martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

 პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი

 

ქრისტიანული ესქატოლოგია

სამყაროსა და კაცობრიობის მომავალი

 

"ერთ გზისღა შევძრა მე არა ხოლო ქუეყანაჲ, არამედ ცანიცა" (ებრ. 12,26; ანგ. 2,6).

ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსის სიმბოლოში (მე-7, მე-11 და მე-12 წევრები) აღიარებულია მართლმადიდებლური ქრისტიანული რწმენა დედამიწაზე ძე ღვთისას სამომავლოდ მოსვლის, საყოველთაო საშინელი სამსჯავროსა და მერმის მარადიულ ცხოვრებაზე:

"კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ" (მე-7 წევრი).

"მოველი აღდგომასა მკვდრეთით" (მე-11 წევრი).

"და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნისასა" (მე-12 წევრი).

საღვთო განგებულებით მომავლის გეგმა ბოლო ჟამამდე არის შედგენილი. რასაც საღვთო წერილი ბოლო ჟამის მოვლენებზე გვეუბნება, ქრისტიანული სწავლების განუყოფელი ნაწილია. ესენია: უფლის მეორედ მოსვლა, მიცვალებულთა აღდგომა და სამყაროს აღსასრული, შემდგომ სუფევა დიდებისა და მარადიული ცხოვრების დასაწყისი.

დოგმატური ღვთისმეტყველების ბოლო ნაწილში ლაპარაკია იმ დიდი პროცესის დასრულებაზე, რომლის დასაწყისიც შესაქმის წიგნის პირველ გვერდებზეა გადმოცემული.

 

 

ადამიანის სიკვდილის შემდგომი ხვედრი

საყოველთაო სამსჯავრომდე.

პირადი სამსჯავრო

 

სიკვდილი ყველა ადამიანის ხვედრია. მაგრამ მათთვის ეს განადგურებას არ ნიშნავს. მხოლოდ სული განეშორება სხეულს. ადამიანის სულის უკვდავების ჭეშმარიტება ქრისტიანობის ერთ-ერთი ძირითადი ჭეშმარიტებაა. "არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ, რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე" (ლკ. 20,38). ახალი აღთქმის წმიდა წერილში სიკვდილს ეწოდება "განსლვა": "ვისწრაფვო, რაჲთა კაცად-კაცადსა თქუენსა აქუნდეს შემდგომად განსლვისა ჩემისა ამათი მოხსენებისა ყოფაჲ" (2 პეტ. 1,15); ჩვენი ამქვეყნიური სახლის დანგრევა (2 კორ. 5,1); სხეულის დატოვება: "ადრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფლისა ამის ჩემისაჲ" (2 პეტ. 1,14); განსლვა: "გული მეტყვის განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად უფროჲს და უმჯობეს ფრიად" (ფლპ. 1,23); მიქცევა: "ჟამი იგი მიქცევისა ჩემისაჲ მოიწია" (2 ტიმ. 4,6); შესვენება: "დავით... შეისუენა" (საქმ. 13,36). საღვთო წერილის აშკარა მოწმობით სულს სიკვდილის შემდგომ თავისი მდგომარეობა გაცნობიერებული აქვს (მაგ., იგავი მდიდარსა და ლაზარეზე). ადამიანი სიკვდილის შემდგომ გადის სამსჯავროს, რომელსაც უკანასკნელი, საყოველთაო სამსჯავროსაგან განსხვავებით, პირადი ეწოდება. "ადვილ არს წინაშე თუალთა უფლისათა დღესა მას აღსასრულისასა მიგებად კაცთა, ვითარცა იყვნენ საქმენი მათნი" (ზირ. 11,26)ამბობს ბრძენთაბრძენი ზირაქის ძე. იმავე აზრს გამოხატავს პავლე მოციქულიც: "ვითარცა-იგი წინა-უც კაცთა ერთგზის სიკუდილი და მისა შემდგომად სასჯელი" (ებრ. 9,27). მოციქულის თანახმად, ადამიანის გარდაცვალებას მაშინვე მოსდევს სამსჯავრო. ცხადია, ეკლესიის წმიდა მამების განმარტებით, მას მხედველობაში ჰქონდა არა საყოველთაო, არამედ პირადი სამსჯავრო: "დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა" (ლკ. 22,23)უთხრა უფალმა მონანულ ავაზაკს.

წმიდა წერილიდან ვერ ვიგებთ, თუ როგორ მიმდინარეობს პირადი სამსჯავრო. ამის შესახებ ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ ცალკეულ გამონათქვამებზე დაყრდნობით, რომლებიც საღვთო წერილში გვხვდება. ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ პირად სამსჯავროზე ადამიანის სიკვდილის შემდგომი ბედის განსაზღვრაში დიდ მონაწილეობას იღებენ როგორც კეთილი, ისე ბოროტი ანგელოზები. იგავში მდიდარსა და ლაზარეზე ნათქვამია, რომ ლაზარე "მიიყვანა ... ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისათა" (ლკ. 16,22); სხვა იგავში მდიდარს ეუბნებიან: "უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან" (ლკ. 12,20)აშკარაა, რომ ბოროტი სულები მიიღებენ მას (წმ. იოანე ოქროპირი). რადგან, ერთი მხრივ, უფლის სიტყვების თანახმად: "ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა" (მთ. 18,10); აგრეთვე ქვეყნის აღსასრულის ჟამს უფალი გამოგზავნის ანგელოზებს და მათ "განაშორნენ უკეთურნი იგი შორის მართალთა" (მთ. 13,49); ხოლო, მეორე მხრივ, "წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი, ვითარცა ლომი, მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა" (1 პეტ. 5,8)და თითქოს ჰაერიც გაჯერებულია უკეთური სულებით, "რომელნი არიან ცათა ქუეშე" (ეფ. 6,12) და მთავარი მათი იწოდება ხელმწიფედ ჰაერისა (ეფ. 2,2).

წმიდა წერილის ამ მინიშნებათა საფუძველზე და ძველთაგანვე წმიდა მამების აღწერით სხეულთან განშორებული სული ისეთ სულიერ სივრცეებში იწყებს სლვას, სადაც ბნელი ძალები სულიერად სუსტების შთანთქმას ცდილობენ და სადაც განსაკუთრებით ამიტომ არის საჭირო ზეციურ ანგელოზთა მფარველობა და ეკლესიის ცოცხალ წევრთა მხრიდან ლოცვითი თანადგომა. ამის შესახებ საუბრობდნენ ძველი დროის ისეთი მამები, როგორებიც არიან: წმ. ეფრემ ასური, ათანასე დიდი, მაკარი დიდი, ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი და სხვანი. ყველაზე ზედმიწევნით ამ თემაზე მსჯელობს წმ. კირილე ალექსანდრიელი ნაშრომში "სიტყვა სულის განსლვაზე" (იგი ჩვეულებრივ გამოკრებილ ფსალმუნებთან იბეჭდება ხოლმე); ამ გზის ხატოვანი აღწერა მოცემულია ღირსი ბასილი ახლის ცხოვრებაში, რომლის მიხედვით მიცვალებული ნეტარი თეოდორა ძილში გამოეცხადა ბასილის მოწაფეს და აუწყა ის, რაც იხილა და განიცადა სულის სხეულთან გაყრის შემდგომ, ზეციური სავანეებისაკენ სულის ზეაღსვლის გზაზე. ამ გზას, მიღებულია, ეწოდოს "საზვერეები". საზვერეებზე ხატოვანი ნაამბობის შესახებ მიტრ. მაკარი ნაშრომში "მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველება" შენიშნავს: "მტკიცედ უნდა გვახსოვდეს დარიგება, რაც უთხრა ანგელოზმა ღირს მაკარი ალექსანდრიელს, როცა მან საზვერეებზე დაიწყო საუბარი: "აქ მიწიერი სახეები ზეციურის ყველაზე მკრთალ ასახვად ჩათვალე". გვმართებს საზვერეების გავლას შეძლებისდაგვარად მივანიჭოთ ის სულიერი დატვირთვა, რომელიც მეტ-ნაკლებად გრძნობადი, ანთროპომორფული მახასიათებლებით არის დაფარული" (Митр. Макарий “Православное догматическое богословие”, т 2. с. 538).

სულის პირადი სამსჯავროს შემდგომი მდგომარეობის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესია ასე გვასწავლის: "გვწამს, რომ მიცვალებულთა სულები ან ნეტარებენ, ან იტანჯებიან თვისთა საქმეთა მიხედვით. ისინი სხეულთან განშორებისთანავე იწყებენ სიხარულის, დარდისა თუ მწუხარების განცდას. მაგრამ არც სრულ ნეტარებასა და არც სრულ ტანჯვას არ განიცდიან, რამეთუ მათ საყოველთაო აღდგომის დროს მიიღებს თითოეული, როცა სული შეუერთდება იმ სხეულს, რომელშიც იგი სათნოდ თუ მანკიერად ცხოვრობდა" (“Послание восточных патриархов”, член 18). მაშასადამე, მართლმადიდებელი ეკლესია განასხვავებს პირადი სამსჯავროს შემდგომ ორ მდგომარეობას: ერთს მართალთათვის და მეორეს ცოდვილთათვის; ანუ სამოთხესა და ჯოჯოხეთს. ეკლესია არ ცნობს რომაული კათოლიციზმის სწავლებას სამ მდგომარეობაზე. ესენია: 1. ნეტარება; 2. განსაწმენდელი (პურგატორიუმი) და 3. გეენაში ყოფნა.

ეკლესიის მამები თვითონ სახელდებას "გეენა" ჩვეულებრივ აკუთვნებენ საშინელი სამსჯავროს შემდგომ მდგომარეობას, როდესაც სიკვდილიცა და ჯოჯოხეთიც დაინთქმება "ტბასა მას ცეცხლისასა" (გამოცხ. 20,15). ეკლესიის მამები საღვთო წერილზე დაყრდნობით თვლიან, რომ საშინელ სამსჯავრომდე ცოდვილთა ტანჯვას დაწყებითი ხასიათი აქვს: იგი შეიძლება შემსუბუქდეს ან მოიხსნას ეკლესიის ლოცვით (“Послание восточных патриархов”, член 18). ასევე ჯოჯოხეთის წყვდიადით შეკრული დაცემული სულებიც დაიმარხებიან "სასჯელად დიდისა მის დღისა" (იუდ. 6; შდრ. 2 პეტ. 3,4).

 

 

უფლის მეორედ მოსვლისა და საშინელი სამსჯავროს დღის მოახლოების ნიშნები (მთ. 24)

 

უფალმა ისევ ჩვენივე ზნეობრივი სიკეთისათვის არ ინება, გაემხილა ამჟამინდელი ცისა და ქვეყნის "ბოლო ჟამის" თარიღი, დღე ძე კაცისას მოსვლისა, "დღე უფლისა". "დღისა მისთ და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან" (მთ. 24,36). "არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელნი იგი მამამან დასხნა სითა ხელმწიფებითა" (საქმ. 1,7). ამ გაურკვევლობამ უნდა აიძულოს ქრისტიანები, მუდმივად ფხიზლობდნენ სულიერად: "მღვიძარე იყვენით და ილოცევდით, რამეთუ არა იცით, ოდეს იყოს ჟამი იგი... რომელსა ესე გეტყჳთ თქუენ, ყოველთა გეტყჳ: მღვიძარე იყვენით" (მრკ. 13; 33, 37).

მაგრამ უფლისაგან დაწესებული ვადების არცოდნამ ხელი არ უნდა შეუშალოს ქრისტიანს, ფიქრებით ჩაუღრმავდეს ისტორიულ მოვლენათა მსვლელობას და მათში "ბოლო ჟამის" მოახლოების ნიშნები ამოიცნოს. უფალი გვარიგებდა: "ხოლო ლეღვისაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს რტონი მისნი დაჩჩჳან, და ფურცელნი გამოვალნ, უწყოდით, რამეთუ ახლო არს ზაფხული" (მთ. 24,32).

აი, საღვთო წერილში მითითებული ზოგიერთი ნიშანი:

1. სახარების გავრცელება მთელს მსოფლიოში: "და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფევლისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა და მაშინ მოიწიოს აღსასრული" (მთ. 24,14).

2. ბოროტი ძალების უჩვეულო გამოვლინება. "განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განხმეს სიყუარული მრავალთაჲ" (მთ. 24,12). პავლე მოციქული ამბობს: "უკანაჲსკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი; და იყუნენ კაცნი თავის მოყუარე, ვეცხლის მოყუარე, ლაღ, თავმოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყუარულ... გულის თქუმის მოყუარე უფროჲს, ვიდრე ღმრთის მოყუარე. აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ და ძალსა მისსა უარყოფდნენ" (2 ტიმ. 3,1-5). რწმენის დასუსტება: "ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა?" (ლკ. 18,8).

3. ეშმაკი წამოიწყებს ბრძოლას ქრისტეს სამეფოს წინააღმდეგ თავისი იარაღის ანტიქრისტეს ხელით. სახელდება "ანტიქრისტე" წმიდა წერილში ორგვარი მნიშვნელობით გამოიყენება: ზოგადი, რომელიც გულისხმობს ქრისტეს ყველა მოწინააღმდეგეს (ამ გაგებით იხსენიება ანტიქრისტე წმ. იოანე ღვთისმეტყველის 1 და 2 ეპისტოლეებში) და განსაკუთრებული მნიშვნელობით, გარკვეული პირის ქრისტეს მოწინააღმდეგის აღსანიშნავად, რომელიც სამყაროს აღსასრულის წინ გამოჩნდება. ანტიქრისტეს თვისებებსა და საქმეებზე ვკითხულობთ პავლე მოციქულთან: "ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ნუ რომლითა სახითა, რამეთუ, უკუეთუ არა მოვიდეს განდგომილებაჲ იგი პირველად, და გამოჩნდეს კაცი იგი უსჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ, მჯდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელდებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი. არა გახსოვსა, რამეთუ, ვიდრე-იგიღა ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გეტყოდე თქუენ?... რამეთუ საიდუმლოჲ იგი აწვე იქმნების უსჯულოებისაჲ, გარნა ხოლო, რომელსა-ესე უპყრიეს აწ, ვიდრემდე შორს განვიდეს, და მაშინ გამოჩნდეს უსჯულოჲ იგი, რომელი-იგი უფალმან აღხოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსვლისა მისისაჲთა, რომლისა-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა სასწაულებითა ტყუილისაჲთა და ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაჲთა წარწყმედულთა მათ შორის, რამეთუ ვინაჲთგან სიყუარული იგი ჭეშმარიტებისაჲ არა შეიწყნარეს, რაჲთამცა ცხონდნეს იგინი, ამისთჳს მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაჲ, რაჲთა რწმენეს მათ ტყუვილისაჲ" (2 თეს. 2,3-11). ღვთის ამ მოწინააღმდეგის სახეს აგრეთვე აღწერს დანიელ წინასწარმეტყველი თავის გამოცხადებაში (თავ. 11-13). ანტიქრისტე იმოქმედებს სამსჯავროს დღემდე (2 თეს. 2,8). ანტიქრისტეს პიროვნების თვისებებსა და მოქმედების სავარაუდო ფორმებს ზედმიწევნით აღწერენ წმ. კირილე იერუსალიმელი თავის "განსასწავლ დარიგებებში" (მე-5 და მე-15) და ღირსი ეფრემ ასური ნაშრომში "სიტყვა უფლისა და ანტიქრისტეს მოსვლის შესახებ".

4. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში მითითებულია ანტიქრისტეს მოღვაწეობის ეპოქაში "ორი მოწმის" გამოჩენა, რომლებიც იწინასწარმეტყველებენ ჭეშმარიტებას, მოახდენენ სასწაულებს და "რაჟამს აღასრულონ წამებაჲ მათი ... მოკლნეს იგინი ... შემდგომად სამისა მის და ნახევარისა დღისა... აღდგეს ფერხთა ზედა მათთა... და აღვიდეს ზეცად" (გამოცხ. 11, 3-12).

 

 

ძე კაცისას მეორედ მოსვლა (მთ. 25)

 

ძე ღვთისას ამქვეყნიდან ზეცად ამაღლების დროიდან ქრისტეს მორწმუნე კაცობრიობის სულიერი ხედვა მიმართულია მსოფლიოს ისტორიის უდიდესი სამომავლო მოვლენის უფლის ამქვეყნად მეორედ მოსვლისაკენ.

ამ მოსალოდნელი მოსვლის სინამდვილე სრულიად გარკვევით დაამოწმა თვად უფალმა იესუ ქრისტემ და თან დაწვრილებით დაახასიათა ეს მოვლენა (მთ. 16,27; მთ. 24; მრკ. 8,38; ლკ. 12,40; ლკ. 17,24; ინ. 14,3). მის შესახებ იუწყებოდნენ ანგელოზები უფლის ამაღლების დროს (საქმ. 1,11); მასვე ხშირად შეგვახსენებენ მოციქულები: იუდა (იუდ. 14-15), იოანე (1 ინ. 2,28) და პეტრე (1 პეტ. 4,13) და მრავალჯერ პავლე მოციქული (1კორ. 4,5; 1 თეს. 5,2-6 და სხვა).

თვითონ უფალმა მოწაფეებს თავისი მოსვლა, როგორც მოვლენა, ასე დაუხასიათა: იგი უეცრად და ყველასთვის ცხადად მოხდება: "ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა-აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ" (მთ. 24,27).

თავდაპირველად გამოჩნდება "სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა, და მაშინ იტყებდნენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი" (მთ. 24,30). ეს "სასწაული" (ნიშანი) ეკლესიის წმიდა მამათა ერთსულოვანი განმარტებით, უფლის ცხოველმყოფელი ჯვარია.

უფალი მთელი თავისი დიდებით, ანგელოზთა ურიცხვი დასით გარსშემორტყმული მოვა: "და იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა" (მთ. 24,30), "ანგელოზთა თანა წმიდათა" (მრკ. 8,38). მაშინ უფალი დაჯდება "საყდართა დიდებისა თჳსისათა" (მთ. 25,31). მაშასადამე, მეორედ მოსვლა განსხვავებული იქნება პირველთან შედარებით: უფალმა მაშინ "დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდილადმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა" (ფლპ. 2,8).

იგი მოვა, რათა მოხდეს "განკითხვაჲ სოფლისა სიმართლით" (საქმ. 17,31) და მიგებად "კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ" (მთ. 16,27). არსებითად ამით განსხვავდება მისი ამქვეყნად მეორედ მოსვლის მიზანი პირველისაგან, როდესაც მოვიდა, "რაჲთა აცხოვნოს სოფელი მის მიერ" (ინ. 3,17) და "მიცემად სული თჳსი სასრად მრავალთათჳს" (მთ. 2,28).

 

 

მიცვალებულთა აღდგომა

(1 კორ. 15)

 

ძე კაცისას მოსვლის დიად დღეს მოხდება მიცვალებულების საყოველთაო აღდგომა. ამის შესახებ საუბრობს უფალი: "მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ხმისა მისისაჲ. და გამოვიდოდიან კეთილის-მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა" (ინ. 5,28-29). როდესაც სადუკეველნი უნდობლობით მოეკიდნენ აღდგომის შესაძლებლობას, უფალმა შერისხა ისინი: "სცთებით, რამეთუ არა იცნით წიგნნი, არცა ძალი (ანუ ყოვლისშემძლეობა) ღმრთისაჲ" (მთ. 22,29).

აღდგომის ჭეშმარიტების უეჭველობა და მისდამი რწმენის მნიშვნელობა პავლე მოციქულმა ასე გამოხატა: "უკუეთუ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს, არცა ქრისტე აღდგომილ არს. უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი და ცუდად არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი. ვიპოვენით უკუე ცრუ-მოწამეცა ღმრთისა, რამეთუ ვწამებთ ღმრთისათჳს, ვითარმედ აღადგინა ქრისტე, რომელი არა აღადგინა, უკუეთუ ნანდვილვე მკუდარნი არა აღდგებიან... ხოლო აწ ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა... და ვითარცა ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნენ" (1 კორ. 15; 13-15,20,22).

მიცვალებულთა აღდგინება, როგორც მართალთა ისე ცოდვილთა, იქნება საყოველთაო და ერთდროული. "და გამოვიდოდიან კეთილის-მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა" (ინ. 5,29). "აღდგომაჲ ყოფად არს მკუდართაჲ, მართალთაჲცა და ცოდვილთაჲცა" (პავლე მოციქულის სიტყვები მთავარ ფელიქსის წინაშე (საქმ. 24,15). და თუკი იგივე მოციქული სხვაგან (1 კორ. 15 და 1 თეს. 4) ლაპარაკობს ქრისტეში აღსრულებულთა აღდგომაზე და არ ახსენებს ცოდვილთა აღდგომას, ცხადია, იმიტომ, რომ მისი პირდაპირი მიზანია, ქრისტიანებში განამტკიცოს მათი ქრისტეში სამომავლო აღდგომის რწმენა. მაგრამ ამასთან უეჭველია ისიც, რომ მართალთა და ცოდვილთა აღდგომის ფორმა და სახე განსხვავებული იქნება. "მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისა" ბრძანა უფალმა მხოლოდ მართალთა შესახებ (მთ. 13,43). "ერთნი მიემსგავსებიან ნათელს, მეორენი წყვდიადს" მსჯელობს ამის თაობაზე ღირსი ეფრემ ასური (“О страхе Божием и последнем суде”).

საღვთო წერილიდან უნდა დავასკვნათ, რომ აღმდგარი სხეულები არსობრივად ისეთივენი იქნებიან, როგორიც ეკუთვნოდა სულებს ამქყვეყნად ცხოვრების დროს: "რამეთუ ჯერ-არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაჲ, და მოკუდავისა ამის შემოსად უკუდავებაჲ" (1 კორ. 15,53), მაგრამ როგორც მოციქულის ამ სიტყვებიდან ჩანს, მოხდება მათი გარდასახვა. ყველაზე უწინ მართალთა სხეულები შეიქნებიან ურხრწნელნი და უკვდავნი. მათ საერთოდ ვერ მიეკარება ამჟამინდელი ცხოვრებისათვის დამახასიათებელი უძლურებანი და სისუსტენი და იქნებიან სულიერნი, ზეციურნი და მიწიერი სხეულის მოთხოვნილებებს მოკლებულნი. უფლის სიტყვებისამებრ (ლკ. 20,3), აღდგომის შემდგომი ცხოვრება მიემსგავსება უსხეულო სულთა ანგელოზთა ცხოვრებას. რაც შეეხებათ ცოდვილებს, მათი სხეულები უეჭველად აღდგებიან ახალი სახით და მიიღებენ უხრწნელებასა და სულიერებას, მაგრამ ამასთანავე მათზე აისახება ცოდვილის მშვინვიერი მდგომარეობა.

სხეულთა სამომავლო აღდგომის რწმენის განსამტკიცებლად მოციქული მას ადარებს ნათესს, როგორც აღდგომის სიმბოლოს ბუნებაში: "არამედ თქუას ვინმე, ვითარმედ: ვითარ-მე აღდგენ მკუდარნი? ანუ რომლითა-მე ხორცითა მოვიდენ? უგუნურო, შენ რომელ დასთესი, არა ცხოვნდის, ვიდრემდე არა მოკუდის. და რომელი-იგი დასთესი, არა თუ იგი გუამი, რომელ ყოფად არნ დასთესი, არამედ შიშუელი მარცუალი, გინა თუ იფქლისაჲ ანუ თუ სხუაჲ რომელიმე თესლი. ხოლო ღმერთმან მოსცის მას გუამი, ვითარცა უნებნ, და თვითოეულსა თესლსა თჳსი გუამი" (1 კორ. 15, 35-38). იმავე მიზნით ეკლესიის მამები მიუთითებდნენ, რომ სამყაროში საერთოდ არაფერი ქრება და ნადგურდება; ღმერთს ხელეწიფება, აღადგინოს ის, რასაც თვითონვე ქმნის. ისინი ბუნებას მიმართავდნენ აღდგომის მსგავსი მოვლენების მოსაძიებლად. ასეთებად მიაჩნდათ: მიწაში ჩაყრილი და გაღვივებული თესლიდან მცენარის დაბადება, ბუნების ყოველწლიურად განახლება გაზაფხულზე, დღის თავიდან დაწყება, გამოღვიძება, მიწის მტვერიდან ადამიანის შექმნა და სხვა.

საყოველთაო აღდგომა და "ცხორება მერმისა მის საუკუნისა" განეკუთვნება მოვლენებს, რომელთა სრულად წარმოდგენა ჩვენს წარმოსახვას არ ძალუძს, რადგან ისინი ნამდვილი სახით არასოდეს განგვიცდია და არც ჩვენს გონებას შეუძლია მათი დატევა. შეუძლებელია გადაჭრა ცნობისმოყვარე გონებაში წარმოჩენილი მრავალრიცხოვანი საკითხებისა. ისინი და ეკლესიის წმიდა მამათა და მასწავლებელთა ნაწერებში მათ საპასუხოდ გამოთქმული პირადი შეხედულებები არ შეადგენს უშუალოდ დოგმატური ღვთისმეტყველების საგანს, რომლის ამოცანაა წმიდა წერილზე დაფუძნებული სარწმუნოების ზუსტ ჭეშმარიტებათა დამტკიცება.

 

 

ქილიაზმის შეუმდგარობა

 

დღევანდელ დღეს ფართოდ ვრცელდება ქილიაზმის სახელით ცნობილი სწავლება, რომლის მიხედვით საყოველთაო, საშინელ სამსჯავრომდე დედამიწაზე დამყარდება ქრისტეს ათასწლიანი სუფევა. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: სამყაროს აღსასრულამდე დიდი ხნით ადრე ქრისტე ისევ მოვა ამქვეყნად, დაამარცხებს ანტიქრისტეს, აღადგენს მხოლოდ მართლებს, მოაწყობს დედამიწაზე ახალ სამეფოს, სადაც მასთან ერთად, თავიანთი ღვაწლისა და ტანჯვის ჯილდოდ ათას წელს იმეფებენ მართალნი და დროებითი ცხოვრების ყველა სიკეთით დატკბებიან. უკვე შემდგომ, მას მოჰყვება მიცვალებულთა მეორე, საყოველთაო აღდგომა, სამსჯავრო და სამარადისო საზღაურის მიგება. ასე ფიქრობენ ქილიასტები და ამ სწავლების დამცველნი ეყრდნობიან დაფარულთმჭვრეტელის ხილვას, რომელიც აპოკალიპსისის (გამოცხადება, აღმოჩენა, გახსნა) მე-20 თავშია მოყვანილი. იქ ნათქვამის მიხედვით, ზეციდან გარდამოსულმა ანგელოზმა "შეიპყრა ვეშაპი იგი გუელი დასაბამისაჲ, რომელ არს ეშმაკი და სატანა... და შეკრა იგი ათას წელ... და სულნი იგი მოკლულთანი წამებისათჳს იესუჲსა და სიტყვისათჳს ღმრთისა... ცხონდეს და სუფევდეს ქრისტეს თანა ათასსა მას წელსა... ესე არს აღდგომაჲ პირველი... და შემდგომად ათასისა მის წლისა განიPსნას ეშმაკი საპყრობილისაგან თჳსისა და გამოვიდეს ცთუნებად წარმართთა..." (გამოცხ. 20; 1-2,4,5,7). ამას მალევე მოჰყვება ეშმაკისა და მის მიერ ცდუნებულთა სამსჯავრო. მიცვალებულები აღდგებიან, უფრო ზუსტად წარდგებიან და განისჯებიან "საქმეთაებრ მათთა" (გამოცხ. 20,9-14). "და რომელიცა არა იპოვა წიგნსა მას ცხორებისასა დაწერილ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისასა... ესე სიკუდილი მეორე არს..." (გამოცხ. 20,14-15). პირველი აღდგომით აღდგომილებზე მეორე სიკვდილი უძლურია.

ქილიასტური შეხედულებები ძველად ძირითადად ერეტიკოსთა შორის ვრცელდებოდა, თუმცა ისინი ძველი დროის მსოფლიო ეკლესიის ზოგ ქრისტიან მწერალთანაც გვხვდება (მაგ. პაპიუს იეროპოლელი, იუსტინე მოწამე, ირინეოსი). ახალ დროში ეს შეხედულებანი პროტესტანტულ სექტებში აღორძინდა. დაბოლოს, ჩვენი დროის სასუიერო ლიტერატურაშიც ვხედავთ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო აზროვნებაში ქილიასტური იდეების შეტანის მცდელობებს.

როგორც ვაჩვენეთ, ამ სწავლებაში იგულისხმება ორი სამომავლო სამსჯავრო (ერთი აღმდგარ მართალთა და შემდგომ მეორე საყოველთაო), შესაბამისად ორი სამომავლო აღდგომა (ჯერ მართალთა და მერე ცოდვილთა), და მაცხოვრის დიდებით ორჯერ მოსვლა. ქრისტეს მარტოოდენ ამქვეყნიური, თუმცაღა ნეტარი სამომავლო მეფობა მართლებთან ერთად გარკვეულ ისტორიულ ეპოქად არის მიჩნეული. ფორმალურად ეს სწავლება ეფუძნება დაფარულთმჭვრეტელის გამოთქმის "პირველი აღდგომის" მცდარად გაგებას. ნამდვილი მიზეზი კი ის არის, რომ თანამედროვე სექტანტთა ძირითად მასას არ სჯერა საიქიო ცხოვრებისა და მართალთა ზეციური ნეტარებისა, რომლებთანაც მათ ლოცვითი ერთობა არ გააჩნიათ.

ზოგ სექტას სხვა მიზეზი აქვს ეს არის რელიგიური იდეების უკან მდგარი და თითქოსდა აპოკალიპსისის საიდუმლო სახეებში ჩადებული სოციალურ-უტოპისტური ოცნებები. ქილიასტების მიერ აპოკალიპსისის მე-20 თავის განმარტების მცდარობის დანახვა ძნელი არ არის. სიტყვების "პირველი აღდგომა" პარალელური ადგილები ცხადყოფენ, რომ მასში იგულისხმება ნათლობის საშუალებით სულიერი აღორძინება ქრისტეში მარადიული ცხოვრებისათვის. ეს ფრაზა ქრისტესადმი რწმენის საშუალებით აღდგომას ნიშნავს, თანახმად სიტყვებისა: "განიღვიძე, რომელსა ესე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით, და განგანათლოს შენ ქრისტემან" (ეფ. 5,14). თქვენ ქრისტეს თანა აღსდეგით ხშირად ვკითხულობთ მოციქულებთან (კოლ. 3,1; 2,12; ეფ. 2,5-6). ამიტომ ათასწლოვან მეფობაში გვმართებს ვიგულისხმოთ პერიოდი, რომელიც დაიწყო ქრისტეს მადლმოსილი ეკლესიის სუფევის დადგომით. ეს განსაკუთრებით ეხება ზეციურ, მოზეიმე ეკლესიას. არსებითად მაცხოვრის მიერ აღსრულებულ გამარჯვებას მებრძოლი ეკლესიაც ზეიმობს, მაგრამ იგი ჯერ კიდევ ებრძვის "ამა სოფლის თავადს", რაც სატანას დამარცხებითა და ცეცხლოვან ტბაში მისი საბოლოო შთავარდნით დასრულდება. ეს აზრი, რომ "მეორე სიკვდილი" არის ცოდვილთა განაჩენი საყოველთაო სამსჯავროზე და იგი არ შეეხება "პირველი აღდგომით" აღმდგართ, შემდეგნაირად უნდა გავიგოთ: ქრისტეში სულიერად აღმდგარნი და საღვთო მადლით განწმედილნი არ დაისჯებიან, არამედ ქრისტეს სასუფევლის ნეტარ ცხოვრებაში შევლენ.

ქილიაზმის თაობაზე მსჯელობა და პირად შეხედულებათა გამოთქმა დასაშვები იყო მხოლოდ მანამდე, სანამ არ გაისმა მსოფლიო ეკლესიის ხმა. მაგრამ მას შემდეგ, რაც II მსოფლიო კრებამ (381 წ.) დაგმო ერეტიკოს აპოლინარიუსის ყველა ცდომილება, უარყო მისი სწავლება ქრისტეს ათასწლეულზე და მრწამსის სიმბოლოში შეიტანა სიტყვები, რომ ქრისტეს "სუფევისა არა არს დასასრულ", მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის ქილიაზმის მხარდაჭერა ყოვლად დაუშვებელია.

 

 

აღსასრული ამა სოფლისა

(2 პეტ. 3)

 

ადამიანის დაცემით ყოველი ქმნილება უნებურად მოექცა ხრწნის მონობის ქვეშ და "თანა-კუნესის და თანა-ელმის მოაქამდე" (რომ. 8,22). დადგება დრო, როცა მთელი ნივთიერი სამყარო და ადამიანთა მოდგმა განიწმიდება კაცობრივი ცოდვისაგან და განახლდება. ნივთიერი სამყაროს ეს განახლება უნდა მოხდეს ცეცხლით "უკანასკნელ დღეს", როდესაც აღესრულება უკანასკნელი სამსჯავრო სოფელზე. წარღვნამდელი კაცობრიობა წყალში დაიხრჩო, "ხოლო აწ ცანი და ქუეყანაჲ მითვე სიტყუჲთა დაუნჯებულ არიან, ცეცხლისა დამარხულნი დღედ საშჯელისა და წარწყმედისა უღმრთოთა კაცთაჲსა" (2 პეტ. 3,7); "ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარხდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ... და ახალთა ცათა და ახალსა ქუეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკჳდრებულ არს" (2 პეტ. 3; 10,13).

ის, რომ დღევანდელი სამყარო წარმავალია, ჯერ კიდევ ფსალმუნთმგალობელი წინასწარმეტყველებდა: "დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანაჲ დააფუძნე, და ქმნულნი ხელთა შენთანი ცანი არიან. იგინი წარხდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე იგინი, და იცვალნენ" (ფს. 101,26-27). უფალმა იესუ ქრისტემ კი ბრძანა: "ცანი და ქუეყანაჲ წარხდენ" (მთ. 24,35).

სამყაროს აღსასრულში იგულისხმება არა მისი სრულად დანგრევა და განადგურება, არამედ მთლიანად შეცვლა და განახლება. V მსოფლიო კრებამ უარყო ორიგენისტების რიგი ცრუსწავლება და განსაკუთრებით კატეგორიულად დაგმო მათი შეხედულება, თითქოს ნივთიერი სამყარო კი არ გარდაიქმნება, არამედ მთლიანად განადგურდება.

რაც შეეხება უფლის მოსვლის ჟამს ამქვეყნად მცხოვრებ ადამიანებს, ისინი მოციქულის სიტყვებით, მკვდრეთით აღმდგარი მიცვალებულების მსგავსად მყისიერად გარდაიქმნებიან: "აჰა ესერა საიდუმლოსა გითხრობ თქუენ: ყოველთავე უკუე არა შევისუენოთ, ხოლო ყოველნივე განვახლდეთ მეყსა წინა წამსა თუალისასა უკანაჲსკნელითა მით საყჳრითა, რამეთუ საყჳრსა დაეცეს და მკუდარნი იგი აღდგენ უხრწნელნი და ჩუენ განვახლდეთ. რამეთუ ჯერ-არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაჲ, და მოკუდავისა ამის შემოსად უკუდავებაჲ" (1 კორ. 15,51-53).

 

 

საყოველთაო სამსჯავრო

(გამოცხ. 21 და 22)

 

სამომავლო საყოველთაო სამსჯავროს სინამდვილისა და უცილობლობის შესახებ მრავალი მოწმობა არსებობს (ინ. 5,22,27-29; მთ. 16,27; 7,21-23; 11,22,24; 12,35,41-42; 13,37-43; 19,28-31; 24,31; 25,31-46; საქმ. 17,31; იუდ. 14-15; 2 კორ. 5,10; რომ. 2,5-7; 14,10; 1 კორ. 4,5; ეფ. 6,8; კოლ. 3,24-25; 2 თეს. 1,6-10; ტიმ. 4,1; გამოცხ. 20,11-15). ყველაზე სრული სახით იგი მაცხოვარმა წარმოგვიდგინა მათეს სახარებაში (თ.25,31-46): "რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თვისითა...". აქედან შესაძლებელი ხდება სამსჯავროს დახასიათება; იგი იქნება:

ა. საყოველთაო და გავრცელდება ყველა ადამიანზე: ცოცხალსა თუ მკვდარზე, კეთილსა თუ ბოროტზე. და დაცემულ ანგელოზებზეც კი, როგორც ამას მიუთითებს საღვთო წერილი (2 პეტ. 2,4; იუდ. 1,6);

ბ. საზეიმო და ცხადი, რამეთუ მსაჯული მთელს სამყაროს თავისი სრული დიდებითა და ყველა წმიდა ანგელოზის თანხლებით მოევლინება;

გ. მკაცრი და საშინელი, მთელი საღვთო სამართლით აღსრულებული: ის დღე იქნება "რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულობისა ღმრთისა" (რომ. 2,5);

დ. უკანასკნელი და საბოლოო, თითოეული განსასჯელის სამარადისო ხვედრის განმსაზღვრელი. სამსჯავროს შედეგი იქნება მარადიული სასყიდლის მიგება: მართალნი ინეტარებენ, ხოლო დასჯილი ცოდვილნი დაიტანჯებიან.

საღვთო წერილი უნათლესი და მხიარული ხატოვნებით გადმოგვცემს მართალთა მარადიულ ცხოვრებას საყოველთაო სამსჯავროს შემდგომ და მასთან ერთად დამაჯერებლად ლაპარაკობს ცოდვილთა უეჭველ, საუკუნო ტანჯვაზე. "წარვედით ჩემგან წყეულნო, ეტყვის მათ მაცხოვარი სამსჯავროს დღეს, ცეცხლსა მას საუკუნესა... და წარვიდეს ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი ცხორებასა საუკუნესა" (მთ. 25,41-46). წმიდა წერილში ტანჯვის ეს მდგომარეობა ხატოვნად არის წარმოდგენილი, იგი უკავშირდება ტანჯვის ადგილს, რასაც ეწოდება "გეენა". ცეცხლოვანი გეენის პირველსახეა იერუსალიმის სამხრეთით მდებარე ევნომის ველი. იქ ოდესღაც სიკვდილით სჯიდნენ და აგრეთვე ყოველგვარ სიბინძურეს ყრიდნენ, რის გამოც ჭირის ეპიდემიისგან თავდასაცავად მას მუდამ ცეცხლი ეკიდა. უფალი ბრძანებს:

"უკუეთუ დაგაბრკოლებდეს ხელი შენი, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა უხელოჲსაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა ხელთა სხმასა და შესლვად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა" (მრკ. 9,43-44; იხ. აგრეთვე 45-49). მაცხოვარი არაერთგზის იმეორებს, რომ გეენაში "იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ" (მთ. 8,12 და სხვ). იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში ამ ადგილსა თუ მდგომარეობას ეწოდება ცეცხლოვანი ტბა (გამოცხ. 19,20). პავლე მოციქულთან ვკითხულობთ: "ცეცხლითა ალისაჲთა მიგებად შურის-გებისა, რომელთა-იგი არა იციან ღმერთი და რომელნი-იგი არა დაემორჩილებიან სახარებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა" (2 თეს. 1,8). აშკარად სიმბოლურია სახეები: მატლი უკვდავი და ცეცხლი ჩაუქრობელი ისინი ტანჯვის სიმძიმეს უსვამენ ხაზს. ღირსი იოანე დამასკელი შენიშნავს: "ცოდვილნი მიეცემიან საუკუნო ცეცხლს, არა ნივთიერს, როგორიც ჩვენთან არის, არამედ ისეთს, რომელიც მხოლოდ ღმერთმა უწყის" (Прп. Иоанн Дамаскин. “Точное изложение православной веры”, кн. 4).

"ვიცი, წერს წმ. იოანე ოქროპირი, რომ მრავალნი ძრწიან მარტო გეენის გაგონებაზეც კი; მაგრამ მე მგონია, რომ დიდების (ღვთის სასუფევლის დიდების) დაკარგვა უფრო სასტიკი წამებაა, ვიდრე გეენა" (Св. Иоанн Златоуст. Беседа 23 на Евангелие от Матфея”). "ამ სიკეთეთა დაკარგვა, მსჯელობს იგი სხვაგან, ისეთ წამებას გაყენებს, ისეთ მწუხარებასა და შეჭირვებას განგაცდევინებს, რომ ამსოფლად შემცოდეს სრულიად რომ არ ელოდებოდეს სასჯელი, უკვე თავისთავად ეს არის გეენას ტანჯვაზე ძლიერი და შეუძლია დაფლითოს და ააღელვოს ჩვენი სულები... ბევრ უგუნურს სურს, რადაც უნდა დუჯდეს, გეენას დააღწიოს თავი. მაგრამ მე გეენაზე გაცილებით უფრო მტანჯველ სასჯელად ვთვლი, მოკლებულ იყო ღვთის სასუფევლის დიდებას. და მან, ვისაც ეს წაერთვა, ვფიქრობ, უნდა იტიროს არა იმდენად გეენის ტანჯვაზე, რამდენადაც ზეციურ სიკეთეთა დაკარგვაზე. რამეთუ ეს არის ყველა სასჯელზე უსასტიკესი" (Св. Иоанн Златоуст, слово 1, к Феодору).

ამგვარადვე მსჯელობს ირინეოსიც (Св. Ириней Лионский “Против ересей “, кн. 5, гл. 27).

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: "აღიარე აღდგომა, სამსჯავრო და საღვთო მსჯავრის სამართლით მიგება. გულით განწმედილებს მიეგებათ ნათელი, ანუ სიწმიდის ხარისხის მიხედვით იხილავენ და შეიცნობენ ღმერთს, იმას, რასაც ზეციურ სასუფეველს ვუწოდებთ. ხოლო გონებადაბნელებულთა თუ ღვთისაგან განდგომილთათვის მათი ამქვეყნიური სიბეცის მიხედვით, დაისადგურებს წყვდიადი" (Св. Григорий Богослов. Творения, слово 40. “На Святое Крещение”).

ეკლესია საღვთო წერილზე დაყრდნობით აღიარებს გეენას ტანჯვას, როგორც საუკუნოსა და დაუსრულებელს. ამიტომაც დაგმო V მსოფლიო კრებამ ორიგენისტების ცრუ სწავლება, თითქოს დემონები და უკეთური ადამიანები ჯოჯოხეთში მხოლოდ გარკვეულ დრომდე დაიტანჯებიან, შემდგომ კი პირველყოფილ, უცოდველ მდგომარეობაში აღდგებიან (აპოკატასტასისი). საყოველთაო სამსჯავროზე განკითხვას წმ. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში "მეორე სიკვდილი" ეწოდება (გამოცხ. 20,14).

ძველადაც და ახლაც ისწრაფოდნენ და ისწრაფიან, გეენას ტანჯვა გადატანითი მნიშვნელობით გაიგონ, "საუკუნო" გააიგივონ ხანგრძლივ, მაგრამ დასრულებად დროსთან თუ "პერიოდთან". ზოგჯერ ამ ტანჯვის სინამდვილეს საერთოდ უარყოფენ. ასეთ შემთხვევაში მოჰყავთ ლოგიკაზე დამყარებული შეხედულებანი, მიუთითებენ ტანჯვის საღვთო მოწყალებასთან შეუთავსებლობას; ხაზს უსვამენ დროებითი დანაშაულისა და ცოდვისათვის საუკუნოდ დასჯის თითქოსდა შეუსაბამობას და მას შეუთავსებლად თვლიან ადამიანის შექმნის საბოლოო მიზანთან, რომელიც ღმერთში ნეტარებაა. მაგრამ ჩვენი დასადგენი არ არის ღვთის გამოუთქმელ წყალობასა და მის სამართლიანობას შორის საზღვრები. ჩვენ ვიცით, რომ უფალს "ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ" (1 ტიმ. 2,4). მაგრამ საკუთარი ბოროტი ნებით ადამიანს შეუძლია ხელი ჰკრას საღვთო მოწყალებასა და ცხოვნების საშუალებებს. წმ. იოანე ოქროპირი საშინელი სამსჯავროს განმარტებისას შენიშნავს: "როდესაც იგი (უფალი) ლაპარაკობდა სასუფეველზე, მაშინ ბრძანა: "მოვედით, კურთხეულნო... დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი" და დაურთო: "პირველ სოფლის დაბადებისა" (მთ. 25,34). ხოლო ცეცხლზე საუბრისას დაუმატა: "რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს" (მთ. 25,41). რამეთუ მე სასუფეველი განვამზადე თქვენთვის, ხოლო ცეცხლი კი ეშმაკისა და მის მსახურთათვის; და რადგან თქვენ საკუთარი თავი ცეცხლს განუმზადეთ, თქვენს თავს დააბრალეთ" (Св. Иоанн Златоуст. Беседа 70 на Евангелие от Матфея).

ჩვენ უფლება არ გვაქვს, ღვთის სიტყვები პირობითად, მხოლოდ მუქარად მივიჩნიოთ და მაცხოვრის მიერ გამოყენებულ აღმზრდელობით მეთოდად მივიღოთ. ამგვარად გაგებით ცოდვას ჩავიდენთ, რადგან მაცხოვარი არ შთაგვაგონებს ამას. ჩვენ ღვთის რისხვას დავიტეხთ, როგორც ფსალმუნთმგალობელი ამბობს: "რად-მე განარისხა უღმრთომან ღმერთი? რამეთუ თქუა გულსა შინა თჳსსა: არა გამოიძიოს" (ფს. 9,33).

მაგრამ თავად ცნება "რისხვა" ღმერთთან მიმართებაში პირობითია და ანთროპომორფული, როგორც ამას ღირსი ანტონი დიდის დარიგებებიდან ვიგებთ. იგი ამბობს: "ღმერთი სახიერია, უვნებო და უცვალებელი. თუ ვინმე ღმერთის უცვალებლობას აღიარებს კეთილ ზრახვად და ჭეშმარიტად, მაშინ საგონებელში ვარდება, თუ როგორ უხარია მას სიკეთე ან პირს იბრუნებს ბოროტებისგან; ურისხდება ცოდვილთ, შეინანებენ ისინი და მათდამი მოწყალებას იჩენს. ამის თაობაზე უნდა ითვქას, რომ ღმერთს არც უხარია და არც მრისხანებს, რამეთუ სიხარულიცა და მრისხანებაც ვნებებს განეკუთვნება. უაზრობაა იფიქრო, რომ კაცთა საქმეების გამო ღვთაება იყოს კარგად ან ცუდად. ღმერთი სახიერია და მხოლოდ სიკეთეს იქმს, ვნებით კი არავის ავნებს, იგი მარადის ერთნაირია. ჩვენ კი, როცა კეთილნი ვართ, მას ვემსგავსებით და ღმერთთან ერთობაში შევდივართ. როცა გავბოროტდებით, განვეშორებით მას, რადგანაც უკვე აღარ ვგავართ. სათნოდ ვცხოვრობთ და ღვთისანი ვართ, გავბოროტდებით და მისგან განდგომილნი ვხდებით. ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს ღმერთი ბრაზდებოდეს ჩვენზე. ეს ჩვენი ცოდვები არ აძლევენ ღმერთს საშუალებას, გაბრწყინდეს ჩვენში. ჩვენ მტანჯველ დემონებთან ცოდვები გვაერთებენ. თუკი შემდგომი ლოცვებითა და ქველმოქმედებებით ცოდვათაგან გამოხსნას მივაღწევთ, ეს არ ნიშნავს, თითქოს ღმერთი მოვალბეთ და შევცვალეთ. ამგვარი ქმედებებითა და ღვთისადმი დამოკიდებულებით ჩვენ ვუმკურნალეთ ჩვენში არსებულ ბოროტებას და ამიტომაც ისევ შემძლებელნი ვხდებით, ვიგემოთ საღვთო სიკეთე. ასე რომ, ნათქვამი "ღმერთი პირს იბრუნებს ბოროტისაგან" იგივეა, რომ ვთქვათ "მზე ემალება უსინათლოებს" (“Добротолюбие”, т. 1. с. 150).

ღირს ქრისტიან მოსაგრეთა ნაწერებიდან ჩანს, რომ ზნეობრივი შეგნების ამაღლებასთან ერთად, უფრო მწვავდება ზნეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა; მძაფრდება შიში იმისა, რომ არ შეურაცხყო ღმერთი, და მძაფრდება შეგნება სასჯელის გარდუვალობისა საღვთო მცნებათა გადასვლის გამო. მაგრამ ასევე იზრდება საღვთო მოწყალებისადმი სასოება. ყველა ჩვენთაგანისათვის აუცილებელია და ნუგეშინისმცემელი, გვქონდეს საღვთო მოწყალების იმედი და შევთხოვდეთ უფალს მოგვმადლოს იგი.

 

 

სუფევა დიდებისა

 

ამ სოფლის აღსასრულისა და მის ახალ, უკეთეს სამყაროდ გარდასახვასთან ერთად განიღება საუკუნო სასუფეველი ღვთისა, დადგება სუფევა დიდებისა.

მაშინ დასრულდება "მადლის სუფევა" მებრძოლი, მიწიერი ეკლესიის არსებობა. იგი შევა დიდების სამეფოში და შეერწყმება ზეციურ ეკლესიას. "მაშინღა აღსასრული, რაჟამს მოსცეს სუფევაჲ ღმერთსა და მამასა, რაჟამს განაქარვნეს ყოველნი მთავრობანი და ყოველნი ხელმწიფებანი და ძალნი. რამეთუ ჯერ-არს მისი სუფევაჲ, ვიდრემდის დაისხნეს ყოველნი მტერნი მისნი ქუეშე ფერხთა მისთა. უკუანაჲსკნელ მტერი იგი განქარდეს სიკუდილი... ხოლო რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი, რაჲთა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა" (1 კორ. 15,24-26,28). ეს სიტყვები გვიცხადებენ, რომ აღსრულდება ძის მიერ მამისაგან მიღებული მისია ეკლესიის საშუალებით კაცობრიობის ღმერთისაკენ შემობრუნება. მაშინ იმეფებს ძე მამასა და სულიწმიდასთან ერთად დიდების სუფევაში. "სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ" ასე ახარა მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს (ლკ. 1,33). ამასვე ვკითხულობთ მრწამის სიმბოლოში: "რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ".

"რამეთუ, ამბობს წმ. კირილე იერუსალიმელი, ის, ვინც მტრების დამარცხებამდე სუფევდა, ნუთუ მით უფრო არ იმეფებს მას შემდეგ, რაც მათზე გაიმარჯვა?" (Св. Кирилл Иерусалимский “Огласительные слова”).

სიკვდილი უძლური იქნება დიდების სამეუფოში. "უკანაჲსკნელ მტერი იგი განქარდეს სიკუდილი... მაშინ აღესრულოს სიტყუაჲ იგი წერილისაჲ: "დაინთქა სიკუდილი ძლევითა" (1 კორ. 15; 26,54); და "... ვითარმედ ჟამი არღა იყოს" (გამოცხ. 10,6).

ხატოვნად არის აღწერილი საუკუნო ნეტარი ცხოვრება გამოცხადებაში: "ვიხილე ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი, რამეთუ პირველი იგი ცაჲ და პირველი ქუეყანაჲ წარხდეს და ზღუაჲ არღარა არს" (გამოცხ. 21,1). მომავალ სამეფოში ყველაფერი განსულიერებული, უკვდავი და წმიდა იქნება.

მთავარი მაინც ის არის, რომ სამომავლო ნეტარ ცხოვრებას მიღწეულნი და "საღმრთოჲსა მის ზიარ ბუნებისა" ქცეულნი (2 პეტ. 1,4) თანამონაწილენი გახდებიან იმ ზესრულყოფილი ცხოვრებისა, რომლის წყაროც მარტოოდენ ღმერთშია. უფრო ზუსტად, ღვთის სასუფევლის მომავალი წევრები ანგელოზების დარად ღმერთის ხილვისა და მისი დიდების ჭვრეტის ღირსნი შეიქნებიან (მთ. 5,8), არა "ვითარცა სარკითა და სახითა... მაშინ პირსა პირისპირ" (1 კორ. 13,12). ისინი გახდებიან არა მარტო მჭვრეტელნი დიდებისა, თავადაც მიიღებენ მასში მონაწილეობას და "გაბრწყინდებიან, ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა" (მთ. 13,43); როგორც ქრისტეს თანამემკვიდრენი, მასთან ერთად დასხდებიან საყდარზე და მის მეფურ დიდებულებას გაიზიარებენ (გამოცხ. 3,22; 2 ტიმ. 2,11-12).

როგორც გამოცხადებაში არის სიმბოლურად ასახული, "არღარა მოემშიოს მათ, არცაღა მოეწყუროს, არცაღა მოვიდეს მათ ზედა მზე, არცა ყოველივე სიცხე, რამეთუ კრავი იგი, რომელ არს შორის საყდრისა, ჰმწყსის მათ და უძღვის წყაროთა მიმართ წყლისა ცხოველისათა, და აღPოცოს ღმერთმან ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა" (გამოცხ. 7, 16-17). ესაია წინასწარმეტყველის თანახმად: "თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა" (1 კორ. 2,9; ეს. 64,4).

ღმერთში ნეტარება უფრო სანუკვარია იმის გამო, რომ იგი მარადის, დაუსრულებლად გაგრძელდება: "და წარვიდეს... მართალნი ცხორებასა საუკუნესა" (მთ. 25,46).

მაგრამ, ეკლესიის მამების აზრით, ღმერთში განდიდება მოხდება თითოეულის ზნეობრივი ღირსების შესაბამისი ხარისხით. ამის თაობაზე დასკვნის გაკეთება წმიდა წერილიდან შეიძლება: "სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან" (ინ. 14,2); "მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ" (მთ. 16,27); "კაცად-კაცადმან თჳსი სასყიდელი მიიღოს თჳსისაებრ შრომისა" (1 კორ. 3,8); "ვარსკულავი ვარსკულავსა ჰმატს დიდებითა" (1 კორ. 15,41).

ღირსი ეფრემ ასური ბრძანებს: "როგორც გრძნობადი მზის სხივებით ტკბება ყოველი თავისი მხედველობის ძალისა და განცდის სიწმიდის შესაბამისად და როგორც სახლის გასანათებლად ანთებული ერთი ლამპარის ყოველ სხივს თავისი ადგილი აქვს მაშინ, როცა თავად სინათლე მხოლოდ ერთი ლამპარიდან მოდის; ასევე მომავალ საუკუნეში ყველა მართალი განუყოფელად გაიზიარებს ერთიან სიხარულს. მაგრამ თითოეული თავისი საზომით გაბრწყინდება ერთი, გონებით აღქმული მზით და ღირსების ხარისხის მიხედვით აღივსება ერთიანი საერთო სიხარულითა და მხიარულებით. და არავინ იხილავს მაღალსა და დაბალ საზომს, რათა სხვისი უმეტესი მადლისა და საკუთარის სიმცირის დანახვით არ შეექნას დარდისა და შფოთის მიზეზი. ასე არ იქნება იქ, სადაც არც დარდია, არც ჭმუნვა, არამედ თითოეული მისთვის სათანადო მადლმოსილებითა და თავისი საზომით იხარებს შინაგანად. გარეგნულად კი ყველას ერთი ჭვრეტა და ერთი სიხარული ექნება" (Прп. Ефрем Сирин, О небесных обителях”).

ქრისტიანული მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებათა გადმოცემას ვასრულებთ მოსკოვის მიტროპოლიტ მაკარის სიტყვებით, რომელიც "დოგმატური ღვთისმეტყველების" მისივე ვრცელი კურსიდან მოგვყავს:

"‘მოგვმადლე ჩვენ, ღმერთო, ყველას და ყოველთვის, ცოცხალი და დაუდუმებელი ხსოვნა შენი სამომავლო დიდებით მოსვლისა და შენი უკანასკნელი, საშინელი სამსჯავროსი ჩვენ ზედა, შენი ზემართალი და საუკუნო საზღაურის მიგებისა მართალთა და ცოდვილთათვის; რათა ამათი ხსოვნითა და შენი მადლმოსილი შეწევნით, "სიწმიდით და სიმართლით და ღმრთის მსახურებით ვცხონდებოდით ამას სოფელსა" (ტიტ. 2,12), და ამგვარად მივაღწიოთ ბოლოს ზეციურ მარადისნეტარ ცხოვრებას, რათა მთელი არსებით დიდებისგმეტყველებდეთ შენ თანადაუსაბამოჲთ მამით შენით და ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველმყოფელით სულით შენითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე" (Митр. Московский и Коломенский Макарий, “Православно-догматическое богословие”, 1883 г. т.2, стр. 674).

 

თარგმნა (შემოკლებით) ნინო ბელთაძემ

წიგნიდან Протопресвитер Михаил Помазанский, «Догматическое богословие », Клин, 2001, стр. 320.

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა