martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 30

დიოკლეტიანეს მმართველობის დასაწყისი. ქრისტიანთა ღვთისმსახურება და ჩვეულებები. მონაზვნობის დასაწყისი და ღირსი ანტონი დიდი. ქრისტიანთა დევნა და მოწამენი. წმინდა გრიგოლი – სომხეთის განმანათლებელი.

 

286 წელს რომის ტახტზე ავიდა დიოკლეტიანე, წარმოშობით დალმაციიდან. მის სახელს უკავშირდება ყველაზე საშინელი დევნა, როგორიც კი ოდესმე განუცდიათ ქრისტიანებს. თავისი მმართველობის დასაწყისში იმპერატორი საერთოდ არ იყო მათ მიმართ მტრულად განწყობილი: ქრისტიანები ღიად ასრულებდნენ ღვთისმსახურებას, ეკავათ თანამდებობები საიმპერატორო კარზე, მსახურობდნენ ჯარსა და სენატში. ზოგიერთის ვარაუდით, დიოკლეტიანეს ცოლი და ასული დაუფარავად აღიარებდნენ ქრისტიანობას.

ამ დროისთვის ეკლესიათა შორის ხშირი ურთიერთობებისა და კრებების წყალობით უფრო მტკიცედ დადგინდა საეკლესიო ღვთისმსახურების მართვის განაწესი და ტრადიციები, რომლებიც, მიუხედავად საკმაო მსგავსებისა, ყოველთვის არ ემთხვეოდნენ ერთმანეთს. ამიტომ ვიდრე შევუდგებოდეთ ახალი, სასტიკი დევნის შესახებ თხრობას, რომელიც ქრისტიანებს დაატყდათ თავს, ყურადღება მივაქციოთ იმდროინდელ ზოგიერთ ტრადიციას და ქრისტიანული ყოფის თავისებურებებს.

როგორც ადრე აღვნიშნეთ, ალექსანდრე სევერუსის მმართველობის დროს ქრისტიანებს მიეცათ უფლება, ღიად შეკრებილიყვნენ ღვთისმსახურებისთვის – ამ დროს დაიწყო ტაძრების აგებაც. ეს უფლება დევნის დროს ირღვეოდა და ქრისტიანებიც იძულებული ხდებოდნენ, შეკრებილიყვნენ მიწისქვეშეთში, ხომალდებზე, საპყრობილეებში... დიოკლეტიანეს მმართველობის დასაწყისში ქრისტიანებმა ისარგებლეს ხელისუფლის კეთილგანწყობა-გულუხვობით და რადგან ქრისტიანთა კრებული ყველგან მრავალრიცხოვანი იყო, ბევრ ქალაქში ააშენეს სამლოცველო სახლები ანუ ეკლესიები. მათ უპირატესად მოწამეთა საფლავებზე აგებდნენ. ეკლესიის წინ იყო ღია შესასვლელი, სადაც იდგნენ მძიმე დანაშაულში მხილებულნი, რომელთაც წინა შესასვლელის გადალახვის ნება არ ჰქონდათ. შემდეგ მოდიოდა წინა შესასვლელი (სტოა), სადაც მონანულები ევედრებოდნენ მართლებს, ელოცათ მათთვის ღვთის წინაშე, იქვე იდგნენ კათაკმეველნი, რომლებიც სწავლებას ისმენდნენ. შემდეგ იყო მორწმუნეთა სამყოფელი, რაც იყოფოდა ორ ნაწილად: ერთი მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი, მეორე – დედაკაცებისთვის. ამბიონიდან, ანუ ამაღლებული ადგილიდან კითხულობდნენ სახარებას და ქადაგებდნენ, იქვე ხდებოდა ხელდასხმა. აღმოსავლეთ მხარეს განთავსებული იყო საკურთხეველი, სადაც უსისხლო მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა. მის უკან ეპისკოპოსთა და პრესვიტერთა დასაჯდომელი იდგა. ტაძრის ერთ მხარეს შესაწირის მისაღები ადგილი იყო გამოყოფილი; ეკლესიების მახლობლად დიდი სანათლავები იგებოდა. საკურთხეველი ყოველთვის აღმოსავლეთს უყურებდა, რაც აღმოსავლეთიდან ამობრწყინებული სიმართლის მზისკენ მიქცევას აღნიშნავდა.

რაც მეტი შეძლებული ადამიანი უერთდებოდა ქრისტიანთა საზოგადოებას, მით მეტი სიმდიდრე გროვდებოდა ეკლესიებში. უკვე მესამე საუკუნის პირველ ნახევარში ჩვეულებად დამკვიდრდა საიდუმლოთა აღსასრულებლად ოქრო-ვერცხლის ჭურჭლის გამოყენება, ძვირფასი ლამპრებისა და სასანთლეების მოხმარება; პრესვიტერები და საერთოდ საეკლესიო მსახურები ღვთისმსახურებისას განსაკუთრებულ შესამოსელს ატარებდნენ.

ლიტურგიაზე წმინდა წიგნებიდან საკითხავების შერჩევა საეკლესიო ციკლის შესაბამისად ხდებოდა. შესაქმის წიგნი იკითხებოდა ორმოცდღიანი მარხვის დროს, იობისა – ვნების კვირაში. ღვთისმსახურების შესახებ შემონახული ყველა ცნობა ადასტურებს, რომ მისი ჩატარების ფორმა ძალიან ჰგავდა ახლანდელს, რომელსაც ჩვენ აღვასრულებთ. ეკლესიის გვიანდელმა მამებმა, მართალია, რამდენადმე შეამოკლეს ძველი სამოციქულო განაწესი და შეავსეს ახალი ლოცვებით და საგალობლებით, მაგრამ ხელუხებელი დატოვეს საღვთო მსახურების არსი; ამის შესახებ მოგვიანებით უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ.

მსახურთა ხარისხებს მესამე საუკუნეში დაემატნენ: იპოდიაკონი – დიაკონის დამხმარე, აკოლუთი – ეპისკოპოსის მსახური და ფარგალიტი ანუ მეკარე, რომელსაც თვალყური უნდა ედევნებინა, რომ მართალთა ლიტურგიას არ დასწრებოდნენ მონანულნი, კათაკმეველნი, განკვეთილნი, ტაძარში არ შემოსულიყო წარმართი; მასვე შეეძლო ყოფილიყო მგალობელი ან მედავითნე. ზოგიერთ ეკლესიაში იყვნენ მლოცველები, რომლებიც სნეულებსა და შეპყრობილებს ბოროტ სულთა განდევნის ლოცვებს უკითხავდნენ და მესაფლავენი, რომელთა მოვალეობა მიცვალებულთა დამარხვა იყო. დევნის დროს ამ მოვალეობის შესრულება დიდ საფრთხესთან იყო დაკავშირებული, ამიტომაც მრევლი დიდ პატივს სცემდა მათ.

ეპისკოპოსად არჩევა, როგორც უკვე ითქვა, ხდებოდა კლიროსისა და ერისკაცთა საერთო თანხმობით. სახელის გამოცხადების შემდგომ ეკლესიის თითოეულ წევრს ჰქონდა უფლება, გამოეთქვა აზრი შემოთავაზებული პიროვნების შესახებ და თუ მას შესაფერისად ჩათვლიდნენ, ხალხი საერთო თანხმობას გამოხატავდა შეძახილით: „ღირს არს!“ ეპისკოპოსის არჩევისთვის, აგრეთვე, საჭირო იყო ახლო ოლქებიდან იმ ეპისკოპოსთა თანხმობაც, რომლებიც ხელს ასხამდნენ რჩეულს.

ეკლესიის საქმეებს კრებები წყვეტდა, რომელშიც უხუცესი ერისკაცებიც იღებდნენ მონაწილეობას. ტრადიციისამებრ, თითოეულ ოლქში კრებას იწვევდნენ წელიწადში ორჯერ: შემოდგომით და აღდგომის შემდგომ.

ისტორიკოსი ევსები (263-340 წწ.), პალესტინის კესარიის ეპისკოპოსი, ახსენებს ფილიპეას კესარიის მახლობლად აღმართულ იესო ქრისტეს სპილენძის ქანდაკებას; დაფებს, რომლებზეც გამოსახულნი არიან მაცხოვარი და მოციქულები პეტრე და პავლე. პირველი საუკუნეების ქრისტიანული ფერწერის კვალი ნაპოვნია რომის კატაკომბებში. კედლებზე ჩანს ქრისტეს გამოსახულება მწყემსი კეთილის სახით, რომელსაც მხრებით ცხვარი მიჰყავს; საიდუმლო სერობა, ღვთისმშობელი და სხვა. საერთოდ ძველი ქრისტიანული ფერწერა უმეტესწილად სიმბოლურად ასახავდა ძველი აღთქმის მოვლენებს, რომლებიც წინასწარ გვაუწყებენ ქრისტეს მოვლინებასა და მის მიერ ჩვენს გადარჩენას. მაგალითებად გამოდგება რომის კატაკომბებში შემონახული ფრესკები: მოსე, რომელმაც კლდიდან წყარო გადმოადინა, დანიელ წინასწარმეტყველი ლომებთან ერთად, ნოეს კიდობანი და სხვა.

კატაკომბები რამდენჯერმე ვახსენეთ. ახლა უფრო დაწვრილებით შევჩერდეთ მათზე, რადგან ისინი პირველი საუკუნეების ქრისტიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. კატაკომბები, ანუ მიწისქვეშა გვირაბებისა და მღვიმეების ქსელი, მრავლად არის რომის შემოგარენში, ნეაპოლში, კუნძულ მალტაზე და ა.შ. განსაკუთრებით შთამბეჭდავია რომის კატაკომბები, რომელთაც ქალაქის ქვეშ უზარმაზარი სივრცე უჭირავთ. ყველა მისი დერეფანი ერთ ხაზად რომ განვალაგოთ, სიგრძით აპენინის ნახევარკუნძულის სიგრძეს გაუტოლდება. კატაკომბების წარმოშობის შესახებ რამდენიმე მეცნიერული მოსაზრება არსებობს. ერთნი ვარაუდობენ, რომ ქრისტიანებმა გამოიყენეს ადრე არსებული ქვის სამტეხლოები და მაღაროები. მეორეთა აზრით, კატაკომბები თავდაპირველად იუდეველთა სასაფლაო იყო, შემდეგ ქრისტიანებმაც დაიწყეს იქ მიცვალებულების დაკრძალვა. იუდეველები ქალაქის შემოგარენში ყიდულობდნენ მიწის ნაკვეთებს, რომელთა ქვეშაც გაჰყავდათ გვირაბები, მოგვიანებით კი რამდენიმე ასეთი სასაფლაო შეერთდა. ზოგი მეცნიერი კი მიიჩნევს, რომ კატაკომბები მხოლოდ ქრისტიანებმა გათხარეს და იქ აწყობდნენ ლოცვით შეკრებებს, იქვე ჰქონდათ მიცვალებულთა საძვალე და უსაფრთხო თავშესაფრები.

მხოლოდ ქრისტიანებისთვის იყო ცნობილი საიდუმლო გასასვლელები, რითაც შეეძლოთ ერთი კატაკომბიდან მეორეში მოხვედრა ან ქალაქიდან გაღწევა. რომს ყოველი მხრიდან ერტყა ამოსასვლელები მიწისქვეშეთიდან. ეს იყო ვიწრო, ბნელი დერეფნები, რომელთა კედლებშიც სამარხი აკლდამები იყო ჩატანებული. სხვადასხვა მიმართულების ვიწრო გასასვლელები ხან ჯვრისებურად კვეთდნენ ერთმანეთს, ხან ფართოვდებოდნენ და ოთხკუთხა ან მომრგვალო ფორმის სივრცეებს ქმნიდნენ, რომლებშიც, კედლებზე დარჩენილი გამოსახულებების მიხედვით, იოლად ამოიცნობა ლოცვითი შეკრებების ადგილები. ეს იყო მიწისქვეშა ეკლესიები, სადაც მთავარი ადგილი ეკავა ნიშას – მოწამის საფლავს; მას ფილა ეფარა და საკურთხევლად გამოიყენებოდა.

კატაკომბებში ნაპოვნი წარწერები, ფერწერული ნახატები, სხვადასხვა საგნები ცხადად ადასტურებს, თუ როგორ სწამდათ, იტანჯებოდნენ და რას სასოებდნენ პირველი საუკუნეების ქრისტიანები. ამ პირქუშ მიწისქვეშეთში, სადაც უამრავი მოწამეა დაკრძალული, დღესაც პოულობენ საფლავებს და წარწერებს. ყველაფერი ეს ადასტურებს, თუ რა უდიდესი გადატრიალება მოახდინა ქრისტეს სწავლებამ მორწმუნეთა ჩვეულებებსა და ცნობიერებაში.

დიდგვაროვანი წარმართები მიცვალებულთა ცხედრებს წვავდნენ, ფერფლს ჭურჭელში ინახავდნენ, შემდეგ კი მათ მდიდრულ აკლდამებში ათავსებდნენ ან გარდაცვლილის მიწიერი სიდიადის ხსოვნისადმი მიძღვნილ ქანდაკებაზე დგამდნენ. დაუშვებელი იყო, რომ ჭურჭელი მონის ან ღარიბის ფერფლით მდიდრისა და წარჩინებულის ნეშტის ახლოს დაესვენებინათ. ქრისტიანული აკლდამები ან სასაფლაოები კი სულ სხვა სულითა და ცნობიერებით იყო მოწყობილი. ქრისტიანები გარდაცვლილს არ წვავდნენ, პატივს მიაგებდნენ მის სხეულს, როგორც სულიწმიდის ტაძარს; კუბოში ჩასვენებულებს კრძალვით, ლოცვითა და ფსალმუნთა გალობით მარხავდნენ კატაკომბების კედლების გაყოლებაზე. გარდაცვლილის სახელს იშვიათად მიუწერდნენ, თუ რა ადგილი ეკავა მას ამქვეყნად: იყო მონა თუ თავისუფალი, ცნობილი, მდიდარი ადამიანი თუ ღატაკი მაშვრალი. „მსახური ქრისტესი“ – აი, რა ითვლებოდა საპატიო წოდებად მისთვის, რადგან ეს იყო საწინდარი მომავალი, მარადიული ცხოვრებისა, რომლის წინაშეც ფერმკრთალდება მიწიერი ცხოვრება თავისი დიდებითა და მწუხარებით.

მოწამის საფლავზე ჩვეულებრივ გამოსახავდნენ პალმის რტოს ან გვირგვინს, რაც გამარჯვებას აღნიშნავდა. „გამარჯვებული ამა სოფლად იესო ქრისტეს მიერ“ – ეწერა საფლავზე. ზოგჯერ მოწამეების აკლდამებში დებდნენ მინის პატარა ჭურჭელს მათი სისხლით – ასეთ ნივთს ხშირად პოულობენ დღესაც კატაკომბების გათხრების დროს. ზოგ აკლდამაში ამჟამადაც ტრიალებს დაკრძალვის დროს გამოყენებული ნელსაცხებლების სურნელი; მრავლად გვხვდება შემდეგი სიმბოლური გამოსახულებანი: ღუზა – ქრისტიანთა სასოება, ხომალდი – სახე ეკლესიისა, მტრედი – ნოესთვის გადარჩენის მაცნე და სულიწმიდის ხატი; თევზი – გალილეველი მეთევზეების მიერ დაღუპვის უფსკრულიდან ამოყვანილი და ახალი ცხოვრებისთვის წყლით (ე.ი. ნათლისღებით) აღორძინებული სულის ხატი. თევზის გამოსახულება განსაკუთრებით ხშირია. მას, გარდა სიმბოლური დატვირთვისა, სხვა მნიშვნელობაც ჰქონდა. მის აღმნიშვნელ ბერძნულ სიტყვაში თავმოყრილია მაცხოვრის სახელის საწყისი ასოები: იესო ქრისტე, ღვთის ძე, მაცხოვარი. კატაკომბებში არსებობს ფრესკები, სადაც სამსხვერპლოზე თევზი და პურია მოთავსებული, რაშიც სამართლიანად ხედავენ ევქარისტიის შესრულების მინიშნებას. თევზი გამოისახებოდა სხვადასხვა საგნებზე, რომლებსაც ქრისტიანები იყენებდნენ, აგრეთვე საბუთის დასამოწმებლად განკუთვნილ ბეჭდებზე. კატაკომბებში აღმოჩენილ ლამპრებს ხომალდის სიმბოლური ფორმა აქვთ. საერთოდ, ქრისტიანებს უყვარდათ ეს სიმბოლოები, რომელთა შინაარსიც დაფარული რჩებოდა წარმართებისთვის, ხოლო მათ, მორწმუნეებს, მუდამ ახსენებდა ქრისტეს მიერ გადარჩენასა და აღორძინებას ახალ ცხოვრებაში.

მოციქულთა ეპოქიდანვე ზოგი ქრისტიანი უარს ამბობდა ქორწინებაზე, საერო პატივსა და თანამდებობებზე, ემსახურებოდა უფალს მოუკლებელი ლოცვით, მღვიძარებითა და მკაცრი თავშეკავებით. მათ ასკეტებს უწოდებდნენ. II-III საუკუნეების ისტორიაში ხშირად იხსენიებიან ქალწულნი, რომლებმაც ცხოვრება უფალს მიუძღვნეს. III საუკუნეში საფუძველი ჩაეყარა განმარტოებულ ცხოვრებას უდაბნოში, რაც მონაზვნობის დასაწყისი იყო. ჩვენ უკვე გიამბეთ, რომ დეციუსისგან დევნის დროს ბევრი ქრისტიანი წავიდა უკაცრიელ ადგილებში, ზოგიერთის შესახებ შემდგომი ცნობები საერთოდ აღარ არსებობს და უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ დარჩენილი ცხოვრება მარტოობაში განვლეს. პირველი ცნობილი მეუდაბნოე იყო პავლე თებაიდელი. იგი დევნას გამოექცა და უდაბნოს შეაფარა თავი, მაგრამ იმდენად შეიყვარა განმარტოებით ცხოვრება, რომ აღარ მოისურვა ერში დაბრუნება და მოუკლებლად მლოცველმა 91 წელი გაატარა კლდოვან გამოქვაბულში.

III საუკუნეში ცხოვრობდა მეორე უდიდესი მეუდაბნოე, ანტონი დიდი, რომელიც უდაბნოში ცხოვრებისა და მონაზვნობის ფუძემდებლად ითვლება. ანტონი დაიბადა ეგვიპტეში 251 წელს, ქრისტიანულ ოჯახში. ოცი წლის ასაკში დაკარგა მშობლები, რომელთაგანაც მდიდარი მემკვიდრეობა დარჩა. ანტონი ბავშვობიდან ცდილობდა, უფლისთვის სათნოდ ეცხოვრა. ერთხელ ეკლესიისკენ მიმავალი ფიქრობდა მოციქულთა ღვაწლზე, პირველ ქრისტიანებზე, რომლებიც ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულით წირავდნენ ყველაფერს, რაც ებადათ. ამ ფიქრებში გართული ეკლესიაში შევიდა და პირველი სიტყვები, რაც მოესმა, სახარებიდან იყო: „უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე“ (მათ. 19,21). ეს სიტყვები ანტონმა თავისი ფიქრების პასუხად და თავად უფლის მოწოდებად მიიჩნია – დაუყოვნებლივ გაყიდა თავისი მამული, ფული ღატაკებს დაურიგა, თავისთვის კი მხოლოდ აუცილებელი დაიტოვა. მაგრამ, როდესაც რამდენიმე დღის შემდეგ ეკლესიაში გაიგონა სიტყვები: „ნუ ჰზრუნავთ ხვალისათვის“ (მათ. 6,34), დანარჩენიც გასცა, თავისი მცირეწლოვანი და ღვთისმოსავ დედაკაცებს ჩააბარა და გადაწყვიტა, თავი სრულად მიეძღვნა ღმერთისთვის.

მან მოძებნა კეთილმსახური ბერი, რომელიც განმარტოებით ცხოვრობდა, იცავდა მკაცრ მარხვას და მთელ დროს ლოცვაში ატარებდა, და მის მახლობლად დასახლდა. რამდენიმე ხნის შემდგომ მოისურვა სრული განმარტოება – წავიდა უდაბურ ადგილას და კლდეში ნაკვეთ, მიტოვებულ აკლდამას შეაფარა თავი. დღედაღამ ლოცულობდა, ცდილობდა ყოველივე ამსოფლიურის დავიწყებას, რათა სული, გონება და სურვილები სრულად მიემართა ღმერთისკენ. თავიდან ასე ცხოვრება ძალიან გაუჭირდა, ახსენდებოდა მიწიერი სიამენი, სიმდიდრე – ერთი სიტყვით, სასტიკი ბრძოლა მიდიოდა მის სულში, რომლის დამშვიდება და განმტკიცება მხოლოდ ლოცვას შეეძლო.

ანტონი ზოგჯერ მოინახულებდა ხოლმე მოხუცს, თავის პირველ მოძღვარს; ოცდათხუთმეტი წლის ასაკში კი გადაწყვიტა, სრულად განმარტოებულიყო; მან გადაცურა ნილოსი და უდაბნოში გავიდა. იქ ყველაფერი აკლდა, ხშირად იტანჯებოდა შიმშილის, სიცხისა და წყურვილისაგან, ყველაზე მეტად საკუთარ თავთან ბრძოლა უჭირდა. ხშირად საოცრად მიმზიდველად ეჩვენებოდა მიტოვებული მიწიერი სიამენი; სულს უფორიაქებდა შიში და ნაღველი, მაგრამ ლოცვა ყოველთვის ჰმატებდა ძალას. ზოგჯერ უფალი თავისი მოწყალების გამო, სასწაულებრივ შემწეობას მოუვლენდა. მაგალითად, ერთხელ გაუთავებელი შინაგანი ბრძოლით გაწამებულმა შეჰღაღადა: „უფალო, რა მოვიმოქმედო? მსურს ცხონება, მაგრამ გულისსიტყვები მაბრკოლებენ!“ და უეცრად დაინახა, მის წინ ადამიანი იჯდა და შრომობდა, შემდეგ წამოდგა, ილოცა და ისევ საქმეს მიუბრუნდა. ეს იყო ღვთის მიერ გამოგზავნილი ანგელოზი – მას უნდა შეეგონებინა ანტონისთვის, რომ შრომითა და ლოცვით დაიძლევა ყოველგვარი უკეთური გულისსიტყვა.

ამასობაში უდაბნოში დასახლება იწყეს წარმართული ქალაქებიდან ლტოლვილმა ქრისტიანებმა, რათა განმარტოებით მისცემოდნენ ლოცვას. ზოგი მიდიოდა და რჩევა-დარიგებას სთხოვდა ანტონს, რომელიც მღვიმედან, კლდეში გაჭრილი პატარა სარკმელის საშუალებით ესაუბრებოდა მათ. მნახველებს უხალისოდ ხვდებოდა, რადგან მდუმარება და განმარტოებით ცხოვრება უყვარდა. მაგრამ რაკი მნახველთა რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა, ანტონმა შეწყვიტა განდეგილობა და სიყვარულით იღებდა და მოძღვრავდა ყველა მასთან მისულს. ასე შეიკრიბა მის გარშემო უამრავი მეუდაბნოე; რამდენიმე მათგანმა ერთად დაიწყო ცხოვრება, ზოგნი ერთმანეთისგან განცალკევებით დაეყუდნენ კლდოვან მღვიმეებში და გამუდმებით ლოცულობდნენ. აუცილებელი საზრდოს მოსაპოვებლად ისინი პალმის ტოტებისგან კალათებს წნავდნენ და უახლოეს ქალაქში პურზე ცვლიდნენ. ასე თანდათან გაშენდა თებაიდის მკაცრი უდაბნო, სადაც შემდგომში მონასტრები დააარსეს. ანტონის მაღალქრისტიანული, ბრძნული დარიგებების მოსასმენად შორეული ქვეყნებიდანაც კი მოდიოდნენ.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში წარმართებს არ შეუწყვეტიათ ქრისტიანებზე თავდასხმა არც აშკარა დევნით, და არც სიტყვით. ალექსანდრიის ნეოპლატონიკოსთა სკოლის ფილოსოფოსები პლოტინი და პორფირიოსი ქრისტიანობას დაუპირისპირდნენ, თუმცა ჭეშმარიტება სწავლულთა შორის უფრო მეტ ქომაგს პოულობდა, ვიდრე მტერს. ქრისტიანული სწავლების დასაცავად წერდნენ იულიუს აფრიკელი, მინუციუს ფელიქსი და ადრე წარმართთა მხარდამჭერი არნობიუსი. ტვიროსის ეპისკოპოსი მეთოდე დიდი შემართებით ამხელდა პორფირიოსს. ჭეშმარიტი სარწმუნოება თავისი შინაგანი ძალით სულ უფრო ფანტავდა წარმართულ ცდომილებათა წყვდიადს. მაგრამ ქრისტიანებს კიდევ ელოდათ სასტიკი გამოცდა...

გაუთავებელმა შინააშლილობამ და ბარბაროსთა ხშირმა თავდასხმებმა აიძულა დიოკლეტიანე, აერჩია თანამმართველი. მან არჩევანი შეაჩერა თავის ერთ-ერთ მხედართმთავარ მაქსიმიანეზე, გაუნაწილა მას საიმპერატორო ძალაუფლება და ჩააბარა დასავლეთ იმპერიის პროვინციები. დიოკლეტიანე უმეტესად ცხოვრობდა ნიკომიდიაში, შავი ზღვის მახლობლად. მაქსიმიანე მილანში იყო, რადგან, რომთან შედარებით, იქიდან უფრო იოლად ადევნებდა თვალს გერმანული ტომების მოძრაობას – ეს უკანასკნელნი სულ უფრო ხშირად ესხმოდნენ თავს რომის პროვინციებს. ამ პერიოდისთვის სახელმწიფო იმდენად დასუსტდა, რომ ბარბაროსთა შემოსევებს იარაღით კი არა, ფულით იგერიებდა – ხარკს უხდიდა მათ. დიოკლეტიანემ კიდევ ორი მმართველი აირჩია, რომელთაც თუმცა კეისრის ტიტული მიენიჭათ, მაგრამ შედარებით ნაკლები ძალაუფლება ჰქონდათ – უნდა ემართათ ჩაბარებული პროვინციები. კონსტანციუს ქლორუსი მაქსიმიანეს დაექვემდებარა, გალერიუსი – დიოკლეტიანეს. ამ უკანასკნელს იმპერატორმა თავისი ასული მიათხოვა. გალერიუსმა მალევე მოიპოვა ძლიერი ზეგავლენა დიოკლეტიანეზე და ცდილობდა, განეწყო იგი მისთვის საძულველი ქრისტიანების წინააღმდეგ, თუმცა დიდხანს ვერ მოახერხა სასურველი ბრძანების მიღება დევნის დასაწყებად.

მაქსიმიანეც ვერ იტანდა ქრისტიანებს და, როგორც დასავლეთის ერთპიროვნული ხელისუფალი, სასტიკად ავიწროებდა მათ. მაქსიმიანემ დევნა ჯერ ლეგიონებში დაიწყო – დაბეჯითებით მოითხოვა, რომ მეომრებს ღმერთებისა და იმპერატორის პატივსაცემად რიტუალი ჩაეტარებინათ. მაშინ მრავალი ქრისტიანი იძულებული შეიქნა, სამსახური მიეტოვებინა და ბევრიც სიკვდილით დაისაჯა. აფრიკაში ერთმა მეომარმა, სახელად მარკელმა, აიყარა იარაღი და შესძახა: „თუ მეომრის წოდება მავალდებულებს, ცრუ ღმერთებს შევწირო მსხვერპლი, მე სამსახურზე უარს ვამბობ“. მას სიკვდილი მიუსაჯეს. ნოტარიუსმა კასიანემ უკანონო განაჩენის წერილობით გაფორმებაზე უარი თქვა და მასაც მარკელის ხვედრი ერგო.

მავრიკიოსმა, თებეს ლეგიონის მეთაურმა, არ შეასრულა ბრძანება და არ აღასრულა წარმართული რიტუალი. მთელმა ლეგიონმა, ექვსი ათას ხუთასმა კაცმა, მას მიჰბაძა და აღიარა ქრისტიანული სარწმუნოება. პროკურატორმა დანარჩენთა შესაშინებლად ბრძანა ყოველი მეათე მეომრის სიკვდილით დასჯა; როცა ყველამ განაცხადა, რომ სურთ ქრისტეს ერთგულ მსახურებად დარჩნენ, მთელი ლეგიონი ამოხოცეს. გალიაშიც ბევრმა ქრისტიანმა განდგომას სიკვდილი ამჯობინა.

დაახლოებით ამ პერიოდისთვის ბრიტანეთში ჩნდებიან პირველი მარტვილნი. ერთ-ერთი იყო დევნილი ქრისტიანი მღვდელი, რომელმაც თავშესაფარი ჰპოვა წარმართ მეომართან, სახელად ალბანთან. მასპინძელმა იხილა ქრისტიანის სათნოება, შეიცნო ჭეშმარიტება და გაქრისტიანდა. როდესაც მღვდლის შესაპყრობად მოვიდნენ, ალბანმა მეგობრის გადასარჩენად თავი გაწირა და სცადა, სტუმრის მაგიერ ჩაჰბარებოდა მტერს. დიდსულოვანი ტყუილი მაინც გამოაშკარავდა: მღვდელი შეიპყრეს და რადგანაც ალბანმა თავი ქრისტიანად გამოაცხადა, ორივე სიკვდილით დასასჯელად წაიყვანეს. მათმა რწმენამ და გაუტეხლობამ თავად ჯალათი მოაქცია: მან მოისროლა იარაღი და შესძახა: მწამს და მზად ვარ, მსჯავრდებულებთან ერთად მოვკვდე! ყველა სიცოცხლეს გამოასალმეს. ინგლისელები პატივს მიაგებენ ალბანს, როგორც თავიანთ პირველ მოწამეს. მისი მარტვილობის ადგილზე ტაძარია აგებული.

მიუხედავად ულმობელი დევნისა, ქრისტიანობამ ამ დროისთვის მაინც შეძლო გავრცელება ახალ ქვეყანაში – სომხეთში, რომელიც სპარსელებს ეპყრათ. ტახტის მემკვიდრე ყმაწვილი – თრდატი, რომელიც ერთგულმა მსახურმა იხსნა სიკვდილისგან, დიოკლეტიანეს კარზე იზრდებოდა. როდესაც დავაჟკაცდა, იმპერატორი სომხეთის ტახტის დაბრუნებაში დაეხმარა. თრდატის ერთ-ერთი უერთგულესი მსახური იყო გრიგოლი, სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელი, ქრისტიანად აღზრდილი კაპადოკიის კესარიაში. ამ დროს სომხეთში ცოტა ვინმემ თუ იცოდა ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ. თავად თრდატიც წარმართი იყო. ერთხელ მან მოითხოვა, რომ ღმერთებისდამი მსხვერპლშეწირვის რიტუალში გრიგოლსაც მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი თქვა და თავი ქრისტიანად გამოაცხადა. თრდატმა მას უბრძანა ქრისტიანობისგან განდგომა, მაგრამ როდესაც უარი მიიღო, აწამა და ჯურღმულში ჩააგდებინა, რათა შიმშილით ამოხდოდა სული. მაგრამ გრიგოლი ღვთის შეწევნით ცოცხალი გადარჩა. წმინდანი თოთხმეტი წლის განმავლობაში იტანჯებოდა ამ საშინელ საპყრობილეში. იგი გაახსენდათ და გაათავისუფლეს მხოლოდ მაშინ, როცა თრდატს საშინელმა სენმა დარია ხელი, გრიგოლმა ის სასწაულებრივად განკურნა. მაშინ მეფემაც და მთელმა სამეფო კარმაც შეიწყნარეს ჭეშმარიტება და ნათელ-იღეს.

კესარიის არქიეპისკოპოსის მიერ ეპისკოპოსად ხელდასხმული გრიგოლი დაუბრკოლებლად ქადაგებდა სახარებას სომხეთში, აგრეთვე მთელ კავკასიაში და კასპიის ზღვისპირეთში მცხოვრებ ველურ ტომებთან. ოცდაცამეტი წელი მართავდა ეკლესიას წმინდა გრიგოლი, რომელიც სომეხთა განმანათლებლად მოიხსენიება. მის დროს საბერძნეთიდან მოხმობილ ღვთისმსახურ მამათა და სწავლულთა თანადგომით შეიქმნა მრავალი სასწავლებელი, სადაც ბავშვებს ასწავლიდნენ წმინდა წერილს; აშენდა ბევრი მონასტერიც. წმინდა გრიგოლმა სომხეთის მაშინდელ დედაქალაქ ვაღარშაპატში დააარსა ეჩმიაძინის მონასტერი; იქვე დადგინდა სომეხ პატრიარქთა კათედრა. ეჩმიაძინი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე აგებულ ტაძარს ერქვა, რაც ნიშნავდა „გარდამოხდა მხოლოდშობილი“. სომხეთის განმანათლებელი გარდაიცვალა 335 წელს. მისი ხსოვნის პატივსაცემად სომხეთის ეკლესიას გრიგორიანული ეწოდა.

 

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა