martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

მოკლე სწავლებები სულიერი ცხოვრების შესახებ

ნაწ.2

 

ამრიგად, როგორც ვთქვი, სიყვარული რომ გვქონოდა, მაშინ ეს სიყვარული დაფარავდა ყველა ცოდვას, როგორც წმინდანები იქცევიან, როცა ადამიანურ უძლურებებს ხედავენ. განა წმინდანები ბრმები არიან და შეცოდებებს ვერ ხედავენ? თანაც ვის სძაგს ცოდვა ისე, როგორც წმინდანებს? მაგრამ მათ არ სძულთ მცოდველი და არ განიკითხავენ მას, არც ზურგს აქცევენ, არამედ თანაუგრძნობენ, მწუხარებენ მისთვის, შეაგონებენ, ნუგეშს სცემენ, მკურნალობენ, როგორც სნეულ ნაწილს, და ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად.  როცა მეთევზეები ზღვაში ანკესს ჩააგდებენ, დიდი თევზი წამოეგება და იგრძნობენ, რომ იბრძვის, მაშინვე ძლიერად არ ეწევიან მას, რადგან ბაწარი გაწყდება და თევზს დაკარგავენ; ისინი მიუშვებენ ხოლმე ბაწარს და თევზს საშუალებას აძლევენ, წავიდეს როგორც სურს; როცა ნახავენ, რომ თევზი დაიღალა და აღარ იბრძვის, მაშინ ნელ-ნელა მოიზიდავენ. ასევე წმინდანებიც სულგრძელობითა და სიყვარულით მიიზიდავენ ძმას, და ზურგს არ აქცევენ, არ უკადრისობენ.

 

სიკეთეს გაგვიკეთებს ვინმე თუ ბოროტებას, ჩვენ ზეცისკენ უნდა ვიმზირებოდეთ და ღმერთს მადლობას ვწირავდეთ ყველაფრისთვის, რაც შეგვემთხვევა; ყოველთვის საკუთარ თავს უნდა ვიდანაშაულებდეთ და, როგორც მამებმა თქვეს, თუკი რაიმე კარგი შეგვემთხვევა, უნდა ვთქვათ, რომ ეს ღვთის განგებით მოხდა, ხოლო თუ ცუდი, – ჩვენი ცოდვების გამო; რადგან ჭეშმარიტად ყველაფერი, რაც გვემართება, ჩვენი ცოდვების გამო გვემართება. თუკი წმინდანები იტანჯებიან, იტანჯებიან ღვთის სახელისთვის, ან იმისთვის, რომ მათი სათნოებები მრავალთა სარგებლობისთვის გაცხადდეს, ანდა იმისთვის, რომ მათთვის ღვთისაგან მინიჭებული გვირგვინები და ჯილდოები გამრავლდეს. მაგრამ ნუთუ ჩვენ, უბადრუკები, იგივეს ვიტყვით საკუთარ თავზე, როდესაც ჩვენ ასე ვცოდავთ ყოველდღიურად, ვიკმაყოფილებთ ვნებებს და მიგვიტოვებია მამებისგან მითითებული სწორი გზა, გზა თავის დადანაშაულებისა, და მივემართებით მრუდე გზით – მოყვასის დადანაშაულების გზით. და ყოველი ჩვენგანი ცდილობს ნებისმიერ საქმეში ძმა დაადანაშაულოს და მთელი სიმძიმე მას აჰკიდოს; ყველა დაუდევრად იქცევა და არც ერთ მცნებას არ იცავს, ხოლო მოყვასისგან ითხოვენ მცნებების დაცვას.

 

ერთი ძმის შესახებ მსმენია, რომ როდესაც ის რომელიმე ძმასთან მივიდოდა და მის სენაკს დაუგველსა და დაულაგებელს ნახავდა, იტყოდა თავისთვის: ნეტარია ეს ძმა, მიუტოვებია ყველაფერზე ზრუნვა და მთელი მისი გონება ზეცისკენ ისე მიუმართავს, რომ სენაკის მოსაწესრიგებლად დროს ვეღარ პოულობს. ასევე, თუკი მივიდოდა სხვასთან და მის სენაკს დალაგებულს, დაგვილსა და დასუფთავებულს ნახავდა, ამბობდა თავისთვის: როგორც ამ ძმის სულია წმინდა, ასევეა მისი სენაკიც, სენაკის მდგომარეობა თანხმობაშია მის სულიერ მდგომარეობასთან. ის არასოდეს იტყოდა ვინმეზე: ეს ძმა დაუდევარია ან ის მზვაობარია, არამედ თავისი კეთილი განწყობის შესაბამისად, ყველასგან სარგებელს იღებდა.

 

შეუძლებელია ვინმე მოყვასს განურისხდეს, თუკი მანამდე მისი გული არ აღზვავდება მასზე, თუკი არ დაამცირებს მას (გულში) და საკუთარ თავს მასზე აღმატებულად არ მიიჩნევს.

 

როგორც სხეულებს დასდევენ ჩრდილები, ასევე მცნებების აღსრულებას – განსაცდელები, რადგან, როგორც ანტონი დიდმა თქვა, სასუფეველში ვერავინ შევა განსაცდელების გარეშე. ამგვარად, ნუ გაგიკვირდება, ჩემო შვილო, რომ ცხონებისთვის ზრუნვისას განსაცდელები და მწუხარებები გხვდება.

ღირსი აბბა დოროთე

 

თუკი ადამიანს უყვარს სხვა ადამიანი, ყველანაირად ცდილობს მოემსახუროს მას. თუკი ადამიანს უყვარს ღმერთი, ყოველთვის ისწრაფის ის აღასრულოს რაც მას ნებავს. თუ ადამიანს თავისი სხეული უყვარს, აკეთებს ყველაფერს, რასაც ის ითხოვს. ღმერთს სურს სიყვარული და უბიწოება, ჭვრეტა და ლოცვა, ხოლო სხეულს – ნაყროვანება, თავშეუკავებლობა და ყველაფერი, რასაც ეს ვნებები ამრავლებს. ამიტომაც სხეულის მიყოლით მცხოვრებთ ღვთის სათნო-ყოფა არ ძალუძთ. „ხოლო ქრისტესთა მათ ხორცნი თვისნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით“ (გალატ. 5,24). როცა გონება ღმერთს მიემსჭვალება, ის იმორჩილებს სხეულს და არ აძლევს იმაზე მეტს, რაც სიცოცხლისთვისაა საჭირო, ხოლო თუ (გონება) სხეულს მიემსჭვალება, მაშინ ვნებებს ემონება და სხეულისთვის ახალი საზრუნავები სურს.

 

ადამიანმა ბევრი უნდა იშრომოს, რომ მზვაობრობისგან გათავისუფლდეს. ის ამას მიაღწევს საქმეების ფარულად აღსრულებით და ხშირი ლოცვით. ამ გათავისუფლების ნიშანი კი ისაა, რომ ადამიანი აღარ ბრაზდება მათზე ვინც შეურაცხგყოფს ან ადრე შეურაცხოფდა.

 

ყოველგვარი მწუხარება, რაც შეგვემთხვევა, აღსაშენებლად გვეძლევა – ან ძველი ცოდვების წარხოცვისათვის, ან დაუდევრობის გამოსასწორებლად, ანდა მომავალი ცოდვების ასაცილებლად.

საჭიროა კარგად შეითვისო, რომ განსაცდელი სწორედ ამიტომ ხდება და არ განრისხდე, როცა გცემენ, შეურაცხგყოფენ და კიდევ რაიმე სხვა მწუხარებას შეგამთხვევენ. საჭიროა საკუთარი ცოდვები გააცნობიერო და არ დაადანაშაულო ის, ვინც განსაცდელში ჩაგაგდო, რადგან ცოდვების გამაცნობიერებელი ხვდება, რომ ან ამ კაცისგან, ან რომელიმე სხვისგან მან უნდა შესვას საღვთო სამსჯავროს სასმელი; და უნდა შეჰყურებდეს ღმერთს და ჰმადლობდეს მას, რომ დაუშვა ეს განსაცდელი; მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს და სასჯელს ხალისით უნდა იღებდეს, როგორც დავითმა მიიღო სემეისგან.

 

შენ ძმისგან განსაცდელი შეგემთხვა და წყენამ სიძულვილამდე მიგიყვანა? ნუ დაუშვებ, რომ სიძულვილმა დაგამარცხოს, არამედ სიყვარულით დაამარცხე სიძულვილი. ხოლო მის დამარცხებას ამგვარად შეძლებ: გულწრფელად ევედრე ღმერთს მისთვის (ვინც გაწყენინა), მიიღე მისი ბოდიშები, შენც სთხოვე შენდობა – და ამით განკურნე ის.  ჩათვალე, რომ შენ თვითონ ხარ დამნაშავე ამ განსაცდელში, და ასე ითმინე, სანამ ღრუბელი არ გადაივლის. მომთმენი ისაა, ვინც მტკიცეა განსაცდელის დასრულებამდე და ელოდება ნუგეშისცემას თავის გულში.

 

შევიყვაროთ ერთმანეთი და შეგვიყვარებს ღმერთი; მოვუთმინოთ ერთმანეთს და ის მოითმენს ჩვენს ცოდვებს; ნუ მივაგებთ ბოროტებისთვის ბოროტებით და ის არ მოგვაგებს ჩვენი ცოდვების შესაბამისად. ცოდვათა ჩვენთა მოტევება ძმებისთვის შენდობით ვპოვოთ, რამეთუ წყალობა ღვთისა ჩვენდამი, მოყვასისადმი შემწყნარებლობაშია დაფარული; ამიტომაც თქვა უფალმა: "მიუტევეთ და მოგეტევნენ" (ლუკა 6,37); და: "უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან" (მათე 6,14); და კვლავ: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ" (მათე 5,7); და: "რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ" (მათე 7,2). აჰა, მოგვიწყო უფალმა წესი ცხონებისა და მოგვცა ხელმწიფება შვილ ღმრთისა ყოფად (იოან 1,12). ამის შემდეგ ჩვენი ცხონება უკვე ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული.

წმ. მაქსიმე აღმსარებელი

 

დროებითი ტანჯვისა და სიკვდილისაგან გადასარჩენად ადამიანი ყველაფერს ტოვებს; რაღას არ დატოვებს ის, თუკი მარადიული სიკვდილისა და გეენის შიში ეკვეთება სულს? ეს შიში და სულის ცხონებისათვის მწუხარება აუცილებლად დაარწმუნებენ, მიატოვოს ყოველივე ამსოფლიური, რისთვისაც ძენი ამასოფლისანი იურვიან; გულიდან განდევნიან ზრუნვას სიმდიდრისათვის, პატივისათვის, დიდებისათვის და ავხორცობისათვის და მთელ ამ ამაოებას გაფანტავენ, როგორც გრიგალი ფანტავს მტვერს. ამგვარი კაცი უარს არ იტყვის აიტანოს უპატივცემულობა, შეურაცხყოფა, ცემა, საპყრობილე, გადასახლება და თვით სიკვდილიც, ოღონდაც მარადიულ უბედურებას გადაურჩეს. ეს ჭეშმარიტება ცხადია მისთვის, ვინც გრძნობს მარადიული სიკვდილის შიშს. რამეთუ დიდი შიშისგან პატარა შიში განქარდება, და დიდი მწუხარებისგან ქრება პატარა მწუხარება, და დიდი სნეულება შეუმჩნეველს ხდის მცირეს, როგორც დიდი ხმაურის დროს არ ისმის სუსტი ხმა. ამასოფლის მწუხარება და დროებითი უბედურების შიში ქრება სულის ცხონებაზე მწუხარებით და მარადიული წაწყმედის შიშით, როგორც სანთლის ნათება – მზის სინათლით.

წმ. ტიხონ ზადონელი

 

ცოდვის ჩადენა ადამიანისთვის დამახასიათებელი საქმეა, სასოწარკვეთა კი – სატანური და დამღუპველი; თვითონ ეშმაკიც სასოწარკვეთის მიერაა დაღუპული, რადგან სინანული არ ისურვა.

წმ. ნილოს სინელი

 

ნუ დავკარგავთ ცხონების იმედს, თუნდაც ბიწიერების უფსკრულში ჩავვარდეთ; შესაძლებელია ისევ ამოსვლა, გამოსწორება და ცოდვის სრულიად მიტოვება.

წმ. იოანე ოქროპირი

 

იზრუნე შენი ცხონებისათვის: თითოეულ ჩვენთაგანს მცირედი დრო აქვს დარჩენილი ამ ქვეყანაზე საცხოვრებლად. მაგრამ ადამიანი ვერ შეძლებს სათანადოდ იზრუნოს სულზე, თუკი ის ზედმეტად ზრუნავს სხეულზე. როცა სხეულს განშორდები, ინანებ, რომ ამდენი იზრუნე იმისთვის, რასაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს.

ღირსი აბბა ესაია

 

სხეული ცოცხლობს, ვიდრე სულია მასში, და სული ცოცხლობს, სანამ ღვთის სულია მასში. როგორც სხეული კვდება, როდესაც სული განშორდება, ასევე სული წმიდის განშორების შემდეგ სული კარგავს ნეტარ ცხოვრებას; არ გადაიქცევა არარაობად, მაგრამ აგრძელებს ისეთ ცხოვრებას, რომელიც ყოველგვარ სიკვდილზე უარესია.

ღირსი ისიდორე პელუსიელი

 

გახსოვთ ისტორია სუსანასი და ორი უსჯულო მოხუცებულისა – ისრაელის მსაჯულებისა, რომელთაც სურდათ ბაბილონში ძალით შეებილწათ უდანაშაულო ქალი? რამ უბიძგა მათ ასეთი ბილწი საქმისკენ და რამ იხსნა მართალი სუსანა უსჯულოებისაგან? უსჯულო მოხუცებულებს ცოდვისკენ მხოლოდ იმან უბიძგა, რომ მათ დაივიწყეს ღვთის იქ ყოფნის შესახებ, რამეთუ ამბობდნენ: „აჰა კარნი სამოთხისანი (ბაღისა) ხშვანან (დახურულია) და არავინ მხედავს ჩუენ“ (დან. 13,20). ნახეთ, რას ამბობენ: „არავინ მხედავს ჩუენ“. ჰოი უსჯულო მსაჯულნო! რას ამბობთ? განა ღმერთი ვერ გხედავთ? ... უბიწო სუსანა რაღამ იხსნა ცოდვისაგან? მხოლოდ იმან, რომ მის თვალთა წინაშე ღმერთი იყო. მოისმინეთ, რა უთხრა მან იმ ბილწ მოხუცებულებს: „უაღსარჩეველეს არს ჩემდა არმოქმედისა შთავრდომაჲ ხელთა თქუენთა, ვიდრე მცოდველობაჲ წინაშე უფლისა“ (დან. 13,23). ჭეშმარიტად, ვინც მუდმივად ასე ცხოვრობს ღმერთის თანამყოფობის განცდით, ვინც ყოველთვის ასე ხედავს თავის უფალს მის წინაშე, ის არასოდეს დაეცემა და არასოდეს განარისხებს ღმერთს. და თუკი ის, როგორც კაცი, მაინც წაიბორძიკებს, იმწუთას, თვალთა წინაშე ღმერთის მხედველი, წამოდგება, გამოსწორდება და ახდება მასზე ფსალმუნის სიტყვები: „რაჟამს დაეცეს, არა დაიმუსროს, რამეთუ უფალი განამტკიცებს ხელსა მისსა“ (ფსალმ. 36,24).

წმ. დიმიტრი როსტოველი

 

ვინ არიან მოწყალენი? ისინი, ვინც გლახაკებს ფულს ურიგებენ და საჭმელს აჭმევენ? არა, მხოლოდ ეს არ იქმს მოწყალედ: საჭიროა, რომ ამასთანავე იყოს გულის მოწყალება. ისინიც მოწყალენი არიან, ვინც დაგლახაკდა ჩვენთვის დაგლახაკებული ქრისტეს სიყვარულისთვის, და არაფერი აქვთ გლახაკთათვის მისაცემი, მაგრამ როდესაც იხსენებენ ან ხედავენ გაჭირვებულებს, ქვრივებს, ობლებსა და სნეულებს, შეიმუსრებიან მათი სიბრალულით და ტირიან იობს მიმსგავსებულნი, რომელიც ამბობს საკუთარ თავზე: „მე ყოველთა ზედა უძლურთა ვტიროდე და სულთ-ვითქუემდ“ (იობ. 30,25). თუკი მათ რაიმე გააჩნიათ, წრფელი გულითადობით ეხმარებიან გაჭირვებულებს, ხოლო თუ არ გააჩნიათ – აძლევენ სწავლებებს იმის შესახებ, რაც სულის ცხონებას შეეწევა, ემორჩილებიან მის სიტყვას, ვინც თქვა: „მე უზაკუველად ვისწავლე და უშურველად მივსცე“ (იგავ. 7,13). ასეთნი არიან ჭეშმარიტი მოწყალენი, რომელთაც სანატრელ-ჰყოფს უფალი იესო ქრისტე. ისინი ამგვარი მოწყალებით, როგორც კიბით, ადიან სრულყოფილი სულიერი სიწმინდისაკენ.

წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

 

სოფლის უარმყოფელის ნიშნები ამგვარია: ასეთი კაცი ცდილობს თავისი ნება ყველაფერში ღვთის ნებას დაუმორჩილოს. საკუთარ თავისმოყვარებას იმორჩილებს და თრგუნავს. სიმდიდრე, დიდება და პატივი არ სურს, და თუკი ისინი ეძლევა, გულს არ შეახებს მათ. როცა კარგავს სიმდიდრეს, დიდებასა და პატივს, და ყოველივეს, რაც არის ამ სოფელში, არ დარდობს, არამედ იობთან ერთად ამბობს: „უფალმანცა მომცა, უფალმანცა მიმიღო“ (იობ. 1,21). საჭმელს, სასმელს, ტანსაცმელს, განსვენებას და სხვა სოფლიურ საგნებს იყენებს არა ფუფუნებისთვის, არამედ უძლური სხეულის საჭიროებისა და მოთხოვნილებისთვის და ყოველგვარ სიტკბოებას განეშორება. როგორც ქებით არ აღზვავდება და არ განცხრება, ასევე კიცხევითა და ყვედრებით არ დამწუხრდება. ყველანაირ წყენას მოთმინებით იტანს და შემაწუხებლებზე არავისთან ჩივის. სოფლისაგან ანუ ბოროტი ადამიანებისგან ითმენს სიძულვილს, მაგრამ მოძულენი უყვარს... ყოველთვის ახსოვს ზეციური სამშობლო და გულითა და აზრით მისკენ მიისწრაფის, რადგან სადაცაა მისი საუნჯე, იქაა მისი გულიც, ქრისტეს სიტყვის თანახმად (მათ. 6,21).

წმ. ტიხონ ზადონელი

 

„ყოველსა ადგილსა“ ილოცეთ. ასე ამბობს მოციქული: „მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ხელთა თვინიერ რისხვისა და გულის ზრახვისა“ (1 ტიმ. 2,8). როცა ვდგევართ, ვზივართ, დავდივართ, ვისვენებთ, ხელით რაიმეს ვაკეთებთ, მარტოობაშიც და კრებულშიც შეიძლება ლოცვა. ყოველთვის, ყოველ ადგილზე და ყველა ჩვენი საქმიანობისას, ჭამისა და სმის დროსაც, ღვთისსათნო საუბრებშიც შეგვიძლია გონება და გული ღმერთთან აღვიყვანოთ, სიმდაბლითა და რწმენით წარვუდგინოთ ჩვენი გასაჭირი, წყალობა ვთხოვოთ და ვუთხრათ: „უფალო, შეგვიწყალე“. მოსემ, ურიცხვ ხალხში, რომლებიც ეგვიპტიდან გამოიყვანა, და საშიშროებაში მყოფნი იხილა, გონებითა და გულით მოუხმო ღმერთს; მართალია მისი სიტყვიერი ლოცვა არაა გამოსახული წმიდა წერილში, მაგრამ ღმერთმა უთხრა: „რასა ჰხმობ ჩემდა მომართ?“ (გამოსლ. 14,15). ეზეკია, კეთილმსახური მეფე, სარეცელზე მწოლიარე ლოცულობდა და ღმერთმა ისმინა მისი (ეს. 38,2-8). იონა ვეშაპის მუცელში ლოცულობდა და უსმინა ღმერთმა (იონა 2,2-11). სამი ყრმა ცეცხლოვან ღუმელში ლოცულობდა და გადარჩნენ (დან. 3,23-51). ღმერთი უყურებს არა გარეგნულ სახეს და სხეულის მდგომარეობას, არამედ გულს, სიმდაბლეს, რწმენას და გულისმიერ სურვილს. ამიტომაც არის დაწერილი: „ნებაჲ გლახაკთაჲ ისმინე, უფალო, განმზადებასა გულისა მათისასა ერჩდა ყური შენი“ (ფსალმ. 9,38).

წმ. ტიხონ ზადონელი

 

როგორც გემოთმოყვარება წარმოშობს ცოდვათა მრავალრიცხოვან ნაყარს, ასევე მარხვა – ძირია ყველა სათნოებისა და დასაწყისია ღვთაებრივი მცნებებისა.

... რამეთუ გულის შემუსვრილების გარეშე შეუძლებელია ჭეშმარიტი სინანულის მიღწევა. ხოლო გულს შემუსრავს და საკუთარი ცოდვების გამო წუხილს აიძულებს საკვებსა და ძილში შეზღუდვა, გრძნობათა შეკავება. ამიტომაც, როგორც ის სახარებისეული მდიდარი თავს ეუბნებოდა: „ჭამე და სუ და იხარებდ“ (ლუკ. 12,19), და საკუთარი თავი მარადიული ცეცხლის ღირსად ჰყო, საწყალმა, ასევე ჩვენც, ძმებო, პირიქით, ვუბრძანოთ თავს მარხვა და თავშეკავება, მღვიძარება და თავის შემოზღუდვა, დამდაბლება და შეჭირვება ჩვენი ცხონებისათვის.

 

დიახ, სასტიკია სიკვდილი – მის მოსვლაშიც და მოლოდინშიც, მაგრამ ბევრად უფრო საშინელია, არ მოვიქცეთ ჩვენი ცოდვებისაგან; აი, სწორედ ამის გამო იზრდება სასჯელი, ხოლო შემდეგ მივეცემით დაუსრულებელ სატანჯველს, რომელიც, დაე, ჩვენგან არავინ შეიცნოს გამოცდილებით! რამეთუ, თუკი აქაური გაჭირვებები აუტანლად გვეჩვენება, თუმცა ისინი წარმავალია და მხოლოდ სხეულს სწყლავს, როგორიღა იქნება ის ტანჯვა, რომელიც სხეულთან ერთად სულსაც ტანჯავს და რომლისგანაც არასოდეს მოველით გათავისუფლებას?! არამედ ვინანიოთ, ძმებო, და მოვიქცეთ, საქმით და სიტყვით გამოვხატოთ სინანული, და შეუვრდეთ ღმერთს  შემუსვრილი გულით, ვუთხრათ: „უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“ (ფსალმ. 6,2); არამედ – „ყავ მონისა შენისა თანა წყალობისაებრ შენისა“ (ფსალმ. 118,124). ის ახლოსაა მის მვედრებლებთან, თუკი ისინი არა მხოლოდ ბაგეებით, არამედ გულითაც ღაღადებენ, საქმეებით და ცხოვრების წესით ღვთისკენ მიქცეულები. – „მოიქეცით ჩემდამო, და მე მოვიქცე თქუენდა“, – ამბობს უფალი, –  „და უშჯულოებანი შენნი და ცოდვანი შენნი არა მოვიხსენნე“ (შდრ. ზაქ. 1,3; ეს. 43,25).

 

მოწყალების გაცემისას დაე ნუ შეგვეშინდება, რომ გავღატაკდებით, რამეთუ ჩვენც გავიგონებთ ღვთისგან: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი“. შევშინდეთ (სასჯელისაგან) და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ უსულგულობის გამო ღვთის სიყვარულისგან გაუცხოებულნი არ აღმოვჩნდეთ, „რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თვისი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყუარებად?“ (1 იოან. 4,20) – ამბობს მახარებელი; ხოლო ვისაც ღმერთი არ უყვარს, როგორ შესძლებს მასთან დამკვიდრებას? და ვინც მასთან არაა, ის განეშორება მას; ხოლო მისგან განშორებული, ცხადია, გეენაში მოხვდება.

 

თუკი ჩვენ ყოველი საქმის დაწყებამდე წინასწარ გავაძლიერებთ ჩვენს სულს ღმერთის ქებითა და ლოცვებით, სუპოსტატი (ეშმაკი) ვერ ჰპოვებს ჩვენში ადგილს; მასთან ერთადვე განიდევნება მისი გარემომცველი ბოროტება. შესაბამისად, უბიწოება, ასევე სიმართლე და სიმშვიდე და სიმდაბლე განაშვენებენ ჩვენს სულებს, და ერთმანეთთან სიყვარულით შეერთებულნი, ვიცხოვრებთ მშვიდი და შინაბრძოლებით დაურღვეველი ცხოვრებით, რამეთუ ჩვენ შორის იქნება მეუფე მშვიდობისა, ქრისტე, მასთან განუწყვეტელი ურთიერთობის შედეგად.

წმ. გრიგოლ პალამა

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა
    Georgian orthodox church calendar.