martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ქრისტიანული სიყვარული 

 

წმიდა წერილი ამბობს: „შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (მათ. 22,39). ნუ იტყვი: ეს სათნოება დიდია და არ ძალმიძს მისი მოხვეჭა. როგორ შემიძლია შევიყვარო მოყვასი საკუთარი თავივით? მის გაჭირვებებზე როგორ ვიზრუნო ისე, როგორც საკუთარზე, მით უმეტეს მის გულში დაფარულზე, რომელიც არავინ უწყის? ნუ გაგიტაცებს ამგვარი ფიქრები, არამედ ღმრთის სასოებით შეუდექი ამ სათნოების აღსრულებას, უჩვენე უფალს სურვილი და მცდელობა და ღმრთის შეწევნას მიიღებ, რომელიც დაგეხმარება სათნოების აღსრულებაში. წარმოიდგინე ორი კიბე: ერთს ზეცაში აყავხარ, ხოლო მეორეს ჯოჯოხეთში ჩაყავხარ, შენ კი ამ კიბეებს შორის მიწაზე დგახარ. ნუ იტყვი: როგორ ავფრინდები მიწიდან და მივწვდები იმ კიბის თავს? ეს შეუძლებელია და ღმერთი ამას არც ითხოვს შენგან. შენ მხოლოდ თავი დაიცავი, რომ ქვემოთ არ ჩახვიდე. მოყვასს ბოროტებას ნუ გაუკეთებ, ცუდს ნურაფერს ეტყვი, ცილს ნუ დასწამებ, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ. ამგვარად, ნელ-ნელა მას სიკეთესაც გაუკეთებ – სიტყვით ანუგეშებ, თანაუგძნობ, შეეწევი იმით, რასაც საჭიროებს. ასე ახვალ ერთი საფეხურიდან მეორეზე და ღმრთის შეწევნით კიბის თავსაც მიაღწევ. მოყვასის შეწევნაში თანდათანობით იქამდეც მიხვალ, რომ სიკეთესა და წარმატებას მისთვის ისევე მოინდომებ, როგორც საკუთარი თავისთვის. სწორედ ეს არის „შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“.  (წმ. აბბა დოროთე)

 

წრეში რადიუსები ცენტრში ერთდებიან და რამდენადაც ახლოს არიან მასთან, იმდენად ახლოს არიან ერთმანეთთან, ხოლო ცენტრთან დაშორებასთან ერთად, უფრო და უფრო შორდებიან ერთმანეთს. ასევე ადამიანებიც: რამდენადაც შორს არიან ღვთისგან, იმდენად დაშორებულნი არიან ერთმანეთისგან. (წმ. აბბა დოროთე)

 

უდიდეს ჯილდოს მიიღებ, თუკი შენი დახმარებით ვინმე ცხონდება. (წმ. ათანასე დიდი)

 

ანგელოზებრივი ენა და წინასწარმეტყველება, და ყოველგვარი ცოდნა და ნიჭი კურნებათა არაფერია სიყვარულთან შედარებით. (წმ. მაკარი დიდი)

 

ვისშიაც სიყვარულია, მას არა აქვს მეტოქეობა, არც შური, არც სიძულვილი; მას არ უხარია სხვების დაცემა, არამედ თანაუგრძნობს მათ. (წმ. ეფრემ ასური)

 

ვინც იცავს დაჩაგრულს, მისი მცველი ღმერთია. (წმ. ისააკ ასური)

 

ნუ ეძიებ შენს სარგებელს სხვების ზიანის ხარჯზე. (წმ. იოანე ოქროპირი)

 

მამა აგათონზე ამბობდნენ: ერთხელ ქალაქში მიდიოდა ნახელავის გასაყიდად. გზაზე კეთროვანი ნახა, ძირს დაგდებული. ჰკითხა სნეულმა: მამაო, სად მიდიხარ? უპასუხა მამა აგათონმა: ქალაქში მივდივარ, ნახელავის გასაყიდად. უთხრა კეთროვანმა: სიყვარული გამოიჩინე და მეც იქ მიმიყვანე. ბერმა მოიკიდა იგი და ქალაქში ჩაიყვანა. სნეულმა უთხრა, სადაც ჭურჭელს გაყიდი, მეც იქ დამდეო. შეუსრულა ბერმა თხოვნა. როდესაც იგი ჭურჭელს გაყიდდა, სნეული ეკითხებოდა: რამდენისა გაყიდე? ბერი მიუგებდა: ამდენის. ნამცხვარი მიყიდეო, ეტყოდა კეთროვანი. და ისევ, სხვა ჭურჭელს რომ გაყიდდა, ჰკითხავდა: რამდენისაა? ეტყოდა: ამდენისა. კვლავ ეტყოდა: მამაო, მამაო, მიყიდე ნამცხვარი. როდესაც ბერმა მთელი ჭურჭელი გაყიდა და წასვლა დააპირა, უძლურმა ჰკითხა: მიდიხარ? დიახ, მივდივარ – მიუგო ბერმა. უთხრა სნეულმა: გამოიჩინე სიყვარული და ისევ იმ ადგილას მიმიყვანე, სადაც მიპოვე. ბერმა ეს თხოვნაც შეუსრულა. მაშინ კეთროვანმა უთხრა: კურთხეულ ხარ, აგათონ, უფლისა მიერ, ზეცაშიაც და ქვეყანაზეც. როდესაც მამა აგათონმა უკან მოიხედა, ვერავინ იხილა, რამეთუ უფლის ანგელოზი იყო მოსული მის გამოსაცდელად. (პატერიკი)

 

თქვა ბერმა: თუკი შენ ძმას ცოდვაში ჩავარდნილს იხილავ და ეშმაკი მისი განკითხვის სურვილს ჩაგიგდებს გულში, გაფრთხილდი და ნუ შეიწყნარებ, არამედ მიუგე: წყეულ იყავ შენ, ეშმაკო, რამეთუ ეგ საქმე ჩემი ძმისა არ არის, შენია და შენზე იყოს. ჯვრით აღიბეჭდე სხეული და დაიცავი გონება, რომ შენი ძმა არ განიკითხო, თორემ სული წმიდა განგეშორება. (პატერიკი)

 

თქვა მამა პიმენმა: უკეთურება უკეთურებას ვერ აღმოფხვრის. თუკი ვინმე ბოროტს გიყოფს, შენ კეთილი უყავ, რათა ამ სიკეთით მოსპო ის ბოროტება. (პატერიკი)

 

 იყო ერთი ძმა, მონაზვნურ ღვაწლში ცოტა ზარმაცი. იგი ერთი კეთილი ბერის მახლობლად ცხოვრობდა. ამ ზარმაცი ბერის აღსრულების ჟამს მის გარშემო მამები და ძმები ისხდნენ და ხედავდნენ, რომ მას ამ სოფლიდან გასვლა უხაროდა. კეთილ ბერს სურდა იქ მყოფი მამების დამოძღვრა და ჰკითხა მას: ვიცი, ძმაო, მონაზვნობაში მოსწრაფე არ იყავი და ახლა, ამ საშინელ ჟამს, როგორ ხარ ასე გახარებული? მიუგო ძმამ: სიმართლეს ამბობ, მამაო, ყველამ იცით, რომ ზარმაცი ვიყავი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მონაზონი გავხდი, კაცთაგან არავინ განმიკითხავს და თუკი ვინმე რაიმეს მავნებდა, იმწამსვე შევუნდობდი წმინდა გულით; და აწ მაქვს სიტყვა უფლისა მიმართ – შენ სთქვი, მეუფეო: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ; მიუტევეთ და მოგეტევნენ თქუენ“ (ლუკ. 6, 37). მაშინ უთხრა მას ბერმა: მშვიდობა შენდა, შვილო, რამეთუ ცხონდი მწუხარებათა გარეშე და აწ მარადიულ ცხოვრებაში განსასვენებლად მიდიხარ. (პატერიკი)

 

თქვა მამა კომასემ: ერთმა ბერმა მომითხრო: ორი ეპისკოპოსი მკვიდრობდა ერთმანეთის მახლობლად და უთანხმოება იყო მათ შორის. ერთი მათგანი მდიდარი და ძალაუფლების მქონე იყო, მეორე კი – მეტად თავმდაბალი. პირველი ეპისკოპოსი მეორეს ემტერებოდა, ხოლო მეორეს ესმოდა ამის შესახებ და თავის მღვდლებს ეუბნებოდა: ნუ ზრუნავთ, ჩვენ ვძლევთ მას ქრისტეს სახელით. მღვდლები ეკითხებოდნენ: მეუფეო, ვის ძალუძს მისი წინააღდგომა? თავმდაბალი ეპისკოპოსი უპასუხებდა: მოითმინეთ და ღმრთის წყალობას იხილავთ. ამის შემდეგ მეორე ეპისკოპოსმა შეიტყო, რომ მის მტერს შეკრება ჰქონდა წმინდა მოწამეების დღესასწაულზე. წაიყვანა თავისი მღვდლები და უთხრა: გამომყევით, რასაც მე ვიზამ, თქვენც იგივე მოიმოქმედეთ და ვძლევთ მას. მღვდლები კი ამბობდნენ: ნეტავ რას აპირებს? და როდესაც წავიდა ეს ეპისკოპოსი სამღვდელოებასთან ერთად ლოცვითა და გალობით, მთელი ქალაქი გაყვა უკან. მივიდა, ფეხებში ჩაუვარდა მდიდარ ეპისკოპოსს თავის სამღვდელოებასთან ერთად და უთხრა: შეგვინდე, ბატონო ჩვენო, შენი მონები ვართ. შეძრწუნდა ის ეპისკოპოსი და შეინანა, ღმერთმა მოაქცია მისი გული, თვითონ მოეხვია თავმდაბალ ეპისკოპოსს და უთხრა: შენა ხარ ჩემი ბატონი. ამის შემდეგ მათ შორის დიდმა სიყვარულმა დაისადგურა. უთხრა თავმდაბალმა ეპისკოპოსმა თავის მღვდლებს: ხომ გეუბნებოდით, რომ ჩვენ ვძლევდით მას ქრისტეს მადლით. და თქვენც, თუკი ოდესმე მტერი გეყოლებათ, ასევე მოიქეცით და ცხონდით. (პატერიკი)

 

კითხვა: თუკი ვხედავ, რომ ვინმე უწესოდ იქცევა, შემიძლია თუ არა განვსაჯო ეს უწესობა? როგორ გავექცე აქედან მომდინარე მოყვასის განკითხვას?

პასუხი: ის საქმე, რომელიც უწესოა, ჩვენ არ შეგვიძლია არ ვაღიაროთ უწესოდ; სხვანაირად როგორ ავიცდენთ მისგან მომავალ ზიანს? ხომ ამბობს უფალი: „ეკრძალენით ცრუ-წინაწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ. ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ (მათ. 7;15,16). ის, ვინც ამგვარ საქმეს ჩადის, არ უნდა განვიკითხოთ. ჯერ ერთი წმიდა წერილის თანახმად: „ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ“ (ლუკ. 6,37); მეორეც იმიტომ, რომ ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვაღიარებდეთ ყველაზე ცოდვილად; კიდევ იმიტომ, რომ ძმის ცოდვა ჩვენ ცოდვად უნდა მიგვაჩნდეს და მხოლოდ მისი მაცთუნებელი ეშმაკი გვძულდეს. როდესაც ვინმე სხვას ორმოში ჩააგდებს, ჩვენ ჩავარდნილს კი არ ვკიცხავთ, არამედ იმას, ვინც უბიძგა. ზუსტად ასევეა აქაც. ისიც ხდება, რომ კაცი საქმეს აკეთებს, რომელიც მხილველებს უწესოდ ეჩვენებათ, მაგრამ საქმე კეთილი განზრახვით აღესრულება, როგორც ეს ცნობილ წმინდა ბერს შეემთხვა: იგი ცხენების სარბიელის ახლოს მიდიოდა და მასში გარკვეული განზრახვით შევიდა. როდესაც ნახა, თუ როგორ ცდილობდა იქ თითოეული სხვის დასწრებასა და დამარცხებას, უთხრა თავს: ხედავ როგორი მონდომებით იღვწიან ეშმაკის მსახურნი? ჩვენ, ცათა სასუფეველის მემკვიდრეებმა, უფრო მეტად არ უნდა ვიღვაწოთ? ბერი ამ სანახაობიდან უწინდელზე მეტად გულმოდგინე წავიდა სულიერი მოღვაწეობისათვის. ჩვენ არც ის ვიცით, იქნებ ცოდვაში ჩავარდნილი ძმა სინანულის მეშვეობით, თავმდაბლობითა და აღსარებით ღმრთის სათნო გახდეს. ფარისეველი მზვაობრობის გამო წავიდა დასჯილი. ეს რომ ვიცით, მეზვერის სიმდაბლეს მივბაძოთ და საკუთარი თავი განვიკითხოთ, რათა განვმართლდეთ; და ფარისევლის განდიდებას გავექცეთ, რომ არ დავისაჯოთ. (წმ. იოანე წინასწარმეტყველი)

  

 როდესაც საჭიროა კეთილისყოფა, დაე, ყოველი კაცი შენი მოყვასი იყოს, ხოლო როცა საქმე ჭეშმარიტებას შეეხება, მაშინ გაარჩიე შენიანი უცხოსაგან. თუკი შენი ძმა, ღვიძლი დედითა და მამით, არ არის შენთან გაერთიანებული ჭეშმარიტების კანონით, მაშინ იგი უფრო უცხო უნდა იყოს შენთვის, ვიდრე სკვითი; და პირიქით, თუ სკვითსა და სავრომატს უპყრიათ მართალი დოგმატები და სწამთ იგივე, რაც შენ გწამს, მაშინ ისინი უფრო ახლოს უნდა იყვნენ შენთან, ვიდრე ღვიძლი ძმა. ბარბაროსსა და არაბარბაროსს ჩვენ განვარჩევთ არა ენითა და წარმომავლობით, არამედ აზრებისა და სულის მიხედვით. ადამიანი უპირატესად ის არის, ვინც მართალ სწავლებას იმარხავს სარწმუნოებაზე და კეთილმსახურ ცხოვრებას ეწევა. (წმ. იოანე ოქროპირი) 

 

იტყვი: ნუთუ არ უნდა გვძულდეს თვით მტრებიცა და წარმართებიც? უნდა გვძულდეს არა ისინი, არამედ მათი სწავლება, არა ადამიანი, არამედ მანკიერი ცხოვრება და გამრუდებული ნება. ადამიანი ღმრთის ქმნილებაა, ხოლო ცთომილება – ეშმაკისა. ამიტომ ნუ შეურევ ღმრთისას ეშმაკისაში. იუდეველნი ჰგმობდნენ, სდევნიდნენ, შეურაცხყოფდნენ ქრისტეს და ბევრ რამეს ამბობდნენ მასზე, მაგრამ განა სძულდა ისინი პავლეს, რომელსაც ქრისტე ყველაზე მეტად უყვარდა? არა, პირიქით, მას უყვარდა ისინი და ყველაფერს აკეთებდა მათთვის. ხან ამბობდა: „ნებაჲ გულისა ჩემისაჲ და ვედრებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ ისრაელისათვის არს საცხოვრებელად“ (რომ. 10,1); ხან კი: „ვილოცევდ მე შეჩუენებულ-ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათვის და ნათესავთა ჩემთა ხორციელად“ (რომ. 9,3). ასევე ეზეკიელი, მათ დაღუპვას რომ ხედავდა, ამბობდა: „ვაჲ მე, ადონაჲ უფალო, აღჰხოც შენ ნეშტთა ისრაელისათა?“ (ეზეკ. 9,8). ასევე მოსეც ამბობდა: „მი-თუ-უტევებ ცოდვათა მათთა, მიუტევენ, უკუეთე არა, აღმხოცე მეცა წიგნისა მისგან, რომელსა დამწერე“ (გამოსლ. 32, 31-32)... თუკი ჩვენ უღმერთოებსა და უსჯულოებს მოვიძულებთ, მაშინ განვაგრძობთ და ცოდვილებსაც მოვიძულებთ, ხოლო ამ გზით მავალნი თანდათანობით გამოვეყოფით ძმათა დიდ ნაწილს, უფრო სწორედ კი ყველას, რამეთუ არავინაა უცოდველი. თუკი ღმრთის მტრების მოძულებაა საჭირო, მაშინ უნდა მოვიძულოთ არა მხოლოდ უღმერთონი, არამედ ცოდვილნიც; ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მხეცებზე უარესნი ვიქნებით, ყველასაგან განვეშორებით და სიამაყით აღვზვავდებით ფარისევლის მსგავსად. მაგრამ პავლემ სხვაგვარად გვამცნო: „სწავლიდით უწესოთა მათ, ნუგეშინის-სცემდით სულმოკლეთა, თავს-იდებდით უძლურთა მათ, სულგრძელ იყვენით ყოველთა მიმართ“ (1 თესალ. 5,14). (წმ. იოანე ოქროპირი) 

 

 თუკი შენ არ პატიობ ყველას, ვინც კი შეგცოდა, მაშ მარხვასა და ლოცვაში ნუ დაშვრები... ღმერთი არ მიგიღებს. (წმ. ეფრემ ასური)

 

ჩვენ უნდა შევუნდოთ იმათ, ვინც გვაწყენინა, რადგან ვიცით, რომ შენდობის მისაგებელი ყველა სხვა სათნოების მისაგებელს აღემატება. (წმ. მარკოზ მოღვაწე) 

 

თუნდ დაინახო, რომ კაცი ვინმე უწმინდურთაგან ყველაზე ბილწია და მზაკვართაგან ყველაზე მზაკვარია, მაინც ნუ განიკითხავ და მაშინ არც ღმერთი მიგატოვებს და ბოროტ სულთა ტყვეობაში არ მოხვდები. (წმ. ნილოს სინელი) 

 

ვინც სიყვარული მოიპოვა, მან საუნჯენი განაბნია; ხოლო ვინც ამბობს ორივე მაქვსო, იგი თავს იტყუებს.  (წმ. იოანე სინელი)

 

ვინც თავის გულში რომელიმე ადამიანის მიმართ რაიმე დანაშაულის გამო სიძულვილის თუნდაც კვალს ამჩნევს, იგი ღმრთის სიყვარულისაგან სრულიად უცხოა. ღმრთის სიყვარული ვერანაირად ვერ იტანს ადამიანის მიმართ სიძულვილს. (წმ. მაქსიმე აღმსარებელი)

 

როგორც ღვთის სიყვარული, ასევე მოყვასის სიყვარული – ადამიანის გულის ბუნებრივი განწყობებია. მათ აღელვებენ და ზოგჯერ ფარავენ მოსული არაბუნებრივი ვნებები; მაგრამ როგორც კი ეს ვნებები დასუსტდებიან, სიყვარული ისევ გადმოდინდება გულიდან, მისთვის დამახასიათებელი სიძლიერით. (წმ. თეოფანე დაყუდებული)

 

რა არის სხვების განკითხვის მიზეზი? ის, რომ საკუთარი თავის შეცნობას არ ვცდილობთ. ვინც თავის შეცნობით არის დაკავებული, მას სხვების ცოდვების შესამჩნევად აღარ სცალია. საკუთარი თავი განიკითხე და სხვების განკითხვას მოეშვი... ყოველი ადამიანი შენზე უკეთესად მიიჩნიე. ამ გულისსიტყვის გარეშე სასწაულიც რომ აღასრულოს ვინმემ, მაინც შორს იქნება ღმრთისაგან. (მონაზონ მაგდალინას ცხოვრება)

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა