martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი

წერილი 28

 

თავზარდამცემია და მწარე ცრემლების მომგვრელი სანახაობა: ქრისტიანები, რომელთაც არ უწყიან რაში მდგომარეობს ქრისტიანობა! არადა, ამ სანახაობას ჩვენს დროში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით, და იშვიათად, რომ ნუგეშისცემული ვიქნეთ ამის საპირისპირო, მართლაცდა იმედისმომცემი სურათით! ძვირი შემთხვევაა, რომ მრავალრიცხოვან ბრბოში, რომლის წევრებიც თავს ქრისტიანებად რაცხენ, მოიძებნებოდეს ისეთი კაცი, ვინც ქრისტიანი იქნებოდა როგორც სახელით, ასევე – საქმითაც.

 

თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას ახლა წამდაუწუმ მიმეორებენ. "რატომ არ უნდა ცხოვნდნენ მწერდით თქვენ – წარმართები, მაჰმადიანები და ეგრეთწოდებული მწვალებელნი? მათ შორისაც ხომ არიან ფრიად გულკეთილი ადამიანები, – ამ კეთილშობილი ხალხის წარწყმედა ღმერთის მოწყალე ბუნების საწინააღმდეგო იქნებოდა!.. დიახ! ეს თვით ადამიანური საღი აზრისთვისაც სრულიად მიუღებელია! ხოლო, რაც შეეხება ერეტიკოსებს, ისინი ხომ იგივე ქრისტიანები არიან... ჩათვლა იმისა, რომ ჩვენ, მართლმადიდებლები, ვცხოვნდებით, სხვა აღმსარებლობათა მიმდევარნი კი – წარწყმდებიან, უგუნურებაცაა და უკიდურესი ამპარტავნებაც"!

 

ვეცდები, გიპასუხოთ შეძლებისდაგვარად მოკლედ, რათა მრავალსიტყვაობამ გადმოცემის სიცხადეს არაფერი ავნოს. ქრისტიანებო! თქვენ მსჯელობთ ცხოვნებაზე, და არკი უწყით, რა არის იგი, ანდა – რატომ საჭიროებენ მას ადამიანები, და – ბოლოს: არ იცით ქრისტე, ჩვენი ხსნის ერთადერთი საშუალება! აი, ჭეშმარიტი მოძღვრება ამ საგნის შესახებ – მოძღვრება წმიდა მსოფლიო ეკლესიისა: ხსნა (ცხოვნება) მდგომარეობს დარღვეული კავშირის აღდგენაში ღმერთთან. ეს კავშირი ადამიანთა მოდგმას მამათმთავართა ცოდვით დაცემამ დააკარგვინა, რის გამოც მთელი კაცობრიობა წარწყმედილ არსებათა ჯგუფს განეკუთვნება. წარწყმედა ყველა ადამიანის ხვედრია, – სულერთია, ქველი იქნება იგი, თუ – ბოროტმოქმედი. უსჯულოებით ჩავისახებით და ცოდვით ვიბადებით (შდრ. "უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან" (ფსალმ. 50,5)მთარგ.); "შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად" (დაბ. 37,35) – ამბობს წმიდა პატრიარქი იაკობი საკუთარი თავისა და თავისი წმიდა ძის, მშვენიერი და უმანკო იოსების შესახებ! ჯოჯოხეთში ეშვებოდნენ თავიანთი ამსოფლიური მწირობის დამთავრების შემდეგ არა მარტო ცოდვილნი, არამედ – მართალნიც ძველი აღთქმისა. ასეთია კაცობრივი ქველი საქმეების ძალა; ასეთია ჩვენი ცოდვით დაცემული ბუნების სათნოებათა ფასი!.. იმისათვის, რომ აღდგენილიყო კავშირი ადამიანისა ღმერთთან, სხვაგვარად – ცხოვნებისათვის, აუცილებელი გახდა – გამოხსნა, გამოსყიდვა. ადამიანთა მოდგმის გამოხსნა მოხდენილ იქნა არა ანგელოზის, ან – მთავარანგელოზის, ან კიდევ – რომელიმე სხვა, უმაღლესი, მაგრამ სასრული და შექმნილი არსების, არამედ – თვითონ უსაზღვრო ღმერთის მიერ. სიკვდილით დასჯა – მთელი კაცობრიობის ხვედრი, შეცვლილ იქნა მისი სიკვდილით დასჯით; კაცობრიობის დამსახურებათა სიმწირე შეცვლილ იქნა მისი უსასრულო ღირსებით. ადამიანების ყველა კეთილი, მაგრამ თავისი კაცობრივი წარმოშობის გამო – უძლური, ჯოჯხეთში დაღმავალი საქმეები შეცვლილ იქნა ერთი ძალმოსილი კეთილი საქმით: ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენით. ჰკითხეს ქრისტეს იუდეველთა: "რაჲ ვყოთ, რაჲთა ვიქმოდით საქმესა ღმრთისასა? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ესე არს საქმე ღმრთისაჲ, რაჲთა გრწმენეს, რომელი-იგი მან მოავლინა" (იოან. 6,28-29). ერთი კეთილი საქმე გვესაჭიროება ცხოვნებისათვის: რწმენა; მაგრამ რწმენა საქმეცაა. რწმენით, ოდენ ჭეშმარიტი რწმენითაა შესაძლებელი კავშირის აღდგენა ღმერთთან, მის მიერ მოცემული წმიდა საიდუმლოთა მეშვეობით. ამაოდ, სულ ტყუილად ფიქრობთ და ამბობთ, რომ წარმართთა თუ მაჰმადიანთა შორის კეთილი ხალხი ცხოვნდება, ე.ი. – შევლენ ღმერთთან კავშირში! ამაოდ, სულ ტყუილად უდგებით ამის საწინააღმდეგო აზრს, როგორც რაღაც სიახლეს, როგორც რაღაც შემოპარულ ცდომილებას! არა! ასეთია უცვალებელი მოძღვრება ჭეშმარიტი ეკლესიისა – როგორც ძველი აღთქმისეულის, ასევეახალაღთქმისეულისაც! ეკლესია ყოველთვის აღიარებდა, რომ არსებობს ერთადერთი საშუალება ცხოვნებისა მხსნელი! ეკლესია ყოველთვის აღიარებდა, რომ ცოდვით დაცემული ბუნების თვით უდიდესი სათნოებანიც კი, ჯოჯოხეთში ეშვება! თუკი მართალნი ჭეშმარიტი ეკლესიისა, – სანთლები, რომელთაგანაც სულიწმიდა ანათებდა, – წინასწარმეტყველნი და სასწაულმოქმედნი, რომელთაც სწამდათ მომავალი მხსნელისა, მაგრამ თავიანთი გარდაცვალებით წინამოსწრაფე ექმნენ მის მოსვლას, ინთქმებოდნენ ჯოჯოხეთში, მაშ როგორღა გინდათ, რომ წარმართებმა და მაჰმადიანებმა, იმისათვის, რომ გვეჩვენებიან კეთილ ადამიანებად, თუმცა – არც შეუცვნიათ და არც უწამნიათ მხსნელი, მიიღონ ცხოვნება, რომელიც მოიპოვება ერთი, ვიმეორებ, ოდენ ერთი საშუალებით – ქრისტეს რწმენით?!

 

ქრისტიანებო! შეიცანით ქრისტე! შეიგნეთ, რომ თქვენ მას არ იცნობთ; რომ თქვენ მას უარყოფდით, როდესაც აღიარებდით ხსნის შესაძლებლობას მხსნელის გარეშე, რაღაც კეთილი საქმეების ძალით! ვინც აღიარებს ქრისტეს რწმენის გარეშე ხსნის შესაძლებლობას, იგი უარყოფს ქრისტეს და შესაძლოა – გაუცნობიერებლად, ღვთის გმობის მძიმე ცოდვაში ვარდება.

 

"რამეთუ ვიტყვით – ამბობს წმიდა მოციქული პავლე – განმართლებასა კაცისასა სარწმუნოებითა თვინიერ საქმეთა სჯულისათა (რომ. 3,28); "ხოლო სიმართლე ღმრთისაჲ სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა ყოველთა მიმართ და ყოველთა ზედა მორწმუნეთა, რამეთუ არა არს განწვალებაჲ, რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა. ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოხსნითა მით იესუ ქრისტესითა" (რომ. 3,22-24). თქვენ შემეპასუხებით, რომ წმიდა მოციქული იაკობი მოითხოვს უსათუოდ კეთილ საქმეებს; იგი გვმოძღვრავს, რომ სარწმუნოება საქმეების გარეშე მკვდარია: "ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თვინიერ საქმეთა მკუდარ არს" (იაკ. 2,26); მაგრამ, აბა კარგად განიხილეთ, რას მოითხოვს წმიდა მოციქული, და თქვენ ნახავთ, რომ იგი, ისევე როგორც წმიდა წერილის ყველა ღმრთივსულიერი მწერალი, მოითხოვს სარწმუნოებრივ საქმეებს, და არა კეთილ საქმეებს ჩვენი ცოდვით დაცემული ბუნებისა! იგი მოითხოვს ცოცხალ სარწმუნოებას, რომელიც განემტკიცება ახალი ადამიანის საქმეებით, და არა – ცოდვით დაცემული ბუნების კეთილი, მაგრამ სარწმუნოების საწინააღმდეგო მოქმედებით. მოციქულს მაგალითად მოჰყავს პატრიარქი აბრაამის საქციელი, – საქმე, რომლითაც გაცხადებულ იქნა სარწმუნოება მართლისა. ამ საქმის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ პატრიარქმა აბრაამმა თავისი მხოლოდშობილი ძე ისააკი წაიყვანა მაღალ მთაზე, რათა ღმერთისათვის მსხვერპლად შეეწირა. ადამიანური ბუნებისდა მიხედვით შვილის დაკვლა და მსხვერპლად შეწირვა სრულებითაც არ არის კეთილი საქმე, მაგრამ ეს კეთილი საქმეა, ვითარცა ღვთის ბრძანების აღსრულება; ვითარცა საქმე სარწმუნოებისა. ჩაუკვირდით ახალ აღთქმას, და საერთოდ, მთელს "წმიდა წერილს": თქვენ აღმოაჩენთ, რომ იგი მოითხოვს ღვთის მცნებების აღსრულებას; რომ ეს აღსრულება იწოდება – საქმეებად; და რომ ღვთის მცნებათა ამ აღსრულებით ღმერთის რწმენა ხდება ცოცხალი, ვითარცა – მოქმედი; ამის გარეშე იგი მკვდარია, როგორც – მოკლებული ყოველგვარ მოძრაობას... და საპირისპიროდ ამისა, ნახავთ, რომ ჩვენი ცოდვით დაცემული ბუნების კეთილი საქმეები, რომელნიც მომდინარეობენ გრძნობებიდან, სისხლიდან, გულის აღტყინებებისა და ნაზი შეგრძნებებიდან, – აკრძალული და უარყოფილია! თქვენ კი, სწორედ ამგვარი ფსევდოკეთილი საქმეები გხიბლავთ წარმართებსა და მაჰმადიანებში! ამ საქმეების გამო, თუნდაც ეს დაკავშირებული იყოს ქრისტეს უარყოფასთან, თქვენ გსურთ, რომ ისინი ცხოვნდნენ.

 

უცნაურია, მეტი რომ არა ვთქვათ, თქვენი შეხედულება საღ აზრზე! საიდან, რა უფლებით პოულობთ, აღიარებთ მას თქვენში?! თუკი თქვენ ქრისტიანი ხართ, მაშინ ამ საგანზე ქრისტიანული წარმოდგენა უნდა გქონდეთ. და არა – რომელიღაც სხვა, თვითნებური და კაცმა არ იცის საიდან მოტანილი! სახარება გვასწავლის, რომ ცოდვით დაცემამ ჩვენ მოგვახვეჭინა ცრუმოჩვენებითი გონება; რომ ჩვენი, ცოდვით დაცემული გონება, რაგინდ მაღალი ბუნებრივი ღირსებითაც იყოს შემკული, ანდა – ქვეყნიური სიბრძნით აღლესული, მაინც ოდენ იმ ღირსების მფლობელია, რომელიც მან დაცემისას მიიღო, და მაინც შთება ცრუმოჩვენებით გონებად. საჭიროა, რომ ჩვენ უარვყოთ იგი და თავი მივანდოთ სარწმუნოების წინამძღოლობას. ამ წინაძღოლისას, თავის დროზე, კეთილმსახურებაში მნიშვნელოვანი ღვაწლის მქონეთ ღმერთი მოჰმადლის ჭეშმარიტი განსჯის უნარს, ანუ – სულიერ გონიერებას. აი, სწორედ ეს გონება გვმართებს ვაღიაროთ საღ გონებად, რომელიც საღ აზრს ფლობს: იგია უწყებული სარწმუნოება, რომელიც ასე ჩინებულად აღწერა წმ. მოციქულმა პავლემ თავის ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ (მე-11 თავი). ღმერთია საფუძველი სულიერი განსჯისა – ამ მტკიცე ლოდზე დაშენებული, იგი არც ირყევა და არც ეცემა; ხოლო, რასაც თქვენ საღ აზრს უწოდებთ, ჩვენ, ქრისტიანები ვაღიარებთ ისეთ სიბნელედ და იმგვარ ცდომილებად, რომელიც სხვანაირად არ განიკურნება, თუ არ მოეკვეთა მას სარწმუნოების მახვილით ყველა სახის ცოდნა, რაც კი გააჩნია, და შემდეგ – თუ არ იქნა ეს ცოდნა უარყოფილი და განგდებული; მაგრამ, თუკი მას მაინც საღ აზრად მივიჩნევთ, – მივიჩნევთ რაღაცის საფუძველზე, რაც ცნობილი არ არის, მერყევია, გაურკვეველია და მარად ცვალებადი, – მაშინ იგი, ვითარცა – საღი, უცილობლად უარყოფს თვითონ ქრისტესაც – ეს ცდებითაა დამტკიცებული... რას გეუბნებათ თქვენი საღი აზრი? იმას ხომ არა, რომ კეთილ ადამიანთა, რომელთაც ქრისტესი არა ჰრწმენათ, წაწყმედის აღიარება თქვენი საღი აზრისთვის მიუღებელია?! იმასაც ხომ არ გკარნახობთ, რომ ამგვარი წარწყმედა კეთილთა ეწინააღმდეგება ისეთი ყოვლადსახიერი არსების, როგორიცაა ღმერთი, გულმოწყალებას?! რა თქმა უნდა, გამოცხადება გექნებოდათ ზეცით, იმის შესახებ, თუ რა არის ღმერთის მოწყალების საწინააღმდეგო, და რა – მისი თანახმა! არა? კი, მაგრამ საღი აზრი რომ ამას გეუბნებათ? ოჰ, ეს თქვენი საღი აზრი! თუმცა, ერთი ეს მარქვით, თქვენი საღი აზრის თანაობისას, საიდან მოიტანეთ, რომ ძალგიძთ საკუთარი, შეზღუდული, ადამიანური გონებით განსაჯოთ, რა არის ღმერთის მოწყალების საწინააღმდეგო, და რა – არა? ნება მიბოძეთ გამოვთქვა ჩვენი აზრი: სახარებამ, სხვაგვარად – ქრისტეს მოძღვრებამ, სხვაგვარად – წმიდა მსოფლიო ეკლესიამ, ღვთის მოწყალების, რომელიც კაცთათვის მიუწვდომელია, შესახებ გამოგვიცხადა ყველაფერი, რისი ცოდნაც კი შესაძლებელია ადამიანისთვის; რაც აღემატება ყოველგვარ ჭკუისკოლოფობას და ადამიანური წვდომის უნარს. ამაოა კაცობრივი გონების მიმოწყდომა, როდესაც ეძიებს იგი, რომ უსაზღვრო ღმერთი განსაზღვროს; როდესაც ეძიებს ახსნას აუხსნელი; დაუქვემდებაროს საკუთარ მოსაზრებებს... ვინ? – თვითონ ღმერთი! ამგვარი წამოწყება სატანური წამოწყებაა! შენ, რომელიც თავს ქრისტიანს უწოდებ, და ამავე დროს არ იცნობ ქრისტეს მოძღვრებას! თუკი ამ მადლმოსილი, ზეციური მოძღვრებიდან ვერ გაგიგია, რომ ღმერთი გონებისათვის შეუცნობელია და მიუწვდომელი, – წადი სკოლაში, ყური დაუგდე, რასა სწავლობენ ბავშვები! მათემატიკის მასწავლებლები მათ უხსნიან უსასრულობის თეორიაში, რომ უსასრულობა, ვითარცა განუსაზღვრელი სიდიდე, არ შეიძლება ემორჩილებოდეს იმ კანონებს, რომელსაც ემორჩილება განსაზღვრული სიდიდეები – რიცხვები; და რომ მისი შედეგები, შესაძლოა სრულიად საწინააღმდეგო იყოს რიცხვთა შედეგებისა... ხოლო შენ გწადია, რომ კანონები დაუწესო ღმერთის მოწყალების მოქმედებას, და ამბობ, ეს მას ეთანხმება, ეს კი – ეწინააღმდეგებაო, – იმისდა მიხედვით, თუ როგორ ეწყობა იგი შენს საღ აზრს, შენს წარმოდგენებსა და შეგრძნებებს!.. განა გამომდინარეობს აქედან, რომ ღმერთი ვალდებულია ისე ესმოდეს და ისე გრძნობდეს, როგორც ეს შენ გესმის და გრძნობ? შენ კი სწორედ ამას მოითხოვ ღვთისაგან! აი, უგუნური და სავსებით ამპარტავნული წამოწყება! – მაშ ნუღარ სდებ ბრალს ეკლესიის მსჯელობას ამ საკითხზე საღი აზრისა და სიმდაბლის უქონლობაში – ეს ნაკლი შენ გახასიათებს! წმიდა ეკლესია განუხრელად მისდევს ღვთის მოძღვრებას ღვთის მოქმედებათა შესახებ, რომელიც თავად ღვთის მიერაა გამოცხადებული! მორჩილებით მიჰყვებიან მას უკან ეკლესიის ჭეშმარიტი შვილები, ნათლდებიან სარწმუნოებით, თრგუნავენ ყოყოჩსა და თავმომწონე გონებას, რომელიც ღმერთს უმხედრდება! გვწამს, რომ ძალგვიძს ვიცოდეთ ღვთის შესახებ ოდენ ის, რაც კეთილინება ღმერთმა თავად გამოეცხადებინა ჩვენთვის!... რომ არსებულიყო სხვა გზა ღვთის შეცნობისა, – გზა, რომელიც შეგვეძლებოდა გაგვეკვალა ჩვენი გონებისათვის საკუთარი ძალისხმევით, – არ გვექნებოდა მონიჭებული გამოცხადება. იგი მოგვეცა ჩვენ, – რამეთუ აუცილებელი იყო ჩვენთვის; ამაოა და ცრუ საკუთარი თვითმოსაზრებანი და კაცობრივი გონების უგზო-უკვლო ხეტიალი!

 

თქვენ ამბობთ: "ერეტიკოსები იგივე ქრისტიანები არიან"; – საიდან მოიტანეთ? მხოლოდ იმას თუ მოუბრუნდება ენა, თავისი უკიდურესი უმეცრებით, რომ თავი ისეთივე ქრისტიანად აღიაროს, როგორიც მწვალებელნი არიან, ხოლო წმიდა ქრისტიანული ეკლესია ვერ გაარჩიოს წყევის შვილთა, ღვთის მგმობი ერესებისგან, ვინც ქრისტიანად იწოდება, მაგრამ არა გაეგება რა ქრისტესი! სხვაგვარად მსჯელობენ ამ საკითხზე ჭეშმარიტი ქრისტიანები! წმიდანთა მრავალრიცხოვანმა დასებმა მოწამეობრივი გვირგვინი დაიდგეს – ამჯობინეს განეცადათ უსასტიკესი და ხანგრძლივი წამება, საპყრობილე და ექსორია, ვიდრე თანხმობა მიეცათ მწვალებელთათვის მათს ღვთის მგმობელ სწავლებაში მონაწილეობაზე. მსოფლიო ეკლესია ყოველთვის აღიარებდა, რომ მწვალებლობა მომაკვდინებელი ცოდვაა; რომ ადამიანი, რომელიც დაავადებულია მწვალებლობის საშინელი სენით, სულით მკვდარია; უცხოა მადლისა და ცხოვნებისთვის ეშმაკთან და მისმიერ წარწყმედასთან კავშირის გამო. მწვალებლობა უფრო ეშმაკისეული ცოდვაა, ვიდრე ადამიანური: იგია ასული ეშმაკისა, მისი გამონაგონი; უსჯულოება, რომელიც ახლოა კერპთთაყვანისმცემლობასთან. ეკლესიის მამები, ჩვეულებრივ, კერპთთაყვანისმცემლობას უწოდებენ უსჯულოებას, ხოლო მწვალებლობას – ბოროტმსახურებას, ბოროტსჯულიერებას. კერპთმსახურებისას ეშმაკი თვითონ იღებდა ღვთის კუთვნილ პატივს დაბრმავებული ადამიანებისგან. ხოლო მწვალებლობით იგი აქცევს მათ თავისი მთავარი ცოდვის, ღვთის გმობის, თანამონაწილედ. ვინც ყურადღებით წაიკითხავს "კრებათა საქმეებს", ადვილად დარწმუნდება, რომ ერეტიკოსთა ხასიათი სავსებით სატანურია. იგი დაინახავს მათს შესაზარ თვალთმაქცობას, უზომო ამპარტავნებას; მათ საქციელს, რომელიც ყოველთვის განმსჭვალულია სიცრუით; დაინახავს, რომ ისინი ჩაცვენილი არიან სხვადასხვა ბილწ ვნებებში; რომ თუკი შესაძლებლობა მიეცათ, მუდამ მზად არიან ჩაიდინონ უსაზარლესი დანაშაული და ბოროტმოქმედებანი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი სიძულვილი ჭეშმარიტი ეკლესიის შვილების მიმართ, რომელთა სისხლიც მთელი არსებით სწყურიათ! მწვალებლობა დაკავშირებულია გულის განძვინებასთან, გონების საშინელ დაბნელებასა და წახდენასთან. იგი ჯიუტად ჩასჭიდებია სულს, რომელიც მოწამლა და რომელსაც ვერასგზით ვერ შელევია; ამიტომაც, განსაკუთრებით საძნელოა დაავადებული ადამიანისთვის ამ მძიმე სენისაგან განკურნება! ყოველგვარი წვალება თავის თავში შეიცავს სულიწმიდის გმობას; გმობს ან სულიწმიდის დოგმატს, ან – სულიწმიდის მოქმედებას. – მაგრამ გმობს აუცილებლად წმიდა სულს. ყოველგვარი წვალების არსი ღვთის გმობაა. წმიდა ფლავიანემ, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, რომელმაც საკუთარი სისხლით აღბეჭდა ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმსარებლობა, კონსტანტინოპოლის ადგილობრივი კრების განჩინება ერესიარქ ევტიქიზე წარმოთქვა შემდეგი სიტყვებით: "ევტიქი, აქამომდე ხუცესი, არქიმანდრიტი, სავსებით მხილებულია, როგორც თავისი წარსული საქმეებით, ასევე – აწინდელი ახსნა-განმარტებანით, ვალენტინისა და აპოლინარის ცდომილებებსა და მათმიერი ღვთის გმობის ჯიუტად მიმდევრობაში, – მითუმეტეს, რომ მან არ შეიწყნარა ჩვენი რჩევა-დარიგებანი, მიეღო საღი მოძღვრება. ამიტომაც, ვტირით და მოვთქვამთ რა მისი საბოლოო წარწყმედის გამო, ჩვენ ვაცხადებთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ იგი ჩავარდნილია ღვთის გმობაში; რომ მას ჩამორთმეული აქვს ყოველგვარი სამღვდელო წოდება; რომ მას აღკვეთილი აქვს ჩვენთან ურთიერთობა და თავისი ყოფილი მონასტრის განმგებლობა ეკრძალება, ამით ჩვენ ვაუწყებთ ყველას, ვინც-კი ამიერიდან მას ესაუბრება, ან – მოინახულებს, რომ თვითონაც განკვეთილი იქნება!" ეს განჩინება ნიმუშია ერეტიკოსებზე საერთო აზრისა, რომელიც გააჩნია მსოფლიო ეკლესიას; ეს განჩინება სცნო მთელმა ეკლესიამ, იგი დადასტურებულია ქალკედონის მსოფლიო კრების მიერაც. ევტიქის წვალება მდგომარეობდა იმაში, რომ იგი, ეკლესიისაგან განსხვავებით, არ აღიარებდა ქრისტეში განხორციელების შემდეგ ორ ბუნებას, არამედ უშვებდა, რომ უფალს გააჩნდა, თითქოს, ოდენ ერთი, საღვთო ბუნება. თქვენ იტყვით: სულ რაღაც!.. სასაცილოა თავისი ნაკლულოვანებით ჭეშმარიტი ცოდნისა, და მწარედ საბრალობელია თავისი ხასიათითა და შედეგებით, ვინმე, ამა სოფლის ძალაუფლებით შემოსილი საერო პირის პასუხი, მიწერილი ალექსანდრიის პატრიარქის, წმიდა ალექსანდრესადმი, არიანული წვალების თაობაზე. ეს პირი ურჩევს პატრიარქს, რომ შეინახოს მშვიდობა, არ წამოიწყოს დავა და შფოთი, რომელიც ესოდენ უცხოა ქრისტიანული სულისკვეთებისათვის, "რაღაც სიტყვების" გამო; წერს, რომ იგი ვერაფერს ხედავს საძრახისს არიოზის სწავლებაში, – მხოლოდ მცირეოდენ განსხვავებას სიტყვებში! ეს სიტყვათაშორისი განსხვავება, – შენიშნავს ისტორიკოსი ფლერი, რომელშიც "არაფერია საძრახისი", უარყოფს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღვთაებას – მხოლოდ! ქვეამხობს მთელს ქრისტიანულ სარწმუნოებას – სულ რაღაც! აღსანიშნავია, რომ ყველა ძველი მწვალებლობა, სხვადასხვა, ცვალებადი ნიღბების ქვეშ, ერთი მიზნისაკენ მიისწრაფოდა: უარეყო ღვთაება სიტყვისა და დაემახინჯებინა განხორციელების დოგმატი. უახლესი წვალებანი უმეტესად ისწრაფვიან, რომ უარყონ სულიწმიდის მოქმედება: საზარელი გმობით უარყვეს მათ საღვთო ლიტურგია, ყველა საიდუმლო, და საერთოდ ყოველივე, რაშიც მსოფლიო ეკლესია მუდამ აღიარებდა სულიწმიდის მოქმედებას. ამას მათ ადამიანური დადგენილებანი უწოდეს; უფრო კადნიერადაც: ცრუმორწმუნეობა და შეცდომილება! რა თქმა უნდა ერესში თქვენ ვერ ამჩნევთ ვერც ძარცვას და ვერც ქურდობას – იქნება მხოლოდ ამიტომ არ თვლით მას ცოდვად? აგერ, უარყოფილია ძე ღვთისა; აგერ უარყოფილია და დაგმობილი სულიწმიდა – სულ რაღაც! მიმღებელი და გულში შემნახველი ღვთისმგობი სწავლებისა, – ის, ვინც წარმოთქვამს ღვთის გმობას, – არ ყაჩაღობს, არ ქურდობს და ცოდვით დაცემული ბუნების კეთილ საქმეებსაც კი სჩადის – პირდაპირ საუცხოო ადამიანია! როგორ ეტყვის ღმერთი უარს ცხოვნებაზე!.. თავი და თავი თქვენი ამ უკანასკნელი, ისევე – როგორც ყველა სხვა, ცდომილებისა არის ქრისტიანობის ღრმა უვიცობა!

 

არ გეგონოთ, რომ ამგვარი უმეცრება უმნიშვნელო ნაკლია! არა! მისი შედეგები შესაძლოა დამღუპველი იყოს – განსაკუთრებით ახლა, როდესაც საზოგადოებაში ვრცელდება ურიცხვი რაოდენობის წიგნები, რომელთაც სახელწოდება ქრისტიანული აქვთ, სატანურ სწავლებას კი შეიცავენ. სწორედ ჭეშმარიტი ქრისტიანობის არცოდნისას არის შესაძლებელი, რომ მცდარი, ღვთის მგმობი აზრი ჩათვალოთ ჭეშმარიტებად, შეითვისოთ და მასთან ერთად შეითვისოთ მარადიული სიკვდილიც. ღმერთის მგმობელი არ ცხოვნდება! ის გაკვირვება, რომელიც გამოთქვით თქვენს წერილში, უკვე პირველი საშინელი შემასმენელია თქვენი ხსნისა, მისი არსი ქრისტეს უარყოფაა! ნუ თამაშობთ თქვენი ხსნით, ნუ თამაშობთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, მარადიული ტირილი იქნება თქვენი ხვედრი. შეუდექით ახალი აღთქმისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამების (და არა – ტერეზასი, არც ფრანცისკოსი და სხვა დასავლეთელ შლეგთა, რომელთაც მათი ერეტიკული ეკლესია წმიდანებად ასაღებს!) ქმნილებათა კითხვას; შეისწავლეთ მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამებისგან, თუ როგორია სწორი გაგება წმიდა წერილისა; როგორი ცხოვრება, აზრები და შეგრძნება შეშვენის ქრისტიანს. წმიდა წერილითა და ცოცხალი სარწმუნოებით შეიმეცნეთ ქრისტე და ქრისტიანობა; მოიხვეჭეთ გამართლება, რომელსაც ღმერთი ყველა ადამიანს უსასყიდლოდ ანიჭებს ქრისტიანობის მეშვეობით, მანამდე, სანამ მოწეულა საშინელი ჟამი, როდესაც თქვენც წარდგებით ღვთის სამსჯავროზე.

 

თარგმნა გიორგი გაბაშვილმა †

 

 

 

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა