martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

 

მოციქულთასწორი ნინო – ქართველთა განმანათლებელი

 

ხს. 14 იანვარს და 19 აპრილს

იხ. წმ. ნინოს ხატი და ტროპარ-კონდაკი

 

  

წმინდა ნინო წარჩინებული და კეთილმსახური მშობლების ერთადერთი ასული იყო. მამამისი, ზაბულონი, წმინდა გიორგის თანამედროვე და თანამოქალაქე, სახელოვანი მხედართმთავარი იყო, დედა – სოსანა კი იერუსალიმის პატრიარქის – იუბენალის და. წმინდა ნინო ადრეული ასაკიდან გამოირჩეოდა ღვთისადმი სიყვარულით და მისთვის ყველაზე დიდი სიამოვნება იყო უფალ იესო ქრისტეს ცხოვრების მოსმენა.

 

12 წლის ნინო მშობლებთან ერთად წმინდა ქალაქ იერუსალიმში ჩავიდა, სადაც უფალმა იესო ქრისტემ ჩვენი ცხონებისათვის ჯვარზე ვნება და სიკვდილი დაითმინა. ნინოს აქ ყოველი კუნჭული სახარებისეულ ამბებს აგონებდა. ისე მოხდა, რომ მამამისი ღვთისადმი დიდი სიყვარულის გამო უდაბნოში წავიდა და ბერად შედგა, დედა კი პატრიარქმა გლახაკი და ავადმყოფი ქალების მომვლელად დაადგინა. ნინო ერთ ღვთისმოშიშ და სარწმუნოებაში განსწავლულ ქალს მიაბარეს, რომელიც მაცხოვრის აღდგომის ტაძარს ემსახურებოდა. მასთან ერთად მსახურობდა წმინდა ნინო. აღმზრდელს ბავშვი ღვიძლი შვილივით უყვარდა და სარწმუნოებისა და კეთილმსახურების წესებით ზრდიდა, იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ უყვებოდა. წმინდა ნინო მაცხოვრის კვართის ადგილსამყოფელით დაინტერესდა.

 

აღმზრდელმა ნინოს უამბო, რომ კვართი მცხეთელ ებრაელებს ხვდათ წილად და ინახება ჩრდილოეთის ქვეყანაში, რომელიც სპარსეთსა და ოსეთს შორის მდებარეობს. გარდა ამისა, დამრიგებელმა ნინოს უთხრა, რომ ამ ქვეყნის მცხოვრებლები, ისევე როგორც კავკასიის დანარჩენი ტომები, წარმართობის სიბნელეში ცხოვრობენ. ნინოს ეს მონათხრობი გულში ღრმად ჩარჩა.

 

წმინდა ნინო დღედაღამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე ლოცულობდა. ერთ დღეს, ლოცვისას, იგი აღტაცებულ იქნა გონებით და ყოვლადწმიდა ქალწული იხილა, რომელმაც უთხრა: – ნინო, საქადაგებლად გაგზავნი ჩრდილოეთის ქვეყანაში, ჩემს წილხვედრ საქართველოში. წადი უშიშრად და უქადაგე ჭეშმარიტება!

 

– მე, უცხო და უსწავლელი ქალწული, როგორ შევძლებ ასეთი დიდი საქმის შესრულებას? – ჰკითხა ნინომ.

 

მაშინ ყოვლადწმიდა დედოფალმა ნინოს ვაზის ჯვარი მიაწოდა და უთხრა:

 

– აიღე ეს ჯვარი! ამით სძლევ ეშმაკის ყველა მზაკვრობას და შენი ქადაგება წარმატებული იქნება. მე ვიქნები შენი შემწე, არ მიგატოვებ.

 

ხილვა რომ დასრულდა, ნინომ ხელში სასწაულებრივი ჯვარი იხილა და სიხარულის ცრემლებით ეამბორა. ის მაშინვე პატრიარქთან, თავის ბიძასთან წავიდა და სასწაულებრივი ხილვის შესახებ უამბო. პატრიარქმა ნინოს ხილვის შესახებ რომ მოისმინა, გაკვირვებული ღმერთსა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მადლობდა.

 

ამის შემდეგ წმინდა ნინო პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ეფესოში წავიდა ქრისტიანობის საქადაგებლად ერთ წარჩინებულ მორწმუნე ქალთან ერთად და იქ ორი წელი გაატარა, შემდეგ კი სომხეთში გაჰყვა ქრისტიან ქალებს, რომელთა შორის იყვნენ მის მიერ ქრისტიანობაზე მოქცეული  წარჩინებული რიფსიმე და რიფსიმეს აღმზრდელი გაიანე. ეს მორწმუნე ქალები სომხეთის მეფე თრდატმა ქრისტეს აღიარებისთვის სიკვდილით დასაჯა. უფლის განგებით ცოცხალი მხოლოდ წმინდა ნინო გადარჩა და ფარულად საქართველოსკენ გამოემართა.

 

წმინდა ნინოს გზა ხანგრძლივი და ძნელი იყო. წმინდა ქალწულმა აიტანა სიცივე, შიმშილი, წყურვილი და მხეცებისაგან საშინელი ხიფათი, ვიდრე ბოლოს საქართველოს არ მოაღწია. ის ქართლში, ქალაქ ურბნისში შეჩერდა და, რადგან ებრაული ენა კარგად იცოდა, იქაურ ებრაელებთან მივიდა. ნინომ ურბნისში ერთი თვე იცხოვრა, თან მისთვის უცნობი ხალხის ენასა და ზნე-ჩვეულებებს ეცნობოდა.

 

ერთხელ ნინომ შეიტყო, რომ ქალაქის მცხოვრებლები მცხეთაში არმაზის კერპის თაყვანისსაცემად და სავაჭროდ წასვლას აპირებდნენ. ნინომ გადაწყვიტა მათთან ერთად წასულიყო მცხეთაში. იგი ხალხს გაჰყვა და სამეფო ქალაქს მიაღწია. ხალხი კერპების თაყვანისსაცემად მცხეთის ახლოს მდებარე მთებისკენ დაიძრა. წმინდა ნინო ხალხს გაჰყვა და სამი კერპი დაინახა – არმაზი, გაცი და გა. შუაში იდგა არმაზის კერპი – დიდი ზომის ქანდაკება, თავზე ოქროს მუზარადით და მკერდზე ასეთივე ჯავშნით. ერთი თვალი იაგუნდისა ჰქონდა, მეორე – ზურმუხტისა, ორივე უჩვეულო ზომისა და ბრწყინვალებისა. ხალხი თავის მეფესთან ერთად კერპების წინაშე ღრმა მდუმარებით იდგა, ხოლო როცა სისხლიანი მსხვერპლი შესწირეს და საყვირებმა დაიქუხა, ყველანი უსულო კერპების წინაშე დაემხნენ.

 

წმინდა ნინო კლდის შვერილის ქვეშ იდგა და ყოველივეს ცრემლიანი თვალებით უმზერდა: გული იმ ხალხის სიბრალულით უკვნესოდა, რომლის შეყვარებაც უკვე მოესწრო და რომელიც, ჭეშმარიტი ღმერთის უმეცარი, კერპებს ეთაყვანებოდა. ნინომ თვალნი ზეცისკენ აღაპყრო და ილოცა:

 

"უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, ღმერთო და შემოქმედო ყოველთა დაბადებულთაო, რომელი ცხორებისათვის ჩუენისა კაც იქმენ და ხატი მონისა შემოსად არა უღირს-იჩინე, რათა აცხოვნო, რომელი ჰქმენ ხატად შენდა, და იხსნა მძლავრებისაგან სოფლის-მპყრობელისა ბნელისა. მოიხილე აწცა მაღლით სამკვიდრებელით დიდებისა შენისაით დაბადებულთა შენთა ზედა და იხსნენ სიბნელისაგან მწარისა და ტყვეობისაგან მტერისა ბოროტისა, რომელსა მხოლოსა გნებავს ყოველთა ცხორება და მეცნიერებად ჭეშმარიტებისა მოსლვა... ჰე უფალო, ისმინე ვედრება უღირსისა მონისა და მხევლისა შენისა, აჩვენე ძლიერება შენი ჟამსა ამას და ყავ სასწაულ კეთილ, რათა იხილონ ერთა ამათ მაცხოვარება შენი, და შენ მხოლო გიცნან ღმრთად ჭეშმარიტად და შენდა მხოლოისა შეწირონ დიდება და თაყუანისცემა".

 

 როგორც კი წმინდა ნინომ ლოცვა დაასრულა, ცას მრისხანე ღრუბელი გადაეკრა. ერთბაშად დაბნელდა, გაიელვა, იქუხა. შეშინებული ხალხი გაიქცა. საშინელმა სეტყვამ და ქარიშხალმა  კერპები ისე დაამსხვრია, რომ მათგან აღარაფერი დარჩა. მათი ნარჩენები წვიმამ მდინარეში ჩარეცხა. შემდეგ კვლავ მზემ გამოანათა და ბუნება დამშვიდდა. მეფე და ხალხი თავიანთ "ღმერთებს" ამაოდ ეძებდნენ. ხალხი შეძრწუნებული ამბობდა:

 

– დიადია ჩვენი ღმერთი, თუმცა კიდევ არის სხვა, ამაზე დიდი ღმერთი, რომელმაც ჩვენსას სძლია. ეს რა მოხდა ან კიდევ რა გველის?

 

რამდენიმე ხნის შემდეგ წმინდა ნინო მცხეთაში შევიდა. იგი მეფის ბაღში მივიდა. მებაღის ცოლი, ანასტასია, მას სიხარულით მიეგება, თითქოს იცნობდა და დიდი ხანი ელოდაო, თავის სახლში წაიყვანა და გაუმასპინძლდა. წმინდა ნინო მასთან გაჩერდა საცხოვრებლად. ამ ბაღში, მაყვლოვანში წმინდანი გამუდმებით ლოცულობდა, უფალს ეშმაკის ტყვეობისაგან ქართველი ხალხის გამოხსნას ევედრებოდა. ანასტასია და მისი ქმარი უშვილონი იყვნენ და ამის გამო ძალიან წუხდნენ. წმინდა ნინოს ლოცვით მათ მრავალი შვილი ეყოლათ.

 

ერთი წარჩინებული კაცის შვილი დასნეულდა და მან ბავშვი სამკურნალოდ წმინდა ნინოს მიუყვანა. წმინდანმა ბავშვი აიყვანა, თავის საწოლზე დააწვინა და ილოცა. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და ბავშვი მყისვე განიკურნა. ასევე, ლოცვით განკურნა ნინომ ერთი დედაკაცის სნეული ასული.

 

წმინდა ნინოს მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ მრავალმა ადამიანმა შეიტყო. მისი მართალი და უმწიკვლო ცხოვრება ხალხის გულებს იზიდავდა. ნინოს სიამოვნებით უსმენდნენ, მასთან დაახლოებული ადამიანები ნელ-ნელა ქრისტიანობაზე ექცეოდნენ და მალე წმინდა ნინოს გარშემო მოწაფე ქალები შეიკრიბნენ. მათ შორის იყო ქართლის ებრაელთა მღვდელთმოძღვარ აბიათარის ასული, სიდონია. მან ნინოსთან მამა მიიყვანა, რომელმაც ნინოსგან ქრისტიანული მოძღვრება რომ მოისმინა, ირწმუნა და თავადაც გაქრისტიანდა.

 

წმინდა ნინო აბიათართან ხშირად საუბრობდა და მისგან ასეთი ამბავი მოისმინა:

 

– მრავალი წლის წინ, – თქვა აბიათარმა, – ჩემს წინაპარს, ელიოზს, ქართლის სხვა ებრაელებთან ერთად ქრისტეს სიკვდილის წელს იერუსალიმში ყოფნა მოუწია და მის ჯვარცმასაც დაესწრო. მან ქრისტეს კვართი გამოართვა იმ ჯარისკაცს, რომელსაც ის წილისყრით ერგო. საქართველოში დაბრუნებული ელიოზი მივიდა სახლში და თავის დას, სიდონიას, უფლის კვართი გადასცა. სიდონიამ კვართი აიღო, გულში ჩაიკრა და იმწამსვე გარდაიცვალა. იგი ასევე დაკრძალეს – კვართით ხელში.

 

აბიათარმა წმინდა ნინოს ისიც ამცნო, რომ მცხეთაში წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენიც (მოსასხამი) ინახებოდა.

 

წმინდა ნინო სახარების ქადაგებას აგრძელებდა, ქრისტეს სახელით მრავალ სასწაულს აღასრულებდა და ქრისტეს სარწმუნოებაზე მრავალნი მოაქცია. მათ შორის იყო მირიან მეფის ცოლი – დედოფალი ნანა. ეს კი ასე მოხდა:

 

ერთხელ დედოფალი ძლიერ ავად გახდა. მკურნალებმა ვერაფერი უშველეს. დედოფალმა წმინდა ნინოს მოყვანა ითხოვა, მან კი დედოფლის რწმენისა და სიმდაბლის გამოცდა ინება და წარმოგზავნილებს უთხრა:

 

– თუკი დედოფალს გამოჯანმრთელება სურს, თავად მოვიდეს ჩემთან.

 

დედოფალმა მართლაც თავი დაიმდაბლა, წმინდანთან მივიდა და მისგან განკურნებას ითხოვდა. წმინდა ნინომ ის თავის საწოლზე დააწვინა და მხურვალედ ილოცა. ღმერთმა შეისმინა ნინოს ვედრება და განკურნა ნანა დედოფალი. დედოფალმა წმინდა ნინო შეიყვარა, დაიახლოვა, ირწმუნა მის მიერ ქადაგებული ღმერთი და ხმამაღლა ქადაგებდა ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტ ღმერთს. თავიანთი დედოფლის მიბაძვით მრავალნი მოიქცნენ, მაგრამ მეფე მირიანი აყოვნებდა და ერთხანს ქრისტიანების მიმართ სიძულვილითაც კი აენთო. წმინდა ნინოს ლოცვით უფალმა ის ამგვარად მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე:

 

ერთხელ მირიან მეფე ტყეში ნადირობდა. უეცრად ნათელი დღე უკუნ ღამედ იქცა, არემარე ბნელმა დაფარა, მეფის მხლებლები მიმოიფანტნენ. სასოწარკვეთილი მეფე საშველად თავის ღმერთებს უხმობდა, მაგრამ პასუხად მხოლოდ ქარის წივილი და ქუხილი ესმოდა. სასოწარკვეთილ მეფეს ღმერთმა მოწყალებით გადმოხედა და გონება გაუნათლა. მაშინ კერპებზე გულაცრუებულმა მირიანმა საშველად ნინოს ღმერთს უხმო და თქვა:

 

"ღმერთო ნინოისო, რომელი ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, განმინათლე ბნელი ესე ჩემ ზედა მოხვეული და გამომიბრწყინვე ნათელი, რათა აღვიარო სახელი წმიდა შენი და გადიდებდე შენ".

 

მაშინვე იქაურობა განათდა და მზე გამობრწყინდა. მეფემ ხელები აღმოსავლეთისკენ აღაპყრო და ცრემლით შეჰღაღადა:

 

"ჭეშმარიტად შენ ხარ ღმერთი ჭეშმარიტი, შენ ხარ ღმერთი ღმერთთა და უფალი უფლებათა, რომელმან შეჰქმნენ ცანი და ქუეყანა, შენ აღგიარებ და შენ თაყუანის-გცემ, რომელმან მიხსენ ჭირისა ამისგან, და მრწამს, რამეთუ გინდა ხსნა ჩემი. აღვიარებ სახელსა შენსა წმიდასა და თაყუანის-ვსცემ პატიოსანსა ჯვარსა შენსა".

 

მეფე დედაქალაქში რომ დაბრუნდა, ქუჩაში მიდიოდა და ხმამაღლა იძახდა: – ხალხნო, განადიდეთ ნინოს ღმერთი, რადგან ისაა ღმერთი საუკუნო და მასვე შვენის ყოველი დიდება და თაყვანისცემა.

 

ხალხი ნანა დედოფალთან ერთად სიხარულით შეეგება მეფეს. მათ უკვე სმენოდათ სასწაულის შესახებ.

 

მეფე წმინდა ნინოს ეძებდა და კითხულობდა:

 

– სადა არის ის უცხო ქალი? ის დედაა ჩემი, ხოლო მისი ღმერთი – ჩემი მხსნელი.

 

წმინდანი ამ დროს თავის ორმოცდაათ მოწაფესთან ერთად მაყვლოვანში ლოცულობდა. მეფე თავის ლაშქართან ერთად წმინდა ნინოსთან მივიდა და უთხრა:

 

– ჭეშმარიტი ღმერთის მოციქულო, ამიერიდან მწამს, რომ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც შენ ჰქადაგებ. მას ვესავ და მას თაყვანის-ვცემ.

 

წმინდა ნინომ მირიან მეფეს ასწავლა ჭეშმარიტი ღმერთის – იესო ქრისტეს თაყვანისცემა.

 

ქრისტესკენ მირიანის მოქცევა მტკიცე და ურყევი იყო. მან დაუყოვნებლივ თხოვნა გაგზავნა საბერძნეთში, მეფე კონსტანტინესთან, რათა ხალხის მოსანათლად, ქრისტეს სარწმუნოების სწავლებისთვის და საქართველოში ქრისტეს ეკლესიის დასამტკიცებლად ეპისკოპოსები და მღვდლები გამოეგზავნათ.

 

მეფემ ჯერ კიდევ მღვდლების ჩამოსვლამდე ინება აეშენებინა ღვთის ტაძარი და ამისთვის წმინდა ნინოს მიერ მითითებული ადგილი აირჩია. ეს იყო მის ბაღში, სწორედ იქ, სადაც წმინდა სიდონია იყო დაკრძალული მაცხოვრის კვართთან ერთად. იქვე იყო კვიპაროსი, რომელიც  მოჭრეს და მისგან ტაძრისთვის სვეტი გამოთალეს, მაგრამ, რამდენს არ ეცადნენ, მისი აღმართვა ვერ შეძლეს, ძვრაც ვერ უყვეს. საღამოს დანაღვლიანებული მეფე სახლში წავიდა, ვერ გაეგო, რატომ ხდებოდა ასე. ხალხი წავიდ-წამოვიდა. მხოლოდ წმინდა ნინო დარჩა და მოწაფეებთან ერთად მთელი ღამე მხურვალედ ლოცულობდა, ღმერთს ევედრებოდა, რომ ეშმაკს არ დაებრკოლებინა საქართველოს მოქცევა. დილით ადრე მას საკვირველი ჭაბუკი გამოეცხადა და სამი საიდუმლო სიტყვა ჩასჩურჩულა, რომელთა გაგონებისთანავე ნინო მიწაზე დაემხო. ჭაბუკმა სვეტი ცაში აიტანა. ამის შემდეგ ცეცხლივით მოელვარე სვეტი ძირს დაეშვა და იმ გადანაჭერზე დადგა, რომლისგანაც იყო მოკვეთილი.

 

დილაადრიანად მისულმა მეფემ თავის ბაღში ელვის მსგავსი ნათელი იხილა, რომელიც ზეცამდე აღწევდა. მალე ხალხი მოგროვდა და იხილა დიდი სასწაული – გაბრწყინვებული სვეტი კაცთაგან ხელშეუხებლად თავის სადგამზე დამყარებული. მცხეთა შიშითა და სიხარულით აღივსო, ღმერთს ადიდებდნენ და წმინდა ნინოს შენატროდნენ. მრავალი სასწაული აღესრულებოდა მაშინ, მრავალი სნეული განიკურნა სვეტთან მიახლოებით. ამ სვეტს სვეტიცხოველი ანუ ცოცხალი სვეტი უწოდეს. აქედანაა სვეტიცხოვლის ტაძრის სახელწოდება.

 

ხალხის დიდმა ნაკადმა მეფეს უბიძგა სვეტის გარშემო ზღუდე გაეკეთებინა. საქართველოში პირველი ქრისტიანული ტაძარი – სვეტიცხოველი ამ ადგილზე აშენდა.

 

მალევე, ამ ამბის შემდეგ, საბერძნეთიდან მეფე კონსტანტინემ გამოგზავნა მთავარეპისკოპოსი იოანე სამღვდელოებასთან ერთად. მათ ჩამოაბრძანეს მაცხოვრის ხატი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი. მოინათლა მეფე მირიანი, დედოფალი ნანა, მათი შვილები, წარჩინებულები და ურიცხვი ხალხი. მცხეთელები სიხარულით მიდიოდნენ მოსანათლად. მათ ახსოვდათ წმინდა ნინოს სიტყვები: ვინც არ მოინათლება წყლითა და სულიწმიდით, ის ვერ იხილავს საუკუნო ცხოვრებას და ჯოჯოხეთში დაიტანჯება. მღვდლები მიმდებარე დასახლებულ ადგილებში დადიოდნენ და ყველას ნათლავდნენ. მთელი ქართლი მოექცა, კეთილმაუწყებელი წმინდა ნინოს ღვაწლით ის უკვე ამისათვის მზად იყო.

 

მირიან მეფის ბრძანებით ერთი მარადმწვანე სურნელოვანი ხისგან სამი ჯვარი გამოთალეს, რომელთაგან ერთი აღმართეს მცხეთის მახლობლად მდებარე მთაზე, სადაც შემდგომ ჯვრის მონასტერი აღიმართა. მეორე ჯვარი თხოთის მთაზე აღმართეს, იქ, სადაც უფალმა მირიან მეფეს გონება გაუნათლა და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. მესამე ჯვარი წმინდა ნინოს მოწაფემ, სალომე უჯარმელმა ქალაქ უჯარმაში აღმართა.

 

წმინდა ნინომ მთაში განაგრძო ქადაგება, ჭართლელ-ფხოველებს უქადაგა. მთიელებმა მალე  მასთან ჯგუფებად მისვლა დაიწყეს. მისი ქადაგებებისა და სასწაულების ზეგავლენით, რომლებსაც წმინდა ქალწული ღვთის სახელით აღასრულებდა, ისინი გაქრისტიანდნენ. მათი მოქცევის შემდეგ წმინდა ნინომ ერწო-თიანეთში იქადაგა, შემდეგ – კახეთში. კახთა მთავრებმა ირწმუნეს მისი ქადაგება და მოინათლნენ. 

 

ამის შემდეგ წმინდა ნინო დასნეულდა და მცხეთისკენ გამოემართა, მაგრამ დაბა ბოდბეში რომ მივიდა, გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო. წმინდანს ღვთისაგან თავისი მოახლოებული გარდაცვალების შესახებ ეუწყა. მან ამის შესახებ მაშინვე მეფე მირიანს მისწერა. წმინდა ნინო მეფეს ჭეშმარიტი სარწმუნოების მტკიცედ დაცვისკენ და ქადაგებისკენ მოუწოდებდა. წერილის დასასრულს ეწერა: "აწ მოაშვრეთ ჩემდა წმიდა ეგე მამათმთავარი და კეთილი მწყემსი, რათა წარმგზავნოს და მომცეს საგზალი სულისა საუკუნო, რამეთუ ჟამი განსლვისა ჩემისა მოახლებულ არს".

 

წერილი რომ წაიკითხეს, მეფე, ყველა დიდებული და მთელი სასულიერო დასი ეპისკოპოსთან ერთად მომაკვდავთან გაემართა. წმინდა ნინოს ცოცხალს მიუსწრეს, მოიკითხეს და კურთხევა მიიღეს მისგან. მთავარეპისკოპოსმა იოანემ წირვა აღასრულა და წმინდანი ქრისტეს ხორცსა და სისხლს აზიარა. ამის შემდეგ მოციქულთასწორმა ნინომ სული თვისი ღმერთს შეჰვედრა. 

 

სიკვდილის წინ მოწაფეების დაჟინებული თხოვნით წმინდა დედამ მათ თავისი წარმოშობისა და ცხოვრების შესახებ მოუთხრო. წმინდანისგან მოსმენილი მოწაფეებმა მაშინვე ჩაიწერეს და ამ მონათხრობმა უძველესი ხელნაწერების სახით ჩვენამდე მოაღწია.

 

ქრისტეს კეთილმაუწყებლის სხეული ბოდბეში დაკრძალეს. ამ ადგილმა მალე მრავალრიცხოვანი სასწაულებით გაითქვა სახელი. მის საფლავზე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ააშენეს და საეპისკოპოსო ტაძრად განაჩინეს. საქართველოს ეკლესია წმინდა ნინოს ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 14(27) იანვარი წმინდანის გარდაცვალების დღეა, ხოლო 18 აპრილს (ახ.სტ. 1 მაისს) წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანებას ვდღესასწაულობთ.

 

იშვიათად თუ განუცდია რომელიმე ერს სარწმუნოების გამო ისეთი დევნა, როგორც ქართველ ერს, მაგრამ უსჯულოთა ზეწოლამ მასში მართლმადიდებლობის შემუსვრა ვერ შეძლო, ვერ გატეხა რწმენა, რომელიც სულით ძლიერმა ქრისტიანმა ქალწულმა აქ დანერგა. სასწაულებრივ ხატებთან, რომლებითაც ღმერთმა ივერიის მიწა აკურთხა, და ქართველ წმინდა მოწამეთა ნაწილებთან ერთად წმინდა ნინოს საკვირველი ჯვარი დღემდე ინახება საქართველოში, სიონის საკათედრო ტაძარში.

 

წმინდა ნინო ახლა ღმერთთანაა, ზეცაში და ყოველთვის ისმენს ჩვენს ლოცვას, როცა მისგან შეწევნას ვითხოვთ. ძვირფასო ბავშვებო, ლოცვისას ასე უნდა ვევედროთ წმინდა ნინოს: "წმინდაო მოციქულთასწორო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!"

 

თარგმნა ნინო გულიაშვილმა

 

  

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა