martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

 

თხრობანი დიალოღონიდან სიკვდილის შესახებ (ნაწ. 3)

თავი ორმოცდამეოთხე

ცეცხლოვან გეენიაში ჩაგდებული ცოდვილები მარადიულად დაიწვებიან?

გრიგოლი: ჭეშმარიტად ცხადია და უეჭველი, რომ როგორც მართალთა ნეტარება იქნება დაუსრულებელი, ასევე უკეთურთა ტანჯვას არ ექნება დასასრული, რადგან თავად ჭეშმარიტება ბრძანებს: "და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა" (მათ. 25, 46).

პეტრე: ხომ შეიძლება ვიღაცამ თქვას: "ღმერთი ცოდვილებს მარადიული სატანჯველით მხოლოდ იმიტომ ემუქრება, რომ ცოდვის ჩადენისაგან შეაჩეროს"?

გრიგოლი: თუკი სიცრუეა ის, რითიც ღმერთი ცოდვილებს უსჯულოებისაგან განსაშორებლად ემუქრება, მაშინ ისიც სიცრუეა, რაც მან აღგვითქვა იმისთვის, რომ სიწმიდე შევიყვაროთ, მაგრამ უგუნურის გარდა ამის თქმას ვინ გაბედავს? და თუკი ის იმით გვემუქრება, რასაც არ აღასრულებს, მაშინ მანამდე, ვიდრე მას მოწყალედ ვაღიარებთ, მატყუარა უნდა ვუწოდოთ (რაც გამოსათქმელადაც კი საშინელია).

პეტრე: მინდა ვიცოდე, მართლმსაჯულებას რამდენად ეთანხმება ის, რომ სასრული დანაშაულისათვის უსასრულოდ უნდა იტანჯონ?

გრიგოლი: ეჭვი სამართლიანი იქნებოდა, განრისხებული მსაჯული არა ადამიანთა გულებს, არამედ მხოლოდ საქმეებს რომ განიხილავდეს. უსჯულოთა ცოდვები იმიტომ შეწყდა, რომ მათი სიცოცხლე დასრულდა. ისინი ისურვებდნენ, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, უსასრულოდ ეცხოვრათ, რათა უსასრულოდ ცოდვაში ყოფილიყვნენ. ვინც ცოდვებს სიცოცხლეში არასოდეს განშორებია, ისინი ცოდვაში მუდმივად დარჩენის სურვილს ამჟღავნებენ. ამდენად, უდიდესი მსაჯულის მხრივ სამართლიანობაა, რომ ისინი, ვინც ამ ცხოვრებაში ცოდვებისგან განშორება არასოდეს ისურვა, მარადიულად დაიტანჯონ.

პეტრე: მაგრამ მართალი ბატონი გადაჭარბებული სიმკაცრით არც ერთ ერთგულ მონას არ სჯის, მზაკვარი მონის ცემასაც მხოლოდ იმისთვის ბრძანებს, რომ მისი მანკიერებანი გამოასწოროს: მას გამოსწორების იმედით ურტყამენ. თუკი გეენიის ცეცხლში ჩაგდებული უსჯულონი არ გამოსწორდებიან, მაშინ მათ მარადიულ დაწვას რა მიზანი აქვს?

გრიგოლი: ყოვლისშემძლე ღმერთი, როგორც მოწყალე, მართალ ადამიანებს სისასტიკის გარეშე მართავს; მაგრამ, როგორც მართლმსაჯული, უსჯულოთა მარადიულ ტანჯვას არ შეწყვეტს. უსჯულონი, რომელთაც მარადიული სატანჯველი განესაზღვრათ, თუმცა თავიანთი უსჯულოებისათვის ისჯებიან, ცეცხლში სხვა მიზნითაც დაიწვებიან. ყოველი მართალი მათთვის ღმერთის მიერ მინიჭებულ ნეტარებასაც იხილავს და ცოდვილთა ტანჯვასაც, რასაც თავი დააღწიეს. რაც უფრო ცხადად დაინახავენ ცოდვების გამო აღძრულ მარადიულ სატანჯველს, რომელსაც ღმერთის შეწევნით სძლიეს, მით მეტად შეიგრძნობენ, რომ საღმრთო მადლის მარადიული მოვალენი არიან.

პეტრე: ადამიანები, რომლებიც მტრებს ცეცხლში ხედავენ და მათთვის არ ლოცულობენ, წმინდანებად როგორ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგან ნათქვამია: "ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ" (მათ. 5, 44)?

გრიგოლი: მტრებისთვის მაშინ ლოცულობენ, როდესაც მათი გულების მოქცევა ნაყოფიერი სინანულისკენ შესაძლებელია და ამ მოქცევით ისინი გადარჩებიან, რადგან მტრისთვის სხვა რა უნდა ითხოვო, თუ არა ის, რაც მოციქულმა გვამცნო: "მო-ხოლო თუ-სცეს მათ უფალმან სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა, და განიფრთხიან საფრხისა მისგან ეშმაკისა მონადირებულთა მათ მის მიერ ნებისაებრ მისისა" (2 ტიმ. 2, 25-26)? ცოდვილთათვის მაშინ როგორღა უნდა ვილოცოთ, როდესაც მათ არანაირად არ ძალუძთ თავიანთი უსჯულოება მართალი საქმეებით შეცვალონ? ე.ი. მიზეზი, თუ რატომ არ ილოცებენ მარადიულ სატანჯველში მყოფი ადამიანებისთვის, იგივე იქნება, რის გამოც ამჟამად არ ლოცულობენ ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის, რომელთაც მარადიული ტანჯვა აქვთ მისჯილი. რა არის ამჟამადაც იმის მიზეზი, რომ წმინდანები არ ლოცულობენ ურწმუნოებასა და უსჯულოებაში აღსრულებულთათვის, თუ არა ის, რომ შეიცნეს ისინი, როგორც მარადიული ტანჯვით დასჯილნი და ამიტომ არ სურთ ამაო ლოცვა აღავლინონ მართალი მსაჯულის წინაშე? თუკი მართლები თავიანთ სიცოცხლეშივე, როდესაც თავს სასჯელის ღირსად აღიარებენ, გარდაცვლილ და განკითხულ უსჯულოებს არ თანაუგრძნობენ, უღმერთოთა ტანჯვას მით უფრო მკაცრად მაშინ განიხილავენ, როდესაც, ყოველგვარი ხორციელი ვნებისაგან გათავისუფლებულნი, სიწმინდეს კიდევ უფრო მტკიცედ და სისავსით შეითვისებენ. ყოვლადმართალი მსაჯულის მიერ გამოტანილი განაჩენი მათ სულს იმდენად ეთანხმება, რომ ნებას არ აძლევს მისი მარადიული სიმართლისაგან განსხვავდებოდეს მათი შეხედულებანი.

პეტრე: ცხადი დასაბუთების წინააღმდეგ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ჩემს გონებას შემდეგი კითხვა იპყრობს: სულს უკვდავი რატომ ეწოდება, როდესაც ცნობილია, რომ მას მარადიულ ცეცხლში სიკვდილი აქვს მისჯილი?

თავი ორმოცდამეექვსე

წმიდა მოღვაწე, რომელიც სიკვდილის ჟამს ძრწოდა

გრიგოლი: მართლაც ასეა, პეტრე, როგორც შენ ამბობ, მაგრამ მომაკვდავი მართლის სულს თვით ეს შიში უკვე განწმენდს, როგორც ამას ერთი წმიდა მოღვაწის შესახებ მონათხრობი ადასტურებს, რომელიც ორივეს არაერთხელ გვსმენია. ის ძრწოდა სიკვდილის ჟამს, მაგრამ აღსრულების შემდეგ მოწაფეებს თეთრებში მოსილი ეჩვენა და ამით აჩვენა, რომ ნათელში იქნა მიღებული.

თავი ორმოცდამეშვიდე

ზოგიერთს სიკვდილის შიშის დასაძლევად გამოცხადებანი განამტკიცებს; მონაზონთა – ანტონის, მერულასა და იოანეს შესახებ

ყოვლისშემძლე ღმერთი მშფოთვარე გონებას ზოგჯერ გამოცხადებებით წინასწარ განამტკიცებს, რათა სიკვდილის არ ეშინოდეს. მონასტერში ჩემთან ერთად ძმა ანტონი ცხოვრობდა. იგი ზეციური მამულის ნეტარებებისადმი სწრაფვას ყოველ ცისმარე დღეს უხვად დაღვრილი ცრემლით გამოხატავდა. მან წმიდა წერილი განსაკუთრებული მონდომებით და უდიდესი წყურვილით შეისწავლა და მასში ეძიებდა არა შესამეცნებელ საგნებს, არამედ – ცრემლს გულის შემუსვრილებისათვის, რათა ცრემლით აღძრული გონება ანთებულიყო და მიწიერს რომ დატოვებდა, მჭვრეტელობით ზეციურ მამულში აფრენილიყო. ერთხელ ანტონს ღამეულ ჩვენებაში ეუწყა: "მოემზადე და ღმერთის ბრძანებით გზას გაუდექი". როდესაც მან თქვა, რომ გასამგზავრებლად მზად არ არის, პასუხად მაშინვე გაიგონა: "თუკი ცოდვებს გულისხმობ, ისინი შეგენდო". მაგრამ პირველი შეტყობინების შემდეგ ის მაინც ძლიერ შიშს განიცდიდა. მომდევნო ღამით კვლავ იგივე ემცნო. ხუთი დღის შემდეგ ის ავად გახდა და გარდაიცვალა ძმების თანდასწრებით, რომლებიც დასტიროდნენ და მისთვის ლოცულობდნენ.

იმავე მონასტერში სხვა ძმა, მერულაც ცხოვრობდა; ის დაუცხრომელად ტიროდა და ლოცულობდა, მის ბაგეთაგან ამომავალი ფსალმუნთა გალობა მხოლოდ საკვების მიღებისა და ძილის დროს წყდებოდა. მას ამგვარი ღამეული ჩვენება ჰქონდა: ზეციდან მის თავზე თეთრი ყვავილებით მოწნული გვირგვინი დაეშვა. ამის შემდეგ მალე დასნეულდა და მხიარული სულით მშვიდად აღესრულა. თოთხმეტი დღის შემდეგ, როდესაც მონასტრის ამჟამინდელმა წინამძღვარმა, პეტრემ, მისი საფლავის სიახლოვეს თავისთვის საფლავის გაჭრა მოისურვა, მერულას საფლავიდან იმგვარი კეთილსურნელება შეიგრძნო, თითქოს იქ ყველა ყვავილის სურნელება შეეკრიბოთ. აქედან ცხადი გახდა, რომ მისი ღამეული ჩვენება ჭეშმარიტი იყო.

იმავე მონასტერში სხვა, ყრმა მონაზონი იოანეც იყო, რომელსაც ბუნებისგან მრავალი სიკეთე ჰქონდა მიმადლებული. ის თავის ასაკს აღემატებოდა განსჯის უნარით, სიმდაბლით, კარგი ქცევითა და მოღვაწეობით. როდესაც იოანე დაავადდა და სიკვდილის პირას აღმოჩნდა, ღამეულ ჩვენებაში ვინმე ბერი ეჩვენა, წკეპლა დაჰკრა და უთხრა: "წამოდექი, ამ სნეულებით არ მოკვდები, მაგრამ მოემზადე, იმიტომ, რომ აქ დიდხანს აღარ იღვაწებ". ამის შემდეგ ის მალევე გამოჯანმრთელდა, იმის მიუხედავად, რომ ექიმებს მისი გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ. თავისი გამოცხადების შესახებ მან სხვებსაც უამბო და თავისი ასაკისთვის შეუფერებლად, როგორც უკვე აღვნიშნე, ღმერთს კიდევ ორი წელი ემსახურა. ამ ამბამდე სამი წლით ადრე ერთი ძმა აღესრულა და ის მონასტრის სასაფლაოზე დავკრძალეთ. როდესაც სასაფლაოდან გამოვედით, იოანე, როგორც შემდეგ გაფითრებული და ათრთოლებული თვითონ გვიამბობდა, იქ დარჩა და მიცვალებულმა საფლავიდან მოუხმო. ამ ძახილმა მას მოახლოებული აღსასრული ამცნო. ათი დღის შემდეგ ის ავადმყოფობით გათანგული ხორცის საკრველთაგან გათავისუფლდა.

პეტრე: მინდა ვიცოდე, თვალყური უნდა ვადევნო იმას, რაც ღამეულ ჩვენებაში წარმომიდგება?

თავი ორმოცდამერვე

თვალყური უნდა ვადევნოთ თუ არა სიზმრებს და რამდენგვარი სიზმარი არსებობს?

გრიგოლი: გმართებს იცოდე, პეტრე, რომ სულში სიზმრეული ჩვენებანი ექვსი მიზეზით შემოდიან. ზოგჯერ სიზმარი კუჭის სისავსის გამო წარმოიშობა, ზოგჯერ, პირიქით, მისი სიცარიელის გამო; ზოგჯერ – ეშმაკის ცდუნებით, ზოგჯერ – ზრახვებით (ფიქრებით) და ცდუნებით ერთდროულად; ზოგჯერ – გამოცხადებით, ზოგჯერ – გულისთქმითა და გამოცხადებით ერთდროულად. პირველი ორი სახის სიზმრეული ჩვენებანი გამოგვიცდია, ხოლო დანარჩენი ოთხი სახის მაგალითებს წმიდა წერილი გვაძლევს. სიზმრეული ჩვენებანი ხშირად ეშმაკის საცდური რომ არ იყოს, მაშინ ბრძენკაცი არასოდეს მიგვითითებდა ამაზე სიტყვებით: "რადგან მრავალნი აცდუნეს სიზმრებმა და დაეცნენ მისი მოიმედენი" (ზირ. 34, 7). აგრეთვე: "ნუ იჯადოქრებთ და ნუ იმკითხავებთ სიზმრებით" (ლევ. 19, 26). ამ სიტყვებით ცხადად ჩანს, რომ უნდა ვერიდოთ სიზმრებით მარჩიელობას. სიზმრები ზოგჯერ ზრახვებისა და საცდურისაგან ერთდროულად რომ არ მოდიოდეს, ბრძენი არ გვეტყოდა: "როგორც მრავლადაა სიზმარში ამბები, ისე მრავალსიტყვაა უგუნურის ნაუბარი" (ეკლ. 5, 2). ზოგჯერ სიზმარი იდუმალი გამოცხადებისაგან რომ არ იშვებოდეს, მაშინ იოსები თავის უპირატესობას ძმების წინაშე სიზმარში ვერ იხილავდა (დაბ. 37); არც ანგელოზი ამცნობდა ძილში მარიამის დამწინდველს ყრმასთან ერთად ეგვიპტეში გაქცეულიყო (მათ. 2). აგრეთვე, სიზმარი ზოგჯერ ზრახვებისა და გამოცხადების ერთობით რომ არ იშვებოდეს, მაშინ წინასწარმეტყველი დანიელი, ნაბუქოდონოსორის სიზმარზე მსჯელობისას, არ მიუთითებდა, რომ მისი საფუძველი ფიქრები იყო: "გულისზრახვანი შენნი საწოლსა შენსა ზედა აღვიდეს, რაჲ ჯერ-არს ქმნად ამათსა შემდგომად და გამომცხადებელმან საიდუმლოთამან მაუწყნა მე, რომელთაჲ ჯერ-არს ქმნაჲ" (დან. 2, 29). და იქვე: "შენ, მეფე, ჰხედევდ, და, აჰა, ხატი ერთი დიდი. და ხატი იგი და შესახედავი მისი საშინელ მდგომარე წინაშე პირსა შენსა" (დან. 2, 31). ამგვარად, როდესაც დანიელი სიზმარს კრძალვით განიხილავს და განმარტავს, თუ რომელი ზრახვიდან იშვა, ცხადად გვიჩვენებს, რომ ხშირად სიზმარი ზრახვებიდან და გამოცხადებებიდან ერთდროულად მომდინარეობს. თუკი სიზმრები ამგვარად განსხვავდებიან, მაშინ ცხადია, მით უფრო ნაკლებად უნდა ვენდოთ მათ, რაც უფრო ძნელი შესაცნობია, თუ საიდან მომდინარეობენ. წმინდანები საცდურსა და გამოცხადებას შორის განსხვავებას ერთგვარად შინაგანად შეიგრძნობენ, განასხვავებენ ჩვენების ხმასა და სახეს, გულისხმაყოფენ კეთილი სულისგან რა ეძლევათ და რომელია ეშმაკის საცდური. თუკი გონება სიზმრების მიმართ ფრთხილი არ იქნება, მაშინ მაცდური სულის მიერ მრავალ ოცნებაში ჩაეფლობა: ის, როგორც წესი, მრავალ სიმართლეს წინასწარმეტყველებს, რომ შემდეგ სული სიცრუით მოიცვას.

თავი ორმოცდამეცხრე

ადამიანი, რომელსაც სიზმარში ხანგრძლივი სიცოცხლე აღუთქვეს, მაგრამ მოკლე ხანში აღესრულა

არცთუ დიდი ხნის წინ ჩვენს ერთ თანამოქალაქეს, რომელიც სიზმრებს ენდობოდა, ამგვარი რამ შეემთხვა. მას სიზმარში ხანგრძლივი სიცოცხლე აღუთქვეს. როდესაც მან დიდი სიმდიდრე მოაგროვა, რომ ხანგრძლივი ცხოვრება გაეტარებინა, მოულოდნელად გარდაიცვალა და მთელი მამული ხელუხლებელი დარჩა, ხოლო თან ერთი კეთილი საქმეც ვერ წაიყოლა.

თავი ორმოცდამეათე

სასარგებლოა თუ არა მიცვალებულის სულისთვის სხეულის ტაძარში დაკრძალვა?

პეტრე: მახსოვს, ვინც იყო ის. მაგრამ ის განვიხილოთ, რაზეც საუბარი დავიწყეთ. მიცვალებულის სულისთვის სარგებლობის მომტანია თუ არა სხეულის ტაძარში დაკრძალვა?

გრიგოლი: ტაძარში დაკრძალვა იმ მიცვალებულებისთვის არის სასარგებლო, რომლებიც დიდი ცოდვებით დამძიმებული არ არიან. მათი ახლობლები ყოველდღიურად ამ წმიდა ადგილებში (ტაძრებში) იკრიბებიან და გარდაცვლილთა საფლავების ხილვისას იხსენებენ მათ, მათთვის ღმერთს ევედრებიან. პირიქით, თუკი ტაძარში ისეთ ადამიანს დაკრძალავენ, რომელსაც სული მომაკვდინებელი ცოდვებით აქვს დამძიმებული, მას არათუ ცოდვები არ შეენდობა, არამედ უმეტესად დაისჯება. ამის ცხადად საჩვენებლად, ახლახან მომხდარ ამბავს მოკლედ გიამბობ.

თავი ორმოცდამეთერთმეტე

წმიდა ლავრენტის ტაძარში დაკრძალული ენკრატისი, რომელიც ტაძრის მცველს გამოცხადებაში ნახევრად დამწვარი სხეულით ეჩვენა

ღირსეული მოღვაწე, პორტუენის ეპისკოპოსი ფელიქსი, რომელიც საბინის ოლქში დაიბადა და აღიზარდა, ერთი ენკრატისის შესახებ გვიამბობდა, რომელიც თუმცა თავშეკავებით ცხოვრობდა, მაგრამ კადნიერებისა და ამაოდმეტყველებისაგან ენას არ იკრძალავდა. ის გარდაიცვალა და ტაძარში დაკრძალეს. იმავე ღამით ტაძრის მცველმა გამოცხადებაში იხილა, რომ ის საკურთხეველთან მიიყვანეს და ორად გაჭრეს, რომელთაგან ერთი ნაწილი ცეცხლში დაიწვა, ხოლო მეორე უვნებელი დარჩა. დილით მან ეს ხილვა ძმებს უამბო და ის ადგილი აჩვენა, სადაც ენკრატისი ცეცხლში დაიწვა. საკურთხევლის წინ, მარმარილოზე ცეცხლის კვალი ისე იყო დარჩენილი, თითქოს ეს დედაკაცი იქ ნივთიერ ცეცხლს დაეწვას. ამგვარმა ხილვამ ცხადყო, რომ წმიდა ადგილი სიკვდილის შემდეგ სასჯელისგან თავის დახსნაში არ შეეწევა იმას, ვისაც ცოდვები არ შეენდო.

თავი ორმოცდამეთორმეტე

პატრიც ვალერიანეს დაკრძალვა

ჩვენთვის ცნობილია, თუ როგორი ღირსებითა და სიმართლით გამოირჩევა სახელგანთქმული მოსაგრე იოანე, პრეფექტების ნაცვალი რომში. ის პატრიც ვალერიანეს შესახებ მიამბობდა, რომელიც ქალაქ ბრიკსში გარდაიცვალა. ამ ქალაქის ეპისკოპოსმა საფასური აიღო და მის დასაკრძალად ტაძარში ადგილი გამოყო. ვალერიანე სიცოცხლის ბოლომდე ცოდვილ და უზნეო ცხოვრებას ეწეოდა და ცოდვების გამოსწორებაზე არ ზრუნავდა. დაკრძალვის წინა ღამით ნეტარი მოწამე ფავსტიანე, რომლის ტაძარში პატრიცის დაკრძალვას აპირებდნენ, ტაძრის მცველს წარმოუდგა და უთხრა: "წადი და უთხარი ეპისკოპოსს, ის მყრალი გვამი, რომელიც აქ დაასვენა, გადააგდოს; თუკი ამას არ აღასრულებს, ოცდაათ დღეში თვითონ მოკვდება". მცველს ეპისკოპოსისთვის ამის შესახებ მეორე გამოცხადების შემდეგაც კი შეეშინდა ეთქვა. ოცდამეათე დღეს ეპისკოპოსი, რომელიც სრულიად ჯანმრთელი და საღსალამათი იყო, ღამით დასაძინებლად დაწოლილი მოულოდნელად აღესრულა.

თავი ორმოცდამეცამეტე

ვალენტინის სხეულის შესახებ, რომელიც დაკრძალვის შემდეგ ტაძრიდან გამოტანილ იქნა

ამჟამადაც ცოცხლები არიან ღირსი ძმა, ლუნიის ეპისკოპოსი ბენანტი და სახელოვანი კაცი, უკეთილშობილესი და ნდობის ღირსი ლიბერიოსი. ისინი გენუაში მომხდარ ისტორიას გვიამბობდნენ, რომელსაც, მათი თქმით, მათი მსახურები შეესწრნენ. იქ, როგორც ისინი ამბობენ, მედიოლანის ეკლესიის ადვოკატი ვალენტინი აღესრულა. ის ქარაფშუტა და ყოველგვარ ვნებას დამონებული ადამიანი იყო. მისი სხეული ნეტარი მოწამის, სირას ტაძარში დაკრძალეს. შუაღამისას ტაძარში ხმები გაისმა, თითქოს ვიღაცას აგდებდნენ. ტაძრის მცველებმა ამ ხმების გაგონებაზე მოირბინეს და ორი საზარელი სული იხილეს, რომლებიც ფეხებშეკრულ ვალენტინს გარეთ მიათრევდნენ. ის ხმამაღლა ყვიროდა და იბრძოდა. შეშინებული მცველები თავიანთ ადგილებზე დაბრუნდნენ. დილით კუბო გახსნეს და იქ მისი ცხედარი აღარ დახვდათ. მას ძებნა ეკლესიის სიახლოვეს დაუწყეს და სხვა კუბოში მიაგნეს; იგი ისევე იყო ფეხებშეკრული, როგორც ეშმაკებმა გაათრიეს. აქედან ისწავლე, პეტრე, რომ თუკი ცოდვებით დამძიმებული ადამიანები მოყვასთ აიძულებენ, წმიდა ადგილზე დაკრძალონ, დამატებით კადნიერებისთვისაც დაისჯებიან. მათ წმიდა ადგილები არ განწმენდს, უგუნური ამპარტავნება კი უფრო მეტ სასჯელს მოუტანს.

თავი ორმოცდამეთოთხმეტე

ტაძარში დაკრძალული მღებავის სხეული იქ ვეღარ ნახეს

აქ მცხოვრები მრავალი მღებავი ამოწმებს იმას, რაც ამ ქალაქში მოხდა. ერთი დახელოვნებული მღებავი გარდაიცვალა და ცოლმა ნეტარი მოწამის, იანუარიუსის ტაძარში დაკრძალა, წმიდა ლავრენტის კარიბჭის სიახლოვეს. მომდევნო ღამით ტაძრის მცველმა კუბოდან მისი ძახილი გაიგონა: "ვიწვი, ვიწვი". მცველს ყვირილი დიდხანს ესმოდა და შემდეგ მიცვალებულის ცოლს შეატყობინა. მან მოისურვა ენახა, როგორ მდგომარეობაში იყო მიცვალებულის სხეული, რომლის სული ამგვარად ღაღადებდა და ქმრის თანამშრომლები სანახავად გაგზავნა. მათ კუბო გახსნეს და ცარიელი ნახეს, თითქოს მიცვალებული იქ არც ჩაესვენებინოთ, თუმცა ტანსაცმელი ხელუხლებელი იყო და იმ ამბის დასამოწმებლად დღემდე ტაძარში ინახება. აქედან შეგვიძლია მივხვდეთ, როგორ სასჯელს დაექვემდებარა ის, თუკი მისი სხეულიც კი ტაძრიდან განაგდეს. ამგვარად, წმიდა ადგილებს უღირსად დაკრძალულთათვის რა სარგებელი აქვს, თუკი მათი სხეულები, ღმრთის ნებით, იქიდან განიდევნება?

თავი ორმოცდამეთხუთმეტე

რამ შეიძლება მოუტანოს სარგებლობა მიცვალებულთა სულებს? ცენტუმცელელი პრესვიტერისა და მონაზონ იუსტის სულის შესახებ

პეტრე: რამ შეიძლება მოუტანოს სარგებლობა მიცვალებულთა სულებს?

გრიგოლი: თუკი ჩადენილი ცოდვები მძიმე არაა და სიკვდილის შემდეგ შეიძლება შეენდოს, სულს მაცხოვნებელი მსხვერპლშეწირვა სიკვდილის შემდეგაც დიდად შეეწევა;[1] ზოგჯერ მიცვალებულთა სულები ამას თავად ითხოვენ. ეს ამბავი ზემოთ ხსენებულმა ეპისკოპოსმა ფელიქსმა ერთი მეტად ღირსეული პრესვიტერისგან გაიგო, რომელიც ორი წლის წინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ქალაქ ცენტუმცელის სიახლოვეს ცხოვრობდა და ტავრანიაში მდებარე ნეტარი იოანეს ტაძრის წინამძღვარი იყო. პრესვიტერს ხორციელი სნეულების გამო ჩვევად ჰქონდა თბილ წყაროში იმ ადგილზე განბანილიყო, სადაც ყველაზე მეტი ორთქლი ამოდის. ერთხელ იქ შესულს, ერთი უცხო კაცი დახვდა, რომელიც მზად იყო მომსახურებოდა: უცნობმა ფეხზე ფეხსაცმელი გახადა, სამოსი ჩამოართვა, საბანელიდან გამოსვლისას პირსახოცი მიაწოდა და ყოველგვარ სამსახურს სრული მზადყოფნით ასრულებდა. ამის შემდეგ ამგვარი რამ ხშირად ხდებოდა. ერთხელ პრესვიტერმა საბანელში წასვლის წინ იფიქრა: "იმ ადამიანის მიმართ, რომელიც საბანელში ასე გულმოდგინედ მემსახურება, მმართებს უმადურობა არ გამოვიჩინო: ძღვნად რაიმე უნდა მივართვა". მან ორი სეფისკვერი აიღო და წავიდა. იქ მისულმა ის ადამიანი მაშინვე იპოვა და ისიც ჩვეულებისამებრ ემსახურა. განბანვის შემდეგ წასვლა რომ დააპირა, მან იმ კაცს სეფისკვერები მიართვა, თან სთხოვა მირთმეული ძღვენი კეთილგანწყობით და სიყვარულით მიეღო. უცნობმა პრესვიტერს ცრემლით მიუგო: "მამაო, რატომ მაძლევ? ეს წმიდა პურია, მე კი მისი ჭამა არ შემიძლია. შენ წინაშე ამ ადგილების ყოფილ მეპატრონეს ხედავ. ჩემი ცოდვების გამო სიკვდილის შემდეგ აქ სამსახური მაქვს მისჯილი. თუკი ჩემი დასაჩუქრება გსურს, ეს სეფისკვერები ყოვლისშემძლე ღმერთს ჩემი ცოდვებისათვის მსხვერპლად შესწირე. როდესაც მოხვალ და აქ ვეღარ მიხილავ, იცოდე, ღმერთმა შენი ლოცვა შეისმინა". ამ სიტყვებზე ის უხილავი გახდა, რითიც გამოჩნდა, რომ სული იყო. პრესვიტერი მისთვის მთელი კვირა ცრემლით ლოცულობდა, მაცხოვნებელ მსხვერპლს ყოველდღიურად სწირავდა და საბანელში მისულმა ის კაცი იქ ვეღარ ნახა. აქედან ჩანს, სულებისთვის უსისხლო მსხვერპლის შეწირვა რამდენად სასარგებლოა, რაკი ამას ცოცხალთაგან თვითონ სულები ითხოვენ და ნიშნებს მიუთითებენ, რომლითაც მათი ცოდვების შენდობას შევიცნობთ.

ვფიქრობ, არც იმის შესახებ უნდა დავდუმდე, რაც სამიოდე წლის წინ ჩემს მონასტერში მოხდა. ერთმა მონაზონმა, სახელად იუსტმა, სამკურნალო ხელოვნება კარგად იცოდა. ის მემსახურებოდა, როდესაც მონასტერში ვცხოვრობდი და სნეულებისას ყურადღებით მმკურნალობდა. როდესაც თავად დაავადდა და სიკვდილის პირას აღმოჩნდა, მას ღვიძლი ძმა, კოპიოზი ემსახურებოდა, რომელიც ამჟამად სარჩოს ექიმობით იძენს. როდესაც იუსტმა სიკვდილის მოახლოვება იგრძნო, კოპიოზს უთხრა, რომ მას სამი ოქროს მონეტა ჰქონდა დამალული. ეს ძმათაგან დაფარული არ დარჩა. მათ გულმოდგინედ მოიძიეს და ოქროს მონეტები წამლებში აღმოაჩინეს. როდესაც ძმის ცოდვის შესახებ მაცნობეს, რომელიც ჩვენთან ერთად ცხოვრობდა, ეს ამბავი გულგრილად ვერ გადავიტანე, იმიტომ, რომ ჩვენს მონასტერში მუდამ წესად იყო, ძმებს ყველაფერი საზიარო ჰქონოდათ და საკუთრად რაიმეს ქონა ეკრძალებოდათ. დამწუხრებული ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი: ძმის ცოდვათა შენდობისათვის მელოცა, თუ დანარჩენი ძმებისთვის სიმკაცრის მაგალითი მეჩვენებინა? ჩემს მოსაყდრე პრეციოზს მოვუხმე და ვუთხარი: "წადი და ძმებს უბრძანე, მომაკვდავთან არც ერთი მათგანი არ მივიდეს, რომ არავის ბაგეთაგან მანუგეშებელი სიტყვა არ გაიგონოს; როდესაც სიკვდილის მოახლოებისას ძმებს მოუხმობს, მაშინ ღვიძლმა ძმამ უთხრას, რომ ძმებმა გადამალული ოქროს მონეტების გამო მიატოვეს, რათა სინანულმა მისი სული თუნდაც სიკვდილის ჟამს მოიცვას და მის მიერ ჩადენილი ცოდვისაგან განწმინდოს. როდესაც გარდაიცვლება, საძმო სასაფლაოზე არ დაკრძალოთ, არამედ ნაგავსაყრელზე ორმო ამოთხარეთ, მისი სხეული შიგ ჩააგდეთ, მისი ოქროს მონეტები ზედ დაადეთ და ერთხმად უთხარით: "ვეცხლი ეგე შენი შენთანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა" (საქმე 8, 20) და შემდეგ დამარხეთ". ამით ორგვარი სარგებლობის მოტანა მსურდა: მომაკვდავისთვისაც და ცოცხლად დარჩენილთათვისაც, რათა ამგვარ მწარე სიკვდილს მომაკვდავი ცოდვისაგან განეწმინდა, ხოლო ძმები ანგარებისთვის ამგვარ სასჯელს მსგავს ცოდვაში ჩავარდნისაგან დაეცვა. ასეც მოხდა. როდესაც მონაზონმა სიკვდილის მოახლოვება იგრძნო, ძმებს შესაბრალისად უხმობდა, რათა მათი ლოცვა გამოეთხოვა, მაგრამ მათ მასთან მისვლა და საუბარი არ სურდათ. მაშინ ღვიძლმა ძმამ აუხსნა, ძმათაგან მიტოვებული რატომ იყო. მან ცოდვის გამო მაშინვე მწარედ ამოიგმინა და ამ დროს, გულშემუსვრილი აღესრულა. შემდეგ ისე დაკრძალეს, როგორც ვუბრძანე. მისი ამგვარი სასჯელით შეშინებულმა ძმებმა, სხვადასხვა უმნიშვნელო ნივთების გამოტანა დაიწყეს, რომელთა ქონა ნებადართული იყო. მათ ეშინოდათ რაიმე ისეთი არ ჰქონოდათ, რისთვისაც დაისჯებოდნენ. მისი გარდაცვალებიდან ოცდაათი დღის შემდეგ გარდაცვლილი ძმის გამო დიდმა მწუხარებამ მომიცვა, მისი სასჯელის შესახებ ვფიქრობდი და საშუალებას ვეძებდი, რომ სატანჯველისგან გამომეხსნა. კვლავ იგივე პრეციოზი მოვიხმე და მწუხარებით ვუთხარი: "ჩვენი გარდაცვლილი ძმა დიდი ხანია ცეცხლში იტანჯება. მის მიმართ სიყვარული გამოვიჩინოთ და ძალისაებრ ვეცადოთ სატანჯველისგან გამოვიხსნათ. წადი და დღეიდან ოცდაათი დღის მანძილზე ზედიზედ მისთვის მსხვერპლშეწირვა აღასრულე. დღე არ გამოტოვო ისე, რომ მის გამოსახსნელად მაცხოვნებელი მსხვერპლი არ შესწირო". ის მაშინვე წავიდა და ბრძანების ასრულება დაიწყო. სხვა საქმეებზე ზრუნვის გამო განვლილი დღეები არ დაგვითვლია. ერთ ღამეს გარდაცვლილი ღვიძლ ძმას, კოპიოზს, სიზმარში გამოეცხადა. კოპიოზმა ჰკითხა: "როგორ ხარ, ძმაო?" მიცვალებულმა მიუგო: "აქამდე ცუდად ვიყავი, მაგრამ ახლა უკვე კარგად ვარ, იმიტომ, რომ დღეს ვეზიარე". კოპიოზმა ძმებს ამის შესახებ დაუყოვნებლივ მოუთხრო. მათ დღეები გადათვალეს და აღმოჩნდა, რომ იმ დღეს მისთვის მსხვერპლი ოცდამეათეჯერ შეწირეს. კოპიოზმა არ იცოდა, ძმები მიცვალებულის სულის სახსნელად რას აკეთებდნენ და არც ძმებმა იცოდნენ, კოპიოზს როგორი ჩვენება ჰქონდა. ხილვისა და მსხვერპლშეწირვის ამგვარი თანხვდომით ცხადად გამოჩნდა, რომ მაცხოვნებელი მსხვერპლის მეოხებით მიცვალებული ძმა ტანჯვისაგან გამოხსნილ იქნა.

პეტრე: საკვირველ და სანუგეშო ამბებს ვისმენ.

თავი ორმოცდამეთექვსმეტე

ნარნის ეპისკოპოს კასის ცხოვრება და აღსასრული

გრიგოლი: მიცვალებულთა სიტყვები დავიწყებას რომ არ მიეცეს, მათ ცოცხალთა საქმეები მოწმობენ. ნარნის ეპისკოპოსი კასი, რომელიც ღირსეულ ცხოვრებას ეწეოდა, ღმერთს უსისხლო მსხვერპლს ყოველდღიურად სწირავდა და ევქარისტიის აღსრულებისას ცრემლს ღვრიდა. ერთი თავისი პრესვიტერის ხილვის საშუალებით მას შემდეგი რამ ემცნო: "ისე განაგრძე, როგორც იქმ; იგივე აღასრულე, რასაც აღასრულებ; ფეხს ნუ დააცადებ და ხელს ნუ დააყენებ; მოციქულთა დღესასწაულზე ჩემთან იქნები და ჯილდოს მოგაგებ". შვიდი წლის თავზე, წმიდა მოციქულთა დღესასწაულზე, მან საღმრთო ლიტურგია აღასრულა, წმიდა საიდუმლოებს ეზიარა და ამის შემდეგ აღესრულა.

თავი ორმოცდამეჩვიდმეტე

მტრების მიერ დატყვევებული კაცი, რომელსაც მისთვის აღსრულებული მსხვერპლშეწირვის შემდეგ ბორკილები დასცვივდა; მესაჭე ბარაკი, რომელიც ხომალდის დაღუპვისას უსისხლო მსხვერპლშეწირვამ იხსნა

გავიგეთ აგრეთვე, რომ ერთი ადამიანი მტრებმა ტყვედ ჩაიგდეს და ბორკილდადებული ჰყავდათ. მისი მეუღლე გარკვეულ დღეებში მისთვის წირვას უკვეთავდა. დიდი ხნის შემდეგ ის დაბრუნდა და ცოლს უამბო, რომ ზოგჯერ იგი ბორკილებისგან თავისუფლდებოდა. ცოლმა შეიტყო, რომ ეს სწორედ ის დღეები იყო, როდესაც მისთვის წირვა აღესრულებოდა. ამგვარი რამ სხვა შემთხვევითაც დასტურდება, რომელიც შვიდი წლის წინ მოხდა. სარწმუნო და ღმრთისმოშიში ადამიანები ამჟამადაც ამოწმებენ, რომ პანორმის ეპისკოპოსი აღათონი ჩემი ნეტარხსენებული წინამორბედის ბრძანებით რომში გაემგზავრა. გზაში იმდენად ძლიერი ქარიშხალი დაატყდა, რომ ზღვის ძლიერი ღელვის გამო გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდა. ხომალდის მესაჭე, სახელად ბარაკი, რომელიც ამჟამად იმავე ეკლესიის კლერიკოსია, ხომალდის უკან ნავს მართავდა. თოკი გაწყდა და ის ნავთან ერთად ტალღებში გაუჩინარდა, ხოლო ხომალდი, რომელზეც ეპისკოპოსი იმყოფებოდა, მრავალი ხიფათის შემდეგ ტალღებმა კუნძულ უსტიკზე გარიყა. სამი დღის შემდეგ ეპისკოპოსმა ზღვაზე ნავში მყოფი მესაჭე დაინახა, ის მკვდარი ეგონა და დამწუხრებულმა გააკეთა ის, რაც მიცვალებულს ყველაზე მეტად შეეწეოდა – ბრძანა ყოვლისშემძლე ღმერთისთვის მის სახელზე უსისხლო მსხვერპლი შეეწირათ, რომლის დასრულების შემდეგ ხომალდი მოამზადეს და იტალიისკენ გაცურეს. რომის ნავსადგურში შესულმა ეპისკოპოსმა იქ მესაჭე იხილა, რომელიც დაღუპული ეგონა. მოულოდნელი სიხარულით აღტაცებულმა მესაჭეს ჰკითხა, ზღვაზე ამდენი ხანი ასეთი საშიშროების პირისპირ როგორ იცხოვრა. მესაჭემ უამბო, მღელვარე ტალღებში ნავით როგორ დაცურავდა, როგორ ცურავდა მასში, როდესაც ის წყლით ივსებოდა და როგორ იჯდა ნავის ფსკერზე, როდესაც მას ტალღები აბრუნებდნენ. შემდეგ კი თანამიმდევრულად უამბო, საღმრთო განგებულებამ როგორ იხსნა, როდესაც ამგვარად გატარებული რამდენიმე დღე-ღამის შემდეგ, შიმშილითა და შრომით სრულიად დაუძლურდა. ის დღემდე ჰყვება შემდეგს: "ტალღებთან ბრძოლაში სრულიად დავუძლურდი; უეცრად თავი იმდენად დამიმძიმდა, რომ ვეღარ ვგრძნობდი, მეღვიძა თუ მეძინა. და როდესაც შუაგულ ზღვაში ვიყავი, ვიღაც გამომეცხადა და შიმშილის დასაოკებლად პური მომაწოდა. შევჭამე თუ არა, მყისვე მოვმაგრდი. შორიახლოს გემი მიცურავდა, რომელმაც საშიში ქარიშხლისაგან მიხსნა და ნაპირზე გამიყვანა". ამის გაგონებაზე ეპისკოპოსმა დღე ჰკითხა, როდესაც ეს მოხდა და აღმოჩნდა, რომ მესაჭე იმ დღეს გადარჩა, როდესაც კუნძულ უსტიკის პრესვიტერი ყოვლისშემძლე ღმერთს მისთვის უსისხლო მსხვერპლს სწირავდა.

პეტრე: ეს ამბავი სიცილიაში ყოფნისას მეც გავიგე.

გრიგოლი: მჯერა, რომ ცოცხლებზე, რომელთაც არაფერი იციან, ასე ცხადად გამოხსნა იმიტომ აღესრულება, რომ უსისხლო მსხვერპლის შემწირველთ და მათ, ვინც მისი ძალა არ იციან, უჩვენოს, მიცვალებულთა გამოხსნის საქმეშიც როგორი სარგებლობის მოტანა შეუძლია, თუკი მათი ცოდვები მისატევებელია. გარდა ამისა, იმის ცოდნაც გმართებს, რომ წმიდა მსხვერპლშეწირვას სარგებლობა იმ მიცვალებულთათვის მოაქვს, რომლებმაც მიწიერი ცხოვრებით დაიმსახურეს, რომ სიკვდილის შემდეგ სხვების მიერ ამქვეყნად მათთვის აღსრულებული კეთილი საქმეები შეეწეოდეთ.

თავი ორმოცდამეთვრამეტე

მაცხოვნებელი მსხვერპლის ძალა და საიდუმლო

მუდამ ამგვარად უნდა ვფიქრობდეთ, რომ ბევრად უსაფრთხოა სიკეთე სიცოცხლეში თვითონ აღვასრულოთ, ვიდრე გვეიმედებოდეს, რომ მას სიკვდილის შემდეგ სხვისი ხელით აღვასრულებთ. უფრო სანეტაროა გავიდეთ ამქვეყნიდან თავისუფალნი, ვიდრე შეკრულებმა ვეძიოთ თავისუფლება. ამიტომ ამ სოფლის წარმავალობას რაც უფრო ცხადად ვხედავთ, მით უფრო უნდა მოვიძულოთ მთელი სულითა და გულით, ღმერთს ყოველდღიურად მსხვერპლად ქრისტეს წმიდა ხორცისა და სისხლის საიდუმლო და ცრემლი შევწიროთ, რადგან მარადიული წარწყმედისაგან სულის ცხონება ერთადერთს ამ მსხვერპლს შეუძლია; ის ჩვენთვის მხოლოდშობილი ძის სიკვდილს იდუმალად განაახლებს, რომელიც "აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს, და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს" (რომ. 6, 9). თუმცა უკვდავი და უხრწნელია, წმიდა ევქარისტიის საიდუმლოში ჩვენთვის კვალად იკვლება. რადგან ევქარისტიაში მის ხორცს ვიღებთ, მისი სხეული ადამიანთა საცხოვნებლად განიყოფება, ხოლო მისი სისხლი უკვე არა უსჯულოთა ხელებზე გადმოდის, არამედ მორწმუნეთა ბაგეებში ჩაედინება. გულისხმავყოთ, როგორია საიდუმლოება, რომელიც ჩვენი ცხონებისათვის მხოლოდშობილი ძის ვნებას მუდამ გვაგონებს. მორწმუნეთაგან ვის შეიძლება ეჭვი შეეპაროს, რომ თვით მსხვერპლშეწირვის ჟამს მღვდლის ღაღადზე ცანი განიხსნებიან, იესო ქრისტეს ამ საიდუმლოს ანგელოზთა დასები ესწრებიან, მიწიერი ზეციერს უერთდება და ხილულთა და უხილავთა შეერთებით დიდი ერთობა იქმნება?

თავი ორმოცდამეცხრამეტე

გულის შემუსვრილებისათვის წმიდა საიდუმლოს შეწირვის ჟამს და გონების სიფხიზლისათვის ზიარების შემდგომ

 ამ საიდუმლოს აღსრულებისას აუცილებელია, გულის შემუსვრილებით ღმერთს თავი მსხვერპლად შევწიროთ, უფლის ვნებათა საიდუმლოს აღსრულებისას იმის მიმბაძველნი ვიყოთ, რასაც აღვასრულებთ. ეს საიდუმლო მხოლოდ მაშინ იქნება ღმერთისთვის ჩვენთვის შეწირული ჭეშმარიტი მსხვერპლი, როდესაც ჩვენს თავს ვაქცევთ მსხვერპლად. ღმერთის წყალობით წირვის შემდეგაც ვეცადოთ, სული მისი ძალითა და სიმტკიცით დავიცვათ, რათა შემდგომ ამაოებამ არ დააუძლუროს, გულში ამაო მედიდურობა არ შემოგვეპაროს და სულმა დაუდევარი ქარაფშუტობით ზიარების სარგებელი არ დაკარგოს. ანა ღირსი გახდა მიეღო ის, რასაც ითხოვდა, იმიტომ, რომ გლოვის შემდეგ სულიერი სიმტკიცე დაიცვა. მასზე ნათქვამია: "და პირი მისი არღარა მწუხარე იყო" (1 მეფ. 1, 18). ამიტომ ღმერთს მისი თხოვნა არ დავიწყებია და სათხოვარი (ძე), რომელიც მისთვის ასეთი სასურველი იყო, არ მოაკლო.

თავი მესამოცე

სხვათა ცოდვების მიტევებისთვის, რომ ჩვენც შეგვენდოს ჩვენი ცოდვები

იმისი ცოდნაც გმართებს, რომ ცოდვათა მიტევებას მართლად მხოლოდ ის ითხოვს, ვინც თავის წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებს მიუტევებს, რადგან სახარების მიხედვით ძღვენი იქამდე არ შეიწირება, ვიდრე სულიდან მტრობა არ განიდევნება: "უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს, დაუტევე შესაწირავი იგი საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი" (მათ. 5, 23-24). აქედან ცხადია, რომ თუკი შესაწირავისთვის შეცოდება მიგეტევება, რაოდენ მძიმეა მტრობის ცოდვა, რომლის გამო თვით შესაწირავი არ შეიწირება. ამგვარად, მოყვასს სულით უნდა მივმართოთ, რაგინდ ჩვენგან შორს იმყოფებოდეს და ჩვენს მიმართ როგორი განაწყენებულიც არ უნდა იყოს, სულით დავმორჩილდეთ, სიმდაბლითა და კეთილგანწყობით გული მოვულბოთ, რათა შემოქმედმაც, რომელმაც ჩვენი ცოდვებისათვის შესაწირავი უნდა შეიწიროს, შეგვინდოს, როდესაც ჩვენი გულის ამგვარ კეთილგანწყობილებას იხილავს (მათ. 18, 27). ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით განვისწავლეთ, რომელიც ამოწმებს, რომ მონას, რომელსაც ბატონის ათი ათასი ტალანტი ემართა, სინანულის შემდეგ მისგან ვალი სრულად შეენდო, მაგრამ იმისთვის, რომ თანამონას ასი დინარი არ შეუნდო, ებრძანა მიტევებული ვალი სრულად გადაეხადა. აქედან ცხადად ჩანს, თუკი ჩვენს წინააღმდეგ შემცოდეთ მთელი გულით არ მივუტევებთ, მაშინ ჩვენც კვლავ მოგვთხოვენ იმას, რაც სინანულის შემდეგ შეგვენდო. ამგვარად, ვიდრე ჯერ კიდევ დრო გვაქვს, ვიდრე მსაჯული სულგრძელებს და ჩვენი გულების გამომცდელი ჩვენს მოქცევას ელის, სასტიკი გული ცრემლით მოვილბოთ და მოყვასის მიმართ კეთილგანწყობილებითა და სიყვარულით განვეწყოთ. დამაჯერებლად შემიძლია ვთქვა, რომ სიკვდილის შემდეგ ჩვენი სულის საოხად მაცხოვნებელი მსხვერპლის შეწირვა აუცილებელი აღარ იქნება, თუკი სიკვდილამდე საკუთარ თავს ღმრთისათვის შეწირულ მსხვერპლად ვაქცევთ.

 

თარგმნა თამარ ერისთავმა

 

[1] აქაც და შემდგომში იგულისხმება მიცვალებულთა მოხსენიება საღმრთო ლიტურგიაზე.

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა