martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

რა გველოდება საშინელი სამსჯავროს შემდეგ

თავი მესამე

წმიდა მამათა თანხმიერი მოწმობა საუკუნო ტანჯვისა და საუკუნო ნეტარების შესახებ

ა) I–V საუკუნეების მამები

წმ. კლიმენტი რომაელი (I ს.)

1. უფალი ამბობს: „არცერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის მონობა“ (მათე, 6.24; ლუკა, 16.13). თუკი გვინდა ვემონოთ ღმერთსა და მამონას, ვიცოდეთ, რომ ეს ჩვენთვის საფრთხისშემცველია. 2. „რადგან რა სარგებელი ექნება ადამიანს, თუ მთელ ქვეყნიერებას მოიპოვებს, სულს კი ავნებს?“ (მათე, 16.26; მარკ. 8.36). 3. ეს სამყარო და მომავალი – ორი მტერია. 4. ეს ქადაგებს მრუშობას, გახრწნილებას, ვერცხლისმოყვარებასა და სიცრუეს, ის კი უარს ამბობს მათზე. 5. ამიტომაც არ შეგვიძლია ვიყოთ ორივე მათგანის მეგობრები, არამედ გვმართებს ამის უარყოფა და იმასთან მიახლება. 6. გავიაზროთ, რომ უკეთესია ყოველივე აქაურის მოძაგება, – რადგან ისინი ნაკლებმნიშვნელოვანნი, მცირეხნოვანნი და ხრწნადნი არიან, – ხოლო იმისი, უხრწნელი სიკეთეებისა კი შეყვარება. 7. რადგან ქრისტეს ნების მოქმედნი, ჩვენ სიმშვიდეს მოვიხვეჭთ, ხოლო თუ ამას არ მოვიმოქმედებთ, თუ ვეურჩებით მის მცნებებს, არაფერი გვიხსნის საუკუნო სატანჯველისაგან. 8. ამბობს კიდეც წმიდა წერილი ეზეკიელთან, რომ „რომც აღდგეს ნოე და იობი და დანიელი, ვერ იხსნიან ტყვეობაში მყოფ თავიანთ შვილებს“ (შდრ. ეზეკ. 14.18,20). 9. და თუ ასეთ მართალ ადამიანებს არ შეუძლიათ საკუთარი სიმართლით გამოიხსნან თავიანთი შვილები, ჩვენ, თუკი არ დავიცავთ ნათლისღებას წმინდად და შეუბღალავად, რა იმედი შეიძლება გვქონდეს ღვთის სასუფეველში შესვლისა? ან ვინ იქნება ჩვენი ქომაგი, თუ არ აღმოჩნდება, რომ ღვთისსათნო და მართალი საქმეები მოგვიმუშაკებია?127

წმ. ეგნატი ღმერთშემოსილი (I-II სს.)

1. ნუ შეცდებით, ჩემო ძმებო! სახლის განმხრწნელნი ღვთის სასუფეველს არ იმკვიდრებენ (1 კორ. 6.7,9-10, 10.8; გალ. 5.21). 2. თუკი ისინი, ვინც ხორციელად სჩადიან ამას, სიკვდილს ექვემდებარებიან, რაოდენ მეტად დაექვემდებარება მას ადამიანი, თუკი იგი ბოროტი მოძღვრებით განხრწნის ღვთის რწმენას, რომლისთვისაც ჯვარს ეცვა იესო ქრისტე? ასეთი ადამიანი, როგორც სულმდაბალი, დაუშრეტელი ცეცხლისაკენ მიემართება, სწორედ ასევე ისჯება მისი მსმენელიც.128

წმ. პოლიკარპე სმირნელის მარტვილობიდან (II ს.)

მაგრამ პროკონსულმა ისევ მიმართა მას:

– რადგან მხეცებს არად აგდებ, ცეცხლში დავაწვევინებ შენს თავს, თუკი აზრს არ შეიცვლი.

პოლიკარპემ კი:

– შენ იმუქრები ცეცხლით, რომელიც რაღაც დროის განმავლობაში იწვის და მცირე ხნის შემდეგ ქრება, რადგან არ იცი მომავალი სამსჯავროს და საუკუნო სატანჯველის ცეცხლის შესახებ, რომელიც უწმინდურებს ელოდება. მაგრამ რას აყოვნებ? გააკეთე ის, რაც გნებავს.129

წმ. მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი (II ს.)

ჩვენ გვიპყრია ის მოძღვრება, რომ ვერც ბოროტმოქმედი, ვერც ანგარებიანი, ვერც ბოროტგანმზრახველი, ვერც სიკეთის მოქმედი ვერ შეძლებს დაემალოს ღმერთს, და რომ თითოეული თავისი საქმეების მიხედვით მიიღებს მარადიულ ტანჯვას ან ცხონებას. ყველა ადამიანმა რომ იცოდეს ეს, არავინ აირჩევდა ბოროტებას ცხოვრების ხანმოკლე დროის განმავლობაში, როცა ეცოდინებოდა, რომ წავა მარადიულ ცეცხლოვან სასჯელში, არამედ ყოველმხრივ შეიკავებდა თავს და სათნოებით გამშვენდებოდა ღვთიურ სიკეთეთა მისაღებად და სასჯელთაგან გადასარჩენად.130

წმ. მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი (II ს.)

ის (ღმერთი) აღასრულებს თავის სამართლიან სამსჯავროს ყველას მიმართ. ბოროტ სულებს, შეცოდებულ და განვარდნილ ანგელოზებს, ასევე უკეთურ, ცოდვილ, უსჯულო და ღვთის მგმობელ ადამიანებს გაგზავნის მარადიულ ცეცხლში; პირიქით, მართლებსა და წმინდანებს, მისი მცნებების დამცველებს და თავიდანვე ან სინანულის შემდეგ ღვთის სიყვარულში მყოფებს, მიანიჭებს ცხოვრებას, უხრწნელებას და მარადიულ დიდებას.131

წმ. მღვდელმოწამე იპოლიტე რომაელი (II-III სს.)

უნდა დავიცვათ თავი ყოველგვარი ბოროტებისგან, რომ ამგვარად გადავურჩეთ მარადიულ ცეცხლსა და დაუსრულებელ ტანჯვას.132

 

და კიდევ ამბობს უფალი: „ამენ, ამენ გეტყვი თქუენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი... და გამოვიდოდიან კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტის მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა“ (იოან. 5,25-29). ამბობს, რომ ერთნი აღდგებიან ცხოვრებაში – ისინი, ვინც ირწმუნა ჭეშმარიტი ცხოვრება და რომელნიც ჩაწერილნი არიან ცხოვრების წიგნში; ხოლო სხვები (აღდგებიან) ყვედრებაში და საუკუნო სირცხვილში – ისინი, ვინც ანტიქრისტეს გაჰყვა და რომელნიც მასთან ერთად სამუდამო ტანჯვას მიეცემიან.133

წმ. მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი (III ს.)

სიკვდილის უნდა ეშინოდეს მხოლოდ იმას, ვინც არაა აღორძინებული წყლისა და სულის მიერ და საკუთარ თავს ამზადებს გეენის ცეცხლის მსხვერპლად, ვინც არაა შემოზღუდული ჯვრითა და ქრისტეს ვნებით, ვინც პირველი სიკვდილის მიერ მეორე სიკვდილში წარიგზავნება. სიკვდილის უნდა ეშინოდეს მას, ვინც ამა სოფლიდან გასვლის შემდეგ სამუდამოდ დაიტანჯება და ვისთვისაც აქ ყოფნის გაგრძელება არის მხოლოდ დროებითი გადადება ტანჯვისა და ვაებისა.134

წმ. ანტონი დიდი (III-IV სს.)

სულიერი სათნოებები გვყოფენ მარადიული სიკეთეების ღირსად, ხოლო ადამიანთა ნებსითი ცოდვები მარადიული ტანჯვის მიზეზია.135

 

საყვარელნო, გთხოვთ თქვენდამი დიდი სიყვარულით: წარემატეთ კეთილმსახურებაში, ვიდრე ხორცში ხართ, დაიტირეთ თავები, დაიტირეთ შინაგანად დღისით და ღამით, რომ სიკვდილის შემდეგ სასტიკად არ იტანჯოთ, მარადიულად ცრემლები არ ღვაროთ და მარადიულ სიმწარეში არ იყოთ. ნუ შეხვალთ ფართო ბჭეში, ნუ ივლით სწორი და მსუბუქი გზით, რომელსაც დასაღუპავში მიჰყავს და რომელსაც ადგას ადამიანთა უმეტესი ნაწილი, არამედ შედით ვიწრო ბჭეში, დაადექით ძნელ და გასაჭირიან გზას, რომელსაც მიჰყავს ცხოვრებაში და რომელსაც მცირედნი ადგანან. ვინც ვიწრო ბჭეში შედის, ისაა ჭეშმარიტი მოღვაწე ღვთისა; ის მიიღებს ჯილდოს თავისი შრომისთვის და დაიმკვიდრებს სასუფეველს.136

წმ. ათანასე დიდი (IV ს.)

ამ (93-ე) ფსალმუნში დავითი საუბრობს განგებულებაზე და გვასწავლის, არ მივეცეთ მწუხარებასა და შფოთვას, თუკი ცოდვილები დროებით კეთილდღეობაში იქნებიან, ხოლო კეთილმსახურნი – დევნაში; რამეთუ არც ერთია მუდმივი და არც მეორე; ერთთათვის მწუხარებას შეცვლის მარადიული ტკბობა სიკეთეებით, ხოლო მეორეთათვის მოჩვენებით კეთილდღეობას დაუსრულებელი სასჯელი მოჰყვება..137

წმ. ბასილი დიდი (IV ს.)

გონებაში ჩაიწერე საბოლოო დიდი ცვლილება, რომელიც ყველას შეეხება: როდესაც ძე ღვთისა მოვა „დიდებითა თვისითა და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა“ (მათ. 25,31). რამეთუ „მოვიდეს... და არა დადუმნეს“ (ფსალმ. 49,3), როდესაც მოვა განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რათა მიაგოს თითოეულსა „საქმეთა მათთაებრ“ (მათ. 16,27); როცა ის საყვირი რაღაც დიდებულსა და საშინელ ხმას გამოსცემს, გააღვიძებს საუკუნითგან დაძინებულებს, „და გამოვიდოდიან კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტის მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა“ (იოან. 5,29). გაიხსენე დანიელის ხილვა, როგორ წარმოაჩენს სამსჯავროს ჩვენს თვალთა წინაშე; ამბობს: „და ვხედევდ მე, ვიდრემდის საყდარნი დაიდგნეს და ძუელი იგი დღეთაჲ დაჯდა. სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი, და თმაჲ თავისა მისისაჲ, ვითარცა მატყლი წმიდაჲ... ეტლისთუალნი მისნი ცეცხლებრ შემწუველ. მდინარე ცეცხლისაჲ იქცეოდა წინაშე მისსა. ათასნი ათასთანი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი დგეს წინაშე მისსა. და სამსჯავროჲ დაეგო და წიგნნი განეხუნეს“ (დან. 7, 9-11). კეთილი, უკეთური, ცხადი, დაფარული, საქმეები, სიტყვები, გულისსიტყვები – ყველაფერი მყისიერად გაცხადდება ყველას გასაგონად, ანგელოზთა და კაცთა. როგორ მდგომარეობაში იქნებიან მაშინ ცხოვრების ცუდად განმვლელნი? სად დაიმალება სული, რომელიც უცებ ამდენი მაყურებლის წინაშე შერცხვენილი გამოჩნდება? როგორ მდგომარეობაში იქნება ამგვარ დაუსრულებელ და მოუთმენელ ტანჯვას მიცემულის სხეული იქ, სადაც ჩაუქრობელი ცეცხლია, უკვდავად მტანჯველი მატლია, ჯოჯოხეთის ბნელი და საშინელი ფსკერია, მწარე გოდებაა, უცნაური ქვითინი, ტირილი და კბილთა ღრჭენაა და არა აქვს ტანჯვას დასასრული?138

 

ეს საუკუნე სინანულის საუკუნეა, ხოლო ის – მიგებისა; ეს – კეთებისა, ის – გადახდისა; ეს – მოთმინებისა, ის – ნუგეშისცემისა. აწ ღმერთი დამხმარეა მათი, ვინც ბოროტი გზიდან მოიქცევა, ხოლო მაშინ – საშინელი და მიუკერძოებელი გამომეძიებელი კაცთა საქმეებისა, სიტყვებისა და გულისსიტყვებისა. აწ ვსარგებლობთ სულგრძელებით, მაშინ შევიცნობთ მართლმსაჯულებას, როცა აღვდგებით – ერთნი მარადიული სასჯელისათვის, ხოლო სხვები მარადიული ცხოვრებისათვის, და ყველა მიიღებს საქმეების მიხედვით.139

 

„ნუმცა ვინ გაცთუნებს ამაოჲთა სიტყვითა“ (ეფეს. 5,6), რამეთუ მოიწიოს შენ ზედა მეყსა შინა წარწყმედაჲ და დაქცევაჲ მსგავსად ნიავქარისა მოხდეს. მოვიდეს ანგელოზი მჭმუნვარე, რომელი-იგი წარიყვანებდეს იძულებით და ზიდვიდეს სულსა შენსა, შეკრულსა ცოდვათა მიერ, რომელი-იგი ზედაისზედა მოიქცეოდის სოფლისა ამის მომართ და გოდებდეს თვინიერ ცრემლთაჲსა, რაჟამს-იგი ორღანოჲ გოდებისაჲ დახშულ იყოს.

ჵ, რაჲზომ აბრალო მაშინ თავსა შენსა, რაჲზომ სულთ-ითქუნე უსარგებლოდ და ინანდე ბოროტთა მათ განზრახვათა შენთა, რაჟამს იხილო სინათლე მართალთაჲ ბრწყინვალესა მას განყოფილებასა შინა ნიჭთასა და მჭმუნვარებაჲ ცოდვილთაჲ ბნელსა მას შინა ღრმასა!

ჵ, ვითართა სიტყუათა იტყოდი მაშინ სალმობითა გულისა შენისაჲთა? „ვაჲმე, ვითარ არა განვაგდე ჩემგან მძიმე ესე ტვირთი ცოდვათაჲ, ვინაჲთგან ესრეთ ადვილ იყო განგდებაჲ მისი, არამედ უდებებისათვის ჩემისა ტვირთი ესე მრავალთა ამათ ბოროტთაჲ თავსა ზედა ჩემსა დავიკრიბე? ვაჲმე, ვითარ არა განვიბანენ შეგინებულებანი ესე ჩემნი, არამედ ესრეთ შებღალული ვარ ცოდვითა? აწმცა ვიყავ ანგელოზთა თანა, აწმცა კეთილთა მათ შინა ზეცისათა ვიშუებდი. ჵ ბოროტნი იგი განზრახვანი! წარმავალისა მისთვის გემოჲსა ცოდვათაჲსა უკუდავად ვიგუემები, გულისთქუმათათვის ხორცთაჲსა ცეცხლსა მივეცემი. სამართალ არს საშჯელი ღმრთისაჲ: მიწოდდეს მე ცხორებისა მიმართ და მე არა ვერჩდი, მასწავლიდეს და არა ვისმენდი, მეტყოდეს მე უმჯობესსა, ხოლო მე ვეცინოდე“.

ამათ ესევითართა სიტყუათა იტყოდი და სტიროდი და იგლოვდე თავსა შენსა, უკუეთუ წარხვიდე უწინარეს ნათლისღებისა და არარაჲ გერგოს.140

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი (IV ს.)

რაჟამს-იგი მოვიდეს სიძე და ხმაჲ იყოს, რომელი უწოდდეს მიმგებებელთა მისთა, ხოლო რავდენნი იყვნეს ბრძენ, მიეგებნენ ბრწყინვალითა ნათლითა და ზეთითა ფრიადითა. ხოლო ცოფნი იგი შეშფოთდენ და ითხოვდენ ზეთსა მათგან, რომელთა აქუნდეს, რაჟამს-იგი არღარა იყოს ჟამი თხოვისაჲ. ხოლო სიძე იგი ადრე შევიდეს სასძლოდ და ბრძენნი იგი თანა-შეჰყვენ და სხუანი იგი გარე დაშთენ, რომელთა ჟამი იგი სასძლოდ შესლვისაჲ განმზადებასა შინა თავთა მათთასა წარაგეს, რამეთუ პირველვე არა განმზადებულ იყვნეს და ფრიად იტირონ, რაჟამს გულისხმა-ყონ, რაჲ-იგი უყო მათ უდებებამან, რაჟამს-იგი არღარა შესავალ იყოს სასძლოჲ იგი, დაღაცაღუ ფრიად ევედრებოდინ, რომელი-იგი თავთა თვისთა ბოროტად დაუხშეს... რამეთუ მუნ ვერვინ შევალს შეურაცხმყოფელთაგანი და დახსნილთაჲ, არცა რომელთა ემოსოს სამოსელი ხენეში და არა საქორწინე.141

 

მე მაშინებენ სასტიკი ღამის ხილვები: სამსჯავრო, მოუსყიდველი მსაჯული, ძრწოლით წარდგომა სამსჯავროზე, ერთი მხრივ მდინარე, ჩაუქრობელი ცეცხლით მოთუხთუხე, მეორე მხრივ მატლი, მარადიულად მღრღნელი, შუაში სინდისი – ეს მსჯავრმდებელი, რომელიც არ საჭიროებს დაწერილ სამხილებს.142

 

სამი გზაა და სამი მიზანი (საუბარია უსჯულო ცხოვრების გზაზე, მონაზვნობის გზაზე და ერში ქრისტიანული ცხოვრების გზაზე – მთარგმნ. შენ.). ერთი გზა დაბლობია, მრავალთა ნაფეხურებითაა გაკვალული, ფართოა, მსუბუქია, მაგრამ საცოდავ დასასრულში მიმყვანებელია – ციცაბოებისკენ, უფსკრულებისკენ, საშინელი ტარტაროზისკენ, სადაც ცეცხლოვანი მდინარეებია, წარწყმედულ სულთა დასჯა და შეუწყვეტელი ტანჯვა.143

 

ვინ იტყვის, რა მოაქვს ცოდვილთათვის უკანასკნელ დღეს? იქ მოგიზგიზე ცეცხლია, საშინელი წყვდიადი ნათლისაგან განშორებულთათვის, მატლი – მუდმივი ხსოვნა ჩვენი ცოდვებისა.144

წმ. ეფრემ ასური (IV ს.)

ვაიმე, ვაიმე, საყვარელნო! ვინ გაბედავს გამოთქვას, ან ვის ეყოფა ძალა, მოისმინოს ის საშინელი და უკანასკნელი ამბავი! ვისაც ცრემლი გაქვთ, იტირეთ, ხოლო ვისაც არ გაქვთ, მოდით, მოისმინეთ, რა გელოდებათ, რომ უდებნი არ ვიყოთ ჩვენი ცხონების მიმართ. რამეთუ მაშინ მეგობარი მეგობარს დაშორდება იმ საცოდავი განშორებით და დაადგებიან გზას, რომლისგანაც დაბრუნება აღარ არსებობს.145

 

ყველა, ვისაც სურს გაექცეს მარადიულ გეენას, რომელშიაც ცოდვილნი იტანჯებიან, და დაიმკვიდროს მარადიული სასუფეველი, აქ მუდმივად ითმენს ჯოჯოხეთურ გაჭირვებებს იმ განსაცდელებისგან, რომლებსაც ბოროტი შეამთხვევს. და თუკი ბოლომდე მოითმენენ და რწმენით დაელოდებიან უფლისმიერ წყალობას, მადლით განთავისუფლდებიან განსაცდელებისა და მწუხარებებისგან, სული წმიდასთან შინაგანი ზიარების ღირსნი გახდებიან, ხოლო იქ განთავისუფლდებიან მარადიული გეენისგან და უფლის მარადიულ სასუფეველს დაიმკვიდრებენ.146

წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.)

სინანულისა და ცოდვათა მიტევების დრო მხოლოდ ამ ცხოვრებითაა შემოსაზღვრული.147

 

ყველა ადამიანი აღდგება (მკვდრეთით), მაგრამ ყველასთვის ერთნაირი არ იქნება აღდგომა. ყველანი მივიღებთ მარადიულ სხეულებს, მაგრამ არა ყველანი ერთნაირს. მართალნი მიიღებენ იმისთვის, რომ მარადიულად იხარონ ანგელოზებთან ერთად, ხოლო ცოდვილნი – რათა მარადიულად ითმინონ ტანჯვა ცოდვებისათვის.148

წმ. ამბროსი მედიოლანელი (IV ს.)

შენ მზად უნდა იყო მოითმინო ნებისმიერი გასაჭირი, ნებისმიერი შრომა, ოღონდ კი გადაურჩე სამუდამო ტანჯვას.149

წმ. მაკარი დიდი (IV ს.)

ორ ნაწილად გაიყოფა კაცობრიობა: ერთი ნაწილი იქნება ბნელი ფარა, მარადიულ ცეცხლში მიმავალი, ხოლო მეორე – ნათლით აღვსებული სამწყსო, ზეცად აღმავალი. რაც ახლა შევიძინეთ სულში, იგივე გამობრწყინდება და გამომჟღავნდება მაშინ და სხეულს დიდებით შემოსავს.150

წმ. გრიგოლ ნოსელი (IV ს.)

გწყურია უკვდავი დიდება? გამოუცხადე საიდუმლოდ შენი ცხოვრება მას (ღმერთს), ვისაც ძალუძს მოგანიჭოს, რაც გწყურია. გეშინია მარადიული სირცხვილისა? გეშინოდეს მისი, ვინც განაშიშვლებს (სამარცხვინო საქმეებს) სამსჯავროს დღეს.

... ის (ღმერთი) შენ გიბრძანებს, პირი იბრუნო ყოველგვარი ამქვეყნიური დიდებისაგან. ვინც ასეთ დიდებას დაეძებს და მისკენ მიმართავს თავის ცხოვრებას, ის არა მხოლოდ მარადიულ დიდებას დაკარგავს, არამედ დაე სასჯელსაც მოელოდეს. რამეთუ უფალი ამბობს: „ვაჲ თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი“ (ლუკ. 6,26). გაექეცი ყველანაირ კაცობრივ პატივს, რომლის ბოლო მარადიული სირცხვილი და უპატიოებაა.151

 

ასეთია თქვენი ახლობელი და მეგობარი, მევახშეებო! თავისი ცხოვრების წესის შესაბამისად დაასრულა ცხოვრება ფულის ამაო მომპოვებელმა, რომელმაც მძიმე გაჭირვებებში და შიმშილში ჩაიგდო თავი; მოაგროვა მემკვიდრეობა, თავისთვის – მარადიული სასჯელი, ხოლო შვილებისთვის – სიგლახაკე.152

 

იქ ვხედავ ძეს კაცისას, ზეციდან მომავალს... შემდეგ (ჩანს) ამაღლებული საყდარი დიდებისა და კაცთა მოდგმის ყველა ტომი, რომელნიც კი ყოფიერებაში მოსულან, მზის ნათელი მიჰფენიათ და ეს ჰაერი ჩაუსუნთქავთ, ორ ნაწილად განყოფილნი და სამსჯავროს წინაშე წარმდგარნი. მარჯვნივ მდგომნი ცხვრებად არიან წოდებულნი, ხოლო მეორე მხარეს მდგომნი, მესმის, თხებად იწოდებიან, რომლებმაც ეს სახელი მსგავსი ზნის მიხედვით მიიღეს. მესმის იქ მსაჯულის სიტყვები განსასჯელთა მიმართ და განსასჯელთა პასუხები მეუფისადმი. თითოეულს შეხვდება ის, რაც მისთვის ეგების: ცხოვრების კეთილად გამტარებლებს – სასუფევლით ტკბობა, ხოლო კაცთმოძულეებსა და ბოროტებს – ცეცხლოვანი ტანჯვა, თანაც მარადიული. ეს ყველაფერი ზედმიწევნითაა აღწერილი.153

წმ. იოანე ოქროპირი (IV-V სს.)

თუნდაც იყოს ისე, რომ შენ მრავალი წელი იცოცხლებ და არავითარ ცვლილებას არ განიცდი; რა არის ეს დაუსრულებელ საუკუნეებთან და იმ მძიმე და აუტანელ ტანჯვასთან შედარებით? აქ ბედნიერებასაც და უბედურებასაც დასასრული აქვს, თანაც ძალიან სწრაფი, ხოლო იქ ერთიცა და მეორეც უკვდავი საუკუნეების განმავლობაში გრძელდება, და თავისი ხარისხით ისე განსხვავდება აქაურისგან, რომ გამოთქმაც კი შეუძლებელია.154

 

დაღაცათუ სარწმუნოებაჲ გუაქუნდეს და ყოველთავე წერილთა გულისხმის-ყოფაჲ, და საქმეთაგან კეთილთა ოხერ ვიყვნეთ, არარაჲ არს დამაყენებელ მისლვად ჩუენდა ცეცხლსა მას გეჰენიისასა, დაუშრეტელსა სახუმილსა შინა გუემაჲ. და ვითარცა მოქმედნი კეთილისანი აღდგებიან აღდგომასა ცხორებისასა, ეგრეთვე მოქმედნი ბოროტისანი – აღდგომასა საშჯელისასა სატანჯველად დაუსრულებლად.155

 

სად არიან ისინი, ვინც ამბობს: მე ერთ საათში ჩავიდინე მკვლელობა, მცირე ჟამს ვისიძვე და ნუთუ სამუდამოდ უნდა დავისაჯო? აი, განრღვეულიც იმდენი წლის განმავლობაში არ სცოდავდა, რამდენ ხანსაც სასჯელს ითმენდა, თითქმის მთელი ცხოვრება უწყვეტ ტანჯვაში გაატარა. ცოდვები განისჯება არა დროის მიხედვით, არამედ დანაშაულის არსის მიხედვით.156

 

მაშინ სასჯელები იქნება არა ხანმოკლე და შემოსაზღვრული, არამედ მარადიული. აწმყო სასჯელები აწმყო ცხოვრებასთან ერთად მთავრდება, მომავალნი კი მარადიულად გრძელდება.157

 

ყოველივე აწინდელი ხომ აჩრდილია, რაზედაც გინდა მიუთითო: დიდება იქნება, ძლევამოსილება, პატივი, სიმდიდრე, სიამოვნება ან ნებისმიერი სხვა რამ ცხოვრებისეული. ამიტომაც თქვა წინასწარმეტყველმა: „დაღათუ მებრ ხატად ვალს კაცი, გარნა ამაოდ შფოთებს“ (ფსალმ. 38,7); და კვლავ: „დღენი ჩემნი ვითარცა აჩრდილი წარხდეს“ (ფსალმ. 101,12). და სხვა ადგილას ყველა კაცობრივ (წამოწყებას) უწოდებს კვამლსა და თივას (იხ. ფსალმ. 101,4-5). და არა მხოლოდ სასიამოვნოა აჩრდილი, არამედ სამწუხაროც: სიკვდილი, სიღარიბე, სნეულება და მათი მსგავსი. მაშ, რა არის მუდმივი როგორც სასიამოვნოდან, ასევე სამწუხაროდან? – მარადიული სასუფეველი და დაუსრულებელი ტანჯვა, რადგან არც მატლი კვდება, არც ცეცხლი ქრება, და მართალნი აღდგებიან მარადიულ ცხოვრებაში, ხოლო ცოდვილნი – მარადიულ სატანჯველში.158

 

მოუთმენელია გეენა და ტანჯვა მასში; მაგრამ ათასი გეენაც რომ წარმოვიდგინოთ, ესეც უმნიშვნელო იქნება იმ უბედურებასთან შედარებით, რაც არის იმ ნეტარი დიდების დაკარგვა, ქრისტეს მიერ მოძულება და მისგან გაგონება: „არა გიცნი თქუენ“ (მათ. 25,12) და დადანაშაულება იმის გამო, რომ ჩვენ ის მშიერი ვნახეთ და საჭმელი არ მივეცით. ჭეშმარიტად, უმჯობესია უთვალავჯერ დაგვეცეს მეხი, ვიდრე დავინახოთ, როგორ გარემიიქცევა ჩვენგან უფლის მშვიდი სახე და როგორ არ მოიხედავს ჩვენკენ მისი ნათელი თვალი. და მართლაც, თუკი მან მე, მისი მტერი, მოძულე და განდგომილი, ისე შემიყვარა, რომ საკუთარი თავი არ დაზოგა, არამედ მისცა სიკვდილად, და ყოველივე ამის შემდეგ როდესაც მე მას მშიერს ვიხილავ და პურსაც არ მივცემ, როგორღა ვიკადრებ მის შეხედვას?159

 

საკმარისი არაა მხოლოდ ბოროტებისგან თავშეკავება, არამედ საჭიროა სიკეთის კეთებასაც ეცადო. ამიტომაც ის (წმ. დავით წინასწარმეტყველი) შემდეგ გვთავაზობს ასეთ შეგონებას: „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი“ (ფსალმ. 33,15). ნამდვილად, სიკეთის არაღსრულებაც ისჯება, და არა მხოლოდ ცოდვების აღსრულება. ისინიც, ვინც მშიერს საჭმელი არ მისცეს, მწყურვალს არ დაალევინეს და შიშველი არ შემოსეს, – არ მტაცებლობდნენ, არ იყვნენ მომხვეჭელნი, სხვისას არ იღებდნენ; მაგრამ, რადგან არ იყვნენ მოწყალენი, ამის გამო მარადიულ სასჯელსა და დაუსრულებელ სატანჯველს მიეცემიან. აქედან ვსწავლობთ, რომ ბოროტებისგან თავშეკავება ვერ გვაცხოვნებს, თუკი ამასთან ერთად არ იქნება სიკეთის შეძენა და სათნოების აღსრულება.160

წმ. ნილოს სინელი (IV-V სს.)

ყველა, ვისაც ვინმესთვის კეთილისყოფა შეუძლია და არ ეხმარება, ანაწყენებს მას. უფალმა გვიჩვენა, რომ ეს სიმართლეა და მარადიულ ცეცხლს მისცა არა მხოლოდ ისინი, ვინც შეურაცხყოფს და მომხვეჭელია, არამედ ისინიც, ვინც არ დააპურა მშიერი გლახაკი, არ შეიყვანა სახლში მიუსაფარი, არ მოინახულა სნეული, არ მივიდა პატიმართან და არც სიტყვით და არც საქმით არ განუსვენა მას; გამოაცხადა ყველაზე დიდ უკეთურებად – არ გამოიყენო შენი ძალები გაჭირვებულთა დასახმარებლად.161

 

მანამ, სანამ მოსულა ჟამი მარადიული ტანჯვისა, ვისარგებლოთ სინანულის სამკურნალოთი; რადგან ღმერთი არასოდეს არავისგან პირს არ იბრუნებს, ვინც მასთან მიდის მტირალი, შეწყალების თხოვნით. რამეთუ ისინი, ვინც თავის ცოდვებზე ტირიან, დიდ ნუგეშისცემას პოულობენ.162

წმ. კასიანე რომაელი (IV-V სს.)

იობის მოთმინებამ ჯილდო ეშმაკს კი არ მოუტანა, რომელმაც თავისი განსაცდელებით ის უფრო დიდებული გახადა, არამედ თვითონ იობს, რომელმაც ისინი მხნედ გადაიტანა; და იუდაც არ იქნება გამოხსნილი მარადიული სატანჯველიდან იმის გამო, რომ მისი გამცემლობა კაცთა მოდგმის გადარჩენას მოემსახურა.163

ნეტარი იერონიმე (IV-V სს.)

ორიგენეს მრავალ ცდომილებათაგან მე შემდეგს ვთვლი განსაკუთრებით მწვალებლურად: რომ თითქოს ძე ღვთისა ქმნილებაა, სული წმიდა მსახური პირია, ურიცხვი სამყაროები მისდევენ ერთმანეთს უსასრულო საუკუნეებში, ანგელოზები ადამიანთა სულებად გადაიქცევიან... ყოველივეს აღდგენისას („აპოკატასტასისი“) დადგება ცოდვების საყოველთაო მიტევება და ქერუბიმები, სერაფიმები... ეშმაკი, დემონები, ყველა ადამიანთა სულები, როგორც ქრისტიანთა, ასევე იუდეველთა და წარმართთა, ერთნაირ მდგომარეობაში და ერთ ხარისხში იქნებიან...164

წმ. ისიდორე პელუსიელი (IV-V სს.)

მეკითხები: რა მდგომარეობაშია იქ სული, როგორ არსებობს? ამაზე გპასუხობ: კეთილად მცხოვრები შევა აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტად მცხოვრები წავა მარადიულ ცეცხლში; გეშინოდეს მისი და იზრუნე, რომ აღმოჩნდე უდანაშაულო და არ იქნე მსჯავრდებული სატანჯველად.169

ნეტარი ავგუსტინე (IV-V სს.)

ვერავინ მიაღწევს ცხონებასა და მარადიულ სიცოცხლეს, იმის გარდა, ვისი თავიც არის ქრისტე, ხოლო ასეთი მხოლოდ ისაა, ვინც ქრისტეს სხეულშია, რომელიც არის ეკლესია.165

 

უმაღლესი სიკვდილი სულისთვის არის ღვთისგან განშორება მარადიულ ტანჯვაში.166

 

ახლა აუცილებლად მიმაჩნია მივმართო სიტყვითა და მშვიდობიანი განხილვით უკვე ჩვენს მოწყალეებს, რომელთა აზრით ყველა, ან ზოგიერთი იმ ადამიანთაგან, რომელთაც უსამართლიანესი მსაჯული გეენის სასჯელის ღირსად ჩათვლის, არ დაიტანჯება მარადიულად, არამედ გარკვეული, მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი დროის შემდეგ, თითოეულის ცოდვების ხარისხის მიხედვით, განთავისუფლდება ამ ტანჯვისაგან. ამ შემთხვევაში სხვებზე მოწყალე ორიგენე იყო, რომელიც მიიჩნევდა, რომ თვით ეშმაკი და მისი ანგელოზებიც კი, უფრო ხანგრძლივი და მძიმე სასჯელების შემდეგ, დამსახურების შესაბამისად, განთავისუფლდებიან ამ ტანჯვისგან და შეუერთდებიან წმიდა ანგელოზებს. მაგრამ ნაწილობრივ ამის (ამ ცრუმოძღვრების – მთარგმნ. შენ.), ნაწილობრივ რაღაც სხვის... გამო ორიგენე უარყოფილ იქნა ეკლესიის მიერ და სრულიად დამსახურებულად.167

 

რა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ საუკუნო ტანჯვა გავიგოთ როგორც ხანგრძლივი ცეცხლი, ხოლო საუკუნო ცხოვრება – როგორც დაუსრულებელი ცხოვრება, როდესაც ქრისტემ ერთსა და იმავე ადგილას, ერთსა და იმავე მსჯავრდებაში ერთზეც და მეორეზეც თქვა: „და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი ცხორებასა საუკუნესა“ (მათ. 25,46)? თუკი ერთიცა და მეორეც საუკუნოა, მაშინ ცხადია, ერთიცა და მეორეც უნდა გავიგოთ ან როგორც ხანგრძლივი, მაგრამ სასრული, ან როგორც მუდმივი და დაუსრულებელი. ერთიცა და მეორეც ერთმანეთის მიმართ თანაბარ შეფარდებაში არიან, ამიტომ როგორც ტანჯვა, ასევე ცხოვრება მარადიულია. იმის თქმა, რომ საუკუნო ცხოვრება უსასრულო იქნება, ხოლო საუკუნო სასჯელს დასასრული ექნება, სრული უაზრობაა.168

წმ. კირილე ალექსანდრიელი (IV-V სს.)

მართალი მსაჯული არ მოითხოვს არც დამსმენებს, არც მოწმეებს, არ დასჭირდება გარეშე ჩვენებები და მტკიცებულებები, არამედ ყველაფერს, რაც გაგვიკეთებია, რაც გვითქვამს, რაც გვიფიქრია, ჩვენს თვალწინ წარმოაჩენს. მაშინ ვერავინ გვიშუამდგომლებს, ვერავინ გვიხსნის სატანჯველისგან – ვერც მამა, ვერც დედა, ვერც ქალიშვილი, ვერც სხვა ნათესავი, ვერც მეზობელი, ვერც მეგობარი, ვერც კეთილისმყოფელი, ვერც ვერაფერი გამოგვიხსნის – ვერც ქონების დარიგება, ვერც სიმდიდრე, ვერც ძალმოსილების სიამაყე: ეს ყოველივე როგორც მტვერი, მტვრად იქცევა. და განსასჯელი მარტოდმარტო დაელოდება განაჩენს, რომელიც ან გაანთავისუფლებს ტანჯვისგან, ან მარადიულ ტანჯვას განუჩინებს, მისი საქმეების მიხედვით.170

წმ. მარკოზ მოღვაწე (IV-V სს.)

ჩვენგან დამოუკიდებელ მტკივნეულ გაჭირვებებში ღვთის წყალობაა დაფარული, რომელიც მათ გადამტანებს სინანულისკენ უბიძგებს და მარადიული ტანჯვისგან იხსნის.171

 

შემდეგი

სარჩევი

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა