martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმ. გრიგოლ პალამა

ქადაგება სახარების სიტყვებზე: „ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაითა გიყონ კაცთა, და თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ“

„რომელმან დაჰბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისხმა-ყვნის ყოველნი საქმენი მათნი“ (ფსალმ. 32:15), ხორციელად გამოგვეცხადა ჩვენ და ინება, ყოფილიყო ჩვენი მოძღვარი. ახლა კი, დაზიანებულის აღსადგენად, ჩვენგან ითხოვს მხოლოდ იმას, რაც თავდაპირველად, ჩვენი შექმნისას ჩადო ჩვენს სულებში; რამეთუ თავისი მომავალი მოძღვრებისთვის მან შესაბამისი საფუძველი ჩაყარა, ხოლო დასაბამიდან დადგენილ წესრიგს შემდგომში მოძღვრებაც დაურთო. იგი   განწმენდს ცოდვის მიღებით გაშავებულ მშვენიერებას, რომელიც მისი ქმნილებისთვის თვისობრივია.
ამას განსაკუთრებით აჩვენებს დღევანდელი საკითხავი და ჩვენთვის განსამარტავად შემოთავაზებული სახარების სიტყვები: „ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაითა გიყონ კაცთა, და თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ“ (ლუკ. 6:31). მშვენივრად იწინასწარმეტყველა ესაია წინასწარმეტყველმა, როცა თქვა: „სიტყუაჲ შემოკლებული ყოს უფალმან ყოველსა ზედა სოფელსა“ (ესაია 10:23). რამეთუ ამ ერთ და მოკლე გამონათქვამში ქრისტემ მოიცვა მთელი სათნოება, ყოველი მცნება, თითქმის ყოველი კეთილი საქმე და სულის განწყობა.
ამიტომაც, მათე მახარებლის მიხედვით, ამ სწავლების გამოცხადების შემდეგ უფალმა დასძინა: „ესრეთ არს სჯული და წინაწარმეტყველნი“ (მათ. 7:12). ასევე სხვაგანაც, ყოველივეს ორ საწყისში აჯამებს და ამბობს, რომ ამ ორ მცნებაზე – ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე – ჰკიდია მთელი სჯული და წინასწარმეტყველნი (მათ. 22:40). ახლა კი მან ყველაფერი ერთამდე დაიყვანა; არა მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც სჯულსა და წინასწარმეტყველებშია, არამედ საერთოდ მოიცვა ყველა ადამიანის ყოველი კეთილი საქმე, რომელიც ახლა არა მხოლოდ ერთი (ისრაელის) ხალხისთვის, არამედ მთელი სამყაროსთვის დაადგინა სჯულად, უფრო სწორად კი მათთვის, ვინც ყოველი ხალხიდან შეუერთდება მას.
და არა მხოლოდ მოიცვა, არამედ აჩვენა, რომ თითოეული ამ ორ მცნებათაგან ბუნებითვეა ჩვენში ჩანერგილი. რამეთუ ეს არის ის, რასაც იაკობი, ძმა უფლისა, მოგვიწოდებს: „განიშორეთ ყოველი მწიკულევანებაჲ და მეტი იგი სიბოროტისაჲ, და სიმშვიდით შეიწყნარეთ ნერგი იგი სიტყვისაჲ, რომელი შემძლებელ არს ცხორებად სულთა თქუენთა“ (იაკ. 1:21). იგივე წინასწარ გამოაცხადა ღმერთმა იერემია წინასწარმეტყველის პირითაც: „აღთქუმა ვყო სახლსა ზედა ისრაელისასა... მივსცნე შჯულნი ჩემნი გონებათა მათთა“ (იერ. 31:31–33). რამეთუ სულში სურვილი – ეს აზრთა სამყაროს განეკუთვნება, რომლებშიც უფალმა ახლა ყველა სახარებისეული მცნება აღბეჭდა და გვამცნებს და გვავალდებულებს, ვიცხოვროთ ამის მიხედვით; რადგან, როგორც სიკეთის მოყვარემ და კაცთმოყვარემ, მან ჩვენსავე ბუნებაში ჩადო იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ.
ამ ძირითადი მცნების აღსრულებისკენ მოწოდებისას, უფალმა აჩვენა, რომ ჩვენში არა მხოლოდ ყოველი სახარებისეული მცნებაა ბუნებით ჩანერგილი, როცა თქვა: „ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაითა გიყონ კაცთა, და თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ“, არამედ აჩვენა ისიც, რომ ეს მცნება არის სამართლიანი, იოლი, სასარგებლო, ყველასთვის ადვილად მისაწვდომი და ბუნებით ნაცნობი.
რამეთუ, რა არის ეს? განა არ იცი, რომ ძმაზე განრისხება, მისი ლანძღვა და მსგავსი საქმეები ცუდია? და რატომ არ გსურს შენ თავად იყო მისი რისხვისა და ლანძღვის საგანი (და ეჭვგარეშეა, ეთანხმები ამას), არამედ მყისვე დამწუხრდები და, ამ მდგომარეობის ვერ მომთმენი, ყოველნაირად ცდილობ თავი აარიდო ამას? რა თქმა უნდა, იმ მიზეზით, რომ რისხვა ბოროტი საქმეა, უკანონო და მავნებელი.
ასევეა საქმე, თუკი ვინმე შენს მეუღლეზე ვნებიან და ზედმეტად ყურადღებიან მზერას შეაჩერებს; ასევეა მაშინაც, როდესაც ვინმე, არა მხოლოდ შენდამი მტრობის გამო, არამედ საერთოდაც, შენზე სიცრუეს ამბობს. მარტივად რომ ვთქვათ, ყოველივე ის, რაც იკრძალება სახარებისეული მცნებებით, ჩვენთვისაც მიუღებელია.
რა გვეთქმის ცოდვის იმ უკიდურესობებზე, რომლებიც მანამდეც აკრძალული იყო ძველი აღთქმის სჯულით, როგორიცაა: მკვლელობა, მრუშობა, ფიცის გატეხვა, ძალადობა და მსგავსი? რა გვეთქმის ამ ცოდვების საპირისპირო სათნოებებზე და იმაზე, თუ როგორ კმაყოფილნი ვართ, როდესაც მათ (სხვა ადამიანები) ჩვენს სასარგებლოდ აღასრულებენ? ხედავ, რომ შენ თავადაც იცი თითოეული ეს მცნება და აღიარებ მას სამართლიანად და სასარგებლოდ? და ამას გარდა – იოლადაც: რადგან შენ არ ჩათვლიდი მკაცრად გაკიცხვის ღირსად იმ ადამიანს, რომელიც შენზე მძვინვარებს, ცილს გწამებს ან რაიმე სხვაგვარად გიგებს მახეს, მართლაც რომ მიგაჩნდეს, რომ ამ ადამიანისთვის თითოეული ამ საქმისგან თავის შეკავება უკიდურესად ძნელია ან სრულიად შეუძლებელი.
ამრიგად, ნუ იქნება ისე, რომ როდესაც სხვა ადამიანისგან ითმენ ბოროტებას – ხარ რა მისგან შევიწროებული, მოტყუებული ან ზარალში ჩაგდებული – მაშინ სწორად განსჯიდე; ხოლო როდესაც თავად ავიწროებ მოყვასს, უსამართლოდ ექცევი მას ან ატყუებ, მაშინ სხვანაირად განსჯიდე და იმავე საქმეებს იმავე განაჩენს არ გამოუტანდე. არამედ იყავი მიუკერძოებელი მსაჯული და რისი ატანაც არ გსურს სხვა ადამიანისგან, როგორც უეჭველი ბოროტებისა, შენც ნუ გაუკეთებ მას; ხოლო სიკეთე, რომელიც გსურს, რომ მომდინარეობდეს შენთვის სხვა ადამიანისგან, იგივე აღესრულოს შენ მიერ მისთვისაც. ითხოვ რაიმეს ვინმესგან – მფარველობას, შესაძლოა, ან რაიმე სხვა შეწევნას – და, რა თქმა უნდა, გსურს ამის მიღება, მიგაჩნია რა ეს შენთვის სასარგებლოდ? განა ასე არ არის? ამიტომ, როდესაც სხვა გთხოვს შენ რაიმეს, ეცადე, რომ საკუთარი თავის ერთგული იყო, კარგად მოიფიქრე და შეასრულე ის, რასაც გთხოვს. მაგრამ, იქნებ ის ითხოვს რაიმე ისეთს, რაც აღემატება შენს შესაძლებლობებს? გააკეთე ის, რაც შენს ძალებშია; რადგან, შენ რომ მეტი შესაძლებლობა გქონოდა, გამოიყენებდი კიდეც მათ. „რამეთუ უკუეთუ გულმოდგინებაჲ იგი წინა ძეს, – ამბობს პავლე, – რაჲცა-იგი ვის აქუს, შეწირულ არს, არა რომელი-იგი არა აქუს“ (2 კორ. 8:12).
გსურს, რომ ყველას უყვარდე, იყო თანაგრძნობის ღირსი და მიგაჩნია, რომ მძიმე და აუტანელია განკითხვის თმენა, თუნდაც მცირედში შეგშლოდა რამე? მაშინ შენც გიყვარდეს ყველა, იყავი მიმტევებელი, მოერიდე განკითხვას, თითქოს ყოველ ადამიანში საკუთარ თავს ხედავდე და ამგვარად გამოგქონდეს განაჩენი, ამგვარი განწყობა გქონდეს და ასე იქცეოდე.
„რამეთუ ესე არს ნებაჲ ღვთისაჲ, – ამბობს პეტრე, მოციქულთა უპირატესი, – კეთილის მოქმედთათვის დადუმებად უგუნურთა კაცთა უმეცრებასა“ (1 პეტ. 2:15), ანუ: მათი (დადუმება სიკეთით), ვისაც ტყუილუბრალოდ ვძულვართ და არ სურთ მისცენ სხვებს ის, რის მიღებასაც თავად ესწრაფვიან სხვებისგან.
როგორ არ ვუწოდოთ უგუნური იმ ადამიანს, რომელიც იმავე ბუნების მიმართ იმავეს არ ისურვებს და ერთსა და იმავე მსჯავრს არ გამოიტანს, როდესაც თავად ბუნებამ ჩადო ჩვენში ეს იდენტური განსჯა და სურვილები? რადგან სურვილი იმისა, რომ ყველას ვუყვარდეთ და ყველასგან სიკეთეს ვხედავდეთ, ისევე როგორც ჩვენი მხრიდანაც იმავეთი მივაგებდეთ, ბუნებრივად აღმოცენდება ყოველ ჩვენგანში; მაშასადამე, სიკეთის კეთების სურვილი და ყველას მიმართ კეთილგანწყობის ქონა, ისევე როგორც საკუთარი თავის მიმართ იმავეს ხილვა, ჩვენში თანდაყოლილი გრძნობაა. რამეთუ შექმნილნი ვართ ყველანი ხატად სახიერისა (ღვთისა); მაგრამ შემოჭრილმა და გამრავლებულმა ცოდვამ ვერ ჩააქრო თითოეულ ჩვენგანში სიკეთის სიყვარული, თითქოს მისთვის არაფრით საშიში; თუმცა, მოყვასის სიყვარული, როგორც ყოველთა სათნოებათა თავი და გვირგვინი, მან დაამსხვრია, გახრწნა და უმაქნისი გახადა.
ამიტომ, განაახლებს რა ჩვენს ბუნებას და კვლავ მოგვიწოდებს მადლისკენ, რათა ვიყოთ მისი მსგავსნი, დებს რა თავის სჯულს ჩვენს გულებში, როგორც წინასწარმეტყველური სიტყვა ამბობს, იგი ბრძანებს: „ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაჲთა გიყონ კაცთა, და თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ. და უკუეთუ გიყუარდენ თქუენ მოყუარენი თქუენნი, რაჲ არს მადლი თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა მოყუარეთა მათთა ჰყუარობენ. და უკუეთუ კეთილის-მყოფელთა თქუენთა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ამას ჰყოფენ. და უკეთუ ავასხებდეთ მათ, რომელთაგან ესავთ კუალად მოღებასა, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ცოდვილთა ავასხებენ, რაჲთა მოიღონ სწორი“ (ლუკ. 6:31-34; მათ. 5:47).
აქ ერთ სახელში გაერთიანებით და მათთვის „ცოდვილთა“ წოდებით, იგი თავის სიტყვაში გულისხმობს როგორც მათ, ვინც არ არიან მის მიერ მოწოდებულნი (ანუ წარმართებს), ისე მათაც, ვინც მისი სახარების მიხედვით არ ცხოვრობენ, რითაც აჩვენებს, რომ ჩვენთვის არანაირი სარგებელი არ არის „ქრისტიანებად“ წოდებაში, თუკი ჩვენი საქმეებით წარმართებისგან არ განვსხვავდებით.
რამეთუ, როგორც დიდმა პავლემ უთხრა იუდეველებს, რომ „წინადაცუეთილებაჲ სარგებელ არს, უკუეთუ შჯულსა იმარხავ, ხოლო უკუეთუ გარდამავალ იყო შჯულისა, წინადაცუეთილებაჲ შენი წინადაუცუეთელება იქმნა“ (რომ. 2:25); ასევე, ახლა ქრისტე სახარების მიერ გვეუბნება ჩვენ: თქვენ, რომლებიც ჩემნი ხართ, მადლი გექნებათ ჩემგან, თუკი დაიცავთ ჩემს მცნებებს; ხოლო თუ თქვენ აკეთებთ იმავე საქმეებს, რასაც ცოდვილნი აკეთებენ, და მეტს არაფერს: გიყვართ მოყვარენი თქვენნი და კეთილს უყოფთ კეთილისმყოფელთა თქვენთა, მაშინ ეს თქვენ არანაირ კადნიერებას არ განიჭებთ ჩემ წინაშე.
იგი ამას ამბობს არა იმ მიზნით, რომ განაშოროს ადამიანები მათგან, ვისაც ისინი უყვართ, ან სიკეთის კეთებისგან მათთვის, ვინც მათ სიკეთეს უყოფს, ან ფულის დაბრუნების იმედით სესხის გაცემისგან, – არამედ იმის საჩვენებლად, რომ ყოველი ეს საქმე რჩება მისაგებლის გარეშე, როგორც აქავე თავისი საზღაურის მქონე, და სულს არანაირ მადლს არ სძენს და არ განწმენდს მას ცოდვისგან მოსული სიბილწისგან.
ასე რომ, ყოველივე ეს აქ წარმოდგენილი არანაირ სარგებელსა და მადლს არ მოუტანს სულს საუკუნო ჯილდოსთვის. ხოლო აქ არწარმოდგენილი (ანუ ამაზე უარესი საქმეები) უფრო დიდ გაკიცხვას იმსახურებს და სულს უფრო დიდ ზიანს აყენებს: რამეთუ ისინი, ვინც მათდამი სიყვარულის პასუხად სიყვარულითვე არ მიაგებენ და აწუხებენ თავიანთ მოყვარულებს, მეზვერეებზე და ცოდვილებზე უარესნი არიან.
რამდენად უარესნი არიან მათზეც კი ის ადამიანები, ვინც თავიანთი საქმეებითა და სიტყვებით საპირისპიროთი მიაგებენ იმაზე, რითაც სარგებლობენ თავიანთი მოყვარული და მზრუნველი ადამიანებისგან! ამგვარნი არიან, რა თქმა უნდა, ისინიც, ვინც ჯანყდება ქალაქის მმართველთა წინააღმდეგ, რომლებიც ყოველდღიურად არამცირედ საზრუნავს ტვირთულობენ მათთვის; ისინი, ვინც არ იჩენენ ჯეროვან ერთგულებას ღვთის მიერ დადგენილ მეფეთა მიმართ; ისინი, ვინც არ მდაბლდებიან ღვთის ძლიერი ხელის ქვეშ, არ ემორჩილებიან ქრისტეს ეკლესიას და უგუნურად მძვინვარებენ ეკლესიის წინამძღვართა წინააღმდეგ, რომლებიც იღწვიან მათთვის, ყოველგვარ სიკეთესა და სარგებელს უსურვებენ, ლოცულობენ და ზრუნავენ, რამდენადაც შესწევთ ძალა.
ხოლო ისინი, ვისაც არ სურთ სესხის მიცემა იმათთვის, ვინც აღუთქვამს აღებული თანხის დროულად დაბრუნებას, არამედ ითხოვენ პროცენტებს, თანაც მძიმეს, და მათ გარეშე არც კი სურთ ვერცხლის ჩვენება, არიან უსჯულონი და ცოდვილებზე უარესნიც, რამეთუ არ ემორჩილებიან არც ძველი აღთქმის სჯულს და არც ახალ აღთქმას.
ახალი აღთქმა მოუწოდებს მათ, მისცენ სესხი მათაც კი, ვისგანაც არ აქვთ თანხის უკან დაბრუნების იმედი; ხოლო ძველი სჯული ამბობს: „ვეცხლი შენი არა მისცე მას ვახშად“ (ლევ. 25:37; 2 სჯულ 23:20) და აქებს მას, ვინც „ვეცლი მისი არა მისცა აღნადგინებად“ (ფსალმ. 14:5) და მიიჩნევს, რომ უნდა გაიქცე იმ ქალაქიდან, რომლის ქუჩებშიც, ანუ აშკარად, მევახშეობა და მზაკვრობა ბინადრობს (ფსალმ. 54:12).
ხედავთ, როგორ ართმევს მევახშე დიდებას არა მხოლოდ საკუთარ სულს, არამედ მთელ ქალაქსაც, რადგან მასზე არაადამიანობისა და საერთოდ ყოველგვარი უსჯულოების ბრალდება მოაქვს? რამეთუ, არის რა მისი მოქალაქე და მისი წყალობით შეძენილი ქონების მფლობელი, იგი თავის ქონებას არ იყენებს თემის საკეთილდღეოდ: არ სურს უპოვრებს მისცეს სესხად, ხოლო მცირე ქონების მქონეთ პროცენტით აძლევს, რათა მზაკვრულად წაართვას ის მცირე სახსარიც, რაც მათ საცხოვრებლად გააჩნიათ.
ამიტომაც, მექრთამეობისთანავე, წინასწარმეტყველი იხსენიებს მზაკვრობასაც და ამბობს: „ესერა განვეშორე სივლტოლითა და განვისუენე უდაბნოსა შინა… რამეთუ ვიხილე მე უშჯულოებაჲ და ხდომაჲ ქალაქსა შინა… და არა მოაკლდა უბნებსა მისსა აღნადგინები და ზაკუვაჲ.“ (ფსალმ. 54:8, 10, 12).
მაშასადამე, მევახშე ცდილობს გამდიდრდეს არა იმდენად ფულით, რამდენადაც ცოდვებით, რადგან ღუპავს მოვალის ცხოვრებას, ხოლო მასთან ერთად – საკუთარ სულსაც: რამეთუ პროცენტები არის თითქოს იქედნეს ნაშობნი, რომლებიც ბუდობენ ვერცხლისმოყვარეთა მკერდში და თითქოს წინასწარ აუწყებენ მათ იმ მომავალ დაუძინებელ ჭიებზე, რომლებსაც ვერ გადაურჩებიან მომავალ საუკუნეში.
თუკი ვინმე მათგანი მეტყოდა: რაკი შენ არ მრთავ ნებას ავიღო პროცენტი, მაშინ ჩემთვის შევინახავ ზედმეტ ვერცხლს და გაჭირვებულს უარს ვეტყვი სესხებაზეო; იცოდეს ასეთმა, რომ იგი თავის წიაღში ინახავს იქედნეს მშობელთ, რომლებიც მისთვისვე გახდებიან იმ დაუძინებელ ჭიათა მშობელნი!
აი, ამიტომაც, განგვაშორებს რა ამგვარ ბოროტებათა სიმრავლეს, იგი მოგვიწოდებს, გვიყვარდეს ჩვენი მტრები, კეთილი ვუყოთ მათ და ვასესხოთ იმათ, ვისაც არ აქვს ვალის დაბრუნების შესაძლებლობა, და ნუ ველოდებით მათგან ნურაფერს; „და იყოს სასყიდელი თქუენი მრავალ, და იყვნეთ ძე მაღლის, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათვისცა და უკეთურთა“ (ლუკ. 6:35).
ასე რომ, როდესაც შენ სიკეთეს უყოფ მათ, ვინც ბოროტებას გიკეთებს, და აძლევ მათ, ვინც ვალს ვერ გიბრუნებს, ნუ ჩათვლი, რომ შენი ქონება ფუჭად დაიკარგა; რამეთუ ახლა კეთილ საქმეთა თესვის დროა, ხოლო თესვის შესაბამისი მკის დრო მომავალ საუკუნეს განეკუთვნება.
ამრიგად, ნუ დაჰკარგავ იმედს თესვასა და მკას შორის დროის დაშორების გამო, არამედ მთელი ძალისხმევით იყავი შენი სიკეთის უკვდავმყოფელი, ისევე როგორც აქ ბოროტის ჩამდენი საუკუნოდ იმზადებს თავისთვის ბოროტებას. რამეთუ ვინც რას დასთესს აქ, იმასვე მოიმკის იქ, თანაც უდიდესი ნამატით.
ასე რომ, თუკი შენ აქ შენი საქმეებით მიემსგავსები ღვთის ძეს და კეთილი იქნები ყველას მიმართ, როგორც ის არის სახიერი ყოველთა მიმართ, მაშინ იქ უხვად მიიღებ მის მსგავსებას, მაღლის დიდების ნათლით განათლებული, და საუკუნოდ დარჩები მათთან, ვისთანაც იქნება ქრისტე, ღმერთი ღმერთთა შორის (იხ. ფსალმ. 81:1), რომელმაც განაწესა მარადიული ნეტარების ღირსებანი.
რამეთუ სწორედ ეს გამოაჩინა მან, როდესაც დასძინა: „და იყვნეთ ძე მაღლის, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათვისცა და უკეთურთა“. რადგან სწორედ თავისი სახიერების გამო ღვთის ძემ მოდრიკა ცანი, გარდამოხდა ქვეყნად, გახდა ძე კაცისა, გვამცნო და აღასრულა ყოველივე ეს, და ბოლოს, იტანჯა რა, მოკვდა ჩვენთვის, აღდგა და კვლავ ამაღლდა ზეცად, რათა ჩვენ ზეციურნი, უკვდავნი და ღვთის შვილნი გავეხადეთ.
ასე რომ, რასაც იგი ახლა ჩვენგან ითხოვს: მტრების სიყვარულს, სიკეთის კეთებას, სესხის მიცემას იმათთვის, ვინც ვერ დააბრუნებს, – არა მხოლოდ შეგვშვენის, რომ აღვასრულოთ და სასარგებლოა ჩვენთვის, როგორც ეს ზემოთ ითქვა, არამედ – მცირედია იმასთან შედარებით, რაც მისგან მოგვეცემა ჩვენ. რამეთუ მან საკუთარი თავი მისცა ჩვენთვის, რომელთაც არაფერი გვქონდა მისაცემი ამის სანაცვლოდ, მანამდე მრავალი გამოვლინებით უმადური და ბოროტი ვიყავით; ის ჩვენ მოგვიწოდებს, გავცეთ სესხი ჩვენი ნამეტნავიდან და სიკეთე ვყოთ იმ ქონებიდან, რომელსაც ვფლობთ. მაგრამ რა არის ეს და რამდენი?! და აი, ამ მცირედის სანაცვლოდ იგი გვაძლევს თავისსავე მსგავსებას, გვანიჭებს უზენაეს შვილობას ღვთისას და ზეციურ ჯილდოებს, როცა ამბობს: „იყვენით მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქვენი მოწყალე არს“ (ლუკ. 6:36), რომლისა თანა შვენის მას დიდება სულით წმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

isari

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა