martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 19

წმინდა იუსტინე მოწამე. ქრისტიანთა მეოთხე დევნა.

 

ადრიანეს მიერ ქრისტიანთა სასარგებლოდ გაცემულმა განკარგულებამ თავისი ძალა იმპერატორის მემკვიდრის, ანტონინეს (138-161 წწ.) დროს დაკარგა. ისევ განახლდა დასმენა და უკანონო დასჯა. ამ პერიოდში უფალმა თავის მსახურებს უბოძა მამაცი დამცველი, რომელსაც ეკლესია იხსენიებს იუსტინე მოწამის სახელით და მის ხსენებას აღნიშნავს 1 ივნისს.

იუსტინე დაიბადა II ს. დასაწყისში სამარიის ქალაქ სიქემში (ფლავია ნეაპოლისში). მისმა მშობლებმა – მდიდარმა წარმართებმა – კარგი განათლება მიაღებინეს შვილს, რომელსაც ბავშვობიდანვე იტაცებდა მეცნიერება, მაგრამ ნასწავლი არ აკმაყოფილებდა, არ სჯეროდა წარმართთა ღმერთებისა და დაუოკებელი სურვილი აღძრავდა ჭეშმარიტების შესაცნობად, რომელიც დაუმშვიდებდა სულს და მიუთითებდა, თუ რა იყო ადამიანის დანიშნულება და მიზანი.

იმხანად ფილოსოფოსებს გახსნილი ჰქონდათ საჯარო სკოლები – თითოეული სწავლული ამტკიცებდა, რომ მხოლოდ მასთან შეიძლებოდა ჭეშმარიტების პოვნა. როდესაც იუსტინემ ფილოსოფიის შესწავლა გადაწყვიტა, პირველად სტოელთა მიმდინარეობის წარმომადგენელს მიმართა, მაგრამ ამ სწავლებამ ვერ დააკმაყოფილა; ამიტომ დაემოწაფა სხვა ფილოსოფოსს, რომელმაც გარკვეული დროის შემდეგ გასამრჯელო მოსთხოვა. ამან გააოგნა ჭაბუკი, რადგან იგი სიბრძნის სწავლებას მაღალ და წმინდა საქმედ მიიჩნევდა და არა სარგებლის მომტან ხელობად. მესამე მასწავლებელმა არ გაუმხილა თავისი ცოდნის უმაღლესი საიდუმლონი და მუსიკის, გეომეტრიისა და ასტრონომიის შესწავლა დაავალა. ბოლოს იუსტინე პლატონის სკოლის მიმდევართან მივიდა. იგი ძალზე დააინტერესა პლატონის სწავლებამ – ფილოსოფიურ მოძღვრებათაგან ყველაზე აღმატებულმა: „მომეწონა მსჯელობები უნივთო სამყაროს შესახებ. იდეათა ჭვრეტამ ფრთები შეასხა ჩემს გონებას. მოკლე დროში იმდენი მოვასწარი, რომ თავი სწავლულად ჩავთვალე; ვიმედოვნებდი, რომ სულ მალე შევძლებდი ღმერთის განჭვრეტას – ეს კი პლატონის ფილოსოფიის მწვერვალია“ (“საუბარი ტრიფონ იუდეველთან“).

მაგრამ პლატონის ამაღლებული ფილოსოფია მაინც შორს იყო ჭეშმარიტებისგან. მიუხედავად ამისა, იუსტინე აღფრთოვანებით სწავლობდა მას; ხშირად განმარტოვდებოდა, რათა შეუზღუდავად მისცემოდა თავის ფიქრებს. ერთხელ, ზღვის სანაპიროზე სეირნობისას, მას შემოხვდა მოხუცი, რომელსაც სახეზე ეწერა სიმშვიდე და დიდებულება. თავად იუსტინე ერთ-ერთ თავის წიგნში – „საუბარი ტრიფონ იუდეველთან“ მოგვითხრობს ამ შეხვედრის შესახებ, თუმცა მოხუცის სახელს არ ამხელს. მათ შორის გაიმართა საუბარი, რაც მალევე შეეხო ღმერთს, სულის უკვდავებას, ჭეშმარიტების შეცნობას... იუსტინე ხოტბას ასხამდა პლატონის სწავლებას და ამბობდა, რომ ფილოსოფია უმაღლესი მეცნიერებაა – ის თავად არის ჭეშმარიტების შემეცნება; „ამგვარი ცოდნისა და სიბრძნის ჯილდოდ ბედნიერებას ჰპოვებ“ – ამბობდა იგი. მოხუცი კი ამტკიცებდა, რომ ღვთის შესაცნობად საკმარისი არ არის მეცნიერება, საჭიროა ზეგარდმო გამოცხადება; რომ ღმერთს ვერ შეიმეცნებს ადამიანური გონება, თუ იგი სულიწმიდამ არ განანათლა.

იუსტინეს შეკითხვაზე: „თუ პლატონის სწავლებაშიც არ არის ჭეშმარიტება, სადღა ვპოვო იგი?!“ მოხუცმა წინასწარმეტყველთა შესახებ დაუწყო საუბარი: „შორეულ დროში, ყველა ფილოსოფოსზე უწინ, ცხოვრობდნენ წმინდა, მართალი და ღვთისსათნო მამები. ისინი სულიწმიდით განბრძნობილნი მსჯელობდნენ და წინასწარმეტყველებდნენ, რაც ახდა კიდეც. მხოლოდ ისინი ხედავდნენ და აუწყებდნენ ჭეშმარიტებას ადამიანებს; არაფრის ეშინოდათ, არ ეძიებდნენ დიდებას – სულიწმიდით აღვსილნი მეტყველებდნენ, რაც თავად მოისმინეს და იხილეს. მათმა ნაწერებმა დღემდე მოაღწია და შეიცავს იმას, რისი ცოდნაც ჰმართებს ჭეშმარიტ ფილოსოფოსს... ისინი განადიდებდნენ თავიანთ შემოქმედს, ღმერთსა და მამას, და აუწყებდნენ მისგან მოვლენილი ძის – ქრისტეს შესახებ... და შენც, უწინარეს ყოვლისა, ილოცე, რათა განგეღოს ნათლის კარიბჭე; რამეთუ წერილის გულისხმისყოფა ხელეწიფებათ მხოლოდ მათ, ვისაც ამ ნიჭს მამა ღმერთი და ქრისტე მიჰმადლებენ, და არა ყველას“ – უთხრა მოხუცმა.

ამ საუბრის შემდეგ იგი აღარ შეხვედრია იუსტინეს, მაგრამ მისმა სიტყვებმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა: „ჩემს გულში სიყვარულის ცეცხლი აღეგზნო წინასწარმეტყველთადმი, რომლებიც ქრისტეს მეგობარნი არიან“. – წერდა იგი. მან დაიწყო წმინდა წერილის შესწავლა და, ღვთის შეწევნით, მალე დარწმუნდა ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტებაში – მთელი სულით შეიყვარა ქრისტე და სახარებაში ჰპოვა ნათელი, სიმშვიდე და ნუგეში.

ნათლისღებამდე იუსტინემ მოისურვა, უფრო ახლოს გაეცნო ქრისტიანები, ენახა, ზედმიწევნით ასრულებდნენ თუ არა მაცხოვრის მცნებებს. მართალია, ისინი ყველას სძულდა, რადგან გარყვნილებასა და დამნაშავეობაში სდებდნენ ბრალს, მაგრამ იუსტინე მალე დარწმუნდა მათ სიმართლეში: „ვნებებს აყოლილი და მიწიერი სიამეებით ნეტარებას დახარბებული ადამიანი ვერ შეძლებს, ხალისით მიეგებოს სიკვდილს“ – ფიქრობდა ის. რაც უფრო ახლოს ეცნობოდა ქრისტიანებს, მით უფრო რწმუნდებოდა მათ შესახებ გავრცელებულ ბრალდებათა სიცრუეში, მით მეტად უყვარდებოდა ისინი მოთმინების, მოწყალებისა და სულიერი სიმტკიცის გამო. ოცდაათი წლის ასაკში იუსტინემ ნათელიღო და იმ დროიდან მთელი თავისი მოღვაწეობა ღვთისა და მოყვასისადმი მსახურებას მიუძღვნა: ქადაგებდა ღვთის სიტყვას და თავის უწმინდეს მოვალეობად მიიჩნევდა, სხვებისთვის გადაეცა ჭეშმარიტება და ეხარებინა გადარჩენა. „ვისაც ხელეწიფება ჭეშმარიტების უწყება და არ აუწყებს, ღმერთისგან დაისჯება“ – წერდა იგი. იუსტინე არწმუნებდა წარმართებს, განდგომოდნენ ცრუ ღმერთთა მსახურებას და ეძებნათ ჭეშმარიტება წმინდა სწავლებაში, რადგან „მარტოოდენ ის არის სასოებისა და სიხარულის მომნიჭებელი, მხოლოდ იგი განწმენდს სულს ყოველგვარი მწიკვლისგან“ (“შეგონებანი ელინთა მიმართ“).

მრავალი ქალაქისა და ოლქის მოვლის შემდგომ იუსტინე რომშიც ჩავიდა, სადაც სასწავლებელი გახსნა. ის ფილოსოფოსთა მანტიას ატარებდა, მაგრამ ასწავლიდა არა წარმართულ, არამედ ნამდვილ ქრისტიანულ ფილოსოფიას. იმ დროისთვის რომში ბევრი ცრუმასწავლებელი ტრიალებდა; მაგალითად, ეგვიპტიდან და სირიიდან ჩამოვიდნენ ერეტიკოსები გნოსტიკოსების სექტიდან – ვალენტინი და კერდონე, რომლებიც მონდომებით ავრცელებდნენ თავიანთ ყალბ ნააზრევს, რასაც ქრისტიანულ სიბრძნედ ასაღებდნენ. მათ შეუერთდა მესამე ერესიარქი მარკიონე, რომელიც გარყვნილი ცხოვრებისთვის ეკლესიიდან განკვეთა საკუთარმა მამამ – პონტოს ოლქის ეპისკოპოსმა. მარკიონე ჩავიდა რომში იმედით, რომ მეტი შემწყნარებლობით მოეპყრობოდნენ, მაგრამ ეკლესიამ უარი განაცხადა მის მიღებაზე მამის ნებართვის გარეშე. განრისხებული ერეტიკოსი რომაელ პრესვიტერებს დაემუქრა: „თუ ასეა, მე თქვენს ეკლესიაში მუდმივ განხეთქილებას დავთეს!.“. იგი კერდონეს შეეკრა და იწყო უკეთური სწავლების ქადაგება ბოროტი სულის მიერ სამყაროს შექმნის შესახებ. რომში იუსტინე ბევრს ეკამათებოდა ერეტიკოსებსა და წარმართ ფილოსოფოსებს. მის სკოლაში უამრავი მოწაფე სიამოვნებით ისმენდა იუსტინეს სიბრძნით აღსავსე სიტყვებს და ცოცხალ, მიმზიდველ მჭევრმეტყველებას.

მართალია, იმხანად ქრისტიანებს აშკარად არ დევნიდნენ, მაგრამ წარმართებს ძველებურად სძულდათ ისინი და ყოველთვის ეძებდნენ საშუალებას, ევნოთ მათთვის. ასე რომ, ქრისტიანები თავს არასოდეს გრძნობდნენ უსაფრთხოდ. ამ პერიოდს უკავშირებს ეკლესია წმინდა ფელიციტატასა და მისი შვიდი ვაჟის მოწამებრივ აღსასრულს; ისინი რომში დასაჯეს სიკვდილით იმიტომ, რომ ღმერთებისადმი მსხვერპლშეწირვაზე უარი განაცხადეს. წარმართები ცდილობდნენ, იმპერატორი იძულებული გაეხადათ, მკაცრი ზომები მიეღო მათთვის საძულველი ქრისტიანების მიმართ. ეს შემთხვევაც მიეცათ: მცირე აზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, წარმართებმა ამ უბედურებაში ისევ ქრისტიანებს დასდეს ბრალი და ყიჟინით ითხოვდნენ მათ დასჯას, რაც შესრულდა კიდეც... ეს არ აკმარეს და ცილი დასწამეს იმპერატორის წინააღმდეგ შეთქმულებაში, უწოდებდნენ მათ უღმერთოებს, დამნაშავეებს, ბოროტმოქმედებს...

სწორედ ამ უმძიმეს პერიოდში დაწერა იუსტინემ აპოლოგია და პირადად მიართვა იმპერატორ ანტონინეს 150 წელს. იგი შეიცავს მნიშვნელოვან ცნობებს, თუ როგორი იყო ქრისტიანების ცხოვრების წესი და იმდროინდელი საეკლესიო სწავლება. ამ აპოლოგიით (რამაც ჩვენამდე მოაღწია) იუსტინე სთხოვს ხელისუფალს, მიუკერძოებლად განსაჯოს ქრისტიანების დანაშაული და არ დასაჯოს ისინი მარტო იმიტომ, რომ ქრისტიანებად იწოდებიან. მისი სიტყვა სიმტკიცითა და სითამამით ხასიათდება და მიმართულია იმპერატორის, მისი ძის, სენატისა და რომის მოსახლეობისადმი: „თქვენ მოგმართავთ სიტყვით და გთხოვთ ადამიანებისთვის – ყველა ერის შვილებისთვის, რომლებიც უსამართლოდ მოიძულეს და დევნიან... ჩვენ პირმოთნეობისთვის არ ვდგავართ თქვენს წინაშე; ვითხოვთ, გაგვასამართლოთ მკაცრი და ზედმიწევნითი გამომეძიებლობით და არ იხელმძღვანელოთ ცრუმორწმუნე ადამიანების მიკერძოებული აზრებით მათსავე საამებლად; არ მოგატყუოთ უგუნურმა აღტყინებამ ან დიდი ხნის განმავლობაში მოსმენილმა უკეთურმა ამბებმა ჩვენს შესახებ... ამით მხოლოდ საკუთარ თავს თუ გამოუტანთ განაჩენს... თქვენ შეგიძლიათ დაგვხოცოთ, მაგრამ ვერაფერს დაგვაკლებთ“.

“ჩვენ უღმერთოებს გვეძახიან, – განაგრძობს იუსტინე, – ვაღიარებთ, რომ ასეთები ვართ ცრუ ღმერთების მიმართ, მაგრამ არა ჭეშმარიტი ღმერთისადმი, რომელიც არის მამა სიმართლისა, სათნოებისა და თავისუფალია ყოველგვარი ბოროტებისგან... ჩვენ კრძალვით ვეთაყვანებით მას და მის ძეს, აგრეთვე სულს წინასწარმეტყველურს; მივაგებთ პატივს სიტყვითა და ჭეშმარიტებით, დაუფარავად ვმოძღვრავთ ყოველ მსურველს იმ ცოდნით, რაც ჩვენ გვასწავლეს.

ჩვენ მსხვერპლს არ ვწირავთ. გადმოცემა გვასწავლის, რომ ღმერთს არ სჭირდება ნივთიერი შესაწირი ადამიანებისგან. როგორც ვხედავთ, იგი თავად გვიბოძებს ყოველივეს. ჩვენ გვასწავლეს, დარწმუნებულნი ვართ და გვწამს, რომ ღვთისთვის სათნონი არიან მხოლოდ ისინი, ვინც მას ჰბაძავენ სრულყოფილებაში... ღმერთი არ ითხოვს სისხლს, დასხმასა და კმევას; ჩვენ შეძლებისამებრ ვადიდებთ მას ყოველი შესაწირავით, ლოცვითი და სამადლობელი სიტყვებით... მისგან ნაბოძებ საზრდოს ცეცხლში არ ვანადგურებთ, არამედ ვიყენებთ ჩვენთვის და გაჭირვებულთათვის, ღმერთს კი სამადლობელს აღვუვლენთ ჩვენი შექმნისა და კეთილდღეობისათვის, აგრეთვე ჟამთა ცვლისთვის. მასვე ვევედრებით, მისდამი რწმენით აღგვადგინოს უკვდავებისთვის...

როდესაც ისმენთ, რომ ველით სასუფეველს, ამაოდ ფიქრობთ, თითქოს რომელიმე მიწიერ სამეფოზე ვსაუბრობთ – ჩვენ ღმერთთან მეუფებას ვგულისხმობთ. ეს იქიდანაც ცხადია, რომ დაკითხვისას ვაღიარებთ ჩვენს ქრისტიანობას, თუმცა ამისთვის სიკვდილით დასჯა გველის და ეს ვიცით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ სიმშვიდეს, ჩვენ ყველა დანარჩენებზე მეტად ვზრუნავთ მისთვის და ხელს ვუწყობთ, რამეთუ გვწამს – ვერავინ დაემალება უფლის მზერას, იქნება იგი ბოროტმოქმედი, ანგარებისმოყვარე, ავისმზრახველი, თუ მართალი – უფალი ყველას ჩვენი საქმისაებრ მოგვაგებს სატანჯველს ან ცხონებას... წარმართებმა იციან, რომ თქვენ შეიძლება დაგიმალონ დანაშაული, რადგან ადამიანები ხართ... ჩვენ სადაც უნდა ვიყოთ, ყველგან ვცდილობთ, უწინარესად გადავუხადოთ ხარკი და ვალი თქვენგან დადგინებულ ამკრეფებს, რამეთუ ასეთია ქრისტეს მცნება... ჩვენ თაყვანს ვცემთ ერთ ღმერთს, მაგრამ თქვენც ხალისით გემსახურებით, აღგიარებთ ადამიანთა მთავრებად და მეუფეებად, ვლოცულობთ, რომ ბრძენი ხელისუფალნი ყოფილიყავით“.

შემდეგ იუსტინე აღწერს, როგორ იცვლება ადამიანების უფლებები და ცხოვრების წესი, როდესაც ისინი ჭეშმარიტი ქრისტიანები ხდებიან და ქრისტიანული სწავლების სიწმინდის დასადასტურებლად მოჰყავს მაცხოვრის გამონათქვამები მოყვასისადმი სიყვარულის, გულმოწყალებისა და წყენის მიტევების შესახებ.

იუსტინეს აპოლოგიაში დაწვრილებით არის აღწერილი, თუ როგორ აღესრულებოდა ნათლისღების, ევქარისტიის საიდუმლონი, როგორ ტარდებოდა ღვთისმსახურება. პიროვნება ლოცვითა და მარხვით ემზადებოდა ნათლისღებისთვის. მთელი ძმობა ლოცულობდა ახალ მორწმუნეზე და უფალს შესთხოვდა, მიეტევებინა მისთვის ცოდვები და შემწეობა აღმოეჩინა ქრისტეს რჯულის დასაცავად. შემდეგ მამა ღმერთის – სამყაროს შემოქმედისა და ყოვლისამპყრობელის, იესო ქრისტეს – მაცხოვრის და სულიწმიდის სახელით მოსანათლავს შთაფლავდნენ წყალში. ზოგიერთი ძველი ისტორიკოსი იხსენიებს იუსტინეს წიგნს, სათაურით „მგალობელი“. ფრიად სამწუხაროა, რომ მან ჩვენამდე ვერ მოაღწია. ალბათ, იქიდან გავიგებდით, თუ რა ჰიმნები და საგალობლები იყო ჩართული იმდროინდელ ღვთისმსახურებაში.

იუსტინე ზიარების შესახებ გადმოგვცემს, რომ ამ საიდუმლოსთან მიახლება შეეძლოთ მხოლოდ მათ, ვინც ნათლისღების წყლით განიბანა ცოდვათა მისატევებლად და ახალ ცხოვრებაში ასაღორძინებლად. იგი წერს: „ჩვენ ამ საზრდოს არ ვიღებთ, როგორც უბრალო პურსა და ღვინოს... ჩვენ გვასწავლეს და გვწამს, რომ საზრდო, რომელზედაც აღევლინა სამადლობელი ლოცვა ქრისტეს სიტყვებით და რომელიც თავისი გარდაქცევის შემდგომ კვებავს ჩვენს სისხლსა და ხორცს, არის თავად განხორციელებული იესოს სისხლი და ხორცი“.

“კვირა დღეს, რომელსაც მზის დღეს უწოდებენ, ქალაქებისა და დაბების ყველა მცხოვრები ერთ ადგილას იყრის თავს. იქ იკითხება მოციქულთა და წინასწარმეტყველთა ნაწერები. პრესვიტერები მოძღვრავენ მართალთ, დაიცვან მათ მიერ გადაცემული წესები. შემდეგ ჩვენ ყველა ვლოცულობთ: მოაქვთ პური და ღვინო, რომელზეც სრულდება ლოცვა და სამადლობელი. ეს წმინდა ძღვენი ურიგდებათ იქ მყოფთ, დიაკვნებს კი მათთანაც მიაქვთ, ვინც არ ესწრებოდა ამ წმინდა შეკრებას. ღვთისმსახურების შემდგომ მოძმეებს, თავიანთი შეძლებისამებრ, მოაქვთ შესაწირი, რომელიც იხარჯება ქვრივ-ობლების, სნეულების, ტუსაღებისა და საერთოდ ყველა გაჭირვებულთა შემწეობისათვის. ჩვენ კვირადღეს ვიკრიბებით, რადგან ეს არის ღვთის მიერ სამყაროს შექმნის პირველი დღე; აგრეთვე იმიტომ, რომ იესო ქრისტე მკვდრეთით კვირადღეს აღდგა“.

თავის აპოლოგიას იუსტინე შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „თუ ჩემი ნათქვამი გონივრული და ჭეშმარიტებასთან მიახლოებული გეჩვენათ, შეიწყნარეთ კიდეც; თუ ამაოდმეტყველებად ჩათვლით, თქვენი ნებაა, მაგრამ სიკვდილით ნუ დასჯით სრულიად უდანაშაულო ადამიანებს, თითქოს მტრები იყვნენ. ჩვენ წინასწარ გეუბნებით, რომ არ აგცდებათ ღვთის სამომავლო სამსჯავრო, თუ სიცრუეს არ განუდგებით; ჩვენ კი ყოველთვის აღმოვთქვამთ: დაე, იყოს ნება ღვთისა!“

ამ აპოლოგიამ ისე დააფიქრა ანტონინე, რომ აკრძალა ქრისტიანთა გასამართლება და დასჯა სარწმუნოების გამო; ბრძანებაც გასცა, მკაცრად მოეკითხათ ცრუ ბრალმდებლებისთვის და საერთოდ – ადრიანეს განკარგულების თანახმად ემოქმედათ. ანტონინე ამ შემთხვევის გამო დაწერილ წერილში წარმართებსაც კი მიუთითებს ქრისტიანების სულიერ სიმტკიცეზე და ერთმანეთს ადარებს განსაცდელების ჟამს ქრისტიანთა მორჩილებას თავიანთი ღმერთისადმი და წარმართთა სასოწარკვეთილებას.

მნიშვნელოვანია, თუ როგორ ადასტურებს ქრისტიანების სიმამაცეს თავად იმპერატორი: „ისინი ბრალდების შემდეგ გამოხატავენ მზადყოფნას, სიცოცხლე გაიღონ თავიანთი ღმერთისთვის. წირავენ სიცოცხლეს, მაგრამ არ თანხმდებიან შეასრულონ, რასაც მათგან ითხოვენ, და გამარჯვებულნი გამოდიან“ (წერილი აზიის საზოგადოებისადმი. ევსები, „ეკლესიის ისტორია“, წ. IV, თ. 13).

იუსტინემ ჭეშმარიტების ქადაგებით მოიარა მცირე აზიის ოლქები, შორეული ქვეყნები და ყველგან უდიდესი დამაჯერებლობით განაქიქებდა ერეტიკულ სწავლებებს და განმარტავდა ღვთის სიტყვას. ფილოსოფოსის წოდება მისადმი პატივისცემით განაწყობდა წარმართებსაც, რომლებიც აქამდე სხვა დანარჩენ ბრალდებასთან ერთად იმასაც ამბობდნენ, რომ ქრისტიანობას მარტოოდენ უწიგნური ადამიანები იწყნარებენ; და აი, ხედავდნენ ფილოსოფოსს, რომელმაც შეისწავლა მთელი ელინური აზროვნების მემკვიდრეობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მხოლოდ ქრისტეს სწავლებაშია ჭეშმარიტი სიბრძნე.

იმ დროისთვის ასეთი მაგალითები უკვე ხშირი იყო. მაგალითად, არისტიდე, რომელმაც იმპერატორ ადრიანეს მიართვა აპოლოგია, გაქრისტიანებული ბერძენი ფილოსოფოსი იყო. ფილოსოფიური სისტემების ღრმად შესწავლას ადამიანები მიჰყავდა დასკვნამდე, რომ ამგვარად ჭეშმარიტების შემეცნებას ვერ შეძლებდნენ და საჭირო იყო სხვა გზის ძებნა; და კეთილსინდისიერი, გულდაგულ მაძიებლები, ღვთის შეწევნით, მიზანს აღწევდნენ კიდეც. ამ დროისთვის ქრისტიანები დიდად ზრუნავდნენ მეცნიერებისა და განათლების გავრცელებაზე, ხსნიდნენ სკოლებს, სადაც ელინურ სიბრძნესაც სწავლობდნენ, რათა წარმატებით გამკლავებოდნენ ფილოსოფოსთა წინააღმდგომობას. ეს მით უფრო იყო აუცილებელი, რომ ცრუმასწავლებლები ყველგან ჯიუტად იცავდნენ თავიანთ ყალბ განმარტებებს.

თავისი ხანგრძლივი მოგზაურობის დროს იუსტინე ეფესოშიც ჩავიდა. იქ ცნობილმა იუდეველმა სწავლულმა, სახელად ტრიფონმა, მასთან პაექრობა წამოიწყო ქრისტიანული რჯულის შესახებ. იუსტინემ წერილობით გადმოსცა ეს საუბარი, სადაც აშკარად ჩანს, როგორ დაუმტკიცა ტრიფონს ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტება ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებებზე დაყრდნობით.

დაახლოებით 162 წელს იუსტინე ისევ რომში ჩავიდა. იქ უკვე ტახტზე იჯდა ანტონინეს ძე, მარკუს ავრელიუსი (161-180 წწ.), სახელდებით ფილოსოფოსი. იგი წარმართული რიტუალების მიმდევარი იყო, აღიარებდა სტოელთა სწავლებას: არ არსებობს ღმერთი და არც არის საჭირო; რომ სათნოებები და სულიერი სიმტკიცე მარტოოდენ ადამიანის ღირსებას მიეწერება და ა.შ. მარკუს ავრელიუსი ამ სწავლებას გულწრფელად იზიარებდა და, რა თქმა უნდა, ზიზღით უყურებდა სარწმუნოებას, რომელიც აღიარებდა ადამიანურ სისუსტეს, მიტევების აუცილებლობასა და გამომსყიდველის მიერ გადარჩენას. წარმართ ფილოსოფოსებს დიდი გავლენა ჰქონდათ მასზე და ამით სარგებლობდნენ, რათა კიდევ უფრო უარყოფითად განეწყოთ იგი ქრისტიანებისადმი. ამან ნაყოფიც გამოიღო – მალევე, მისი იმპერატორად გახდომიდან ცოტა ხანში, დაიწყო და ყველგან ახალი ძალით იფეთქა დროებით ჩამცხრალმა დევნამ.

ზედმეტი არ იქნება, აღვნიშნოთ, რომ ეკლესიის ისტორიკოსები ითვლიდნენ ქრისტიანთა ათ დევნას, მაგრამ ძნელია ზუსტად განსაზღვრა, თუ ზუსტად როდის მთავრდებოდა ერთი და იწყებოდა მეორე. თუ ერთგან იმპერატორის რომელიმე ბრძანებულების თანახმად ან პროკურატორის კაცთმოყვარების წყალობით დევნა რამდენადმე შენელდებოდა, მეორე ოლქში იგი ხშირად ისევ მძვინვარებდა. ქრისტიანთა წინააღმდეგ მკაცრ მითითებებს ბოლომდე არ აუქმებდნენ – მათ მეტ-ნაკლები სიზუსტით ასრულებდნენ მმართველთა სურვილის მიხედვით. პირველი საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანები ვერსად გრძნობდნენ თავს სრულიად უსაფრთხოდ. პირველი დევნა აღინიშნა ნერონის, მეორე – დომიციანეს დროს, მესამე დაიწყო ტრაიანეს მმართველობის პერიოდში, ხანმოკლე შუალედის შემდგომ განახლდა ადრიანეს იმპერატორობისას. ანტონინეს ეპოქაში დაიწყო მეოთხე დევნა, რომელიც დროებით შეწყდა იუსტინეს აპოლოგიის წყალობით, მაგრამ ისევ გაჩაღდა მარკუს ავრელიუსის დროს.

იუსტინე, მიუხედავად იმისა, რომ თავს საფრთხეში იგდებდა, აგრძელებდა საჯარო სწავლებასა და ქადაგებებს. ხშირად ეპაექრებოდა იმპერატორის მფარველობის ქვეშ მყოფ ფილოსოფოსებს; მათ შორის იყო გარყვნილებით ცნობილი პიროვნება, სახელად კრესცენტე, რომელმაც შეიძულა იუსტინე და ცდილობდა, დაეღუპა იგი. იუსტინემ იცოდა ამის შესახებ, მაგრამ ჭეშმარიტების დამოწმება მისთვის სიცოცხლეზე ძვირფასი იყო.

მოხდა ისე, რომ ერთი უზნეო დედაკაცი გაქრისტიანდა და სრულიად შეცვალა თავისი ცხოვრება, თანაც ცდილობდა მანკიერებებისა და გარყვნილებებისგან ქმარიც ჩამოეშორებინა. მან ამას ვერ მიაღწია და სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაიკიდა ქმარი, რომელმაც საჩივარიც კი შეიტანა იმ ქრისტიანზე, ვინც მისი ცოლი მოაქცია. ეს პიროვნება დაატყვევეს და როდესაც შეკითხვაზე – იყო თუ არა ქრისტიანი – მან თანხმობით უპასუხა, საპყრობილეში ჩააგდეს, რამდენიმე ხნის შემდგომ კი დასასჯელად წაიყვანეს. გზად მას შემოხვდა ლუციუსი, ისიც ქრისტიანი, რომელმაც განაჩენის მიზეზი შეიტყო თუ არა, გაეშურა მმართველთან და უთხრა:

– როგორ შეიძლება დასაჯოთ ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ ჩაუდენია დანაშაული. ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტიანია და ამას აღიარებს?!

– ჩანს, შენც ამ სექტას ეკუთვნი, – უთხრა პრეფექტმა, რაზეც ლუციუსმა თანხმობა განაცხადა და ამისთვის დაუყოვნებლივ სიკვდილით დასასჯელად წაიყვანეს. ასევე მოექცნენ მესამე ქრისტიანსაც.

ამ უკანონო ქმედებებმა აიძულა იუსტინე, დაეწერა მეორე აპოლოგია, რომელშიც იცავდა ქრისტიანებს და კვლავ ცდილობდა იმპერატორის დარწმუნებას, რომ სარწმუნოებისთვის დევნა უსამართლობაა. ამ თხზულებიდან ვიგებთ, წარმართები როგორ აწამებდნენ მონებს, მათ შორის დედაკაცებს და ბავშვებს, რათა იძულებულნი გაეხადათ, სხვა ქრისტიანები დაესმინათ. იუსტინემ ეს აპოლოგია მარკუს ავრელიუსს მიართვა, მაგრამ ამას სასურველი შედეგი არ მოჰყვა. გარკვეული ხნის შემდეგ კი თავად იუსტინეს ერგო წილად, სიცოცხლე გაეწირა სარწმუნოებისთვის, რაც მან წინასწარ განჭვრიტა და აპოლოგიაში ჩაწერა: „მე ვიცი, რომ ფილოსოფოსები თავიანთ მარწუხებში მომაქცევენ. ამას მე კრესცენტესგან ველი“.

მართლაც, მალე პრეფექტ რუსტიკეს (ადრე იმპერატორის მრჩეველს) მიჰგვარეს იუსტინე და კიდევ ხუთი კაცი, როგორც ქრისტიანული სარწმუნოების აღიარებაში ბრალდებულნი. მათი დაკითხვის აქტი შემოინახა; მისი უტყუარობა ეჭვს არ იწვევს.

რუსტიკეს შეკითხვას, ქრისტიანი იყო თუ არა, იუსტინემ თავისი სარწმუნოების მტკიცე აღიარებით უპასუხა და დასძინა:

– მე ვცდილობდი, გავცნობოდი ყველა ფილოსოფიურ სისტემას, მაგრამ ბოლოს მივიდრიკე ქრისტიანთა ჭეშმარიტი სწავლებისკენ, თუმცა მას პატივს არ სცემენ მცდარი აზრებით დასნეულებული ადამიანები.

– უბედურო, შენც გაგიტაცა ამ სწავლებამ?! – შესძახა პრეფექტმა.

– მე ქრისტიანი ვარ და მწამს, რომ ჭეშმარიტების გზაზე ვდგავარ! – მიუგო იუსტინემ.

– რას ასწავლიან ქრისტიანები? – ჰკითხა რუსტიკემ.

– გვწამს ერთი ღმერთი, შემოქმედი და მპყრობელი ხილულ და უხილავ ქმნილებათა; აღვიარებთ უფალ იესო ქრისტეს, ძეს ღვთისას, წინასწარმეტყველთაგან ნაუწყებს, გადარჩენის მახარებელსა და ჭეშმარიტების მასწავლებელს, რომელიც განსჯის სამყაროს... მაგრამ მე უბრალო კაცი ვარ და არ შემიძლია, სათანადოდ მოგითხროთ უსაზღვრო ღმერთზე; მის შესახებ ღვთივშთაგონებული წინასწარმეტყველნი საუბრობდნენ.

პრეფექტის კითხვაზე, თუ სად იკრიბებიან ქრისტიანები ღვთისმსახურებისთვის, იუსტინემ მიუგო, რომ გარკვეული ადგილი ამისთვის არ არის დადგენილი, რომ ქრისტიანების ღმერთი ყველგან იწყნარებს მორწმუნეთაგან აღვლენილ დიდებასა და თაყვანისცემას.

– სად ასწავლი შენს მოწაფეებს?

იუსტინემ მიუთითა, სადაც ცხოვრობდა, თან დასძინა, რომ არასდროს და არავისთვის დაუმალავს ჭეშმარიტება, ყველას ხალისით ასწავლიდა, ვინც კი მიდიოდა მასთან.

– ამრიგად, აღიარებ, რომ ქრისტიანი ხარ? – გაუმეორა პრეფექტმა.

– დიახ!

პრეფექტმა იმავე კითხვით მიმართა იუსტინესთან ერთად შეპყრობილ თითოეულ ქრისტიანს. მათაც განაცხადეს, რომ სწამთ ჭეშმარიტი ღმერთი.

რუსტიკე ისევ იუსტინეს მიუბრუნდა:

– მომისმინე შენ, რომელიც სწავლულად იწოდები და გგონია, რომ ჭეშმარიტი სიბრძნე ჰპოვე. თუ მთელს სხეულს გაგიშოლტავენ და მერე თავს მოგაჭრიან, დარწმუნებული ხარ, რომ ზეცად ახვალ?

– მე ვსასოებ, რომ მომეგება ქრისტეს მიერ აღთქმული; ვიცი, რომ უფალი მოწყალეა ყველას მიმართ, ვინც ბოლომდე დაიცავს მის მცნებებს.

– და ფიქრობ, რომ ზეცაში ჯილდოს მიიღებ?

– არა თუ ვფიქრობ, სრულად მჯერა – მე შეუორგულებლად მწამს ამის!

– საკმარისია, შესწირეთ მსხვერპლი ღმერთებს, არა და უსასტიკესად გაწამებენ – გააფრთხილა რუსტიკემ.

– გონიერი ადამიანი ვერ უარყოფს ჭეშმარიტებას ცდომილების სასარგებლოდ. ჩვენი მხურვალე სურვილია – ვეწამოთ უფალ იესო ქრისტესთვის. ეს გაგვამხნევებს ჩვენი მეუფისა და მაცხოვრის საშინელ სამსჯავროზე, – ყველას მაგივრად უპასუხა იუსტინემ.

– ჩვენ ქრისტიანები ვართ და კერპებს არ ვსწირავთ მსხვერპლს, – დაადასტურეს დანარჩენმა განსასჯელებმაც.

მაშინ რუსტიკემ სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა. დასჯამდე ყველა ქრისტიანს სასტიკად სცემეს, შემდეგ კი თავები მახვილით მოჰკვეთეს. მარტვილთა ცხედრები მიწას მორწმუნეებმა მიაბარეს. ეს მოხდა 166 წელს.

იუსტინეს დაკითხვა ნათელ წარმოდგენას გვიქმნის, როგორ ეპყრობოდნენ ქრისტიანებს, რომელთაც იოლად შეეძლოთ გადაერჩინათ სიცოცხლე, თუ განუდგებოდნენ ღმერთს ან უბრალოდ აღასრულებდნენ წარმართულ რიტუალს, მაგრამ ისინი ღალატს სიკვდილს ამჯობინებდნენ. საერთოდ, ეკლესია არ იწონებს მათ საქციელს, ვინც ბრმა და უგუნური მოშურნეობით ეძიებს მოწამებრივ აღსასრულს. ეკლესია სიცოცხლეს ღვთის ძვირფას საჩუქრად მიიჩნევს, რომელიც, როგორც ყველა საღვთო ნიჭი, ადამიანს კეთილად გამოყენებისთვის ებოძა. ცოდვაა სიცოცხლის განგებ საფრთხეში ჩაგდებაც და სიცრუითა და ღალატით მისი შენარჩუნებაც.

 

[1] შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს, რომ ერეტიკოსები ასე უშიშრად და გულმოდგინედ ცდილობდნენ, თავიანთი სწავლება ქრისტიანულ მოძღვრებად წარმოეჩინათ მაშინ, როდესაც ქრისტიანებს დევნიდნენ. მაგრამ ერეტიკოსები ცოდვად არ თვლიდნენ საფრთხის დროს სარწმუნოებიდან განდგომას; ასე რომ, უკანდასახევი გზა ჰქონდათ!.

[2] აზია, ასია – იგულისხმება მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროს ზოგიერთი ოლქი (იხ. საქმე 2,9; 16,6 და ა. შ).

 

 

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა