martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 67

მონაზვნობა დასავლეთსა და აღმოსავლეთში. განათლება X-XI საუკუნეებში. საერთო მიმოხილვა.

 

ჩვენს მიერ წინა თავში აღწერილ ხანას ისტორია სამართლიანად უწოდებს ბნელი საუკუნეების ეპოქას. ეს მართლაც ასე იყო განათლებისა და ქრისტიანული ცხოვრების თვალსაზრისით. პატივმოყვარულმა მისწრაფებებმა, ზრუნვამ ამსოფლიურ სიკეთეთა მოხვეჭაზე დასავლეთის ეკლესიის მესვეურებს სრულიად დაავიწყა თავიანთი ნამდვილი მოვალეობა. ხალხში უმეცრება და ცრურწმენა გამეფდა, რაკი მათ არ ჰქონდათ წმინდა წერილი თავიანთ მშობლიურ ენაზე. სარწმუნოებაც, ლოცვებიც და სინანულიც მათთვის რაღაც ზედაპირული, იძულებითი, ცხოველმყოფელ ძალას მოკლებული კანონი იყო. მეცნიერული განათლების დონე ხომ საერთოდ დაეცა – თითქოს დაიშრიტა, ჩაკვდა... სწავლულთა ნაშრომებს, რომლებიც ღვთისმეტყველებისა და ფილოსოფიის განყენებულ საკითხებს ეხებოდნენ, უმრავლესობა ვერ იგებდა. რა თქმა უნდა, უღირს ეპისკოპოსთა შორის იყვნენ მოშურნე, ჭეშმარიტად ქრისტიანი მწყემსები, რომლებიც დიდად განიცდიდნენ ქრისტიანული ზნეობის დაცემას და საკუთარი სამწყსოს განათლებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებდნენ.

ასეთი იყო რაფერიუსი, ვერონის ეპისკოპოსი, X საუკუნის ერთ-ერთი თვალსაჩინო და ღირსეული პიროვნება. იგი გამუდმებით ცდილობდა, თავისი სამწყსოსთვის აეხსნა ქრისტიანული რჯულის ჭეშმარიტი მოთხოვნები; ებრძოდა უღირს მოძღვრებს, ცდილობდა სასულიერო პირთა ზნეობის ამაღლებას, მღვდლებს უკრძალავდა ტავერნებში თრობას და შემდეგ ღვთისმსახურების ჩატარებას, მონადირე ძაღლების ყოლას, ეკლესიაში იარაღით მისვლას... სასულიერო პირებს მანამდეც ეკრძალებოდათ იარაღის ტარება, მაგრამ ამ წესს თითქმის არავინ იცავდა. ეპისკოპოსები ხშირად ბრძოლაშიც კი იღებდნენ მონაწილეობას. მაგალითად, თავად პაპი ლეონ IX წაუძღვა ლაშქარს ნორმანების წინააღმდეგ საომრად. როდესაც იგი დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა, ბევრმა ეს აღიქვა, როგორც სასჯელი საეკლესიო კანონის დარღვევისთვის.

X საუკუნეში მოღვაწე ღირსეული ეპისკოპოსი იყო ბრუნო კელნელი, იმპერატორ ოტონ I ძმა. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა სამონასტრო რეფორმას, სასულიერო პირთა განათლებას, უყვარდა მეცნიერება, მონაწილეობდა სახელმწიფო საქმეებშიც. იგი ყველგან დაჰყვებოდა თავის ძმას, აძლევდა ბრძნულ რჩევებს და კეთილისმყოფელ ზეგავლენას ახდენდა მასზე, რისთვისაც თანამედროვეებმა მას „მშვიდობისმყოფელი“ და „დიდი ეპისკოპოსი“ შეარქვეს. მას მხოლოდ ერთს საყვედურობდნენ – ფილოსოფიისადმი გადაჭარბებულ ინტერესს.

ფართო განათლებით გამოირჩეოდა ჰერბერტი, იმპერატორ ოტონის მოძღვარი, რომელიც მოგვიანებით პაპი სილვესტრ II გახდა. ქრისტიანული სათნოებებით, ქველმოქმედებებითა და თავმდაბლობით იყვნენ გამორჩეულნი: ვილიგის მაინცელი, ბერნგარდ ჰილდესჰეიმელი, რადბოდ ტრირელი, ადალბერ მაინცელი. მათ ბევრი იღვაწეს ხალხში განათლების დონის ასამაღლებლად.

საერთოდ იმ პერიოდში გერმანიას, შედარებით იტალიასა და საფრანგეთთან, უფრო ღირსეული მწყემსნი და ხელისუფალნი ჰყავდა. მაშინ, როდესაც პაპის კარი უსაშინლეს მანკიერებათა ბუდე იყო, ხოლო საფრანგეთში პირველი კაპეტინგების დროს გარყვნილება და სიტლანქე ბატონობდა, გერმანიის იმპერატორები საქსონელთა საგვარეულოდან: ჰენრიხ ფრინველმჭერი (919-936 წწ.), ოტონები და სხვები გამოირჩეოდნენ მაღალი ზნეობით, ზრუნავდნენ სარწმუნოებისა და განათლების გავრცელებაზე. თავიანთი ქველმოქმედებითა და ღვთისმოსაობით გაითქვეს სახელი ოტონის დედამ მატილდამ, მეუღლემ ედიტმა და ასულებმა, რომლებმაც მონასტერში დაასრულეს სიცოცხლე.

გერმანელები, ფრანგებთან შედარებით, უფრო ღრმად იცნობდნენ ქრისტიანობას. მართალია, წმინდა წერილის გერმანული თარგმანი არ არსებობდა, მაგრამ ჯერ კიდევ IX საუკუნის ლექსებითა და პოემებით ხალხი სახარებისეულ მოვლენებს ეცნობოდა. ერთ-ერთი ასეთი პოემაა „მხსნელი“. ასევე აღსანიშნავია აბატ ოტფრიდის ლექსები სახარებისეულ თემებზე.

ამავე პერიოდის ინგლისს ჰყავდა ბევრი ღვთისმოსავი, მაგრამ უსუსური მეფე; მათზე დიდი გავლენა ჰქონდათ ეპისკოპოსებს, რომელთაგან განსაკუთრებით ცნობილია X საუკუნის მოღვაწე დუნსტან კენტერბერიელი – მკაცრი, გამჭრიახი გონებითა და ძლიერი ნებისყოფით დაჯილდოებული. იგი ჯერ კიდევ გლასტონბერის მონასტრის წინამძღვარი იყო, როდესაც მთელ სახელმწიფო საქმეებს მართავდა მეფეების ედმუნდის (940-946 წწ.) და ედრედის (946-955 წწ.) დროს. დუნსტანი სრულად იზიარებდა ცრუისიდორეს დეკრეტალიებს და სასულიერო ხელისუფლებას საეროზე მაღლა აყენებდა; ცდილობდა, ინგლისში დაეკანონებინა კლირიკოსთა უქორწინებლობისა და მონაზვნობის უმკაცრესი წესები. მან თავისი მოღვაწეობის გამო ბევრი გადაიმტერა და იძულებული შეიქნა, დროებით გასცლოდა ინგლისს, საიდანაც ასევე გააძევეს ყველა ბენედიქტელი მონაზონი, მათი მონასტრები კი დაარბიეს. ახალმა მეფემ გადასახლებიდან დააბრუნა დუნსტანი, რომელიც ეპისკოპოსად აირჩიეს და ცოტა ხანში კენტერბერიის არქიეპისკოპოსის ხარისხშიც აიყვანეს. იგი ოცდაათი წლის განმავლობაში განაგებდა სახელმწიფო საქმეებს; ინგლისში დააბრუნა ბენედიქტელები; მონასტრებსა და სასულიერო პირებს მკაცრად, ზოგჯერ სასტიკადაც კი მართავდა. დუნსტან კენტერბერიელი აღესრულა 988 წელს.

საერთოდ, X საუკუნეში და მომდევნო ხანაშიც მონაზვნობას დიდ ყურადღებას უთმობდნენ და ბევრს ზრუნავდნენ მოშლილი მონასტრული ცხოვრების გარდაქმნაზე. გერმანიისა და საფრანგეთის საუკეთესო ეპისკოპოსები და წინამძღვრები მონასტრებში შედარებით მკაცრი წესების შემოღებას ცდილობდნენ, თუმცა წარუმატებლად. X საუკუნეში ბურგუნდიელი გრაფი ბერნონი, მონაზვნად შედგომის შემდგომ, შეეცადა მკაცრი წესრიგის აღდგენას ზოგიერთ სავანეში. 910 წელს მან დააარსა და სანიმუშო მონასტრად აქცია კლიუნის სავანე; იქ აღზრდილი მონაზვნები სხვა სავანეებშიც ამკვიდრებდნენ კლიუნის მონასტრისთვის დამახასიათებელ კეთილმსახურებისა და მკაცრი წესრიგის სულს. ბევრმა ღირსეულმა იღუმენმა განამტკიცა ამ სავანის დიდება. ხოლო კლიუნის წინამძღვარი, რომელსაც მრავალ მონასტერზე მეთვალყურეობის უფლება ჰქონდა, მთელი საფრანგეთის მონასტრების იღუმენთა შორის უპირატესი იყო. ამ დროს ფართოდ გაითქვა სახელი ბერნონის მემკვიდრე აბატმა ოდონმა (აღესრ. 942 წ).

X საუკუნეშივე, როდესაც საფრანგეთში კლიუნის მონაზვნები მკაცრი სამონაზვნო ცხოვრების აღდგენას ცდილობდნენ, იმავე მისწრაფებებმა იჩინა თავი იტალიაშიც. ზნეობრივი გახრწნილებითა და ქრისტიანული ცხოვრების საყოველთაო დაქვეითებით აღშფოთებული ღვთისმოსავი მამები ძველ მეუდაბნოეთა მკაცრ მოღვაწეობას ჰბაძავდნენ და მიდიოდნენ უკაცრიელ ადგილებში. მაგრამ დიდი ხნით განმარტოებულ ცხოვრებას ბევრი ვერ ახერხებდა. მათი მკაცრი და წმინდა ცხოვრების შესახებ გავრცელებული ცნობები იზიდავდა უამრავ მოწაფეს, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ ამ მამების წინამძღვრობით აირიდებდნენ ცოდვილი სამყაროს საცდურსა და გატაცებებს. ასე თანდათან იქმნებოდა სავანეები.

ამ ტენდენციამ განსაკუთრებით X საუკუნის დასასრულს იჩინა თავი. იმხანად ქალაქები, ყველაზე მეტად კი სამეფო კარი საშინელ გარყვნილებას მოეცვა. მონაზვნები თავაშვებულ ცხოვრებას ეწეოდნენ, ხალხში უმეცრება ზეიმობდა – რწმენას ცრურწმენა ცვლიდა. გავრცელდა აზრი, თითქოს საუკუნის დასასრულს გამობრწყინდებოდა ნათელი და დადგებოდა განკითხვის დღე. ეს აზრი ეყრდნობოდა აპოკალიფსის სიტყვებს: „და შეიპყრა ვეშაპი იგი – გუელი დასაბამისაჲ, რომელ არს ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა, და შეკრა იგი ათას წელ“ (გამოცხ. 20,2). ყველა ძრწოდა საშინელი სამსჯავროს მოლოდინში, მრავალი ტოვებდა სახლებს, თავს ანებებდა ვაჭრობას, ხვნა-თესვას და უდაბნოსა და მონასტრებს აფარებდა თავს. ყველაზე მოშურნენი საკუთარი სულის გადასარჩენად და ცოდვათა მისატევებლად თავიანთ ქონებას ეკლესია-მონასტრებს ურიგებდნენ, თავად კი იერუსალიმს მიემგზავრებოდნენ, რათა იქ დალოდებოდნენ ქრისტეს მეორედ მოსვლას. ითვლებოდა, რომ საშინელი სამსჯავრო იოსაფატის ველზე უნდა გამართულიყო. მაგრამ შიშისმომგვრელმა წელმა მშვიდობიანად ჩაიარა, საფრთხის მოლოდინიც განელდა, ისევ ანგარებიანმა ამსოფლიურმა გულისთქმებმა, უდარდელმა და ცოდვილმა ცხოვრებამ დაისადგურა...

აღნიშნული პერიოდის იტალიაში გაბრწყინდა უდიდესი წმინდანი, ბერძენი მონაზონი ნილოს კალაბრიელი. მას სიყმაწვილიდანვე სურდა, ღვთისთვის მიეძღვნა თავი და უდიდესი მოღვაწეების: ანტონი დიდისა და ილარიონ დიდის მაგალითებით შთაგონებულმა მკაცრი ცხოვრება აირჩია. მოაწყო რამდენიმე მონასტერი და შეუდგინა ტიპიკონი. მასთან ყოველი მხრიდან მიდიოდნენ რჩევა-დარიგებისა და კურთხევის მსურველნი – ღატაკნიც და მდიდრებიც, ჩაგრულნიც და ძალაუფლების მქონენიც... ნილოსი ყველას სიბრძნითა და სიყვარულით მოძღვრავდა, პირდაპირ ეუბნებოდა სიმართლეს ამა სოფლის ძლიერთ და მიუთითებდა, თუ როგორ დაარღვიეს ქრისტეს რჯული. მან იმდენად შთამბეჭდავად გაკიცხა იმპერატორი ოტონ III არქიეპისკოპოს იოანე პიაჩენელისადმი სასტიკი მოპყრობის გამო, რომ იმპერატორმა გვირგვინი მოიხადა და წმინდა მონაზონს ცრემლმორეულმა სთხოვა შენდობა და ლოცვა-კურთხევა. ნილოსი ხშირად მიდიოდა შორეულ მოგზაურობაში, რათა გამოჰქომაგებოდა და სიკვდილისაგან ეხსნა მსჯავრდებულნი. ყოფილა შემთხვევა, რომ ქალაქებისთვის აურიდებია საშინელი საფრთხე. მას დიდი გავლენა ჰქონდა ხალხსა და ხელისუფლებაზე. წმინდა ცხოვრებით გაითქვა სახელი, აგრეთვე, მისმა ერთ-ერთმა მოწაფემ – კრიპტო-ფერატის მონასტრის იღუმენმა ბართლომემ.

მეორე უდიდესი მოღვაწე იყო მონაზონთა მოძღვარი რომუალდი, რავენის ჰერცოგთა საგვარეულოდან. სიყმაწვილეშივე მიატოვა მან ამსოფლიური ბრწყინვალება და უმწიკვლო ცხოვრებით დიდი პატივისცემა მოიპოვა ხალხში. მისი ეშინოდათ ყველაზე ზნედაცემულ ადამიანებსაც კი; მის სიტყვას შეეძლო, ჩაგრულნი ხელისუფალთა ძალადობისგან ეხსნა. დააფუძნა რამდენიმე სავანე; ჰყავდა მრავალი მოწაფე; როგორც მქადაგებელმა, იმოგზაურა უნგრეთში. რომუალდმა სიცოცხლე დაასრულა აპენინის მთებში, მალდოლის ველზე თავის მიერ 1018 წელს დაარსებულ სავანეში. ამ მონასტრის ძმობა ცნობილი გახდა კამალდოლის ორდენის სახელწოდებით.

რამდენიმე წლით გვიან ფლორენციის მახლობლად, ვალამბროზას ველზე, იტალიელმა იოანე გუალბერტომ ასევე დააფუძნა მკაცრი კეთილმოწესეობით გამორჩეული სავანე. კამალდოს, ვალამბროზასა და მონტე-კასინოს მონასტრები ყველაზე მნიშვნელოვანი სავანეები იყო იტალიაში.

სამხრეთ იტალიაში ბევრი ბერძნული მონასტერი არსებობდა. მათმა რაოდენობამ განსაკუთრებით იმატა ხატთმბრძოლობის დროს, როდესაც აღმოსავლეთში დევნული მონაზვნები იძულებულნი ხდებოდნენ, თავშესაფარი უცხო მიწაზე ეძებნათ. სამხრეთ იტალია ძველთაგანვე იყო დაკავშირებული საბერძნეთთან, სადაც ბერძენმა დევნილებმა დაამკვიდრეს აღმოსავლეთში აკრძალული ხატწერა და მკაცრი სამონაზვნო წესდება. კალაბრიის მთებში მაშინ იმდენი მოღვაწე დასახლდა, იმდენი მონასტერი და მეუდაბნოეთა სკიტე მოეწყო, რომ ამ მხარეს ძველ ეგვიპტესაც კი ადარებდნენ. ბერძენი მონაზვნები ცხოვრების შედარებით მკაცრი წესებითა და ფართო განათლებით გამოირჩეოდნენ.

მართლმადიდებელი ეკლესია უდიდეს პატივს მიაგებს იტალიაში დაბადებულ მრავალ ბერძენ მოღვაწეს; ესენი არიან პირველი საუკუნეების წმინდანები: რეგიუმის ეპისკოპოსი სტეფანე, პანკრატი ტავრომენელი, მარკიანე სირაკუზელი, ნიკონი, მოწამე ალფეოსი, გრიგოლ აკრაგანტელი; VIII საუკუნეში ლეონ კატანელი; IX საუკუნეში მეთოდე (რომელიც დაახლოებით 840 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქი გახდა და დიდად იღვაწა ხატთა თაყვანისცემის აღსადგენად), იოსებ მგალობელი (პელოპონესზე გადასახლებული სიცილიელი, რომელმაც ბევრი ტანჯვა გადაიტანა იმპერატორ თეოფილესგან ხატთა თაყვანისცემის გამო. პატრიარქების: ფოტიოსისა და ეგნატეს დროს იგი წიგნისმკითხველი იყო წმინდა სოფიას ტაძარში, მანვე შეადგინა საეკლესიო საგალობლები, რომლებიც დღევანდლამდე სრულდება ეკლესიაში), მაღალი განათლებით გამოირჩეოდნენ ოტრანტოს ეპისკოპოსი მარკოზი, ტავრომენიონის ეპისკოპოსები გრიგოლი და თეოფანე, პეტრე სიცილიელი.

რაც შეეხება აღმოსავლეთს, მონაზვნობის აკვანს, იქ განდეგილური ცხოვრება გაცილებით მაღლა იდგა, ვიდრე დასავლეთში. მონასტრების რიცხვი კი მნიშვნელოვნად შემცირდა იმის გამო, რომ მონაზვნური ცხოვრების ტრადიციებით მდიდარ ბევრ ქვეყანაში ახლა მაჰმადიანები ბატონობდნენ. სარწმუნოებისადმი მოშურნეობით ანთებული ზოგი მოღვაწე მაინც უშიშრად სახლდებოდა მტრულად განწყობილი მოსახლეობის გარემოცვაში; ბევრმა მათგანმა ურწმუნოები გააქრისტიანა, ბევრიც მოწამებრივად აღესრულა. IX საუკუნის დასასრულს ედესელი თეოდორე მესვეტე თავდაუზოგავად ებრძოდა სირიაში მცხოვრებ ერეტიკოსებს; ნიკონ სომეხი სინანულს ქადაგებდა სომხეთში და კუნძულ კრეტაზე, სადაც მაჰმადიანთა ბატონობის გამო ბევრი განუდგა სარწმუნოებას. თავად კონსტანტინოპოლსა და მის შემოგარენში არსებული მონასტრები ცნობილნი იყვნენ თავიანთი ღვთისმსახურებითა და მონაზონთა განსწავლულობით. ამ პერიოდში მონაზვნობა განსაკუთრებით განვითარდა ათონის წმინდა მთაზე.

ვარაუდობენ, რომ ათონის მთაზე ქრისტიანობის პირველივე საუკუნიდან ცხოვრობდნენ მოღვაწენი, თუმცა მათ შესახებ არაფერია ცნობილი. იქ მრავლად იყო განდეგილთა სენაკები და გამოქვაბულები, სადაც მარტოსული მოღვაწენი ცხოვრობდნენ, თავს სრულად უძღვნიდნენ ღმერთს და ამიტომაც არ აღელვებდათ მიწიერი ცხოვრებისმიერი საფრთხეები. ისინი დღედაღამ ლოცულობდნენ, შრომითა და გაჭირვებით დამაშვრალთ ღვთისმშობლის განსაკურებული მეოხების იმედი ჰქონდათ. გადმოცემის თანახმად, როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი წმ. იოანე მახარებელთან ერთად კვიპროსისკენ მიემგზავრებოდა მკვდრეთით აღმდგარი ლაზარეს მოსანახულებლად, ძლიერმა ქარმა გემი ათონის სანაპიროსთან მიიყვანა, იმ ადგილას, სადაც ივერთა მონასტერია (ივერონი). ღვთისმშობელმა თავის ძეს სთხოვა, მისთვის მიენიჭებინა ეს მშვენიერი მთა. პასუხად ეუწყა, რომ ეს ადგილი მას მიენიჭა, ეს მთა იქნებოდა მისი ბაღი და თავშესაფარი მათთვის, ვინც ცხონებას ეძიებს. ამიტომ ათონის მთის (იგივე მთაწმინდის) მფარველად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ითვლება.

X საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ასკეტი იყო ღირსი მიქაელ მალეინი, რომელიც ბითვინიაში, კიმინის მთაზე მოღვაწეობდა. მისმა მოწაფემ, ათანასემ, ტრაპიზონში დაბადებულმა, ათონის საერთო საცხოვრებელი მონასტერი დააარსა. ათანასემ ისარგებლა ჯერ ნიკიფორე ფოკას მფარველობით, რომელსაც ადრე იმპერატორობა უწინასწარმეტყველა, შემდეგ იოანე ციმისქეს (969-976 წწ.) კეთილგანწყობით და მოაწყო „დიდი ლავრა“, რომლის მონაზვნებიც მკაცრ, კინობიალურ განაწესს დაუქვემდებარა. ამის შემდეგ ათონის მთაზე ახალ-ახალი დიდი მონასტრები დაარსდა. უკვე XI საუკუნის დასაწყისში არსებობდა ივერონის, ვატოპედის, ქსიროპოტამის, ესფიგმენის და სხვა მონასტრები, მოღვაწეობდა შვიდასამდე მონაზონი. ეს რიცხვი თანდათანობით ოთხი ათასამდე გაიზარდა.

რაც შეეხება აღმოსავლეთს, დასავლეთთან შედარებით, ქრისტიანული განათლება და მეცნიერება აქ გაცილებით მაღალ დონეზე იდგა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა, რაკი კონსტანტინოპოლის საიმპერატორო კარი გარყვნილების, სისასტიკისა და მანკიერებათა ბუდედ იყო ქცეული. საზოგადოებრივი ცხოვრება სულ უფრო შორდებოდა ქრისტეს რჯულს, გონებრივი მოღვაწეობა ქვეითდებოდა.

პატრიარქთა შორის, რომელთაც იმ მძიმე პერიოდში კონსტანტინოპოლის კათედრა ეკავათ, რასაკვირველია, იყო ბევრი ღირსეული პიროვნება. ისინი შეუპოვრად იცავდნენ ეკლესიის უფლებებსა და მსოფლიო კრებათა კანონებს, თამამად და მკაცრად ამხელდნენ ზნეობრივი კანონებისა და საეკლესიო მოწყობის ყოველგვარ დარღვევას.

ამგვარ მოღვაწეთაგან, წმინდა ფოტიოსისა და ეგნატეს შემდეგ, შეიძლება დავასახელოთ: სტეფანე I, ანტონი II, ტრიფონი, რომლებიც ეკლესიამ წმინდანთა დასს მიაკუთვნა; ჩვენს მიერ მოხსენიებული ნიკოლოზ I მისტიკოსი: პოლიევქტოსი, რომელიც წმინდა ცხოვრებითა და ფართო განსწავლულობით იყო ცნობილი, ხოლო მჭევრმეტყველური ნიჭისთვის მას მეორე ოქროპირსაც უწოდებდნენ; ბასილი I, ანტონი III სტუდიელი, ნიკოლოზ ქრიზობერგი, სისინიოს II, სერგი II, რომლებმაც ერს კეთილად დაამახსოვრეს თავი, როგორც სათნო და სულიერად მტკიცე ადამიანებმა. კონსტანტინოპოლის მხოლოდ ერთი პატრიარქი მოგვაგონებს იმდროინდელი რომის მღვდელთმთავარს – ეს არის თეოფილაქტე, იმპერატორ რომანოს I ლაკაპენოსის (919-944 წწ.) ვაჟი, რომელიც მამამ 17 წლის აიყვანა საპატრიარქო ტახტზე. მას უყვარდა ნადირობა, ცხენით ნავარდი... და საერთოდ არ ადარდებდა საეკლესიო საქმეები. იგი ახალგაზრდობაშივე გარდაიცვალა – ნადირობისას ცხენიდან ჩამოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა.

აღმოსავლეთში ხატთმბრძოლობის დროს იდევნებოდნენ მონაზვნები, არეულობები ხდებოდა სასულიერო პირთა წრეში და საერთოდ სახელმწიფოში, ამიტომაც განათლების საერთო დონემ ერთხანს დაიწია. მაგრამ იგი ისევ აღორძინდა სწავლული ფოტიოსისა და ისეთი განათლებული იმპერატორების მფარველობის წყალობით, როგორებიც იყვნენ: ბასილი მაკედონიელი (867-886 წწ.), ლეონ ბრძენი (886-911 წწ.) და კონსტანტინე პორფიროგენეტი (911-917 წწ.). ისინი თავადაც ეუფლებოდნენ მეცნიერებას და წერდნენ ისტორიული და საღვთისმეტყველო ხასიათის თხზულებებს.

კონსტანტინოპოლში არსებობდა მდიდარი წიგნსაცავები, მონასტრებში მონაზვნები სამეცნიერო ნაშრომებით იყვნენ დაინტერესებულნი, იმპერატორებიც დიდად აფასებდნენ განათლებულ ადამიანებს. ისწავლებოდა ძველი, წარმართი მწერლების თხზულებანი, იკვლევდნენ ისტორიულ საკითხებს, ადგენდნენ წმინდა წერილის განმარტებებს. იმპერატორების ლეონისა და კონსტანტინეს დროს ნეტარმა სვიმეონ მეტაფრასტმა (აღესრ. 940 წ.) ძველი წყაროების მიხედვით გადმოსცა წმინდანთა ცხოვრებანი, შექმნა მრავალი საეკლესიო საგალობელი და ლოცვა, რომლებიც დღევანდლამდე გამოიყენება ღვთისმსახურებაში. სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველს (აღესრ. 1032 წ.), მამანტის სავანის მონაზონს, ეკუთვნის თხზულებანი სულიერი ცხოვრების შესახებ. ისტორიული მეცნიერებით იყვნენ დაინტერესებული ევტიქიოს ეგვიპტელი, ლეონტი, იოსებ გენეზიოსი. დაახლოებით XI საუკუნის შუა წლებში მოღვაწეობდა მწერალი და მეცნიერი მიქაელ ფსელოსი – მისი თხზულებები საინტერესო ცნობებს გვაწვდის მეცნიერების სხვადასხვა დარგებზე იმდროინდელ ბიზანტიაში. X საუკუნის უთვალსაჩინოესი ძეგლია ე.წ. სუდას ისტორიული ენციკლოპედია, რომლის ავტორის შესახებ, სამწუხაროდ თითქმის არაფერია ცნობილი.

IX საუკუნისთვის აღმოსავლეთის ეკლესიაში უკვე ცხადად და უზუსტესად ჩამოყალიბდა ქრისტიანული სწავლება. აღმოსავლეთის უდიდესმა მამებმა მომდევნო თაობებს ჭეშმარიტების შეცნობა თავიანთი შრომით გაუადვილეს, შექმნეს უკვდავი თხზულებანი და მათი სახით შთამომავლობას დაუტოვეს ქრისტიანული სიბრძნის ულევი საგანძური. აღმოსავლელმა მქადაგებლებმა გაავრცელეს სარწმუნოება უშორეს ქვეყნებში. და ეს უდიდესი საქმე ხორციელდებოდა უთვალავ მტერთან გამუდმებული ბრძოლის პირობებში. ბიზანტია პირველი ხვდებოდა და იგერიებდა ბარბაროსთა ტომების დაუნდობელ შემოტევებს, რომლებიც მოგვიანებით არბევდნენ და აპარტახებდნენ ევროპის სხვა სახელმწიფოებს. და ამ სამკვდრო-სასიცოცხლო, განუწყვეტელი თავდასხმების ფონზე ასეთივე სიმძაფრით მიმდინარეობდა შიდაბრძოლები ცრუსწავლებათა წინააღმდეგ, რომლებიც ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტ შინაარსს აუკუღმართებდნენ.

საღვთისმეტყველო და განყენებული თემებით დაინტერესება, ბუნებრივია, ხშირად ხდებოდა ჭეშმარიტებისგან განდრეკილი აზროვნების მიზეზი. მართლაც, გაუთავებლად ჩნდებოდა ეკლესიის სწავლებასა და მის გადმოცემასთან მბრძოლი ახალი მოძღვრებები, რაც ეკლესიას უბიძგებდა, უფრო ღრმად ჩასწვდომოდა და უზუსტესად ჩამოეყალიბებინა სარწმუნოების დოგმატები.

ეკლესიის მოშურნე მამები და ჭეშმარიტების მასწავლებლები სულიერ ძალთა უდიდესი დაძაბვით ამხელდნენ ცრუსწავლებებს და ქმნიდნენ საღვთისმეტყველო მეცნიერებას მორწმუნეთა ფარად და ზღუდედ. ეს მამები ჰგავდნენ ძველ იუდეველებს, რომლებიც ერთი ხელით იგერიებდნენ მტერს, მეორეთი კი იერუსალიმის კედლებს აგებდნენ.

სამწუხაროდ, ეკლესიის მიერ მშვიდობიანი გზით მოპოვებული გამარჯვების დამკვიდრებას საერო ხელისუფლება ზოგჯერ ძალის გამოყენებით ცდილობდა. ამგვარი „ხელშეწყობა“, რაც საერთოდ არ სჭირდებოდა წმინდა ჭეშმარიტებას, ყოველთვის სავალალო შედეგით მთავრდებოდა. ადამიანები ან გადაჭრით უარყოფდნენ სწავლებას, ან მოჩვენებითად აღიარებდნენ იმას, რასაც მათგან ითხოვდნენ. გარდა ამისა, სახელმწიფოსაც ადგებოდა ზიანი: ოლქებში არეულობა და დევნა იწყებოდა; საერო ხელისუფალთაგან გაძევებული ერეტიკოსები სახელმწიფოს მტრებს უკავშირდებოდნენ. ასე მოიქცნენ ნესტორიანელები, მონოფიზიტები, პავლიკიანელები. ასე ხდებოდა მაშინ, როცა საერო ხელისუფლება ძალით ამკვიდრებდა ჭეშმარიტებას.

ზოგჯერ საერო ხელისუფლება თავად მიემხრობოდა ხოლმე ერესს, როგორც ეს მოხდა არიანელი და ხატთმბრძოლი იმპერატორების დროს, რაც, რასაკვირველია, უფრო ძლიერ მღელვარებას იწვევდა. არც ერთ რელიგიურ დავას არ მოჰყოლია იმდენად სავალალო შედეგი, რაც საიმპერატორო ტახტიდან გავრცელებულსა და ძალის გამოყენებით განხორციელებულ ხატთმბრძოლობის ერესს. მან შფოთი დათესა მთელ სახელმწიფოში, მოშალა განათლება, ხალხს დაუკარგა კანონიერი ხელისუფლებისადმი რწმენა და ნდობა. ისავრიელთა დინასტიის იმპერატორები ბრწყინვალე სამხედრო გამარჯვებებმაც კი ვერ შეარიგა ერთან, რომელიც ღრმად იყო შეურაცხყოფილი სარწმუნოების თავისუფლებისა და უძვირფასესი წმინდა გადმოცემის ხელყოფით. და ბოლოს – ამ ერესით გამოწვეული არეულობა დაეხმარა იტალიას, ჩამოშორებოდა იმპერიას; მისივე წყალობით გაძლიერდა რომის პაპის გავლენაც.

ბრძოლა ხატთმბრძოლობის ერესთან საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რაც ადასტურებს, თუ რაოდენ ძლიერი იყო ხალხის წინააღმდეგება მის მიმართ. საინტერესოა, როდესაც მშვიდობამ დაისადგურა, რა მდგომარეობაში აღმოჩნდა იმპერია? – მას ყოველი მხრიდან ავიწროებდნენ მაჰმადიანები. სულ უფრო უახლოვდებოდნენ დედაქალაქს, დაპყრობილ ტერიტორიებზე კი ქრისტიანებს აიძულებდნენ, სარწმუნოებას განშორებოდნენ. იმპერიის შიგნით დაუდგენელი რჩებოდა ტახტის მემკვიდრის საკითხი, რაც ხელისუფლების მაძიებელთ გზას უხსნიდა, შეთქმულებებითა და დანაშაულებით მიეღწიათ საწადელისთვის. ასეთი ადამიანები, ბუნებრივია, ხალხის პატივისცემასა და სიყვარულს ვერ მოიპოვებდნენ...

ამასობაში რომის ეკლესიამ უდიდეს ძალაუფლებას მიაღწია, ოღონდ მისი და აღმოსავლეთის ეკლესიის ძლიერება ერთმანეთის საპირისპირო საფუძველზე იყო აგებული. დასავლეთის ეკლესიის გავლენის ზრდა გამუდმებულ საფრთხეს უქმნიდა მართლმადიდებელ აღმოსავლეთს. რომი თავისი გავლენის სფეროს აფართოებდა არა სწავლების სიწმინდით, არამედ ხალხის გადაბირებით, რომელთაც ამსოფლიურ სიამეებსა და დიდებას ჰპირდებოდა.

ნიკიფორე ფოკასა და იოანე ციმისქეს გამარჯვებებმა დროებით შეაჩერა სარკინოზთა წინსვლა, მათ ხელიდან გამოჰგლიჯა კრეტა და ანტიოქია. მაგრამ იმპერიის გამარჯვების იმედი აღარ არსებობდა; მას განუწყვეტლივ ავიწროებდნენ მაჰმადიანთა სულ უფრო მზარდი ძალები. ამასთან რომის ეკლესიის მორჩილი დასავლეთის ერებიც მტრებად მოევლინენ ბიზანტიას, რომელსაც მათგან დახმარების ყიდვა მხოლოდ ერთადერთი საფასურის გადახდით შეეძლო – დაემორჩილებინა აღმოსავლეთის ეკლესია დასავლეთის ეკლესიისთვის და ეღიარებინა პაპის მმართველობა.

ბიზანტიის იმპერატორებმა ეს ყოველივე მშვენივრად იცოდნენ, ბევრი მათგანი მზადაც იყო, თვალთმაქცური ან ნამდვილი დათმობების ფასად დასავლეთისგან ეყიდა დახმარება. მაგრამ მართლმადიდებელ სარწმუნოებას, როგორც თავის უძვირფასეს მონაპოვარს, თავგამოდებით იცავდა ხალხი, რომელსაც იმდენად არ აინტერესებდა მაჰმადიანების გამარჯვება ან დამარცხება, რამდენადაც აღელვებდა რომის ეკლესიასთან დასაახლოვებლად გადადგმული უმნიშვნელო ნაბიჯიც კი. ყველას ესმოდა, რომ არსებობდა რომთან შერიგების ერთადერთი პირობა – პაპისთვის დაეთმოთ, რათა თვითნებურად მოჰქცეოდა დოგმატებსა და მსოფლიო კრებათა დადგენილებებს, ყველაფერს, რაც შრომითა და ბრძოლით, უდიდესი მსხვერპლის ფასად განსაზღვრა და განმარტა ეკლესიამ საუკუნეთა განმავლობაში.

რომი სულ უფრო შორდებოდა ძველი ეკლესიის გადმოცემას და ჭეშმარიტებიდან გადახრის მწარე ნაყოფიც მალე გაჩნდა და მომწიფდა. პაპის მიერ სიახლეთა თვითნებურად დანერგვამ ყოველგვარი ნოვაცია დასაშვები გახადა. საკუთარი ინტერესებისათვის საეკლესიო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ხშირად უთანხმოებათა მიზეზი ხდებოდა, ადამიანებს ეჭვი შეჰქონდათ დასავლეთის ეკლესიის მიერ ნაქადაგები სწავლების სიწმინდეში. ამის შემხედვარე რომი იძულებული იყო, გარეშე ძალისთვის მიემართა, ამასთან აუცილებლად უნდა ექადაგა სწავლება პაპის უცდომელობის შესახებ, რათა მისი ძალაუფლებითა და სახელით, გარეგნულად მაინც შეენარჩუნებინა ერთიანობა. შინაგანი მთლიანობა კი, რომელიც ემყარება არა ზედაპირულ ერთგვაროვნებას, არამედ ქრისტიანული სიყვარულით განპირობებულ ცოცხალ კავშირს და საღვთო რჯულისადმი თავმდაბლად მორჩილებას, უკვე დაკარგული იყო.

აღმოსავლეთშიც მწირი და უფერული გახდა სულიერი ცხოვრება. მთელი ყურადღება და ძალები მიმართული იყო რომისგან თავდაცვისა და ეკლესიის დოგმატებისა და ტრადიციების შენარჩუნებისკენ. გახშირდა გარეგნულ წეს-ჩვეულებათა ბრმა ერთგულება. მაჰმადიანთაგან დაპყრობილ ქვეყნებში განათლების დონე დაეცა, გონებრივი მოღვაწეობა დასუსტდა. ამასთან საჭირო იყო მთელი ძალების მოკრება გარეშე მტრებთან საბრძოლველად. მაგრამ დრომოჭმულმა ბიზანტიამ უკვე დაურიგა ახალ ერებს სარწმუნოების უწმინდესი განძი და მათაც სრულად, დაუფარავად და გულწრფელად მიიღეს იგი, თანახმად მოციქულის სიტყვებისა: „არა თუ სიტყუაჲ კაცთაჲ, არამედ ვითარცა არს ჭეშმარიტად სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რომელიცა-იგი შეწევნასა აჩუენებს თქუენ შორის მორწმუნეთა მაგათ“ (1 თეს. 2,13).

ამრიგად, ბიზანტიამ აღასრულა ურთულესი ღვაწლი: მისცა ახალმოქცეულ ერებს წმინდა წერილი, დაუმკვიდრა ღვთისმსახურება მშობლიურ ენაზე, ასწავლა ღვთის სიტყვისა და მსოფლიო კრებების უცვალებელი დადგენილებების მორჩილება და არა მოქმედება ერთი ადამიანის სურვილისამებრ, როგორც ეს დასავლეთში ხდებოდა. ამგვარ ნიადაგზე აღმოცენებულ საეკლესიო ცხოვრებას შეეძლო თავისუფლად და ნაყოფიერად განვითარება.

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა