martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტორნამენტორნამენტ

თავები არქიმანდრიტ ქერუბიმის წიგნიდანღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე“ (ნაწ. 1)

 

ეპიზოდები ჩვენი კალივის ცხოვრებიდან

ტვირთის საზიდად ჩვენ არ გვყავდა კალივაში არანაირი პირუტყვი, მაგრამ სამაგიეროდ გვყავდა "შეკაზმული სიყვარული", რომელსაც ერქვა მამა სტეფანე! იგი უზარმაზარი ტომრით მოუყვებოდა ხოლმე გზას ნავმისადგომიდან სკიტისკენ, თან ხმამაღლა ამბობდა იესოს ლოცვას. სკიტის მამები ხვდებოდნენ, რომ ეს მამა სტეფანე მოდიოდა, რადგანაც შორიდანვე მოესმოდათ კარგად ნაცნობი ხმა: "უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე". ხშირად, როცა ვინმე რაიმე თემაზე ესაუბრებოდა, ის გულუბრყვილოდ ჩაურთავდა თავის ლოცვას და სრულებით არ წუხდა იმაზე, რომ თანამოსაუბრეს უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა.

ერთხელ მე მას აღფრთოვანებულმა ვთხოვე, რაიმე სულის სასარგებლო რჩევა მოეცა ჩემთვის.

– მთავარი ის არის, მამა გიორგი (თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი მონაზონი), რომ სასუფეველი არ დავკარგოთ, ყველაფერი დანარჩენი კი მეორეხარისხოვანია; – და მაშინვე გააგრძელა: – უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე...

თავისი ხასიათით ის უხეში იყო, საქციელით კი – გულუბრყვილო, პირდაპირი და გაუღიმარი. "მკაცრი მონაზონი", – იტყოდა მასზე ის, ვისაც ჯერ კიდევ კარგად ვერ მოესწრო მისი გაცნობა. და, მიუხედავად ამისა, იგი იყო არაჩვეულებრივად მგრძნობიარე, სათუთი და მოსიყვარულე. მთაწმინდაზე ხასიათები ნელ-ნელა უბრალოვდებიან, ერთმანეთთან თანაბრდებიან, თავისუფლდებიან ყოველგვარი მოჩვენებითობისაგან, ერული განაზებულობისაგან და მსახიობური თავაზიანობისაგან, და, სიწრფელის ემბაზში განბანილნი, შეიმოსებიან არათვალთმაქცური, უანგარო სიყვარულით, რომლის ძებნითაც ერში ტყუილად დაიხარჯებით.

მე არასოდეს დამავიწყდება მამა სტეფანეს სიყვარული და თავის უარყოფა. ის ყოველთვის ცდილობდა, ჩაეცვა ყველაზე უვარგისი ტანსაცმელი მთელს საძმოში, შეესრულებინა ყველაზე მძიმე მორჩილება და ეჭამა ყველაზე უხეირო საჭმელი. პატარა ჯამში მოათავსებდა წინა დღის მორჩენილ საჭმელებს, დაასხამდა ცოტა წყალს და უხმოდ ჭამდა. ხშირად მას გულს უწუხებდა მამა პაისი, ჩვენი კალივის "ანცი ბავშვი":

– ეი, მამა სტეფანე, აი ახლა შენ მიირთმევ მაგ ბალანდას. მაგრამ გახსოვს კი, რა საუცხოო სადილებს შევექცეოდით ამერიკაში? რა მეფურ განცხრომაში ვიყავით?

მამა სტეფანე დამყოლად, თითქმის უაზროდ უქნევს თავს, თან კი ისეთი კმაყოფილებით ასუფთავებს თავის ასკეტურ ჯამს, თითქოს მდიდრულ სადილს მიირთმევდეს! კალივა მისთვის იყო ზეციური სასახლე, რომელიც ამერიკის ცათამბრჯენებს აღემატებოდა, კალივაში დამზადებული საჭმელი კი ყველაზე გემრიელი იყო მთელს მსოფლიოში. ასეთი სულიერი განწყობა ჰქონდა მას, ასე აღიქვამდა ყველაფერს.

როცა მამა სტეფანე დაფნიში მიდიოდა – მთაწმინდის პორტში – ჩვეულება ჰქონდა, ჩემთვის რაიმე საჩუქარი მოეტანა, რადგანაც ჩვენს კალივაში მე ისე ვიყავი, როგორც ბენიამინი ძმებს შორის. ვერც კი ვიგებდი, როდის მოდიოდა: დატოვებდა საჩუქარს სენაკში და უკან გაბრუნდებოდა. ფიქრობდა, რომ ამით ჩემს ბრძოლებს შეამსუბუქებდა და მონაზვნურ ცხოვრებასთან შეგუებაში დამეხმარებოდა.

მამა სტეფანეს ჩემთვის მოჰქონდა აგრეთვე დედაჩემის, ჩემი ნათესავებისა და ნაცნობების ამანათები. იმ დროს რეისით "პირეა თესალონიკი კავალა" – დადიოდა გემი "კერკირა", რომლის ბოცმანი იყო ბატონი სპირიდონ დურაცინოსი, ჩემი ოჯახის ნაცნობი. სხვათა შორის, მისი და – იღუმენია სვინკლიტიკია, წმინდა ქრისტეფორეს ისიხასტირიონს წინამძღვრობდა კუნძულ ეგინაზე. ყოველთვის, როცა გემი დაფნის ნავმისადგომში შემოვიდოდა, ბატონი სპირიდონი ტოვებდა რაღაც საჩუქარს ჩემი ოჯახისგან. ეს იყო ძირითადად გამომცხვარი ტკბილეული: ბაკლავა ან კატაიფი, – რადგანაც ისინი საერთოდ დიდხანს ინახება. როდესაც ამანათი ჩვენს კალივაში მოვიდოდა, ბერი თითო ნაჭერ ტკბილეულს დაგვირიგებდა, დანარჩენს კი მამა სტეფანეს ხელით სკიტის მამებსა და მარტომყოფ ბერებს უგზავნიდა. უკან დაბრუნებული მამა სტეფანე გვიყვებოდა, თუ რა სიხარულით იღებდნენ ბერები ამ უჩვეულო საჩუქარს. სად ნახავენ და, მით უფრო, სად გასინჯავენ ასეთ ტკბილეულს ისინი, ვისაც მთაწმინდაზე მოსვლის შემდეგ ერისკენ აღარც კი გაუხედავს!

ერთხელ მამა სტეფანე კარულის უდაბნოშიც წავიდა, – კურთხევა ჰქონდა, ასკეტებისთვისაც მიერთმია დედაჩემის ნობათი. მაგრამ უკან ჩაფიქრებული და გაოცებული დაბრუნდა: ასკეტებმა არ მიიღეს მისი ძღვენი; თითქმის ყველა ეუბნებოდა, რომ ეს კარულისთვის შეუფერებელი საკვებია. ერთ-ერთმა შემჩნევაც კი მისცა იმის გამო, რომ მან გაბედა ასკეტებისთვის ასეთი ძღვენი მიერთმია. ჩვენ ყველანი განცვიფრებულები დავრჩით. ღმერთს მადლობას ვწირავდით, რომ ჩვენს დროშიც არსებობენ მეუდაბნოე მონაზვნები, რომლებიც ამ დონეზე უარყოფენ საკუთარ თავს.

ერთხელ მამა სტეფანე დაფნიში წავიდა რაღაცის საყიდლად, მაგრამ იმის ნაცვლად, რაც დააბარეს, სხვა რამე იყიდა. როცა ბერმა ეს შეცდომა აღმოაჩინა, დაუძახა მას და მკაცრად გაკიცხა. მამა სტეფანე იდგა უძრავად, მდუმარედ, თავდახრილი; ბოლოს კი ბერის წინ დაემხო და შენდობა სთხოვა.

– მაკურთხე, მაკურთხე, მაკურთხე, – იმეორებდა თავისი რკინისებური ხმით: თითქოს საკუთარ ჯიუტ ხასიათს ურტყამდა. მამა სტეფანეს სინანულმა გული მოულბო ბერს. მას საერთოდ ძალიან სწყინდა, როცა ჩვენი მხრიდან თუნდაც სულ უმნიშვნელო დარღვევას დაინახავდა. მაგრამ თუკი შეცდომას ვაღიარებდით, მისი ჩვენდამი დამოკიდებულება სრულიად იცვლებოდა: იგი არა მხოლოდ გვპატიობდა, არამედ უფრო და უფრო მეტი სიყვარულით გვექცეოდა.

ჩვენი სკიტის სანაპიროზე სამოცი წლის კოჭლი მეთევზე – ძია იანისი ცხოვრობდა. იგი წარმოშობით მიტილინიდან იყო; სამონაზვნო სკუფიას ატარებდა, ჰქონდა გრძელი თმები და წვერები და ემსახურებოდა მამებს.

ერთხელ ძია იანისმა რამდენიმე ოკა[1] თევზი მოგვიტანა. ბერმა მადლობა გადაუხადა და გვაკურთხა, რომ რომელიმე ჩვენგანს თევზი კალივის გარეთ გაეწმინდა, რათა ქერცლი წყალსადენში არ გაჭედილიყო. მე, როგორც ყველაზე უმცროსმა, მაშინვე გამოვთქვი მზადყოფნა, თუმცა არ გამხსენებია, რომ ძალიან ციოდა, გარშემო ყველაფერი გაყინული იყო, წყაროს წყალი კი ძლივსღა მოწანწკარებდა. მუშაობის დროს ხელები გამეყინა და საშინლად ამტკივდა, რის გამოც იძულებული გავხდი, კალივაში შემოვბრუნებულიყავი და აქ გამეგრძელებინა თევზის გასუფთავება.

მამა იოაკიმემ დამინახა და მკითხა:

– პატარავ, რატომ შემოხვედი?

– ვერ გავუძელი სიცივეს და ყინულიან წყალს.

– მაგრამ ბერმა კალივის გარეთ დაგვავალა თევზის გაწმენდა, მისი დავალება კი ყოველგვარი შეპასუხებისა და თავის მართლების გარეშე უნდა შესრულდეს.

ეს საუბარი ესმოდა მამა სტეფანეს – ყოველი ჩვენგანის ერთგულ მსახურსა და მონას. მას დრო არ დაუკარგავს, მაშინვე გამომართვა თევზით სავსე ჯამი, გარეთ გავიდა და გულმოდგინედ და მარჯვედ გაასუფთავა მთელი თევზი – ისე, რომ სიცივისთვის არავითარი ყურადღება არ მიუქცევია. მამა სტეფანეს ეს გმირული საქციელი არასოდეს ამოიშლება ჩემი მეხსიერებიდან. ხელები სრულიად გაეყინა, მაგრამ ბიბლიური სიყვარული, რომელი "ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ", მისი ცხოვრების წესად იყო ქცეული. მე გატრუნული ვუმზერდი მას, ერთი სიტყვის თქმაც კი არ შემეძლო, ასეთ თავის უარყოფას რომ ვხედავდი. ამ დროს მამა იოაკიმემ მითხრა:

– მონაზონი, შვილო, დღეში რამდენჯერმე უნდა მოკვდეს, როცა კი ამას მორჩილება მოითხოვს. შენ ახლა შენი სასყიდელი დაკარგე, იგი მთლიანად მამა სტეფანემ მიიტაცა.

დიახ, ამას მეც ვხედავდი. მაგრამ კიდევ უფრო უკეთ იმას ვხედავდი, რომ მამა სტეფანე იყო "მკვდრეთით აღმდგარი" მონაზონი, და რომ ვიდრე აღდგებოდა, იგი მოკვდა სოფლისთვის.

მთაწმინდის ყველა მონასტერს, ყველა სენაკსა თუ კალივას აქვს თავისი ბაღი, რომელშიც ზამთრისა და ზაფხულის ხილი და ბოსტნეული მოდის. მებაღის მორჩილებას იმ მონაზონს აკისრებენ, ვისაც ამ საქმეში შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება გააჩნია. ჩვენი მებაღე მამა პაისი იყო.

მამა პაისიმ თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ამერიკაში გაატარა. ჯერ კიდევ ერისკაცობისას იგი მკაცრი ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობდა. ამ ადამიანისთვის დამახასიათებელი იყო გულწრფელი სიყვარული. მასთან მრავალი თანამემამულე-ბერძენი მიდიოდა და თავის გასაჭირს უზიარებდა. მას მიმართავდნენ ყველანაირი პრობლემის გადასაჭრელად, განსაკუთრებით კი ეკონომიურის. ბერძენი ემიგრანტი მართლმადიდებლების წრეში იგი ცნობილი იყო "ძია იანისის" სახელით. ოჯახური მოვალეობებისგან თავისუფალი, უქორწინებელი, ის მთლიანად, მთელი სულითა და გულით მიენდო მამა იოაკიმეს, და როცა ეს უკანასკნელი მთაწმინდაზე წამოვიდა, მამა პაისი რწმენითა და მტკიცე გადაწყვეტილებით გამოჰყვა მას. ურთიერთობაში ფაქიზი იყო, დაუზარელი, მშვიდი და მდაბალი. როდესაც მე მთაწმინდაზე მოვედი, ის სამოცი წლის იქნებოდა და, როგორც ვთქვი, მებაღის მორჩილება ჰქონდა დავალებული.

მამა პაისის დროს ჩვენმა ბაღმა სახელი გაითქვა. იგი დაუღალავად შრომობდა. ასევე შრომობდნენ სხვა მამებიც სკიტის ბაღებში. მოხუც მონაზვნებს ზურგით მოჰქონდათ შორიდან მიწა. მათი შრომის წყალობით ჩვენ ახლა უხვი მოსავლით ვტკბებოდით. მამა პაისი ბევრს ზრუნავდა მიწის განოყიერებისათვის, – ტყეში ადიოდა, აგროვებდა ნეშომპალას, შესაფერის ნიადაგს, და საკუთარი ზურგით ეზიდებოდა. ასე რომ, ჩვენი ბაღი საუკეთესო ნაყოფს იძლეოდა.

მამა პაისი გამოირჩეოდა თავისი უბრალოებითა და ბავშვურობით. გულმოდგინედ, სულიერად მოწყურებული უსმენდა კითხვას ტრაპეზზე და ლოცვას – ეკლესიაში. იესოს ლოცვა არასოდეს შორდებოდა მის ბაგეებს, – ეს იყო მისი საყვარელი საქმიანობა.

არ შემიძლია არ გავიხსენო, თუ როგორ იგერიებდა მამა პაისი დემონის თავდასხმებს. ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ, ჩვენ იძულებული გავმხდარვართ, სწრაფად მიგვერბინა მისი ბაღის გალავანთან და გაგვეგო, რა ხდებოდა – ანუ რა დაემართა მამა პაისის: იქნებ მრისხანებაში ჩავარდა და ვიღაცას ეჩხუბება?

– ეი, მამა პაისი, – ეკითხებოდა ბერი, – რა გაყვირებს?

– რა ვქნა, მამაო, არ მანებებს თავს ეს მავნებელი!

ეშმაკს გულისხმობდა. ამის გარდა, მის ლექსიკონში ეშმაკის სალანძღავი სხვა ეპითეტებიც მოიპოვებოდა. იგი ეტლიდან უმღეროდა[2] მას და აფურთხებდა.

– ფუი, მომწყდი თავიდან, – ამბობდა გულუბრყვილოდ, – ფუი, შე მავნებელო!

– კარგი, მაგრამ რა გაგიკეთა? – ირონიულად ეკითხებოდა ბერი.

– რა და, მოვიდა და გამახსენა... და მერე რა გამახსენა! ამერიკის ლამაზი ცხოვრება, გემრიელი საჭმელები, კეთილმოწყობილი ბინა, ყველაფერი – კარგიც და ცუდიც, სახეები და ქცევები... ფუი, შე მავნებელო!

– კარგი, – ეუბნებოდა ბერი, – მოითმინე. ეს ეშმაკის სამუშაოა: ყველანაირად ცდილობს, წინააღმდეგობა შეუქმნას იმას, ვინც ღმრთის გზას ადგას; და რითი შეუქმნის წინააღმდეგობას, თუ არა იმით, რომ გაახსენოს ნაცნობი ადამიანები და წარსულში ჩადენილი საქმეები?

მე თვალყურს ვადევნებდი და ვსწავლობდი იმ მზაკვრულ ფანდებსა და ხრიკებს, რომლებსაც გონიერი ამალეკი, ანუ, როგორც მამა პაისი უწოდებდა, "მავნებელი" იყენებდა ჩემ წინააღმდეგ აზრებთან ბრძოლის დროს, და მახსენდებოდა წმინდა ანტონი დიდის სიტყვები: "ვიხილე ეშმაკის ბადე, გადაჭიმული მთელს დედამიწაზე, და შევძრწუნდი..."

არც ერთი მონაზონი არ დარჩენილა თავისუფალი ამ ბრძოლისაგან და, მაშასადამე, არც მე. ხშირად უმოწყალოდ მესხმოდა თავს ეშმაკი და მიათკეცებდა დედაჩემთან განშორების სიმძიმეს. მით უმეტეს, რომ არ მყავდა არც ძმა, არც და, მამაჩემის გაცნობაც კი ვერ მოვასწარი, ნახევრად ობოლი ვიყავი. მაგრამ ღმრთის მადლითა და ჩემი ბერის ლოცვით, ვერ შემარყია ვერც ერთმა განსაცდელმა, ვერც ერთმა აზრმა ვერ შეძლო ჩემი მოდრეკა და არჩეული გზიდან გადაყვანა. თუმცა მტერი იარაღს არ ყრიდა.

მახსოვს, გაზაფხული იყო. ერთ დღეს, სადილის შემდეგ, სენაკში ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი. უცბად ფანჯრიდან მომესმა დედაჩემის ხმა: "გიორგი! გიორგი!" იმავე წამს მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ავტომატურად გავაღე ფანჯარა და გარეთ გავიხედე. არც კი დავფიქრებულვარ, რომ დედაჩემის ყოფნა მთაწმინდაზე ფიზიკურად შეუძლებელი იყო. აღელვებული, მაშინვე ბერთან გავიქეცი და ყველაფერი ვუამბე მას. იგი განცვიფრდა, თავი ვეღარ შეიკავა და ჩემთვის დაუვიწყარი სიტყვები აღმოხდა:

– უკეთურო ეშმაკო! ამ ხერხსაც მიმართავ ახალდამწყების საცთუნებლად?! წადი, შვილო, სენაკში და ღვთისმშობლის დაუჯდომელი წაიკითხე.

ეშმაკის ამ თავდასხმის შემდეგ, სენაკში დაბრუნებულმა, მე გადავიტანე ყველაზე მძიმე წუთები, რაც კი მთაწმინდაზე ყოფნისას გადამიტანია. სანამ დაუჯდომელს ვკითხულობდი და ვცდილობდი ჩავწვდომოდი მის სიღრმეს, ღმრთის განკაცებისადმი მიძღვნილი სტრიქონებისთვის მიმედევნებინა აზრი, ყურებში განუწყვეტლივ ჩამესმოდა დედაჩემის ხმა: "გიორგი! გიორგი!" როცა ეს სისხლიანი ლოცვა დავამთავრე, ისევ ბერთან მივედი.

– კარგი, ნუ გეშინია, – მითხრა მან, – საღამოს ყველა ძმა სკვნილზე ილოცებს შენთვის, რომ ღმერთი შეგეწიოს. უნდა გამოვტყდე, ეს მტრის ერთ-ერთი ყველაზე მუხანათური თავდასხმა იყო შენზე.

ამის შემდეგ გავიდა საკმაო ხანი და ბერმა მიიღო დედაჩემის წერილი. იგი ატყობინებდა, რომ ზუსტად იმ დღეს (ჩვენი გამოთვლით), სადილის შემდეგ, ჭიშკრიდან მოესმა ჩემი ხმა: "დედა! დედა!" განცვიფრებული გამოვარდა გარეთ, ეგონა ათონიდან თუ დავბრუნდი, მაგრამ ვერავინ დაინახა და ტირილით შეტრიალდა უკან. ახლა კი სთხოვდა ბერს, განემარტა მისთვის ეს მოვლენა, რომელსაც თვითონ ვერავითარი ახსნა ვერ გამოუძებნა. მისი წერილი ბერმა ძმების თანდასწრებით წაიკითხა, და ჩვენ გაგვაოცა ეშმაკის ხრიკებმა: როგორ ცდილობს ხელი შეუშალოს იმას, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, ღმერთს მიუძღვნას თავი.

"ბრძოლა მიმდინარეობს განუწყვეტლივ, და ჩვენც, ქრისტეს მხედრები, მუდამ იარაღით უნდა ვიყოთ აღჭურვილი, ვინაიდან ჩვენი მტრები უხორცონი არიან..." (წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი).

 

[1] ოკა წონის საზომი ერთეულია. ერთი ოკა უდრის 1280 გრამს.

 

[2] ერთ-ერთი ანტიკური გადმოცემის მიხედვით, ორმა გმირმა ერთმანეთში იჩხუბა. ერთი მათგანი ეტლზე ახტა და იქიდან ლანძღავდა და აგინებდა მეორეს. ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, ეტლს ვერ დაეწეოდა. იმ დროიდან მოყოლებული, გამოთქმა – "ეტლიდან უმღერის" ნიშნავს "ლანძღავს", "აგინებს".

 

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა