martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 53

აღმოსავლეთის განსაცდელები. მუჰამედი. მონოთელიტური ერესი და VI მსოფლიო კრება.

 

იმ დროს, როდესაც დასავლეთში ჭეშმარიტი რწმენის ნათელი ეფინებოდა ახალ-ახალ ქვეყნებს, აღმოსავლეთში ქრისტიანული ეკლესია დიდი შემოტევების წინაშე აღმოჩნდა. მას ყოველი მხრიდან ემუქრებოდნენ ძლიერი მტრები. ეკლესიის მფარველი აღმოსავლეთ იმპერიაც თანდათან აშკარად სუსტდებოდა შიდააშლილობისა და გარს მომდგარ საფრთხეთა გამო.

ჩვენ შევჩერდით იმპერატორ მავრიკიოსის ტრაგიკულ აღსასრულზე. ბოროტმოქმედი ფოკას (602-610 წწ.) ხანმოკლე მმართველობამ იმპერიას ბევრი ახალი თავსატეხი და განსაცდელი მოუვლინა. ამ საძულველი ხელისუფლის ავკაცობა საერთო რისხვას იწვევდა. კონსტანტინოპოლის პატრიარქი კირიონი თამამად კიცხავდა მას მავრიკიოსის მკვლელობისთვის, რისთვისაც ფოკამ მოიძულა მღვდელთმთავარი, სამაგიეროდ, მეტისმეტი კეთილგანწყობა გამოამჟღავნა რომის ეპისკოპოსებისადმი, ბონიფაციუს III და გრიგოლისადმი. ბონიფაციუსმა გადაწყვიტა ამ მდგომარეობის გამოყენება თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად და ფოკას მიმართა თხოვნით: რომის ეკლესია უპირატეს ეკლესიად ეღიარებინა, სანაცვლოდ კი მთელ იტალიას დაუქვემდებარებდა.

ფოკა დათანხმდა, მდიდრული ძღვენი გააგზავნა რომში, პაპს – ერთადერთს, მიანიჭა უფლება ტიტულისა „მსოფლიო“ და ბრძანა – რომის ეკლესია ყველა ეკლესიათა თავად ეღიარებინათ. ამ დადგენილებით წახალისებული პაპები ყველა დანარჩენი ეპისკოპოსის მათდამი დაქვემდებარებასაც მოითხოვდნენ, მაგრამ ეს უარყო აღმოსავლეთის ეკლესიამ. ამან პაპების უკმაყოფილება გამოიწვია – ისინი აღმოსავლეთის ეკლესიებისგან კვლავ მოითხოვდნენ მორჩილებას და მათ წინააღმდეგ ამბოხებებს აწყობდნენ. ასეთი მცდელობები ძლიერ წინააღმდეგობას აწყდებოდა დასავლეთის ეკლესიის მხრიდანაც – თუნდაც ის, რომ რომის ეპისკოპოსს უთანაბრებდნენ თავს აკვილეის, ლანგობარდიის, ისტრიისა და რავენის ეპისკოპოსები.

ფოკას დანაშაულმა იმპერიას ახალი განსაცდელი მოუვლინა: მას მავრიკიოსის მკვლელობის გამო ომი გამოუცხადა სპარსეთის მეფემ ხოსრო II, რომელმაც სწრაფად მიაღწია წარმატებებს და მალე ბევრი ქალაქი და სირიის უდიდესი ნაწილი მის მფლობელობაში გადავიდა. 610 წელს ფოკა ტახტიდან ჩამოაგდეს და მალევე მოკლეს კიდეც, მისი ადგილი კი დაიკავა ჰერაკლემ (610-641 წწ.). მაგრამ ამით ბრძოლები არ შეწყვეტილა, რადგან მავრიკიოსის მკვლელობა მხოლოდ საბაბი აღმოჩნდა. ხოსრო II მთავარი და ნამდვილი მიზანი თავიდანვე მისთვის საძულველი ქრისტიანობის აღმოფხვრა იყო. მან საჯაროდაც კი განაცხადა, რომ დაუზავდებოდა ფოკას მხოლოდ იმ პირობით, თუ ქრისტიანები განუდგებოდნენ სარწმუნოებას და დაიფიცებდნენ, რომ მზეს სცემდნენ თაყვანს.

ხოსრო II დაიკავა მთელი პალესტინა, შეტევით აიღო იერუსალიმი, გაიტაცა უფლის პატიოსანი ჯვარი (614 წელს) და ტყვედ წაიყვანა პატრიარქი ზაქარია; დაიპყრო ეგვიპტე, ლიბია, თითქმის მთელი მცირე აზია... ხანგრძლივი ალყის შემდეგ დაიკავა ქალკედონი და გამარჯვებული ლაშქარი პირდაპირ კონსტანტინოპოლთან განალაგა.

დაპყრობილ მხარეებში მთელი ამ პერიოდის მანძილზე ხოსრო ქრისტიანებს დაუნდობლად დევნიდა და აწამებდა; იუდეველებმა, რომელთაც იგი მფარველობდა, ქრისტიანებისადმი სიძულვილი ამოანთხიეს და მხეცურად გაუსწორდნენ – ანტიოქიაში ისინი ცეცხლითა და მახვილით ამოწყვიტეს, იქამდე მივიდნენ, რომ პალესტინაში ჯერ ტყვეობიდან გამოისყიდეს ოთხმოცდაათი ათასამდე ქრისტიანი და შემდეგ წამებით დახოცეს. ანტიოქიის პატრიარქი ანასტასი კოცონზე დაწვეს... მაგრამ, როგორც ყოველი მძიმე განსაცდელის ჟამს, ამჯერადაც ბევრმა მორწმუნემ გამოავლინა გაუტეხლობის, ქრისტიანული თავგანწირვისა და გულმოწყალების მაგალითები.

იმხანად ყველა ტანჯულს მანუგეშებლად მოევლინა ალექსანდრიის პატრიარქი იოანე მოწყალე. მან თავშესაფარი მისცა დევნილებს, გამოისყიდა ტყვეები, თავად უვლიდა სნეულებსა და დაჭრილებს, უხვი შემწეობა გააგზავნა იერუსალიმში სპარსელთაგან დანგრეული ტაძრების აღსადგენად... წმინდა იოანემ მთელი ცხოვრება ღვთისა და მოყვასის სამსახურში გალია. პატრიარქად დადგინების დღიდან ყოველდღე უამრავ უპოვარს ურიგებდა შემწეობას. მტკიცედ სწამდა საღვთო გულმოწყალების, ამიტომაც არ ეშინდა ეკლესიის ხაზინის დაცარიელებისა და უფალიც არ აკლებდა დახმარებას. როდესაც სპარსელები ალექსანდრიას დაეპატრონნენ, პატრიარქმა თავის მშობლიურ კვიპროსს მიაშურა. გზად მიმავალს ანგელოზმა აუწყა აღსასრულის მოახლოება: „მეუფე მეუფეთა გიხმობს თავისთან!“ მწყემსთმთავარმაც სიხარულით მიიღო ეს სიტყვები და მშვიდად მიაბარა უფალს სული. მისი წმინდა ცხოვრება და უსაზღვრო გულმოწყალება ეკლესიამ არ დაივიწყა და პატრიარქ იოანე მოწყალის ხსენების დღედ 12 ნოემბერი დაადგინა.

ამასობაში იმპერია დაღუპვის პირამდე მივიდა – მისი ოლქების უმეტესობას სპარსელები დაეპატრონნენ, მეორე მხრიდან უტევდნენ ავართა ტომები, რომლებმაც დაარბიეს პანონია, თრაკია, იტალია და ახლა ემუქრებოდნენ კონსტანტინოპოლს, რომელიც შიმშილობდა, რადგან ეგვიპტიდან ხორბლის შემოტანა შეწყდა. ხაზინა დააცარიელა ხანგრძლივმა ომმა და ქვეყანას ძალა გამოაცალა შინააშლილობამ. ჰერაკლე სულიერად დაეცა, გადარჩენის იმედი გადაეწურა და გადაწყვიტა, აფრიკაში გახიზნულიყო, იმპერია კი მიეტოვებინა. ამ უღირს გადაწყვეტილებას წინ აღუდგა პატრიარქი. მან შეახსენა ჰერაკლეს თავისი, როგორც იმპერატორის, მოვალეობები და წმინდა სოფიას ეკლესიაში საზეიმოდ ჩამოართვა ფიცი – ეცხოვრა და მომკვდარიყო მათთან, ვინც უფალმა საპატრონოდ ჩააბარა მას. ხალხი მზად იყო ქვეყნის დასაცავად! პატრიარქისა და ერის ამგვარმა გაუტეხელობამ ჰერაკლეს სულის სიმხნევე შესძინა და თერთმეტწლიანი უღიმღამო მმართველობის შემდეგ იგი ხალხს მოევლინა გმირად, როგორსაც ცოტას თუ იცნობს ისტორია.

მან მოიკრიბა უკანასკნელი ძალები, გადავიდა მომხდურის სამფლობელოებში და იქ დაიწყო ბრძოლა; ერთიმეორის მიყოლებით მოიპოვა ბრწყინვალე გამარჯვებები, ექვს წელიწადში დაიბრუნა ყველა დაკარგული ოლქი და გაანადგურა სპარსელები. ასევე გადარეკა ავარები დუნაის გადაღმა და აღადგინა იმპერიის სახელოვნება. თავად ჰერაკლე ედგა სათავეში ლეგიონებს და რიგითი მეომარივით იბრძოდა. მხედრულ დიდებასთან ერთად იგი ტყვეებისადმი ლმობიერებამ, გამარჯვების შემდგომ ზომიერებისა და სიმშვიდის შენარჩუნების უნარმაც განადიდა.

ხოსრომ გაქცევით უშველა თავს; იგი მოკლეს მისივე აჯანყებული შვილის – კავადის – ბრძანებით, რომელმაც ამის შემდეგ კაცი გაუგზავნა ჰერაკლეს და დაზავება სთხოვა. დაიდო ხელსაყრელი ზავი: სპარსელებმა დაუბრუნეს იმპერიას ეგვიპტე, ყველა წართმეული ტერიტორია და უდიდესი სიწმინდე – ცხოველმყოფელი ჯვარი. ჰერაკლე, როგორც ქვეყნის მხსნელი, სიხარულითა და ზეიმით მიიღო კონსტანტინოპოლის მოსახლეობამ. სპარსელებთან და ავარებთან წარმატებით დასრულებული ბრძოლის აღსანიშნავად გიორგი პისიდიელმა, კონსტანტინოპოლის უდიდესი ეკლესიის დიაკონმა, დაწერა „ღვთისმშობლის აკათისტოს“ (ღვთისმშობლის დაუჯდომელის) სახელით ცნობილი სამადლობელი ლოცვა, რომელიც იკითხება დიდმარხვის მეხუთე კვირის შაბათს.

მომდევნო 628 წელიც მშვიდობიანი ზეიმით აღინიშნა – იერუსალიმში დააბრუნეს უფლის პატიოსანი ჯვარი, რომელიც 614 წლიდან ესვენა სპარსეთში, სადაც მისმა სასწაულმოქმედმა ძალამ ქრისტიანობის გავრცელებას შეუწყო ხელი. ზავის ერთ-ერთი პირობა იყო უფლის პატიოსანი ჯვრის, აგრეთვე პატრიარქ ზაქარიასა და ყველა ტყვე ქრისტიანის დაბრუნება. ჰერაკლე თავად გაემგზავრა იერუსალიმში ამ ზეიმზე. მას გამოეგებნენ სასულიერო პირები და ერი, ხელთ პალმის ტოტებით და ხმამაღალი შეძახილებით ესალმებოდნენ. მეფე ძოწეულით იყო შემოსილი, თავზე ოქროს გვირგვინი უბრწყინავდა.

მან მოისურვა, თვითონ დაებრუნებინა იერუსალიმისთვის სიწმინდე, მიადგა ქალაქს და პატიოსანი ჯვარი საკუთარი მხრებით წააბრძანა! მაგრამ აქ მოხდა სასწაული: გოლგოთისაკენ მიმავალ გზაზე, კარიბჭესთან, ჯვარი უცებ უხილავმა ძალამ შეაჩერა. სანამ გაერკვეოდნენ, თუ რას ნიშნავდა ეს, პატრიარქ ზაქარიას გამოეცხადა ანგელოზი და აუწყა: „ასე არ მიჰქონდა უფალს თავისი ჯვარი“. პატრიარქმაც მეფეს მიმართა: „ხელმწიფეო, არ არის ჯეროვანი მდიდრულად შემოსილმა ატარო ჯვარი, რომელიც ჩვენთვის დაგლახაკებულ მაცხოვარს მხრებით მიჰქონდა თავმდაბლად“. ჰერაკლემ დაუყოვნებლივ მოიხსნა გვირგვინი, გაიძრო ძოწეული, ღარიბულად შეიმოსა და თავშიშველმა უკვე დაუბრკოლებლად განაგრძო წმინდა ჯვრის ტარება იერუსალიმში. პატრიარქმა მთელი ერის ლოცვის და შეძახილების თანხლებით ჯვარი უწინდელ ადგილას დაასვენა.

იმპერიაში დიდხანს არ გაგრძელებულა მშვიდობა. მაშინ, როდესაც ჰერაკლე სპარსელებზე გამარჯვებას ზეიმობდა, სირიის საზღვარზე მდებარე პატარა ქალაქი გაძარცვეს სარკინოზებმა და აჩეხეს მათთან საბრძოლველად გაგზავნილი რაზმი. ამისთვის დიდი ყურადღება არავის მიუქცევია – სირიაც და მეზობელი ქვეყნებიც ოდითგანვე მიჩვეულნი იყვნენ სარკინოზთა თარეშს. მაგრამ მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ბანდები, რომლებიც მუჰამედის მიმდევართაგან შედგებოდა, სათავეს დაუდებდნენ უსასტიკეს და ძლევამოსილ ლაშქრობებს და მომავალში ნახევარ მსოფლიოს დაიპყრობდნენ. ამ შემთხვევიდან ცოტა ხნის შემდეგ ჰერაკლეს ეწვივნენ მუჰამედის ელჩები, რომლებმაც ისლამის მიღება შესთავაზეს. ასე ეწოდებოდა ახალ სწავლებას, რომლის ფუძემდებელი იყო არაბეთში გამოჩენილი ცრუწინასწარმეტყველი.

არაბეთი – ეს მეტისმეტად ცხელი ქვეყანა, მდებარეობს სპარსეთსა და სირიას შორის, ნახევარკუნძულზე, რომელსაც გარს აკრავს სპარსეთის ყურე, ოკეანე და მეწამული ზღვა. იგი ნაწილობრივ ისმაელის (აბრაამის ძის) შთამომავლებით იყო დასახლებული. მათ უწოდებდნენ ისმაიტელებს, აგარიანელებს, არაბებს ან სარკინოზებს, რომლებიც ყველა მოსაზღვრე ქვეყანას შიშის ზარს სცემდნენ. ისმაელის შთამომავლებზე ახდა ბიბლიური წინასწარმეტყველება: „ხელნი მისნი ყოველთა ზედა და ხელნი ყოველთანი მის ზედა“ (შესაქ. 16,12). ისმაიტელები ომითა და ძარცვით ცხოვრობდნენ; მამაცურად ებრძოდნენ მათი დამოუკიდებლობის ხელყოფის ნებისმიერ მცდელობას; დაუოკებელი შეუპოვრობით ესხმოდნენ თავს მეზობელ ხალხებს, არბევდნენ ქალაქებსა და სოფლებს, ნადავლს კი ურთიერთში იყოფდნენ. სარკინოზების დაუნდობლობასა და სიხარბეს საზღვარი არ ჰქონდა. თვით უპოვარ ქრისტიან მოღვაწეებსაც კი ხშირად გაძარცვის მიზნით თავს ესხმოდნენ, სისასტიკით არბევდნენ მათ მშვიდობიან სავანეებს და ხშირად ხოცავდნენ დაუცველ ბერებს.

ძნელი სათქმელია, თუ რა სარწმუნოება ჰქონდათ არაბებს. მათში ნაწილობრივ შემორჩენილი იყო უძველესი ბიბლიური გადმოცემები და ებრაელთა ჩვეულებები. ბევრი რამ გადაღებული ჰქონდათ სპარსი მოგვებისა და ძველი ქალდეველებისგან. არცთუ დიდი ხნის წინ მათ ქრისტიანული ზნეობის ზოგიერთი კანონი გააცნეს ქრისტიანმა მოღვაწეებმა და ნაწილობრივ ნესტორიანელმა მქადაგებლებმა. სარკინოზები ციურ მნათობებს ეთაყვანებოდნენ, განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობოდნენ მექაში არსებულ ძველ ტაძარს, სახელწოდებით ქააბს, რომლის დაარსებასაც აბრაამს მიაწერდნენ. ამ ტაძარში დაახლოებით 360 კერპი იდგა. არაბი მომლოცველების თაყვანისცემის საგანი აგრეთვე იყო შავი ქვა, რომელიც თითქოს ზეციდან ჩამოვარდა.

დაახლოებით 570 წელს მექაში ყურაიშთა ტომში დაიბადა ახალი სარწმუნოების ფუძემდებელი, მუჰამედი. სიჭაბუკეში იგი დაჰყვებოდა თავისი ბიძის სავაჭრო ქარავანს. 610 წლიდან მუჰამედმა თავი წინასწარმეტყველად გამოაცხადა, ირწმუნებოდა – თითქოს გაბრიელ მთავარანგელოზის მიერ ზეციური გამოცხადება ეუწყა. მუჰამედი წარმოსადეგი და მჭევრმეტყველი ადამიანი იყო; მდიდარი ცოლისგან დიდძალი ქონება დარჩა, რითაც გაჭირვებულებს ეხმარებოდა. მან მალე შეიძინა საკმაოდ ბევრი მოწაფე და მიმდევარი. „ერთია ღმერთი და მუჰამედი წინასწარმეტყველია მისი“ – აი, არსი ამ ადამიანის სწავლებისა!

მუჰამედი ამტკიცებდა, რომ არ იყო მოხმობილი ახალი სარწმუნოების დამაარსებლად – მას უნდა აღედგინა ნოეს, აბრაამისა და სხვა წინასწარმეტყველთა სარწმუნოება, რომელიც თითქოს დაამახინჯეს იუდეველებმა და ქრისტიანებმა. იგი ამ უკანასკნელთ მრავალღმერთიანობას აბრალებდა, რაკი თაყვანს სცემდნენ წმინდა სამებას. მუჰამედს იესო ქრისტე უდიდეს წინასწარმეტყველად მიაჩნდა; თავის სწავლებას გადმოსცემდა მოკლე გამონათქვამების და ლექსების სახით, რომლებიც მოგვიანებით ერთ წიგნად შეკრეს და უწოდეს „ალ ყურანი“. მუჰამედმა იუდაიზმიდან აიღო ზოგიერთი წესი, ქრისტიანული სწავლების მიბაძვით შემოიღო მოწყალების გაცემა, მარხვები, ხშირი ლოცვა... მიუხედავად ამისა, თანამემამულეებს მოუწოდებდა, გაევრცელებინათ ისლამი და ამოეძირკვათ ღვთის მტრები. ამას იგი წმინდა საქმედ მიიჩნევდა და „მართლმორწმუნეებს“ (როგორც უწოდებდა თავის მომხრეებს) სამოთხესა და მარადიულ ნეტარებას ჰპირდებოდა. მანვე დაუშვა მრავალცოლიანობა.

მუჰამედს ხელისუფლებამ დაუწყო დევნა და ისიც იძულებული შეიქნა, 622 წელს მექადან მედინაში გაქცეულიყო; მისმა მიმდევრებმა ამ დროიდან დაიწყეს თავიანთი წელთაღრიცხვა – ჰიჯრა.

მედინაში მუჰამედს უამრავი ერთგული და თანამოაზრე დახვდა. მან შეძლო თავისი ინტერესებისათვის გამოეყენებინა არაბთა მეომრული შემართება; მებრძოლებს მოუწოდებდა, არად ჩაეგდოთ საფრთხე და სიკვდილი, თან არწმუნებდა, რომ თითოეული ადამიანის ხვედრი უკვე გადაწყვეტილია და მას ვერავინ გადაურჩება. მალე მუჰამედმა მექაც დაიპყრო, ცოტა ხანში კი მთელმა არაბეთმა აღიარა მისი სწავლება და ძალაუფლება.

629 წელს, როდესაც იმპერატორმა ჰერაკლემ უარყო წინადადება, მიეღო ისლამი, მუჰამედმა დიდი ძალებით გაილაშქრა მის იმპერიაზე. მუჰამედი 632 წელს გარდაიცვალა და ომი განაგძრო მისმა მემკვიდრე აბუ-ბაქარმა (632-634 წწ.), პირველმა ხალიფამ, რაც წინასწარმეტყველის ნაცვალს ნიშნავს. აბუ-ბაქარმა და მისმა მემკვიდრე ომარმა (634-644 წწ.) იმდენად სწრაფად მიაღწიეს წარმატებებს, რომ რვა წლის განმვლობაში ჰერაკლემ ისევ დაკაგრა სპარსეთთან ომის შედეგად დაბრუნებული თითქმის ყველა ოლქი. მუჰამედის სწავლება გავრცელდა სირიაში, ეგვიპტეში, პალესტინაში და ყველა ამ ქვეყანამ აღიარა ხალიფას მმართველობა.

637 წელს ხალიფა ომარმა ალყა შემოარტყა იერუსალიმს, რომელსაც ოთხი თვის განმავლობაში თავგანწირვით იცავდა იქაური მოსახლეობა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, დანებებოდა მომხდურს. მოლაპარაკებებს ომართან აწარმოებდა პატრიარქი სოფრონი, რომელმაც ხალიფას ქალაქი ჩააბარა იმ პირობით, რომ ხელს არ ახლებდნენ უფლის საფლავსა და ქრისტიანულ ტაძრებს. ეს პირობა დაცული იქნა, ხოლო იქ, სადაც სოლომონის ტაძარი იდგა, ომარმა მეჩეთის – მაჰმადიანთა სამლოცველო სახლის – მშენებლობა დაიწყო.

VII საუკუნის განმავლობაში ხალიფებმა თავიანთი მმართველობა განავრცეს სპარსეთზე, სომხეთზე, კაპადოკიაზე, კვიპროსზე, როდოსსა და აფრიკის ნაწილზე. მაგრამ კონსტანტინოპოლზე შეტევისას დამარცხდნენ და იძულებულნი შეიქნენ, ხარკი ეხადათ ბიზანტიის იმპერიისთვის. ეს მოხდა იმპერატორ კონსტანტინე პოგონატის (654-685 წწ.) დროს.

ხალიფები თავიანთ უწმინდეს მოვალეობად მიიჩნევდნენ ისლამის გავრცელებას, ამიტომ გამარჯვების შემდეგ დამარცხებულებისგან დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ მუჰამედი წინასწარმეტყველად ეღიარებინათ; გადასახადისგან ათავისუფლებდნენ მხოლოდ მათ, ვინც ისლამს მიიღებდა; სდევნიდნენ და აწამებდნენ ქრისტიანებს, აბრალებდნენ მრავალღმერთიანობას და კერპთაყვანისმცემლობას, რაკი ისინი თაყვანს სცემდნენ წმინდა სამებას და წმინდა ხატებს.

ბევრ ქვეყანაში ქრისტიანობა დაუძლურდა და, რა თქმა უნდა, დაეცა განათლებაც: დაინგრა და განადგურდა სკოლები და ბიბლიოთეკები. არსებობს ცნობა, რომ ომარ-ხალიფამ ალექსანდრია აიღო თუ არა, ბრძანა – მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი, სახელგანთქმული ბიბლიოთეკა დაეწვათ (ეს მოხდა 638 წელს). მასვე ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „თუ ეს წიგნები იმასვე გვეუბნება, რასაც ყურანი, ისინი რაღა საჭიროა, თუ განსხვავებულს, მაშინ საზიანო ყოფილა!“ გადმოგვცემენ, რომ ქალაქის აბანოებს ექვსი თვის განმავლობაში ათბობდნენ უძვირფასესი ხელნაწერებით ალექსანდრიის ბიბლიოთეკიდან, რომელიც პტოლემეოსმა დააარსა ქრისტესშობამდე დაახლოებით სამასი წლის წინ.

გამარჯვებული არაბები ქრისტიანებს ავიწროებდნენ, მაგრამ იმავდროულად მფარველობდნენ ეგვიპტეში, სირიასა და მესოპოტამიაში არსებულ ნესტორიანულ და მონოფიზიტურ სხვადასხვა სექტებს; ეს ვითომ კეთილგანწყობა არ ემყარებოდა სარწმუნოებას, უბრალოდ ერეტიკოსები, რომელთაც სძულდათ მართლმადიდებლები და მათ საერთო სახელით მელქიტებად (მეფის სარწმუნოების აღმსარებლებად) მოიხსენიებდნენ, მაჰმადიანთათვის ხელსაყრელ მოკავშირეებად და ერთგულ ქვეშევრდომებად მოიაზრებოდნენ.

მთელი ამ გართულებული საგარეო ვითარების ფონზე სახელმწიფოში არ შეწყვეტილა საღვთისმეტყველო პაექრობებით გამოწვეული არეულობა. ერეტიკული სექტები ისევ აგრძელებდნენ ურთიერთისა და განსაკუთრებით მართლმადიდებლების მტრობას. იქამდე მივიდა საქმე, რომ დავაში ჩაერია იმპერატორი ჰერაკლე, მაგრამ დაპირისპირებათა ჩაცხრობის სანაცვალოდ უფრო გაართულა საქმე. იგი ცდილობდა მონოფიზიტებისა და მართლმადიდებლების შერიგებას, ამიტომ კონსტანტინოპოლის პატრიარქ სერგის რჩევით 630 წელს გამოსცა განკარგულება, სადაც აღიარებული იყო ქრისტეს ორბუნებოვნება და ერთი, საღვთო ნება. ამან უფრო დაძაბა ვითარება. ალექსანდრიის პატრიარქი კვიროსი ახალ სწავლებას მიემხრო და ადგილობრივ კრებაზე დაადასტურა იგი. მას მხარი დაუჭირა პაპმა ჰონორიუსმა. მაგრამ სიბრძნითა და განსწავლულობით განთქმულმა სოფრონმა, იერუსალიმის პატრიარქმა, დამაჯერებლად დაასაბუთა, რომ ახალი სწავლება, რომელიც ცნობილი გახდა სახელით მონოთელიტობა (ერთი ნების აღიარება), იყო მწვალებლობა, ამიტომ კრებაზე დაგმო იგი.

ჰერაკლემ კიდევ ერთ, მეტად უხეირო საშუალებას მიმართა. გამოაქვეყნა დეკრეტი სათაურით ეკთეზისი (სარწმუნოების გადმოცემა), სადაც ნაბრძანები იყო, ყოველგვარი განსჯისა და კამათის გარეშე ეღიარებინა ყველას ქრისტეში ერთი ნების არსებობა. იმპერატორის ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო დაძაბა ვითარება.

მონოთელიტობის მოწინააღმდეგედ გამოდიოდა უშიშარი და მჭევრმეტყველი მონაზონი მაქსიმე, რომელსაც კონსტანტინოპოლში დიდ პატივს სცემდნენ. იგი ცნობილ და მდიდარ გვარს ეკუთვნოდა და სიჭაბუკეში მნიშვნელოვანი თანამდებობაც ეკავა სასახლის კარზე. შემდგომ მონაზვნად შედგა და მთლიანად ლოცვასა და სამეცნიერო მოღვაწეობას მიეცა.

ჰერაკლეს შვილიშვილმა, კონსტანს II (642-662 წწ.), თავისი უახლოესი წინაპრის მაგალითს მიჰბაძა და გამოაქვეყნა დეკრეტი სახელწოდებით – ტიპოსი (სარწმუნოების ნიმუში), რითაც კრძალავდა სადავო საკითხზე მსჯელობას. მაგრამ კამათს ბოლო მაინც არ უჩანდა, ზოგან დევნაც კი დაუწყეს მათ, ვინც იმპერატორის განკარგულებას არ დაემორჩილა. მონოთელიტმა ეპისკოპოსებმა მოიარეს პროვინციები თავიანთი სწავლების გასავრცელებლად, შეგონებებითა თუ ძალით მომხრეების შესაძენად.

მაშინ მაქსიმემ დატოვა კონსტანტინოპოლი და იტალიასა და აფრიკაში გაემგზავრა, რათა წინ აღდგომოდა ცრუსწავლების წარმატებას. მას მონოთელიტებთან ცხარე პაექრობაში მოკავშირედ რომის პაპი მარტინი მოევლინა, რომელმაც 649 წელს ლატერანში კრება მოიწვია და ანათემას გადასცა ახალი ერესიც და მისი მხარდამჭერი დეკრეტებიც.

როდესაც ამის შესახებ იმპერატორმა შეიტყო, მეომრები გაგზავნა რომში და დატყვევებული მარტინი კონსტანტინოპოლში ჩამოაყვანინა. მას დააბრალეს წინასწარგანზრახული დანაშაული, გვემეს და აწამეს, ბოლოს ქერსონესში გადაასახლეს, სადაც აღესრულა. წმინდა მარტინი სიცოცხლის ბოლომდე ჭეშმარიტების ერთგული დარჩა. მისი ხსენების დღეა 14 აპრილი.

ასეთივე ხვედრი ელოდა მაქსიმესაც. 653 წელს ის და მისი ორი მოწაფე (ანასტასი ბერი და ანასტასი აპოკრისარი) კონსტანტინოპოლში ჩაიყვანეს და საპყრობილეში ჩაამწყვდიეს. რამდენიმე ხნის შემდეგ მაქსიმე სამსჯავროზე წარადგინეს და ბრალად დასდეს – თითქოს სარკინოზებისთვის იმპერიის ზოგიერთი ქალაქის გადაცემას უჭერდა მხარს და თრაკიაში გადაასახლეს. მაქსიმემ დევნულება ჭეშმარიტი ქრისტიანული სიმშვიდითა და სიმტკიცით დაითმინა. „ვმადლობ ღმერთს, რამეთუ ვიტანჯები გამოგონილ დანაშაულთა გამო. დაე, ამით წარმეხოცოს ნებსითნი ცოდვანი ჩემნი“ – ამბობდა იგი.

656 წლის ზაფხულში მაქსიმეს ეწვივნენ იმპერატორის გზავნილები: თეოდოსი – ბითვინიის კესარიის ეპისკოპოსი და ორი რწმუნებული. მათ სცადეს მისი გადაბირება, რაც დიდად ხელსაყრელი იქნებოდა მონოთელიტური სწავლების გასავრცელებლად. მიმართეს შეგონებებს, დაყვავებასა თუ მუქარას, მაგრამ ყველაფერი ამაო გამოდგა – მაქსიმე ვერ გატეხეს. ბოლოს მოსთხოვეს, არაფერი ეთქვა თავისი აღმსარებლობის შესახებ.

– დუმილი ჭეშმარიტების უარყოფის ტოლფასია! – მიუგო მან.

– ჩვენ არ გვინდა შენი აზრები; გულით გწამდეს, რაც გსურს, ოღონდ დადუმდი.

– უფალი გვიბრძანებს, აღვიაროთ იგი არა ოდენ გულით, არამედ პირითაც; წმინდა მოციქული ბრძანებს: „რამეთუ გულსა გრწამს სიმართლედ, ხოლო პირითა აღიარებ საცხორებელად“ (რომ. 10,10). – უპასუხა მაქსიმემ.

ამის შემდეგ მაქსიმე იმპერატორის ბრძანებით გადაიყვანეს კონსტანტინოპოლში, წმინდა თეოდორეს მონასტერში. იქ მასთან ისევ მივიდნენ ეპისკოპოსი თეოდოსი და ორი დიდებული, მაგრამ მოლაპარაკებები ამჯერადაც მარცხით დასრულდა.

როდესაც დარწმუნდნენ, რომ შეგონებებით ვერაფერს გახდებოდნენ, წამებას მიმართეს. 662 წელს კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე შეაჩვენეს პაპი მარტინი, პატრიარქი სოფრონი, მაქსიმე, მისი ორი მოწაფე და სხვა მართლმადიდებლები. ნეტარი აღმსარებელი გვემეს, ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და საქართველოში გადაასახლეს თავის ორ მოწაფესთან ერთად. ჩასვლისთანავე ისინი სხვადასხვა ციხეებში დაამწყვდიეს. წმინდა მაქსიმე და ანასტასი ბერი იმავე წელს გარდაიცვალნენ, ხოლო მეორე მოწაფე, ანასტასი აპოკრისარი, იმპერატორის სიკვდილის შემდეგ გათავისუფლდა, საბერძნეთში დაბრუნდა და მშვიდობით მიიცვალა. ღირსი მაქსიმე აღმსარებლის ხსენებას ეკლესია აღნიშნავს 21 იანვარს და 13 აგვისტოს.

ძალადობამ და დევნამ, ბუნებრივია, მშვიდობა ვერ მოიტანა. აუცილებელი გახდა, საკითხი მსოფლიო კრებას გადაეწყვიტა.

680 წელს, იმპერატორ კონსტანტინე პოგონატის დროს, მოწვეული იქნა VI მსოფლიო (კონსტანტინოპოლის III) კრება – მონაწილეობდა 170 მამა. ხანგრძლივი პაექრობის შემდეგ დადგინდა: „აღიარებულ იქნას იესო ქრისტეში შეურევნელად და განუყოფლად ორი ნება, ორ ბუნებათა შესაბამისად“.

VI კრებას ესწრებოდა ჭეშმარიტების ერთ-ერთი მოშურნე ქომაგი ანდრია კრიტელი, იერუსალიმის პატრიარქის სვინგელოზი (პირადი მდივანი). მოგვიანებით იგი არქიეპისკოპოსად დაადგინეს კუნძულ კრეტაზე, სადაც სახელი გაითქვა ღვთისმსახურებითა და სარწმუნოებისადმი თავდადებით. მან ეკლესიას უბოძა „სინანულის დიდი კანონი“, რომელიც დიდმარხვის პირველ კვირას იკითხება; იგი ცნობილია ანდრია კრიტელის კანონის სახელწოდებით.

თერთმეტი წლის შემდეგ კრებამ განაახლა სხდომები საიმპერატორო (ტრულის) პალატებში. აუცილებელი გახდა საეკლესიო წესრიგის ზოგიერთი კანონის გადახედვა. კრებამ კიდევ ერთხელ დაგმო მონოთელიტობა, პაპ ჰონორიუსის შეცდომები და სავალდებულოდ გამოაცხადა მოციქულთა 85 განწესება, ყველა მსოფლიო და შვიდი ადგილობრივი კრების კანონები. მას აგრეთვე ეწოდება ტრულის ან V-VI კრება, რადგან ერთგვარად წინა ორი კრების დამატებას წარმოადგენდა.

VIII საუკუნის დასაწყისში იმპერატორმა ფილიპიკემ (711-713 წწ.) მოისურვა მონოთელიტობის აღდგენა, უკანონოდ შეკრიბა მღვდელთმთავრები და დაგმო VI მსოფლიო კრება; ამასთან ბრძანა – ტაძრებიდან გაეტანათ მასში მონაწილე წმინდა მამათა ხატები. თავნებობამ ყველა აღაშფოთა, რომში აჯანყებამ იფეთქა, კონსტანტინოპოლი დრტვინავდა... ფილიპიკემ ამის შემდგომ მალევე დაკარგა ტახტი.

მონოთელიტები არ დაემორჩილნენ VI მსოფლიო კრების განჩინებას, შეიკრიბნენ ლიბანში, წმინდა მარონის სახელობის მონასტრის მახლობლად, აირჩიეს პატრიარქი (იოანე მარონის სახელით) და დაირქვეს „მარონიტები“. ამ სახელით იხსენიებიან ისინი დღესაც.

სარკინოზები VIII საუკუნეშიც განაგრძობდნენ თავიანთ დამპყრობლურ ომებს. ისინი საბოლოოდ დაეპატრონნენ აფრიკას და ძალიან მალე იქ თითქმის გაანადგურეს ქრისტიანობა, რომელიც უკვე დიდი ხნის დასუსტებული იყო დონატისტების გაუთავებელი მღელვარების, ვანდალებისაგან დევნის თუ სხვა მიზეზების გამო. მაჰმადიანებმა დამარცხებულებს ხარკი დაადეს, რისგან გათავისუფლებაც მხოლოდ ისლამის მიღებით შეიძლებოდა. აღნიშნული საუკუნის დასასრულს აფრიკაში ამის გამო თითქმის მთელმა მოსახლეობამ დამპყრობთა რჯული აღიარა. კვიპრიანესა და ავგუსტინეს სამშობლომ სარწმუნოებასთან ერთად ქრისტიანული განათლებაც დაკარგა. უმეცრებამ და დაუნდობლობამ სწრაფად მოიცვა ოლქები, სადაც ადრე სარწმუნოება და მეცნიერება ყვაოდა. ვინც ქრისტიანობა შეინარჩუნა, შიშით არ ამხელდა საკუთარ აღმსარებლობას.

აფრიკიდან სარკინოზებმა მეზობელ ესპანეთში გადაინაცვლეს და იქაც თავიანთი ძალაუფლება დაამყარეს. იმხანად ესპანეთი ვესტგოთებს ეკავათ, რომელთა ერთ-ერთი ბელადის, იულიანეს ღალატმა მომხდურთ გაუადვილა განზრახვის ასრულება. მეფე როდრიგოს მიერ შეურაცხყოფილმა იულიანემ თავად მოუხმო სარკინოზებს და დიდად შეუწყო ხელი ქვეყნის დაპყრობაში. გამოჩნდა არაბებისათვის ხელსაყრელი სხვა გარემოებანიც: ესპანეთის სამეფო კარის მცონარე და უზნეო ქვეშევრდომებს არ უყვარდათ მეფე და არ ენდობოდნენ; ხალხიც ქვეყნის მდგომარეობისადმი გულგრილი იყო. სასულიერო დასი მხოლოდ ძალაუფლებასა და სარგებელზე ზრუნავდა. ესპანეთში მრავლად მცხოვრები ებრაელები, შევიწროებულ-შეწუხებულნი, მზად იყვნენ, მოსულ უცხოტომელებს დახმარებოდნენ. ტოლედოს არქიეპისკოპოსი და დამხობილი მეფის, ვიტიცას, ვაჟები გამყიდველები აღმოჩნდნენ. ამ გარემოებათა გამო ესპანეთი შეუმჩნევლად, თითქმის წინააღმდეგობის გარეშე დანებდა მაჰმადიან მოძალადეებს.

მეფე როდრიგო ბრძოლის ველზე მდიდრული ეტლით, მეწამული მოსასხამითა და ოქროს გვირგვინით გავიდა, მაგრამ მალე გაქცევით სცადა თავის შველა და დაიღუპა მდინარე გვადალკვივირას მახლობლად, ჭაობში, 711 წელს. სარკინოზებმა მისი მოკვეთილი თავი დამასკოში გააგზავნეს. „ასეთი ბედი ეწევა ყველა მეთაურს, რომელიც ბრძოლის ველიდან გარბის“ – წერდა მათი ერთ-ერთი მემატიანე.

ესპანეთის მოსახლეობის მეტად მცირე ნაწილი არ დაემორჩილა სარკინოზებს და პელაიოს მეთაურობით დამოუკიდებლობა შეინარჩუნა მხოლოდ ასტურიის ოლქში. აქაურ ქრისტიანებს გამარჯვებულებმა ნება დართეს, დაეცვათ თავიანთი სარწმუნოება და აღესრულებინათ ღვთისმსახურება, მაგრამ ხარკი უნდა ეხადათ. ამის გამო კი ბევრი გამაჰმადიანდა.

ესპანეთის დამპყრობლებმა მეზობელი ქვეყნის, საფრანგეთის, დამორჩილებაც მოინდომეს და სამხრეთის რამდენიმე ოლქიც დაიკავეს. მაგრამ 732 წელს პუატიეს ველზე სასტიკად დამარცხდნენ კარლოს მარტელთან ბრძოლაში. ამან დროებით შეაჩერა მომხდურთა წინსვლა დასავლეთში. სარკინოზებმა აღმოსავლეთშიც იწვნიეს მარცხი. კონსტანტინოპოლი ორჯერ მოაქციეს ალყაში, მაგრამ მის გალავანს ვერაფერი დააკლეს და გაეცალნენ. სამაგიეროდ, დამასკოში მჯდომ ხალიფას დაემორჩილა ეგვიპტე, სირია, პალესტინა. აქამომდე თავიანთი განათლებით სახელგანთქმულ ამ ქვეყნებში სწრაფად დაეცა ცოდნის დონე. ხალიფები, ისინიც კი, რომლებიც აშკარად არ ემტერებოდნენ ქრისტიანებს, სდევნიდნენ განათლებას და ამგვარად ფიქრობდნენ მათ გამაჰმადიანებას. მაგალითად, ხალიფა აბდალას ბრძანებით, ქრისტიანებს სიკვდილით სჯიდნენ, თუ ისინი სწავლას გაბედავდნენ. თუმცა მოგვიანებით თავად სარკინოზებმა მიჰყვეს ხელი მეცნიერებების შესწავლას და წარმატებებსაც მიაღწიეს. მაგალითად, ესპანეთში კორდოვას ხალიფები მეცნიერებასა და ხელოვნებას მფარველობდნენ.

 

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა