მოღვაწეობა: წმ. იოანე სინელი – კლემაქსი, რომელ არს კიბე (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელის თარგმნილი, შესწორებული გამოცემა)
|