martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 22

ეკლესია მეორე საუკუნის დასასრულს. მონტანიზმი და სხვა ერესები. საეკლესიო მწერლები. ტერტულიანე. ალექსანდრიის სასწავლებელი. დავა პასექის შესახებ.

 

დაახლოებით ამ დროს მცირე აზიაში აღმოცენდა ახალი ცრუსწავლება – მონტანიზმი, რომელიც ფართოდ გავრცელდა და ბევრი ქრისტიანი აცდუნა. მისი ავტორი იყო წარმოშობით ფრიგიელი მონტანი, რომელიც – ამპარტავნებით შეპყრობილი – ამტკიცებდა, რომ ღვთისგან მიიღო განსაკუთრებული გამოცხადება, რის საფუძველზეც იგი არის ის ნუგეშისმცემელი (ანუ პარაკლიტოსი), ვისი მოვლინებაც უფალმა აღუთქვა თავის მოწაფეებს. მონტანმა თავისი სწავლებით მოხიბლა ორი მდიდარი დედაკაცი – პრისკილა და მაქსიმილა და დაარწმუნა ისინი – ეთქვათ, ვითომ არიან წინასწარმეტყველნი, რომელთაც ზეგარდმო გამოცხადება ჰქონდათ. დროდადრო ისინი რაღაც გაუგებარ ექსტაზს ეძლეოდნენ, რასაც მიაწერდნენ სულის მოქმედებას, რომელიც თითქოს წინასწარმეტყველებისა და განჭვრეტის ნიჭს გადასცემდა მათ. მონტანი ადგენდა ცხოვრების უმკაცრეს კანონებს, აწესებდა მარხვას, კრძალავდა მეორე ქორწინებას, შეუწყნარებელი და ულმობელი იყო დაცემულთა მიმართ და ამტკიცებდა, რომ გამორიცხულია ეკლესიაში ხელმეორედ მიღება მათი, ვინც ერთხელ მძიმედ შესცოდა და განკვეთილი იქნა. მისი მიმდევრებიც განსაკუთრებულ სიწმინდეს იჩემებდნენ და თავიანთ თავს უწოდებედნენ სულიერთ, დანარჩენებს კი მშვინვიერთ.

რაოდენ დიდია განსხვავება ამ ქედმაღალ ცრუმასწავლებლებსა და თავმდაბალ ლიონელ მოწამეებს შორის, რომლებიც ყველაფერს სწირავდნენ ქრისტეს, არად აგდებდნენ საკუთარ დამსახურებას და მიმტევებელნი იყვნენ სუსტი მოძმეების მიმართ! ამით დასტურდება, რომ მხოლოდ სახარებისეული სწავლება არის წმინდა ცხოვრების წყარო, ხოლო ჭეშმარიტებისგან განშორებულს იოლად სძლევს ამპარტავნებისა და თვითცდუნების ცოდვა. თუმცა თავად მონტანსა და მის მიმდევრებს განსაკუთრებული სიწმინდით მოჰქონდათ თავი, ბევრმა კარგად იცოდა მათი ნამდვილი სახე და კიცხავდა ანგარებისმოყვარებისა და უზნეობისთვის. გულუბრიყვილო ადამიანები კი მათ წინასწარმეტყველებად და წმინდანებად მიიჩნევდნენ და მრავლადაც მიემხრნენ. მონტანიზმი განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა აფრიკაში. ჯერ კიდევ დევნა იყო გაჩაღებული, როდესაც ლიონის ეკლესიამ რომის ეკლესიას მისწერა ამის შესახებ და დაგმო ეს ცრუსწავლება.

180 წელს გარდაიცვალა მარკუს ავრელიუსი. მისი ძენი – კომოდუსი, შემდეგ კი პერტინაქსი ქრისტიანებს არ ავიწროებდნენ. ამის გამო ეკლესიამ მოკლე დროით დაისვენა დევნისგან, მაგრამ არ შეუწყვეტია ბრძოლა ერეტიკოსებთან, რომლებიც ცდილობდნენ თავიანთი ცრუ განმარტებებით შეებღალათ უფლის სწავლების სიწმინდე. გარდა მონტანისტებისა, გნოსტიკოსებიც ყველგან ავრცელებდნენ თავიანთ ცრუმოძღვრებას, რაც იმდენად მრავალფეროვანი იყო, რომ რთული იქნება მისი ყველა მიმდინარეობის ჩამოთვლა, რომლებიც ხან იუდეველთა რწმენას ესადაგებოდნენ, ხან აღმოსავლურ სისტემებს, ხანაც ელინურ ფილოსოფიას.

კერდონემ და მარკიონემ რომში მრავალი მოწაფე დატოვეს; ბარდესანმა და ტატიანემ თავიანთი სწავლება სირიასა და ეგვიპტეს მოჰფინეს. ტატიანე თავდაპირველად წმინდა იუსტინეს მოწაფე იყო და დაწერა აპოლოგია ქრისტიანთათვის, მაგრამ შემდგომ ასცდა ჭეშმარიტების გზას. ბარდესანი თავის სწავლებას იოლად დასამახსოვრებელი საგალობლებისა და ლექსების სახით აყალიბებდა, რაც ადვილად ვრცელდებოდა.

II საუკუნის დასასრულისათვის რომში ჩავიდა ერეტიკოსი, სახელად თეოდოტე, ხელობით დაბაღი, რომელიც ქრისტეს ღმერთობას უარყოფდა. რომში ჩასულს თავისი ქალაქის ეპისკოპოსისგან წერილი არ ჩაუტანია, არადა, ამ დროს არსებობდა ტრადიცია: როდესაც ქრისტიანი ერთი ქალაქიდან მეორეში მიემგზავრებოდა, თან თავისი ეპისკოპოსის წერილი მიჰქონდა დასადასტურებლად იმისა, რომ ნამდვილად ქრისტიანია და შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საიდუმლოებში. ასეთ წერილებს ან მოწმობებს რწმუნების სიგელები ეწოდებოდა. ამგვარი უსაფრთხოების დაცვა აუცილებელი იყო დევნისა და ერესების მოძალების პირობებში. რაკი ხსენებული წერილი თეოდოტეს არ აღმოაჩნდა, რომის ეკლესიამ მას მორწმუნეებთან საეკლესიო ერთობის ნება არ დართო, თან დაიწყო ცნობების შეგროვება მის შესახებ. აღმოჩნდა, რომ დევნის დროს ბიზანტიის ერთ პატარა ქალაქში თეოდოტემ დაგმო უფალი. როცა ქრისტიანებმა ამის შესახებ უსაყვედურეს, მან უპასუხა, რომ ღმერთს არ განდგომია, რადგან იესოს უბრალო ადამიანად მიიჩნევს. ამ პასუხისათვის იგი ეკლესიიდან განკვეთეს. მეორე ერეტიკოსი, სახელად პრაქსეასი, ასწავლიდა, რომ წმინდა სამების პირთა შორის სხვაობა არ არსებებობს და რომ თავად მამა ღმერთი განკაცდა. მის მიმდევრებს პატრიპასიანისტებს უწოდებდნენ.

ასეთივე მონდომებით ესხმოდნენ თავს ქრისტიანებს წარმართი ფილოსოფოსები და მწერლები, მათ სწავლებას წარმოაჩენდნენ გაუკუღმართებული სახით და დასცინოდნენ. ამას მოწმობს ცელსუსის, ლუკიანე სამოსატელისა და სხვათა თხზულებები. ლუკიანე აგდებით მოგვითხრობს ვიღაც პერეგრინის, გარყვნილი ადამიანის ისტორიას, რომელიც გამორჩენის მიზნით მიეკედლა ქრისტიანებს. მართალია, წარმართ მწერლებს სურდათ, სახელი გაეტეხათ ქრისტიანებისთვის და მათი სწავლება დაემახინჯებინათ, მაგრამ უნებლიედ მაინც აღწერდნენ ქრისტიანთა ჩვეულებებს, ადასტურებდნენ მათ მოთმინებას, ქველმოქმედებასა და სიმამაცეს. ქრისტიანებისადმი სიძულვილით გამსჭვალული ყველა ეს თხზულება შეიცავს ფრიად მნიშვნელოვან ცნობებს იმდროინდელ წეს-ჩვეულებებსა და ქრისტეს ეკლესიის გავრცელების მასშტაბებზე.

შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს გარეგნული უბედურებანი და დევნა არა თუ ზიანს აყენებდა ეკლესიას, პირიქით – ყოვლისშემძლე ღმერთის წყალობით სასიკეთოდ და სასარგებლოდაც კი უბრუნდებოდა; გაჭირვება აძლიერებდა და ავითარებდა მის შინაგან ძალებს. ეკლესიას მთელი მსოფლიო აუმხედრდა, მაგრამ მასთან იყო ის, ვინც სამყაროზე ძლიერია – ყოვლადსახიერი ნუგეშინისმცემელი ღმერთი. ეკლესია მისი სიტყვითა და მისი რჯულის დაცვით უკუაგდებდა მრავალრიცხოვანი მტრის შემოტევებს. დევნას ქრისტიანები მოთმინებითა და უდრეკი სიმამაცით ეგებებოდნენ, რითაც განაცვიფრებდნენ და ხშირად თავიანთი სარწმუნოების ძალასა და ჭეშმარიტებაში არწმუნებდნენ მდევნელებს. როგორც ერთი აპოლოგეტი ამბობდა, მარტვილობა იყო ქრისტიანობის თესლი კეთილი.

მტრების ცილისწამებას ქრისტიანები ჭეშმარიტების გადმოცემასა და კეთილი საქმეებით გაბრწყინებულ თავიანთ ცხოვრებას უპირისპირებდნენ, ცრუსწავლებებს ჭეშმარიტი სწავლების განმარტებებით პასუხობდნენ და ამით მორწმუნეთა განსწავლა-გაძლიერებასა და ერეტიკოსთა განქიქებას ემსახურებოდნენ. უფალიც ხილულად ეხმარებოდა თავის ეკლესიას – ულევად ასაჩუქრებდა სასწაულმოქმედების ნიჭით; მისი მწყემსნი სიბრძნითა და სიწმინდით ბრწყინავდნენ, როგორც მნათობნი ამა სოფლისა. წმინდა ირინეოსი მეორე საუკუნის დასასრულს წერდა: „უფლის ჭეშმარიტი მოწაფეები, მიიღეს რა მისგან მადლი დანარჩენი ადამიანების სასიკეთოდ, მისივე სახელით გადასცემენ ნიჭთ, რაც თითოეულს უფლისგანვე აქვს ბოძებული. ისინი ნამდვილად და ჭეშმარიტად განდევნიან დემონებს; ასე რომ, ბოროტ სულთაგან გათავისუფლებულნი არცთუ იშვიათად მოიქცევიან და მკვიდრდებიან ეკლესიაში.

ზოგიერთს აქვს წინათმცნობელობის, განჭვრეტისა და წინასწარმეტყველური უწყების ნიჭი, ზოგი სნეულებს კურნავს ხელდასხმით და სრულიად აჯანსაღებს. ზოგჯერ, როგორც აღვნიშნეთ, მათ მკვდრეთით აღადგინეს მიცვალებულნი, რომლებიც შემდეგ დიდხანს ცხოვრობდნენ ჩვენს გვერდით... შეუძლებელია ჩამოთვლა ნიჭთა, რომელთაც კათოლიკე ეკლესია ღვთისგან იღებს პონტოელი პილატეს დროს ჯვარცმული იესო ქრისტეს სახელით და ყოველდღიურად გასცემს წარმართთა სასარგებლოდ – არავის აბრკოლებს და საერთოდ არ ითხოვს საფასურს. ღვთისგან საჩუქრად ბოძებულს საჩუქრებადვე არიგებს“ (იხ. ევსები კესარიელი, „ეკლესიის ისტორია“, წ.5, თ.7).

თავად წარმართებიც ვერ უარყოფდნენ ქრისტიანთაგან აშკარად აღსრულებულ სასწაულებს; მაგრამ ბევრი მათი მწერალი ყველაფერს ეშმაკების ძალასა და ჯადოქრობას მიაწერს. ჩვენ კი შეუძლებელია ამ სასწაულებში არ ამოვიცნოთ აღსრულება ვედრებისა, რაც ჯერ კიდევ მოციქულთა პირით შეჰღაღადა უფალს დევნულმა ეკლესიამ: „და აწცა, უფალო, მოჰხედენ თქუმასა ამას მათსა ზედა და მოეც მონათა შენთა ყოვლითა განცხადებულებითა სიტყუად სიტყვისა შენისა, განრთხმად ხელი შენი კურნებად და სასწაულებისა და ნიშებისა ყოფად სახელითა წმიდისა ძისა შენისა იესუჲსითა“ (საქმე 4,29-30).

ისტორიკოსი ევსები უდიდეს ქებას უძღვნის იმდროინდელ ეპისკოპოსებს: „იმჟამად ერეტიკოსები მზად იყვნენ, დაეღუპათ ღვთის სამწყსო და სარეველასავით ერეოდნენ მოციქულთა სწავლების სუფთა ყანაში. მაგრამ ეკლესიის მწყემსები მთელ ქვეყანაზე არ იშურებდნენ ძალისხმევას მათ აღმოსაფხვრელად. ისინი განამტკიცებდნენ მოძმეებს ხან დარწმუნებითა და გაფრთხილებით, ხანაც ერეტიკოსთა წინააღმდეგ მიმართული დარიგებით როგორც სიტყვით, ისე წერილობით“. ამ მწყემსთაგან განსაკუთრებით სახელგანთქმულნი იყვნენ: მელიტონ სარდელი, თეოფილე ანტიოქიელი, დიონისე კორინთელი, აპოლინარიუს იერაპოლელი, ირინეოს ლიონელი.

სარდისის ეპისკოპოსმა მელიტონმა ზედმიწევნით შეისწავლა ძველი აღთქმა და შეადგინა კანონიკურად აღიარებული წიგნების პირველი სია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. მას აფასებდნენ როგორც წინასწარმეტყველსა და სულიწმიდით აღვსილ მამას, რომელმაც სხვა დანარჩენ თხზულებებთან ერთად დაწერა აპოლოგია ქრისტიანთა დასაცავად. აღესრულა 177 წელს.

თეოფილე ანტიოქიელი წარმართობიდან მოიქცა და ეკლესიის თავდადებული მწყემსი გახდა; დაწერა განსასწავლი დარიგებანი და წიგნი „სარწმუნოების შესახებ“, რომელიც ძველ თხზულებათაგან ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.

დიონისე კორინთელს ეკუთვნის ერეტიკოსთა მამხილებელი შვიდი შესანიშნავი ეპისტოლე, სადაც განმარტებულია ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლება.

აპოლინარიუსმა მარკუს ავრელიუსს მიართვა მნიშვნელოვანი აპოლოგია. იგი ბევრს წერდა მონტანისტების წინააღმდეგ.

ირინეოსმა, პოლიკარპეს მოწაფემ, რომელიც ლიონის ეპისკოპოსად აირჩიეს პოთინეს შემდეგ, დაწერა ღირსშესანიშნავი თხზულება ერესების წინააღმდეგ. თითქმის ყველაფერი, რაც ძველ ერესებს ეხება, ცნობილი გახდა მისი ხუთი წიგნიდან. ირინეოსი ამხელდა ცრუსწავლებებს და მათ უპირისპირებდა ქრისტეს ჭეშმარიტებას, რასაც ეკლესია მთელს მსოფლიოში ქადაგებდა. იგი წერდა: „ეკლესია მთელს სამყაროშია განფენილი, მაგრამ სარწმუნოებას ისე იცავს, თითქოს ერთ სახლში იყოს განთავსებული. ერთნაირად სწამს, თითქოს ერთი გული და ერთი სული ჰქონდეს, ქადაგებს შეთანხმებულად, თითქოს ერთი პირით მეტყველებდეს. როგორც მზე, ქმნილება ღვთისა, ერთია მთელი ქვეყნიერებისათვის, ასევე ერთი ნაქადაგები სარწმუნოება ბრწყინავს ყველგან, ყველას ანათლებს და ჭეშმარიტების შეცნობისკენ მიუძღვის“.

“დაეყრდნო საღვთო წერილს, რომელიც საყოველთაო და უეჭველი ჭეშმარიტებაა, ნიშნავს, სახლი ააშენო კლდეზე. რომელიმე სხვა შეხედულებებზე დაფუძნებით საკუთარ თავს დასაღუპავად გაწირავ“ – წერდა ირინეოსი და გულმოდგინედ ზრუნავდა ერთიანი სწავლების სიწმინდეზე, ქრისტიანებს შორის მშვიდობისა და სიყვარულის შენარჩუნებაზე.

თითქმის ყველა ეს საღვთისმეტყველო თხზულება დაწერილია ბერძნულად – იგი მაშინ მთელს აღმოსავლეთში უპირატესობით სარგებლობდა; მას სწავლულთა ენად, ხოლო ლათინურს „ბარბაროსთა ენად“ მიიჩნევდნენ.

ქრისტიანები იძულებულნი იყვნენ, შეესწავლათ წარმართული მეცნიერებანი, რადგან აუცილებელი იყო სწავლულ ფილოსოფოსებთან პაექრობა და მათი თავდასხმების მოგერიება. II საუკუნეში ქრისტიანები ცდილობდნენ, ყველგან მოეწყოთ სასწავლებლები განათლების გასავრცელებლად. ბევრმა ქალაქმა გაითქვა სახელი თავისი სკოლით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ალექსანდრიის სასწავლებელი იყო. ფიქრობენ, რომ ის ჯერ კიდევ მარკოზ მოციქულმა დააარსა. ამ სკოლის უპირველესი მიზანი იყო, ქრისტიანული სარწმუნოების მთავარი ჭეშმარიტებანი ესწავლებინა მათთვის, ვინც ნათლისღებისთვის ემზადებოდა. ამ საგანს ეწოდებოდა კატეხიზმო. სკოლებში ამზადებდნენ დამრიგებლებს ანუ კატეხეტებს.

II საუკუნეში ალექსანდრიის სასწავლებლის სამოღვაწეო სფერო მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მას სათავეში ედგნენ ღვთისმსახურებითა და ცოდნით განთქმული მამები, რომლებიც შეუპოვრად იგერიებდნენ ერეტიკოსთა და წარმართ ფილოსოფოსთა შემოტევას. ასეთი სასწავლებლის არსებობა განსაკუთრებით აუცილებელი იყო ალექსანდრიაში, რომელიც მთელ აღმოსავლეთში საგანმანათლებლო კერებით იყო განთქმული: ქალაქს ჰქონდა მნიშვნელოვანი წარმართული სკოლები, პტოლემეოსის მიერ შექმნილი უზარმაზარი ბიბლიოთეკა; ალექსანდრიელი იუდეველებიც გულმოდგინედ სწავლობდნენ მეცნიერებებს, გნოსტიკოსებიც ბეჯითად ავრცელებდნენ აღმოსავლური, იუდეური და წარმართული სწავლებების შერწყმით ჩამოყალიბებულ თავიანთ სისტემებს. არსად იმდენი მსმენელი არ ჰყოლიათ ბასილიდეს, კარპოკრატეს, ვალენტინს, ბარდესანს და სხვა ცრუმასწავლებლებს, რამდენიც ალექსანდრიაში. მეცნიერული ცოდნითა და მჭევრმეტყველებით აღჭურვილი თითოეული მათგანი ქრისტიანულ სარწმუნოებას ებრძოდა.

აუცილებელი იყო, ყველა ამ ცრუსწავლების მხილება, რასაც ქრისტიანები სახარებისეული სიტყვით აღწევდნენ. რამდენი სწავლული ფილოსოფოსი გააქრისტიანეს და ჭეშმარიტების ერთგულ, ბეჯით მსახურად აქციეს! კატეხიზმური სკოლის მესვეურნი გულმოდგინედ ზრუნავდნენ, რათა მსმენელები აღეჭურვათ ერესთა სამხილებლად და უშიშრად აფართოებდნენ სწავლების მსურველთა წრეს. ამ სკოლის პირველი ცნობილი მასწავლებელი იყო ათენელი ფილოსოფოსი ათინაგორა – თავიდან წარმართი, ვინც წმინდა წერილს მისსავე სამხილებლად სწავლობდა, მაგრამ ჭეშმარიტებით ძლეული მალე გაქრისტიანდა და მარკუს ავრელიუსს მჭევრმეტყველური აპოლოგიაც მიართვა ქრისტიანთა დასაცავად.

ათინაგორას შემდეგ ხსენებულ სკოლას სათავეში ჩაუდგა პანტენოსი, რომელიც ჭაბუკობიდან სტოელთა ფილოსოფიას მისდევდა, მაგრამ მოციქულთა მოწაფეების ქადაგებებმა მოაქცია. მან ნათელ-იღო და მონდომებით შეუდგა ქრისტიანობის გავრცელებას – გახდა კატეხიზმური სკოლის ხელმძღვანელი, მაგრამ შემდგომ უფალმა უფრო პასუხსაგები საქმისთვის მოუხმო. ალექსანდრიას სავაჭრო მიმოსვლის წყალობით ურთიერთობები ყველაზე შორეულ ქვეყნებთანაც ჰქონდა. ერთხელ ინდოეთიდან რამდენიმე კაცი ჩავიდა და ალექსანდრიის ეპისკოპოს დემეტრეს სთხოვა, მათ ქვეყანაში მასწავლებლები გაეგზავნა.

ქრისტიანული სარწმუნოება ინდოეთში თომა, ბართლომე და მათე მოციქულებმა იქადაგეს, მაგრამ მას შემდეგ წმინდა სწავლება თითქმის დავიწყებას მიეცა, რაკი ამ შორეულ მხარეს ქრისტიანები ვერ სწვდებოდნენ. დემეტრემ ინდოეთში წასვლა და ქადაგება შესთავაზა პანტენოსს, რომელიც ვერ შეაკრთო გრძელმა, მძიმე გზამ და მოსალოდნელმა საფრთხემ. მან სკოლა თავის მოწაფე კლიმენტის ჩააბარა და ინდოეთს გაემგზავრა. სამწუხაროდ, მისი შემდგომი მოღვაწეობის შესახებ ცნობები არ შემოინახა; მხოლოდ ცნობილია, რომ მან მიაგნო ებრაულ ენაზე დაწერილ მათეს სახარებას, რომელიც ბართლომე მოციქულმა დატოვა. დაბრუნების შემდეგ პანტენოსი ისევ სათავეში ჩაუდგა სასწავლებელს. 195 წელს იგი საბოლოოდ შეცვალა კლიმენტიმ.

კლიმენტი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე განსწავლული ადამიანი იყო. ათინაგორასა და პანტენოსის მსგავსად ჯერ წარმართობას აღიარებდა და ელინური ფილოსოფიით იყო გატაცებული, მაგრამ ღვთის წყალობით შეიცნო ჭეშმარიტება, მთელი გულით შეიყვარა და მის ერთგულ მსახურებას მიუძღვნა თავი. მან ზედმიწევნით შეისწავლა წმინდა წერილი, იმოგზაურა საბერძნეთში, იტალიასა და პალესტინაში, რათა შეხვედროდა ეკლესიის ცნობილ მამებს და მათგან მიეღო დამოძღვრა. იგი პრესვიტერად ეკურთხა და პანტენოსის მერე სათავეში ჩაუდგა ალექსანდრიის სასწავლებელს. კლიმენტი ალექსანდრიელმა მრავალი თხზულება დაწერა, მათ შორის „სტრომატა“ (რვა წიგნად), „აღმზრდელი“ (სამ წიგნად) და სხვა.

II საუკუნეში სარწმუნოების გავრცელებას დიდად შეუწყო ხელი წმინდა წერილის თარგმანებმა. ესენია: ძველი და ახალი აღთქმის ლათინური და ძველი აღთქმის სირიული თარგმანები; გამოჩნდა მთელი წმინდა წერილის სამი ბერძნული თარგმანიც – ისინი ეკუთვნოდა იუდეველებს (აკვილას, თეოდოტიონსა და სვიმაქოსს), რომლებიც არ სწყალობდნენ ქრისტიანებს და მნიშვნელოვნადაც დაამახინჯეს ტექსტი.

ამ დროისთვის ქრისტიანობას ფართო გზა მიეცა – რომში სიმდიდრითა და წოდებით ცნობილი მოქალაქეები ოჯახებთან და მთელ სანათესაოსთან ერთად იწყნარებდნენ ამ მაცხონებელ სარწმუნოებას. მართალია, აშკარა დევნა აღარ მიმდინარეობდა, მაგრამ ქრისტიანობის აღიარება მთლად უსაფრთხო არ ყოფილა, რადგან უწინდელი ბრძანებულებანი ხელისუფალთ შეიძლებოდა ისევ აემოქმედებინათ. აი, რა მოხდა კომოდუსის დროს: ერთმა მონამ ხელისუფლებასთან დააბეზღა თავისი ბატონი, სენატორი აპოლონიუსი, რომ ის ქრისტიანობას აღიარებდა. მონა დასაჯეს, რადგან, მარკუს ავრელიუსის ბრძანებით, ამგვარი დასმენები აკრძალული იყო. მაგრამ არსებობდა ბრძანებაც იმ ქრისტიანთა წინააღმდეგ, რომლებიც მხილების შემდეგ არ განუდგებოდნენ სარწმუნოებას. მსაჯულმა აპოლონიუსი იხმო და დაუწყო დარწმუნება, უარეყო ქრისტე; როდესაც უარი მიიღო, უბრძანა – წერილობით გადმოეცა თავისი სარწმუნოების არსი. აპოლონიუსმა მთელი სენატის თანდასწრებით განაცხადა თავისი მრწამსი და სიკვდილით დასჯას შეეგება 186 წელს.

ზოგიერთი მწერალი ამტკიცებს, რომ დაახლოებით ამ პერიოდში ბრიტანეთის მეფე ლუციუსმა რომს სთხოვა, მათთან გაეგზავნა მასწავლებლები; რომ რომის ეპისკოპოს ელეფთერისაგან გაგზავნილებმა წარმატებით იქადაგეს,[1] მაგრამ უფრო სარწმუნოა, რომ ბრიტანეთის ეკლესია დააფუძნეს აღმოსავლეთიდან გაგზავნილმა მქადაგებლებმა. ეს დასტურდება იმითაც, რომ ძველი შოტლანდიელები საკმაოდ დიდხანს აღნიშნავდნენ პასექს აღმოსავლური ეკლესიის ტრადიციისამებრ.

აღდგომის აღნიშვნის დროის შესახებ დავა, რომელიც ასე მშვიდობიანად გადაწყვიტეს ანიკიტემ და პოლიკარპემ, ისევ გაჩაღდა II საუკუნის დასასრულს. პაპ ელეფთერის მემკვიდრე ვიქტორმა ამ საკითხთან დაკავშირებით რომში მოიწვია კრება და აზიის ეკლესიებს მისწერა წერილი, სადაც მბრძანებლურად ითხოვდა: ამ უკანასკნელთ აღდგომა აღენიშნათ დასავლეთის ეკლესიისა და ზოგი აღმოსავლური ეკლესიის (მაგ., იერუსალიმის, ანტიოქიის და სხვ.) თანადროულად. იგი უდავოდ მართალი იყო, ზეიმის თარიღის თაობაზე როდესაც მსჯელობდა, მაგრამ საერთოდ არ ჰქონდა უფლება, სხვა ეპისკოპოსებისგან მოეთხოვა მორჩილება. ეფესოს ეპისკოპოსმა პოლიკარპემ, კრებასთან მოთათბირების შემდგომ, უპასუხა, რომ აზიის ეკლესიები არ შეცვლიდნენ თავიანთ ძველ ტრადიციას. პასუხით განრისხებულმა ვიქტორმა გამოაცხადა, რომ ეკლესიიდან განკვეთა ყველა, ვინც მას არ დაეთანხმა.

ამ საქციელმა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. ბევრმა ეპისკოპოსმა ეპისტოლე მისწერა ვიქტორს, რომელშიც კიცხავდნენ მის საქციელს, თუმცა ეთანხმებოდნენ მის გადაწყვეტილებას დღესასწაულის თარიღის შესახებ. მათ რიცხვში იყო ირინეოსიც, რომელიც თავის ეპისტოლეში საყვედურობდა ვიქტორს ქრისტიანული ერთსულოვნებისა და სიყვარულის დამარღვეველი საქციელისთვის და შეახსენებდა, თუ როგორი მშვიდობისმოყვარებით გადაწყდა ანიკიტესა და პოლიკარპეს შორის არსებული დავა. ირინეოსის აზრით: მიუხედავად იმისა, რომ მარხვის შესახებ ზოგ ეკლესიას შორის არსებობდა უთანხმოება, „მაინც ყველამ დაიცვა მშვიდობა და ჩვენ თანხმობით ვცხოვრობთ“. შედეგად ვიქტორმა უკან დაიხია, მშვიდობა აღდგა და ნიკეის კრებამდე თითოეულმა ეკლესიამ ისევ შეინარჩუნა თავისი ტრადიცია.

უნდა აღინიშნოს, რომ პირველ საუკუნეებში უმცირესი კვალიც კი არ ჩანს ეკლესიაზე მბრძანებლობისა, რისი უფლებაც მოგვიანებით მიითვისეს რომის ეპისკოპოსებმა და განაცხადეს, თითქოს ძველთაგანვე ჰქონდათ ასეთი უპირატესობა. სახელი პაპი, რომელიც მეორე და მესამე ასწლეულებში გვხვდება, მარტოოდენ რომის ეპისკოპოსს არ ეკუთვნოდა, არც იერარქიის განსაკუთრებულ ხარისხს აღნიშნავდა. ეპისკოპოსები უმნიშვნელოვანესი ქალაქებისა, სადაც ეკლესიები თავად მოციქულებმა დააფუძნეს, ზედამხედველობდნენ ქვეყნის დანარჩენ მღვდელთმთავრებს. მაგალითად, ელიის (იერუსალიმის) ეკლესიის ეპისკოპოსი უდიდესი პატივით სარგებლობდა; ალექსანდრიის ეკლესიის ეპისკოპოსი მეთვალყურეობდა ეგვიპტეში, ლიბიასა და პენტაპოლისში არსებულ ეკლესიებს. ამგვარადვე განაგებდა რომის ეპისკოპოსიც – მას პატივს მიაგებდნენ, როგორც უმთავრესი ქალაქის მღვდელთმთავარს, მაგრამ ეს პირველობა მბრძანებლობის უფლებას არ აძლევდა.

ჩვენ ვნახეთ, რომ ვიქტორის მცდელობას, მიეთვისებინა გარკვეული ძალაუფლება, საყოველთაო აღშფოთება მოჰყვა. სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიები ერთმანეთს მშვიდობის სულითა და ურთიერთისადმი სიყვარულით ეთათბირებოდნენ, როგორც ერთი მთლიანობის წევრები. ეპისკოპოსებისადმი მიგებული პატივის ხარისხი განისაზღვრებოდა მათი პირადი ღირსებებით და არა მოღვაწეობის ადგილით. ისინი რჩევებსა და დარიგებებს იძლეოდნენ თავმდაბლად და თავადაც მადლიერებით იღებდნენ მათ. თუ რაიმე მნიშვნელოვანი საკითხი წამოიჭრებოდა, ეკლესიები ერთმანეთს წერილობით ატყობინებდნენ, ან ქვეყნის ეპისკოპოსები იკრიბებოდნენ საქმის განსახილველად. ასე მისწერა გალიის ეკლესიამ რომის ეკლესიას მონტანისტების შესახებ, ასე მოიწვიეს რომში, კესარიაში, ეფესოსა და სხვაგან კრებები პასექთან დაკავშირებული დავის გამო, აგრეთვე, კერდონეს, მარკიონესა და მონტანის ერესების განხილვის მიზნით.

დაახლოებით II საუკუნის დასასრულს სახელი გაითქვა მწერალმა, რომელიც უდიდესი მონდომებით იცავდა ქრისტიანებს ცრუბრალდებებისგან. ეს იყო ტერტულიანე, წარმოშობით კართაგენელი, აფრიკელი. მამამისმა – წარმართმა – შესანიშნავი განათლება მისცა შვილს, რომელმაც შეისწავლა სიბრძნისმეტყველების ყველა დარგი. მას განსაკუთრებით უყვარდა ისტორია და ფილოსოფია, იცოდა ბერძნული ენა, სპეციალობით იყო ადვოკატი და კარგად ერკვეოდა რომის კანონმდებლობაში. ტერტულიანე, მთელი თავისი განსწავლულობისა და ბრწყინვალე ნიჭის მიუხედავად, ახალგაზრდობაში მანკიერ ცხოვრებას მისდევდა და როგორც თავად ამბობს – ქრისტიანობას აბუჩად იგდებდა. მოგვიანებით, ღვთის წყალობით, შეიცნო ჭეშმარიტება და მთელი გულით შეიყვარა. იგი გააოგნა ქრისტიანთა სათნო ცხოვრებამ, დაკითხვებისა და წამების დროს გამოჩენილმა სიმტკიცემ, ამიტომაც გადაწყვიტა, მიეგნო მათი სულიერი სიმტკიცისა და სიმართლის წყაროსთვის. ტერტულიანემ დაიწყო წმინდა წერილის შესწავლა, აღიარა სარწმუნოება, რომელსაც მანამდე დასცინოდა, მიჰყო ხელი მკაცრ და სათნო ცხოვრებას და უშიშრად იცავდა დევნულ ქრისტიანებს.

პრესვიტერად ხელდასხმული ტერტულიანე ნახულობდა მსჯავრდებულ ქრისტიანებს, მათვე სწერდა გამამხნევებელ წერილებს, ამხელდა ცრუსწავლებებს. 199 ან 200 წელს სენატს გადასცა აპოლოგია, რომლითაც დაიცვა ქრისტიანები და დაადასტურა წარმართული კერპთმსახურების სიყალბე და უგუნურება. ეს აპოლოგია დაწერილია ლათინურად და, როგორც ტერტულიანეს ყველა თხზულება, გამოირჩევა ცოცხალი, მიმზიდველი თხრობითა და შთამბეჭდავი მსჯელობით. აპოლოგიის გარდა, ტერტულიანემ მრავალი ნაშრომი დაწერა, მათ შორისაა: „სულის შესახებ“, „ნათლობის შესახებ“, „სანახაობათა შესახებ“, „პარქსეასის წინააღმდეგ“, „ეპისტოლე მეუღლისადმი“ (ორ წიგნად). ყველა ეს ნაწარმოები შეიცავს ბევრ ცნობას იმდროინდელი ქრისტიანების ჩვეულებებსა და ცხოვრების წესზე.

ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად თავის ნაშრომებში ტერტულიანეს მოჰყავს ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებები, მიუთითებს ადამიანის შინაგან ცნობიერებაზე და ქმნილებაზე, საიდანაც შესაძლებელი ხდება შემოქმედის შეცნობა. იგი წერს: „ჩვენ თაყვანს ვცემთ ერთ ღმერთს, სამყაროსა და ყოველივე მასში არსებულის შემოქმედს. ღმერთი უხილავია, თუმცა ყველაფერში ვლინდება, მიუწვდომელია, თუმცა მადლისმიერ გვიცხადებს თავს...“ (Aპოლოგეტიქუე, XVII.)

ჩვეულებრივ, ქრისტიანებს ბრალად სდებდნენ იმპერატორისადმი დაუმორჩილებლობას, რასაც ტერტულიანე მჭევრმეტყველურად აბათილებს: „ჩვენ ლოცვით არ მივმართავთ არარსებულ ღმერთებს, კერპებს, რომელთაც თავად სჭირდებათ დაცვა. ჩვენ ხელისუფალისთვის ვევედრებით მარადიულ, ცოცხალ ღმერთს. პატივს მივაგებთ ხელმწიფეს, რამეთუ ვიცით, რომ იგი ღვთის მიერ არის დადგენილი... მაგრამ მე მას ღმერთს ვერ ვუწოდებ, რადგან არ შემიძლია, ვიცრუო და ამით, მიუხედავად ჩემგან დიდი პატივისცემისა, სასაცილოდ ავიგდო იგი. ჩვენ მისთვის ვევედრებით ჭეშმარიტ ღმერთს, რომელმაც მისცა მას მეუფებაც და ცხოვრებაც. ზეცისკენ თვალებაპყრობილნი, ხელგაშლილნი, თავშიშველნი გულით ვლოცულობთ, რომ უფალმა უბოძოს მას დღეგრძელობა, უშფოთველი და უსაფრთხო მმართველობა. ვლოცულობთ მხედრობის სიმამაცისთვის, სენატის ერთგულებისათვის, ერის კეთილზნეობისა და მთელ ქვეყანაზე მშვიდობისათვის. ჩვენ ამ ყოველივეს ვევედრებით ღმერთს, რადგან მარტოოდენ მას ძალუძს მათი აღსრულება; ვემსახურებით, თაყვანს-ვცემთ უფალს და მზად ვართ, სიცოცხლე გავიღოთ მისთვის... დაე, გვაწამონ, ჯვარს გვაცვან, ცეცხლზე დაგვწვან, შუბითა და მახვილით აღიჭურვონ ჩვენს წინააღმდეგ. მლოცველ ქრისტიანს ყოველივეს დათმენა ხელეწიფება“.

ტერტულიანე განაგრძობს:

“ჩვენ რომ გვსურდეს ბოროტის წილ ბოროტის მიგება, განა უფრო იოლი არ იქნებოდა, გადატანილი შეურაცხყოფისა და შევიწროებისთვის სამაგიერო გადაგვეხადა?!.. ჩვენ რომ განწყობილი ვყოფილიყავით, თქვენთვის დაუფარავად გაგვეწია მტრობა, განა ამისთვის ძალები ან რიცხოვნობა არ გვეყოფოდა?! ნახეთ, თითქმის გუშინ დავიწყეთ არსებობა და უკვე აღვავსებთ თქვენ ქალაქებს, კუნძულებს, ციხესიმაგრეებს, სასახლეებს, სენატს, ბანაკებს, სამსჯავროებს; ...ან რა ომი იქნებოდა ისეთი, რომ ბრძოლა არ შეგვძლებოდა – ჩვენ ხომ მუდამ ხალისით ვიხოცებით?! მაგრამ ჩვენი სარწმუნოება გვიბრძანებს: უმჯობესია, ჩვენ გავწყდეთ, ვიდრე სხვა მოვკლათ... თუ იარაღით ხელში არ გაგისწორდებოდით, სხვაგვარადაც შეგვეძლო თქვენთვის გვევნო. საკმარისია, გაგეცალოთ, რომ გაოგნებულნი დაინახავთ თუ როგორ გაუკაცრიელდება თქვენი ოლქები!“

ტერტულიანე საკმაოდ დაწვრილებით აღწერს ქრისტიანთა საზოგადო ღვთისმსახურებასა და მათი ცხოვრების წესს; რომ ურთიერთსიყვარულის გამო თითოეული მათგანი უარს აცხადებს, თავისი შემოსავალი საკუთარ გართობასა და სიამოვნებაზე დახარჯოს, როგორც ამას წარმართები აკეთებენ, არამედ იყენებს ღატაკთა, სნეულთა, ქვრივ-ობოლთა, ჭეშმარიტებისთვის დევნილთა და ტანჯულთა განსაკითხად; საუბრობს ქრისტიანების ზნეობაზე, თუ როგორ პატიოსნად აღასრულებენ ისინი ყველა მოვალეობას, რომ წარმართებისგან განსხვავებით, არასდროს მიმართავენ თაღლითობასა და სიცრუეს: „დაე, თქვენმავე შედგენილმა სიებმა დაადასტუროს – არის თუ არა დამნაშავეთა, მსჯავრდებულთა, მკვლელობისთვის დამწყვდეულთა, ქურდობასა და სხვა ბოროტმოქმედებაში მხილებულთა შორის ერთი მაინც ქრისტიანი?! თუ ისინი მაინც დილეგების ტუსაღები არიან, მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტეს აღიარებენ; თქვენით, წარმართებით, კი გადავსებულია საპყრობილეები...

თქვენ განუწყვეტლივ სდევნით ქრისტიანებს. ხალხი მსაჯულთა განაჩენსაც არ ელის, ისე გვქოლავენ ქვებით, ცეცხლს უკიდებენ ჩვენს საცხოვრისს. გააფთრებული ერისკაცები არც მიცვალებულებს ინდობენ, საფლავებიდან თხრიან ქრისტიანების ცხედრებს და ჯიჯგნიან... იმისთვის, რომ შეგვიძულოთ, საბაბად იყენებთ ყველაფერს: თუ გადმოხეთქავს ნაპირებიდან ტიბრი ან ადიდდება ნილოსი, იქნება გვალვა თუ მიწისძვრა, მოედება ქვეყანას შიმშილი და სენი, მყისვე იწყება ყიჟინა: ქრისტიანები ლომებს! ქრისტიანები ლომებს! თითქოს იესო ქრისტეს მოვლინებამდე ამგვარი უბედურება არასდროს მომხდარა...

გვტანჯეთ, რამდენიც გსურდეთ! ვერაფერს მოიგებთ... რამდენსაც მოგვმკით, მით მეტი შეგვემატება – მოწამეთა სისხლი ქრისტიანობის თესლი ხდება... ბევრი თქვენი ფილოსოფოსი მოგიწოდებდათ მოთმინებისკენ, ქრისტიანების საქმეები და მაგალითები ხომ მათ დარიგებებზე უფრო შთამბეჭდავია. ჩვენ მადლობას გიძღვნით ჩვენდამი გამოტანილი განაჩენისთვის. თქვენგან მსჯავრი გვედება, ღვთისგან კი შენდობას ვიღებთ!“

სამწუხაროდ, შემდგომ ტერტულიანე გარკვეულ ცდომილებებს ერწმუნა და მონტანისტებს მიეკედლა. მანამდე დაწერილი მისი ყველა თხზულება კი ფრიად მნიშვნელოვანია და გულდასმით შესწავლას იმსახურებს. უცნობია, თუ სად და როგორ გარდაიცვალა ტერტულიანე, ვარაუდობენ, მან ღრმა სიბერემდე მიაღწია.

II საუკუნის ქრისტიანების ზოგიერთ წესსა და ტრადიციაზე უკვე მივუთითეთ ზემოთ. თავის ერთ-ერთ თხზულებაში ტერტულიანე საუბრობს მცირეწლოვანთა ნათლისღებაში მონაწილე მიმქმელებზე (ნათლიებზე); ნათლისღებისას სახელის დარქმევაზე და სხვ. როგორც ცნობილია, ზრდასრულნი ნათლისღებისთვის ემზადებოდნენ კატეხიზაციით და ეწოდებოდათ კატეხუმენები (კათაკმევლები). მათი განსწავლის ვადა ორმოცი დღიდან ორ წლამდე გრძელდებოდა. კათაკმევლებს ნება არ ჰქონდათ საიდუმლოთა აღსრულებაზე დასწრებისა და ტაძრიდან გადიოდნენ დიაკონის მოწოდების: „კათაკმეველნო, განვედით!“ შემდგომ. საუფლო ლოცვას მხოლოდ მონათლულები წარმოთქვამდნენ. ლიტურგიის უკანასკნელ და უმნიშვნელოვანეს ნაწილზე, რომელსაც ეწოდებოდა მართალთა ლიტურგია, დასწრების უფლება არ ჰქონდათ მონანულებსაც. მძიმედ შემცოდებლებს ეკლესია დროებით განაყენებდა და მხოლოდ შენანების შემდგომ რთავდა მორწმუნეებთან ურთიერთობის ნებას. სინანულის ხანგრძლივობას კი ეკლესია დანაშაულის ხარისხის მიხედვთ ადგენდა.

ნათლისღება უპირატესად აღდგომის ან სულთმოფენობის წინადღით სრულდებოდა. მოსანათლავთა სახელები შეჰქონდათ სიაში, რათა ღვთისადმი აღვლენილიყო სავედრებელი მათ სახელზე. ნათლისღება სრულდებოდა წყალში სამჯერადი შთაფლვით მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით. მანამდე მოსანათლავი (თუ ზრდასრული იყო) ან მიმქმელი (თუ ყრმა ინათლებოდა) მიბრუნდებოდა დასავლეთისკენ, განუდგებოდა ეშმაკსა და მის ყოველ საქმეს, შემდგომ აღმოსავლეთისკენ იბრუნებდა პირს და აღთქმას დებდა, ემსახურა უფალი ღმერთისთვის. აღმოსავლეთისკენ მიბრუნება აღნიშნავდა აღმოსავლეთით აღმობრწყინებული სიმართლის მზისადმი – ქრისტესადმი – შეგებებას. მოსანათლავს აძლევდნენ ცვილის სანთელს სულიერი განათლების ნიშნად. ნათლისღების შემდგომ სრულდებოდა მირონცხების საიდუმლო, რომელსაც თავდაპირველად ეპისკოპოსი, შემდგომ კი პრესვიტერებიც ასრულებდნენ, მაგრამ მირონს მაინც ეპისკოპოსი აკურთხებდა.

II საუკუნეში იხსენიება ლოცვები და შესაწირი მიცვალებულთათვის. შესაწირი ღვთისმსახურებისთვის საჭირო ნივთებისგან შედგებოდა და მას საკურთხევლის წინ აწყობდნენ. არსებობდა ეკლესიის მსახურთა და გაჭირვებულთათვის შესაწირიც. არასოდეს არაფერს იღებდნენ მანკიერი ყოფა-ქცევის ადამიანების, მონანულებისა და ეკლესიიდან განკვეთილებისგან. შემოინახა საზოგადო ტრაპეზის ტრადიციაც, რომელიც ცნობილია სახელით აღაპე. მაგრამ ამ ჩვეულებას ზოგჯერ ბოროტად იყენებდნენ, რის გამოც იგი თანდათან დავიწყებას მიეცა.

ამავე საუკუნიდან ცნობილი ხდება ახალი საეკლესიო თანამდებობა – წიგნისმკითხველი (მედავითნე). ღვთისმსახურებისთვის, გარდა კვირა დღეებისა, იკრიბებოდნენ შაბათობით, ოთხშაბათობით და პარასკევობით, როდესაც ამის შესაძლებლობა გაჩნდებოდა. ტერტულიანე ღამისთევის ლოცვასაც ახსენებს. წმინდა აღდგომის მთელ ღამეს მორწმუნეები ლოცვასა და სასულიერო ჰიმნების გალობაში ატარებდნენ. დიდი ზეიმით აღინიშნებოდა სულთმოფენობა.

ზიარების საიდუმლოსთვის გამოიყენებოდა გაფუებული პური და წყლით გაზავებული ღვინო. ქრისტიანები ხშირად ეზიარებოდნენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ბევრს ნაკურთხი ძღვენის ნაწილი სახლში მიჰქონდა და ყოველდღე ეზიარებოდა. წმინდა ძღვენი ასევე თან მიჰქონდათ შორ გზაზე მიმავალთ.

 

[1] ვარაუდობენ, რომ სახარების პირველი მქადაგებლები ბრიტანეთში, ანუ ინგლისში, იყვნენ მოციქულები – არისტობულე და სვიმეონ მოშურნე.

 

 

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა