martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 57

პაპების მმართველობა კარლოს დიდის მემკვიდრეების დროს. ცრუისიდორეს დეკრეტალიები. პაპი ნიკოლოზ I.

 

კარლოს დიდის მიერ შექმნილმა იმპერიამ მისი დამაარსებლის სიკვდილის შემდეგ დიდხანს ვეღარ იარსება. კარლოსის უსუსურმა მემკვიდრეებმა ვერ შეძლეს მისი მართვა, მით უმეტეს, რომ არსებობდა უამრავი გადაუჭრელი საკითხი, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი საერო და სასულიერო ძალაუფლებათა ურთიერთობა იყო. რომის ეპისკოპოსები, თუმც კარლოსის ძღვენით განდიდებულნი, მაინც შეურაცხყოფილად გრძნობდნენ თავს, საეკლესიო საკითხებში მისი თვითნებური ქმედებების გამო, და ცდილობდნენ, როგორმე მოეპოვებინათ იმპერატორისგან სრულიად თავისუფალი, დამოუკიდებელი მდგომარეობა. ფრანკთა სასულიერო დასიც თვლიდა, რომ არ უნდა დამორჩილებოდა რომის ტახტს, და ისიც საერო ხელისუფლებისგან გათავისუფლებასა და დამოუკიდებლობის მიღწევას ლამობდა. ამ ყოველივეს შეკავება და კალაპოტში მოქცევა მხოლოდ კარლოსის მტკიცე ნებას შეეძლო: მისი სიკვდილის შემდეგ კი ბრძოლა გაჩაღდა.

კარლოსის უფროს ვაჟს, იმპერატორ ლუდოვიკოს, „ღვთისმოსავად“ წოდებულს, სამონასტრო ცხოვრება უფრო იზიდავდა, ვიდრე სამეფო საქმეები. ნიადაგ მონაზვნების გარემოცვაში მყოფი, თავადაც სავანეების განახლებასა და სარწმუნოების გავრცელებაზე ზრუნავდა და თითქმის არაფერს აკეთებდა სახელმწიფოსთვის, რომელიც უკიდურესად დასუსტდა. იმპერატორზე უდიდესი გავლენა მოიპოვა აბატმა ბენედიქტე ანიანელმა, რომლის სიკვდილის შემდეგ მისი ადგილი დაიკავეს კორბის მონასტრის წინამძღვრებმა. ბოლოს სასულიერო დასი, რომლის ხელთ მოექცა არა მარტო საეკლესიო, სახელმწიფო საქმეებიც, მეტისმეტად გაძლიერდა და თამამად მონაწილეობდა არეულობებსა და შფოთში, რაც ლუდოვიკოს მეფობის დროს არასდროს შეწყვეტილა. სასულიერო პირები, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი უზარმაზარი გავლენა იმპერატორის სისუსტის წყალობით მოიპოვეს, მისი ერთგულნი მაინც არ ყოფილან. როდესაც ლუდოვიკოს სამმა ვაჟმა – უკმაყოფილოებმა, რომ მათმა მამამ უზომოდ დიდი მემკვიდრეობა უბოძა თავის უმცროს ძეს (მეორე ქორწინებიდან), იარაღი აიღეს ხელთ, მათ მხარი დაუჭირეს ფრანკთა უმაღლესმა სასულიერო პირებმა და პაპმა გრიგოლ IV.

მოტყუებული, ჯარისგან მიტოვებული საცოდავი ლუდოვიკო იძულებული გახდა, დანებებოდა თავის ვაჟს ლოტარს და აეტანა დამცირება-შეურაცხყოფა. სავარაუდოდ, კომპიენის სეიმზე (833 წ.) მის ბრალმდებლად გამოვიდა არქიეპისკოპოსი აგობარდ ლიონელი, მიმოიხილა მისი მოღვაწეობა და გაკიცხა მამამისისგან დანატოვარი ესოდენ აღზევებული იმპერიის გაპარტახებისთვის. აგობარდის მამხილებელ სიტყვას თავიანთი ხმა სხვა არქიეპისკოპოსებმაც შეუერთეს. მოხუცი იმპერატორი იძულებული იყო, უსიტყვოდ მოესმინა საყვედურები და ბრალდებები, ბოლოს კი საკურთხევლის წინ მუხლმოყრილს ყველას გასაგონად შეენანა, ეღიარებინა თავისი ცოდვები და მმართველობის დროს დაშვებული შეცდომები. ამის შემდგომ მოიხსნა საჭურველი, რეიმსის არქიეპისკოპოსმა კი ის მონანულის ღარიბული სამოსით შემოსა, თან განაცხადა: ამიერიდან ლუდოვიკოს სამუდამოდ ჩამორთმეოდა იარაღის ტარების უფლება, ხოლო დარჩენილი სიცოცხლე ლოცვასა და სინანულში გაეტარებინა.

ლოტარს მთელი წელი ჰყავდა მამა დატყვევებული, სანამ იგი მეორე ვაჟმა არ გაათავისუფლა და ხელახლა არ აიყვანა ტახტზე. თუმცა ლუდოვიკოსთვის არც მეფობის უკანასკნელი წლები ყოფილა მშვიდი. დარდით დათრგუნული მეფე გარდაიცვალა თუ არა (840 წ.), მისმა ვაჟებმა სასტიკი ბრძოლა გააჩაღეს მემკვიდრეობისათვის. ამას მოჰყვა ფონტენთან სამდღიანი ბრძოლა, რომლის დროსაც ასი ათასამდე მეომარი დაიღუპა. ბოლოს, 843 წლის ვერდენის ხელშეკრულების თანახმად, კარლოს დიდის მიერ შექმნილი უზარმაზარი იმპერია სამ ნაწილად გაიყო. ლოტარს, იმპერატორის ტიტულთან ერთად, ერგო იტალია და ე.წ. ლოტარინგია, ლუდოვიკო II – მომავალი გერმანიის ტერიტორია; შარლ მელოტს – საკუთრივ საფრანგეთი.

მაგრამ კარლოს დიდის მემკვიდრენი, თავიანთი სისუსტის მიუხედავად, პაპებთან მიმართებაში საკმაოდ მტკიცედ იცავდნენ თავიანთ უფლებებს და ოდნავი სურვილიც არ გასჩენიათ, მათთვის დაეთმოთ იტალიისა და რომის უმაღლესი მმართველობა. რომის ეპისკოპოსები კი გამუდმებით იბრძოდნენ სრული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოსაპოვებლად. მათ დამამცირებლად და ქვეშევრდომობის მიმანიშნებლად მიაჩნდათ, რომ პაპის ტახტზე რომელიმე მათგანის ასარჩევად და დასამტკიცებლად იმპერატორის თანხმობა იყო საჭირო. ამიტომ მუდამ ცდილობდნენ, გვერდი აევლოთ ამ აუცილებლობისთვის: ხან ტახტზე ასვლის შემდგომ ბოდიშს იხდიდნენ, რომ არჩევა ნაჩქარევად მოხდა და იმპერატორს დროზე ვერ შეატყობინეს, ხან გულის მოსალბობად ელჩებს უგზავნიდნენ მდიდრული ძღვენით... ამის მიუხედავად, კარლოს დიდის მემკვიდრეები თავიანთ ამ უფლებას მტკიცედ იცავდნენ და არაფერს თმობდნენ. მათ არაერთხელ გააგზავნეს თავიანთი ლაშქარი და რწმუნებულები იტალიაში, რათა პაპებისთვის შეეხსენებინათ იმპერატორის ტახტის ძალა და ღირსება; რამდენჯერმე მიუთითეს, რომ რომის ეპისკოპოსი კანონიერად დადგინებულად ითვლებოდა მხოლოდ მაშინ, თუ მის არჩევას დაეთანხმებოდა იმპერატორი და ისიც ამ უკანასკნელის ერთგულების ფიცს დადებდა.

ლუდოვიკო „ღვთისმოსავმა“ რომის მოქალაქეებს პაპის არჩევის უფლებაც წაართვა. მართალია, ვერდენის ხელშეკრულების შემდეგ სამეფო ძალაუფლება მნიშვნელოვნად დაასუსტა იმპერიის სამად გაყოფამ, მაგრამ ლოტარმა, უკმაყოფილომ იმით, რომ პაპმა სერგიმ ტახტი მისი ნებართვის გარეშე დაიკავა, მაინც მოახერხა, ლაშქარი გაეგზავნა იტალიაში. მათ საშინლად დაარბიეს რომანიის მხარე და პაპი და რომაელები იძულებულნი გახდნენ, ისევ აღეთქვათ ერთგულება იმპერატორისთვის. 844 წელს მათ ხელახალი ფიცით იკისრეს ვალდებულება – არ დანიშნულიყო პაპი იმპერატორის თანხმობის გარეშე.

მაშინ, როდესაც იმპერატორები ასე დაბეჯითებით იცავდნენ საკუთარ ზემოხსენებულ უფლებას, რომის ეპისკოპოსები თავიანთ მხრივ ცდილობდნენ, გაევრცელებინათ აზრი, რომ მეფედ კურთხევა უსათუოდ პაპს უნდა აღესრულებინა. ჩანს, კარლოს დიდი ამ შეხედულებას არ იზიარებდა. მან თავად საიმპერატორო გვირგვინი პაპის ხელიდან კი მიიღო, როგორც ღვთივბოძებული საჩუქარი და თავისი გვარის ხელშეუვალ საკუთრებადაც თვლიდა, მაგრამ სიკვდილამდე ერთი წლით ადრე საკუთარი ხელით დაადგა გვირგვინი უფროს ძეს, რომელმაც, თავის მხრივაც, უფროსი ვაჟის კორონაცია აღასრულა. პაპები კი, პირველი შესაძლებლობისთანავე, იმეორებდნენ, რომ მეფედ კურთხევა და გვირგვინის დადგმა მათი მონაწილეობის გარეშე არასრულია და არასაკმარისია. მაგალითად, ლეონ III მემკვიდრე სტეფანე III (ან IV) დაუპატიჟებლად გაემგზავრა რეიმსში ლუდოვიკოს მეფედ გამოცხადებისათვის, არადა კარლოს დიდმა მას მანამდე დაადგა გვირგვინი და სამი წელი უკვე იმპერატორადაც ითვლებოდა. როდესაც ლუდოვიკოს ძე ლოტარი მამის დავალებით რომში ჩავიდა, პაპმა პასქალის I ამით ისარგებლა და მამის მიერ უკვე გვირგვინდადგმული ლოტარის კორონაცია მოაწყო. რომის მღვდელთმთავრები ჯერ თანდათან ამკვიდრებდნენ აზრს, მოგვიანებით კი, როდესაც მათი ინსტიტუტი სრულად აღზევდა, ყველას გასაგონად განაცხადეს: ქრისტეს ნაცვალსა და წმინდა პეტრეს მემკვიდრეს, პაპს, ღმერთმა მიანიჭა უფლება, განაგოს სამეფო გვირგვინი – მაშასადამე, მას მეფეზე მეტი უფლებები აქვს.

იმავდროულად მიმდინარეობდა პაპების ბრძოლა უმაღლეს სასულიერო პირებთან, ეს უკანასკნელნი კი საერო ხელისუფლებას უპირისპირდებოდნენ. იტალიის არქიეპისკოპოსთა ნაწილი უარს აცხადებდა, თავისი ეპარქია რომისთვის დაექვემდებარებინა. მილანის, აკვილეისა და რავენის არქიეპისკოპოსები თვლიდნენ, რომ თავიანთ ეპარქიებში ისინი ისეთივე დამოუკიდებლები და ერთმმართველები იყვნენ, როგორც პაპი – რომის ოლქში. ასეთივე მოთხოვნებს აყენებდნენ ფრანკთა უმთავრესი არქიეპისკოპოსები ანუ მიტროპოლიტები – ისინი საერთოდ ვერ იტანდნენ პაპის ჩარევას თავიანთი ოლქების საეკლესიო საქმეებში.

როდესაც პაპი გრიგოლ IV ეწვია საფრანგეთს იმ განზრახვით, რომ იმპერატორ ლუდოვიკო „ღვთისმოსავსა“ და მის შვილებს შორის ატეხილ დავაში შუამავალი და მსაჯული ყოფილიყო, სამეფო კარის არქიეპისკოპოსებმა იგი ძალიან ცუდად, ყოველგვარი პატივის გარეშე მიიღეს. როდესაც პაპი ეკლესიიდან განკვეთით დაემუქრა, მათაც ისეთივე მუქარით უპასუხეს, მეტიც – ტახტიდან გადმოგდებით შეაშინეს.

არქიეპისკოპოსები თავინთ ოლქებში ერთპიროვნული მბრძანებლები იყვნენ: პაპისგან დაუკითხავად იწვევდნენ კრებებს, წყვეტდნენ საეკლესიო საქმეებს, ჩაგრავდნენ უდაბლეს სასულიერო დასს. სუსტი მმართველობის დროს ეკლესიის უმაღლესი იერარქები სახელმწიფო საქმეებში ერეოდნენ და მათ გადაწყვეტაზე დიდ გავლენასაც ახდენდნენ, მაგრამ ისინი მაინც დაუცველნი იყვნენ საერო ხელისუფალთაგან. სასულიერო პირები, როგორც მიწების მფლობელნი, ექვემდებარებოდნენ მეფეებს, რომლებიც თვითნებურად მოქმედებდნენ – ხან პატივს მიაგებდნენ მათ, ხანაც ძარცვავდნენ და ჩაგრავდნენ.

ამიტომ სასულიერო დასი გამუდმებით ისწრაფოდა, გაერკვია და განესაზღვრა საკუთარი მდგომარეობა, მოეპოვებინა საერო ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობა. IX საუკუნისთვის, როდესაც საეკლესიო იერარქიამ გარკვეულწილად უკვე გაუგო გემო ძალაუფლებასა და გავლენას, დამოუკიდებლობის გარდა მათ საერო ხელისუფლებაზე მბრძანებლობაც მოისურვეს; გადაწყვიტეს, ტლანქ ძალას წმინდა უფლებებით დაპირისპირებოდნენ. ამ განზრახვის განხორციელებას პაპები იმპერატორებთან ცდილობდნენ, ფრანკთა მიტროპოლიტები კი თავიანთი მეფეების დარწმუნებას ლამობდნენ. IX საუკუნის შუა წლებამდე აღნიშნული მდგომარეობა კიდევ არ იყო გარკვეული, გრძელდებოდა ბრძოლა. სასურველის მისაღწევად სასულიერო პირებს უნდა დაემტკიცებინათ, რომ რასაც ახლა ითხოვდნენ, ამის უფლება მათ ძველთაგან ჰქონდათ. და, აი, დაახლოებით IX საუკუნის შუა წლებში გამოჩნდა ცნობილი ნაყალბევი თხზულება „ცრუისიდორეს დეკრეტალიები“, სადაც ცხადად და მკვეთრად იყო გამოთქმული სასულიერო დასის მიზნები.

აქამდე დასავლეთში საეკლესიო სამართლის საკითხების გადასაწყვეტად ხელმძღვანელობდნენ რომაელი აბატის – დიონისე მცირეს მიერ VI საუკუნეში შედგენილი „საეკლესიო კანონების ან უფლებების კრებულით“. ამ კოდექსს საჭიროებისამებრ ემატებოდა ახალი მუხლებიც, თუმცა საფუძვლად მაინც დიონისეს კრებული რჩებოდა. ასე შედგა საეკლესიო კანონების კოდექსი ესპანეთში, საფრანგეთში... და აი, IX საუკუნის 30-იან წლებში უცებ გამოჩნდა საეკლესიო კანონების, სიგელებისა და წერილების კრებული, რომელიც თითქოს ქრისტიანობის სათავეებიდან, წმინდა პეტრეს მოწაფე კლიმენტის (რომის მესამე პაპი) დეკრეტალიებით იწყებოდა. ამ კრებულით დასტურდებოდა, რომ პაპსა და სასულიერო პირებს ოდითგანვე ჰქონდათ ის უფლებები და უპირატესობები, რომლის მიღებასაც ახლა ითხოვდნენ. ეს კრებული გამოვიდა VII საუკუნეში მცხოვრები ფრიად ღირსეული ეპისკოპოსის ისიდორე სევილიელის სახელით და ამიტომაც მას „ცრუისიდორეს დეკრეტალიები“ ეწოდა. მასში დიონისეს მიერ შედგენილი კანონების გარდა, შედიოდა ასამდე ყალბი სიგელი – დაწერილი თითქოსდა სხვადასხვა პაპის მიერ, დაწყებული რომის პირველი ეპისკოპოსებიდან გრიგოლ II ჩათვლით. ამას ერთვოდა ჩუქების სიგელი კონსტანტინესი, რომლის შესახებაც უკვე ვისაუბრეთ.

დეკრეტალიების მთავარი აზრია – სასულიერო დასის აღმატებულობა ერისკაცებზე; რომ სასულიერო პირები არიან ქრისტეს საყვარელი მსახურნი, ღმერთთან დაახლოებულნი და ყველაფრით მაღლა მდგომნი საერო პირებზე, რომელნიც ხორციელ, „ცოდვის შვილებად“ არიან მოხსენიებულნი. სასულიერო დასი – ეს არის ღვთივდადგინებულ ხელისუფალთა, მმართველთა და მსაჯულთა კრებული. რამდენადაც სული უპირატესია სხეულზე, იმდენად სულიერი სამყაროც აღემატება ნივთიერს და სულიერი მმართველობა – საერო ხელისუფლებას.

აქედან გამომდინარე ერისკაცმა საერთოდ არ უნდა მისცეს ნება საკუთარ თავს რომელიმე სასულიერო პირის გაკიცხვისა. რასაკვირველია, არსებობენ უღირსი მღვდლებიც და ეპისკოპოსებიც, მაგრამ ეს საერო პირმა არ უნდა განსაჯოს. მას ჰმართებს, მათი უსამართლობა ღვთის ნების გამოვლინებად ჩათვალოს და ჩაგვრაც უდრტვინველად აიტანოს. თავად ღმერთს შეურაცხყოფს ის, ვინც სასულიერო პირს უდიერად მოექცევა, რადგანაც ეს უკანასკნელი უფლის წარმომადგენელია დედამიწაზე. ეპისკოპოსების განსჯა შეიძლება მხოლოდ ყველასგან პატივცემული 72 პირის მოწმობის საფუძველზე. სამსჯავრო ეწყობა 12 ეპისკოპოსის მონაწილეობით, ხოლო გადაწყვეტილებას მხოლოდ პაპი იღებს.

პაპის, როგორც ეკლესიის თავის, უზენაესი მმართველის როლი უჩვეულოდ არის გაზრდილი. შეიძლება ითქვას, ის ერთადერთი ეპისკოპოსია, რომელიც ძალაუფლებას გადასცემს სხვა ეპისკოპოსებს. ეს უკანასკნელნი პაპის მორჩილ იარაღად გვევლინებიან და მის გარეშე თითქმის უუფლებონი არიან. მარტო რომის მღვდელთმთავარს ხელეწიფება, დაადგინოს ან განაყენოს ეპისკოპოსი, მოიწვიოს კრებები; მისი თანხმობის გარეშე მიღებულ გადაწყვეტილებებს ძალა არა აქვს. მიტროპოლიტს არ შეუძლია, განსაჯოს თავისი ოლქის ეპისკოპოსები, რადგან ის მხოლოდ „პირველია თანასწორთა შორის“ – განსჯის ნება მარტო პაპს აქვს. რომის მღვდელთმთავრებსა და ეპისკოპოსებს შორის არიან პაპის ნაცვალნი (ვიკარიუსები), ანუ ქვეყანაში მის მიერ დანიშნული პრიმასები. მათ, სხვა ეპისკოპოსებთან შედარებით, მეტი უფლებები აქვთ, როგორც რომის ეპისკოპოსის რწმუნებულებსა და წარმომადგენლებს. პაპი მსოფლიოს უზენაესი ხელისუფალია და თავის საქციელზე მხოლოდ ღვთის წინაშე აგებს პასუხს, მისი სამსჯავრო მეფეებსაც ეხებათ. „ცრუისიდორეს დეკრეტალიებში“ ხშირად მეორდება, რომ ქრისტემ დაადგინა რომის ეკლესია მთელი ქრისტიანული ეკლესიის თავად და მისი ტახტის მპყრობელია უზენაესი მსაჯული ნებისმიერ სადავო საკითხში.

ზუსტად სად და ვინ შეადგინა „ცრუისიდორეს დეკრეტალიები“, დღევანდლამდე გაურკვეველია. ერთნი ავტორად მიიჩნევენ მაინცის არქიეპისკოპოსს, რომელსაც იმხანად იმპერატორი დამხობით ემუქრებოდა, ამიტომაც იგი ეცდებოდა, ისეთი კრებული შეექმნა, რომლის ძალითაც მას არ შეეხებოდა საერო სამსჯავრო. მეორენი მიუთითებენ ეპისკოპოს როტად სუასონელზე, რომელიც მუდამ ებრძოდა თავის მიტროპოლიტს და, შესაძლოა, უნდოდა, პაპის მმართველობის დამკვიდრებისთვის შეეწყო ხელი. ასეა თუ ისე, ცრუდეკრეტალიები იმდენად ზუსტად და ცხადად ასახავდა მაშინდელი სასულიერო დასის ცნობიერებაში ჩამოყალიბებულ შეხედულებებსა და მისწრაფებებს, რომ ისინი უსიტყვოდ მიიღეს და უმალ აამოქმედეს კიდეც. ამ დეკრეტალიებმა პაპებს ისეთი სიძლიერე შეჰმატა, რომ მეტს ყველაზე ძალაუფლებისმოყვარეც ვერ ინატრებდა. სასულიერო დასი, რომელიც ასე ხშირად იტანჯებოდა საერო ხელისუფალთა თვითნებობით და განუკითხაობით, ამ დეკრეტალიების წყალობით სრულად ემიჯნებოდა მათ, ხოლო მისი უფლებები ხელშეუხებლად ცხადდებოდა.

რა თქმა უნდა, ამ კოდექსით უმაღლესი იერარქები კარგავდნენ თავიანთ უფლებებს უდაბლეს სასულიერო პირებზე, მაგრამ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საერო ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობა იყო. გალიის ზოგიერთმა მიტროპოლიტმა სცადა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ მოგვიანებით უარი თქვა სადავო გაეხადა კანონები, რასაც საჭიროებისამებრ თავადაც იყენებდა; ფრანკთა ბევრმა ეპისკოპოსმა უდიდესი ხალისით აღიარა პაპის შორეული ძალაუფლება თავიანთი მჩაგვრელი მიტროპოლიტების სანაცვლოდ.

ყველა ამ მიზეზის გამო ცრუდეკრეტალიები მაშინვე აღიარა და მათში ჩამოყალიბებული კანონები გულმოდგინედ გაავრცელა მთელმა სასულიერო დასმა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კრებულის სიყალბე აშკარა იყო, მას თითქმის არავინ შეწინააღმდეგებია. ნებისმიერი, ოდნავ განათლებული ადამიანისთვისაც კი ცხადია, რომ კოდექსი შედგენილია უაღრესად დაუდევრად, იგრძნობა ისტორიის უცოდინარობა და სავსეა უხეში შეცდომებით. მაგალითად, მათში მოყვანილია პაპ ვიქტორის წერილი თეოფილე ალექსანდრიელისადმი, რომელიც პაპზე ორი საუკუნით გვიან ცხოვრობდა. პაპი მილტიადე, რომელიც 314 წელს გარდაიცვალა, ახსენებს 325 წელს შემდგარ ნიკეის კრებას. პირველი საუკუნეების პაპები წმინდა წერილის IV საუკუნეში შესრულებულ თარგმანს იშველიებენ და ა.შ. უხვადაა მოყვანილი ტრადიციები, სახელწოდებები, რომლებიც თავდაპირველად საერთოდ არ არსებობდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, პაპებმა ცრუ-დეკრეტალიები, როგორც საღვთო სამართალი, საეკლესიო კანონში შეიტანეს და მასზე დაყრდნობით განაგრძეს მოღვაწეობა.

იმ დროს, როდესაც ეს დოკუმენტი ვრცელდებოდა, 858 წელს პაპის ტახტზე ავიდა ნიკოლოზი, რომელმაც შეძლო სრულად დაეცვა დეკრეტალიებით პაპებისთვის მინიჭებული უფლებები. ადრიანე I და ლეონ III დროიდან[1] ყველა პაპი ჯიუტად მიიწევდა დასახული მიზნისკენ, მაგრამ არავის ჰქონია ისეთი უდრეკი ნებისყოფა და თავისი მოთხოვნების სამართლიანობის რწმენა, როგორც ნიკოლოზ I. მართალია, საერო ხელისუფლებაზე გავლენა ჯერ არ ჰქონდა, მაგრამ პაპი იმედოვნებდა, რომ გაცილებით დიდ ძალაუფლებას მიაღწევდა. მას ამხნევებდა ფიქრი, რომ მთელი ქრისტიანული სამყარო ჩააბარეს: მისი, როგორც უზენაესი სასულიერო ხელისუფალისა და თავად ქრისტეს ნაცვალის, განსასჯელი იყო ზნეობის კანონების ნებისმიერი დარღვევა, საეკლესიო წესრიგისა და განაწესის ყოველი უგულებელყოფა, განურჩევლად ადგილისა და დამნაშავისა. ასეთი შეხედულებით ავიდა იგი პაპის ტახტზე და შესაბამისადაც იქცეოდა.

პაპ ნიკოლოზის მაღალი ღირსებები, სულის სიმტკიცე, გაჭირვებულთა მიმართ გულმოწყალება რომაელებში მისდამი ღრმა პატივისცემასა და ერთგულების გრძნობას აღძრავდა. კარლოს დიდის დანაწევრებული იმპერიის მმართველთაგან ვერავინ შეძლო ზნეობრივად შეწინააღმდეგებოდა პაპის პატივმოყვარებას. ცრუ-დეკრეტალიებში გაჩნდა ახალი კანონი, რომელიც ამართლებდა პაპის მოთხოვნებს და მათ მოციქულთა ეპოქიდან არსებულ წმინდა ტრადიციად განიხილავდა. ასე რომ, სასულიერო პირთათვის ფრიად ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა...

პაპის ტახტზე ასვლისთანავე ნიკოლოზმა ეპისკოპოსებზე მბრძანებლობა დაიწყო. რავენის არქიეპისკოპოსი თავს ოდითგანვე რომისგან დამოუკიდებლად თვლიდა და ამის გამო არაერთხელ მომხდარა შეტაკება მათ შორის. იმხანად რავენის ეპარქიას მართავდა უზნეო, ანგარებისმოყვარე და წოდებისთვის ყოვლად უღირსი არქიეპისკოპოსი იოანე. მოისმინა რა საჩივრები, ნიკოლოზმა იგი სამსჯავროზე იხმო რომში, მაგრამ იოანე არ გამოცხადდა და მფარველობისათვის იმპერატორს მიმართა. ლუდოვიკო II, მართლაც, გამოექომაგა და სცადა პაპის წინაშე მისი დაცვა, თუმცა ამაოდ. პაპმა ნიკოლოზმა ეკლესიას ჩამოაშორა ურჩი არქიეპისკოპოსი, თავად მოაგვარა ეკლესიის საქმეები რავენაში და იქ დატოვა იოანეს მიერ დადგინებული რამდენიმე პირი. მიუხედავად იმპერატორის გამოსარჩლებისა, ნიკოლოზმა მაინც აიძულა არქიეპისკოპოსი, ჩასულიყო რომში, შეენანა თავისი საქციელი, ეღიარებინა პაპის ქვეშევრდომობა და ფიცი დაედო, რომ მისგან დაუკითხავად არც ეპისკოპოსებს დაადგენდა და არც საეკლესიო საქმეებს გადაწყვეტდა.

შეუპოვარი და ხანგრძლივი იყო ბრძოლა ნიკოლოზსა და რეიმსის არქიეპისკოპოს ჰინკმარს შორის. ამ უკანასკნელს – ამაყ და უდრეკ პიროვნებას – ყველაზე დიდ პატივს მიაგებდნენ გალიის მიტროპოლიტები, რომლებიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიეჩვივნენ რომისგან დამოუკიდებლად არსებობას. საერო ხელისუფლებასთან ყოველი შეტაკების დროს ჰინკმარი სასულიერო დასის უფლებებსა და დამოუკიდებლობას იცავდა ცრუისიდორეს დეკრეტალიების საფუძველზე. მაგრამ როდესაც თავად მას მოსთხოვეს პაპისადმი მორჩილება და ჩამოართვეს კუთვნილი ოლქის სასულიერო პირთა მართვის უფლება, მაშინ ცრუდეკრეტალიები მაინცდამაინც აღარ მოუვიდა თვალში და არაერთხელ აღნიშნა მათი სიყალბე და უსაფუძვლობა.

ადრე არქიეპისკოპოსი ჰინკმარი თავის ოლქს ერთპიროვნულად განაგებდა, იწვევდა კრებებს, ადგენდა და ამხობდა ეპისკოპოსებს. ერთ-ერთმა ასეთმა შეურაცხყოფილმა ეპისკოპოსმა როტად სუასონელმა აპელაციით მიმართა პაპს. მსგავსი რამ მანამდე არ მომხდარა, რადგანაც გალიის სასულიერო პირები პაპისგან თავიანთ დამოუკიდებლობას უფრთხილდებოდნენ. ამ საქციელმა უმაღლესი იერარქების უდიდესი უკმაყოფილება გამოიწვია. იწყინა მეფემაც – დაუკითხავად როგორ მიმართეს პაპს და მისი ხელისუფლება არად ჩააგდეს. ამიტომაც იგი დიდხანს ეწინააღმდეგებოდა როტადის გამგზავრებას რომში.

სამაგიეროდ, ნიკოლოზმა დიდი ხალისით მოჰკიდა ხელი ამ საქმეს. მას ხომ ხელსაყრელი შემთხვევა ეძლეოდა, გამოეცხადებინა თავი მთელი ეკლესიის მმართველად, გათავისუფლებულიყო მეფის ხელისუფლებისგან და გაეტეხა გალიის უმაღლეს იერარქთა სიამაყე. საქმის დაწვრილებითი გაცნობის შემდეგ გამოაშკარავდა, რომ როტადი დამნაშავე იყო და პატივისცემას არ იმსახურებდა, მაგრამ პაპის სახით მას თავგამოდებული და მტკიცე მფარველი გამოუჩნდა. ამ საქმესთან, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა, დაკავშირებულ ყველა წერილში პაპი ეყრდნობოდა დეკრეტალიებს და ურცხვად აცხადებდა, რომ ისინი ოდითგანვე რომის ეკლესიის არქივში ინახებოდნენ. ბევრი ვარაუდობს, რომ პაპმა ამ დეკრეტალიების შესახებ თავად როტადისგან, როგორც აღნიშნული კრებულის შემდგენელისაგან, შეიტყო. კრება, რომელზეც როტადი დამნაშავედ ცნეს, ძალადაკარგულად გამოცხადდა, როგორც პაპის დაუკითხავად მოწვეული. საბოლოოდ როტადი გაამართლეს და პაპის ლეგატმა იგი ეპისკოპოსად აღადგინა.

ეს იყო აშკარა გამარჯვება გალიის ამაყ სასულიერო დასზე!

მეორე საქმემ კი ყველაზე მეტად აამაღლა რომის ეპისკოპოსის მნიშვნელობა ზნეობის დაცვის თვალსაზრისით, თუმცა იგი ნიკოლოზის გამარჯვებით არ დასრულებულა. საქმე ეხებოდა ლოტარინგიის მეფესთან პაპის ბრძოლას, სადაც ეს უკანასკნელი სიმართლის ქომაგად წარმოჩინდა. თუმცა ეს დაპირისპირება ნიკოლოზ I თითქმის მთელი მმართველობის განმავლობაში არ შემწყდარა, იგი პაპის მნიშვნელობისა და გავლენის გასაძლიერებლად ყველაზე ხელსაყრელი გამოდგა.

ლოტარინგიის მეფემ, ლოტარ II, რომელიც ბურგუნდიის მეფის დაზე – თიტბერგაზე იყო დაქორწინებული, მოისურვა ცოლთან გაყრა და ვინმე ვალდრადას შერთვა, რაკი იგი მგზნებარედ უყვარდა. მეფემ უტიფრად დასწამა ცილი თავის ცოლს, რომელიც დიდხანს არ ცნობდა თავს დამნაშავედ, ბოლოს კი ქმრის სასტიკმა მოპყრობამ გატეხა მისი ნებისყოფა, მოსალოდნელი ტყვეობითა და მუქარით დაშინებული დათანხმდა მეფის მოთხოვნებს, „აღიარა დანაშაული“ და განქორწინების სამართლიანობა დაადასტურა. შემდეგ მეფემ 862 წელს ააქენში მოიწვია კრება ანუ სინოდი, რომელსაც მართავდნენ არქიეპისკოპოსები: გიუნტერ კელნელი და თიტგო ტრირელი, აგრეთვე ვალდრადას ახლობლები. კრებაზე ეპისკოპოსებმა ერთხმად გადაწყვიტეს ქორწინების დარღვევა და მეფეს ნებართვა მისცეს, მეორედ შეერთო ცოლი. ლოტარმაც არ დააყოვნა ქორწინება ვალდრადაზე და დედოფლადაც კი აკურთხა იგი.

ააქენის სინოდის ამ უკანონო გადაწყვეტილებას მხოლოდ არქიეპისკოპოსი ჰინკმარ რეიმსელი აღუდგა წინ და მოითხოვა, საქმე ფრანკთა სასულიერო დასისგან შემდგარ კრებას განეხილა. ლოტარმა, რაკი დაბრკოლებას წააწყდა, პაპს მიმართა თხოვნით – დაედასტურებინა ააქენის კრების გადაწყვეტილება ან საქმის ხელახლა განსახილველად თავისი ლეგატები გამოეგზავნა. ნიკოლოზმა მანამდეც იცოდა ყველაფერი, რადგან საჩივრით მიმართა მეფის ყოფილმა ცოლმა თიტბერგამ. პაპმა გააგზავნა თავისი ორი ლეგატი, ლოტარმა კი მეცაში შეკრიბა ის ეპისკოპოსები, რომელნიც დაყვავებით ან მუქარით წინასწარ განაწყო თავის სასარგებლოდ. მანვე მოისყიდა ლეგატებიც და მეცას სინოდმა (863 წ.) ააქენის სინოდის გადაწყვეტილება დაადასტურა.

მაშინ არქიეპისკოპოსები გიუნტერი და თიტგო პაპთან გაემგზავრნენ რომში და კრების განჩინება წაუღეს დასადასტურებლად. ნიკოლოზმა ხელახლა განიხილა აღნიშნული საქმე რომის კრებაზე და გააუქმა წინა კრებების განჩინებები, ეკლესიიდან განკვეთა თავისი ანგარებიანი ლეგატები, ზემოხსენებული ორ არქიეპისკოპოსს კათედრა ჩამოართვა და მღვდელმოქმედება აუკრძალა. რაც შეეხება სინოდის სხდომებში მონაწილე დანარჩენ ეპისკოპოსებს, მათაც იგივე სასჯელით დაემუქრა, თუ სამოციქული (პაპის) ტახტის წინაშე არ შეინანებდნენ დანაშაულს.

ამ გადაწყვეტილებამ ლოტარინგიის სასულიერო დასი აღაშფოთა. ასე პირველად გაკადნიერდა პაპი და უცხო ქვეყანაში, იქაური საერო და სასულიერო ხელისუფლების დაუკითხავად, კათედრებიდან გაყარა მღვდელთმთავრები. დამხობილმა არქიეპისკოპოსებმა მიმართეს იმპერატორ ლუდოვიკო II და განუმარტეს, რომ პაპმა თავისი საქციელით შეურაცხყო სამეფო და სასულიერო ხელისუფლების ღირსება. მათ აუმხედრეს ნიკოლოზს იმხანად იტალიაში მყოფი იმპერატორი, რომელმაც რომზეც კი გაილაშქრა, რათა პაპი იძულებული გაეხადა, გაეუქმებინა თავისი გადაწყვეტილება. რომის მღვდელთმთავარი სიმტკიცესა და უშფოთველობას ინარჩუნებდა... თავდაცვისთვის მზადება არც დაუწყია, მხოლოდ მარხვა დააწესა და ერს უბრძანა – ღმერთს შევედრებოდნენ, რათა იმპერატორს კეთილგონიერება და პეტრე მოციქულისადმი სათანადო პატივისცემა გამოეჩინა. პაპის ერთგული ხალხი ერთობლივი ლოცვისთვის შეიკრიბა. გრძელი პროცესია, რომელსაც სასულიერო პირები ჯვრებით მიუძღვოდნენ, ფსალმუნების გალობით გაემართა წმინდა პეტრეს ტაძრისკენ. ამ დროს მათ თავს დაესხნენ იმპერატორის მეომრები, დაჭრეს და მოკლეს რამდენიმე მლოცველი. თვითონ პაპი იძულებული გახდა, ტაძრისთვის შეეფარებინა თავი. აღელვებული ერი ხმამაღლა გმობდა იმპერატორის საქციელს. მალე თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი, რომელმაც ჯვარი გადააყირავა, უეცრად გარდაიცვალა. დაავადდა იმპერატორიც, რაც ყველამ ზეციურ სასჯელად აღიქვა და შეშინებული ლუდოვიკოც უმალ შეურიგდა პაპს.

მაგრამ ლოტარინგიის ეპისკოპოსები ასე იოლად არ დანებდნენ. ორმა დამხობილმა არქიეპისკოპოსმა, რომიდან წასვლის წინ, პეტრე მოციქულის საფლავზე დატოვა პაპის მამხილებელი მკაცრი წერილი; მათვე, დანარჩენ ბრალდებულ ეპისკოპოსებთან ერთად, დაწერეს რამდენიმე ეპისტოლე, სადაც ფრანკთა ყველა მღვდელთმთავარს შეახსენეს, რომ პაპის ასეთი ქმედება მათი შეურაცხყოფაც იყო და თანადგომისკენ მოუწოდეს. წერილების ავტორებმა აგრეთვე განაცხადეს, რომ უარს ამბობდნენ პაპთან ეკლესიურ ერთობაზე და შეეცდებოდნენ, დაახლოებოდნენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, რომელიც იმხანად ასევე ებრძოდა ნიკოლოზ I. ერთ-ერთმა დამხობილმა არქიეპისკოპოსმა, მიუხედავად პაპისგან აკრძალვისა, მაინც განაგრძო მღვდელმოქმედება.

ამ მოვლენებით ატეხილი ქარიშხლის მიუხედავად პაპი არაფერს თმობდა და სიმშვიდესა და სიმტკიცეს ინარჩუნებდა...

ამაოდ ევედრებოდნენ მას საერო და სასულიერო ხელისუფალნი განაჩენის შემსუბუქებას – პასუხად მან ეკლესიიდან განკვეთა არქიეპისკოპოსი გიუნტერ კელნელი. თანდათან მომჩივარ მღვდელთმთავრებს მომხრეები შემოეცალნენ; საზოგადოებრივი აზრი პაპისკენ იხრებოდა, ლოტარის მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდებოდა. ბოლოს ლოტარინგიის ეპისკოპოსები იძულებულნი გახდნენ, თავმდაბლად გამოეხატათ სინანული; პაპმაც მიუტევა, მაგრამ მკაცრად გაკიცხა მწყემსის მოვალეობებისადმი დაუდევრობისათვის და მიუთითა: ლოტარის უზნეობაში თავადაც დამნაშავენი ხართ, რადგან მეფის უწესობაზე თვალს ხუჭავდით და მის მაამებლობას ცდილობდითო.

საჯაროდ გაკიცხულმა ლოტარმა პაპთან შერიგება გადაწყვიტა, თავი დაიმდაბლა, მიტევებისა და გამართლების სათხოვნელად დააპირა რომში წასვლა, მაგრამ ნიკოლოზმა შეუთვალა, რომ მას სათანადო პატივით ვერ მიიღებდა, სანამ ვალდრადას არ გაეყრებოდა და კანონიერ მეუღლედ თიტბერგას არ აღიარებდა. შემდეგ მოსთხოვა, ვალდრადა გამოეგზავნა რომში მოსანანიებლად. ლოტარი, ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ, იძულებული შეიქნა, დამორჩილებოდა. პაპის ლეგატისა და თავისი დიდებულების თანდასწრებით მან მიიღო თიტბერგა და შეჰფიცა, რომ პატივს მიაგებდა, როგორც თავის ცოლსა და დედოფალს. ვალდრადა კი ლეგატთან ერთად რომის გზას დაადგა...

დაპირისპირება ამით არ დასრულებულა. ლოტარს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა – უნდა დაეთმო, მაგრამ მოტყუებით თავის დაძვრენა მაინც სცადა. მისი ფარული ბრძანებით რომში მიმავალი ვალდრადა გაიტაცეს. თიტბერგას კი იმდენად მკაცრად ეპყრობოდა, რომ საცოდავმა ქალმა პაპს წერილი მისწერა, სადაც თავისი განქორწინების და მეფისა და ვალდრადას ქორწინების აღიარება სთხოვა. ამის შემდგომ იგი მონასტერში წავიდა.

მაგრამ პაპი არც ამ თხოვნას დაეთანხმა და თიტბერგას ასე უპასუხა: „შენ შენი სისუსტით სიცრუისა და მანკიერების აღზევებას უწყობ ხელს; ამგვარი საქციელი შესაძლოა სახიფაო მაგალითად ექცეს მთელ ქვეყანას; არ შეუშინდე მუქარასა და ძალას და ბოლომდე დაიცავი სიმართლე!.. თუ ტანჯვაში ამოგხდება სული, შენი სიკვდილი ქრისტესთვის მოწამებრივი აღსასრულის ტოლფასი იქნება!..“ ამასთან მან გააფრთხილა თიტბერგა, რომ არასოდეს და არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს კანონიერად მეფისა და ვალდრადას ქორწინებას. თავად მას კი მაშინ დართავს მონასტერში წასვლის ნებას, თუ მისი ქმარიც იგივეს გადაწყვეტს.

ლოტარი არ ჩქარობდა პაპის მოთხოვნების შესრულებას, მით უფრო, რომ მისი მდგომარეობა ერთგვარად გაუმჯობესდა – იგი შეურიგდა იმპერატორსაც და საფრანგეთის მეფესაც, რომლებიც უკვე შეაშფოთა პაპის მეტისმეტმა მოთხოვნებმა. 867 წელს ნიკოლოზი გარდაიცვალა და მის მიერ წამოწყებული საქმე, მართალია წარმატებით არ დასრულებულა, მაგრამ თავად მისმა მსვლელობამ უჩვეულოდ აამაღლა პაპის ტახტის მნიშვნელობა. პაპი ისეთი შეუპოვრობითა და რწმენით მოითხოვდა ზნეობასთან დაკავშირებულ ყოველ საქმეში უზენაეს მსაჯულად ყოფნას, რომ ხალხის თვალში ეს უფლება პაპის ტახტის კუთვნილება გახდა. ნიკოლოზის მემკვიდრეს ისღა რჩებოდა, რომ ამ მაღალი მდგომარეობის შენარჩუნებაზე ეზრუნა.

ჯერ კიდევ ზემოხსენებული ბრძოლა მიმდინარეობდა, როცა ნიკოლოზის სიცოცხლეშივე დაიწყო მეორე, თავისი შედეგებით გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი უთანხმოება, რის შესახებაც მომდევნო თავში გიამბობთ.

 

[1] რადგანაც საჭიროდ არ ვთვლით პაპობის ისტორიის დავწრილებით გადმოცემას, თანმიმდევრობით არ დავასახელეთ თითოეული მათგანი და ჩვენს თხრობაში არ ჩავრთეთ საკმაოდ გახმაურებული გადმოცემა, თითქოს ლეონ IV და ბენედიქტე III შორის, დაახლოებით 855 წელს, პაპის ტახტზე იჯდა დედაკაცი, სახელად იოანა. ამ ცნობას ზოგიერთი ისტორიკოსი უარყოფს.

 

    

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა