martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

 

თხრობანი დიალოღონიდან სიკვდილის შესახებ (ნაწ. 1)

თავი მეხუთე

არსებობს თუ არა სული, თუკი სხეულიდან გასვლის ჟამს მისი ხილვა შეუძლებელია?

პეტრე: ერთი ძმის აღსასრულს დავესწარი. მან უეცრად, საუბრის დროს სული განუტევა და უცებ ის, ვისაც ჩემთან მოსაუბრეს ვხედავდი, მკვდარი ვიხილე. მას სული აღმოხდა თუ არა, არ დამინახავს და თითქოს ძალიან ძნელია იმგვარი არსების არსებობის დაჯერება, რომლის ხილვა არავის შეუძლია.

გრიგოლი: რა არის საკვირველი, პეტრე, თუკი სხეულიდან ამომავალი სული ვერ დაინახე, რომელსაც ვერც მაშინ ხედავ, როდესაც შენშია? ნუთუ ჩემთან საუბრისას მხოლოდ იმიტომ შეგიძლია უსულოდ შემრაცხო, რომ ჩემში ჩემი სულის დანახვა არ შეგიძლია? სულის არსება უხილავია და სხეულიდან ისევე უხილავად გადის, როგორც უხილავად იმყოფება მასში.

თავი მეექვსე

როგორც სხეულში მყოფი სულის სიცოცხლე შეიცნობა ასოთა მოძრაობით, ასევე წმინდანის სხეულის სიკვდილის შემდეგ სულის სიცოცხლე სასწაულთა აღსრულებით შეიცნობა

პეტრე: სხეულში მყოფი სულის სიცოცხლის შეცნობა სხეულის მოძრაობით შემიძლია, რადგან სხეულში რომ სული არ იყოს, სხეულის ასოები ვერ იმოძრავებდნენ. სხეულის სიკვდილის შემდეგ სულის სიცოცხლე როგორი მოძრაობებითა და მოქმედებებით შემიძლია შევიცნო, რათა ხილული საგნების მიხედვით იმისი ყოფიერება შევიცნო, ვისი ხილვაც შეუძლებელია?

გრიგოლი: არცთუ ზედმიწევნით ზუსტ შედარებას მოვიხმობ: როგორც სულის ძალა აცოცხლებს და ამოძრავებს სხეულს, ასევე ღმერთის ძალა აღავსებს ყოველ ქმნილებას: ზოგიერთს თავისი სუნთქვით აცხოველებს, სხვებში სიცოცხლეს შეეწევა, ხოლო ზოგიერთებს ყოფიერებას მათთან ყოფნით ანიჭებს. რადგან ეჭვი არ გეპარება, რომ არსებობს ღმერთი – შემოქმედი და წარმმართველი, რომელიც ყოველივეს აღავსებს და მოიცავს, ყოველივეზე აღმატებული და ყოვლის მპყრობელია, გარშემოუწერელი და უხილავია, ამიტომ არც ის უნდა გაეჭვებდეს, რომ მას უხილავი მსახურები ჰყავს. ხოლო მსახურს შეჰფერის იმას მიემსგავსოს, ვისაც ემსახურება. ამდენად, უეჭველია, რომ უხილავს უხილავი მსახურები მსახურებენ, რომელთა არსებობა გვწამს. ვინ უნდა იყვნენ ეს უხილავი მსახურები, თუ არა წმიდა ანგელოზები და მართალთა სულები? როგორც სხეულის მოძრაობის მხილველი უმდაბლესის მიხედვით მასში მყოფი სულის სიცოცხლეზე მსჯელობ, ასევე სხეულიდან გასული სულის სიცოცხლეზე უმაღლესის მიხედვით უნდა იმსჯელო – სული უხილავად ცოცხლობს, რადგან ვალდებულია ემსახუროს უხილავ შემოქმედს.

პეტრე: ყოველივეს სამართლიანად ბრძანებ; მაგრამ იმის რწმენას, რისი ხილვაც ხორციელი თვალით შეუძლებელია, გონება არ ეთანხმება.

გრიგოლი: როდესაც წმიდა მოციქული პავლე ამბობს: "არს სარწმუნოებაჲ მოსავთა მათ ძალ, საქმეთა მამხილებელ არა-ხილულთა" (ებრ. 11, 1), მიგვითითებს, რომ იმისი რწმენა გვმართებს, რისი ხილვაც შეუძლებელია. ეჭვის სწრაფად გასაფანტად გეტყვი, რომ ხილულის დანახვა უხილავის გარეშე შეუძლებელია. აი, მაგალითად, შენი ხორციელი თვალი ხედავს ყოველივე ხორციელს, მაგრამ ის ვერავითარ ხორციელს ვერ დაინახავდა, მის მხედველობას უსხეულო არსება რომ არ განაპირობებდეს. უხილავი გონება წაართვი და ამაო იქნება თვალის გახელა, რომელიც მანამდე ხედავდა. სულმა რომ სხეული დატოვოს, შენი ხორციელი თვალები უეჭველად დაიხუჭება. ამგვარად, თუკი ისინი თავისით ხედავდნენ, მაშინ სულის სხეულიდან განსვლის შემდეგ რატომ ვეღარაფერს ხედავენ? აქედან გამოიტანე დასკვნა, რომ ყოველივე ხილულის დანახვაც უხილავის მეშვეობით არის შესაძლებელი. ასევე წარმოვიდგინოთ, რომ სახლი შენდება, უდიდეს სიმძიმეებს სწევენ, უზარმაზარი სვეტები მანქანებზეა დაყრდნობილი: გეკითხები, ამ საქმეს ვინ ასრულებს, ხილული სხეული, რომელიც ამ სიმძიმეებს ამოძრავებს, თუ უხილავი სული, რომელიც სხეულს აცხოველებს? სხეულს უხილავი წაართვი და ლითონის გროვები, რომელთაც ამოძრავებულს ხედავ, უმოძრაო გახდება. აქედან გვმართებს გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ხილულ სამყაროში უხილავად მოქმედი ძალის გარეშე არაფერი მოეწყობა. როგორც ყოვლისშემძლე ღმერთი უხილავ არსებებს თავისი სუნთქვითა და განმსჭვალვით აცხოველებს და ამოძრავებს, ასევე ხილულ სხეულებს უხილავი არსებები განმსჭვალავენ, ამოძრავებენ და აცხოველებენ.

 პეტრე: გამოგიტყდები, ამ დამამტკიცებელი საბუთებით ძლეულს, მმართებს ყოველივე ხილული (უხილავის გარეშე) არარაობად ჩავთვალო, თუმცა აქამდე უხილავის მიმართ ეჭვს გამოვთქვამდი, რაკი (რწმენაში) უძლურთ წარმოვადგენდი. ამგვარად, ყოველივეს ვეთანხმები, რაც შენ თქვი; ამასთან, რამდენადაც სხეულში მყოფი სულის სიცოცხლე სხეულის მოძრაობით შეიცნობა, ამდენად ხილული მოვლენების დამოწმებით, სხეულის სიკვდილის შემდეგ სულის სიცოცხლის შესახებ მსურს შევიტყო.

გრიგოლი: თუკი ამ საკითხის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გაქვს, მტკიცებულების მოძებნა ძნელი არ არის. ნუთუ წმიდა მოციქულები და ქრისტეს მოწამენი ამქვეყნიურ ცხოვრებას მოიძულებდნენ და სიკვდილს მიეცემოდნენ, თუკი მტკიცე რწმენა არ ექნებოდათ, რომ სულის სიცოცხლე გრძელდება? შენ თვითონ ხომ ამბობ, რომ სხეულში მყოფი სულის სიცოცხლე სხეულის მოძრაობით შეიცნობა. ისინი, ვინც თავი სიკვდილს მისცა და სწამდათ, რომ სული სხეულის გარდაცვალების შემდეგ ცოცხლობს, ყოველდღიურად სასწაულებით ბრწყინავენ, მათ სხეულებთან სნეულნი მიდიან და კურნებას იღებენ; მიდიან ფიცის დამრღვევნი და მათ დემონები ეუფლებიან; მიდიან შეპყრობილები და თავისუფლდებიან (დემონთაგან); კეთროვნები იწმინდებიან; მიცვალებულები მიჰყავთ და მკვდრეთით აღდგებიან. აქედან შეგიძლია დაასკვნა, რომ იმათი სულები, რომელთა სხეულები აქ ასეთ სასწაულებს ახდენენ, სადღაც ცხოვრობენ. ამგვარად, თუკი სხეულში მყოფი სულის სიცოცხლეს სხეულის მოძრაობით შეიცნობ, მაშინ რატომ არ გსურს სულის სიცოცხლე სხეულის გარდაცვალების შემდეგ თვით მკვდარი ძვლებით აღსრულებულ სასწაულებში დაინახო?

პეტრე: ამ მტკიცებულებას, რომელიც ხილული საგნებით აღგვძრავს ვირწმუნოთ უხილავი, ვერც ერთი გონება წინ ვერ აღუდგება.

თავი მეშვიდე

სულის სხეულიდან გასვლის შესახებ

გრიგოლი: ცოტა ხნის წინ შენ თქვი, რომ არ გინახავს, მომაკვდავმა ძმამ სული როგორ განუტევა; ამის მიზეზი ის იყო, რომ ხორციელი თვალით უხილავი არსების ხილვა მოისურვე. მრავალნი, ვინც გონების თვალს წმიდა რწმენითა და ნაყოფიერი ლოცვით განიწმენდდნენ, სხეულიდან გასულ სულს ხშირად ხედავდნენ. აუცილებლად მიმაჩნია გიამბო, რომ სხეულიდან ამომავალი სული უამრავჯერ უხილავთ და ასევე – იმის შესახებ, რაც თვითონ მომაკვდავებს უხილავთ სხეულიდან განსვლის ჟამს, რომ ამით უძლური გონება, რომელიც მტკიცებებით ვერ რწმუნდება, მაგალითებით განვამტკიცოთ.

ამ კრებულის მეორე წიგნში უკვე გიამბე, რომ ქალაქ კაპუადან მოშორებით მყოფმა ღირსმა ბენედიქტემ, მრავალი მოწაფის დამოწმებით, ამ ქალაქის ეპისკოპოსის სული იხილა, რომელსაც ანგელოზები ცეცხლოვან სფეროში ზეცისკენ მიაბრძანებდნენ. ზეცად აღმავალი სულის ხილვისას მან გონების განვრცობილი თვალით მთელი ქვეყნიერება იხილა, რომელიც მის თვალთა წინაშე თითქოს მზის ერთ სხივში მოიკრიბა.

თავი მერვე

მონაზონ სპეციოზის სულის გასვლა

წმიდა ბენედიქტეს მოწაფეთაგან აგრეთვე მსმენია, რომ ორი ცნობილი მოსაგრე, რომელთაც საერო განათლებაც ჰქონდათ, ღვიძლი ძმები სპეციოზი და გრიგოლი, მისი ხელმძღვანელობით წმიდა მონაზვნურ ცხოვრებას შეუდგნენ. ღირსმა მამამ ისინი იმ მონასტერში დაამკვიდრა, რომელიც ქალაქ ტერაცინის მახლობლად ააგო. ძმებს ერში ყოფნისას დიდძალი სიმდიდრე ჰქონდათ, მაგრამ თავიანთი სულის საცხოვნებლად ყველაფერი გლახაკებს დაურიგეს, თვითონ კი მონასტერში დამკვიდრდნენ. ერთ-ერთი მათგანი, სპეციოზი, სამონასტრო საქმეთა გამო ქალაქ კაპუაში იქნა წარგზავნილი. ერთ დღეს მისი ძმა, გრიგოლი, ძმებთან ერთად საერთო ტრაპეზს იზიარებდა. ამ დროს გონებით აღტაცებულმა თავისი ძმის სხეულიდან აღმომავალი სული იხილა. სპეციოზი ამ დროს მისგან შორს იმყოფებოდა. ხილვის შესახებ მან მაშინვე ძმებს უთხრა, თავად კი სასწრაფოდ გაეშურა და ძმა უკვე დაკრძალული დახვდა. ის სწორედ იმ დროს აღესრულა, როდესაც გრიგოლმა იხილა.

თავი მეცხრე

ერთი ტუსაღის სულის შესახებ

როდესაც ჯერ კიდევ მონასტერში ვცხოვრობდი, ერთი ღმრთისმოსავი და ფრიად სარწმუნო კაცი მიამბობდა, რომ მოგზაურებმა, რომლებიც სიცილიიდან რომში მიმავალ ხომალდზე იმყოფებოდნენ, ხმელთაშუა ზღვაში ყოფნისას ერთი ღმრთის მონის სული იხილეს, რომელიც ზეცად მაღლდებოდა. ის სამნიაში იყო დატყვევებული. ნაპირზე გადასულებმა იკითხეს, თუ რა მოხდა და შეიტყვეს, რომ ღმრთის მონა სწორედ იმ დღეს აღესრულა, როდესაც ის ზეციური სავანეებისკენ აღმავალი იხილეს.

თავი მეათე

წინამძღვარ სპესის სულის განტევების შესახებ

ჯერ კიდევ მონასტერში ყოფნისას ერთი ღირსეული კაცისგან გავიგე, რასაც ამჯერად გიამბობ. ის ამბობდა, რომ ღირსმა მამამ, სახელად სპესმა, მონასტერი იმ ადგილზე ააგო, რომელსაც კამპლე ჰქვია. ის უძველეს ქალაქ ნურსიისგან ექვსი მილით არის დაშორებული. ყოვლისშემძლე და მოწყალე ღმერთმა ეს ბერი მარადიული ტანჯვისაგან სასჯელით დაიფარა და მასზე გამოვლენილ განგებულებაში სიმკაცრეც აჩვენა და სახიერებაც: როგორც უწინ მისადმი სიყვარული სასჯელით აჩვენა, შემდეგ – სრული განკურნებით გამოავლინა. მთელი ორმოცი წლის მანძილზე ის ბრმა იყო და დღის სინათლე არ უხილავს. მაგრამ საღმრთო სასჯელში მადლი არავის მიატოვებს. მოწყალე მამა, რომელიც სასჯელს მოგვივლენს, შემწყნარებლობასაც რომ არ იჩენდეს, ჩვენი მოუთმენლობის გამო ჩვენში ცოდვებს თვით ცოდვების გამოსასწორებლად მოვლენილი სასჯელი გაამრავლებდა. ამგვარად, დანაშაულის შემცირების ნაცვლად, რისი იმედიც უნდა გვქონოდა, ცოდვა უფრო გამრავლდებოდა. ღმერთმა ჩვენი უძლურებანი იცის და სასჯელს მზრუნველობას უერთებს, თვით სასჯელში კი რჩეული შვილების მიმართ მოწყალედ სამართლიანია, რათა მომავალში ისეთები გახადოს, რომ სამართლის მიხედვით წყალობის ღირსნი იყვნენ. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა: ღირსი მოსაგრე წყვდიადით დასაჯა, მაგრამ შინაგანი ნათელი მისთვის არასოდეს მოუკლია; ხორციელი სნეულების ჟამს, სულიწმიდის მადლით, ის გულისმიერ ნუგეშს შეიგრძნობდა. როდესაც სიბრმავის ორმოცი წელი გავიდა, ღმერთმა მას თვალისჩინი დაუბრუნა და მოახლოებული აღსასრულის შესახებ გამოუცხადა. მაგრამ მანამდე უბრძანა გარშემო მდებარე მონასტრებში სიცოცხლის სიტყვა ექადაგა, რათა ძმების მონახულებისას გულისმიერი ნათელი იმას განეცხადებინა, ვისაც ხორციელი ხედვა დაუბრუნდა. ბრძანებისადმი მორჩილებით, ბერმა ძმათა კინოვიები (საერთო საცხოვრებელი მონასტრები) მაშინვე შემოიარა და იმ ცხოვრების წესს ქადაგებდა, რომელიც თავად საქმით შეისწავლა. ქადაგებიდან მეთხუთმეტე დღეს ის თავის მონასტერში დაბრუნდა. ბერმა ძმებს მოუწოდა და უფლის წმიდა ხორცსა და სისხლს ეზიარა, შემდეგ მათთან ერთად ფსალმუნთა გალობა დაიწყო და გალობის დროს სული უფალს მიაბარა. ყველა იქ მყოფმა იხილა, მისი ბაგეებიდან მტრედი როგორ გამოფრინდა, რომელიც მაშინვე, ყველას თვალწინ, ტაძრის სახურავის ჭრილიდან ზეცისკენ გაფრინდა. სარწმუნოა, რომ მტრედის სახით მისი სული გამოცხადდა, – და ამგვარად ღმერთმა აჩვენა, ეს მოღვაწე როგორი უბრალოებით ემსახურებოდა.

თავი მეთერთმეტე

ნურსიელი პრესვიტერის სულის განტევების შესახებ

ვერ დავდუმდები იმ შემთხვევის გამო, რომელიც იმავე ქალაქ ნურსიაში მოხდა. ამის შესახებ ღირსი მოსაგრე სტეფანე მიამბობდა. ის ახლახან იმავე ქალაქში დაკრძალეს და კარგად ვიცნობდი. ის მიამბობდა, რომ ერთი პრესვიტერი მისთვის მინდობილ ეკლესიას უდიდესი ღმრთისმოშიშებით მართავდა. პრესვიტერად კურთხევის შემდეგ მას ცოლი მხოლოდ როგორც და, ისე უყვარდა, მაგრამ მას როგორც მტერს, ისე უფრთხოდა: მიახლოების უფლებას არასოდეს აძლევდა და მასთან ცოლ-ქმრული კავშირი სრულებით გაწყვიტა. წმიდა მოსაგრეებს ამგვარი თვისება აქვთ: დაუშვებელი სამუდამოდ რომ აიცდინონ, ისინი დასაშვებსაც იკრძალავენ. სწორედ ამის გამო, მეუღლისგან რაიმე ცოდვაში რომ არ ჩავარდნილიყო, მისგან აუცილებელ სამსახურსაც არ იღებდა. ამ ღირსმა პრესვიტერმა ამგვარად მრავალი წელი იცხოვრა, მსახურებიდან მეორმოცე წელს სასტიკი ციებით დაავადდა და სიკვდილის პირას აღმოჩნდა. როდესაც მისმა მეუღლემ ის მომაკვდავი და მიცვალებულივით მწოლარე იხილა, ყური ნესტოებთან მიუახლოვა და ცდილობდა შეეტყო, ცოცხალი იყო თუ არა. მან ეს რომ იგრძნო, თუმცა ძლივსღა სუნთქავდა, თავს ძალა დაატანა და ხმამაღლა უთხრა: "განვედ, დედაკაცო, ჩემგან, ცეცხლი ჯერ კიდევ ცოცხალია, წაიღე ჩალა". როდესაც ის გავიდა, თითქოს სასიცოცხლო ძალების მომატება იგრძნო და დიდი სიხარულით შესძახა: "მშვიდობა თქვენს მობრძანებას, ბატონებო! მშვიდობა თქვენს მობრძანებას, ბატონებო; როგორ ღირსმყავით მოგენახულებინეთ თქვენი მდაბალი მონა?.. მოვდივარ, მოვდივარ, მადლობელი ვარ თქვენი, მადლობელი". მან ეს სიტყვები ხმამაღლა მრავალგზის გაიმეორა; ირგვლივ შეკრებილი ახლობლები დაეკითხნენ, ვის ესაუბრებოდა. მომაკვდავმა მათ გაკვირვებით მიუგო: "ნუთუ აქ მოსულ წმიდა მოციქულებს ვერ ხედავთ? ნუთუ მოციქულთა თავთ – პეტრესა და პავლეს ვერ ამჩნევთ?" შემდეგ მოციქულებს მიმართა და თქვა: "მოვდივარ, მოვდივარ", – და ამ სიტყვებით სული უფალს მიაბარა. ამგვარად, წმიდა მოციქულებს გაჰყვა და დაამტკიცა, რომ მათ მართლაც ხედავდა. მართალთა შემთხვევაში ხშირად ხდება, რომ აღსასრულის დროს წინამორბედ წმინდანებს ხედავენ, რათა სიკვდილის შესახებ მტანჯველი ფიქრით არ შეშინდნენ; იმისთვის, რომ ხორცთა საკრველი უმტკივნეულოდ და უშიშრად განიძარცვონ, იმჟამად მათი გონების თვალს ზეციურ მოქალაქეთა დასი წარმოუდგება.

თავი მეთორმეტე

ქალაქ რეათის ეპისკოპოს პრობის სულის შესახებ

ვერ დავდუმდები იმის შესახებ, რასაც ყოვლისშემძლე ღმრთის მონა პრობი (ამჟამად ამ ქალაქში რენატად წოდებული მონასტრის წინამძღვარი) საკუთარი ბიძის, ქალაქ რეათის ეპისკოპოს პრობის შესახებ მიამბობდა. აღსასრული რომ მოუახლოვდა, ის მძიმედ დაავადდა. მამამისმა, სახელად მაქსიმემ, ექიმების მოსაყვანად ყველგან მონები დაგზავნა; იმედი ჰქონდა, რომ ისინი მას გამოაჯანმრთელებდნენ. მაგრამ მოწვეულმა ექიმებმა პულსის მიხედვით განაცხადეს, რომ ავადმყოფი მალე გარდაიცვლებოდა. საღამოხანს, როდესაც სადილობის დრო დადგა, ღირსმა ეპისკოპოსმა, გარშემომყოფთა ჯანმრთელობაზე ზრუნვით, სთხოვა მათ მამამისთან ერთად საეპისკოპოსო შენობის ზედა სართულზე ასულიყვნენ და ესადილათ. ყველანი ზედა სართულზე ავიდნენ, მასთან მხოლოდ ერთი ყრმა დარჩა, რომელიც, პრობის თქმით, დღესაც ცოცხალია. სნეულის სარეცელთან მყოფმა ყრმამ უეცრად დაინახა: ღმრთის მონასთან ორი თეთრში შემოსილი კაცი შემოვიდა, რომელთაც სახეები იმდენად უბრწყინავდათ, რომ სამოსის სითეთრესაც კი აბნელებდნენ. ამგვარი ბრწყინვალებით თავზარდაცემული ყრმა ხმამაღლა აყვირდა: "ვინა ხართ?" მისი ყვირილით აღელვებულმა ეპისკოპოსმა პრობმა მოსულთ შეხედა, იცნო ისინი და აყვირებული ყრმის დამშვიდება სცადა: "ნუ გეშინია, შვილო ჩემო, ესენი წმიდა მოწამეები იუბენალი და ელეფთერი – არიან, ჩემს წასაყვანად მოვიდნენ". ყრმამ ასეთი გაუგონარი ხილვა ვერ დაიტია, გაიქცა და ეპისკოპოსის მამასა და ექიმებს ნანახის შესახებ უთხრა. ისინი მაშინვე ქვევით ჩავიდნენ, მაგრამ ავადმყოფი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დატოვეს, უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ის იმათ წაიყვანეს, რომელთა ხილვას იქ მყოფმა ყრმამ ვერ გაუძლო.

თავი მეცამეტე

ღმერთის მსახურ გალას აღსასრული

საჭიროდ მიმაჩნია გიამბო იმის შესახებ, რაც გამოჩენილ და სანდო პირთაგან გავიგე. გუთების დროს ამ ქალაქში კონსულისა და პატრიცის – სიმაქის ასული გალა სიყრმეში გაათხოვეს და ერთ წელიწადში დაქვრივდა. ამქვეყნიური სიამენი, სიმდიდრეც და ახალგაზრდობაც მას მეორე ქორწინებისკენ მოუწოდებდა, მაგრამ მან ისურვა ქრისტესთან სულიერი კავშირით შეერთება, რომელიც ცრემლით იწყება და მარადიული სიხარულით მთავრდება, ვიდრე ხორციელი ქორწინების საკრველით შეკრულიყო, რომელიც ყოველთვის სიხარულით იწყება და ცრემლით მთავრდება. როდესაც გალას სხეულში ცეცხლოვანი გზნება შემოენთო, ექიმები არწმუნებდნენ, თუ არ დაქორწინდებოდა, მომეტებული სიმხურვალისგან, თვით ბუნების წინააღმდეგობის გამო, წვერი ამოუვიდოდა (ასეც მოხდა შემდგომში). მაგრამ წმიდა დედაკაცს გარეგნული შეუხედაობა არ აშინებდა, მთელი გულით ზეციერი სიძე შეიყვარა, რომელიც ჩვენში შინაგან მშვენიერებას ეძიებს. ამიტომ ქმრის გარდაცვალებისთანავე საერო სამოსელი განიძარცვა და ყოვლისშემძლე ღმერთის სამსახურს წმიდა მოციქულ პეტრეს ტაძართან მდებარე მონასტერში შეუდგა. იქ მრავალი წლის მანძილზე გულუბრალოებითა და ლოცვით მშვენდებოდა, უპოვრებს მოწყალებას უხვად ურიგებდა. როდესაც ყოვლისშემძლე ღმერთმა გალას განუჩინა ღვაწლის სანაცვლოდ მარადიული მისაგებელი მიეღო, იგი მკერდის კიბოთი დაავადდა. ღამით მის საწოლთან ჩვეულებრივ ორი კანდელი ენთო, რადგან ნათლის მეგობარს არა მარტო სულიერი, არამედ ნივთიერი წყვდიადიც სძულდა. ერთხელ სნეულებით გათანგული გალა საწოლზე იწვა, უეცრად მან თავის სარეცელთან წმიდა მოციქული პეტრე იხილა, რომელიც კანდელებს შორის იდგა. მას არ შეშინებია, პირიქით, სიყვარულით გამბედაობა მოიკრიბა მისალმებისთვის და ჰკითხა: "ბატონო ჩემო, შემენდო ცოდვები?" მოციქულმა ალერსიანად დაუქნია თავი და უთხრა: "შეგენდო, წამოდი". გალამ, რომელსაც მონასტერში განსაკუთრებით ერთი ენკრატისი უყვარდა, უთხრა: "გევედრები, ჩემთან ერთად და ბენედიქტაც წამოვიდეს". – "არა, – უპასუხა მოციქულმა, – შენთან ერთად ესა და ეს წამოვა, ხოლო ის, რომელზეც შენ მთხოვ, ცამეტ დღეში გამოგყვება". ამ სიტყვების შემდეგ მოციქული უხილავი გახდა. გალამ მაშინვე მონასტრის წინამძღვარი იხმო და უამბო, რაც იხილა და გაიგონა. სამი დღის შემდეგ ის იმ დასთან ერთად დაკრძალეს, რომლის შესახებაც მოციქულმა უთხრა, ხოლო ის და, რომლის შესახებ თავად ითხოვა, მათ გზას ცამეტი დღის შემდეგ გაუდგა. ეს ამბავი მონასტერში დღემდე ახსოვთ და ახალგაზრდა მოწესე ქალწულები უფროსი დებისგან მოსმენილ ამბავს ისეთი ზედმიწევნით გადმოგცემენ, თითქოს ასეთი დიდი სასწაული თავად ეხილოთ.

თავი მეთოთხმეტე

დამბლადაცემულ სერვულას აღსასრული

უნდა აღინიშნოს, რომ რჩეულთა სულებს სხეულიდან გასვლის ჟამს ხშირად ტკბილი ზეციური გალობა ესმით და ამ გალობით დამტკბარნი, სხეულისაგან სულის გაყრას ვერ გრძნობენ. როგორც მახსოვს, სახარების შესახებ საუბრებში ვყვებოდი, რომ გალერეაში, რომელიც ნეტარი კლიმენტის ტაძარში მიმავალმა მლოცველებმა უნდა გაიარონ, იყო ვინმე სერვულა, რომელიც უთუოდ გახსოვს. ის ქონებით ღარიბი იყო, მაგრამ დამსახურებებით – მდიდარი და დიდი ხნის მანძილზე სნეულებით იტანჯებოდა. მისი ცნობა იმით შეიძლებოდა, რომ მთელი ცხოვრება დამბლადაცემული იყო, მას არათუ დგომა, არამედ საწოლზე წამოწევა და ჯდომა, პირთან ხელის მიტანა და მეორე გვერდზე გადაბრუნებაც არ შეეძლო. მას დედა და ძმა უვლიდნენ; მოწყალებას, რომელსაც აძლევდნენ, მათივე ხელით გასცემდა. მას წერა-კითხვა არასოდეს უსწავლია, მაგრამ ბიბლია შეიძინა და საავადმყოფოში მასთან მოსულ ღმრთისმოსავ ადამიანებს წაკითხვას აიძულებდა. ამგვარად, მთელი წმიდა წერილი დაისწავლა, თუმცა, როგორც ვთქვით, წერა-კითხვის უცოდინარი იყო. სერვულა ავადმყოფობაში დღისით თუ ღამით ღმერთს სამადლობელ ჰიმნებსა და საგალობლებს აღუვლენდა. მაგრამ როდესაც მოახლოვდა ჟამი, ასეთი ტანჯვისათვის მისაგებელი მიეღო, მისი სხეული გამოცოცხლდა. სიკვდილის მოახლოვება რომ იგრძნო, სერვულამ მნახველებსა და საავადმყოფოში მცხოვრებთ სთხოვა წამომდგარიყვნენ და აღსასრულის მოლოდინში მასთან ერთად ფსალმუნები ეგალობათ. მაგრამ სიკვდილის წინა გალობა უეცრად მისმა შეძახილმა შეწყვიტა. მან თქვა: "გაჩუმდით! ნუთუ არ გესმით, როგორი ქება აღევლინება ზეცაში?" სწორედ იმ დროს, როდესაც მან გულისყური ქების საგალობელს მიაპყრო, რომელიც შინაგანად ესმოდა, მისი წმიდა სული სხეულს გაეყარა. მისი განსვლის ჟამს იქაურობას ისეთი კეთილსურნელება მოეფინა, რომ იქ მყოფებმა გამოუთქმელი სიტკბოება შეიგრძნეს და ამით ცხადად მიხვდნენ, რომ ქების საგალობლებით სერვულას სული ზეცაში იქნა მიღებული. ამ დროს იქ ჩვენი მონაზონი იმყოფებოდა, რომელიც დღესაც ცოცხალია და ტირილით ამოწმებს, რომ დაკრძალვამდე მიცვალებულის ნესტოებიდან კეთილსურნელება იფრქვეოდა.

თავი მეთხუთმეტე

ღმრთისმსახურ რომულას აღსასრული

სახარების შესახებ საუბრებში, როგორც მახსოვს, ერთ ამბავს გიამბობდი, რომელიც თვით საუბრის დროს პრესვიტერმა სპეციოზმა დაადასტურა. ეს ამბავი მისთვისაც ცნობილი იყო. იმ დროს, როდესაც მონასტერში დავმკვიდრდი, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელ მარიამის ტაძართან ერთი ხნიერი მოწესე დედაკაცი, სახელად რედემპტა, ცხოვრობდა. იგი მონაზვნად ამ ქალაქში აღიკვეცა და ჰერუნდინას მოწაფე იყო, რომელიც მრავალი სათნოებით იყო შემკული და, როგორც ამბობენ, მეუდაბნოე ცხოვრებას პრეპესტინის მთებში ეწეოდა. რედემპტას მონაზვნობაში ორი მოწაფე ჰყავდა: ერთი, სახელად რომულა, ხოლო მეორეს, რომელიც ამჟამადაც ცოცხალია, სახით ვიცნობ, მაგრამ მისი სახელი არ ვიცი. ეს სამი დედაკაცი ერთ სახლში ღარიბულად ცხოვრობდა, მაგრამ სათნოებებით მდიდრები იყვნენ. რომულა, რომელიც ვახსენეთ, სათნოებებით მეორე მოწაფეს აღემატებოდა. ის საკვირველად მომთმენი, უაღრესად მორჩილი, მდუმარე და გულმოდგინე მლოცველი იყო. მაგრამ ძალიან ხშირად მათ, ვისაც ადამიანები სრულყოფილად მიიჩნევენ, შემოქმედის თვალში ჯერ კიდევ აქვთ ნაკლი, ისევე, როგორც გამოუცდელი ადამიანები ხშირად დაუსრულებელი ტვიფრის ხილვისას მას ვაქებთ, როგორც დასრულებულს, მხატვარი კი, თუმცა ჩვენი ქება ესმის, მუშაობას განაგრძობს, რომ დაასრულოს. რომულასაც მსგავსი რამ დაემართა. ის დაავადდა სნეულებით, რომელსაც ექიმები დამბლას უწოდებენ. რომულა მრავალი წლის მანძილზე ლოგინში იწვა და მოძრაობა თითქმის არ შეეძლო, მაგრამ მოთმინება ამგვარი ტანჯვითაც არ დაუკარგავს. პირიქით, სნეულება მისთვის სათნოებათა გამრავლების საშუალებად იქცა. იგი რაც უფრო ნაკლებ ძალას გრძნობდა, მით უფრო გულმოდგინედ ლოცულობდა. ერთ ღამეს მან უკვე ხსენებულ რედემპტას მოუხმო, რომელიც ორივე მოწაფეს საკუთარი ქალიშვილებივით ზრდიდა: "დედაო, მოდი, დედაო, მოდი აქ". რედემპტა მაშინვე ადგა და მეორე მოწაფესთან ერთად რომულასკენ გაემართა. ამ ამბავს ორივენი მიამბობდნენ, გარდა ამისა სხვებისგანაც გამიგონია. შუა ღამით ისინი რომულას საწოლთან იყვნენ. უეცრად ზეციდან გადმოსულმა ნათელმა სენაკი გაანათა და იმგვარად ბრწყინავდა, რომ იქ მყოფთა გულები გამოუთქმელი შიშით აავსო. როგორც შემდეგ თვითონ მოგვითხრობდნენ, მათი სხეულები ძრწოლამ გააშეშა და უძრავად იდგნენ. შემდეგ შარიშური გაისმა, თითქოს ადამიანთა დიდი ჯგუფი მოძრაობდა. სენაკის კარმა რყევა დაიწყო, თითქოს მრავალი შემომსვლელი მიაწყდა. საწოლთან მდგომი დედები გრძნობდნენ, როგორც თვითონ ამბობდნენ, შემოსულთა იქ ყოფნას, მაგრამ დიდი შიშისა და სინათლის გამო თვალები დახუჭული ჰქონდათ და ვერაფერს ხედავდნენ. სინათლეს არაჩვეულებრივი კეთილსურნელება მოჰყვა და სასიამოვნო სურნელმა ისინი დაამშვიდა. რომულამ ალერსიანი ხმით დააწყნარა ათრთოლებული რედემპტა, რომელიც მისი განმსწავლელი იყო სათნოებებში: "ნუ გეშინია, დედაო, ჯერ არ ვკვდები". მან მრავალჯერ გაიმეორა ეს სიტყვები და ზეციდან გადმოსული სინათლის სიკაშკაშემ თანდათან იკლო, მაგრამ სურნელი დარჩა. ასე განვლო მეორე და მესამე დღემ, სენაკში მოფენილი სურნელი კიდევ იგრძნობოდა. მეოთხე ღამით მან კვლავ მოუხმო წინამძღვარს, მისი მოსვლისას წმიდა ზიარება ითხოვა და ეზიარა. რედემპტა და მეორე მოწაფე მის საწოლს არ შორდებოდნენ, – უეცრად მისი სენაკის წინ მგალობელთა ორი გუნდი გამწკრივდა და როგორც მოგვითხრობდნენ, ერთი დასი მამაკაცების ხმით ფსალმუნებს გალობდა, ხოლო მეორე – დედაკაცების ხმით ბანს აძლევდა. რომულას სენაკის წინ ზეციური გალობის ჟამს მისი წმიდა სული გათავისუფლდა ხორცის საკრველთაგან. როდესაც ის ზეცად მაღლდებოდა, მგალობელთა გუნდები რაც უფრო ზევით მიიწევდნენ, ფსალმუნთა გალობა მით უფრო სუსტად ისმოდა, ვიდრე გალობის ხმაც და კეთილსურნელებაც საბოლოოდ არ განეშორა იქ მყოფთაგან.

თავი მეთექვსმეტე

მონაზონ თარსილას აღსასრული

ზოგჯერ სხეულიდან გამომავალ სულს სანუგეშოდ თვით ცხოვრების მომცემელი ეცხადება. იმავეს გავიმეორებ, რაც სახარებაზე საუბრის დროს უკვე გადმოგეცი დეიდაჩემის – თარსილას შესახებ. ის ორი დანარჩენი დისგან დაუცხრომელი ლოცვით, სიფხიზლითა და თავშეკავებით გამოირჩეოდა და ამ სათნოებების მეოხებით უდიდეს სიწმინდეს მიაღწია. მას ძილში პაპაჩემის პაპა, რომის ეკლესიის წინამძღვარი ფელიქსი ეჩვენა, მარადიული ნათლის სავანე აჩვენა და უთხრა: "მოდი, ამ ნათლის სავანეში მიგიღებ". თარსილა მაშინვე ციებამ შეიპყრო და სიკვდილის პირას აღმოჩნდა. როგორც წარჩინებულ ადამიანთა აღსასრულის ჟამს ნათესავთა სანუგეშოდ ბევრი ხალხი იკრიბება, ასევე თარსილას აღსასრულის ჟამსაც მის სარეცელთან თავი მრავალმა ადამიანმა მოიყარა. უეცრად მან ზევით აიხედა, მომავალი იესო დაინახა და იქ მყოფთ ხმამაღლა უთხრა: "გზა მიეცით, გზა მიეცით! იესო მობრძანდება!" და მაშინვე, როგორც კი მზერა გამოცხადებულ უფალს მიაპყრო, მისმა სულმა სხეული დატოვა. უეცრად საოცარი კეთილსურნელება დაიფრქვა, რომელმაც თავისი სიტკბოებით ყველას მიანიშნა, რომ სიტკბოების მიზეზი მართლაც მობრძანდა. როდესაც მის სხეულს გასაპატიოსნებლად სამოსელი გახადეს, იდაყვებსა და მუხლებზე საშინელი წანაზარდები იხილეს, რომლებიც აქლემის კუზებს ჰგავდა, რისი მიზეზიც ლოცვის დროს ხანგრძლივი მუხლთა დრეკა იყო. მიცვალებულის სხეულმა ცხადყო, სიცოცხლის ჟამს მისი სული მუდმივად რას იქმოდა.

თავი მეჩვიდმეტე

ყრმა მუზას აღსასრული

ვერ დავდუმდები იმის შესახებ, რასაც ზემოთ ხსენებული ღმრთის მონა პრობი თავისი დის, მცირეწლოვანი მუზას შესახებ მიამბობდა. ერთ ღამეს მას ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, მარადქალწული მარიამი გამოეცხადა და თეთრებში შემოსილი მისი ტოლი ქალწულები უჩვენა. მუზამ მათთან შეერთება მოისურვა, მაგრამ ვერ გაკადნიერდა. ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი დაეკითხა, მათთან შეერთება და მისი მსახურება ხომ არ სურდა. ყრმამ ღმრთისმშობელს მიუგო: "მსურს", – და მისგან მაშინვე ემცნო, რომ ამიერიდან არაფერი ბავშვური და დაუფიქრებელი აღარ ჩაედინა, სიცილისა და გართობისაგან თავი შეეკავებინა და ოცდამეათე დღეს მის სამსახურებლად იმ ქალწულთა შორის შეირაცხებოდა, რომლებიც იხილა. ამ ხილვის შემდეგ ყრმა სრულიად შეიცვალა, ბავშვური სიცელქე მიატოვა და ცხოვრებას მკაცრად წარმართავდა. მისმა ამგვარმა ცვლილებამ მშობლები გააკვირვა და მიზეზი ჰკითხეს. მუზამ უამბო, რაც მას ღმრთისმშობელმა ამცნო, და გამოაცხადა, მის სამსახურებლად რომელ დღეს წარდგებოდა. ოცდამეხუთე დღეს ის ავად გახდა. ოცდამეათე დღეს, როდესაც მისი აღსასრული მოახლოვდა, მუზამ მისკენ მომავალი ღმრთისმშობელი იმ ქალწულებთან ერთად იხილა, რომლებიც ხილვაში გამოეცხადნენ. ღმრთისმშობლის ძახილზე მან თვალები კრძალვით მილულა და ხმამაღლა უპასუხა: "დედოფალო ჩემო, მოვდივარ! დედოფალო ჩემო, მოვდივარ!" ამ სიტყვებით სული განუტევა და უმანკო სხეულიდან წმიდა ქალწულებთან დასამკვიდრებლად გავიდა.

პეტრე: რამდენადაც კაცთა მოდგმა ურიცხვ ცოდვებს არის დამონებული, ვფიქრობ, ზეციური იერუსალიმი უმეტესად მცირეწლოვანი ყრმებითა და ჩვილებით არის სავსე.

თავი მეთვრამეტე

ზოგიერთ ყრმას მშობლები ცუდი აღზრდით ცათა სასუფევლის კარს უკეტავენ; ღმრთის მგმობი ყრმის შესახებ

გრიგოლი: მართალია, უნდა გვწამდეს, რომ ჩვილობაში გარდაცვლილი ყველა მონათლული ჩვილი ცათა სასუფეველში შედის, მაგრამ ისიც სარწმუნოა, რომ მცირეწლოვან ყრმათაგან, რომელთაც უკვე ლაპარაკი შეუძლიათ, ცათა სასუფეველში ყველანი არ შედიან. ზოგიერთ მათგანს იქ შესასვლელ კარს ცუდი აღზრდით მშობლები უკეტავენ.

ჩვენს ქალაქში ყველასთვის ცნობილ ერთ ადამიანს, სამიოდე წლის წინ ხუთი წლის ვაჟი ჰყავდა, რომელსაც გადამეტებული ხორციელი სიყვარულის გამო ცუდად ზრდიდა. ბიჭი, როგორც კი რაიმე წინააღმდეგობა შეხვდებოდა, ჩვეულების გამო (გამოთქმაც კი მიჭირს), ღმრთის სახელს გმობდა. სამი წლის წინ ის მძიმედ დაავადდა და სიკვდილის პირას მივიდა. როდესაც მამას ის ხელში ჰყავდა, უეცრად ბიჭი ზარდაცემული ათრთოლდა, როგორც იქ მყოფნი მოწმობდნენ, რადგან მისკენ მომავალი ბოროტი სულები დაინახა, და აყვირდა: "მიშველე, მამა, მიშველე". ყვირილის დროს მან სახე მიიბრუნა, რათა მათ მამის მკერდზე დამალვოდა. მამა აკანკალებულ შვილს დაეკითხა, რას ხედავდა. ბიჭმა უპასუხა: "ჩემს წასაყვანად შავი კაცები მოვიდნენ". ამის წარმოთქმისთანავე მან ღმერთის სახელი შეურაცხყო და სულიც განუტევა. ყოვლისშემძლე ღმერთს რომ ეჩვენებინა, თუ რატომ მიეცა ბავშვი ასეთ მტანჯველებს, დაუშვა მომაკვდავს ის გაემეორებინა, რის გამოსწორებასაც მამა მის სიცოცხლეში არ ცდილობდა; იმიტომ დაუშვა, რომ ბავშვმა მთელი ცხოვრება ღმრთის გმობაში გაატარა და ის სიკვდილის წინაც გამოთქვა, რათა მამამისს თავისი შეცოდება შეეცნო და დაენახა, რომ მცირეწლოვანი შვილის სულზე არ ზრუნავდა და გეენიის ცეცხლისთვის არცთუ მცირე ცოდვილი აღზარდა. მაგრამ ეს სამწუხარო ამბავი დავტოვოთ და სანუგეშოს მივხედოთ, როგორც დასაწყისში ვაკეთებდით.

თავი მეცხრამეტე

ღმრთისმოსავი მოსაგრის, სტეფანეს, აღსასრული

ზემოთ ნახსენები პრობისა და სხვა ღმრთისმოსავ კაცთაგან შევიტყვე ის, რაც მსმენელთ სახარების შესახებ საუბარში ღირსი მამის, სტეფანეს შესახებ მოვახსენე. ამ მამას, როგორც პრობი და სხვა მოწმენი გადმოგვცემენ, არაფერი შეუძენია ამქვეყნად და არც არაფერი ებადა, ღმრთის გულისათვის უპოვარება უყვარდა. განსაცდელს ყოველთვის მოთმინებით იტანდა, საერო თავყრილობებს ერიდებოდა და მუდამ ლოცვა სწყუროდა. მის სათნოებათაგან ერთის შესახებ გიამბობ, რომლის მიხედვით შეგიძლია დანარჩენზეც იმსჯელო. ერთხელ მან კალოზე მომკილი ხორბლის თავთავები წაიღო, რომელიც საკუთარი ხელით დათესა. ამ ხორბლის გარდა, თავის სარჩენად მას და მის მოწაფეებს მთელი წლის მანძილზე არაფერი ებადათ. ერთმა ბოროტმა ადამიანმა, რომელიც უძველესმა მტერმა წააქეზა, ხორბალს კალოზე ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. სხვამ ეს დაინახა და ამბის სათქმელად ღმრთის მონასთან გაიქცა. მოყოლა რომ დაამთავრა, ბოლოს დაამატა: "ვაი, საწყალო სტეფანე, ეს რა დაგემართა". სტეფანემ ნათელი სახითა და ხმით მყისვე მიუგო: "ვაი იმას, ვინც ეს ჩაიდინა; მე რა დამემართა?" ამ სიტყვებიდან ჩანს, თუ სათნოების რა მაღალ საფეხურზე იდგა ის, ვინც მთელი წლის სარჩო-საბადებელს სულის სიმშვიდით კარგავდა და უფრო მეტად ცოდვის ჩამდენი ებრალებოდა, ვიდრე – საკუთარი თავი, თუმცა მისი ცოდვით მასაც ევნო. ის იმას არ ანგარიშობდა, რაც გარეგანად დაკარგა, არამედ იმას წუხდა, რაც დამნაშავემ შინაგანად დაკარგა. როდესაც მისი აღსასრულის დღე დადგა, მრავალი ადამიანი შეიკრიბა, რათა თავიანთი სულები დასალოცად ასეთი წმიდა კაცის ლოცვისთვის მიენდოთ, რომელიც უკვე ამქვეყნიდან გადიოდა. შეკრებილნი მისი სარეცელის გარშემო იდგნენ. ზოგიერთი ანგელოზებს ხედავდა, მაგრამ ვერაფერს ამბობდა, სხვები ვერაფერს ხედავდნენ, მაგრამ ყველა იქ მყოფი ისეთმა ძლიერმა შიშმა მოიცვა, რომ ამ წმიდა სულის გასვლის დროს იქ დგომა ვერც ერთმა ვერ შეძლო. ცხადად იცნობოდა, თუ რა დიდი ძალა მიიქვამდა მომაკვდავის სულს, რომლის გასვლას ვერც ერთმა მოკვდავმა ვერ გაუძლო.

თავი მეოცე

სულის დამსახურება ზოგჯერ ცხადად გამოჩნდება არა აღსასრულის ჟამს, არამედ – სიკვდილის შემდეგ

იმის ცოდნაც გვმართებს, რომ ზოგჯერ სულის დამსახურებანი განცხადდება არა აღსასრულის ჟამს, არამედ სიკვდილის შემდეგ. მაგალითად, წმიდა მოწამენი, რომელთაც უსჯულოთაგან მრავალი ტანჯვა დაითმინეს, თავიანთი ძვლებით ნიშებსა და სასწაულებს ყოველდღიურად აღასრულებენ.

თავი ოცდამეერთე

წინამძღვარ ვალენტის ორი მონაზონი

ვალენტი, რომელიც ღირსეულ ცხოვრებას ეწეოდა, როგორც იცი, ჩემი მონასტრის წინამძღვარი იყო, ადრე კი ვალერიის ოლქში თავის მონასტერს წინამძღვრობდა. მძვინვარე ლონგობადები მაშინ მის მონასტერში მიიჭრნენ და, როგორც თავად მიამბობდა, მისი ორი მონაზონი ხეზე ჩამოახრჩვეს. ისინი იმ დღესვე დაკრძალეს. როდესაც მოსაღამოვდა, მიცვალებულთა სულებმა იმ ადგილზე სრულიად გარკვევით და ხმამაღლა იწყეს გალობა, იმდენად, რომ თვით მკვლელებმაც გაიგონეს, ძალიან გაუკვირდათ და შეშინდნენ. ეს ხმები იქ მყოფ ტყვეებსაც ესმოდათ და შემდგომში მოკლულთა მიერ ფსალმუნთა გალობას ადასტურებდნენ. ყოვლისშემძლე ღმერთმა შესაძლოა ამ სულების ხმები ხორციელი სმენისთვის მისაწვდომი იმიტომ გახადა, რომ ჯერ კიდევ ხორცში მყოფთ ისწავლონ – თუკი ღმერთს მოემსახურებიან, სხეულის სიკვდილის შემდეგაც ჭეშმარიტი ცხოვრებით იცხოვრებენ.

თავი ოცდამეორე

იღუმენ სურანის აღსასრული

ჯერ კიდევ მონასტერში ყოფნისას ზოგიერთი კეთილმსახური კაცისაგან შევიტყვე, რომ ლონგობარდების შემოსევის დროს სურის ოლქში მონასტრის წინამძღვარი სურანი იყო. ის ყველაფერს, რაც კი მონასტერში ჰქონდათ, მასთან მისულ ტყვეებსა და ლონგობარდებისგან თავის დასაღწევად გაქცეულთ აძლევდა. მან თავისი და ძმების სამოსელი, მონასტრის მარაგი და რაც ბაღში ჰქონდათ, მთლიანად გასცა და ამგვარად, მთელი ქონება დაარიგა. მალე ამის შემდეგ ლონგობარდები მოვიდნენ, ის შეიპყრეს და ოქრო მოსთხოვეს. როდესაც მან უთხრა, რომ არაფერი აღარ აქვს, მათ მეზობელ მთაზე აიყვანეს, სადაც ვრცელი ტყე იყო. იქ ხის ფუღუროში ერთი გაქცეული ტყვე იმალებოდა. ამ ხის სიახლოვეს ლონგობარდმა სახელგანთქმულ მოსაგრეს თავი მახვილით მოჰკვეთა. როდესაც მისი სხეული მიწაზე დავარდა, მთაც და ტყეც მყისვე შეზანზარდა. მთრთოლვარე მიწა თითქოს გამოხატავდა, რომ მის უდიდეს სიწმინდეს ვერ იტევდა.

თავი ოცდამესამე

მარსიის ეკლესიის დიაკვნის აღსასრული

მარსიის ოლქში ერთი ღირსეული დიაკვანი იყო. ის ლონგობარდებმა დაატყვევეს. ერთ-ერთმა მას მახვილით თავი მოჰკვეთა, მაგრამ როდესაც მისი უსულო სხეული მიწაზე დაეცა, მკვლელს არაწმიდა სული დაეუფლა, მიწაზე დასცა და ამით აჩვენა, რომ ღმერთის მეგობრის მკვლელი ღმერთის მტრის ხელთ აღმოჩნდა.

პეტრე: მითხარი გეთაყვა, ყოვლისშემძლე ღმერთი რატომ უშვებს უდიდესი სიწმინდის მქონე ადამიანები ასეთი სიკვდილით მოკვდნენ, რომელთა სიწმინდეს მათი სიკვდილის შემდეგ თვითონაც აღარ ფარავს?

თავი ოცდამეოთხე

ბეთილში გაგზავნილი წმიდა მოსაგრის აღსასრული

გრიგოლი: როდესაც დაწერილია: "მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა შინა იყოს" (სიბრძ. 4,7), მაშ, რჩეულთათვის, რომლებიც, უეჭველია, მარადიული ცხოვრებისკენ ისწრაფვიან, სასტიკი სიკვდილი რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს? შესაძლოა მცირე შეცოდებანი მათაც აქვთ, რომელთაგან ამგვარი სიკვდილით უნდა განიწმინდონ. ამიტომ ხდება, რომ განგდებულნი მართლებზე ძალაუფლებას იღებენ, ვიდრე ისინი ცოცხლები არიან, მაგრამ მათი სიკვდილის შემდეგ მტრებს სისასტიკით მიეგებათ, რადგან თავიანთი ხელმწიფებით შეუბრალებლად ისარგებლეს. ამგვარად, მკვლელი, რომელიც მიშვებული იქნა ღირსი დიაკვნის მიმართ ამგვარი სიშმაგე გამოეჩინა, ვიდრე წმინდანი ცოცხალი იყო, მისი სიკვდილით გახარებას ვერ მოესწრო. წმიდა წერილიც იმავეს მოწმობს. სამარიაში წარგზავნილმა კაცმა ღმერთის მიმართ დაუმორჩილებლობა გამოავლინა – გზაში ჭამა, რისთვისაც ის იმავე გზაზე ლომმა მოკლა. მაგრამ იქვე წერია: "ვირი იგი და ლომი დგა ჴორცთა მისთა თანა, და არა შეახო ლომმან მან ჴორცთა მათ კაცისა მის ღმრთისათა და არცა განხეთქა ვირი იგი" (3 მეფ. 13, 28). აქედან ჩანს, რომ დაუმორჩილებლობის ცოდვა თვით სიკვდილით განიწმინდა: იგივე ლომი, რომელმაც ის მოკლა, მიცვალებულს არ მიეკარა. მას მოკვლის ნება მიცემული ჰქონდა, მაგრამ გვამის შეჭმის უფლება არ ჰქონდა. ის, რომელმაც სიცოცხლეში შესცოდა, დაუმორჩილებლობისთვის მიღებული სასჯელით სიკვდილის შემდეგ გამართლდა. ამიტომ ლომი, რომელმაც ცოდვილს სიცოცხლე წაართვა, უკვე მართლის გვამს იცავდა.

პეტრე: მომწონს, რასაც შენ ამბობ, მაგრამ მინდა ვიცოდე, სხეულთა მკვდრეთით აღდგომამდე მართალთა სულები ზეცაში თუ მიიღებიან?

 

 

 

გაგრძელება

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა