martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტორნამენტორნამენტ

თავები არქიმანდრიტ ქერუბიმის წიგნიდანღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე“ (ნაწ. 2)

 

სულიერი ბრძოლა

მამა იოაკიმეს, მამა პაისისა და მამა სტეფანეს გარდა, ჩვენს საძმოს განსაკუთრებულ ელფერს აძლევდა მამა გრიგორი – ახალგაზრდა, კურთხეული მონაზონი. იგი წარმოშობით მესენიიდან იყო: მამა იოაკიმეს და ჩემი – ჩვენი საძმოს "პატარას" – სამშობლოდან. ბერი ხშირად მესაუბრებოდა მამა გრიგორის მიღწევებზე, მის ასკეტურ ბრძოლებზე და ამ ბრძოლებში მოპოვებულ გამარჯვებებზე. ეს საუბრები მეტისმეტად მახარებდა, სულიერად განმამტკიცებდა, ცოტა ხანში კი საკუთარი გამოცდილებით ვიგებდი იმას, რაზეც ბერი მესაუბრებოდა. ასაკითაც და სამონაზვნო ხარისხითაც მამა გრიგორი ჩემზე ორი წლით უფროსი იყო. მე მაოცებდა მისი გმირობა: იგი მორჩილების ნამდვილ ეტალონს წარმოადგენდა; შეუპოვრობა, მარხვა, ლოცვა და მორჩილება – ეს მისი სამკაულები იყო. მამა იოაკიმე ხშირად მიმითითებდა მასზე, როგორც მისაბაძ მაგალითზე.

– პატარავ, გინდა, რომ კარგი მონაზონი გახდე? ისეთი, როგორსაც წმინდა მამები აღწერენ? აიღე მაგალითი მამა გრიგორისგან.

დიახ, გაზვიადებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მამა გრიგორი თავისი მარხვით უტოლდებოდა არა მხოლოდ თანამედროვე ასკეტებს, არამედ ძველ დიდ მამებსაც კი. თავს უფლებას არ აძლევდა, დაელია თუნდაც ერთი წვეთი ზედმეტი წყალი; მარხვაში ჭამდა დღეში ერთხელ; ტკბილეულს, მამა იოაკიმეს მიბაძვით, გემოსაც კი არ უსინჯავდა. ასევე, როგორც მამა იოაკიმეს, მასაც მიწაზე დამჯდარს ეძინა – თავისი სენაკის ერთ-ერთ კუთხეში, ტანსაცმლიანად, სკუფიასაც კი არ იხდიდა, ზემოდან პლედები ეხურა.

სამონაზვნო წესების მიხედვით, მონაზონს უნდა ეძინოს კაბაში, ქამარშემორტყმულს, სკუფიითა და წინდებით – როგორც ჯარისკაცს. ჯარისკაცი ხომ ვალდებულია, ყოველთვის მზადყოფნაში იყოს, სანამ საგუშაგოზე წასვლის ბრძანებას მიიღებდეს. ასევე მონაზონი მუდამ მზად უნდა იყოს ლოცვისთვის: დაუძახებენ თუ არა, მაშინვე გადაიძრობს საბანს და ერთი ნახტომით უკვე ფეხზეა.

ლოცვა მამა გრიგორისთვის – ეს გულისა და გონების განუწყვეტელი ღვაწლი იყო. იგი მთელი დღე მდუმარედ ლოცულობდა. ყოველთვის, როცა კი მინდოდა რაიმე მეკითხა მისთვის, ან, ბოლოს და ბოლოს, როგორც ჩემს თანატოლს, განცალკევებით დავლაპარაკებოდი, ის მეუბნებოდა:

– მოდი, ჯობია ვილოცოთ. რა ვიცით, გაგვითენდება თუ არა ხვალინდელი დღე.

მას მუდამ ახსოვდა სიკვდილი.

ხშირად, შუაღამისას, მიუხედავად იმისა, რომ დასვენების დრო იყო, მისი სენაკიდან მოისმოდა "იესოს ლოცვა" ან დაუჯდომლის მუხლები. "რატომ ლოცულობს ხმამაღლა? – ვფიქრობდი მე. – ნუთუ ვერ ხვდება, რომ ძმებს დასვენება უნდათ?" ამ გაურკვევლობიდან ბერმა გამომიყვანა.

– მამა გრიგორი ფხიზელ მდგომარეობაში კი არ ლოცულობს, – მითხრა მან, – არამედ ძილში. მისი გონება მთელი დღის მანძილზე ლოცვის ველ-მინდვრებში დანავარდობს, ამიტომაც ღამით, თუმცა სხეული ისვენებს, გული მეტისმეტი სითბოსგან და სულიერი აღმაფრენისგან კვლავ ფხიზლადაა. იგი ბაგეებსაც აიყოლიებს და ისინიც არაცნობიერად წარმოთქვამენ ლოცვის სიტყვებს.

მაშინ მე, აღფრთოვანებულმა, ნელ-ნელა დავიწყე იმის შემჩნევა, თუ როგორ აღესრულებოდა ჩემს გმირ ძმაზე წმინდა იოანე კიბისაღმწერლის სიტყვები: "თუ სული განუწყვეტლივ და ყოველდღიურად სწავლობს ღმრთის სიტყვას, მაშინ ისინი (სიტყვები) ძილის დროსაც განმსჭვალავენ მას. მეორე წარმოადგენს პირველის საზღაურს". ჩემს თანამოძმეს, ღმრთისადმი მხურვალე სიყვარულით აღნთებულს, შეეძლო ჭეშმარიტად მდაბლად ეღიარებინა: "მე მძინავს ბუნებისათვის ხორცთაჲსა, ხოლო გული ჩემი მღვიძარე არს სიმრავლისა მისთვის სიყუარულისა" (კიბე, თავი 30, XIX).

მძიმე შრომისგან ის ძალიან მოუძლურდა და ადვილად ცივდებოდა, მაგრამ ოდნავაც არ ინდობდა საკუთარ თავს: ასრულებდა ყველაზე დამღლელ სამუშაოებს და მზად იყო გაეღო ყველანაირი მსხვერპლი, თუკი ამას საჭიროება მოითხოვდა. როცა ელაპარაკებოდი, არასოდეს გიყურებდა თვალებში, – მისი მზერა მუდამ მიწისკენ იყო მიქცეული. ისეთ გონივრულ პასუხებს იძლეოდა, თითქოს ხანდაზმული მონაზონი ყოფილიყოს, ერთ ზედმეტ სიტყვასაც კი არ იტყოდა. ცდილობდა ყველაფერში მამა იოაკიმესთვის მიებაძა. ხშირად მეუბნებოდა:

– რომ იცოდე, რა ძვირფასი განძი გვყავს კალივაში, – მამა იოაკიმეს გულისხმობდა, – სულ მის გვერდით მოგინდებოდა ყოფნა.

და მართლაც, მთელი დღის განმავლობაში ის ერთი ნაბიჯითაც არ შორდებოდა მამა იოაკიმეს, სულ მასთან იყო, ბერის კურთხევით. მამა გრიგორი იყო ერთ-ერთი საუკეთესო მორჩილი ჩვენს სკიტში. მის გვერდით იდგნენ: მამა გიორგი და მამა იოანიკე. ეს სამნი პირველები მიაბიჯებდნენ სკიტის სულიერი ცხოვრების გზაზე.

* * *

გავიდა რამდენიმე ხანი და ერთ დღეს, სადილის შემდეგ, ბერმა კირიაკონში წამიყვანა. სკიტის დიკეოსი იმ დროს იყო მღვდელ-მონაზონი ხარლამპი – სიტყვაძუნწი, სერიოზული ადამიანი. იგი წმინდა მოდესტის კალივის საძმოს ეკუთვნოდა. ეს კალივა კირიაკონის უკან მდებარეობს. საძმოში შედიოდა ოთხი მღვდელ-მონაზონი და ერთი იეროდიაკონი. ძმები პერანგებსა და შალის სკუფიებს კერავდნენ.

– წმინდაო დიკეოსო, – მიმართა ბერმა მამა ხარლამპის, – აი, ჩემი მორჩილი მოგიყვანე და გთხოვ, რომ სიაში შეიტანო.

იმ დროისათვის ჩვენს სკიტში დაახლოებით ას ოცდაათი მონაზონი ცხოვრობდა. მე ვემთხვიე წმინდა ანას სასწაულმოქმედ ხატს, შემდეგ კი მეტანია გავუკეთე დიკეოსს, რომელიც მთელი სკიტის წარმომადგენლად ითვლებოდა. საოცარ სიხარულსა და მღელვარებას განვიცდიდი: ჩემი სახელი ხომ სკიტის სიაში უნდა შესულიყო, წმინდა კატალოგში, ეს კატალოგი კი გამოიარა მრავალმა ცნობილმა თუ უცნობმა წმინდანმა, რომელთა სახელებიც "ცხოვრების წიგნშია" ჩაწერილი.

ახლა მე უკვე ოფიციალური მორჩილი ვარ, ახალწვეული მხედარი ქრისტესი. აღთქმის დადება კი, ჩემი საბოლოო და მუდმივი ჩარიცხვა – ეს დიდებული და წმინდა საქმე – უნდა აღსრულდეს შემდეგში, მონაზვნად აღკვეცის დროს.

ამიერიდან მე უფრო დაკვირვებით და მოფიქრებულად უნდა ვუთხრა ბერს მთელი დღის აღსარება, აზრები და ბრძოლები, და მისგან რჩევა-დარიგება მივიღო. მისმა გამოცდილებამ უნდა შემმატოს გამოცდილება, მისმა ძალამ – ძალა, მისმა განათლებამ – განათლება. ჩემი გულისა და გონების არც ერთი მოძრაობა არ უნდა იყოს მისთვის დაფარული. ამ შემთხვევაში ის შეძლებს მართოს ჩემი სულის საჭე – როგორც კაპიტანმა, რომელიც კარგად იცნობს გემის მოწყობილობას და იცის, რა ამინდი ელოდება მოგზაურობის დროს.

ერთ დილას ვხედავ, მამა იოაკიმეს რაღაც ტომარა უჭირავს და ხან ერთი მხრიდან ათვალიერებს, ხან მეორე მხრიდან. შემდეგ იღებს მაკრატელს და აჭრის ქვემოთ ორ კუთხეს; კეცავს ტომარას სიგრძეზე და ჭრის კუთხეს გადანაკეც ადგილზე. ამის შემდეგ კი მეძახის და მეუბნება:

– აბა მოდი, შენც ხომ უნდა გაიარო ის გზა, რომელიც ყველამ გავიარეთ. ჩვენი კალივის ყველა ახალმოსული ძმა პირველი ექვსი თვე ამ "კოსტიუმს" ატარებდა, მარტო ეკლესიაში გადაიცვამდნენ ხოლმე ზემოდან ანაფორას.

მე, ცოტა არ იყოს, დავიბენი. ყველაფერს ველოდი, ასეთი სამოსით შემოსვას კი – არა. მაგრამ მამა იოაკიმეს სიტყვა ჩვენთვის კანონი იყო: "ითქვა – უნდა გაკეთდეს".

– მაკურთხეთ, – ვუთხარი და მაშინვე გადავიცვი ტომარა.

მამა იოაკიმემ ხელი ჩამჭიდა და ბერთან შემიყვანა. ჩემს დანახვაზე ბერს გაეღიმა.

– ეს რა გიყვეს?

ე, მამაო, – უთხრა მამა იოაკიმემ, – ეს იმისთვის, რომ ესეც არ მოჰკლებოდა ტომრის პატივს. ჩვენ ხომ თავის დროზე ყველას გვხვდა წილად ეს პატივი.

– მოხარული ვარ, ძალიან მოხარული, – ამბობდა ბერი და თან კმაყოფილად იღიმებოდა. – დაე, ეს სამოსი დაგეხმაროს იმაში, რომ გახდე ღირსეული მონაზონი, თავისუფალი პატივმოყვარეობისა და ურჩობისაგან. აბა შენ იცი, ჩემო კარგო!

კურთხევა ავიღე ბერისგან და წამოვედი; თან გულში ფარული სიხარულის განცდა მქონდა იმის გამო, რომ შესაძლებლობა მეძლეოდა, ჩვენი კალივის ძმების ხვედრი გამეზიარებინა. ის ტომარა ხუთ თვეზე მეტხანს მეცვა – კალივაშიც და კალივის გარეთაც, მხოლოდ ღვთისმსახურების დროს გადავიცვამდი ხოლმე ზემოდან ანაფორას.

ჩვენს კალივაში მორჩილს ასეთი კანონი ჰქონდა: ექვსი სკვნილი და სამოცი მუხლმოდრეკა. მისი დარღვევა არანაირი მიზეზით არ იყო გამართლებული.

"მონაზონი, რომელიც არ ასრულებს თავის კანონს, არ ესწრება საერთო საღვთისმსახურო ლოცვებს და საკუთარ თავს ხორცის ჭამის უფლებას აძლევს, ვერასოდეს დადგება მტკიცედ და ვერ მიაღწევს ვერავითარ წარმატებას. მიაჩვიე შენი თავი, რომ რასაც დაგავალებენ, ყველაფერი გულმოდგინედ, პატიოსნად და თანამიმდევრულად შეასრულო. ყოველი სიტყვა და ყოველი საქმე გაზომე მონაზვნის საზომით: ისაუბრე, როგორც მონაზონმა; იხედე, როგორც მონაზონმა; იჯექი, როგორც მონაზონი; იარე, როგორც მონაზონმა; ჭამე, როგორც მონაზონმა; იძინე, როგორც მონაზონმა; იფიქრე, როგორც მონაზონმა; ილოცე, როგორც მონაზონმა".

ხშირად მიმეორებდა ამ ფრაზებს პირველ ხანებში ჩემი მასწავლებელი – მამა იოაკიმე, სანამ ისინი საბოლოოდ არ განმტკიცდნენ ჩემში.

* * *

1938 წლის 20 ოქტომბერს, დიდმოწამე არტემის ხსენების დღეს, ჩვენ, ყველანი, მთელი საძმო, წავედით წმინდა არტემის სახელობის კალივის დღესასწაულზე. მე პირველად მივდიოდი დღესასწაულზე, როგორც მორჩილი. არასოდეს დამავიწყდება იქაური გარემო. კალივის მამებმა – ბერმა და მისმა მოწაფემ – ყველაფერი მოამზადეს დღესასწაულისთვის. ტაძარი საზეიმოდ იყო მორთული. იატაკზე ვაზის ფოთლები ეფინა.

საღამოს, ვახშმის დროს, ფიცრებისგან ნაუცბადევად შემზადებულ მაგიდაზე დაგვიდეს კალმარები – რითაც, ჩვეულებრივ, სკიტელები ტაძრის დღესასწაულზე უმასპინძლდებიან ხოლმე მომსვლელებს. სუფრის გარშემო ისხდნენ მამები. მათს ფერმიხდილ სახეებს ნავთის ლამპის მკრთალი შუქი ანათებდა. ყველაფერი იყო ბუნებრივი, ძალდაუტანებელი; ყველაფერი ლმობიერებას აღძრავდა ჩემში და მახსენებდა იმას, რაც ძველი დროის მონაზვნებზე მქონდა წიგნებში წაკითხული. ჩემს აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა: ნუთუ მეც ამ კურთხეულ საკრებულოს ვეკუთვნი? კი. ეს უკვე აღარ არის ყმაწვილური ოცნება, ეს აღარ არის მრავალი წლის აუსრულებელი ნატვრა, ეს რეალობაა.

პროტოფსალტები იყვნენ ძმები იოანე და ამბერკი – ბერ აზარიას მორჩილები. მწირველი მღვდელი, ერთმანეთის მონაცვლე მგალობლები, კანანარხი, მკითხველი, ეკლესიარხი, წმინდანისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ჰიმნები, მთაწმინდის უცვლელი, მრავალსაუკუნოვანი ბიზანტიური ტიპიკონი – ყველაფერი ეს ერთ ჰარმონიულ მთლიანობას წარმოადგენდა.

ლიტურგიაზე ბევრი მამა ეზიარა. ზიარებამდე თითოეული მათგანი ჯერ კანკელის ხატებს ემთხვეოდა, შემდეგ კი, ხალხისკენ მობრუნებული, მეტანიას აკეთებდა მარჯვნივ და მარცხნივ და ითხოვდა შენდობას.

წირვას მოჰყვა საერთო ტრაპეზი და ამით დასრულდა სადღესასწაულო შეკრება.

მამები თავიანთი ისიხასტირიონებისკენ გაემართნენ.

ისინი მთელი ღამის მანძილზე ფსალმუნებს უგალობდნენ ღმერთსა და მის წმინდანს, და ახლა შინ ბრუნდებოდნენ ზურგზე მოკიდებული მახალაკებით. გული სიხარულით ჰქონდათ სავსე. ბრუნდებოდნენ თავიანთ კალივებში, რათა განახლებული ძალებით გაეგრძელებინათ ბრძოლა დემონის წინააღმდეგ.

* * *

ჩემი პირველი ზამთარი მთაწმინდაზე წვიმიანი, თოვლიანი და ქარბუქიანი იყო, ამიტომაც განუწყვეტლივ გვენთო ღუმელი. შეშის ჩეხვის მორჩილება მე დამევალა. შეშას ამზადებდნენ სადღაც შორს და აწყობდნენ ჩვენი კალივის გარეთ. მამა იოაკიმემ, რომელსაც ყველა სხვა სიკეთესთან ერთად პრაქტიკული ალღოც ჰქონდა, შეშის შემოზიდვის იოლი გზა გამოგვინახა.

– როცა აქეთკენ მოგიწევთ გამოვლა, – გვითხრა მან, – ცარიელი ხელებით ნუ შემოხვალთ კალივაში, თითო ნაპობი შეშა ყველამ წამოიღეთ.

მიუხედავად ზამთრის ასეთი სიმკაცრისა, ჩვენი დღის განრიგი უცვლელი რჩებოდა. ბიზანტიური დროით ექვს საათზე, ანუ ღამის თორმეტ საათზე საერო დროით, ერთ-ერთი ძმა აკაკუნებდა ყველა სენაკის კარზე: "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა..." – ეს იყო გაღვიძების სიგნალი. ჩვენ კი, სულიერი საგუშაგოს – ლოცვის საგუშაგოს მეომრები, მაშინვე გადავიძრობდით საბანს და ვდგებოდით. ღამე სამონაზვნო შესამოსელში გვეძინა – როგორც ჯარისკაცებს, რომლებიც საგუშაგოზე გასვლის თავიანთ რიგს მოელიან. ადგომისთანავე ხელში სკვნილს ავიღებდით და ვიწყებდით სენაკის კანონის შესრულებას. ეს გრძელდებოდა დაახლოებით ერთ საათს. "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ" – ასე იწყებოდა ყველაზე ტკბილი და ყველაზე ძლიერი ლოცვა, რაც კი ამქვეყანაზე არსებობს. იესოს ლოცვის შემდეგ ვასრულებდით ღვთისმშობლის კანონს: "ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ".

შუაღამე ჩვენც, როგორც მთაწმინდის ყველა მონასტრის მამებს, გულითა და გონებით ღმერთთან აღტაცებულებს გვისწრებდა.

ახალდამწყებმა, ძილი რომ დასძლიოს, განსაკუთრებულად უნდა იბრძოლოს. ეს არის მისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბრძოლა. თავდაპირველად მთელი დღის მძიმე შრომისაგან დაქანცული სხეული ძნელად ნებდება სულის მოთხოვნილებას, მაგრამ სულ მალე მისი საუკეთესო მორჩილი ხდება, – და ეს თვით ზამთრის გაუსაძლის ღამეებშიც კი, როცა სენაკშიც და სენაკის გარეთაც ყველაფერი გაყინულია, და როცა სახლის სახურავებიდან კრისტალური მახვილებივით ეშვებიან "სტალაქტიდები".

რაც შეეხება ჩემი ლოცვის ხარისხს, მახსოვს, ამ საქმეში ძალიან მცირე წარმატებებს ვაღწევდი.

– მე ვერ ვგრძნობ ღმერთს საკუთარ თავში, – შევჩიოდი ბერს.

– ჯერ ადრეა, შვილო, მამშვიდებდა იგი, – გავა დრო და ალბათ წლებიც, ვიდრე ღმერთი შენც გამოგიგზავნიდეს მცირედ ნუგეშსა და სიხარულს. ჩვენთვის ხომ ცნობილია, რომ რჩეული ადამიანებიც კი მრავალი ბრძოლითა და ცრემლით ითხოვდნენ ღმრთისაგან ამ ნუგეშს, ამ ღვთაებრივ მოხილვას, ეძებდნენ მას მგზნებარე სურვილით, სულთქმითა და გოდებით, როგორც სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი წერს თავის ჰიმნში:

"როდესაც შენ მეცხადები, ყოველთა მეუფეო,

და ვუმზერ შენს დიდებულ სახეს,

მე მიპყრობს შიში: შიში შენი სიდიადისა.

გხედავ შენ, მეუფეს სპეტაკს და უმწიკვლოს,

რომელსა გუნდნი ანგელოზთანი

მსახურებენ კრძალვით და მოშიშებით.

როდესაც ვიტყვი ამ ყოველივეს და თვალს დავხუჭავ,

ანუ მივაქცევ ჩემს გონებას დედამიწისკენ, –

ვინაჲთგან არ შემწევს ძალა,

ვუმზერდე შენს ცეცხლებრივ სახეს,

რომელიც არ მწვავს, ფერფლად არ მაქცევს, –

მაშინ ვგოდებ და ვტირ, ღმერთო, ღმერთო ჩემო,

შენს სიმშვენიერეს მოკლებული,

არ ძალმიძს უხმოდ დავითმინო შენთან განშორება,

მხოლოო მრავალმოწყალეო...

როდესაც ამას ყველაფერს გეტყვი ქვეყნის შემოქმედს,

მომხილველს ჩემსას მაღლით თვისით და დამტევებელს,

და შემდგომ კვლავაც მომცველს ჩემსას ელვარე ნათლით,

მაშინ ვჭვრეტ ჩემში შენს ხატებას,

განცხადებულს მთელი თვისი დიდებულებით,

მომხილველს ჩემსას მაღლით თვისით,

მაგრამ კვლავ ღრუბლებს მიფარებულს,

როგორც მზე, სრულად დამფარველი თვისის სხივების..."

ცისკრის ზარი რომ დარეკავდა, პატარა ტაძარში ვიკრიბებოდით და ერთად აღვუვლენდით ღმერთს სამადლობელ და სადიდებელ ჰიმნებს: "ცხედრისაგან და ძილისა აღმადგინე მე, უფალო, გონებაჲ და გული ჩემი განანათლენ და ბაგენი ჩემნი აღახუენ გალობად შენდა, წმიდაო სამებაო: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო..."

"ნეტარ არიანს" მოსდევდა რამდენიმე ლოცვა და ამით მთავრდებოდა შუაღამიანი. შემდეგ იწყებოდა ცისკარი. ექვსფსალმუნებას, ჩვეულებრივ, ბერი კითხულობდა, მისი არყოფნის დროს კი – მამა იოაკიმე. ამ დროს ყველაფერი ჩამქრალი იყო, მხოლოდ კანკელის ხატებთან ანათებდნენ მკრთალად კანდელები. ასეთ ატმოსფეროში, სრულ სიჩუმეში, ჩვენი სული უჩვეულო ტკბობას განიცდიდა. ცისკარს მთაწმინდის სრული ტიპიკონით ვატარებდით. "აქებდითისა" და "დიდება მაღალიანის" შემდეგ ვკითხულობდით ჟამნებს, ბოლოს კი – კანონს ღვთისმშობლის დაუჯდომელით.

კანონს რომ დავასრულებდით, თუ რაიმე მიზეზის გამო საღმრთო ძღვენი არ გვქონდა, ანტიდორსა და ნაკურთხ წყალს მივიღებდით, ბერს ხელზე ვემთხვეოდით და ამგვარად განახლებულები ვეგებებოდით დილას. ისე კი, ჩვეულებრივ, ყოველდღე ვეზიარებოდით, – თუმცა, რა თქმა უნდა, საღმრთო ლიტურგია არ ტარდებოდა, რადგანაც უკეთილკრძალულესი მამა იოაკიმე, თავისივე სურვილით, სამღვდელო ხარისხისგან გათავისუფლებული იყო. ასე იქცევა მთაწმინდის მრავალი კეთილკრძალული მღვდელ-მონაზონი: რამდენიმე წელიწადს რომ იმსახურებენ ხარისხში და ღრმად გააცნობიერებენ მღვდლობის სიმძიმეს, გადაწყვეტენ მიატოვონ ეს უმაღლესი მსახურება და თავიანთი ცხოვრების დარჩენილი დრო უბრალო მონაზვნებად ემსახურონ ღმერთს. მათ სწამთ, რომ ამ მსხვერპლის შეწირვით საკუთარ სინდისს ზედმეტი ტვირთისგან გაათავისუფლებენ და თავს მთლიანად მიუძღვნიან გულისა და გონების განწმენდას.

ამიტომაც, ცისკარს რომ დავამთავრებდით, მამა იოაკიმე, უბრალოდ, ოლარს გადაიცვამდა და გვაზიარებდა. ამგვარად, ჩვენი ყოველი დღე იყო "სრული" და გადიოდა ბრძოლაში. როგორ შეგვეძლო უარი გვეთქვა ქრისტეს მიღებაზე? ამავე დროს კი, როგორღა შეგვეძლო ცოდვებით დაგვემძიმებინა ის დღე, რომელიც საღმრთო საიდუმლოს მეშვეობით იყო განწმენდილი?

ბერი და მამა იოაკიმე განუწყვეტლივ აკვირდებოდნენ ჩვენს სულიერ მდგომარეობას, ეს იყო მათი მუდმივი ზრუნვის საგანი. რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მაოცებდა მამა იოაკიმეს მოღვაწეობა, ბერის ცხოვრების სიმკაცრე და ძმების სიმამაცე.

ყოველ შაბათ საღამოს ჩვენს კალივაში ტარდებოდა ღამისთევის ლოცვა. ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს ამოიშლება ეს პატარა ღამისთევები. მარჯვენა კლიროსზე ბერი გალობდა, მარცხენაზე – მამა იოაკიმე, ჩვენ კი, ყველანი, ვეხმარებოდით. მე ვგალობდი მეორე "პოლიელეოსს" და "გამოკრებულ ფსალმუნებს" მამა გრიგორისთან ერთად. კვირა დილით სხვა კალივაში მივდიოდით, სადაც მღვდელი წირავდა. თუმცა ჩვენთანაც ხშირად მოდიოდა ჩვენი მოძღვარი – მამა ქრისტეფორე – "საშინელი" კარულიდან. ყოველთვის, როცა კი ის მოვიდოდა, ჩვენ ვატარებდით ღამისთევას და შემდეგ მივაბამდით წირვას. წირვაზე ყველას გვეძლეოდა ღვთაებრივი მარგალიტი – პური ცხოვრებისა. ჩვენი მოძღვარი საერთოდ მკაცრი მოღვაწე იყო: ძალიან ცოტა ეძინა და ცოტას ჭამდა. სასტიკად, დაუნდობლად ექცეოდა საკუთარ თავს. მოვიყვან ერთ სახასიათო მაგალითს.

ერთ-ერთ ღამისთევაზე, ცისკრის ლოცვის შემდეგ, ლიტურგიის დაწყების წინ, მომესმა ძალიან მაგარი სილის გაწვნის ხმა, რამაც სრულიად ამიბნია თავგზა. აღელვებულმა მიმოვიხედე აქეთ-იქით, თუმცა სხვა ძმებს ოდნავი მღელვარებაც კი არ დატყობიათ, – ისე აგრძელებდნენ ლოცვას, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ბერმა შეამჩნია ჩემი აფორიაქება და მანიშნა, დამშვიდდიო. შუა წირვის დროს ისევ მომესმა სილის გაწვნის ხმა. "უცნაურია, – ვამბობდი გულში, – ეს რა ხმები ისმის..."

წირვის შემდეგ ბერს ვთხოვე აეხსნა ჩემთვის, რას მოასწავებდა ეს დარტყმები, ან ვინ იყო ამაში დამნაშავე. ბერმა მშვიდად მიპასუხა:

– მოძღვარი ღვთისმსახურების დროს, იგრძნობს თუ არა, რომ ძილი ერევა, თავის თავს სცემს სახეში. ის ყველანაირად ცდილობს, მისი ღმრთისადმი მსახურება სრულყოფილი იყოს, სულისა და სხეულის ყველა ძალა ჩართოს ამ მსახურებაში, გესმის? ამ პრინციპიდან სულ მცირე გადახრასაც კი არ პატიობს საკუთარ თავს. ამიტომაც მიმართავს ასეთ მტკივნეულ, მაგრამ შედეგიან საშუალებას.

თუმცა, მიუხედავად საკუთარი თავისადმი ასეთი სიმკაცრისა, ის სხვების მიმართ უსაზღვრო სიყვარულით იყო გამსჭვალული – გულწრფელი, მდაბალი, მოკრძალებული, სანიმუშო სიყვარულით. ყველას, ვინც არ უნდა შეხვედროდა – მონაზონი თუ ერისკაცი, ხანშიშესული თუ ახალგაზრდა – მისალმების ნაცვლად დიდ მეტანიას უკეთებდა. ეს ჩემზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა: მის სიმდაბლეს არ ჰქონდა საზღვარი.

ერთხელ, როცა მოძღვართან ერთად ჩვენი კალივის ეზოში ვისხედით, კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. გლახაკი იყო, დახმარებას ითხოვდა ჩვენგან. დაინახა თუ არა იგი მოძღვარმა, მაშინვე მისკენ გაექანა და დიდი მეტანია გაუკეთა. რა უცნაურად მომეჩვენა ეს! გლახაკი რომ წავიდა, ბერისგან ლოცვა-კურთხევა ავიღე და მოძღვარს ვკითხე, რატომ მოიქცა ასე, რამ აღძრა მასში ეს სურვილი. იგი პასუხის გასაცემად მოემზადა, მაგრამ უცბად ტირილი წასკდა და მხოლოდ ესღა აღმოთქვა:

– შვილო, ის უფლის ძმაა...

ასეთი მოძღვრის გვერდით ყოფნა ღმრთის უდიდესი წყალობა იყო ჩვენთვის. მას შეგროვილი და ამოწერილი ჰქონდა უამრავი ნაწყვეტი წმიდა მამების თხზულებებიდან. ხშირად ყველას ერთად შეგვკრებდა ხოლმე და თავის მრავალწიან შრომას გვიკითხავდა. და ჩვენ ვეწაფებოდით "ცხოველ წყალს", რომელიც გამოედინებოდა წმინდა მამათა აზრებისა და გამოცდილებებისაგან.

* * *

კარგა ხნის გასვლის შემდეგ ბერმა გადაწყვიტა, რომ უკვე დადგა ჟამი ჩემი მონაზვნად აღკვეცისა და ამ დიდებული საქმისთვის მზადებას შეუდგა. მაგრამ იმ დროს აღკვეცა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ჩვენი სკიტი დიდ ლავრას ეკუთვნოდა. ადრე, ჩემს მოსვლამდე, სკიტელებს ლავრის ნებართვის გარეშეც შეეძლოთ ძმების აღკვეცა, მაგრამ სწორედ ჩემი მოსვლის პერიოდში ლავრამ წმინდა ანას სკიტს ეს პრივილეგია ჩამოართვა. "აგიოანიტელები" (წმინდა ანას სკიტის ძმები) თავდაპირველად უარს ამბობდნენ ლავრის ამ გადაწყვეტილების მიღებაზე, მათი უარი კი ჩემს აღკვეცას აფერხებდა. მაშინ ბერმა დახმარება სთხოვა აწ განსვენებულ მონაზონ ანტონი მუსტაკასს, რომელიც მოურიგდა კიდეც მონასტერს და ჩემი აღკვეცაც გადაწყდა.

ამგვარად, მე აღვიკვეცე 1940 წლის 14 ოქტომბერს ღირსი ათანასეს ერიმიტირიონში.[1] ჩემს აღკვეცას ჩვენი კალივის ყველა ძმა დაესწრო. ეს იყო ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენა – გადასვლა მორჩილის წოდებიდან სქემმონაზვნის წოდებაში. მაგრამ მე ვერ განვიცდიდი სრულ ბედნიერებას, რადგანაც, სკიტსა და ლავრას შორის არსებული უთანხმოების გამო, საშუალება არ მომეცა აღვკვეცილიყავი ჩემს საყვარელ კალივაში.

 

[2] ერიმიტირიონი სენაკები და მღვიმეები, რომლებშიც მოღვაწეობენ მონაზვნები და რომლებიც მდებარეობენ უდაბნოში. აქედან მოდის სახელწოდებაც: "ერიმოს" ბერძნულად ნიშნავს უდაბნოს.

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა