martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

დიდმოწამე მარინე

ხს. 17 ივლისს (ახ. სტ. 30 ივლისს)

 

წმინდა მარინეს მშობლები წარმართები იყვნენ. მამამისი – ედესი  ქურუმი იყო. მარინე ჯერ კიდევ ჩვილი იყო, დედა რომ გარდაეცვალა. მამამ ობოლი გოგონა ქალაქიდან 15 ვერსის დაშორებით ძიძას მიაბარა. ბავშვი სოფლის მყუდროებაში გაიზარდა, ლამაზი გოგონა დადგა და სულიც მშვენიერი ჰქონდა.

მარინე ქრისტიანთა დევნის დროს ცხოვრობდა.

ერთხელ თორმეტი წლის მარინე ერთ ქრისტიანთან – ღვთის კაცთან საუბარს შეჰყვა. მისგან უფალ იესო ქრისტეს შესახებ შეიტყო და სუფთა გულმა მაშინვე შეიგრძნო ჭეშმარიტი რწმენა: უფალი მთელი გულით შეიყვარა. ამის შემდეგ მარინე საშინელი დევნის პირობებში მაცხოვრის შესახებ უშიშრად ქადაგებდა და მისთვის ვნება, სისხლის დაღვრა სწყუროდა. უნდოდა მონათლულიყო, მაგრამ მღვდელი ვერ იპოვა. მას გაგონილი ჰქონდა, რომ უფლის აღიარებისთვის სიკვდილი ნათლობის ტოლფასია და სისხლით ნათლობა სწყუროდა.

მამამ რომ გაიგო, მისმა შვილმა ქრისტე შეიყვარა, მთელი გულით შეიძულა იგი. როცა მარინეს მიწიერმა მამამ ზურგი აქცია, გოგონა მთლიანად ზეციურ მამას მიენდო და მხოლოდ მასში ეძებდა მხარდაჭერასა და ნუგეშს.

მარინე 15 წლის რომ გახდა, ერთხელ თავისი მამის ცხვრების საცქერად მინდორში გავიდა. გზად ეპარქი (მმართველი), ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი შემოხვდა.

– საიდან ხარ ქალწულო? ვინ არის მამაშენი? რა გქვია? – დაუწყო გამოკითხვა ქალიშვილს. მარინემ მშვიდად უპასუხა, ვისი შვილიც იყო, რა ერქვა, და მოკრძალებულად დასძინა, რომ ქრისტიანი იყო. ეპარქმა გაიგო თუ არა, რომ მას ქრისტე სწამდა, მაშინვე უბრძანა მეომრებს, მისთვის მარინე ქალაქში გაეყოლებინათ. მხევალი ღვთისა მისდევდა ჯარისკაცებს და ლოცულობდა, რომ უფალს ტანჯვაში გაეძლიერებინა. ქალაქს რომ მიაღწიეს, ჯარისკაცებმა ეპარქის ბრძანებით მარინე ვინმე პატივცემულ ქალბატონებს ჩააბარეს.

მმართველი თავდაპირველად სიბრალულით ეპყრობოდა ყმაწვილ ქალს, იმედოვნებდა, რომ ის ქრისტეზე უარს იტყოდა და მას ცოლად გაჰყვებოდა. მეორე დღეს ეპარქმა მარინეს დასაკითხად მიყვანა ბრძანა და ყოველნაირად ცდილობდა მის დაყოლიებას, რომ ღმერთებისთვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ ქრისტეს აღმსარებელი უდრეკი იყო. მაშინ მიხვდა მმართველი, რომ იგი იესო ქრისტეზე უარს არასოდეს იტყოდა, ყმაწვილი ქრისტიანისადმი მისი სიბრალული უცებ გაქრა და საშინელი წამება დაუწყო. მარინეს წკეპლით ისე სცემდნენ, რომ ღრმა ჭრილობებიდან სისხლი ნაკადულებად სდიოდა. ხალხი სიბრალულით უყურებდა მოწამეს და მრავალი ტიროდა.

გამძვინვარებულმა მმართველმა უზარმაზარი ლურსმნებით მისი ბოძზე მიჭედება და რკინის კაუჭებით სხეულის დაფლეთა ბრძანა. სხეულის ნაჭრები მიწაზე ცვიოდა და შიშველი ძვლები ჩანდა. უმოწყალო ეპარქმაც კი თვალებზე ხელები აიფარა და შებრუნდა. ამ საშინელ სისხლიან სანახაობას მანაც ვერ გაუძლო. ამ წამების შემდეგ ბრძანა მარინე ღრმა და ბნელ საპყრობილეში ჩაეგდოთ.

და აი, მიწისქვეშეთში, სადაც მზის ერთი სხივიც კი არ აღწევდა, დიდმოწამე მარტო დარჩა.

– განმიახლე სული, – ლოცულობდა ნატანჯი და წამებისაგან ღონემიხდილი მარინე, – აღადგინე ჩემი დაფლეთილი სხეული!

ბნელი ღამე იყო, ეშმაკი ქრისტეს მოწამის დაშინებას შეუდგა, მიწისქვეშა დარტყმები გაისმა, საპყრობილის კედლები შეზანზარდა და ნისლიანი სინათლე გამოჩნდა ცეცხლის კვამლივით და ამ ბნელ ალში ჯოჯოხეთის გველი წარმოუდგა. მის საშინელ, საზიზღარ სხეულს სხვადასხვა ქვეწარმავალი ეხვეოდა. გველს ხახა ჰქონდა დაღებული, იქიდან სიმყრალე ამოსდიოდა. ხახადაღებული მიიწევდა და მზად იყო გოგონა გადაეყლაპა. უეცრად მარინემ იგრძნო, რომ თავი უკვე ამ აყროლებულ ხახაში ჰქონდა მოქცეული. მთელი ძალები მოიკრიბა, ღმერთს შეჰღაღადა, ჯვარი გამოისახა – და უეცრად გველის შიგნეული მის თვალწინ გასკდა და მარინე გათავისუფლდა. მიწა გაიპო და გველი მთელი თავისი ქვეწარმავლებით ჯურღმულში ჩაიკარგა, დიდმოწამე კი ზეციური ნათლით გაბრწყინდა.

ღვთისადმი – თავისი მხსნელისადმი მადლიერებით სავსე მარინემ ზევით აიხედა. ცაზე მბრწყინავი ოქროს ჯვარი დაინახა. ჯვრის თავზე თოვლივით თეთრი მტრედი იჯდა.

– გიხაროდენ, მარინე, – მტრედო ქრისტესო! შენ ბოროტ მტერს სძლიე, გიხაროდენ და ილხენდი, ასულო ზეციური სიონისაო! შენი ლხენის დღე დადგა: ბრძენ ქალწულებთან ერთად იესო ქრისტეს ზეციურ პალატებში შეხვალ.

ასე მშვენივრად ესაუბრებოდა ზეციური მტრედი ქრისტეს მტრედს.

მარინეს გული გამოუთქმელმა სიხარულმა აავსო და ამ სიხარულში უეცრად იგრძნო, რომ მის თავს სასწაული ხდებოდა. დაფლეთილი სხეული ერთ წამში გაუმრთელდა, ისევ ჯანმრთელი და ლამაზი გახდა. უფლისადმი სიყვარულითა და მადლიერებით აღსავსემ მხურვალე ლოცვა დაიწყო. ღამე შეუმჩნევლად მიილია და გათენდა.

ეპარქმა დიდმოწამე საპყრობილიდან კვლავ გამოიხმო. მარინე, გუშინ სული ძლივს რომ ედგა, მის წინ ლამაზი და ჯანმრთელი წარდგა. მმართველიც და ხალხიც გაოგნებისაგან გაქვავდნენ.

– ჰოი, მარინე! – წამოიძახა ეპარქმა, – როგორ ზრუნავენ შენზე ჩვენი ღმერთები: მადლობა გადაუხადე მათ და მსხვერპლი შესწირე!

– მე ჩემმა უფალმა გამამრთელა, – უპასუხა დიდმოწამემ.

გამძვინვარებულმა ეპარქმა ბრძანა ანთებული სანთლების კონა მოეტანათ და მარინეს იმით შიშველ სხეულს უწვავდნენ. წმინდანი მდუმარედ ითმენდა და სულით ღვთისაკენ იყო მიმართული. მთლად შეიტრუსა, გაშავდა, მაგრამ საშინელ ტკივილს მამაცურად იტანდა.

– უფალო, – ლოცულობდა იგი, – შენ გამატარე ცეცხლში. ახლა ღირს მყავ ნათლობის წყალშიც გავიარო!

მტანჯველმა გაიგონა სიტყვა წმინდა წყლის შესახებ და შესძახა: "სწყურია წყეულს: უნდა დავალევინოთ!" დიდი კოდი მოიტანეს, ჯალათებმა შეკრეს მარინე და პირამდე ავსებულ კოდში ჩააგდეს. უხაროდა წმინდანს; ფიქრობდა, რომ შეისმინა უფალმა მისი ლოცვა. ღრმად სწამდა, რომ ეს წყალი მისთვის ნათლობის მაგიერი იქნებოდა. ის იყო წყალში ჩააგდეს, რომ მიწა იძრა. წმინდანს სხეულზე თოკები დააწყდა. მისი მშვენიერი თავი ზეციური სხივებით გაბრწყინდა და მასზე მზისებრმა მტრედმა ნელა დაიწყო დაშვება, ნისკარტით ოქროს გვირგვინი მოჰქონდა. სამოთხის მაცნე ნელ-ნელა დაეშვა, დიდმოწამის თავს შეეხო და ისევ მაღლა ავიდა. ეს მტრედი ამ დროს ბრბოში მყოფმა ფარულმა ქრისტიანებმა დაინახეს.

მარინე ღრმა წყალში იდგა, მაგრამ არ იძირებოდა, გალობდა, აკურთხებდა ყოვლადწმიდა სამების დიად სახელს: მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. უცებ წმინდანის თავზე ზეცამდე ასული ცეცხლოვანი სვეტი გამოჩნდა. მის თავზე გამჭვირვალე, ბროლივით ჯვარი ბრწყინავდა. მაღლა აფრენილი მტრედი ამ ჯვარზე დაეშვა და გაისმა ხმა, რომელიც ყველამ გაიგონა:

– მშვიდობა შენდა, მარინე! უფლის ხელიდან მიიღე უჭკნობი გვირგვინი და ცათა სასუფეველში განისვენე!

ამ სასწაულებრივი ხმისაგან ხალხი შეძრწუნდა. ყველამ დაინახა წყლიდან ამოსული მარინე, საშინელი დამწვრობებისაგან გამრთელებული და არამიწიერი სილამაზით გაბრწყინებული. მრავალმა მაშინვე იწამა ქრისტე.

– ჩვენც ქრისტიანები ვართ! ჩვენც ქრისტიანები ვართ! მზად ვარ მოვკვდეთ მისთვის! – ისმოდა ბრბოდან.

ეპარქი შეაძრწუნა ამან და გამძვინვარებულმა მეომრებს ახალი ქრისტიანების დახოცვა უბრძანა. ბრბო გაიქცა, მაგრამ ახალი ქრისტიანები, მამაცნი და შეუდრეკელნი, ადგილზე დარჩნენ. იმ დღეს 15 ათასი ქრისტიანი მოკლეს.

მოწამეები საკუთარი სისხლით ინათლებოდნენ და ერთ წამში ცოდვებისაგან იწმინდებოდნენ. მოწამეობრივი სიკვდილით გვირგვინდადგმულნი, იმქვეყნად გავიდნენ, სადაც საუკუნო სიხარული და ნეტარებაა. შემდეგ მარინესაც მიუსაჯეს თავის მოკვეთა.

სასჯელის წინ დიდმოწამე დიდხანს ლოცულობდა ყველასათვის. უცებ მიწა იძრა, ხალხი შეძრწუნდა. შეშინებული ჯალათი მიწაზე დაეცა. თვით უფალი იესო ქრისტე გამოცხადდა ზეციდან თავის მოწამესთან, თავის საუკუნო განსასვენებელში მოუხმო და ხელები გაუწოდა, რათა მიეღო მისი მშვენიერი სული.

აუწერელი სიხარულით აღვსილმა მარინემ ჯალათი წამოაყენა, ევედრებოდა, სწრაფად დაესრულებინა სიკვდილით დასჯა და მახვილს თავი მშვიდად შეუშვირა.

ასე დაასრულა თავისი მოწამეობრივი ღვაწლი წმინდა დიდმოწამე მარინემ.

ამის მოწმე იყო მონა ღვთისა ფეოტიმი; ყველაფერი, რაც ნახა და გაიგონა, ჩაწერა მართალთათვის სასარგებლოდ და ქრისტეს მოწამის, მარინეს პატივად და მოსახსენებლად, და სადიდებლად კაცთმოყვარე მაცხოვრისა ჩვენისა, მასვე მამისა და სულისა წმიდისა თანა პატივი და დიდება აწ და უკუნისამდე, ამინ.

 

თარგმნა ნინო გულიაშვილმა

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა