
„ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთვის დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო“ (მათე 12,36-37).

მძიმე სიტუაციაში მოხვედრილი ადამიანი გამოცდებს აბარებს. ნამდვილი სიყვარული, თავგანწირვა ასეთ წუთებში გამომჟღავნდება. როდესაც ვამბობთ, რომ ვიღაცა თავგანწირულია, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ საშიშროების ჟამს ის საკუთარ თავს არაფრად აგდებს და სხვებზე ზრუნავს. ანდაზაც ხომ ამბობს: „მეგობარი უბედურებაში შეიცნობა“. ღმერთმა დაიფაროს, ეხლა, მაგალითად, ბომბების ცვენა რომ დაიწყოს, გამოჩნდებოდა, ვინ ფიქრობს სხვებზე და ვინ საკუთარ თავზე. მაგრამ ვინც მიეჩვია მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრს, მძიმე წუთებშიც თავის თავზე იფიქრებს, და ღმერთი არ იზრუნებს ამ ადამიანზე. თუკი ვინმე წინასწარ სწავლობს იმას, რომ იფიქროს სხვებზე და არა საკუთარ თავზე, საშიშროების დროსაც სხვებზე იფიქრებს. მაშინ გამოჩნდება ვინ არის ნამდვილად თავგანწირული და ვინ თავისმოყვარე..
წმ. პაისი მთაწმინდელი
ნიკოპოლისის უდაბნოში ერთი განდეგილი ცხოვრობდა, რომელსაც მეტად ღვთისმოსავი ერისკაცი ემსახურებოდა. ქალაქში ცხოვრობდა ცოდვებს დამონებული მდიდარი კაცი. დადგა ჟამი და მოკვდა ის მდიდარი; მიცვალებულის გასაცილებლად მთელი ქალაქი შეიკრიბა, მათთან იყო მათი ეპისკოპოსიც; გარდაცვლილს წინ ანთებული კელაპტრები მიუძღვოდა. დაკრძალვას განდეგილის დამხმარე ერისკაცი შეესწრო. ჩვეულებისამებრ მან უდაბნოში პურები წაიღო და იხილა, რომ განდეგილი მხეცს შეეჭამა. კაცი ძირს დაემხო უფლისადმი ვედრებით და ამბობდა: არ წამოვდგები, ვიდრე ღმერთი არ დამანახებს, რას ნიშნავს ეს ყოველივე; ერთი, ცოდვებში ჩაფლული, ასე დიდებულად დამარხეს, ხოლო მეორე, დღე და ღამ ღმერთს რომ ემსახურებოდა, ასეთი სიკვდილით მოკვდა! და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი, რომელმაც უთხრა: ცოდვილს, რომელზედაც შენ ამბობ, ცოტაოდენი ამქვეყნიური კეთილი საქმეები ჰქონდა და აქვე მიიღო ჯილდო მათ გამო, იქ კი ვერავითარი განსვენება ვერ ჰპოვა. განდეგილი კი ყოველგვარი სათნოებით იყო შემკული, მაგრამ როგორც ადამიანს, ცოტაოდენი ცოდვებიც ჰქონდა და მათ გამო აქვე დაისაჯა, რომ ღვთის წინაშე წმინდად წარმდგარიყო. ამ სიტყვებით ნუგეშცემული კეთილმსახური ერისკაცი სახლში წავიდა და ღმერთს ადიდებდა მისი სამართლიანი განგებულებისთვის.
პატერიკი
[ბოროტი სულების] ძალით ძველად მთელ მსოფლიოში აღესრულებოდა საეშმაკო მკითხაობა და ამისგან წარმოშობილი კერპების თაყვანისცემის საცდური. ყოველგვარი საეშმაკო და ასტროლოგიური ცდუნების წარმომადგენლებს დიდი მორჩილებით უსმენდნენ რიტორებიც, ფილოსოფოსებიც და ძლიერი მეფეებიც. ეშმაკთა მოწაფენი არიან – ყველა გრძნეული, მისანი, ფრინველთა ფრენაზე დამკვირვებელი და ისინი, ვინც ადამიანის ხვედრს უქვემდებარებს მისი შობის კავშირს ამა თუ იმ ვარსკვლავის ზემოქმედებასთან.
იტყვი: „მე ღარიბი ვარ“. დაე ეგრე იყოს, მაინც გაეცი. გაეცი იქიდან, რაც გაქვს, რადგან ღმერთი არ ითხოვს ჩვენს შესაძლებლობაზე აღმატებულს. შენ პურს მისცემ, სხვა – ჭიქა ღვინოს, სხვა კიდევ – სამოსს, და ამგვარად, ერთობლივი შენაწირით ერთი კაცის გასაჭირი დასრულდება.
წმ. გრიგოლ ნოსელი
„ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალატ. 6,2).
შენ ერთი ნაკლოვანება გაქვს, მაგრამ არ გაქვს სხვა. შენს მოყვასთან პირიქითაა. შენ იტვირთე მისი ნაკლოვანება, მან კი დაე შენი ნაკლოვანება იტვირთოს. ამგვარად აღესრულება სიყვარულის სჯული. რამეთუ მოციქულმა სიყვარულს უწოდა ქრისტეს სჯული. ქრისტესია ეს სიტყვები: „მცნებასა ახალსა მოგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას“ (იოან. 13,34).
წმ. თეოდორიტე კვირელი
აბბა აგათონზე ჰყვებოდნენ: ერთხელ, რაღაც ნივთების გასაყიდად ქალაქში ჩასულმა გზაზე დავარდნილი მწირი დაინახა, ის არავის ადარდებდა. ბერმა მისთვის პატარა ოთახი დაიქირავა, დარჩა ავადმყოფთან და ხელსაქმით ნაშოვნ ფულს ახმარდა. აბბამ მასთან სამი თვე გაატარა. როდესაც მწირი გამოჯანმრთელდა, ბერმა მხოლოდ მაშინ დატოვა იგი და მშვიდობით დაბრუნდა თავის სენაკში.
პატერიკი
ყველა იმ უბედურებათაგან, რაც ადამიანთა შორისაა, მხოლოდ ცოდვაა ნამდვილი უბედურება, და არა ის, რომ ღატაკი ხარ, სნეული ხარ, გაწყენინეს, გაგინეს, დაგამცირეს, და არც სიკვდილია უბედურება, ეს თითქოსდა ყველაზე უარესი უბედურებათა შორის. ეს უბედურებები ბრძენთათვის მხოლოდ სახელითაა ასეთი და არა სინამდვილეში. ღმერთი განარისხო და ჰქმნა რაიმე ისეთი, რაც მას არ ესათნოება, – აი ნამდვილი უბედურება.
წმ. იოანე ოქროპირი
ყოვლადძლიერი ღმერთი შეეწევა მათ, ვისაც საკუთარი ნებით სურს წინ აღუდგეს ეშმაკს, და აძლევს მათ ბოროტების ძლევის ძალას. ხოლო მათ, ვისაც არ სურს შეეწინააღმდეგოს და შეებრძოლოს ეშმაკს, ღმერთი არ აიძულებს, რომ არ დაარღვიოს თავის ხატად შექმნილი ჩვენი გონიერი ბუნების თავისუფალი ნება და არ დაგვაქვეითოს პირუტყვის ხარისხში.
წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
ჰოი უსაზღვრო ძალა სიყვარულისა! არც ცაში და არც მიწაზე არაფერია სიყვარულზე უფრო ძვირფასი. ის თავია სათნოებათა. სიყვარული – ყველა სიკეთის მიზეზია, სიყვარული – სათნოებების მარილია, სიყვარული – სჯულის აღსასრულია. მან გარდამოიყვანა ზეციდან ჩვენთან ძე ღვთისა. სიყვარულით მოგვევლინა ყველა სიკეთე: შემუსვრილია სიკვდილი, დატყვევებულია ჯოჯოხეთი, აღმოწოდებულია ადამი. სიყვარულითაა შეკრებილი ერთი სამწყსო ანგელოზთაგან და კაცთაგან. სიყვარულითაა განღებული სამოთხის კარნი და აღთქმულია ჩვენთვის ცათა სასუფეველი. მან განაბრძნო მეთევზენი, მან განამტკიცა მოწამენი, მან გარდასცვალა უდაბნონი მონასტრებად, ფსალმუნთგალობით აღავსო მთანი და ქვაბულნი, მამებს და დედებს ვიწრო გზით სვლა ასწავლა. ჰოი ნეტარი სიყვარული, ყველა სიკეთის მომნიჭებელი.
წმ. ეფრემ ასური
თუკი გსურს იყო ტაძარი ღვთისა, მაშ შესწირე ღმერთს განუწყვეტელი მსხვერპლი – განუწყვეტელი ლოცვა.
წმ. ნილოს სინელო
ნუ შეჩერდები შენს გზაზე, როდესაც იხილავ, რომ ბოროტნი განსვენებით ცხოვრობენ და გული ნუ დაგეფლითება, კეთილთა ქანცგაწყვეტილობას რომ იხილავ. ეს ცხოვრების თამაშია, შენ კი მხოლოდ აღსასრულს უმზირე.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
ჯადოქრობა ძალადაკარგულია მათ წინააღმდეგ, ვინც სათნოებით ცხოვრობს. ღვთის შეწევნით გაძლიერებულნი ყოველგვარ მზაკვრობას სძლევენ.
წმ. გრიგოლ ნოსელი
თუკი თქვენ მკითხავებს დაუჯერებთ, არ იქნებით ღვთის წყალობის ღირსნი, ამით საკუთარ თავს უამრავ უბედურებას განუმზადებთ.
წმ. იოანე ოქროპირი
„რამეთუ დაუტევა ერი თვისი, სახლი იაკობისი, რამეთუ აღივსო, ვითარცა დასაბამსა, სოფელი მათი მისნობითა ვითარცა-იგი უცხო-თესლთაჲ“ (ეს. 2,6).
ყველაზე მძიმე სასჯელი ღვთისგან მიტოვებაა... რა დანაშაულთათვის კარგავს მავანი ღვთის შეწევნას, ამას შემდეგი სიტყვები გვიჩვენებს: „რამეთუ აღივსო, ვითარცა დასაბამსა, სოფელი მათი მისნობითა ვითარცა-იგი უცხო-თესლთაჲ“. ხედავ, როგორი ბოროტებაა მისნობა (მკითხაობა, ჯადოქრობა)! მის მიმდევრებს ღვთის შეწევნის გარეშე ტოვებს… და დიდად სახელოვანი ადამიანები, ზეციდან მსაჯულს რომ მოელიან, გულგრილად ვარდებიან ამ დამღუპველ ბიწიერებაში. მაგრამ ისმინე: განგდებულია ხალხი, რომელიც ამას მისცემია. ჯერ კიდევ ძველად, მოსეს სჯულით, შელოცვები, მკითხაობები, ჯადოქრობა, ფრინველებით მისნობა განგდებულ იქნა, როგორც დემონთა გამონაგონი. ნათქვამია: „ნუცა იზმნით და ნუცა ქათმითა იმისნით“ (ლევიტ. 19,26); „ხოლო წარმართნი ესე, რომელნი შენ დაიმკვიდრნე, ჰავის ზმნათა და მისნობათა აღრეულ იყვნეს, ხოლო შენ არა ეგრე გამცნო უფალმან ღმერთმან შენმან“ (2 სჯულ. 18,14).
წმ. ბასილი დიდი
გადარჩენა და უბედურებისგან თავის დაღწევა ყველანაირი გზით კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ ღვთის მიერ. ამას ვამბობ მათ გასაგონად, ვინც სნეულების დროს შელოცვებს და სხვა გრძნეულებებს მიმართავს ავადმყოფობის შესამსუბუქებლად. ეს ნიშნავს, ეძებო არა გადარჩენა, არამედ დაღუპვა, რადგან ჭეშმარიტი გადარჩენა ის არის, რასაც ღმერთი გვიბოძებს.
წმ. იოანე ოქროპირი
ერთმა გლეხმა გვიამბო: ჩემსა და ჩემს მეზობელს შორის მტრობა აღმოცენდა ეკალივით, ერთმანეთს თვალებში ვერ ვუყურებდით. ზამთრის ერთ ღამეს ჩემი პატარა ბიჭი სახარებას მიკითხავდა ხმამაღლა და როდესაც წაიკითხა მაცხოვრის სიტყვები: „აკურთხევდით მწყევართა თქუენთა“ (მათ. 5,44), მე დავუყვირე ბავშვს: საკმარისია! მთელი ღამე ვერ დავიძინე, გამუდმებით ვფიქრობდი, როგორ აღმესრულებინა ღვთის ეს მცნება. როგორ გავუკეთო სიკეთე ჩემს მეზობელს? ერთხელაც მეზობელი სახლიდან ხმამაღალი ტირილი შემომესმა. გამოვიკითხე და შევიტყვე, რომ საგადასახადო ხელისუფლებამ გასაყიდად წაიყვანა ჩემი მეზობლის მთელი საქონელი ვალის სანაცვლოდ. ელვასავით მეკვეთა აზრი: აი, ღმერთმა მოგცა საშუალება მეზობლისთვის სიკეთის გასაკეთებლად! გავიქეცი სასამართლოში, გადავიხადე გადასახადები ადამიანისთვის, რომელსაც ქვეყნად ყველაზე მეტად მე ვძულდი, და მისი საქონელი უკან დავუბრუნე. როდესაც მან ამის შესახებ შეიტყო, დიდხანს დადიოდა ჩაფიქრებული თავისი სახლის გარშემო. რომ ჩამობნელდა, დამიძახა, სახელით მომმართა. მე ღობესთან მივედი. ვკითხე: რისთვის დამიძახე? მან პასუხად ქვითინი დაიწყო, ძალა არ შესწევდა სიტყვის სათქმელად, ტიროდა და ტიროდა. მას შემდეგ ჩვენ იმაზე მეტი სიყვარულით ვცხოვრობთ, ვიდრე ღვიძლ ძმებს აქვთ.
(წმ. ნიკოლოზ სერბი)
ეს სამსჯავრო იქნება ერთადერთი, საბოლოო და საშინელი, და უფრო სამართლიანი, ვიდრე საშინელი, ან, უკეთ რომ ვთქვათ, იმიტომაცაა საშინელი, რომ სამართლიანია. მაშინ დაიდგმება საყდრები, ძველი დღეთა (დან. 7,9) დაჯდება, წიგნები გადაიშლება, ცეცხლოვანი მდინარე დაიწყებს დენას, თვალთა წინაშე წარმოდგებიან განმზადებული ნათელი და ბნელი: „და გამოვიდოდიან კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა“, რომელიც აწ დაფარულია ქრისტეში, ხოლო ბოლოს მასთან ერთად გაცხადდება, „ხოლო ბოროტის მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა“ (იოან. 5,29), რომლებიც, ურწმუნონი, უკვე განსაჯა განმსჯელმა სიტყვამ (იოან. 12,48). და პირველნი დაიმკვიდრებენ გამოუთქმელ ნათელს და წმიდა სამების ჭვრეტას... ხოლო მეორეთა ხვედრი, სხვა ყველაფერთან ერთად, იქნება ტანჯვა, ან, უკეთ რომ ვთქვათ, ყველაზე უწინ, განგდება ღვთისგან და სირცხვილი, რასაც დასასრული არ ექნება.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
აი, რას მიაღწია ეშმაკმა. მან დედამიწა აქცია ლაბირინთად, რომელშიც ჩვენ ერთმანეთის გაგება არ შეგვიძლია... ჩვენ იქამდე მივედით, რომ ჩვენს დროში დედამიწა ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოდ ვაქციეთ! და ჩვენ არც კი გვესმის, რაშია საქმე. ყველანი გაოცებულები ვართ: „რა დაგვემართა, საით მივდივართ, რატომ მიდიან ჩვენი შვილები, რატომ წავიდნენ საკუთარი სახლებიდან და დაეხეტებიან უმიზნოდ, რატომ მიატოვეს ცხოვრება, რატომ მიატოვეს სწავლა? რატომ ხდება ეს?“ ეშმაკმა მოახერხა საკუთარი თავის დაფარვა და ადამიანებისთვის შთაგონება, რომ სხვა სახელები გამოეყენებინათ. როდესაც ადამიანი იტანჯება, ექიმები, ფსიქოლოგები ხშირად ამბობენ: „ახ, შენ ნევროზი გაქვს! ახ, შენ სტრესი გაქვს!“ – და ამის მსგავსი. ისინი არ თანხმდებიან იმაზე, რომ ეშმაკი ანვითარებს ადამიანში ეგოიზმს...
წმ. პორფირი კავსოკალიველი
მოვა დრო და ადამიანები ჭკუაზე შეიშლებიან. როდესაც ისეთ ვინმეს ნახავენ, ვინც საერთო სნეულებით არ იქნება დაავადებული, დაუპირისპირდებიან და ეტყვიან: „შენ შეშლილი ხარ, რადგან ჩვენნაირი არ ხარ“.
წმ. ანტონი დიდი
თუკი უფალმა ვირი აალაპარაკა და მოგვის მიერ სულიერი კურთხევა მიანიჭა [ებრაელებს]; თუკი, ამგვარად, ვირის უსიტყველი ბაგეებით და ბალაამის უწმინდური ენით უფალი უმადური იუდეველებისთვის მოქმედებდა, მით უმეტეს თქვენთვის, თუკი მადლიერნი იქნებით, ის ყველაფერს აღასრულებს, რაც საჭიროა, და სული წმიდას გარდამოავლენს, – თუნდაც რომ მღვდლები უკიდურესად ბიწიერნი იყვნენ.
წმ. იოანე ოქროპირი
თუკი ადამიანი საკუთარ თავზე მუშაობას არ დაიწყებს, მაშინ ეშმაკი მას სხვა სამუშაოს გამოუძებნის – სხვების ნაკლოვანებების მოძიებას.
წმ. პაისი ათონელი
სულო ჩემო! რაც უნდა სიმართლე გქონდეს, თუ ძმისგან შეურაცხყოფა და წყენა არ მოითმინე, არა გაქვს ნაწილი იესოსთანა და სახარების მადლისაგან შორს დარჩები.
წმ. ალექსი ბერი, შუშანია
სიახლეები
12 იანვარი 2025
ცოდვები:წმ. მამები სიძვის აზრებთან ბრძოლის შესახებ
4 დეკემბერი 2025
საცდურები: წმ. მამები მსახიობობისა და სანახაობების შესახებ
3 დეკემბერი 2025
ქართულ და უცხო ენებზე ახალი თარგმნილი წიგნების გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ ძალაანთხევის წმ. ბასილი დიდის სახელობის მონასტრის ოფიციალურ ვებგვერდს sbgmonastery.com
16 მაისი 2025
მოღვაწეობა: წიგნი წმიდისა მამისა დოროთესი
8 იანვარი 2025
ცხოვრება: წმიდა მამები სიძულვილის შესახებ
25 დეკემბერი 2024
პატერიკები: წმინდა ნიკოლოზ სერბი – ამბავი სიძულვილის ძლევისა
15 აპრილი 2024
ცხოვრება: წმინდა პაისი მთაწმინდელი – სწავლებები
18 ნოემბერი 2023
ისტორია: რატომ გაუქმდა გლადიატორთა ბრძოლები
2 ნოემბერი 2023
საცდურები: წმ. მამები ასტროლოგიის შესახებ
24 ივლისი 2023
მოღვაწეობა: წმიდა მამათა სწავლებების კრებული (ნაწ. 2)
8 დეკემბერი 2022
ცოდვები: წმ. მამები ავსიტყვაობისა და ბილწსიტყვაობის შესახებ
18 ივნისი 2022
განმარტება: წმ. იოანე ოქროპირი – თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ
15 აპრილი 2022
მოღვაწეობა: არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) – სწავლებები
10 აპრილი, 2021
მოღვაწეობა: წმ. იოანე სინელი – კლემაქსი, რომელ არს კიბე (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელის თარგმნილი, შესწორებული გამოცემა)
|