martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმ. პაისი ველიჩკოვსკის პასუხი ცხონების შესახებ

 

თქვენს ბოლო შეკითხვაზე, როგორ უნდა ცხონდეთ თქვენ, ვინც სოფელში ცხოვრობთ ცოლ-შვილთან ერთად, გიპასუხებთ: ვინ თქვას მოკლე სიტყვით ცხონების საქმე? მე მხოლოდ ის შემიძლია გირჩიოთ, რომ უდიდესი გულმოდგინებით იკითხოთ წმიდა წერილი და წმიდა მამათა ნაწერები, რომლებსაც ცათა სასუფევლის საიდუმლოს, ანუ წმიდა წერილის ჭეშმარიტი აზრის წვდომა მიეცათ. მათ სული წმიდის მიერ განბრძნობილ სწავლებებში სრულადაა შენახული სულის ცხონებისათვის აუცილებელი ყველა რჩევა-დარიგება, რომლებიც ცხონების ყველა მსურველს ჩააგონებს აიძულოს თავი ყველა კეთილი საქმისათვის და გაექცეს ყველა ღვთივსაძაგელ საქმეს. გულმოდგინედ და ბეჯითად, სარწმუნოებით და სიყვარულით, ღვთის შიშითა და მთელი ყურადღებით თუ წაიკითხავთ მათ ნაწერებს, ისინი მუდამ წაგიძღვებიან ცხონებისათვის აუცილებელი კეთილი საქმეებისკენ. მე კი, მთელი ჩემი უღირსობის მიუხედავად, იმის გათვალისწინებით, რომ ჩემგან მოელით რჩევა-დარიგებას, ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ყოვლადმოწყალე ღმერთი მართლმადიდებელ ქრისტიანთა ცხონების საქმეს მართლმადიდებლური სარწმუნოების, კეთილი საქმეებისა და თავისი მადლის მიერ აღასრულებს. მართლმადიდებლური სარწმუნოება არის ის, რომელსაც იმარხავს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, და ამ სარწმუნოების გარეშე შეუძლებელია ვინმე ცხონდეს. კეთილი საქმეები სახარების მცნებებია, რომელთა გარეშეც, ისევე როგორც მართლმადიდებლური სარწმუნოების გარეშე, არავის ძალუძს ცხონება: მართლმადიდებლური სარწმუნოება კეთილი საქმეების გარეშე მკვდარია, ასევე მკვდარია კეთილი საქმეები მართლმადიდებლური სარწმუნოების გარეშე. ცხონების მსურველმა ორივე უნდა შეაერთოს და, ამგვარად, ქრისტე ღმერთის შეწევნით, რომელმაც თქვა: „თვინიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“ (იოან. 15:5), მოიპოვოს ცხონება.

ისიც უნდა იცოდეთ, რომ ქრისტე მაცხოვარმა ერთნაირად დააკანონა კეთილი საქმეები ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის – როგორც მონაზონთა, ისე სოფელში მცხოვრებ ერისკაცთათვის, და ყველასგან მოელის და მოითხოვს თავისი მცნებების ზედმიწევნით გულმოდგინე შესრულებას. ამდენად, მათ, ვინც მცნებებს არღვევს და ამას არ ინანიებს, არავითარი შენდობა არ ექნებათ და ვერ იმართლებენ თავს ქრისტეს მეორე და საშინელი მოსვლის დროს. ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი, ქალებიც და კაცებიც, ასაკისა და წოდების მიუხედავად, ჯანმრთელებიც და სხვადასხვა სნეულების გამო სარეცელს მიჯაჭვულნიც, უძლურნიც და ღრმად მოხუცებულნიც, ღვთის მადლის შეწევნით შემძლენი არიან შეასრულონ ქრისტეს მცნებები მხოლოდ თავიანთი კეთილი ნებისა და სულის სიმდაბლის მეშვეობით, და ამგვარად, ცხონება მოიხვეჭონ.

სახარების მცნებები, ყოველ შემთხვევაში, მათ შორის უმთავრესნი და ყველაზე ზოგადნი, იმდენად აუცილებელია ცხონებისათვის, რომ ერთ-ერთი მათგანის უგულებელყოფის შემთხვევაშიც კი სული ვერ ცხონდება. ასეთებია: ღვთისა და მოყვასის სიყვარული, სიმშვიდე და სიმდაბლე ყოველ ადამიანთან ურთიერთობაში, მოყვასისათვის ყველა ცოდვის მთელი გულით მიტევება, არაგანკითხვა, მოყვასის სიძულვილის დატევება, მტრების სიყვარული, მოყვასის დახმარება – როგორც სულიერი, ისე ნივთიერი და სხვა, წმიდა სახარებაში ჩამოთვლილი ქრისტეს მცნებები. აუცილებელია, რომ ყველა ისინი დიდი გულმოდგინებით შევასრულოთ, განსაკუთრებით კი „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა... და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (მათ. 22:37-39); უნდა შევუდგეთ ქრისტეს სიმშვიდეს, სისხლის დათხევამდე შევებრძოლოთ მრისხანების ვნებას, გვქონდეს ყველასთან მშვიდობა, რომელიც იმდენად აუცილებელია, რომ თავად ქრისტე ხშირად ეუბნებოდა თავის მოწაფეებს: „მშვიდობა თქუენთანა“, „მშვიდობასა დაგიტევებ თქუენ“, „მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ“. სადაც ქრისტეს მშვიდობაა, იქაა ქრისტეც, ხოლო სულში, რომელშიც ქრისტეს მშვიდობა არ არის, არც ქრისტე დაიმკვიდრებს. მოთმინება კი იმდენად აუცილებელია ცხონებისათვის, რომ ქრისტე ამბობს: „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“ (ლუკ. 21:19), სულის მოპოვება კი სხვა არაფერია, თუ არა სულის ცხონება. ხოლო მოთმინება მარტო გარკვეული ხნის მანძილზე კი არ უნდა მოვიკრიბოთ, არამედ სიკვდილამდე, რამეთუ „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს“ (მათ. 24:13). ვინც მთელი გულით მიუტევებს მოყვასს, ვინც არ განიკითხავს მას, ის თვითონაც არ განიკითხება ღვთისგან. მაგრამ ვინ ჩამოთვალოს მოკლედ სახარების ყველა მცნება, რომელსაც ცხონების ყველა მსურველი თვალისჩინივით უნდა იცავდეს? სიმდაბლე, რომელიცაა სახარების ყველა მცნების საძირკველი, ისევე აუცილებელია ცხონებისათვის, როგორც სუნთქვა – ადამიანის სიცოცხლისათვის. ყველა წმინდანი სხვადასხვა გზით აღწევდა ცხონებას, მაგრამ სიმდაბლის გარეშე არავინ ცხონებულა და ვერც მომავალში ცხონდება. ამიტომ ცხონების ყველა მსურველი თავის თავს ღვთის წინაშე გულწრფელად უნდა მიიჩნევდეს უკანასკნელ ცოდვილად, ყველა ცოდვას საკუთარ თავს უნდა აბრალებდეს და არა სხვა ვინმეს. ამგვარად, ღვთის შეწევნით, სახარების ყველა მცნების შესრულებისა და ღვთის წინაშე თავის დამდაბლების გზით იგი ღვთის წყალობის, ცოდვათა მიტევებისა და ღვთის მადლის მიღების ღირსი გახდება და, ღვთის წყალობით, ყოვლად სარწმუნოა, რომ სულის ცხონებას მოიპოვებს. ამას გარდა, მართლმადიდებელი ქრისტიანები აუცილებლად გულმოდგინედ უნდა იცავდნენ ყველა საეკლესიო მცნებასაც. სინანულის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა ნამდვილად შეინანოს, დაუტევოს თავისი ცოდვები, მტკიცედ გადაწყვიტოს, რომ ღვთის შეწევნით, აღარასოდეს გაიმეოროს ისინი, მერე კი მოძღვრის წინაშე, როგორც თვით ღვთის წინაშე, აღიაროს ყველა ცოდვა, მიიღოს მისგან ცოდვათა მიტევება და ეპიტიმია, რომელიც ეკლესიის მიერ ამა თუ იმ ცოდვისთვისაა დაწესებული. საღმრთო საიდუმლოთა ზიარებისთვის მომზადების შესახებ კი გეტყვით: აუცილებელია ქრისტეს წმიდა საიდუმლოთა ზიარებას ცოდვების გულწრფელი აღიარებით, მარხვითა და ლმობიერებით მივეახლოთ, ყველას შევურიგდეთ, როგორც ქრისტიანს შეეფერება, ყველა საეკლესიო ლოცვა მოვისმინოთ, არ გვედოს ეპიტიმია, რომელიც ზიარების უფლებას არ მოგვცემს, შიშითა და ძრწოლით, სარწმუნოებითა და სიყვარულით, ერთადერთი ღმერთისათვის შესაფერისი თაყვანისცემით მივაშუროთ ამ საიდუმლოს, რათა ზიარება გვექმნეს ცოდვათა მოსატევებლად და ცხოვრებად საუკუნოდ. ხოლო იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განაგოთ თქვენი სახლისა და ცოლ-შვილის ცხოვრება, ასევე ქრისტიანის ყველა მოვალეობის შესახებ სრულ რჩევა-დარიგებებს ნახავთ წმ. იოანე ოქროპირისა და სხვა წმინდანთა ნაწერებში.

ამგვარად, ღვთის შეწევნით გასრულდა ჩემი პასუხები თქვენს კითხვებზე, რომლებიც თქვენი დაჟინებული თხოვნის, უფრო სწორად, იძულების შედეგად, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ წარმოგიდგინეთ. თქვენ კი, ქრისტესმოყვარენო, ამ კითხვების ავტორნო, შემინდეთ მე ცოდვილს, თუ ჩემი გამოუცდელობის გამო შესაფერისი პასუხები ვერ გაგეცით წმიდა კანონების მიხედვით, რადგან ყველა პასუხისათვის სათანადო კანონს ვერ მივაკვლიე. ყურადღებით წაიკითხეთ ჩემი პასუხები და, თუკი ნახავთ რაიმე ისეთს, რაც წმიდა წერილს და ჭეშმარიტ საეკლესიო გონება შეესაბამება, მისდიეთ მათ; ხოლო თუკი ჩემს პასუხებში მე, როგორც კაცი, რაიმეში შევცდი, თქვენ ნუ გაიზიარებთ ამ შეცდომას, არამედ ყველაფერში ჯანსაღ გონებას და წმიდა კათოლიკე ეკლესიის აზრს მიჰყევით და არასოდეს შესცოდავთ. ღმერთმა სიყვარულისა და მშვიდობისა დაე დაიმკვიდროს ყველა ჩვენგანთან. ამინ.

 

თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა