პარაკლისი (ბერძ. "თხოვნა", "გულმოდგინე ვედრება", "ნუგეში") არის სავედრებელი ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი ან სხვა წმინდანებისადმი, აღესრულება საზოგადო ან კერძო საჭიროებისამებრ. არსებობს სამადლობელი პარაკლისი, როდესაც ღმერთს მადლობას სწირავენ განსაკუთრებული შეწევნისათვის. ზოგჯერ პარაკლისს იხდიან იმისთვის, რომ თავიდან აცილებულ იქნეს ღმრთის რისხვა: სავედრებელ პარაკლისებს იხდიან ავადმყოფობების, უწვიმობის, მიწისძვრის, ომის, ეპიდემიის, ხანძრის დროს და სხვა. პარაკლისი თავისი აგებულებით (საღმრთისმსახურო მიმდევრობით) არის შემოკლებული და ცოტათი შეცვლილი ცისკარი (ცისკრის ლოცვა). პარაკლისზე იკითხება 142-ე ფსალმუნი: "უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა...", შემდეგ "ღმერთი უფალი" და ტროპარები, რასაც მოსდევს 50-ე ფსალმუნი და კანონი. კანონში ჩართულია სახარება. ღმრთისმშობლის პარაკლისის მიხედვით შეიქმნა სხვადასხვა პარაკლისები: ჯვრისა, მოციქულთა, მოწამეთა; აგრეთვე მიწისძვრისა და სხვა.
პანაშვიდი (ბერძ. – მთელი ღამე ვგალობ). პანაშვიდი ეწოდება მიცვალებულთათვის სავედრებელ ლოცვას. ქრისტიანთა დევნის პერიოდში მიცვალებულებს ღამით ან გამთენიისას კრძალავდნენ, ამიტომ მიცვალებულისთვის ლოცვა ღამით აღესრულებოდა. საეკლესიო ტიპიკონით საზოგადო პანაშვიდები სრულდება ხორციელის შაბათს, დიდი მარხვის 2, 3, 4 შაბათს და სულთმოფენობის წინა შაბათს. მიცვალებულისთვის პანაშვიდი უნდა აღესრულოს გარდაცვალებიდან 3, 9, 40 დღეებში. პირველ დღედ ითვლება გარდაცვალების დღე. ასევე სასურველია პანაშვიდის გადახდა მიცვალებულის გარდაცვალების და მფარველი წმინდანის ხსენების დღეს.
|