martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 52

ეკლესია შუა ევროპასა და ესპანეთში IX საუკუნემდე.

 

გერმანიის ზოგიერთ მხარეში ქრისტიანობამ ძალიან ადრე იწყო გავრცელება. III-IV საუკუნეებში უკვე საეპისკოპოსოები არსებობდა რეინისპირეთში: კელნში, ტრირში, მაინცში, სტრასბურგსა და ბაზელში. ქრისტიანობა გავრცელდა დუნაისპირეთშიც – მხარეში, რომელსაც რომაელები ნორიკუმს უწოდებდნენ (ახლანდელი ავსტრიისა და ბავარიის ნაწილი). იქ ქრისტიანული განათლების მთავარ ცენტრებად ითვლებოდა ქალაქები: ფაბიანა, პასაუ, ლორეაკუმი.

ამ მხარეს, მეზობელ პანონიასთან ერთად, ხშირად არბევდნენ ბარბაროსები: ჯერ ჰუნები, ხოლო ატილას სიკვდილის შემდეგ ალანები, ჰერულები, გოთები, ვანდალები. ისინი წარმართები ან არიანელები იყვნენ, ამიტომ ახლად დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ ვერ გაუძლო მათ მძვინვარე თარეშს.

ბარბაროსთა შემოსევების უმძიმეს პერიოდებში აქა-იქ ჩნდებოდნენ თავდადებული მოღვაწენი და მქადაგებლები. განსაკუთრებით თვალსაჩინოა სევერინის მოღვაწეობა V საუკუნის დუნაისპირეთში, ნორიკუმში. ეს მხარე საშინლად იავარჰყვეს ბარბაროსებმა: გაანადგურეს სავარგულები, გადაწვეს დაბა-ქალაქები, ტყვედ წაიყვანეს და მონებად გაყიდეს უამრავი ადამიანი. რომის იმპერატორის მიერ დანიშნული მმართველები თავშესაფრად უფრო გამაგრებულ ადგილებს ეძებდნენ. რომს დახმარება არ შეეძლო, რადგან თავად იყო განწირული დასაღუპავად, თანაც იტალიისკენ მიმავალი ყველა გზა ბარბაროსებს ეკავათ.

ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანებად იწოდებოდნენ, მეტად ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა სარწმუნოებაზე, ხოლო თავიანთ მწყემსთმთავრებში ისინი მოძღვარსა და ნუგეშინისმცემელს ვერ პოულობდნენ. სასულიერო პირთაგან ზოგმა გაქცევით უშველა თავს, ზოგიც ბარბაროსებმა დახოცეს. სასოწარკვეთილებამდე მისული უპატრონოდ დარჩენილი მოსახლეობა უძლებდა ომსა და შიმშილობას... და დაიწყო კიდეც დიდი ხნის წინ მივიწყებული წარმართული რიტუალების შესრულება, დავიწყებას მიეცა ზნეობის კანონები, თანაგრძნობა და სიყვარული თვითგადარჩენის გრძნობამ შეცვალა. ზოგი ბარბაროსებს მიეკედლა და თავისიანებს მათთან ერთად ძარცვავდა, ზოგმაც ყაჩაღთა ბანდები შექმნა.

ამ საშინელ ჟამს დუნაის ნაპირებს მოევლინა ღვთის გამოგზავნილი მწირი, რომელსაც სევერინს ეძახდნენ. იგი ოცდაათი წლისა იქნებოდა, სადაური იყო, არავინ იცოდა. მალე ხალხმა შეიტყო, რომ სევერინი გარკვეულ ხანს სამოღვაწეო ცხოვრებას მისდევდა აღმოსავლეთში. მეტყველება და საუბრები ადასტურებდა მის განათლებულობას. ცოტა ხანში იგი ყველა გაჭირვებულის მანუგეშებელი გახდა. ცდილობდა იავარქმნილი მხარის მოწყობას და სამოქალაქო წესრიგის აღდგენას. ქრისტეში მარადიული ცხოვრების ქადაგებით, ლოცვისა და სინანულისკენ მოწოდებით მან შეძლო მდიდართა გულების მოლბობა და თანაგრძნობის აღძვრა ღარიბებისადმი. სასტიკი ბარბაროსებიც კი პატივს მიაგებდნენ, რადგან ხედავდნენ მის გულუხვობასა და გაუტეხელობას. თავისი გავლენის წყალობით სევერინმა ზოგი ურწმუნო გააქრისტიანა, ტყვეებისთვის თავისუფლება გამოითხოვა... მიღებულ შემწეობას მაშინვე გაჭირვებულებს ურიგებდა...

ეს ღვთის კაცი მთელი მხარის ნამდვილი მმართველი გახდა, ყველა მას ემორჩილებოდა, ლოცავდა მის წმინდა მოღვაწეობას. მისი თაოსნობით ქალაქებსა და სოფლებში გროვდებოდა ხორბლის, სამოსისა და ყოველივე აუცილებლის მარაგი და საწყობებში ინახებოდა. იმდენად დიდი იყო მისდამი საყოველთაო პატივისცემა, რომ ბარბაროსებიც ვერ ბედავდნენ, ხელი ეხლოთ წმინდა ადამიანის მონდომებით დაცული ამ მწირი მარაგისათვის. სევერინი ხშირად ზამთრის სუსხში ფეხშიშველი, გაცრეცილი სამოსით, რაც ძლივს იცავდა სიცივისგან, გადადიოდა დუნაის გაყინულ ზედაპირზე და ღატაკთათვის სანოვაგე და ტანსაცმელი მიჰქონდა. ყველა ენდობოდა მას, დუნაისპირელები რიგრიგობით ეპატიჟებოდნენ სახლებში, სწამდათ, რომ მისი იქ გამოჩენაც კი დაიცავდა მათ ბარბაროსებისგან.

სევერინი დროდადრო მიდიოდა თავის მიერ დაარსებულ მონასტერში ფაბიანას (ახლანდელი ვენა) მახლობლად, რათა ლოცვითა და განმარტოებით შეეძინა ახალი ძალები. მან მრავალი მოწაფე გაზარდა და როდესაც ნორიკუმში, ოცდაათწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მას უფლის დიდებაში აღმოხდა სული, მთელი მხარის მოსახლეობამ გამოიგლოვა იგი, როგორც მამა, მოძღვარი და მანუგეშებელი. როცა ახალი უბედურებებით გულგატეხილმა, ბარბაროსთაგან გაძარცვულმა ნორიკუმის ქრისტიანებმა იტალიაში გადასახლება გადაწყვიტეს, სევერინის წმინდა ნაწილები საზეიმოდ გადაასვენეს სამხრეთ იტალიაში. ნორიკუმი ბარბაროსების მსხვერპლი გახდა და იქ მალე ქრისტიანობის კვალიც კი აღარ დარჩა.

მთელი შუა ევროპა მიწასთან გაასწორეს ბარბაროსებმა, მხოლოდ ალაგ-ალაგ შემორჩა ადრინდელი განათლების კვალი. მაგრამ ვერც წარმართობამ მოასწრო ამ მხარეში დამკვიდრება. VI საუკუნეში აქ ისევ დაიწყო სახარების ქადაგება. ფრანკების მოქცევამ მათ მიერ დამორჩილებულ სხვა გერმანულ ტომებზეც იქონია გავლენა. VI საუკუნეში გერმანულ ტერიტორიებზე იღვწოდნენ ფრანკთა ეპისკოპოსები და პრესვიტერები, მათ შორის რუპერტი, ემერან აქვიტანიელი, ავიტუს ვიენელი და სხვები, წმინდა წერილს უქადაგებდნენ ბავარიელებს, ტურინგიელებსა და ბურგუნდიელებს. გერმანია თავის სულიერ განათლებას ყველაზე მეტად უნდა უმადლოდეს ირლანდიელ მონაზვნებს, რომლებმაც VI-VIII საუკუნეებში ღვთის სიტყვის ქადაგებით მოიარეს მთელი მხარე.

ერთ-ერთი ასეთი თავდადებული მსახური ღვთისა იყო მონაზონი ფრიდოლინი, რომლის შესახებ მწირი ცნობები შემორჩა. ცნობილია, რომ იგი იღვწოდა ვოგეზის მთებში. VI საუკუნეში ჩავიდა იქ მეორე ირლანდიელიც, სახელად კოლუმბანი. ის თორმეტ მეგობართან ერთად დასახლდა ამავე მთების მწირ და პირველყოფილ ბუნებაში. იქაურები თითქმის ველურები იყვნენ და მიწათმოქმედებაზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ. მონაზვნებმა დიდი გაჭირვებით დაიწყეს მიწის დამუშავება, მალე წმინდა ცხოვრებით ისეთი პატივისცემა მოიპოვეს, რომ იქაურებმა ჯგუფებად იწყეს მათთან სიარული რჩევებისთვის. მონაზვნები ხალისით უხსნიდნენ მათ საღვთო რჯულს და შრომაში ეხმარებოდნენ. თავიანთი ხელით მოწყობილ მონასტერში აღსაზრდელად იღებდნენ ბავშვებს, დაუღალავად ავრცელებდნენ ღვთის სიტყვას და ასწავლიდნენ წერა-კითხვას.

მონაზონთა რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა. კოლუმბანის ხელმძღვანელობით დაარსდა სამი მონასტერი, რომელთაგან ყველაზე წარმატებული გახდა ლუქსიოლის მონასტერი, რამაც შური აღუძრა ადგილობრივ ეპისკოპოსებსა და პრესვიტერებს. მათ დევნა დაუწყეს კოლუმბანს, რომელიც ხშირად კიცხავდა იმისთვის, რომ ისინი დაქირავებულ მუშაკებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე კეთილ მწყემსებს.

კოლუმბანი ირლანდიის მონასტრების წესდებას მისდევდა, იცავდა ზოგიერთ ძველ, რომის ეკლესიისგან განსხვავებულ ტრადიციას და თავს არ ცნობდა პაპის ქვეშევრდომად. ამით ისარგებლეს მისმა მტრებმა და აუმხედრეს სასულიერო და საერო მმართველობა. კოლუმბანი იძულებული გახდა, იქაურობას გასცლოდა და თავისი მოღვაწეობა ახლა სვებებთან (ახლანდელი შვეიცარია) დაეწყო. ირლანდიელთაგან მოისმინეს ღვთის სიტყვა შაფჰაუზენში, ციურიხში და მოგვიანებით ბრეგენცში. რამდენიმე წლის შემდეგ ისევ დაუწყეს დევნა კოლუმბანს, რომელიც ახლა იტალიაში გადასახლდა, სადაც ქალაქ პავიის მახლობლად მოაწყო ბობიოს მონასტერი, რომლის მონაზვნებიც ჩრდილოეთ იტალიაში ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას. კოლუმბანის საყვარელი მოწაფე გალი შვეიცარიაში დარჩა და ბრეგენცის ახლოს მოაწყო სავანე, რომელიც ცნობილია სენტ-გალენის სახელით.

ამ წმინდა მამებს უამრავი მოწაფე დარჩათ, რომლებმაც ასევე ბეჯითად განაგრძეს დაწყებული საქმე. მათ გამუდმებით ემატებოდნენ ზღვით მოსული მქადაგებლები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის კუნძულებზე ძველბრიტანული ეკლესია პაპის მმართველობამ შეავიწროვა. მათი წყალობით გაიცნეს სახარება შვეიცარიაში, გერმანიასა და ნაწილობრივ საფრანგეთში. მქადაგებლებით გაივსო დუნაის, რეინის ნაპირები, ვოგეზის მთები, შვარცვალდის ტყეები... დაარსდა მონასტრები, სადაც ყმაწვილები იღებდნენ განათლებას. უღრან ტევრებსა და კლდოვან ხეობებში სახლდებოდნენ მოღვაწენი და გარშემო იკრებდნენ მოწაფეებს. ღვთისადმი მსახურებისთვის თავდადებული მქადაგებლები ძღვენს არავისგან იღებდნენ, საკუთარი შრომით შოულობდნენ ლუკმაპურს და დაუღალავად ზრუნავდნენ მოყვასის სასიკეთოდ.

ადგილობრივ ხალხურ გადმოცემებში დღევანდლამდე შემოინახა პირველმქადაგებლების სახელები. ესენი არიან: კოლუმბანი, გალი, მაგნოალდი, რომლებიც იღვწოდნენ საფრანგეთში, შვეიცარიასა და ნაწილობრივ იტალიაში; ტრუტბერგი და ზიგბერტი – შვარცვალდში; პირმინი – ელზასში; კილიანი, რომელმაც სიცოცხლე გაწირა რწმენისთვის. მან აუკრძალა საკუთარი ძმის ქვრივზე დაქორწინება ვიურცბურგის მთავარს, რის გამოც ამ უკანასკნელის ბრძანებით მოკლეს. მქადაგებლებზე უამრავი გადმოცემაა შემონახული, მადლიერი ხალხის ხსოვნაში ისინი ცოცხლობენ, როგორც წმინდანები და სასწაულმოქმედნი.

ძველბრიტანული აღმსარებლობის დამცველებს ბრიტანეთის კუნძულებიდან ჩამოჰყვნენ სხვა, ამჯერად რომის მორჩილი, მქადაგებლები. რასაკვირველია, ადრე ჩასულნი მათ მტრულად დახვდნენ და შუაგულ ევროპაში ისევ გაჩაღდა ბრძოლა პაპის მმართველობასა და დამოუკიდებელ ეკლესიას შორის.

ქრისტიანობა ძნელად იკვლევდა გზას ახლანდელი ჰოლანდიისა და ბელგიის ტერიტორიაზე, ფრიზებსა და ბატავებს შორის. ქრისტიანობის მქადაგებლები პირველ საუკუნეებში ამ მხარეში თითქმის არ მიდიოდნენ და კერპთაყვანისმცემლობასაც ღრმად გაედგა ფესვები. შემდგომ, როდესაც მოქცეულმა ფრანკებმა სცადეს ბატავებისა და ფრიზების გაქრისტიანება, ამ ტომებმა მაინცდამაინც დიდი ხალისით არ მიიღეს თავიანთი მტრების სარწმუნოება. მით უმეტეს, რომ ფრანკი მმართველები ამისთვის ხშირად ძალასაც მიმართავდნენ. მათ არად ანაღვლებდათ ამ ხალხის კეთილდღეობა, მხოლოდ თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მათ მოქცევას ესწრაფვოდნენ.

ამიტომაც აქ ვერ მოიკიდა ფეხი ქრისტიანულმა რწმენამ. ახალმოქცეულები ბრძოლაში პირველი გამარჯვებისთანავე ივიწყებდნენ ქრისტეს რჯულს, აძევებდნენ მახარებლებს და უბრუნდებოდნენ უწინდელ აღმსარებლობას. მაგრამ აქაც გამოჩნდნენ თავგანწირული მქადაგებლები, რომელთათვისაც ჭეშმარიტება სიცოცხლეზე ძვირფასი იყო. VII საუკუნის დასაწყისში ასეთი მოღვაწე იყო ამანდი (წარმოშობით ნანტიდან), რომელსაც ბელგიის მოციქულს უწოდებენ. ის თავდაპირველად ქადაგებდა ბასკებთან პირინეის ნახევარკუნძულზე, შემდეგ დუნაის ნაპირებზე, ბოლოს დარჩენილი სიცოცხლე ბელგიას მიუძღვნა. იგი ღვთის სიტყვას აუწყებდა გენტის, ლუტიხისა (თანამედროვე ლიეჟი) და მაასტრიხტის მოსახლეობას და წარმართთაგან ბევრი ტანჯვაც გადაიტანა.

მისი მოღვაწეობა დიდი წარმატებით განაგრძო ფრანკმა ეპისკოპოსმა, ღვთისმსახურმა ელიგიუსმა. იგი ჯერ კიდევ სიჭაბუკეში თავისი ხელობით – ოქრომჭედლობით, მოგებულ ფულს ქრისტიანულ მოწყალებაზე ხარჯავდა: მან ბევრჯერ გამოისყიდა ტყვეები და ყოველივე აუცილებლით მოამარაგა. ელიგიუსი ასწავლიდა საღვთო რჯულს, აგებდა ტაძრებს, მოგვიანებით იგი ნუაიონის ეპისკოპოსად დაადგინეს. მის ეპარქიაში შედიოდა ახლანდელი ბელგია და საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი.

და მაინც, მიუხედავად მახარებელთა და ხელისუფალთა ძალისხმევისა, ქრისტიანობა შეფერხებებით ვრცელდებოდა. VII საუკუნეში კერპთაყვანისმცემლებმა მოკლეს ირლანდიელი მქადაგებელი ლივინი. დიდი სირთულეების გადალახვა მოუხდათ ინგლისელ მახარებლებს, რომლებიც იმავე საუკუნეში მივიდნენ ფრიზებთან და ბატავებთან. ერთ-ერთი პირველი იყო უილფრიდი – ის, ვინც ასე წარმატებულად იღწვოდა ინგლისში პაპის სასარგებლოდ. მას მოჰყვნენ ინგლისელები: ეგბერტი, უიგბერტი და უილიბრორდი. ამ უკანასკნელის მოღვაწეობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა. იგი მოგვიანებით უტრეხტის ეპისკოპოსი გახდა, იმოგზაურა დანიაში და კუნძულ ჰელჰოლანდზე, უქადაგა წარმართებს და მათგან ბევრი გაჭირვება დაითმინა.

როგორც უკვე ითქვა, ფრანკები სარწმუნოებას იარაღით ავრცელებდნენ. VIII საუკუნის დასაწყისში ფრიზების მეფე რადბოდმა მოახერხა, დროებით გათავისუფლებულიყო ფრანკების მმართველობისგან. მისი სამხედრო გამარჯვება წარმართობის ზეიმის ტოლფასი აღმოჩნდა. თუმცა იმასაც გადმოგვცემენ, თითქოს ღვთისმსახური ეპისკოპოსის – უილფრამის შეგონებით ეს სასტიკი წარმართი მზად იყო ნათლისღებისათვის, მაგრამ ემბაზში ერთი ფეხი ჩადგა თუ არა, მოულოდნელად ეპისკოპოსს ჰკითხა:

– ჩემი წინამორბედები, ფრიზების ადრინდელი მეფეები, ზეცაში არიან თუ ჯოჯოხეთში?

– რა თქმა უნდა, ჯოჯოხეთში, ისინი ხომ მოუნათლავნი დაიხოცნენ, – მიუგო ეპისკოპოსმა.

– მაშინ უმჯობესია ჩემს დიდებულ წინაპრებთან ერთად ვიყო ჯოჯოხეთში, ვიდრე სამოთხეში რამდენიმე ღატაკთან, – შეეპასუხა რადბოდი და ემბაზიდან ამოვიდა. მოგვიანებით იგი ისევ დამარცხდა ფრანკებთან და ქრისტიანობაც შედარებით გაძლიერდა, მაგრამ ეს უფრო ბრიტანელ მახარებელთა დამსახურება იყო, ვიდრე ფრანკი მქადაგებლებისა.

თვით საფრანგეთში ქრისტიანულ განათლებაზე თითქმის არავინ ზრუნავდა. ხლოდვიგის მემკვიდრეების უმრავლესობა მხოლოდ სახელით იყო ქრისტიანი. ის საშინელი დანაშაულებანი და გარყვნილი ცხოვრება, რაც ჩვენთვის გრიგოლ ტურელის მონათხრობიდან არის ცნობილი, ცხადად ადასტურებს, რომ მათ გულებში ჭეშმარიტ რწმენას ჯერ ისევ უჭირდა წარმართობაზე გამარჯვება. სარწმუნოების სიწმინდისთვის დიდად თავს არ იწუხებდა ამსოფლიურ სარგებელს დახარბებული სასულიერო დასიც.

ეპისკოპოსები, როგორც ერთადერთი განათლებული პიროვნებანი ქვეყანაში, აგზავნიდნენ ელჩებს, აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს უცხოელ მმართველებთან, ზოგჯერ განაგებდნენ ქალაქებსა და ოლქებს, ეკავათ თანამდებობა სამეფო კარზე: ეს ყოველივე ხელს უშლიდა მათი პირდაპირი მოვალეობების შესრულებას. ეპისკოპოსებს ნახავდით სამეფო კარის უხეშ და უზნეო გასართობებსა და მხიარულებაში, ბრძოლაში, ნადირობაში, ხმაურიან და წრეგადასულ ნადიმებში ჩართულებს. სამაგიეროდ, ისინი იშვიათად ჩნდებოდნენ თავიანთ ეპარქიებში, თითქმის არ ასრულებდნენ მოძღვრისა და მწყემსის მოვალეობებს. ერზე ზრუნავდა უკიდურესად უწიგნური დაბალი სასულიერო იერარქია, რომელსაც, თავის მხრივ, ჩაგრავდა უმაღლესი სასულიერო და საერო ხელისუფლება. არსებობდა წესი, რომლის თანახმად, ეპისკოპოსს წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მოევლო თავისი ეპარქია საეკლესიო საქმეების განსახილველად, ხალხის დასამოძღვრად და საჩივრების მისაღებად, რაც შემდგომ ირჩეოდა სასულიერო პირთა თათბირზე, რომელსაც სინოდი ეწოდებოდა. მაგრამ ამ წესს მაინცდამაინც არ იცავდნენ; სინოდის მოწვევა თანდათანობით შეწყდა, რადგან ეკლესიის საქმეებს უკვე სახელმწიფო თათბირებზე არჩევდნენ, სადაც ეპისკოპოსებიც ესწრებოდნენ.

მომხვეჭელობა იმთავითვე შავ ლაქად დააჩნდა ფრანკთა სასულიერო დასს. ახალმოქცეულებს მოეთხოვებოდათ ეკლესიისადმი პატივისცემის გარეგნული გამოხატვა, რაც ყველაზე ხშირად შესაწირით გამოიხატებოდა. მათ ასწავლიდნენ, რომ ამით ცოდვებსა და დანაშაულს გამოისყიდიდნენ. ბარბაროსთა ბელადები, რომელთაც თვითონ ეკლესია აკურთხებდა სალაშქროდ და სათარეშოდ, სასულიერო პირებს გულუხვად უნაწილებდნენ თავიანთ ნადავლს – ძალითა და უსამართლობით ხელში ჩაგდებულ მიწებსა და სიმდიდრეს; ხალისით ჩუქნიდნენ ეკლესიას მამულებსა და საგანძურს „ცოდვათა მისატევებლად და სულის საცხონებლად“. ამასთან სჯეროდათ, რაც მოძღვრებმა შეაგონეს – ეკლესიისთვის შესაწირით შეიძლებოდა ადრინდელი დანაშაულების შენდობა და ახლის ჩადენის უფლების ყიდვა.

ამრიგად, სასულიერო პირთა ხელთ ისეთმა უზღვავმა სიმდიდრემ მოიყარა თავი, რომ ზოგიერთი მეფე იძულებული შეიქნა, აეკრძალა ეკლესიებისთვის მამულების ჩუქება პირდაპირი მემკვიდრის თანხმობის გარეშე. მაგრამ ვერც ამ განკარგულებამ გამოიღო სასურველი შედეგი. მანკიერებებისა და ბოროტმოქმედებებისადმი საკმაოდ გულგრილი სასულიერო დასი შეჩვენებითა და მარადიული ტანჯვით ემუქრებოდა მათ, ვინც ხელყოფდა მათ ქონებასა და უფლებებს. სადავო საქმეების განხილვის შემთხვევაშიც სიმდიდრე მაინც მას რჩებოდა. ყოველივე ამის შედეგად VII საუკუნის დასასრულისთვის გალიის მიწების მესამედი ეკლესია-მონასტრებს ეკუთვნოდა. ეს მამულები თავისუფალი იყო ყოველგვარი გადასახადისა და ხარკისგან. სასულიერო პირები გადასახადის სახით მრევლის შემოსავლის მეათედსაც კრეფდნენ. მეფეები ზოგჯერ წუწუნებდნენ კიდეც, რომ ეკლესიამ ისინი გააღატაკა.

მღვდელთმთავრები თავიანთ ეპარქიებს განაგებდნენ თვითნებურად და ერთპიროვნულად, ხშირად არად აგდებდნენ ეკლესიის კანონებს, იხვეჭდნენ ქონებას. ზოგიერთი მათგანი, მიუხედავად მეფისადმი მორჩილებისა, ძლიერ გავლენას ახდენდა სახელმწიფო საქმეებზე. ასეთ ვითარებაში პაპთან ურთიერთობა თითქმის შეწყდა; თუმცა სიტყვიერად აღიარებდნენ მის უპირატესობას, მაგრამ სინამდვილეში გალიის ეკლესია პაპისგან სრულიად დამოუკიდებელი იყო და იმართებოდა მეფისა და არქიეპისკოპოსების მიერ. მეფეები, თვითნებურად განაგებდნენ რა ეკლესიის საქმეებს, მისი ქონების მითვისებაც შეეძლოთ – ამას ნაწილობრივ აკეთებდნენ კიდეც – ეპისკოპოსების ადგილებსაც დიდ ფასად ყიდდნენ.

VIII საუკუნის დასაწყისში ეკლესიამ დაკარგა თავისი სიმდიდრის დიდი ნაწილი. იმხანად სახელმწიფო საქმეებს ფაქტობრივად განაგებდნენ ე.წ. მაიორდომები. თავდაპირველად მათ მეფის სასახლეზე მეურვეობა ევალებოდათ, მაგრამ მოგვიანებით ხელთ იგდეს თითქმის მთელი სამხედრო-ადმინისტრაციული ძალაუფლება. 715 წელს ფრანკთა სახელმწიფოს მაიორდომი გახდა კარლოს მარტელი (715-741 წწ.), მტკიცე და შეუპოვარი ადამიანი, რომელმაც სარკინოზებთან ბრძოლაში გაითქვა სახელი. მან თავის მომხრეებს მფლობელობაში გადასცა მამულები, ე.წ. ბენეფიციები. ამასთან მიწის ნაკვეთის მიმღებს დაავალა სამხედრო სამსახური, უარის შემთხვევაში ის ბენეფიციას კარგავდა. თავისუფალი ნაკვეთები არც ისე ბევრი იყო, ამიტომ კარლოს მარტელმა დაიწყო ეპარქიებისა და მონასტრების კუთვნილი სამფლობელოების დარიგება, რითაც სასტიკად გაანაწყენა სასულიერო დასი. მისი ვაჟები კიდევ უფრო თვითნებურად განაგებდნენ ეკლესიის სიმდიდრეს.

ეპისკოპოსებს აფასებდნენ სიმდიდრით და არა წოდებით. გაუნათლებელი, ტლანქი, ხარბი და ხშირად გარყვნილი სასულიერო პირები ხალხში ვერ პოულობდნენ პატივისცემასა და ნდობას. მდიდარი მიწათმფლობელები თავიანთ მამულებში ან ციხესიმაგრეთა მახლობლად აგებდნენ ტაძრებს და სამღვდლოდ თავიანთ მონებს წარადგენდნენ. ამ საცოდავთა ხვედრი უარესი იყო, ვიდრე უკანასკნელი მსახურისა – ისინი იტანდნენ ზიზღსა და უხეშობას, ემსახურებოდნენ სუფრაზე თავიანთ ბატონებს და ხშირად ძაღლების მოვლა ევალებოდათ. რა კეთილისმყოფელი გავლენის მოხდენა შეეძლო ასეთ სასულიერო დასს ერზე, რომელიც ქრისტიანული განათლების მიღების საშუალებას მოკლებული იყო.

ასეთი იყო ეკლესიის მდგომარეობა შუა ევროპაში VIII საუკუნის დასაწყისამდე, სანამ არ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა გერმანელთა და ფრანკთა საეკლესიო ცხოვრებაზე. ეს იყო ინგლისელი უინფრიდი, რომელიც უფრო ცნობილია სახელით – ბონიფაციუსი, რომელიც მონაზვნად შედგომის დროს ეწოდა.

იგი დაიბადა ინგლისში, დაახლოებით 680 წელს. ახალგაზრდობის ადრეული წლებიდან შედგა მონაზვნად. ჯერ უნდოდა ფრიზლანდიაში გამგზავრება, სადაც უკვე ბევრი ინგლისელი მქადაგებელი იღვწოდა, მაგრამ საამისო ნებართვის მიღება იოლი არ გამოდგა – ინგლისის სასულიერო მმართველობამ სცადა, ინგლისშივე დაეტოვებინა მოშურნე მონაზონი, რომლის სამეცნიერო ნააზრევს უკვე გამოეღო ნაყოფი. ბოლოს მან მაინც მიაღწია საწადელს, მიატოვა ცნობილი ინგლისური მონასტერი ნუტშელი და ფრიზლანდიაში გაემგზავრა.

აქ მქადაგებლობისთვის უკიდურესად არახელსაყრელი დრო იყო. ფრიზთა მეფემ რადბოდმა გარკეულ გამარჯვებას მიაღწია კარლოს მარტელთან ბრძოლაში, შედეგად კი დევნა გამოუცხადა თავისი მტრების სარწმუნოებას, გაძარცვა ეკლესია-მონასტრები და შეავიწროვა მქადაგებლები. ბონიფაციუსი იძულებული შეიქნა, ინგლისში დაბრუნებულიყო, მაგრამ ორი წლის შემდეგ ისევ განაახლა მოღვაწეობა გერმანიაში, მანამდე კი რომში შესაბამისი კურთხევა აიღო პაპ გრიგოლისგან. ბონიფაციუსი პაპის ერთგული მომხრე იყო და ყველგან რომის ტახტის სახელით მოქმედებდა. მან იქადაგა მდინარეების: საარისა და ნეკარის ნაპირებზე მცხოვრებთა შორის, ტიურინგენში, ფრანკონიასა და ჰესენში, სადაც საკმაოდ მრავლად იყვნენ წარმართები. როდესაც შეიტყო, რომ ფრიზლანდიაში გარემოება შეიცვალა, ისევ გაემგზავრა იქით და სამი წელიწადი ეხმარებოდა უტრეხტის ეპისკოპოსს, ვილიბრორდს, შემდგომ კვლავ დაუბრუნდა გერმანიას.

როდესაც რომს მეორედ ესტუმრა, ბონიფაციუსმა საზეიმოდ შეჰფიცა ერთგულება პაპს და მისგან ეპისკოპოსის წოდება მიიღო. პაპმა აღუთქვა მფარველობა და შესაბამისი წერილები დაუგზავნა მაიორდომ კარლოს მარტელს და გერმანიის სასულიერო და საერო ხელისუფლებას. მაგრამ ბონიფაციუსი მალე დარწმუნდა, რომ კარლოს მარტელის თანადგომის იმედი არ უნდა ჰქონოდა. ეს უკანასკნელი და მასთან დაახლოებული სასულიერო დასი უკმაყოფილებას არ ფარავდნენ, როდესაც მათ საქმეებში პაპი ერეოდა მისივე რწმუნებულის საშუალებით.

ბონიფაციუსმა ისევ ჰესენს მიაშურა, სადაც ჯერ საკმაოდ ძლიერი იყო წარმართობა. ჰეისმარის მახლობლად იდგა უზარმაზარი მუხა, მიძღვნილი ჭექა-ქუხილის ღმერთისადმი და ცრუმორწმუნენი მას თაყვანს სცემდნენ. ბონიფაციუსმა მოჭრა ეს „წმინდა“ ხე. შიშით დაზაფრული წარმართები ელოდნენ, რომ ღმერთი შურს იძიებდა ამ კადნიერზე, მაგრამ არაფერი მოხდა და ისინიც დარწმუნდნენ თავიანთი ღვთაების არარაობაში. მოჭრილი მუხა წმინდა პეტრეს სახელობის პატარა ეკლესიის მშენებლობაზე გამოიყენეს. ასეთივე წარმატებით მოღვაწეობდა ბონიფაციუსი ტიურინგენშიც.

პაპ გრიგოლ II მემკვიდრემ, გრიგოლ III უფრო გაუფართოვა უფლებები და სამოღვაწეო სფერო ბონიფაციუსს – მიანიჭა მთელი გერმანიის არქიეპისკოპოსისა და პრიმასის წოდება და ეპარქიების შექმნის, ეპისკოპოსების დადგინების ნება დართო. ბონიფაციუსი როდესაც უფრო ახლოს გაეცნო გერმანელთა და ფრანკთა ეკლესიების მდგომარეობას, უფრო მეტად დარწმუნდა პაპისადმი მათი სრული დაქვემდებარების აუცილებლობაში. მას მიაჩნდა, რომ ეს იყო ერთადერთი საშუალება აღნიშნული ეკლესიების გათავისუფლებისა საერო და სასულიერო მმართველთა განუკითხაობისგან, რასაც შფოთი და არეულობა მოსდევდა.

მაგრამ ამ განზრახვის განხორცილება ძნელი აღმოჩნდა: ბონიფაციუსს თითქმის ყველგან მტრულად ხვდებოდნენ, უკმაყოფილო ხელისუფალნი ეურჩებოდნენ და არ აღიარებდნენ მის უფლებებს. ძველბრიტანული ეკლესიის მქადაგებლები – გაფანტულნი მთელ გერმანიაში – ცდილობდნენ, ყველგან რომისადმი მტრული განწყობა დაენერგათ. დიდი ხნის წინ დაარსებული ზოგი მონასტერი თავს სრულიად დამოუკიდებლად მიიჩნევდა და არ ემორჩილებოდა ბონიფაციუსის მიერ შემოღებულ წესებს. მაგრამ ამ უკანასკნელმა თავისი შეუპოვრობითა და დაუღალავი ძალისხმევით შეძლო წინააღმდეგობათა გადალახვა. მთელი მისი მოღვაწეობა გამუდმებული ბრძოლა იყო ხან წარმართებთან, ხან საერო და სასულიერო მმართველობასთან, ხანაც დამოუკიდებელი ეკლესიის მქადაგებლებთან.

ყველგან, სადაც მან ხალხის მოქცევა მოახერხა, მოაწყო ეკლესია-მონასტრები და ეპარქიები და ეპისკოპოსებად თავისი თანამზრახველები დანიშნა. მოგვიანებით განსაკუთრებით გაითქვა სახელი ფულდას მონასტერმა, რომელიც ბონიფაციუსმა თავის საყვარელ მოწაფეს, ბავარიელ შტურმს ჩააბარა. აქ ისწავლებოდა უმაღლესი მეცნიერებანი. საერთოდ ბონიფაციუსი ახალგაზრდობის განათლებაზე ზრუნავდა, ხსნიდა სასწავლებლებს; პირადად განუწყვეტლივ ზრდიდა რამდენიმე ყმაწვილს, რომლებიც შემდგომ მისი თანამუშაკნი და თანაშემწენი ხდებოდნენ.

ბონიფაციუსმა ინგლისიდან გამოითხოვა წიგნები სკოლებისთვის, წმინდა ჭურჭელი ეკლესიებისთვის, მოუხმო მონაზვნებს ახლად მოწყობილ მონასტრებში საცხოვრებლად. მან ინგლისის მრავალ სასულიერო პირთან შეინარჩუნა მეგობრული ურთიერთობა. ეპისკოპოს დანიელ ვინჩესტერელისადმი, აგრეთვე პაპისადმი მიწერილი მისი წერილები შეიცავს უაღრესად საინტერესო ცნობებს, თუ როგორი იყო ეკლესია ცენტრალურ ევროპაში და რა სირთულეები ეღობებოდა წინ მოშურნე მახარებელთა მოღვაწეობას.

ვიდრე ცოცხალი იყო კარლოს მარტელი, რომელიც საფრანგეთსა და გერმანიის ნაწილს მართავდა, ბონიფაციუსს გაუჭირდა წარმატების მიღწევა ფრანკთა მიწებზე, მაგრამ კარლოსის ვაჟები შედარებით დამყოლნი აღმოჩნდნენ: კარლომანმა, რომელიც განაგებდა ავსტრაზიას (ფრანკთა სამეფოს აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც ახლანდელი გერმანიის რამდენიმე ოლქიც შედიოდა) და პიპინმა, ნოისტრიის (ფრანკთა მიწების დასავლეთ ნაწილის, ანუ საფრანგეთის) მმართველმა ბონიფაციუსს ნება დართეს, ჩარეულიყო გალიის ეკლესიის საქმეებში, სადაც უკიდურესი განუკითხაობა და უწესრიგობა იყო გამეფებული.

ბონიფაციუსმა მოახერხა სინოდების ანუ ეკლესიის საქმეთა განსახილველი კრებების აღდგენა, რომლებიც ბოლო ოთხმოცი წლის განმავლობაში არ მოუწვევიათ. პირველივე სხდომებზე აღიკვეთა ზოგიერთი აღმაშფოთებელი უწესობა, გადააყენეს რამდენიმე უღირსი მღვდელთმთავარი და დაადგინეს ის ეპისკოპოსები, რომლებიც წარადგინა ბონიფაციუსმა, თავად კი ავსტრაზიის ეკლესიის მიტროპოლიტად აღიარეს. ამრიგად მთელი საფრანგეთის ეკლესიამ ცნო პაპის სრული უპირატესობა და ძალაუფლება, რასაც, როგორც ვიცით, დიდი ხანია სიტყვიერად აღიარებდნენ, მაგრამ საქმით ეს არ ჩანდა. დათმობა ახლაც არ მომხდარა წინააღმდეგობის გარეშე. საფრანგეთის სამ უმნიშვნელოვანეს ეპისკოპოსს (რუანის, რეიმსისა და სიენის) პაპმა ომოფორი გაუგზავნა, მაგრამ ისინი დიდხანს უარობდნენ მის მიღებას, რადგან ეს რომის ტახტისადმი თავიანთ დაქვემდებარებად მიაჩნდათ. მათი წინააღმდეგობა, როგორც იქნა, გატეხა ბონიფაციუსის შეუპოვრობამ.

ბონიფაციუსს ყველაზე მეტად გაუჭირდა ურთიერთობა მრავალრიცხოვან მქადაგებლებთან, რომლებიც მანამდე იღვწოდნენ გერმანიაში და თითქმის ყველა მათგანი ძველბრიტანულ ეკლესიას ეკუთვნოდა. ისინი თავდაუზოგავად და უანგაროდ შრომობდნენ და დიდი გავლენითაც სარგებლობდნენ. ხშირად ერი მათ გაცილებით ყურადღებით უსმენდა, ვიდრე ხელისუფლებასთან დაკავშირებულ სასულიერო პირებს, რომლებიც პაპის მმართველობის დამყარებისთვის იღვწოდნენ.

ძველბრიტანული ეკლესიის მქადაგებლები – რომის ეკლესიის გამარჯვებით დიდად დამწუხრებულნი – დიდხანს და შეუპოვრად ეწინააღმდეგებოდნენ ბონიფაციუსს. მათთვის მიუღებელი მის მიერ შემოღებული საეკლესიო მოწყობა და წესდება, უარყოფდნენ სასულიერო პირთა უქორწინებლობას, რომის ბევრ ტრადიციას ცრურწმენას უწოდებდნენ. ამავე დროს თავად ეს მქადაგებელნი ჯიუტად და ბრმად იცავდნენ ჩვეულებებს, რომლებიც ეკლესიისთვის უცხო იყო.

ბონიფაციუსსა და მათ შორის მძიმე, უთანასწორო ბრძოლა გაჩაღდა. ძალაუფლება ბონიფაციუსის მხარეს იყო. პაპები მას და მის მომხრეებს არათუ ნებას რთავდნენ, უბრძანებდნენ – უმკაცრესად გასწორებოდნენ „ბრიტანელ ერეტიკოსებს“, რომლებსაც გმობდნენ, ჯურღმულებში ამწყვდევდნენ, დევნიდნენ, ასახლებდნენ... ეს განსაკუთრებით გამოცადეს მქადაგებლებმა: ადალბერტმა, კლიმენტიმ და ვირგილიუსმა. ბოლოს ყველა იძულებული გახდა, დამორჩილებოდა ბონიფაციუსს, რომელსაც ზურგს უმაგრებდნენ რომი და ყველა ადგილობრივი ხელისუფალი. ძველბრიტანული, დამოუკიდებელი ეკლესიის მმართველობა დროებით დამარცხდა გერმანულ მიწებზე.

ბონიფაციუსის გამუდმებულ და დაუღალავ მოღვაწეობას ნიადაგ მხარს უჭერდა რომი, სადაც მან მესამედაც იმოგზაურა. თავისი ორმოცწლიანი შრომის დასასრულს ბონიფაციუსმა დატოვა მოწყობილი, მკაცრ კანონებსა და პაპის ტახტს დაქვემდებარებული ეკლესია. მასთან ბრძოლაში დამარცხდნენ გალიის ეპისკოპოსები და ძველბრიტანული ეკლესიის მქადაგებლები. ბონიფაციუსი განაგებდა მთელი გერმანიის საეპისკოპოსოებს, მაგრამ თავად არ ჰქონდა ეპარქია; მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს დაინიშნა მაინცის ეპისკოპოსად.

ამ ეპარქიაში ბონიფაციუსის წინამორბედი ეპისკოპოსების ცხოვრების მაგალითად გამოდგება შემდეგი ამბავი: კარლოს მარტელის მმართველობისას ამ ოლქს განაგებდა მისი ერთ-ერთი მთავარსარდალი, რომელიც ბრძოლაში მოკლეს. კარლოს მარტელმა მოისურვა, დახმარებოდა მის დაობლებულ ოჯახს და ეპარქია ჩააბარა გარდაცვლილის უფროს ვაჟს. ჰევილიბი მამასავით მეომარი იყო და მეორე წელიწადსვე სალაშქროდ გაემართა. მამის სიკვდილისთვის შურისძიებით ანთებულმა სათათბიროდ მიიტყუა მეომარი, რომელმაც მამამისი მოკლა, და საკუთარი ხელით გამოასალმა სიცოცხლეს. მაშინდელი ეპისკოპოსისაგან ასეთი ქმედებანი უჩვეულო არ იყო, მაგრამ ბონიფაციუსმა მაინც მოითხოვა ჰევილიბის გადაყენება.

მრავალწლიანი მოღვაწეობით დამაშვრალმა ბონიფაციუსმა იგრძნო, რომ საქმის გასაგრძელებლად ძალა აღარ შესწევდა და ახალ პაპს, ზაქარიას, სთხოვა უფლება (რაც უკვე აღუთქვა გრიგოლ III), თავის სიცოცხლეშივე აერჩია მემკვიდრე, რათა მისთვის გადაეცა მაინცის ეპისკოპოსისა და გერმანიის პრიმასის წოდება. პაპი უხალისოდ დაეთანხმა, რადგან ეშინოდა, გერმანიის უდიდეს ეკლესიას და მის პრიმასს მოგვიანებით დამოუკიდებლობა არ გამოეცხადებინა. მაგრამ უარი მაინც ვერ აკადრა ბონიფაციუსს, რომელმაც 754 წელს თავისი წოდება და უფლებები გადაულოცა თავის მოწაფესა და თანამემამულეს – ლულას.

ბონიფაციუსმა მოისურვა, თავისი სიცოცხლის უკანასკნელი დღეები და შერჩენილი ძალები მიეძღვნა საქმისთვის, რითაც თავისი მოღვაწეობა დაიწყო – წარმართ ფრიზებთან ქადაგებით. ისინი ჯერ კიდევ მრავლად იყვნენ, მიუხედავად ამდენი მახარებლის ძალისხმევისა.

ორმოცდაათ თანამზრახველთან, ძირითადად მონაზვნებთან, ერთად მოხუცი ბონიფაციუსი რეინს დაუყვა, გადალახა ზუიდერზი, კარვები მდინარე ბორნას ნაპირას გააშლევინა, იქიდან მოიარა წარმართების სამკვიდრო მხარეები, უქადაგა და რამდენიმე ათასი კაცი მონათლა. ბონიფაციუსმა ახალმოქცეულებს უთხრა, დათქმულ დღეს მასთან მისულიყვნენ მირონცხების საიდუმლოს აღსასრულებლად, და მხლებლებთან ერთად კარვებს დაუბრუნდა.

იმ დღეს, 755 წლის 5 ივნისს, გამთენიისას მან გაიგონა მოახლოებული ბრბოს ხმაური, ეგონა – ახალმოქცეულები მოდიოდნენ და სიხარულით გამოეგება, მაგრამ მისკენ მოემართებოდა შეიარაღებული წარმართების ტალღა – მათ გადაეწყვიტათ, თავიანთი ღმერთების შეურაცხყოფისთვის შური ეძიათ მახარებლებზე. მხლებლებმა იარაღს სტაცეს ხელი, მაგრამ ბონიფაციუსმა ისინი შემდეგი სიტყვებით შეაჩერა: „მტკიცე იყავით და სულით შეუძვრელნი, სასოებდეთ უფალს და ნუ შეგეშინდებათ მათი, ვისაც ხორცის მოკვდინება შეუძლია“. მოხუცმა სახარება მაღლა აღმართა და მშვიდად შეეგება სიკვდილს – 78 წლისამ მიაბარა უფალს სული; მისმა თანამზრახველებმაც რწმენას შესწირეს სიცოცხლე. ბონიფაციუსის ნეშტი გადაასვენეს მის საყვარელ ფულდას მონასტერში. ხოლო ფრიზებთან ქადაგება წარმატებით განაგრძო 14 წლის ასაკიდან მისმა მოწაფემ, სარწმუნოებისთვის თავდადებულმა გრიგოლმა.

ბონიფაციუსის მოღვაწეობას სხვადასხვაგვარად აფასებენ – ერთნი მოწიწებით იხსენიებენ, როგორც გერმანიის ეკლესიის დამაარსებელს და მის საქმიანობას გამართლებულად მიიჩნევენ. მეორენი საყვედურობენ, რაკი ასე შეუწყო ხელი პაპის მმართველობის გაძლიერებას და დიდ ყურადღებას უთმობდა ეკლესიის გარეგნულ კეთილმოწყობას, მაგრამ თრგუნავდა ადრინდელი მქადაგებლების მიერ დანერგილ მრავალ კეთილ საწყისს. მიუხედავად აზრთა ამგვარი სხვადასხვაობისა, ყველა აღიარებს მის გულწრფელობას, უანგარობასა და თავგანწირვას. ყველას აოცებდა მისი უდრეკი ნებისყოფა, ფართო აზროვნება და წამოწყებული საქმის განსრულებისადმი თავდადება. ყოველივე ამისთვის მას სამართლიანად ეწოდა გერმანიის მოციქული, თუმცა, როგორც ვიცით, ის ამ მიწებზე პირველი მქადაგებელი არ ყოფილა.

სავარაუდოა, საშინელმა უწესრიგობამ საფრანგეთის ეკლესიაში, მის საქმეებში საერო ხელისუფალთა თვითნებურმა ჩარევამ და ქრისტიანული განათლების დაცემამ აფიქრებინა ბონიფაციუსს, რომ რომის სასულიერო ხელისუფლების მმართველობის ქვეშ უკეთ განვითარდებოდა და შენარჩუნდებოდა სულიერი საწყისები, რასაც ეკლესია ეფუძნება. თავად ბონიფაციუსი გულწრფელად და მონდომებით ზრუნავდა განათლებაზე, დაუნდობლად ებრძოდა თანამდებობათა გაყიდვას, სასულიერო პირთა მხრიდან მოვალეობათა არად ჩაგდებას. რომის პაპისადმი თავისი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, მასაც თამამად მიუთითებდა მისი ნებართვით ჩადენილ ბოროტმოქმედებებზე.

მაგრამ რომის ეკლესია უკვე იდგა მცდარ გზაზე; გარეგნული უპირატესობისა და ძლიერების ძიებაში მისი მოღვაწეობა სულ უფრო შორდებოდა ჭეშმარიტ ქრისტიანულ საწყისებს. წარმართების მოქცევამ თანდათანობით პაპის ძალაუფლებისადმი იძულებით დამორჩილების ხასიათი მიიღო. ძირითად მიზნად იქცა არა ქრისტიანული ეკლესიის დაფუძნება, არამედ პაპის უპირატესობის აღიარება, ხოლო ქვეყნის ჭეშმარიტი განათლება არავის ახსოვდა. იგებოდა ეკლესია-მონასტრები, ადამიანები ინათლებოდნენ და ღვთისმსახურებასაც ესწრებოდნენ, მაგრამ სარწმუნოების შესახებ თითქმის არაფერი იცოდნენ. მიუხედავად ამისა, ქვეყანა გაქრისტიანებულად ითვლებოდა.

ამგვარი მოვლენების მიზეზი ისიც იყო, რომ რომის ეკლესიამ ყველგან ლათინურ ენაზე შემოიღო ღვთისმსახურება და წმინდა წერილს სხვა ენებზე საერთოდ არ თარგმნიდა. მხოლოდ მოშურნე მქადაგებლები თვლიდნენ საჭიროდ, შეესწავლათ ადგილობრივი ენა, რათა ახალმოქცეულთათვის ყველაზე აუცილებელი ლოცვები ეთარგმნათ. ასე იღვწოდნენ რომის მახარებლები VIII-IX საუკუნეების განმავლობაში, როდესაც პაპის ძალაუფლება სწრაფად იზრდებოდა აღმოსავლეთ-დასავლეთში მომხდარ სხვადასხვა ხელსაყრელ გარემოებათა გამო. ბონიფაციუსის მოწაფემ, ლულამ, მიიღო მისი უფლებები, მაგრამ განსხვავებით მისგან, ნაკლებად უერთგულა პაპის ტახტს. პაპებიც არ ენდობოდნენ და ცდილობდნენ, შეეზღუდათ მისი გავლენა. მოგვიანებით კელნის, ზალცბურგისა და პასაუს ეპარქიები გაუთანაბრეს მაინცის ეპარქიას, თუმცა ეს უკანასკნელი მაინც ყველაზე დიდი პატივისცემით სარგებლობდა.

გერმანული ტომებიდან ძველ სარწმუნოებასა და ეროვნულ დამოუკიდებლობას ყველაზე ჯიუტად საქსონელები იცავდნენ. მათთანაც პირველნი ინგლისელი მქადაგებლები მივიდნენ. შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში, ფრანკები ცდილობდნენ საქსონელების დაპყრობასა და იძულებით მონათვლას, მაგრამ ამაოდ. ბონიფაციუსიც რამდენჯერმე მიადგა მათ საზღვრებს, მაგრამ ვერაფერი გააწყო. მათი გაქრისტიანება მხოლოდ VIII საუკუნის უკანასკნელ წლებში მოხერხდა, თუკი მახვილის ძალით მოქცეულებზე ასე შეიძლება ითქვას.

ეს იყო ეპოქა კარლოს დიდისა (768-814 წწ.), რომელიც საქსონელებს დაუნდობლად ებრძოდა. მის ლაშქარს უკან მიჰყვებოდნენ მღვდლები და მონაზვნები, რომლებიც ნათელს სცემდნენ დამარცხებულებს, ჩეხავდნენ „წმინდა ხეებსა“ და „ღმერთებისადმი“ მიძღვნილ მუხნარებს, აგებდნენ ტაძრებს. საქსონელებს სძულდათ ქრისტიანობა, როგორც თავიანთი მტრების სარწმუნოება. მათი ბელადი ვიტეკინდი ბრძოლაში მიღწეული ყოველი წარმატების შემდეგ იწყებდა ქრისტიანი მქადაგებლების დევნას. თავად მოსახლეობა წვავდა და ანადგურებდა ტაძრებს, ხოცავდა მღვდლებს, ხელახლა აღმართავდა საკუთარ კერპებს. მათ ასეთ ქმედებებს მოჰყვა კარლოს დიდის შემზარავი შურისძიება – მისი ბრძანებით ოთხიათას ხუთასამდე საქსონელი დასაჯეს სიკვდილით. VIII საუკუნის დასასრულს, ოცდაათწლიანი ბრძოლის შემდეგ, საქსონელების სიმტკიცე საბოლოოდ გატყდა – მეთაურები მოინათლნენ, ყველა მხარეში დაიგზავნენ მღვდლები და მონაზვნები, აიგო ბევრი ტაძარი, დაარსდა რამდენიმე ეპარქია... ახალმოქცეულებს დაეკისრათ შემოსავლის მეათედის გადახდა სასულიერო დასისთვის. მაგრამ ბევრი საქსონელი ფარულად მაინც საკმაოდ დიდხანს დარჩა კერპთაყვანისმცემლად...

კარლოს დიდი უმკაცრეს კანონებს იღებდა და ახორციელებდა – სიკვდილით ისჯებოდა ყველა, ვინც ნათლისღებაზე იტყოდა უარს; ვინც უკვე ნათელღებული ფარულად აღასრულებდა წარმართულ რიტუალებს; ვინც ტაძარს გადაწვავდა... ყველა ეს ზომა ადასტურებს ადგილობრივთა არაგულწრფელად გაქრისტიანებას.

კარლოს დიდი შემდგომაც ცდილობდა ქრისტიანობის დამკვიდრებას ავარებში (რომლებიც პანონიაში დაამარცხა) და გერმანელების მეზობლად მცხოვრებ სლავურ ტომებში (ხორუტანებსა და მორავიელებში). ამისთვის გულმოდგინედ იღვწოდა ზალცბურგის ეპისკოპოსი არნოც, მაგრამ ბევრს ვერაფერს მიაღწია. ხალხისთვის გაუგებარ ენაზე ნაქადაგები ქრისტიანული სარწმუნოება ვერც გავრცელდა და ვერც დამკვიდრდა. ამას არად დაგიდევდნენ პაპები – საკმარისი იყო ქვეყანაში ტაძრები აშენებულიყო და ეპარქიები შექმნილიყო, რომ ისინი მას უკვე ქრისტიანულ და თავის მმართველობას დაქვემდებარებულ მხარედ მიითვლიდნენ.

ამ ქვეყნებში ქრისტიანობის საწყისებს ჩვენ შემდგომაც დავუბრუნდებით, ახლა კი რამდენიმე სიტყვა ესპანეთის ეკლესიაზე. იქ V საუკუნის შუა წლებიდან ბატონობდნენ არიანელი ვესტგოთები, რომლებიც არავის სდევნიდნენ ნიკეის აღმსარებლობისთვის. პირველი მარტვილობა, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, განეკუთვნება VI საუკუნის დასასრულს. არიანულად აღზრდილი უფლისწული ჰერმენგილდი ჭეშმარიტებისკენ მოაქციეს მისმა მეუღლემ და სევილიის ეპისკოპოსმა ლეანდრემ. მეფე ლეოვიგილდი მკაცრად ეპყრობოდა შვილს, განსაკუთრებით შეურაცხყოფდა მის მეუღლეს. ამგვარმა საქციელმა იმდენად განარისხა მეფის ძე, რომ მამის წინააღმდეგ იარაღი აღმართა და აჯანყება მოუწყო, მაგრამ დამარცხდა და საპყრობილეში მოხვდა. მეფემ სრული თავისუფლება აღუთქვა, თუ განუდგებოდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, რაც ჰერმენგილდისთვის უკვე სიცოცხლეზე ძვირფასი იყო. მან არ უარყო აღმსარებლობა, გაუძლო ტანჯვასა და ტყვეობას და მოწამებრივი სიკვდილით ჩამოირეცხა მამის წინააღმდეგ აჯანყების ცოდვა. მის ხსენებას ეკლესია 1 ნოემბერს აღნიშნავს. ლეოვიგილდის სიკვდილის შემდეგ სამეფო ტახტი დაიკავა უფლისწულმა რეკარედმა (586-601 წწ.), რომელმაც ჭეშმარიტი სარწმუნოება აღიარა. ამის შემდეგ ესპანეთში არიანელობა დაემხო.

VI საუკუნის დასასრულს ესპანეთში მომხდარ ერთ ამბავს ეკლესიის განვითარების ისტორიაში სამწუხარო შედეგები მოჰყვა. პატივმოყვარებისა და შეუწყნარებლობის სენით დაავადებული ესპანეთის სასულიერო დასი ნაკლებად ურთიერთობდა დანარჩენ ეკლესიასთან; უცხო რჯულის ხალხისადმი ხშირად გამოსცემდა სასტიკ, სისხლიან, ქრისტიანობისთვის მიუღებელ კანონებს, ცდილობდა სახელმწიფო საქმეებში ჩარევას; ტოლედოში მოწვეულ კრებაზე გადაწყდა, სარწმუნოების სიმბოლო თვითნებურად შეეცვალათ, რაც აკრძალული იყო მსოფლიო კრებების მიერ. სულ ცოტა ხნის წინ, V კრებაზე, იუსტინიანე მოითხოვდა, რომ სიმბოლოში სიტყვები „მარიამისაგან ქალწულისა“ შეეცვალათ სიტყვებით: „მარიამისაგან მარადისქალწულისა“, მაგრამ კრების მამებმა ერთსულოვნად უარყვეს ეს წინადადება, რადგან მიიჩნევდნენ, რომ უფლება არ ჰქონდათ, მსოფლიო კრების დადგენილება დაერღვიათ. ამ დროს კი ტოლედოს კრებაზე, 589 წელს, ესპანეთის ეპისკოპოსებმა, იმხანად დამხობილი არიანელობის შიშით, რამდენიმე სიახლე ჩართეს ღვთისმსახურებაში. აღმოსავლური ტრადიციის მსგავსად, მათაც შემოიღეს ყოვლადწმიდა სამების დიდებისმეტყველების ხშირი გამეორება, ევქარიისტის საიდუმლოს აღსრულებას წინ სარწმუნოების სიმბოლოს ხმამაღლა წაკითხვა. ამასთან არიანელთა დაგმობისა და ძე ღვთისას ღირსების განდიდების სურვილით სიმბოლოს მიამატეს ფრაზა, რომ სულიწმიდა გამოდის ძისგანაც (Fილიოქუე). შფოთისა და მღელვარების იმ ეპოქაში, როდესაც ეკლესიები ერთმანეთს იშვიათად უკავშირდებოდნენ, ამ მოვლენას არავინ მიაქცია სათანადო ყურადღება, მაგრამ მოგვიანებით მას უაღრესად არასასურველი შედეგები მოჰყვა.

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა