ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 7
ლოცვა
5. რა არის მთავარი ლოცვის დროს, როდის ისმენს ღმერთი ჩვენს ლოცვას?
ლოცვის დროს მთავარია ვილოცოთ ღვთის შიშით, ყურადღებით, საკუთარი ცოდვილობის განცდით, შემუსვრილი და დამდაბლებული გულით, მოყვასის ცოდვათა მიმტევებელი გულით; ამის მაგალითი მოცემული გვაქვს სახარებაში, სადაც მოხსენებულია მეზვერე, რომელიც სიმდაბლისა და სინანულის გამო თავაწეული ლოცვასაც კი ვერ ბედავდა. წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი წერს: „საჭიროა ლოცვა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ გონებითაც, მაგრამ არა მარტო გონებით, არამედ გულითაც; გონება ცხადად უნდა ხედავდეს და აცნობიერებდეს იმას, რაც სიტყვით გამოითქმის, და გული უნდა გრძნობდეს, რასაც ზრახავს ამ დროს გონება. ეს ყოველივე ერთობლივად არის ნამდვილი ლოცვა, და თუკი შენს ლოცვას ამისგან რაიმე აკლია, მაშინ ის ან არასრულყოფილი ლოცვაა, ან სულაც არაა ლოცვა“.[1]
სახარება გვასწავლის, რომ თუ გვინდა უფალმა ისმინოს ჩვენი ვედრება და მოგვიტევოს ცოდვები, უნდა მივუტევოთ მათ, ვინც რაიმე უსამართლობა ჩაიდინა ჩვენს მიმართ. წმ. ესაია განდეგილი ამბობს: „ვისაც გულში წყენა და შურისძიების სურვილი აქვს, მისი ლოცვა და ღვაწლი ამაოა“.[2] ლოცვის დროს უნდა ვეცადოთ, ჩვენი გონება ლოცვის სიტყვებზე იყოს მიპყრობილი და აქეთ-იქით არ მიმოიქცეოდეს, უნდა გვახსოვდეს, რომ უფლის წიმაშე ვდგავართ და ჩვენს ყოველ გულისსიტყვას უფალი ხედავს. და ბოლოს, როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „მოუსმინე ღმერთს მცნებებში, რომ მან მოგისმინოს ლოცვებში“.[3]
[1] წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი, უხილავი ბრძოლა, ნაწ.1, თ.47.
[2] Еп. Игнатий Брянчанинов, Отечник, Авва Исаия, гл.47. М. 2011, стр. 121.
[3] წმ. იოანე ოქროპირი, საუბრები ქანდაკებებზე, საუბ. 15. რუს. გამოც. ტ.2, წ.1.
შემდეგი
სარჩევი
|