მამათა სწავლებები სიძვის აზრებთან ბრძოლის შესახებ
რისი გამომჟღავნებაც გვრცხვენია ხალხის წინაშე, იმასთან ფარული თანხმობითაც არ უნდა შევიბილწოთ თავი. შესაძლოა ეს დაიფაროს კაცთაგან, მაგრამ ვერ დაიფარება ანგელოზთაგან და თვით ყოვლისშემძლე ღმერთისგან, რომლისგანაც ვერანაირი საიდუმლო ვერ დაიმალება.
წმ. კასიანე რომაელი
ვინც სამარცხვინო გულისსიტყვებს იწყნარებს, გონებაში დიდხანს აჩერებს მათ და მათით იბილწება, ითვლება მემრუშედ, თუნდაც რომ არასოდეს ენახოს ადამიანის სახე.
წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
თუკი ვინმე საკუთარ თავში სიძვის გულისსიტყვის გამძვინვარებულ შემოტევას ხედავს, დაე იცოდეს, რომ ჯერ ჯვარს არ უცვამს საკუთარი თავი. როგორ აცვას ჯვარს? დაე გაექცეს ქალების ცნობისმოყვარეობით თვალიერებას და მათთან შეუფერებელ სიახლოვეს, ასევე უადგილო საუბრებს; დაე მოუკლოს მასალას, რომელიც სურვილს ასაზრდოებს; დაე არ დაუშვას ღვინის გადამეტებული სმა, სიმთვრალე, ნაყროვანება, ზედმეტი ძილი; და ამ ბოროტებათაგან განშორებას დაე დაურთოს თავმდაბლობა, გულის შემუსვრილებით მოუხმობდეს ღმერთს ვნებების წინააღმდეგ შესაწევნელად.
წმ. გრიგოლ პალამა
თუკი გარეგნულად შენს სხეულს გახრწნისა და სიძვისგან იცავ, ხოლო შინაგანად მრუშობ შენს აზრებში, მრუში ხარ ღვთის წინაშე და შენი სხეულის ქალწულება ვერ მოგიტანს სარგებელს. თუკი ვაჟი მზაკვრობით აცდუნებს და გახრწნის ქალწულს, ის საძაგელი ხდება საქმროსთვის სიძვის გამო; ასევე უნაყოფო სული, რომელიც უკავშირდება მის შიგნით მცხოვრებ გველს, ბოროტ სულს, მრუშობს უფლის წინაშე. და დაწერილია: „ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა“ (მათე 5,28). რამეთუ არის სიძვა ხორციელად აღსრულებული, და არის სულის სიძვა, როდესაც ის სატანასთან იწყებს ურთიერთობას. ერთი და იგივე სული შეიძლება იყოს თანაზიარი და დობილი ან დემონებისა, ან ღვთისა და ანგელოზებისა. და თუკი ეშმაკთანაა სიძვაში, ზეციური სიძისთვის შეუსაბამო ხდება.
წმ. მაკარი დიდი
ერთმა წმინდანმა თქვა: „იფიქრე კარგზე, რომ არ იფიქრო ცუდზე, რადგან გონება ვერ ითმენს უმოქმედოდ ყოფნას“.
წმ. ეფრემ ასური
ჭეშმარიტად უბიწოა, ვინც არა მხოლოდ სხეულს იცავს სიძვისაგან... არამედ მისი სხეულის ყველა ნაწილი, მაგალითად თვალები და ენა, იცავს უბიწოებას... და შინაგან ადამიანში მისი სულიერი ზრახვები არ შეერწყმიან მანკიერ აზრებს.
წმ. ეფრემ ასური
ნეტარია, ვინც ღვთის შიშით ანთებულა, მუდმივად აქვს სული წმიდის მდუღარება და დაუწვავს ბოროტი გულისსიტყვების ეკალი და კუროსთავი.
წმ. ეფრემ ასური
არ მისცე შენს თვალებს უფლება, აქეთ-იქით იხეტიალონ და ნუ მიაშტერდები სხვის სილამაზეს, რომ შენი თვალების საშუალებით არ დაგცეს მტერმა.
წმ. ეფრემ ასური
ნეტარ არიან, ვინც თავი ბოროტ გულისსიტყვათაგან განიწმინდა, რამეთუ მათში სული წმიდა მკვიდრობს.
წმ. ეფრემ ასური
ის, ვინც საკუთარი მუცლის მაამებელია და ამასთანავე სიძვის აზრების დამარცხება სურს, იმ კაცს ემსგავსება, რომელიც ზეთით ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას.
წმ. იოანე ოქროპირი
თუკი რომელიმე გულისსიტყვა გვაშფოთებს, გავიხსენოთ ეს სიტყვები: „ვითარ ვქმნე საქმე ესე ბოროტი და ვცოდო წინაშე ღმრთისა ჩემისა?“ (დაბ. 39,9), – და ყველა დაუშვებელი სურვილი იმწამსვე გაქრება.
წმ. იოანე ოქროპირი
მრავალნი, ავხორცობით ცდუნებულნი, აზრებით მრუშობენ; სხეულის ქალწულებას იცავენ, სულის ქალწულებას კი რყვნიან. საყვარელნო! აუცილებელია უარვყოთ სიძვის აზრებითა და ოცნებებით ტკბობა, მათთან კავშირი და მათდამი ყურადღება, წმიდა წერილის სწავლების თანახმად: „ყოველი საცოჲ დაიმარხენ გულმან შენმან, რამეთუ ამათგან არიან გამოსავალნი ცხოვრებისანი“ (იგავ. 4,23).
აბბა გერონტი
თუკი უბიწოება გიყვარს, განდევნე ხოლმე სამარცხვინო აზრები წიგნების კითხვითა და ხანგრძლივი ლოცვით.
წმ. ისააკ ასური
ხორციელ ბრძოლას დაუდევრობა იწვევს. იგი ჩუმად წარგიტაცებს სხვების განსჯისა და განკითხვისაკენ და ამ გზით გიმუხთლებს. როდესაც ისრაელი ჭეშმარიტად ემსახურებოდა ღმერთს, მაშინ ღმერთი იფარავდა მას მტერთაგან, ხოლო როდესაც არ ზრუნავდა ჭეშმარიტი მსახურებისათვის, მაშინ ღმერთი მიუშვებდა მტრებს მის დასამარცხებლად.
წმ. ბარსანუფი დიდი
ხუთი მიზეზისგან ძლიერდება სიძვის შემოტევა: უქმადმეტყველებისგან, მზვაობრობისგან, ზედმეტი ძილისგან, კოხტაობისგან და ნაყროვანებისგან.
წმ. ისაია განდეგილი
მთელი შენი ყურადღება მხედველობის დაცვას მიაპყარი, რადგან ეს გრძნობა ქურდივითაა: სწრაფად იპყრობს გონებას, ისე რომ თვალის დახამხამებაში ვნებიანი შეხედვით გონებაში კერპის სახე აღიბეჭდება, სული ამ კერპით ტკბება და გული მისი სურვილითაა შეპყრობილი, – და ცოდვაშია კაცი, როგორც უფალმა ბრძანა ამის შესახებ: „ ... ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა“ (მათ. 5,28). ამიტომაც გვიანდერძა სოლომონმა თვალების დაცვა: „შვილო, ნუ გერევინ სიკეთე გულის-თქუმისაჲ, ნუცა მოინადირები თუალთაგან შენთა“ (იგავ. 6,25). თუკი ეს ქურდი შემოიჭრება და მოგინადირებს, იღვაწე, რომ აფროდიტეს კერპი, ანუ საძაგელი გულისთქმა არ აღიბეჭდოს შენს სულში. როგორ ვიღვაწოთ? – ღმერთის მოხმობით: ფსალმუნთმგალობლის თანახმად „უფლისაჲ არს ცხორებაჲ“ (ფსალმ. 3,8).
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
სიწმინდე და უბიწოება ფრიად დაიცავი და დაუკვირდი, რა შეეწევა მათ. პირველი: ნაკლები ჭამე და სვი, მარხვა შეიყვარე. მეორე: ნურასოდეს იქნები უქმად, ყოველთვის აკეთე რაიმე. მესამე: მუდმივად გახსოვდეს, რომ ღვთის წინაშე ხარ, ის ყველგან გხედავს და უყურებს შენს საქმეებს, სიტყვებსა და აზრებს. როგორ გაბედავ ღვთის წინაშე შესცოდო და თავი შეიბილწო? გაფრთხილდი, არა მხოლოდ საქმით, არამედ აზრითაც არ შესცოდო. დედ-მამის წინაშე ვერ ბედავ ცოდვის ჩადენას, უზენაესი ღმერთის წინაშე როგორღა შესცოდებ? მეოთხე: როგორც კი ცუდი აზრი მოვა, იმწამსვე განდევნე და ილოცე: უფალო იესო ქრისტე, შემეწიე მე ცოდვილს. მეხუთე: ხშირად ილოცე და შესთხოვე ქრისტეს: უფალო, მომანიჭე სიმდაბლე, უბიწოება და სხვა სათნოებები. ლოცვისა და ღვთის შეწევნის გარეშე უბიწოება და სხვა სათნოებები არ მოგვეცემა. მეექვსე: დაიცავი თვალები ლამაზი სახეების შეხედვისგან, ყურები – მაცდუნებელი სიმღერებისგან, ნუ მოიხიბლები მათით. მეშვიდე: ტაძარში დგომისას აქეთ-იქით ნუ იყურები, იყურე მიწისკენ და წმინდა საკურთხევლისკენ, გონება კი ღმერთისკენ აღიყვანე.
წმ. ტიხონ ზადონელი
ძალიან სასარგებლოა იესოს ლოცვის ხმამაღლა აღსრულება მაშინ, როდესაც გაძლიერებულად გვიტევენ ხორციელი გულისთქმისა და მრისხანების აზრები და ოცნებები, როცა მათი მოქმედებით სისხლი ხურს და დუღს, როცა გული სიმშვიდესა და სიწყნარეს კარგავს.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
ცოდვილი აზრებისა და გრძნობების გაძლიერებული და გახშირებული თავდასხმების (რასაც ეწოდება ...ბრძოლა) წინააღმდეგ ახალდამწყებისთვის ყველაზე საუკეთესო იარაღია აღსარება.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
სიწმინდე – ეს არის სიძვის ვნების საწინააღმდეგო სათნოება. ესაა სხეულის განშორება ცოდვაში ჩავარდნისგან და ყველა იმ მოქმედებისგან, რომლებსაც ცოდვასთან მივყავართ; ესაა გონების განშორება სიძვის აზრებისა და ოცნებებისგან, და გულის განშორება – სიძვის შეგრძნებებისა და ლტოლვისაგან. ამას მოყვება სხეულის განშორება ხორციელი გულისთქმისაგან.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
შეეწინააღმდეგეთ აზრის პირველ შემოტევას, შემუსრეთ ჩვილნი ბაბილონისა (შდრ. ფსალმ. 136,8-9), სანამ ისინი ჯერ კიდევ ჩვილნი არიან – შემუსრეთ ლოცვითა და სიმდაბლით; როცა გაიზრდებიან, გოლიათები გახდებიან და ძნელი იქნება მათთან შეწინააღმდეგება.
წმ. მაკარი ოპტინელი
როდესაც აზრებთან შეერთებისა და დატყვევების შედეგად შეგემთხვევა აზრობრივი დაბნელება და ტყვეობა, ნუ დააყოვნებ, უფალს სინანულით, სიმდაბლითა და გულის შემუსვრილებით შეუვრდი; ნუ მიეცემი სასოწარკვეთას, რომელიც ვნებაზე უარესია. ეძიე მიზეზი, რისგან მოხდა, რომ ასე დაზარალდი? მიზეზები შემდეგია: სიამაყე, თავზე დიდი წარმოდგენა, სხვების შეურაცხყოფა და განკითხვა, ტკბილეულის ჭამა, ზედმეტი მოსვენება, საპირისპირო სქესთან ურთიერთობა; ეცადე, რამდენადაც შესაძლებელია, ამ ყველაფერს მოერიდო; ყველაზე მეტად ეცადე, დამდაბლდე, რადგან წმ. იოანე კიბისაღმწერელის სიტყვით: „სადაცა დაცემა იქმნა, ცან, ვითარმედ მუნ პირველად ამპარტავანებამან დაიმკვიდრა“ (კიბე, 23,4). ნუ დააყოვნებ (აზრების) გამჟღავნებას (იგულისხმება მოძღვრის წინაშე - მთარგმნ. შენ.), – ესეც სიმდაბლისაკენ მიგვიძღვის, როცა სხვის წინაშე (მოძღვრის წინაშე - მთარგმნ. შენ.) საკუთარ თავს ამხილებ; ხომ გახსოვს, როცა დაფარე (აზრები), დაზარალდი.
წმ. მაკარი ოპტინელი
„ყოველი თესლები გარემომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ. გარემომადგეს და მომიცვეს მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ; მომადგეს მე, ვითარცა ფუტკარნი გოლსა, და აღეტყინნეს, ვითარცა ცეცხლი ეკალთა შორის, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ (ფსალმ. 117,10-12). ეს სიტყვები იესოს ლოცვის შესახებაა. აი როგორ უნდა ვებრძოლოთ [ცოდვიან] გულისსიტყვებს.
წმ. ნიკონ ოპტინელი
როდესაც ადამიანი ცოდვის აზრებთან დამარცხდება და [ცოდვიან] წარმოდგენას დაუთმობს, აქედან, წარმოდგენიდან, იწყება მთელი ბოროტება! და თუკი ის გონებაში ბევრჯერ დამარცხდება სულიერად და მრავალგზის მოიწყვლება სიამისმოყვარე ოცნებებით, მაშინ, როგორც კი სატანა ისევ მოვა ამგვარი ოცნებებით, როგორც კი მოუტანს მათ გონებას, ის მაშინვე დატყვევებულ იქმნება. ამიტომ შენ არ უნდა დაუთმო, რომ ოცნებები და ვნებები არ გაძლიერდნენ და არ განმტკიცდნენ.
არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
თავიდან ცოდვა, როგორც მზაკვარი და ცბიერი მელა, შეუმჩნევლად მოდის, მოგვეახლება და ირწმუნება, რომ ის ჭიანჭველაა, და რომ მასთან ბრძოლა იგივეა, რაც ჭიანჭველასთან ბრძოლა. სული არაფრად აგდებს მას და დუნდება. შემდეგ პატარა ჭიანჭველა მოკლე ხანში გადაიქცევა დაუმორჩილებელ ლომად, რომლის ძლევა სულისთვის ძალიან, ძალიან ძნელია.
არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
ეს შინაგანი ცოდვა [კაცთათვის] შეუმჩნეველია. თუკი ადამიანები ვერ ხედავენ, ღმერთი ხომ ხედავს. და თუ ჩვენ არ გვეშინია და არ გვრცხვენია ადამიანების, რადგან ეს ცოდვა მათთვის უხილავია, ღმერთის უნდა გვეშინოდეს, რამეთუ ეს გონებისმიერი ზნეობრივი დანაშაული მის წინაშე აღესრულება.
არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
|