martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 48

ქრისტიანობა სპარსეთში, სომხეთსა და ივერიაში.

 

კონსტანტინოპოლის ეკლესიაში განვითარებული რელიგიური უთანხმოებანი მძიმედ აისახა აღმოსავლეთში, კერძოდ სპარსეთსა და სომხეთში. თვალი გადავავლოთ ამ ქვეყნების მდგომარეობას.

სპარსეთში, მეფე შაბურისგან სასტიკი დევნის შემდეგ, იქაურ ქრისტიანებს შედარებით მშვიდი დრო დაუდგათ. V საუკუნის დასაწყისისთვის მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა, რადგან ერთმა ეპისკოპოსმა მესოპოტამიიდან, წმინდა მარუთამ, ძლიერი ზეგავლენა მოიპოვა სპარსეთის მეფე ეზდიგერდ I (399-422 წწ.), მას შემდეგ რაც მძიმე სენისგან განკურნა. ეზდიგერდმა შეწყვიტა ქრისტიანების დევნა, მათ ტაძრების მშენებლობისა და ღვთისმსახურების თავისუფლად ჩატარების ნება დართო. მაგრამ ერთი სასულიერო პირის გადაჭარბებულმა მოშურნეობამ დაარღვია საერთო სიმშვიდე. ქალაქ სუზის ეპისკოპოსმა აბდიამ გადაწვა ბომონი და როდესაც მეფემ მისი აღდგენა მოსთხოვა, მან უარი განაცხადა და სიკვდილით დასჯა არჩია წარმართული ტაძრის განახლებას. განრისხებულმა მეფემ ქრისტიანული ტაძრების დანგრევა ბრძანა; ამას დევნა მოჰყვა, რომელიც ხანმოკლე შუალედებით მთელ ოცდაათ წელს გაგრძელდა, ხოლო უკიდურეს სისასტიკეს ეზდიგერდის მემკვიდრე ბაჰრამ V (421-438 წწ.) დროს მიაღწია. სპარსი მოგვები, ჯადოქრებისგან წაქეზებული ხელისუფლება თუ ხალხი ერთმანეთს არ აცლიდნენ: ცოცხლად მარხავდნენ, ტყავს აძრობდნენ ქრისტიანებს, რომელთაგან გამოჩენილი სიმხნევე და მოთმინება მტანჯველებსაც კი განაცვიფრებდა.

მეფის გარემოცვაში, თვით მაღალი თანამდებობების კარისკაცთა შორის, ბევრმა ქრისტიანმა სარწმუნოებისაგან განდგომას სიკვდილი ამჯობინა. ერთ-ერთმა მათგანმა, ჰორმიზდასმა, მეფეს უთხრა: „რას გარგებს, მე რომ შენი მოთხოვნა შევასრულო? ვინც დათანხმდება, განუდგეს ყოვლადძლიერ ღმერთს, შემოქმედს, განა ის ერთგულად მოემსახურება მიწიერ მეფეს?!“ ამ სიტყვების მთქმელს ჩამოართვეს წოდება, ქონება და მწყემსად გაგზავნეს – ეგონათ, ასე შეძლებდნენ მის გადაბირებას, მაგრამ ამაოდ – ის ბოლომდე თავისი ღმერთის ერთგული დარჩა და სიკვდილით დაისაჯა კიდეც. დიაკონი ბენიამინი საპყრობილეში მძიმედ ნაწამები ჩააგდეს და შესთავაზეს თავისუფლება ქრისტიანობის ქადაგებაზე უარის თქმის სანაცვლოდ, მაგრამ მან ეს ბინძური გარიგება უარყო: „ჩემი მოვალეობაა, სხვები ვაზიარო ნათელს, რომელიც მომეცა. სახარება მკაცრად გმობს მას, ვინც მიბარებული ტალანტი მიწაში ჩაფლა“. იგი მოწამებრივად აღესრულა.

აღმოსავლეთ იმპერიის ქრისტიანები მხურვალედ თანაუგრძნობდნენ თავიანთ მოძმეთა ტანჯვას სპარსეთში: ლტოლვილები თავშესაფარს მათ ჭერქვეშ პოულობდნენ. როდესაც ბაჰრამს მოახსენეს ამის შესახებ, მან საზღვრის დაცვა გააძლიერა და გაქცეულების დაპატიმრება ბრძანა, შემდეგ კი იმპერატორ თეოდოსის მოსთხოვა, გადაეცა ყველა ლტოლვილი სპარსეთიდან. თეოდოსიმ უარი განუცხადა და დაიწყო კიდეც ომი, რამაც ქრისტიანების მდგომარეობა ბევრად გააუარესა. ბოლოს ბაჰრამის გაბოროტება დააცხრო ერთი ეპისკოპოსის დიდსულოვანმა საქციელმა: შვიდი ათასამდე სპარსი ტყვეობაში იტანჯებოდა. ამიდიის ეპისკოპოსმა, აკაკიოსმა, შეკრიბა კლიროსი და შესთავაზა საეკლესიო ოქროს ჭურჭლის გაყიდვა ტყვეთა გამოსასყიდად. ყველა დაეთანხმა! მათ ტყვეები სამშობლოში დააბრუნეს და მგზავრობისათვის ყოველივე აუცილებელითაც მოამარაგეს. ქრისტიანთა ასეთმა გულმოწყალებამ გააოგნა ბაჰრამი: შეიცნო ჭეშმარიტი სული სარწმუნოებისა, რომელსაც სდევნიდა; მან მალევე ზავი დადო თეოდოსისთან და სიკვდილამდე მფარველობდა ქრისტიანებს, მაგრამ მისმა მემკვიდრემ, ეზდიგერდ II (438-457 წწ.) განაახლა დევნა.

ამის პირველი საბაბი გახდა მღელვარებანი სომხეთში, რომლის ერთი ნაწილი სპარსელებს ეპყრათ, მეორეს აღმოსავლეთის იმპერატორი მართავდა. როგორც ქრისტიანული ქვეყანა, იგი უფრო იმპერიის ერთგული იყო, რომელთანაც მუდმივად აკავშირებდა ეკლესიის საქმეები – სომხეთის ეპისკოპოსები (კათოლიკოსები) დიდხანს კესარიის არქიეპისკოპოსისგან იღებდნენ ხელდასხმას. სპარსეთის ხელისუფლება სომხეთში ქრისტიანებს ავიწროებდა, ანადგურებდა ბერძნულ წიგნებს და ხალხს არწმუნებდა, რომ ძველი კერპთმსახურება უკეთესი იყო. ქრისტიანები, თავის მხრივ, ზრუნავდნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვასა და დამკვიდრებაზე. სომეხთა ბრძენი და ღვთისმსახური მეფე ვრამშაპუჰის (400-414) დროს დაიწყო ოქროს საუკუნე ძველი სომხეთის განათლებისა. არქიეპისკოპოსმა ისააკმა და მისმა მეგობარმა მესროპმა მთელი ცხოვრება შესწირეს წმინდა წერილის თარგმანს. მათვე შეადგინეს 406 წელს სომხური ანბანიც, გადათარგმნეს ბიბლია, გახსნეს მრავალი სკოლა. მათი ზრუნვით ითარგმნა სომხურად ეკლესიის მამათა მრავალი ნაშრომი, სასწავლებლებმა გამოზარდა თვალსაჩინო პიროვნებანი ცოდნის ყველა დარგში. ისააკისა და მესროპის ერთ-ერთი პირველი მოწაფე იყო სომეხთა პირველი ისტორიკოსი მოსე ხორენაცი. ასეთი ნაყოფიერი მოღვაწეობა გაგრძელდა პატრიარქ იოსების დროსაც. მიუხედავად იმისა, რომ იმჟამად სპარსელებმა თითქმის მთლიანად დაიპყრეს სომხეთი, ზემოხსენებულ მოღვაწეთა გარჯას უკვალოდ არ ჩაუვლია – ამ ქვეყანაში გაიღვიძა სარწმუნოებისადმი მხურვალე მოშურნეობამ.

სპარსელთა ყველა ძალისხმევა, გაენადგურებინათ ქრისტიანობა სომხეთში, ამაო გამოდგა. ბევრმა ქრისტიანმა განადიდა უფალი მოწამებრივი სიკვდილით, მათ შორის იყო ეპისკოპოსი იოსებიც. ეზდიგერდ II შემოსევების დროს დაინგრა ეკლესია-მონასტრები. სომეხი ისტორიკოსები შთამბეჭდავად აღწერენ ქრისტიანთა ძნელბედობას სომხეთსა და სპარსეთში. მოსე ხორენაცი გლოვობს, რომ სომხეთს აღარ ჰყავს გრიგოლ განმანათლებლის მსგავსი კათოლიკოსები: „დაგტირი შენ, სომხეთის ეკლესიავ, მოკლებულო დიდსულოვან მწყემსსა და ბრძენ მოღვაწეს. საცხოვრისი ჩვენი ნანგრევებად იქცა, ქონება მძარცველებმა წარიტაცეს. წარჩინებულთ ბორკილები ადევთ, ერი უღელქვეშ გმინავს. გაანადგურეს ქალაქები, სოფლები ცეცხლს მისცეს და გაძარცვეს, ყველგან შიმშილი, სნეულება და სიკვდილია!..“

როდესაც დევნამ ჩაიარა, მღვდელთმთავრები დამკვიდრდნენ სომხეთის ახალ დედაქალაქ დვინში, არარატის მახლობლად. მომხდურთაგან მიყენებულ უბედურებას სომხეთში მალე სარწმუნოების ირგვლივ ატეხილი შფოთიც დაემატა. დევნამ ვერ შეძლო სომეხ ქრისტიანთა რწმენის მოსპობა, მაგრამ დამპყრობელთაგან გამოყენებულმა ერთმა ხრიკმა ხელი შეუწყო მათ შორის განხეთქილებისა და გაუგებრობათა გაჩენას.

სომხეთის მოქცევის პირველივე დღეებიდან ამ ქვეყნის ეკლესია მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლურ სწავლებას. მისი ეპისკოპოსები მონაწილეობდნენ მსოფლიო კრებებში და მათს განჩინებებზე აწერდნენ ხელს.

მაგრამ მას შემდეგ, რაც სომხეთი სპარსეთის მფლობელობაში აღმოჩნდა (428 წელს), აღმოსავლეთ იმპერიასთან მისი ურთიერთობა თანდათან გართულდა და ბოლოს სრულიად შეწყდა. ეპისკოპოსები აღარ მიდიოდნენ კესარიაში ხელდასხმის მისაღებად, ქალკედონის კრებასაც ვეღარ დაესწრნენ. მალე სომხეთში ხმა დაირხა, რომ ქალკედონის კრებამ ამხილა და დაგმო ევტიქის ერესი, სამაგიეროდ ნესტორის ერესი შეიწყნარა. ამ სიცრუეს ბეჯითად ავრცელებდნენ ეკლესიის მტრები და მოახერხეს კიდეც მორწმუნეთა მოტყუება. იმხანად ჭეშმარიტების დადგენა რთული იყო, რადგან სომხეთს იმპერიასთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა.

იმპერატორების – ზენონისა და ანასტასის ქმედებებმა გააძლიერა იმპერიაში საეკლესიო არეულობები, რაც აისახა მეზობელ ქვეყნებზეც. საქმე იქამდე მივიდა, რომ სომხეთის ადგილობრივმა კრებამ ანათემა გამოუცხადა თითქოსდა ქალკედონის კრების მიერ მოწონებულ სწავლებას. ორმოცდაათიოდე წლის შემდეგ, დვინის II ადგილობრივ კრებაზე (551-554 წ.წ.) კიდევ უფრო მკაცრ ანათემას გადასცეს ქალკედონის კრება და მის მიერ მიღებული ყველა დადგენილება, ხოლო მონოფიზიტობა ოფიციალურ სარწმუნოებად გამოაცხადეს. ამრიგად, ცრუ განმარტებათა მიზეზით სომხეთის ეკლესია განუდგა მსოფლიო მართლმადიდებლობას.

დროდადრო, როცა გარემოება მისცემდა ამის საშუალებას, საბერძნეთის ეკლესია ცდილობდა განდგომილთა შემობრუნებას ჭეშმარიტი სწავლებისკენ. სომხეთის ზოგიერთმა ეპისკოპოსმა აღიარა ცდომილებანი, რასაც სხვები ჯიუტად იცავდნენ. მღელვარებისა და შფოთის დროს ერთი დაჯგუფება მეორეს ადანაშაულებდა ერესში და შეჩვენებას უთვლიდა. საეკლესიო საკითხებს პოლიტიკური ვნებებიც შეერია და სომხებისა და ბერძნების ურთიერთდაპირისპირება გამძაფრდა.

630 წელს სომხეთი დაიპყრეს არაბებმა.

ამასობაში სპარსეთში ნესტორიანელებმა დიდი გავლენა მოიპოვეს და თავიანთი ცრუ შეხედულებები ფართოდ გაავრცელეს.

ახლა ყურადღება მივაპყროთ სომხეთის მეზობელ ივერიას, ანუ საქართველოს.

ჩვენ უკვე გიამბეთ ივერიის მოქცევის შესახებ IV საუკუნის დასაწყისში. V საუკუნემდე ივერიის ეკლესია ექვემდებარებოდა ანტიოქიის საპატრიარქოს. 342-499 წლებში მოღვაწე ღვთისმსახური მეფეები: ბაკური, მირდატი, არჩილი, ვახტანგი დიდად ზრუნავდნენ სარწმუნოების გასავრცელებლად: ადგენდნენ ახალ კათედრებს, ხსნიდნენ სასწავლებლებს, ებრძოდნენ წარმართობის ნაშთებს. ამის შედეგად ქვეყანაში ქრისტიანული განმანათლებლობა დიდად დაწინაურდა. სასწავლებლებში ბერძნულიდან ქართულ ენაზე ითარგმნებოდა საღვთისმსახურო წიგნები.

რწმენის გავრცელებასა და განათლებაზე ზრუნავდა მეფე ვახტანგ გორგასალი. მანვე აღაშენა ქალაქი თბილისი, 499 წლიდან საქართველოს მეფეთა სატახტო ქალაქი, სადაც ბევრი დიდებული ტაძარი იდგა. თბილისის უძველესი – მეტეხის ტაძარი ღვთისმშობლის სახელზეა აგებული. საერთოდ ივერიაში მრავალი ტაძარი ეძღვნება ღვთისმშობელს, რადგან იგი ამ ქვეყნის მფარველად ითვლება. ძველი გადმოცემა გვაუწყებს: როდესაც მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვინ სად უნდა წასულიყო საქადაგებლად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს წილად შეხვდა საქართველო.

V საუკუნის დასასრულს თუ VI საუკუნეში ივერიაში ჩამოვიდა ცამეტი ასურელი მამა, რომელთაც საქართველოს ეკლესია უდიდეს პატივს მიაგებს. ისინი დასახლდნენ უკაცრიელ ადგილებში, სახელი გაითქვეს სიწმინდითა და სიბრძნით, შემოიკრიბეს უამრავი მოწაფე, მოაწყეს მონასტრები, გააქრისტიანეს მეზობლად მცხოვრები წარმართი ტომები. ერთ-ერთი ასურელი მამა, ეპისკოპოსი აბიბოს ნეკრესელი, სარწმუნოებას შეეწირა მაშინ, როცა სპარსელებმა ცეცხლითა და მახვილით იავარჰყვეს ბედკრული საქართველო და ცდილობდნენ კერპთაყვანისმცელობისკენ დაებრუნებინათ ქრისტიანები.

დიდი ზიანი ადგებოდა ივერიას მეზობელი ქვეყნებისგანაც, რომლებიც ურთიერთთან ბრძოლის დროს მასაც ითრევდნენ. ქართველებს ხან სპარსელები არბევდნენ ბერძნებთან კარგი ურთიერთობისთვის, ხანაც ბერძნები ვერ პატიობდნენ სპარსელებთან სიახლოვეს. ივერიაში შეღწევა სცადა მონოფიზიტობამ, მაგრამ სასულიერო დასმა და ერმა მტკიცედ დაიცვა მართლმადიდებლური სწავლება; მონოფიზიტთა ერესი ანათემას გადასცა ივერიის კათოლიკოსმა კირიონ I-მა.

V საუკუნის შუა წლებიდან ივერიის არქიეპისკოპოსებმა საბერძნეთის ეკლესიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს. მათ ეწოდათ „კათოლიკოსები“, რაც ნიშნავს საყოველთაოს. (მეთერთმეტე საუკუნიდან საქართველოს ეკლესიის უმაღლეს იერარქს ეწოდება „კათოლიკოს-პატრიარქი“).

სარწმუნოებამ შეაღწია აფხაზეთშიც და კოლხეთშიც. დროდადრო საქართველოს ამ მხარეებს თავიანთი, დამოუკიდებელი კათოლიკოსები ჰყავდათ, რომელთაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ბიზანტიის ეკლესიასთან. ეს ნაწილობრივ იმითაც იყო გამოწვეული, რომ კავკასიის ქვეყნების განათლებაზე დიდად ზრუნავდნენ ბიზანტიის იმპერატორები, განსაკუთრებით იუსტინიანე, რომელიც ბერძენ მღვდლებს უგზავნიდა და ტაძრებს უშენებდა მათ.

მაგრამ ქრისტიანობის შენარჩუნება ძნელი აღმოჩნდა კავკასიის მთიელთა შორის, რომლებიც დროდადრო სრულიად სწყდებოდნენ ქრისტიანებთან ურთიერთობას და წარმართობის გავლენის ქვეშ ექცეოდნენ. მიუხედავად ამისა, მთათა ხეობებში, ციცაბო კლდეებზე, აფხაზეთისა და სვანეთის უღრან ტყეებში დღევანდლამდე ვხვდებით ძველ ქრისტიანულ ტაძრებს. მთიელები პატივს მიაგებენ ძველ სიწმინდეებს, უფრთხილდებიან ქრისტიანულ დღესასწაულებს და უდიდეს წმინდანთა ხსოვნას.

 

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა