martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტორნამენტორნამენტ

თავები არქიმანდრიტ ქერუბიმის წიგნიდანღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე“ (ნაწ. 3)

 

კავსოკალივის სკიტში

ყველა, ვინც მთაწმინდის სკიტში დასახლდება, თავისი მატერიალური მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად აუცილებლად უნდა ფლობდეს რაიმე ხელსაქმეს.

პირველად რომ მოვედი ჩვენს კალივაში, ორი ძმა – მამა იოაკიმე და მამა გრიგორი – ხატწერით იყო დაკავებული. მათ ჩემი გამოცდაც უნდოდათ, როგორც ზემოთაც ვთქვი, და სხვადასხვა ესკიზების გაკეთება დამავალეს, მაგრამ სულ მალე დარწმუნდნენ, რომ ამ საქმისთვის არ გამოვდგებოდი, და გადაწყვიტეს, კავსოკალივის სკიტში გავეგზავნე ხეზე ჭრის შესასწავლად. ჩემ დროს ეს ხელოვნება განვითარების მწვერვალზე იყო და დიდადაც ფასობდა. კავსოკალივში მონაზვნების უმრავლესობა ამ ხელსაქმით იყო დაკავებული. ისინი ჩინებულად ფლობდნენ თავიანთ ხელობას.

იქ ცხოვრობდა ჩვენი ნაცნობი ორი მონაზონი: მამა ოქროპირი და მისი მორჩილი – მამა აკაკი, რომელიც ჩემი ხორციელი ნათესავიც იყო.

მათი ისიხასტირიონი სკიტიდან დაახლოებით ოცი წუთის სავალზე, კლდიან, უწყლო ადგილას მდებარეობდა. მას ვერსაიდან შეამჩნევდით, რადგანაც ერთი მომცრო კლდის უბეში იყო შეჭრილი. ისიხასტირიონის შენობაში შედიოდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის პატარა ტაძარი, ორი-სამი სენაკი და სამზარეულო, რომელსაც სატრაპეზოდაც იყენებდნენ. ადრე აქ რუსი ისიხასტები ცხოვრობდნენ. მათ ეს ადგილი შეარჩიეს, როგორც ყველაზე მეტად მყუდრო მთელს რაიონში.

კავსოკალივში თვითონ ბერმა წამიყვანა და ორივე მამას სთხოვა, რამდენიმე ხნით დავეტოვებინე და ხეზე ჭრის ხელოვნება ესწავლებინათ ჩემთვის.

ამ ორმა კეთილმა, უსაზღვროდ მშვიდმა ბერმა, ქრისტეს ორმა კრავმა, სიხარულით განაცხადა თანხმობა ჩემს მიღებაზე. თუმცა ისიც თქვეს, რომ ცხოვრების პირობები აქ ძალიან მკაცრია, ადგილი – ყოვლად უნუგეშო, და დიდი გასაჭირის მოთმენა მომიწევს. მაგრამ ჩემთვის ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია. ბერის ლოცვამ და თვით ჩემმა სულიერმა განწყობამ ის გააკეთა, რომ მე მახარებდა კიდეც ამ უკაცრიელ უდაბნოში ცხოვრება.

კავსოკალივის მამები დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მეპყრობოდნენ. ბევრ მათგანს მე ჯერ კიდევ ერში ვიცნობდი, რადგანაც, როდესაც ისინი ათენში ჩამოდიოდნენ საქმეებზე, ხშირად ვღებულობდი მათ მამისეულ სახლში.

სკიტი საუცხოო ადგილზეა აშენებული. აქაური ბუნების სილამაზეს ვერაფერი შეედრება: ბაღები, მოჩუხჩუხე წყლები, მწვანეში ჩაფლული კალივები; საითაც არ უნდა გაიხედო, დაინახავ მუხებს, ვენახებს, ყვავილებსა და დეკორატიულ მცენარეებს. ბუნების ამ სილამაზეს ჰარმონიულად ერწყმის და კიდევ უფრო მეტად ამშვენიერებს სკიტის თვალწარმტაცი ქვაფენილი და ისტორიული კათოლიკონი – მაღალი, ლამაზი სამრეკლოთი; ეს ყველაფერი კი – მატერიალურიც და სულიერიც – ცვლის თითოეული ადამიანის სულს, გარდაქმნის და აღამაღლებს მათ, ვინც ამ მშვიდ, უშფოთველ გარემოში მოხვდება.

მამა ოქროპირის ისიხასტირიონში 1939 წლის ოქტომბრიდან 1940 წლის მაისამდე ვცხოვრობდი. ამ ხნის მანძილზე მე არა მხოლოდ ხეზე ჭრის ხელოვნება შევისწავლე, არამედ ისიც შევძელი, რომ კარგად გავცნობოდი აქაური მონაზვნების მოღვაწეობასა და მათი ცხოვრების წესს: თავშეკავებას, მარხვას, სხეულის დათრგუნვას, ხანმოკლე ძილსა და მძიმე ფიზიკურ შრომას. აქ მდუმარება მშვენიერ მუსიკად გაისმოდა. მონაზვნები საუბრობდნენ მინიმალურად, მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელ საქმეებზე, მთელ დანარჩენ დროს კი განუწყვეტელ გონებისმიერ ლოცვას უთმობდნენ.

რასაკვირველია, ეს ყველაფერი ჩემთვის ახალი არ იყო, ვინაიდან ჩვენი კალივის მამებიც დაახლოებით ამავე განაწესით ცხოვრობდნენ; და მე ვადიდებდი ღმრთის სახელს, როდესაც ვხედავდი, რომ სული წმიდა ყველგან ერთნაირად ვლინდება, ერთსა და იმავე სულიერ მდგომარეობას, სულთქმასა და სურვილებს ბადებს სულში.

მე იმ ადამიანებს შორის აღმოვჩნდი, რომლებიც, ჯერ კიდევ სხეულში მყოფნი, ანგელოზებრივად ცხოვრობდნენ. ამას სკიტის ყველა მამა აღიარებდა, ვინც იმათ იცნობდა; და ეს მამები შეჰნატროდნენ ჩემს წმინდა ხვედრს: მათ გვერდით ყოფნის ღირსი რომ გამხადა ღმერთმა. რა საოცარ მადლიერებას განიცდიდა ჩემი ახალგაზრდული გული, რა დიდებულ ღვთაებრივ ძრწოლას, აღფრთოვანებასა და აღმაფრენას – დაუვიწყარ, უტკბილეს კავსოკალივში ცხოვრებისას!..

რვა თვე დავყავი მამა ოქროპირისა და მამა აკაკის ისიხასტირიონში და მთელი ამ ხნის მანძილზე ბერებს ერთხელაც კი არ დაურღვევიათ თავიანთი მკაცრი ცხოვრების წესი. მამა აკაკისგან მხოლოდ "შემინდეთ" და "მაკურთხეთ" ისმოდა; მამა ოქროპირს კი არასოდეს სჭირდებოდა იმის გამეორება, რასაც თავის მორჩილს ეუბნებოდა. საუცხოო იყო მათ შორის დამყარებული ჰარმონია. იმ შეცდომებს, რომლებსაც ხელსაქმის შესწავლისას ვუშვებდი, უაღრესად თავაზიანი ფორმით მისწორებდნენ; ამავე დროს, როგორი სიფაქიზეც იგრძნობოდა მათს მშვენიერ ნამუშევრებში, ასეთივე სიფაქიზით ეპყრობოდნენ ისინი ჩემს ტლანქ, მოუხეშავ ხასიათს.

ჩემი სენაკი მამა ოქროპირის ასკეტური სენაკის გვერდით მდებარეობდა. ყოველ საღამოს, ერთსა და იმავე დროს, ბერი იწყებდა მეტანიების კეთებას: სულთქმით, გოდებით, კეთილკრძალულად. უნებურად იოანე კიბისაღმწერლის ეს სიტყვები მოგაგონდებოდათ: "გლოვა ჭეშმარიტი საღმრთოჲ – ესე არს მჭმუნვარება სულისა და გული მწუხარე, რომელი მარადის იურვებნ საქმეთათვის სატკივართა, და ყოველსა ჟამსა ტრფიალისა მის მიმართ თვისისა წყურიელ არნ, და რაჟამს ვერ ეწიის, ეძიებნ მას ტკივილითა გულისაჲთა და შემდგომად მისსა გოდებით ხმობნ, კვნესით და სულთქუმით" (თავი 7,1).

ჩვენი ღვთისმსახურება შუაღამის პირველ საათზე იწყებოდა და, ასკეტური წესის თანახმად, უმეტესად სკვნილზე აღესრულებოდა.

ხშირად, ღვთისმსახურების დროს, მამებს ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდათ და იძულებული ხდებოდნენ, შეეწყვიტათ ლოცვა. მე ვგრძნობდი, რამდენად ძვირფასი იყო მათთვის, როგორც ყველა ჭეშმარიტი მონაზვნისთვის, იესო ქრისტეს დიდებული სახელი, რომელიც ყველა სახელზე მაღლა დგას...

* * *

ერთ დღეს ბერმა მრავალი კავსოკალიველი მამა მოიპატიჟა ღამისთევის ლოცვაზე დასასწრებად.

მზის ჩასვლის შემდეგ მამებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს ვიწრო ბილიკზე ამოსვლა. ენით აუწერელი სიხარული ვიგრძენი მათი დანახვისას. მალე ისიხასტირიონის ეზო არაამსოფლიური ადამიანებით აივსო. მათ შორის იყვნენ – მამა პანტელეიმონი, მამა ანტონი, მამა იოანიკე და მამა სოფრონი, თავიანთი მორჩილებით. ლავრიდან გვესტუმრა მამა ამბაკუმი.

ვახშამზე საკმარისად მხოლოდ ჩაი და ყავა გვქონდა. ყველანი საზიარებლად ვემზადებოდით. ღვთისმსახურების აღსრულება მამა იოანიკეს დაევალა, მეტიპიკონეობა – მამა ანტონის. მაშ ასე, დაიწყო ღამისთევის ლოცვა პატარა, ღარიბულ ეკლესიაში. ჩვენ კარგად ვიცოდით, რა იყო ამ ღამისთევის მიზანი: ზეციური მეუფის განდიდება და კულმინაციური წერტილი – ღვთაებრივი ევქარისტია. მოღვაწე მამები ქრისტეს მისაღებად ემზადებოდნენ, და ეს იყო ჯილდო მათ მიერ გაღებული მსხვერპლის სანაცვლოდ, ამით განძლიერდებოდნენ და განმტკიცდებოდნენ ისინი თავიანთ ბრძოლებში.

"დიდებაჲ შენდა, მამაო, დიდებაჲ შენდა, ძეო, დიდებაჲ შენდა, სულო წმიდაო, სამებაო წმიდაო, დიდებაჲ შენდა". მოულოდნელად მეზობელი სტასიდიდან სლუკუნი მომესმა, რამაც გულის სიღრმემდე შემძრა. "დღევანდელი ღამისთევა, – გავიფიქრე, – ალბათ რაღაც განსაკუთრებული იქნება". აქ, ამ უდაბნოში, მამებს არაფერში სჭირდებოდათ, დაეფარათ თავიანთი გრძნობები: ჩვენ მარტონი ვიყავით ღმერთთან.

პოლიელეოსის "დიდებაზე" მგალობელმაც კი ვეღარ შეიკავა ცრემლები, ხოლო "აწდაზე" მეორე კლიროსის მგალობელი საერთოდ დადუმდა.

კანონებზე მე ვკანანარხობდი. ერთ-ერთი მგალობელი მამა ამბაკუმი იყო. მას ყურში ცუდად ესმოდა, რამაც დიდი უწესრიგობა გამოიწვია, მაგრამ მეტიპიკონემ დროულად შეცვალა იგი და კვლავ წესრიგი დამყარდა. ასე რომ, ღამისთევის ლოცვას თავისი კეთილკრძალულება არ დაუკარგავს.

"კურთხეულ არს მეუფება..." – გაისმა მღვდელ-მონაზვნის ხმა და საღმრთო ლიტურგიაც დაიწყო. ჩანდა, რომ ყველა მამა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანისთვის ემზადებოდა...

"შენთა შენთაგან..."

ყველამ, მიწამდე თავდახრილებმა, თაყვანი ვეცით სული წმიდის გარდამოსვლას. იმ წამში პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაიქცა. ქრისტე ჩვენს შორისაა! ყველანი თავისთვის რაღაცას ჩურჩულებდნენ.

"განიცადენის" გალობისას ხატებზე მთხვევა დაიწყო. ამის შემდეგ ყველა მორჩილი თავისი ბერისგან იღებს ლოცვა-კურთხევას და საზიარებლად მიდის. მათ კარგად იციან, რომ მხოლოდ ბერის კურთხევითა და შუამავლობით შეუძლიათ მიეახლონ ქრისტეს, რადგანაც მათთვის ბერი – ეს "ღმერთია შემდგომად ღმრთისა" (წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი).

– "შიშითა ღმრთისაჲთა და სარწმუნოებით მოვედით!"

მამები იერარქიის მიხედვით ეზიარებიან.

– "სერობასა საიდუმლოჲსა შენისასა..." – ვგალობ მე, როგორც ყველაზე უმცროსი.

ჩვენ მივუახლოვდით ღვთისმსახურების მწვერვალს: მივიღეთ ქრისტე და იგი შემოვიდა ჩვენში.

სამადლობელი ლოცვებიც მე წავიკითხე. თუმცა ძალიან მიმძიმდა კითხვა, რადგან შექმნილმა ატმოსფერომ საკმაოდ ამაღელვა.

როგორც კი ევქარისტია დამთავრდა, ყავის მოსამზადებლად გავიქეცი. მაგრამ ცეცხლის დანთებაც კი ვერ მოვასწარი, რომ ყველა მამა წავიდა. მე გამოვედი ეზოში და დავინახე, როგორ ეშვებოდნენ ისინი სკიტისკენ.

– რატომ წავიდნენ ყავის გარეშე? – ვკითხე ბერს.

ბერმა მიპასუხა:

– ამ კურთხეული ღამისთევის შემდეგ შეეძლოთ კი ყავის დასალევად სუფრასთან დასხდომა? მათ ქრისტე მიიღეს, უძვირფასესი მარგალიტი, და მაშინვე წავიდნენ, რომ საუბარში არ დაეკარგათ ის, რითაც ღამისთევის ლოცვაზე დაჯილდოვდნენ.

– მამაო, მაინც რა საოცარი ღამისთევა იყო!

– მე ვყოფილვარ ასეთ ღამისთევებზე, შვილო. მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებული იყო. შეიძლება იმიტომ, რომ მამები ერთი სულისანი იყვნენ და არ სჭირდებოდათ თავიანთი გრძნობების დაფარვა.

* * *

ის ზამთარი ყინვიანი იყო. განუწყვეტლივ თოვდა. შეშა მალე გაგვითავდა და კეთილი მორჩილი – მამა აკაკი ხშირად ადიოდა მთაზე, ნახევარმეტრიან თოვლში, და იქიდან შეშით დატვირთული ბრუნდებოდა. შემდეგ ჩეხავდა შეშას და დასანთებად ამზადებდა. ეს მანამდე გაგრძელდა, სანამ სიცივე და უამინდობა იყო.

ჩვენ სულ მარტონი ვიყავით. ხალხს მხოლოდ მაშინ ვხედავდით, როცა ბოსტნეულის ამოსატანად სკიტში ჩავდიოდით. ამ უკიდეგანო უდაბნოში არავინ იყო ჩვენ გარდა.

თუ ამინდი საშუალებას გვაძლევდა, სკიტში ვესწრებოდით ლიტურგიას და ვეზიარებოდით. სკიტის მამები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ იმაში, თუ ვინ მეტ სამსახურს გაგვიწევდა, გვაძლევდნენ ყველაფერს, რაც გვჭირდებოდა, და ჩვენ საჩუქრებით დატვირთულები ვბრუნდებოდით ისიხასტირიონში.

შობის დღესასწაულს ჩემს კალივაში შევხვდი, დღესასწაულის შემდეგ კი კვლავ კავსოკალივში დავბრუნდი. ახლა მე უკვე საკმაოდ წარმატებულად ვფლობდი ხეზე ჭრის ხელოვნებას. თავისუფლად შემეძლო მესარგებლა წვრილი ინსტრუმენტებით, შემეძლო ამომეკვეთა წმინდანის "შესამოსელი", დამემზადებინა ხატის მოჭედილობა, "სხეულის" კვეთა კი სულ ბოლოს უნდა მესწავლა.

ხეზე ჭრა მოითხოვს კარგ მხედველობას, ხელის სიძლიერეს, მოძრაობის სიზუსტეს და უდიდეს მოთმინებას. ამიტომაც კავსოკალივში ხეზე მჭრელი მამები დღეში მხოლოდ ექვს საათს მუშაობდნენ. ჩემს მასწავლებლებს უხაროდათ ჩემი წარმატებები, მაგრამ ერთმა გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ იძულებული გამხადა, სწავლა ცოტა ხნით შემეწყვიტა.

ერთხელ წმინდა ანადან კავსოკალივში ვბრუნდებოდი. საღამოს მამა გერასიმეს კალივაში დავრჩი, წმინდა ბასილის უდაბნოში, ხოლო დილით, თუმცა კი თოვდა, ჩემი გზა გავაგრძელე.

რაც უფრო წინ მივდიოდი, თოვლი უფრო და უფრო იმატებდა. დიდი გაჭირვებით გავიარე კერასა, რომელიც მთლიანად ზამთრის თეთრი კვართით იყო მოსილი, და კავსოკალივისკენ მიმავალ ბილიკს დავადექი. ქარბუქი ძლიერდებოდა.

სიარულმა ძალა გამომაცალა, მით უფრო, რომ სამოცდაათ სანტიმეტრიან თოვლში მივაბიჯებდი. ბოლოს, როგორც იქნა, მივადექი ღირსი ათანასე ათონელის ისიხასტირიონს, რომელიც კავსოკალიველ ბერს – მამა ანტონი მუსტაკასს ეკუთვნოდა. ისიხასტირიონი ნახევრად თოვლით იყო დაფარული. გაჭირვებით მივაღწიე კარებამდე, მაგრამ იგი დაკეტილი აღმოჩნდა.

შიგნით არავინ იყო. საღამოდან ყველანი სკიტში ჩასულიყვნენ და უამინდობის გამო ვეღარ ბრუნდებოდნენ. კარი ურდულით იყო ჩაკეტილი. მე გარეთ ვიდექი და ვერ ვხვდებოდი, როგორ მოვქცეულიყავი. დრო გადიოდა, თოვლი კი ძალიან სქლად ბარდნიდა. აქეთ-იქით ვიხედებოდი, მაგრამ გარშემო აღარაფერი ჩანდა, ყველა ბილიკი დაიკარგა. მოუსვენრობამ შემიპყრო: წინ იყო ღამე, რომელიც მრავალ გაუთვალისწინებელ საფრთხეს მიქადდა.

მაშინ წმინდა ათანასეს შევევედრე, გაენათლებინა ჩემი გონება, რომ რაიმე ხერხი მომენახა სენაკში შესასვლელად. მართლაც, ცოტა ხნის ძებნის შემდეგ ვიპოვე სამერცხული, ამოვაძრე ურდული და ოთახში ჩავხტი. იქ კნავილით შემომეგებნენ კატები. ისიხასტირიონში ბნელოდა. კანდელი ავანთე და ხატებს ვემთხვიე. შემდეგ თაროები მოვათვალიერე, კარტოფილი ვიპოვე და სულ ცოტა შევჭამე, რომ გონზე მოვსულიყავი, რადგან ძალიან დაუძლურებული ვიყავი. ღუმელი დავანთე, რაც კი პლედები ვნახე, ყველა მოვაგროვე და საწოლზე დავვარდი.

ღამე ლოცვისთვის ავდექი. მაგრამ ეკლესიაში აუტანელი სიცივე იყო, ამიტომაც წიგნები სენაკში წამოვიღე, საწოლზე დავჯექი, პლედები შემოვიხვიე და ასე ჩავატარე ცისკრის ლოცვა. უკვე გათენებული იყო, ოთახში კი კვლავ ბნელოდა. ფანჯრიდან გავიხედე და დავინახე, რომ კალივა სახურავამდე თოვლით იყო დაფარული! ღუმელი დავანთე, დავლიე ჩაი, რომ ცოტა გავმთბარიყავი, და გადავწყვიტე ღმრთის განგებას დავლოდებოდი. შეშა გამითავდა და მალე ღუმელიც ჩაქრა.

შუადღისას გარედან ლაპარაკი შემომესმა. ეს მამა ანტონი იყო, თავის მორჩილთან – ფილოთეოსთან ერთად. ისინი თოვლისგან ჩახერგილი კარის გათავისუფლებას ცდილობდნენ. ბევრი იწვალეს და ბოლოს, როგორც იქნა, გააღეს. ჩემს დანახვაზე ბერმა გაიღიმა და თქვა:

– შეხედე, ქურდი დავიჭირეთ!

გაოგნებულები მეკითხებოდნენ, როგორ აღმოვჩნდი კალივაში. მაშინ მე მათ ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე. ამის შემდეგ სამივენი ერთად გავემართეთ კავსოკალივისკენ, რადგან, მამა ანტონის ვარაუდით, უამინდობა კვლავ უნდა გაგრძელებულიყო. ჩვენ თოვლში მივაბიჯებდით; ერთ-ერთ რთულ ადგილზე ფეხი დამიცდა, თოვლზე დავსრიალდი და ვიგრძენი, როგორ გავფრინდი უფსკრულისკენ, თან კლდეებს ვეხეთქებოდი...

სანამ გონს მოვიდოდი და დავრწმუნდებოდი, რომ არაფერი მქონდა მოტეხილი, დავინახე მამა ანტონი, რომელიც შველივით მოხტოდა თოვლში და როგორც ველური კატა, ებღაუჭებოდა ხან ერთ, ხან მეორე ხეს. რამდენიმე წუთში ის უკვე ჩემ გვერდით აღმოჩნდა. მე ვიწექი დათოვლილ კლდეზე. მამა ანტონიმ სწრაფად ჩამავლო ფეხებში ხელი, რადგან ის ადგილი, სადაც გავჩერდი, ძალიან სახიფათო იყო. აქ იწყებოდა მეორე, კიდევ უფრო ღრმა უფსკრული. მისი ერთი გაუფრთხილებელი მოძრაობა და შეიძლებოდა ამ უფსკრულისკენ დავქანებულიყავი; და მაშინ ვინ იცის, გადავრჩებოდი თუ არა ცოცხალი...

მაგრამ მამა ანტონის სიყვარულმა, მისმა მოხერხებულობამ და სიმარჯვემ სულ მალე ფეხზე წამომაყენა. იმ ადგილზე, სადაც თავი მედო, თოვლი წითლად იყო შეფერადებული, რადგანაც ერთადერთი, რაც გავიტეხე – ეს შუბლი იყო.

მამა ანტონიმ თავის კაბას პატარა ზოლი ჩამოახია და იმით შემიხვია შუბლი. შიშისგან და სიცივისგან სრულიად გახევებული ვიყავი. როდესაც სისხლდენა შეწყდა, ბერმა თავისი მორჩილის დახმარებით ზურგზე მომიკიდა და, მიუხედავად გზის უსწორმასწორობისა, ჩემი მძიმე წონისა და გადაჩეხვის საშიშროებისა, სულ მალე სკიტამდე მიმიყვანა.

როგორ დავივიწყო ეს სიყვარული, რომლითაც მისი გული ფეთქავდა, – ქრისტეს სამკვიდრებელად ქცეული გული, – და რომელიც ასეთ ბუნებრივ თავგანწირვაში გამოვლინდა? მამა ანტონი ჭეშმარიტი მთაწმინდელი იყო, და ჩემთვის იმ წუთებში – კეთილი სამარიტელი, რამეთუ მას ისე უყვარდა მოყვასი, "ვითარცა თავი თვისი".

– ღმერთო ჩემო, – ვამბობდი ჩემთვის, სანამ მას ზურგზე მოკიდებული მივყავდი თოვლიან ხრამში. – ღმერთო ჩემო, – ვიმეორებ ახლაც, – სრულყოფილი მონაზონი სიყვარულის მონაზონია და სრულყოფილი ქრისტიანი – სიყვარულის ქრისტიანი. სრულყოფილება სიყვარულში მდგომარეობს. "ენათა-ღა თუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე, ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ..." (1 კორ. 13,1).

ამგვარად, მამა ანტონიმ ზურგზე მოკიდებული მიმიყვანა თავის სახლამდე – იოანე ღვთისმეტყველის კალივამდე. ის თვით იოანე ღვთისმეტყველისგან იყო შთაგონებული – სიყვარულის მოციქულისგან. ყოველთვის, როცა კი მის ხატს ემთხვეოდა, ყურში ჩაესმოდა მოციქულის სიტყვები: "ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა... რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარული არს" (იოანე 4,16; 4,8).

პირველადი დახმარება მამა ანტონის კალივაში მისმა ხორციელმა ძმამ და სულიერმა შვილმა – მამა გრიგორიმ გამიწია.

მამა ანტონი წარმოშობით თესალიიდან იყო. მთაწმინდაზე ჯერ კიდევ ბავშვი მოვიდა და წმინდა ანას სკიტში დიდ ისიხასტს – მამა აბიმელექს დაემოწაფა. იგი თავიდანვე ღრმა აზროვნების უნარით გამოირჩეოდა; ერთ დროს სქოლარისი[1] იყო, და თავისი ცოდნისა და განუწყვეტელი სერიოზული გამოკვლევების წყალობით, მთაწმინდის სწავლულ მონაზვნად ითვლებოდა.

მას საკმაოდ ბევრი ნაშრომი ჰქონდა დაწერილი, განსაკუთრებით კი კალენდრის შეცვლის საკითხზე. სერიოზული, თავმდაბალი, უაღრესად შრომისმოყვარე – ის მთელი თავისი ცხოვრება შეურიგებლად ებრძოდა ყოველგვარ განმაახლებლურ მოძრაობას ეკლესიაში. საქმის კაცი იყო, და არა ტყუილად მოლაყბე. არ არსებობდა ისეთი საეკლესიო თუ საღვთისმეტყველო თემა, რომლის თაობაზეც მას არ გამოეთქვას თავისი დასაბუთებული მოსაზრება.

როგორც თვითონ ჰყვებოდა, იგი ღარიბი ოჯახიდან იყო. მის მშობლებს იმის ფულიც კი არ ჰქონდათ, რომ სკოლის სახელმძღანელოები ეყიდათ მისთვის. გაკვეთილებს ერთ-ერთი თავისი მდიდარი მეზობლისა და კლასელის წყალობით სწავლობდა: ეს იყო გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი, რომელიც საათების მანძილზე ხმამაღლა იზეპირებდა მოცემულ დავალებებს. ამგვარად, მისი მეშვეობით, მახვილგონიერი მამა ანტონი სკოლაში ერთ-ერთ საუკეთესო მოწაფედ ითვლებოდა!

მის საძმოში მკაცრად იცავდნენ ძველ ტრადიციებს და მაღალი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. კავსოკალივის სკიტში ეს საძმო თავისი სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა.

* * *

გაზაფხული იდგა. ერთ საღამოს იოასაფების ხატწერის სახელოსნოს ვეწვიე. სერობის შემდეგ ძმებმა აივანზე გამიყვანეს და ჩვენ ერთხანს ვტკბებოდით გაზაფხულის სავსე მთვარის ჭვრეტით. სკიტი მდუმარებას მოეცვა. მთვარე ისეთ უხვ ნათებას გამოსცემდა, რომ მკაფიოდ ვხედავდით თითოეულ კალივას. ერთ-ერთი მეზობელი კალივიდან იესოს ლოცვა მოისმოდა. რომელიღაც მონაზონი თავის აივანზე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ასრულებდა კანონს. "ეს ძმა, – გავიფიქრე მე, – ღმერთს ესაუბრება, წყალობას ითხოვს მისგან. ადამი და ევაც რომ ასე მოქცეულიყვნენ თავიანთი შეცოდების შემდეგ, ღმერთი მათ შეუნდობდა და მაშინ კაცობრიობას აღარ მოუხდებოდა ამ ტრაგიკული გზის გავლა".

ვინ იცის, კიდევ რამდენი მამა მიმართავდა იმ ღამეს სკიტში ყოვლადმოწყალე ღმერთს: "უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე".

– იესოს სახელს სიტყვა "წყალობა" ახლავს თან, – შენიშნა ერთ-ერთმა ძმამ.

ჩვენ თვალწინ იშლებოდა ეგეოსის ზღვა, ერთიანად განათებული. რა სიჩუმე, რა სილამაზე, რა ღვთაებრივი მადლი და დიდებულება იგრძნობოდა იმ ღამეს! ჩვენ ხშირად ვწყვეტდით საუბარს, რომ ღმრთის სახელის მოწოდებისთვის მიგვეგდო ყური: "უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე".

მოულოდნელად ღამეული ბუნების ამ უსაზღვრო მდუმარებაში გამგმირავი გოდების ხმა შემოიჭრა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. გარემომ ერთბაშად დაკარგა თავისი მომხიბვლელობა. ჩვენ, ყველანი, ფეხზე წამოვდექით და ყურადღება დავძაბეთ, რომ გაგვეგო, რა ხდებოდა.

"როგორც ჩანს, – გავიფიქრე მე, – ეშმაკი გააბოროტა ამ ლმობიერების აღმძვრელმა ღამემ და მამების ასაფორიაქებლად ღრენა დაიწყო. ან იქნებ რომელიმე მონაზონს შეემთხვა რამე?"

– "რაჟამს გამოხვედ ღმრთისმშობელო ქალწულო..." – მოისმა სირბილისგან აქოშინებული ადამიანის მელოდიური ხმა.

ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, რა ხდება?

– "იაკობ ძმა უფლისა და პირველი მღვდელთმთავარი..."

რა საოცარი ხმაა! შესრულების რა მშვენიერი მანერა! ეს, ვიღაცაა, კარგი მგალობელი უნდა იყოს... მისი ხმის მიხედვით მიხვდებოდით, რომ იგი ძალიან სწრაფად მორბოდა.

ვინ უნდა იყოს? რატომ დარბის და ყვირის ამ შუაღამისას? რა ხდება, ღმერთო!

ათასმა აზრმა გამიელვა თავში. ვცდილობდი რაიმე ახსნა გამომეძებნა იმისთვის, რაც ხდებოდა.

სანამ მგალობელი ჯერ კიდევ სკიტის პირველ კალივებამდე მოაღწევდა, შორიდან მოისმა ვიღაცის გულგამგმირავი ხმა:

– მამებო, დაიჭირეთ, დამეხმარეთ... მოხუცი ვარ და აღარ შემიძლია სირბილი.

ღმერთო ჩემო, რა ხდება! იქნებ ეს ქურდია და მხოლოდ იმიტომ გალობს, რომ თავგზა აგვიბნიოს? იქნებ მორჩილია და თავის ბერს აუმხედრდა? ან იქნებ რამე ისეთი ხდება, რასაც ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ?

აი, იგი უკანასკნელ კალივებს მოუახლოვდა, თან განუწყვეტლივ გალობით ადიდებდა ღვთისმშობელს. ამ დროს ორმა-სამმა ხანდაზმულმა მამამ მას გზა გადაუღობა. იგი დაიჭირეს, მაგრამ შეკითხვებზე არავითარ პასუხს არ იძლეოდა.

მთელი სკიტი აფორიაქდა. მდუმარება და სიმშვიდე შიშმა და მღელვარებამ შეცვალა: "რა მოხდა?" მალე ბერმაც მოირბინა.

– რა დაგემართა, შვილო, რატომ იქცევი ასე, დამშვიდდი, – გვესმოდა მისი ხმა. ამ ხმის მიხედვით ჩვენ მივხვდით, რომ ეს "ყოველთა წმიდათას" ბერი უნდა ყოფილიყო. მაშასადამე, ის, ვინც გალობს, ალბათ მისი მორჩილია. იგი თავის ბერსაც არ სცემდა პასუხს, მხოლოდ გალობდა – გალობდა განუწყვეტლივ.

"ცხადია, ამ მორჩილს რაღაცა დაემართა, – ვფიქრობდი მე. – როგორ უძლებს ყველაფერ ამას საწყალი ბერი? თანაც ასეთი მოხუცი".

ერთ-ერთმა მამამ მორჩილის გასაკოჭად თოკი მოითხოვა. შემდეგ ჩვენ, ყველანი ერთად, კირიაკონისკენ გავემართეთ. მორჩილი ისევ გაუჩერებლად გალობდა, მაშინ როცა მის ბერს ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა თვალებიდან და სთხოვდა მამებს, არ დაეტოვებინათ, სანამ რაიმეს გადაწყვეტდა.

იმ ღამეს არ გვიძინია, მთელი ძილის დრო ლოცვაში გავატარეთ: "ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, აცხოვნე მონაჲ შენი..." დილით ამბის გასაგებად კირიაკონში წავედით. იქ ზუსტად გავიგეთ, რაც მომხდარა. მორჩილს უცბად პარანოია დამართნია და სენაკიდან გამოქცეულა, – ეჩვენებოდა, თითქოს ვიღაცა მოსდევდა. ბერი, უძლურების მიუხედავად, გამოჰკიდებია: შიშობდა, სადმე ხრამში არ გადაჩეხილიყო მისი მორჩილი. უნდოდა დახმარებოდა, გადაერჩინა, დაეფარა. ჰოჲ, ბერის ქრისტესმიერი სიყვარული მორჩილის მიმართ!

მეორე დღეს, როცა ნავით ჩვენს სკიტში ვბრუნდებოდი, ავადმყოფი მორჩილი და მისი საწყალი ბერი დამემგზავრნენ. ამ უკანასკნელს თესალონიკში მიჰყავდა მორჩილი, რომ ექიმებისთვის ეთხოვა დახმარება.

* * *

ის დრო, რომელიც ხეზე ჭრის ხელოვნების შესწავლაში გავატარე ორი კავსოკალიველი მამის გვერდით, ჩემთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა, და სასარგებლო აღმოჩნდა არა მხოლოდ ხელობის შესწავლის თვალსაზრისით, არამედ იმითაც, რომ მამების სამაგალითო ქცევამ, მათს ცხოვრებაზე დაკვირვებამ მე დიდი გამოცდილება შემძინა. ასეთივე სერიოზული როლი ითამაშეს ჩემს მონაზვნად ჩამოყალიბებაში სხვა კავსოკალიველმა მამებმაც.

არასოდეს დამავიწყდება მამა მიქაელი – მუდმივად მომღიმარი, ბავშვური, ღრმა სულიერების მქონე მონაზონი. იგი, სხვებისგან შეუმჩნევლად, გონებისმიერი ლოცვით ლოცულობდა, და ეს ლოცვა რომელიღაც დიდ ბერს ესწავლებინა მისთვის.

ჩემს მეხსიერებას შემორჩა აგრეთვე მამა თეოფილაქტე – არაჩვეულებრივი მორჩილი, მამა სოფრონის საძმოს წევრი. გამოცდის ის გზა, რომელიც მან გაიარა, ალბათ ძალიან ცოტას თუ ექნება გავლილი. მისი უსიტყვო მორჩილება, იობისებრი მოთმინება და დაუცხრომელი სწრაფვა იმისკენ, რომ არ შემკრთალიყო სიძნელეების წინაშე – ყველაფერი ეს მისდამი უდიდესი მოწიწებისა და პატივისცემის გრძნობით განმაწყობდა.

რამდენჯერაც არ უნდა შევხვედროდი მას – მე, პატარა და უბადრუკი მონაზონი, რომელიც პირველ ნაბიჯებს ვდგამდი ჩემს მონაზვნურ ცხოვრებაში, – ყოველთვის ვცდილობდი, მისგან რაიმე "ამეღო". როგორც ჩანს, ის ამას მიხვდა და ყოველ შეხვედრაზე რაღაცას მაწვდიდა თავისი სულიერი საგანძურიდან. მე კი ვყლაპავდი მის მიერ მოწოდებულ თითოეულ აზრს და სულის სიღრმეში ვინახავდი მათ.

ერთხელ მამა თეოფილაქტეს ვკითხე:

– რა არის ის, რასაც წიგნებში ვხვდები და რასაც მამები "უფლებას" უწოდებენ?

– ძმაო, – მიპასუხა მან, – ეს ალბათ ღმერთმა ჩაგაგონა, შეხებოდი ამ თემას. მე სწორედ იმის განსახიერება ვარ, რასაც მამები "უფლებას" უწოდებენ. რომ შემძლებოდა ამომეძირკვა საკუთარი სულიდან ეს საშინელი დაბრკოლება, რომელიც ყველა მორჩილს ეღობება წინ სრულყოფილებისკენ მიმავალ გზაზე, მაშინ წარმატებული მონაზონი ვიქნებოდი, მაგრამ, სამწუხაროდ, მე უფლებების "კონას" განვასახიერებ.

– რომელი მამა ფიქრობდა, – განაგრძობდა ის, – რომ უფლება ჰქონდა თუნდაც იმ მცირეოდენ ორცხობილაზე, რომელსაც ჭამდა, და იმ ორიოდე წვეთ წყალზე, რომელსაც სვამდა იმისათვის, რომ ეარსება? არა, მამებს სჯეროდათ, რომ პურიც და წყალიც ღმერთისგან და ადამიანებისგან ეძლეოდათ ძღვნად, და რომ ეს ძღვენი ღმრთისა და ადამიანების სიყვარულის გამოხატულება იყო მათდამი, და არა დამსახურებული საზღაური.

მამები, ძმაო, მრავალგზის მიუთითებდნენ, რომ "უფლების" ვნებას დამღუპველი შედეგები მოსდევს; ჩვენ კი, საკუთარი გამოცდილებით, ყოველდღიურად მეტად და მეტად ვრწმუნდებით ამაში. წარმოიდგინე მორჩილი, რომელსაც მოსდის ასეთი აზრები: "დღეს ტრაპეზზე კარგი საჭმელი უნდა მქონდეს, რადგან მორჩილებამ საშინლად დამღალა და ყოველგვარი ძალები წამერთვა. მცირე რაოდენობის ზეთისხილი მე არ დამაკმაყოფილებს. ნუთუ არა მაქვს უფლება, რაღაცა სხვა ვითხოვო, რაკი უფროსები ამას ვერ ხვდებიან?.. ჩემი კაბა, პერანგი, წინდები – უკვე ძონძებად გადაიქცა. ნუთუ არა მაქვს უფლება, რაიმე წესიერი ჩავიცვა? სხვა ძმებს ხომ მონასტერი ყველაფერს აძლევს, რაც სჭირდებათ?.. ნუთუ მე ადამიანი არა ვარ და უფლება არ გამაჩნია, მომსვლელებს დაველაპარაკო და გავიგო რა ხდება ქვეყანაზე?"

არა! მონაზონს არავითარი უფლება არ გააჩნია. ის ვალდებულია უარი თქვას ყველაფერზე – თვით თავის კანონიერ და ბუნებრივ უფლებებზეც კი.

მოგიყვან ერთ უბრალო მაგალითს, რომელიც შენ შეგიძლია სხვა შემთხვევებსაც მიუსადაგო: ისეთ შემთხვევებს, როცა ეშმაკი ჩვენი მფარველის როლს თამაშობს და ჩაგვაგონებს, რომ ყველანაირად უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები. მოვიდა ტრაპეზის დრო. შენ ჯდები სუფრასთან და ხედავ, რომ ყველა ძმას წინ უდევს თეფში, შენ კი არ გიდევს. ამ დროს "უფლების" ვნება შენში დაატრიალებს აზრების ქარიშხალს: "ნუთუ უფლება არა მაქვს წინ მედგას თეფში, ისევე როგორც სხვებს? ნუთუ ეს უსამართლობა არ არის?" თუ შენ ამ აზრებს შეებრძოლები და ჩაახშობ შენში საკუთარი უფლებების დაცვის ყველანაირ მოძრაობას, თუ ღმრთის მადლის შეწევნით შენს გულში დაისადგურებს სრული სიმშვიდე და იფიქრებ, რომ შენი ცოდვების გამო ჭამის ღირსიც კი არ გახდი, თუ სამადლობელ ლოცვაში ისე ჩაერთვები, თითქოს შენც გეტრაპეზოს სხვებთან ერთად, და აბსოლუტური სიმშვიდითა და სიმდაბლით დაელოდები მომდევნო ტრაპეზს, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ სწორ მონაზვნურ გზას ადგახარ: საკუთარი უფლებების მოკვდინების გზას. ამ მოკვდინებას მოჰყვება შენი ძმებისა და, პირველ რიგში, ღმერთის უფლებების, მისი სიმართლის მშვენიერი აღდგომა. ჩვენ ხომ სწორედ ამას ვევედრებით ღმერთს ყოველდღიურად: "კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი".

მე განმაცვიფრა მამა თეოფილაქტეს ამ აზრებმა, რომლებიც პირველად მესმოდა და რომელთაც გულის სიღრმემდე შემძრეს. რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ ვკითხე მას:

– მამა თეოფილაქტე, რა მიზეზით ჩნდება ჩვენს სულში ეს დამღუპველი ვნება?

– იმ მიზეზით, რომ არ გაგვაჩნია მთავარი და უპირველესი მონაზვნური სათნოება, რომელსაც თავის უარყოფა ჰქვია. ამ სათნოებას მრავალი სახე და მრავალი ხარისხი აქვს. იმისათვის, რომ ჭეშმარიტი მონაზვნები გავხდეთ, საკმარისი არ არის მხოლოდ ნაწილობრივი უარყოფა, ანუ მხოლოდ ზოგიერთ საგანზე უარის თქმა: ჩვენ სრული უარყოფა გვჭირდება. უნდა გვახსოვდეს, რომ საკუთარ თავს კი არ ვეკუთვნით, არამედ ღმერთს. ჩვენი ერთადერთი უფლება ისაა, რომ სულითაც და ხორცითაც, ყველგან და ყოველთვის – ვეკუთვნოდეთ მხოლოდ ღმერთს. რამდენი ადამიანი აცთუნა ეშმაკმა ამ საშინელი ვნებით! მაშ ასე, დაწექი ხის საწოლზე, აღდგომა დღეს დაკმაყოფილდი მხოლოდ ქაშაყით, შენს საჭმელ ბალახეულში ჩაასხი მხოლოდ ერთი კოვზი ზეთი, და მადლობა შესწირე ღმერთს იმისათვის, რომ მოკლებული ხარ თვით საკუთარ ბუნებრივ უფლებებსაც კი. ნუ დაივიწყებ ამას მთელი შენი ცხოვრების მანძილზე, თუ გინდა, რომ კარგი მონაზონი გახდე.

– მადლობას გიხდით, მამა თეოფილაქტე, ამ სასარგებლო რჩევისთვის. გთხოვთ მომიხსენიოთ თქვენს წმინდა ლოცვებში, რომ იქნებ შევძლო, უარი ვთქვა ყველაზე უმნიშვნელო და ყველაზე ბუნებრივ უფლებებზეც კი.

* * *

კავსოკალივის სკიტს ეკუთვნოდნენ აგრეთვე მამა ევგენი ხატმწერის, მამა პავლესა და მამა დამიანეს საძმოები; წმინდა აკაკის კალივის ბერი – მამა აკაკი და მისი მორჩილები: მამა იეროთეოსი და ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელი მამა ტიმოთე, რომლის თავაზიანობაც კავსოკალივის მონახულების პირველივე დღიდან შემორჩა ჩემს მეხსიერებას.

ამ კურთხეულ მონაზონთან ერთხელ უჩვეულო, ამაღელვებელი შეხვედრა მქონდა. წმინდა ანას სკიტიდან მოვდიოდი და კერასის გავლით კავსოკალივისკენ ავიღე გეზი. უცბად უცნობი ხმა მომესმა: რომელიღაც მონაზონი თავისთვის, ჩუმად ლოცულობდა. ცოტა ხანს შევჩერდი, მინდოდა უკეთ დამეგდო ყური. შემდეგ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი. ლოცვა უფრო და უფრო დაძაბული და ამაღელვებელი ხდებოდა.

ტანში ჟრუანტელმა დამიარა. უკვე სულ ახლოს ვიყავი მონაზონთან. ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა ჩუმად მევლო, არ მინდოდა მისი შეწუხება.

"სად არის?" – ვეკითხებოდი საკუთარ თავს.

მოულოდნელად კლდის იქით, გზის მოსახვევში, მამა ტიმოთეს მოვკარი თვალი. მახალაკი მიწაზე დაეგდო, სკუფია მოხდილი ჰქონდა, ხელში სკვნილი ეჭირა და, ზეცისკენ თვალაპყრობილი, ცრემლებით, ლმობიერად მოუხმობდა ღმრთის სახელს. დარწმუნებული იყო, რომ ამ დროს იქ არავინ ჩაივლიდა, ამიტომაც თავდავიწყებით ეძლეოდა ლოცვას: მკერდში ხელს იცემდა, შეწყალებას ითხოვდა ღმრთისაგან.

როდესაც მოულოდნელად თავის წინ მდგარი დამინახა, საშინლად შეცბუნდა და მხოლოდ ესღა ჩაილაპარაკა:

– მაკურთხე, ძმაო, და შემინდე...

მე კი აღელვებულმა ვუპასუხე:

– ჩემთვისაც შეევედრე ღმერთს ორიოდე სიტყვით, მამაო. მე ძალიან უბადრუკი ვარ.

და მაშინვე დავტოვე იქაურობა, გამდიდრებულმა იმ ნიჭის ხილვით, რომლითაც წმინდა მთა უხვად აჯილდოვებს თავის მონაზვნებს.

* * *

კავსოკალიველი მამები ყველანი მკაცრი მოღვაწეები და ასკეტები იყვნენ და ღვთივსათნოდ ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ შორის გამოირჩეოდა ორი მამა: მამა არსენი – ხეზე მჭრელი, და მამა ანტონი – კეთილკრძალული მონაზონი. ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ ბავშვი მოვიდა კავსოკალივში. ბერები მას ძალიან მკაცრად შეხვდნენ, – უნდოდათ გამოეცადათ, შეძლებდა თუ არა მონაზვნურ ცხოვრებას, ამიტომაც ხშირად შეურაცხყოფდნენ და ამცირებდნენ. ბოლოს იქამდეც მივიდნენ, რომ მოკვლითაც კი დაემუქრნენ. მაგრამ ის მაინც არ ტოვებდა ბერებს.

– მე ვგრძნობდი, – მითხრა მან ერთხელ, – რომ მამებს ვუყვარდი. რაც არ უნდა ეთქვათ, რაც არ უნდა გაეკეთებინათ ჩემთვის, მაინც აშკარად ჩანდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული ამოძრავებდათ. მე მჯეროდა, რომ ისინი მონაზვნური ცხოვრების სწორ გზაზე დამაყენებდნენ, რადგან თვითონაც მკაცრად მიჰყვებოდნენ ამ გზას.

ერთხელ მამა ანტონის ვკითხე, ხომ არ შეხვედროდა იგი თავის ცხოვრებაში რაიმე არაჩვეულებრივსა და ზებუნებრივს, ან ხომ არაფერი ჰქონდა საკუთარი თვალით ნანახი, ან ნაგრძნობი – საკუთარი სულით; ან იქნებ მისი სული ოდესმე ზეცაში იქნა აღტაცებული; ან კიდევ იქნებ ასეთი წყალობა რომელიმე ჩვენს საერთო ნაცნობს ხვდა წილად?

ეს შეკითხვა რომ დავუსვი, მამა ანტონის სახეზე უკმაყოფილება დაეტყო.

– შვილო, – მიპასუხა მან, – ეს ზებუნებრივი გამოცხადებები ძალიან იშვიათია და მათს ჭეშმარიტებაზე მეტყველებს მხოლოდ ის, რომ ვისაც ასეთი გამოცხადება აქვს, მალავს ამას, როგორც რაღაც ძალიან პირადსა და იდუმალს; იგი არასოდეს საუბრობს ამ გამოცხადების შესახებ, სულ მცირე ჟესტსა და გადაკრული სიტყვის თქმასაც კი გაურბის, – თუკი ამ სიტყვითა და ჟესტით გამომჟღავნდება და საქვეყნოდ ცნობილი გახდება ეს ღმრთისაგან ბოძებული ნიჭი. თუ აქ, მთაწმინდაზე, შენ შეხვდები ისეთ მონაზონს, ვინც არ მალავს თავის გამოცხადებებს, ეჭვქვეშ დააყენე ამ გამოცხადებების ჭეშმარიტება. მას შემდეგ, რაც აქ მოვედი, მე შევხვდი სათნოებებით დაჯილდოებულ მრავალ მამას. ისინი მკაცრად მოღვაწეობდნენ და მდაბალი აზრი ჰქონდათ. და ჩვენ შინაგანი ხმა გვეუბნებოდა, რომ ამ მამებს, თავიანთი სიწმინდის გამო, ცხადია, ზეციური გამოცხადებებიც უნდა ჰქონოდათ. მაგრამ მათ ერთი სიტყვაც არასოდეს დასცდენიათ ამის შესახებ. სამაგიეროდ ხშირად იმეორებდნენ, რომ ცოდვილები არიან და მხოლოდ ღმრთის წყალობის იმედი აქვთ. აგრეთვე წმინდანთა ცხოვრებებშიც ხშირად ვკითხულობთ დიდ ბერებსა და ასკეტებზე, რომლებიც მუდმივად გაურბიან თავიანთი გამოცხადებების საქვეყნოდ გამოფენას. პავლე მოციქულსაც კი, თუმცა იგი მოციქული იყო, საკუთარი თავისთვის არ მიუწერია მესამე ცამდე აღტაცება, არამედ ბრძნულად და გონივრულად თქვა: "ვიცი კაცი..."

გარდა ამისა, შენ წაკითხული გექნება წმინდა ანდრია სალოსის ცხოვრება. მის ცხოვრებაში ზეციური საგნები არ გამოიყოფოდა ამქვეყნიური, მიწიერი საგნებისაგან, არამედ ხშირად ერთმანეთს ერწყმოდა, და ამის მიზეზი მისი დიდი სიწმინდე და სიმდაბლე იყო. მას, მიწაზე მყოფსა და მრავალი "სისულელის" მოქმედს, შეეძლო ამავე დროს ზეციური მოვლენები დაენახა. მაგრამ ამას საიდუმლოდ ინახავდა. ერთადერთი, ვისაც ამ საიდუმლოს უმხელდა – ეს მისი მოძღვარი იყო, და ამასაც იმიტომ აკეთებდა, რომ მოძღვრის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილიყო და ეშმაკის ხიბლში არ ჩავარდნილიყო. მხოლოდ რამდენიმე ზეციური გამოცხადების შესახებ გაანდო მან თავის ერთგულ, ფარულ მოწაფეს – ეპიფანეს.

ამიტომაც გეუბნები, შვილო, ნურასოდეს დაინტერესდები ასეთი საგნებით, არამედ მხოლოდ ღმრთის წყალობა ეძიე და ცხონდები.

* * *

ჩემს მეხსიერებაში ღრმად აღიბეჭდა მამა მაქსიმე-მგალობლის სახე. მე მას ერთ ძმასთან ერთად ვეწვიე. ის ამ დროს, მძიმე სნეულების გამო, ლოგინს იყო მიჯაჭვული. მისი მოკრძალებული გარეგნობა ნათლად მეტყველებდა იმაზე, რომ იგი სული წმიდის განსაკუთრებული ნიჭებით იყო შემკული. ის ადრე კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა და პროტოფსალტისი იყო, მაგრამ მან მოიძულა სახელი და დიდება, უარყო ამსოფლიური ამაოება და მთაწმინდას მოაშურა, რათა აქ, ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე, სულიერ ბულბულად ქცეულიყო.

მდუმარედ, მოთმინებით იწვა თავისი სნეულების სარეცელზე. ოცდაათი წელიწადი მან მამა კირილეს მორჩილებაში გაატარა. ახლა კი, როდესაც მის სხეულს ერთიმეორის მიყოლებით დაეუფლა სნეულებები, მამა კირილე, თავის მხრივ, სიმდაბლით, თავგანწირვით ემსახურებოდა მას. ჩვენ აღელვებულები ვიდექით მის საწოლთან – იმ იმედით, რომ იგი თავისი გალობის ხმას გაგვაგონებდა. ამის შესახებ მამა კირილესაც ვუთხარით და მან აკურთხა ავადმყოფი, დაეკმაყოფილებინა ჩვენი თხოვნა.

– მე უკვე დამავიწყდა გალობა, – მდაბლად წარმოთქვა მამა მაქსიმემ, – ახლა მხოლოდ იმაზეღა ვფიქრობ, რომ მოთმინებით გავლიო ჩემი ავადმყოფობის დღეები, რათა, როდესაც ამქვეყნიდან განსვლის ჟამი დამიდგება, ჩემს სულში მტკიცე იმედი და საკუთარი ცხონების შინაგანი უწყება იყოს. თუმცა, მორჩილება რომ გავწიო, ცოტას ვიგალობებ.

როცა წამოჯდომას ცდილობდა, მან თქვა:

– ავად ვარ და ძალიან მიჭირს...

ჩვენ დავეხმარეთ და ზურგს უკან რამდენიმე ბალიში ამოვუდეთ.

– უკვე კარგა ხანია, ღამისთევის ლოცვაზე აღარ მიგალობია. ახლა მხოლოდ ღვთისმშობელს ვუგალობ – ჩვენი უფლისა და ყველა მთაწმინდელის დედას. ამიტომაც "ღირს არსს" ვიგალობებ.

მთლად სმენად გადავიქეცი, რომ წმინდა მოწამის გალობით დავმტკბარიყავი: ასეთად ვთვლიდი პირადად მე მამა მაქსიმეს. როდესაც მან გალობა დაიწყო, მომეჩვენა, თითქოს ზეციური მელოდიები იღვრებოდა მისი ბაგეებიდან. პირველად, და შესაძლოა უკანასკნელადაც ვუსმენდი ასეთ ანგელოზებრივ გალობას.

ბოლო მარცვალი რომ ჩაამთავრა, აღელვებული და დაღლილი, კვლავ თავის ლოგინზე მიწვა.

ჩვენ მადლობა გადავუხადეთ მამა მაქსიმეს და მაშინვე გამოვემშვიდობეთ. მისი სენაკიდან გამოსულმა, გარშემო შემოვუარე მთელს სახლს და უკანასკნელად მოვათვალიერე ყველაფერი. მას შემდეგ მე ეს სახლი აღარ მინახავს. თვითონ მამა მაქსიმე ახლა ზეციური იერუსალიმის მოქალაქეა და, ყოვლადწმიდა სამებისა და ღვთისმშობლის წინაშე მდგარი, დაუდუმებლად გალობს "გალობასა ძლევისასა" ანგელოზების დასთან ერთად: "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს..."

* * *

მამა დამიანე კავსოკალიველი წარმოშობით მესინიიდან იყო. კეთილი, გულთბილი, ორატორული ნიჭით დაჯილდოებული, თეთრწვერა, მაღალი და დიდებული – ის თავისი გარეგნობით პატრიარქს მოგაგონებდათ.

მამა ათანასე – წარმოშობით სტრენძოვასელი – მადლმოსილი, მხიარული და ძალიან უბრალო ბერი იყო. სადაც უბრალოებაა, იქ ღვთაებრივი მადლი მკვიდრობს, იქაა სული წმიდის ნიჭები და ღმრთის ლოცვა-კურთხევა. ყველა მონაზონი, ყველა მამა, ვინც კი მთაწმინდაზე გავიცანი, სწორედ ბავშვური, სახარებისეული უბრალოებით გამოირჩეოდა.

უბრალოება და სიყვარული კავსოკალიველების დამახასიათებელი თვისება იყო. მათ ერთი მშვენიერი ტრადიციაც ჰქონდათ: ყოველ პასექის დღესასწაულზე მამები ჯგუფ-ჯგუფად შეიკრიბებოდნენ, ყველა კალივას შემოივლიდნენ და ერთმანეთს დღესასწაულს ულოცავდნენ: "ქრისტე აღდგა!"

იმ აღდგომა დღეს მე ჩემი ისიხასტირიონიდან ვუყურებდი მამების ჯგუფებს. ისინი ერთი კალივიდან მეორეში გადადიოდნენ და როგორც ბავშვები, "ალილოს" რომ გალობენ, ასე გულწრფელად, აღფრთოვანებით გალობდნენ "ქრისტე აღდგას" და სხვა სააღდგომო ჰიმნებს.

ისე დაემთხვა, რომ რამდენიმე ჯგუფი მამა მიქაელის – კეთილი, გულთბილი და სტუმართმოყვარე ბერის კალივაში შეხვდა ერთმანეთს. აღდგომის ტროპარების გალობა რომ დაამთავრეს, ყველანი გარეთ, კალივის ეზოში დასხდნენ წასახემსებლად. ჩვენი ისიხასტირიონიდან ყველაფერი კარგად ჩანდა. ისინი ხის კუნძებზე ისხდნენ. სუფრაზე ეწყო წითელი კვერცხები, ყველი და ღვინით სავსე თუნგი.

ამგვარად, მამებმა თავიანთი სულიერი სიხარული მიწიერი სიკეთით შეავსეს, ამის შემდეგ კი ხელში აიღეს ნევმები და კვლავ ენითუთქმელი სიხარულით დაიწყეს გალობა... მათი სუფთა, მოხარული, მოზეიმე ხმები ექოდ გაისმოდა ხეობაში, ეშვებოდა მშვიდ, მოლივლივე ზღვაში, სცილდებოდა ათონის მწვერვალს და აღწევდა თვით ციურ ვარსკვლავებამდე...

 

 

[1] სქოლარისი სკოლის ხელმძღვანელი. აქ ლაპარაკია ათონის მთის საღვთისმეტყველო სკოლაზე – ეგრეთწოდებულ ათონიადაზე.

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა