martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 47

ნესტორის ერესი და III მსოფლიო კრება. ევტიქის ერესი და IV მსოფლიო კრება. V მსოფლიო კრება.

 

როგორც კი დასავლეთში ოდნავ ჩაცხრა დავა პელაგიანიზმის ირგვლივ, მაშინვე აღმოსავლეთში დაიწყო და მეტისმეტად დიდხანს გასტანა ნესტორის ცრუსწავლებით აღძრულმა მღელვარებამ.

ანტიოქიელი პრესვიტერი ნესტორი 428 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქად აირჩიეს. მას პატივს სცემდნენ მკაცრი ცხოვრების, განსწავლულობისა და მჭევრმეტყველებისთვის. ნესტორი გასაქანს არ აძლევდა არიანელებსა და სხვა ცრუმასწავლებლებს, დაუნდობლად ამხელდა საეკლესიო წესებიდან უმცირეს გადახვევასაც კი.

ერთხელ პატრიარქის კლიროსის პრესვიტერმა ტაძარში ქადაგების დროს გამოთქვა აზრი, რომ, არ არის მართებული, ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს ეწოდებოდეს ღვთისმშობელი. გაოცებული მსმენელები ელოდნენ, რომ პატრიარქი უმალ უარყოფდა ამ შეხედულებას, მაგრამ პირიქით მოხდა – მან რამდენიმე ხნის შემდეგ დაადასტურა პრესვიტერის სიტყვები და განმარტა, რომ ყოვლადწმიდა ქალწულს უნდა ეწოდოს ქრისტეს მშობელი და არა ღვთისმშობელი, რადგან მან შვა არა ღმერთი, არამედ უბრალო ადამიანი, რომელსაც მხოლოდ მოგვიანებით, მისი წმინდა ცხოვრების გამო შეუერთდა ღმერთი.

ამ მკრეხელურმა აზრმა, რაც უკვე დაგმო ეკლესიამ პირველ საუკუნეებში, საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. პრესვიტერმა პროკლემ მაშინვე ამხილა ნესტორის შეხედულებათა მცდარობა, მაგრამ ეს უკანასკნელი მათ დაცვას განაგრძობდა. მისი მომხრე ერთი ეპისკოპოსი იმდენად გაკადნიერდა, რომ სახალხოდ დაწყევლა ყველა, ვინც ყოვლადწმიდა ქალწულს ღვთისმშობლად მოიხსენიებდა. ხალხის აღშფოთება სულ უფრო იზრდებოდა, მაგრამ ნესტორი იმპერატორისა და კარისკაცთა კეთილგანწყობით სარგებლობდა და დაუბრკოლებლად ავრცელებდა თავის სწავლებას კონსტანტინოპოლში, ხოლო შორეულ ეკლესია-მონასტრებში წერილობით აწვდიდა ამ მოძღვრებას.

აღნიშნულმა საუბრებმა ეგვიპტემდეც მიაღწია, რამაც მონაზონთა ისეთი გულისწყრომა გამოიწვია, რომ ალექსანდრიის პატრიარქმა, წმინდა კირილემ, საჭიროდ ჩათვალა, ზომები მიეღო თავისი სამწყსოს დასაცავად ცრუსწავლების გავლენისგან. სასულიერო პირებისა და მონაზვნებისადმი გაგზავნილ ეპისტოლეში მან ცხადად ამხილა ახალი შეხედულების მცდარობა, თუმცა ნესტორის სახელის ხსენებას მოერიდა, სამაგიეროდ ამ უკანასკნელს მისწერა წერილი, სადაც გმობდა მის მწვალებლურ აზრებს.

წმინდა კირილე, რომელმაც გარკვეული ხანი ნიტრიის უდაბნოში დაჰყო, 412 წლიდან ალექსანდრიის პატრიარქი იყო. მან შეცვალა თავისი ბიძა, ეპისკოპოსი თეოფილე ალექსანდრიელი, რომელიც ემტერებოდა წმ. იოანე ოქროპირს.

კირილეს მღვდელთმთავრობა რთულად დაიწყო. ალექსანდრიაში ისედაც დიდი გავლენა ჰქონდათ და შემდგომ უფრო ბევრი მომხრეც შეიძინეს ნოვაციანელებმა. კირილემ ისინი გააძევა ქალაქიდან, დაუხურა ტაძრები და ჩამოართვა საეკლესიო ნივთები. შემდეგ იუდეველებმა წამოიწყეს მღელვარებანი ქალაქში და ბევრი ქრისტიანიც შეიწირეს. კირილემ დამნაშავეები განდევნა, მისმა ამგვარმა ქმედებამ კი სამოქალაქო ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია. ყველა სირთულესთან ერთად, ალექსანდრიაში გამოცხადდნენ ნიტრიის მონაზვნები, რათა დაეცვათ, მათი აზრით, საფრთხეში მყოფი პატრიარქი. მათ შეუერთდნენ პარაბოლანები – ასე ეწოდებოდა მეტად მცირერიცხოვან ძმობას, რომელიც ძველთაგანვე არსებობდა ალექსანდრიაში და რომელთა მოვალეობაც იყო სნეულთა მოვლა და მიცვალებულთა დამარხვა.

კირილე ვერ ახერხებდა თავისი მომხრეების მოთოკვას და მათსა და ხელისუფლებას შორის ზოგჯერ სისხლიანი შეტაკებები ხდებოდა. ერთ-ერთი ასეთი შფოთის დროს ნიტრიელმა მონაზონმა პრეფექტ ორესტეს ქვა ესროლა და დააშავა, რისთვისაც ეს მონაზონი წამებით მოკლეს. შემდეგ ქუჩაში სასიკვდილოდ გაუსწორდნენ ერთ ქალწულს, იპატიას, რომელიც ფილოსოფიას ასწავლიდა ალექსანდრიაში. ამ ყველაფერში სამოქალაქო მმართველობა ხედავდა კირილეს გავლენას, რომელსაც ძალაუფლებისმოყვარე ადამიანად მიიჩნევდა. მას მტრებიც ჰყავდა, რომლებიც ცდილობდნენ იმპერატორის ამხედრებას მის წინააღმდეგ.

და აი, ეს ადამიანი აღუდგა წინ ნესტორს, რომელსაც იმპერატორი მფარველობდა და აღმოსავლეთის ბევრ ეპისკოპოსთან მეგობრობა აკავშირებდა. ნესტორი და მისი ეს მეგობრები დიდად გაანაწყენა კირილეს წერილმა და მას ეკლესიაში უთანხმოების ჩამოგდებაში დასდეს ბრალი. ბრალდებას კირილემ ასე უპასუხა: მშვიდობისა და სიყვარულისთვის მზად ვარ, ყველაფერზე ვთქვა უარი, ჭეშმარიტების გარდა! იგი სწერდა ნესტორს: „დავა ჩემი წერილის გამო კი არ დაიწყო, არამედ მავნე თხზულებათა მიზეზით, რომლებიც შენი ან სხვათა წყალობით ყველგან არის მიმოფანტული. ამ თხზულებებმა ისე შეძრა ეგვიპტე, რომ იძულებული შევიქენი, ასეთი საშუალებისთვის მიმემართა. ამრიგად, მიზეზი არა გაქვს, მე მადანაშაულებდე. გამოასწორე შენი შეხედულებები, გაანადგურე საცდური, უწოდე წმინდა ქალწულს ღვთისმშობელი. არადა, დარწმუნებული იყავი, ქრისტეს რწმენისთვის მზად ვარ, დავითმინო ყოველივე, სიკვდილიც კი!“

ამასობაში კონსტანტინოპოლში მღელვარება გამძაფრდა. ხალხზე გავლენის შესანარჩუნებლად პატრიარქმა ძალას მიმართა: თავის მოწინააღმდეგეებს ქადაგება აუკრძალა, ბევრი პრესვიტერი ერესში დაადანაშაულა და განკვეთა.

კირილემ იმპერატორის, მისი დისა და დედოფლისადმი მიწერილ წერილებში ჩამოაყალიბა ეკლესიის სწავლება ძე ღვთისას განხორციელების შესახებ. იმავდროულად დაუკავშირდა პაპ ცელესტინს და მოუწოდა, ჭეშმარიტების დასაცავად ემოქმედა.

430 წელს რომში მოწვეულმა კრებამ დაგმო ნესტორი და განაჩინა მისი დამხობა, თუ ცრუსწავლებას არ განუდგებოდა. იგივე გადაწყვეტილება დაადასტურა კირილეს მიერ ალექსანდრიაში მოწვეულმა კრებამ. კირილემ ისევ მისწერა ნესტორს და კრების სახელით გაუგზავნა ეკლესიის დოგმატის ზედმიწევნითი გადმოცემა, რომელსაც დაურთო თორმეტი „ანათემატიზმი“, ანუ ცრუსწავლების თორმეტპუნქტიანი დაგმობა.

ნესტორმა და მისმა მიმდევრებმა უარყვეს ანათემატიზმები და თავიანთი მხრიდან კირილე ერესში დაადანაშაულეს. უთანხმოება გამძაფრდა... რომსა და ალექსანდრიაში მოწვეულ კრებებს საქმის საბოლოოდ გადაწყვეტის უფლება არ ჰქონდათ, რადგან ეკლესიაში უპირატეს ხმას არც რომის ეპისკოპოსი ფლობდა და არც ალექსანდრიისა. მაშინ თეოდოსიმ გადაწყვიტა ქალაქ ეფესოში III მსოფლიო კრების მოწვევა. ის უნდა გახსნილიყო 431 წლის 7 ივნისს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში.

კირილე და რამდენიმე ეპისკოპოსი დათქმულ დრომდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ ეფესოში. ჩავიდა ნესტორიც და საკუთარი უსაფრთხოების მიზნით იმპერატორს შეიარაღებული დაცვა სთხოვა. იმპერატორმა თხოვნა შეუსრულა, თანაც გამოგზავნა სამოქალაქო პირი – დიდებული, რომელსაც უბრძანა, კრების სხდომებს დასწრებოდა, ოღონდ საღვთისმეტყველო პაექრობაში არ ჩაბმულიყო და მხოლოდ წესრიგის დაცვისთვის ედევნებინა თვალყური. ეს დიდებული და ბევრი ეპისკოპოსი ნესტორს ემხრობოდნენ. მთელი აღმოსავლეთი ღელავდა, თუ როგორ გადაწყდებოდა წამოჭრილი საკითხი.

დათქმული დროც მოვიდა... მაგრამ ეფესოში ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩასულნი პაპის წარმომადგენლები, ანტიოქიის პატრიარქი იოანე და სირიის ეპისკოპოსები. ცნობილი იყო, რომ ანტიოქიის პატრიარქიც და ეპისკოპოსებიც ნესტორს ემხრობოდნენ, ამიტომ ყველა ეჭვობდა, განგებ ხომ არ იგვიანებდნენ, რათა ნესტორის მხილებაში არ მიეღოთ მონაწილეობა ან ჰქონოდათ მიზეზი, წინ აღდგომოდნენ დაგმობას, თუკი ის გამოცხადდებოდა. თექვსმეტდღიანი ლოდინის შემდეგ ეპისკოპოსთა უმრავლესობამ გადაწყვიტა, მათ გარეშე გაეხსნათ კრება კირილეს თავმჯდომარეობით. სამჯერ მიიწვიეს ნესტორი, მაგრამ მან უკანონოდ მიიჩნია კრება ზოგიერთი ეპისკოპოსის დაუსწრებლობის გამო და მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იმავე აზრს მიემხრნენ იმპერატორის გამოგზავნილი დიდებული და ნესტორის სხვა მიმდევრები. მიუხედავად ამისა, რადგანაც უმრავლესობა კრების გახსნას უჭერდა მხარს, სხდომები დაიწყო...

უპირველესად ხმამაღლა წაიკითხეს სარწმუნოების ნიკეის სიმბოლო, როგორც ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლების გადმოცემა, შემდეგ კირილეს მხილება ნესტორის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელის თხზულებები. ყველამ ერთსულოვნად აღიარა, რომ კირილეს შეხედულებანი ნიკეის მრწამსს ეთანხმებოდა, ხოლო ნესტორის განმარტებანი მიუღებელი იყო. შემდეგ წაიკითხეს გამონათქვამები ეკლესიის დიდი მამების ნაწერებიდან იესო ქრისტეს განხორციელების შესახებ. ნესტორი ერთსულოვნად დაგმეს მწვალებლური სწავლებისთვის და ჩამოართვეს ეპისკოპოსის ხარისხი. ეს განჩინება გამოცხადდა საჯაროდ და ეცნობა იმპერატორს.

რამდენიმე დღის შემდეგ ეფესოში ჩავიდნენ ანტიოქიის პატრიარქი და სირიის ეპისკოპოსები, მათ პაპის რწმუნებულებიც მიჰყვნენ. ამ უკანასკნელეთ აღიარეს კრების გადაწყვეტილების კანონიერება, მაგრამ ანტიოქიის პატრიარქმა და სირიის ეპისკოპოსებმა იგი უკანონოდ მიიჩნიეს. შემდეგ ნესტორთან და მის მიმდევრებთან ერთად მოიწვიეს ახალი კრება, რომელზეც კირილე გამოაცხადეს ერეტიკოსად და განაჩინეს მისი და ეფესოს ეპისკოპოსის დამხობა. არაფერი თქმულა ნესტორის სწავლების შესახებ. ეს განჩინება გაუგზავნეს იმპერატორს, როგორც ნამდვილი მსოფლიო კრების გადაწყვეტილება. ურთიერთსაწინააღმდეგო ამბებით დაბნეულმა იმპერატორმა აღარ იცოდა, რა ექნა, ბოლოს დაადასტურა განჩინებანი ორივე მხარის დამხობის შესახებ და ნესტორისა და კირილეს ტყვედ აყვანა ბრძანა.

კონსტანტინოპოლის მოსახლეობა აღაშფოთა საქმის ასეთმა დასასრულმა. სასახლისკენ გაემართა მონაზონთა დასი, რათა იმპერატორისთვის საქმის გადახედვა ეთხოვა; მას სათავეში ედგა ცნობილი მოღვაწე დალმაციუსი, რომელიც ორმოცდაოთხი წლის განმავლობაში სრულიად განმარტოებით ცხოვრობდა. მონაზვნებს უამრავი ხალხი გაჰყვა. მათ იმპერატორი დაჰპირდა, რომ მოუსმენდა ორივე მხარის წარმომადგენლებს. ხალხი ამ პასუხმა დააკმაყოფილა და სიხარულის ყიჟინით გაემართა ეკლესიისკენ. გზად 150-ე ფსალმუნს გალობდნენ: „აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა!“. დალმაციუსმა შეკრებილ ხალხს წაუკითხა კირილესგან მიღებული წერილი, სადაც გადმოცემული იყო საქმის არსი. კითხვის დამთავრებისას ხალხში გაისმა შეძახილები: „ნესტორს ანათემა!“

იმპერატორმა, მართლაც, მოიწვია ორივე მხრიდან რვა-რვა ეპისკოპოსი და საქმის მსვლელობის ყურადღებით შესწავლის შემდეგ ჭეშმარიტებამ იზეიმა – დაიგმო ნესტორის ცრუსწავლება.

ეფესოს მსოფლიო კრებაზე მიღებულ იქნა რვა კანონი, რასაც ორასზე მეტმა ეპისკოპოსმა მოაწერა ხელი. ამ კანონთაგან ერთ-ერთი კრძალავდა სარწმუნოების ახალი სიმბოლოს შედგენას ან რაიმეს შეცვლას ნიკეის სიმბოლოში. ხოლო ეკლესიის დოგმატი ძე ღვთისას განხორციელების შესახებ შემდეგი სიტყვებით ჩამოყალიბდა:

“ვაღიარებთ, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის ძე ღვთისა, ღმერთი სრულყოფილი და კაცი სრულყოფილი, სხეულითა და გონიერი სულით; რომ იგი უწინარეს საუკუნეთა იშვა მამისგან ღვთაებრივად და უკანასკნელ ჟამს ჩვენთვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის იშვა ქალწულ მარიამისგან კაცობრივად. ამრიგად, აღსრულდა შეერთება ორი ბუნებისა, რისთვისაც ვაღიარებთ ერთ ქრისტესა და ერთ უფალს“.

წმინდა კირილე ალექსანდრიაში დაბრუნდა და სიკვდილამდე, 444 წლამდე, უძღვებოდა ეკლესიას; ზრუნავდა ევიპტეში წარმართობის ნაშთების აღმოსაფხვრელად; დაწერა რამდენიმე მნიშვნელოვანი თხზულება. მასვე მიაწერენ ლოცვას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი: „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ...“. ითვლება, რომ მანვე შეადგინა დიდი პარასკევის ჟამნების წესი. მისი ხსენების დღეა 9 ივნისი.

ნესტორმა რამდენიმე წელი დაჰყო მონასტერში ანტიოქიის მახლობლად. რადგანაც არ განუდგა თავის ცრუსწავლებას, იგი მოგვიანებით გადაასახლეს ეგვიპტის ერთ-ერთ უდაბურ ადგილას, სადაც გარდაიცვალა (ზოგიერთი გადმოცემით მისი ენა მატლებისგან იყო დაჭმული).

ნესტორის შემდეგ კონტანტინოპოლის პატრიარქის ტახტი დაიკავა მოხუცმა მაქსიმიანემ, რომელიც მალევე შეცვალა წმინდა პროკლემ, იოანე ოქროპირის მოწაფემ, რომელიც თავიდანვე წინ აღუდგა ნესტორს. მისი მღვდელთმთავრობის დროს იოანე ოქროპირის ნაწილები კონსტანტინოპოლში გადმოასვენეს. ამავე პერიოდს უკავშირდება 439 წელს მომხდარი საოცარი ამბავი: საშინელმა მიწისძვრამ თავზარი დასცა ხალხს. ქრისტიანებმა ჯვრით მსვლელობა მოაწყეს ქალაქში და ღმერთს ევედრებოდნენ, ეს უბედურება შეეჩერებინა. თან ცრემლმომდგარნი გაიძახოდნენ: უფალო, შეგვიწყალენ! უცებ, ლოცვა-ვედრების დროს, ერთი ყმაწვილი ჰაერში აიტაცა უხილავმა ძალამ. როდესაც მიწაზე დაეშვა, მან ხალხს უამბო, რომ იხილა ანგელოზთა დასები, რომლებიც გალობდნენ: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგვიწყალენ ჩუენ“. როგორც კი ერმა გალობა გაიმეორა, მიწისძვრა შეწყდა. მაშინვე დადგინდა, ეს საგალობელი ღვთისმსახურებაში ჩაერთოთ.

კრების გადაწყვეტილების შემდგომაც არ შეწყვეტილა ნესტორის მიერ წამოწყებული დავა. მრავალი მომხრე ცდილობდა გაევრცელებინა ნესტორის შეხედულებები. სიმართლის დასადასტურებლად ისინი მიმართავდნენ ახლახანს გარდაცვლილი თეოდორე მოპსუესტიელის, მისი მოწაფე თეოდორიტე კვირელისა და ივა ედესელის თხზულებებს.

ამ ეპისკოპოსების ნაწერებში ნამდვილად გვხვდება ნესტორის ცრუსწავლებასთან მიმსგავსებული ზოგიერთი შეხედულება. თეოდორიტე, სირიის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ეპისკოპოსი, დიდხანს უჭერდა მხარს ნესტორს და წერილობით გმობდა კირილეს ანათემატიზმებს, მაგრამ შემდგომ შეიგნო თავისი ცდომილებანი. ასევე მოიქცა ივა ედესელიც. ნესტორის მომხრეებმა ამ მღვდელთმთავართა თხზულებებიდან ამოწერეს ყველაფერი, რაც მათ შეხედულებებს ადასტურებდა, სხვადასხვა ენაზე გადათარგმნეს და ეკლესიის ჭეშმარიტ სწავლებად წარმოაჩინეს. როდესაც დაინახეს, როგორი წარმატებით ვრცელდებოდა ცდომილებები, მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმა, მათ შორის პროკლე კონსტანტინოპოლელმა, ამხილეს ისინი, მაგრამ მშვიდობის შესანარჩუნებლად არ დაასახელეს მათი ავტორები.

მღელვარება მაინც არ ცხრებოდა. ამან სირიის ხელისუფლება აიძულა, მკაცრი ზომები მიეღო – მან უკანონო ქმედებებისთვის განდევნა ზოგიერთი ნესტორიანელი, რომელთაც თავშესაფარი სპარსეთის მეფემ მისცა. მალე დევნილებმა მისი ისეთი კეთილგანწყობა მოიპოვეს, რომ ედესაში დიდი სასწავლებელი გახსნეს, სადაც მქადაგებლებს ზრდიდნენ თავიანთი მოძღვრების გასავრცელებლად.

მათი მცდელობით ნესტორიანელობა გავრცელდა ეგვიპტეში, სირიაში, ინდოეთში, ჩინეთშიც კი შეაღწია. ერთ-ერთი ყველაზე თავგამოდებული ნესტორიანელი, ნიზიბიის ეპისკოპოსი თომა ბარსუმა, სასტიკად დევნიდა მართლმადიდებლებს სპარსეთში:[1] სჯიდა, ართმევდა ტაძრებს, უდგენდა ნესტორიანელ ეპისკოპოსებს. მოგვიანებით, როდესაც ძალები მოიკრიბეს, ნესტორიანელებმა ქტესიფონში (ქალაქი ასურეთში, ტიგროსის ნაპირას) დაადგინეს მღვდელმთავარი, რომელსაც კათოლიკოსი უწოდეს.

მალე კონსტანტინოპოლში ახალი მღელვარება დაიწყო. ღვთისმსახური ეპიკოპოსები ერიდებოდნენ ქრისტიანული სიყვარულისათვის ესოდენ საშიშ საღვთისმეტყველო პაექრობათა წამოწყებას, რადგან იცოდნენ, როგორ ურთიერთმტრობას იწვევდა ასეთი დავები. მაგრამ, სამწუხაროდ, გამოჩნდნენ მღვდელთმთავრები, რომლებიც ხალისით აღძრავდნენ შუღლს პირადი მიზნებისთვის. ერთ-ერთი მათგანი იყო კირილე ალექსანდრიელის მემკვიდრე დიოსკორე – ამაყი და ძალაუფლების მოყვარე ადამიანი, რომელსაც არ სიამოვნებდა კონსტანტინოპოლის კათედრის პირველობა. დიოსკორე ყველგან გაფაციცებით ეძებდა ერესის უმცირეს კვალსაც კი, გაუთავებლად სდებდა ბრალს ხან ერთ, ხან მეორე ეპისკოპოსს და ახალი უთანხმოების ჩამოგდებას ცდილობდა.

კონსტანტინოპოლის ერთ-ერთ მონასტერში იმ დროს მოღვაწეობდა არქიმანდრიტი ევტიქი, რომელიც ნესტორის გააფთრებულ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა. მაგრამ თავად ჩავარდა საპირისპირო უკიდურესობაში და დაიწყო მტკიცება, რომ უფალ იესო ქრისტეში კაცობრივი ბუნება სრულად შთანთქა ღვთაებრივმა, ამიტომაც მაცხოვარში მხოლოდ ეს ერთი – ღვთაებრივი ბუნება უნდა იქნეს აღიარებული.

ზოგიერთმა ეპისკოპოსმა კონსტანტინოპოლის პატრიარქის, პროკლეს მემკვიდრე ფლაბიანეს, წინაშე მოითხოვა, რომ ევტიქის ერეტიკული შეხედულებანი განეხილა ადგილობრივ კრებას, რომელიც ზუსტად მაშინ, 448 წლის ნოემბერში, მიმდინარეობდა კონსტანტინოპოლში. მშვიდობისმოყვარე ფლაბიანეს არ უნდოდა დავის დაწყება; ეშინოდა, არ დაერღვია ახლახანს დამკვიდრებული სიმშვიდე და ცდილობდა, პირადად შეეგონებინა ევტიქისთვის მის შეხედულებათა მცდარობა, მაგრამ ამაოდ.

კრება იძულებული გახდა, ამ ბრალდების საფუძველზე საპასუხოდ ეხმო ევტიქი, რომელმაც რამდენჯერმე უარი განაცხადა მისვლაზე. ხოლო მესამედ მოხმობის შემდეგ, იგი შეიარაღებულ მცველებთან ერთად გამოცხადდა. ეპისკოპოსების შეკითხვებს ორაზროვნად პასუხობდა და ფლაბიანეს არად აგდებდა. იგი ერესში ამხილეს და კრების განჩინებით საეკლესიო ხარისხი ჩამოართვეს. მაგრამ ევტიქი ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა და მისი ხელახალი განხილვა მოითხოვა; დააგზავნა წერილები ეპისკოპოსებთან, მათ შორის რომის პაპ ლეონ დიდთანაც, და ფლაბიანე ნესტორიანელობისკენ მიდრეკაში დაადანაშაულა. პაპმა ფლაბიანესგან შეიტყო საქმის ნამდვილი ვითარება, ამხილა ევტიქის ნააზრევი და წერილობით ჩამოაყალიბა ეკლესიის სწავლება ქრისტეში ორი ბუნების: ღვთაებრივისა და კაცობრივის შეერთების შესახებ.

მაგრამ ევტიქის ძლიერი მფარველები ჰყავდა – დედოფალი ევდოკია და იმპერატორ თეოდოსის უახლოესი საჭურისი ქრისათე, რომელიც დიდი ძალაუფლებით სარგებლობდა. მას სძულდა ფლაბიანე, რადგან როცა ფული სთხოვა, მისგან უარი მიიღო ასეთი პასუხით – ეკლესიის სახსრები მხოლოდ ეკლესიის საჭიროებას ან ღარიბებს უნდა მოხმარდესო. გარდა ამისა, ევტიქიმ ერთგულ მოკავშირეს მიაგნო დიოსკორე ალექსანდრიელის სახით, რომელმაც ხელიდან არ გაუშვა შემთხვევა, წინ აღდგომოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქს.

ამ უღირსმა თანამზრახველებმა ფლაბიანეს ერესში დასდეს ბრალი და იმპერატორი დაარწმუნეს, ეფესოში მოეწვია კრება; იგი შედგა 449 წელს დიოსკორეს თავმჯდომარეობით. ფლაბიანეს ხვედრი თავიდანვე იყო გადაწყვეტილი. დიოსკორეს განკარგულებაში იყო შეიარაღებული მეომრების რაზმები, მანვე მოიყვანა ათასამდე თავისი ერთგული მონაზონი; ხალხში ხმა დაყარა, თითქოს ფლაბიანე და მისი მომხრეები უფალ იესო ქრისტეს ერთ პიროვნებას ორად ხლეჩენ. მანვე გაამართლა კრებაზე ევტიქის სწავლება. როდესაც რამდენიმე ეპისკოპოსმა გამოთქვა სურვილი პაპის წერილის წაკითხვისა, დიოსკორემ ეს არ დაუშვა და გამოაცხადა ფლაბიანეს, თეოდორიტე კვირელისა და დომნა ანტიოქიელის, როგორც ერეტიკოსების, დამხობა. ეპისკოპოსები მუქარით აიძულა, დათანხმებოდნენ მის გადაწყვეტილებას; ზოგიერთს იძულებით მოაწერინეს ხელი სუფთა ფურცელზე.

დიოსკორეს ყოველ სიტყვას მისი მომხრეები შეძახილებით ხვდებოდნენ და აქტებში შეჰქონდათ, როგორც კრების განჩინება. საწინააღმდეგო აზრებს არავინ უსმენდა, მათ ხმაურითა და ყვირილით ახშობდნენ. როგორც კი ფლაბიანემ ხმა აღიმაღლა უკანონო ქმედებათა წინააღმდეგ, დიოსკორემ მეომრებს უხმო. ისინიც იარაღით შეიჭრნენ და მონაზვნებთან ერთად პატრიარქს ეცნენ, თან გაჰყვიროდნენ, რომ უნდა დაეწვათ ან შუაზე გაეჭრათ ერეტიკოსები, რომლებიც ქრისტეს ორად განყოფას ქადაგებდნენ. პატრიარქ ფლაბიანეს მრავალი მძიმე ჭრილობა მიაყენეს, რისგანაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მისი ხსენების დღეა 16 თებერვალი.

დიოსკორემ ეკლესიიდან პაპის განკვეთაც გამოაცხადა. ასეთი აურზაურით დასრულდა ეს უკანონო კრება, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ „ავაზაკთა კრებას ეფესოში“.

იმპერატორმა, რომელიც შეცდომაში შეიყვანეს, დაადასტურა უკანონო კრების განჩინებები. კრებიდან რომში დაბრუნებულმა რწმუნებულებმა შეატყობინეს პაპს დიოსკორეს უკანონო ქმედებათა შესახებ. პაპი ლეონი და ბევრი ეპისკოპოსი მოუწოდებდა თეოდოსის, მოეწვია ახალი მსოფლიო კრება, მაგრამ მას ეს არ დასცალდა. იმპერატორი მოულოდნელად გარდაიცვალა და უკვე მისმა დამ, პულხერიამ, და სიძემ – ახალმა იმპერატორმა მარკიანემ 451 წელს ქალკედონში მოიწვიეს IV მსოფლიო კრება.

კრების სხდომა მიმდინარეობდა წმინდა მოწამე ეფემიას ტაძარში. მონაწილეობდა 630 ეპისკოპოსი, პაპის წარმომადგენლები, იმპერატორი და დედოფალი. თავმჯდომარეობდა ფლაბიანეს მემკვიდრე, პატრიარქი ანატოლი. დაიგმო ევტიქის ერესი, ის და დიოსკორე დაამხეს და განდევნეს. კიდევ ერთხელ დაგმეს ნესტორის ერესიც. შემდეგ წაიკითხეს პაპი ლეონის წერილი და ჩამოაყალიბეს დოგმატი, რომლის თანახმად, იესო ქრისტე არის სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი კაცი, ყველაფრით ჩვენი მსგავსი, ცოდვის გარდა. იესო ქრისტეს ერთ ჰიპოსტასში ორი ბუნება (ღვთაებრივი და კაცობრივი) შეერთებულია შეურწყმელად, შეუცვლელად, განუყოფლად, განუყრელად.

ქალკედონის კრებამ დაადასტურა ადრინდელი სამი მსოფლიო და შვიდი ადგილობრივი კრებების განჩინებები, აგრეთვე, რომის კათედრას გაუთანაბრა კონსტანტინოპოლის კათედრა; მიიღო ოცდაათი კანონი.

სამწუხაროდ, ვერც ქალკედონის მსოფლიო კრებამ შეძლო უთანხმოებების მოგვარება. ევტიქის მიმდევრებმა – მონოფიზიტებმა (ეს სიტყვა ნიშნავს „ერთბუნებოვანს“) ყველგან გაავრცელეს ცილისწამება, თითქოს ქალკედონის კრებას მიეღოს ნესტორის სწავლება, რითაც კვლავ აურზაური და განხეთქილება ჩამოაგდეს. დიოსკორეს მრავალრიცხოვანი მომხრეები მტრულად შეხვდნენ ალექსანდრიის ახალ პატრიარქს, პროტერიოსს, და ცოტა ხანში მოკლეს კიდეც. პალესტინასა და სირიაში ამბოხებულმა ევტიქიანელებმა ბევრი მომხრე შეიძინეს. უდაბნოს სავანეებში მღელვარება არ ცხრებოდა; დაპირისპირება ზოგჯერ სისხლისღვრითაც მთავრდებოდა. იერუსალიმში მცხოვრები თეოდოსის ქვრივი, დედოფალი ევდოკია, ევტიქის ერესს მფარველობდა. ერეტიკოსებმა განდევნეს იერუსალიმის პატრიარქი იუბენალი და მის მაგიერ დაადგინეს მონაზონი თეოდოსი, რომელიც სდევნიდა მართლმადიდებლებს და მონოფიზიტობის დამკვიდრებას ცდილობდა.

ქალკედონის კრებიდან ოცდაათი წლის შემდეგ იმპერატორმა ზენონმა (474-491 წწ.) მოისურვა მტრული მხარეების შერიგება და ბრძანა, შეედგინათ და გამოეცათ ე.წ. ჰენოტიკონი (ერთობა), რომელშიც აღიარებული და დადასტურებული იყო სამი მსოფლიო კრების დოგმატები, დაგმობილნი იყვნენ ნესტორი და ევტიქი, მაგრამ მეოთხე მსოფლიო კრების აღიარებაზე და ქრისტეს ორი ბუნების შესახებ მართლმადიდებლურ სწავლებაზე არაფერი იყო ნათქვამი, ამ საკითხზე დუმილი იყო ნაბრძანები. არც ამან გამოიღო სასურველი შედეგი – პირიქით, დავა გაგრძელდა. მონოფიზიტები დაიყვნენ მრავალ სხვადასხვა სექტად, ემტერებოდნენ მართლმადიდებლებსაც და ერთმანეთსაც.

ანტიოქიის ზოგიერთი პატრიარქი ერესისკენ მიიდრიკა. მაგალითად, პატრიარქი პეტრე გნათევსი ამტკიცებდა, რომ განხორციელდა და ივნო არა ერთი პირი, არამედ მთელი სამება. ამიტომ საგალობელი „სამწმიდაო“ ასე გადააკეთა: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, ჯვარცმულო ჩვენთვის...“ მისი მიმდევრები ცალკე სექტად ჩამოყალიბდნენ. მათივე მიზეზით ბევრი სამწუხარო უთანხმოება და სისხლიანი შეტაკება მოხდა. ეს სწავლება ნაწილობრივ მიიღო სომხეთის ეკლესიამ, რომელმაც არ სცნო ქალკედონის კრება. იგი, აგრეთვე, არ აღიარა იმპერატორმა ანასტასიმ (491-518 წწ.) და დევნა-შევიწროებით ცდილობდა თავისი შეხედულებების გავრცელებას. თავი იჩინა უთანხმოებამ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის. რომის პაპმა ფელიქს II დაგმო პატრიარქი აკაკიოს კონსტანტინოპოლელი ჰენოტიკონის მიღებისთვის და მისი სახელი დიპტიქონიდან ამოშალა.

ქალკედონის კრების მოწინააღმდეგენი არ სცნობდნენ მის განჩინებებს, რადგან მან არ დაგმო თეოდორე მოფსუეტელის, თეოდორიტე კვირელისა და ივა ედესელის შეხედულებები. კრების ამ ნაბიჯს ისინი ნესტორის ერესის გამართლებად მიიჩნევდნენ. ამასვე ამტკიცებდნენ ნესტორიანელები და თვლიდნენ, რომ ქალკედონის კრებამ ისინი გაამართლა. ას წელზე მეტ ხანს გაგრძელდა ეს შფოთი, სანამ 553 წელს იმპერატორმა იუსტინიანემ არ გადაწყვიტა, მოეწვია მეხუთე მსოფლიო კრება.

ამისთვის კონსტანტინოპოლში ჩასვლა სთხოვეს პაპ ვიგილიუსსაც. აღმოსავლეთის ეპისკოპოსებსა და პაპებს შორის უთანხმოება დიდი ხნის დაწყებული იყო. რომის ეპისკოპოსი მძიმე დღეში აღმოჩნდა – ერთი მხრივ, ეშინოდა, არ დაეკარგა ტახტი იუსტინიანესადმი ურჩობის გამო; მეორე მხრივ, აღმოსავლეთის შეხედულებებს არ იზიარებდა აფრიკისა და იტალიის ბევრი ეკლესია. ბოლოს საკუთარი მოსაზრების თუ ძლიერი იმპერატორის გადაკიდების შიშით, ვიგილიუსმა თანხმობა განაცხადა მიწვევაზე.

165 ეპისკოპოსისგან შემდგარმა კრებამ, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ევტიქის თავმჯდომარეობით, განიხილა „სამთა თავთა“ ანუ ასურეთის ეკლესიის სამი მასწავლებლის საქმე; დაგმო თეოდორე მოპსუესტიელი, აგრეთვე თეოდორიტე კვირელისა და ივა ედესელის ის შეხედულებანი, რაც ნესტორის ცრუსწავლებას ემთხვეოდა. კრებამ კიდევ ერთხელ დაგმო ნესტორისა და ევტიქის სწავლებანი და საზეიმოდ დაადასტურა ქალკედონის კრების დადგენილებები. ამავე კრებამ მეთერთმეტე ანათემატიზმში გაიმეორა ორიგენეს და მისი სწავლების დაგმობა; (ის მანამდე დაგმეს იმპერატორ იუსტინიანეს ედიქტით 543 წელს).

პაპი ვიგილიუსი, რომელსაც კონსტანტინოპოლში იძულებით მოუხდა ცხოვრება შვიდი წლის განმავლობაში, რომში მას შემდეგ გაუშვეს, რაც კრების დადგენილებებს საჯაროდ დაეთანხმა. მაგრამ ის გზაში გარდაიცვალა. მისმა მემკვიდრემ, პელაგიუსმა, აღიარა მეხუთე კრება, რის გამოც რომის ეკლესიას გაემიჯნენ აფრიკის, აკვილეის, მილანის, რავენის, ისტრიისა და ვენეციის ეკლესიები. ეს განხეთქილება მხოლოდ 698 წლის შემდეგ შეწყდა, როცა აკვილეის კრებამ აღიარა V მსოფლიო კრება.

აღმოსავლეთშიც არ იყო სიმშვიდე, მონოფიზიტები ისევ ამღვრევდნენ წყალს. ეგვიპტეში, იმპერიისადმი სიძულვილის გამო, საეკლესიო მსახურებიდან განდევნეს ბერძნული ენა. სპარსეთში, ასურეთსა და სომხეთში ეხმარებოდნენ იმპერიის მტრებს. მოგვიანებით ერთმა მონოფიზიტურმა ფრთამ ეპისკოპოსად აირჩია იაკობ ბარადეუსი, რომლის დროსაც ხსენებული ჯგუფი გაძლიერდა და იაკობიტების სახელით დამკვიდრდა. მეორე დაჯგუფება თავისთავს თეოდოსიანელებს უწოდებდა, თავიანთი მფარველის – ალექსანდრიის პატრიარქ თეოდოსის – პატივსაცემად. ეს უკანასკნელნი მოგვიანებით კოპტების სახელით გახდნენ ცნობილნი და დღევანდლამდე ასე იწოდებიან. მონოფიზიტთა უამრავი სექტა არსებობდა, რომლებიც ურთიერთს მტრობდნენ და იმეორებდნენ ეკლესიის მიერ დიდი ხნის წინ დაგმობილ ცდომილებებს. თავად იუსტინიანე დროებით გაიტაცა ერთ-ერთი მონოფიზიტური სექტის სწავლებამ, რომლის თანახმად, ქრისტეს სხეული უხრწნელი იყო და, მაშასადამე, ვერც ტანჯვას იგრძნობდა. იმპერატორის ასეთი მიდრეკის გამო დევნა დაუწყეს წმინდა ევტიქი კონსტანტინოპოლელსა და წმინდა ანასტასი ანტიოქიელ პატრიარქს. ორივე მედგრად იცავდა ჭეშმარიტებას იუსტინიანეს წინაშე. შედეგად ევტიქი გადაასახლეს, ასევე განდევნეს ანასტასიც.

სიკვდილის წინ იუსტინიანემ შეიგნო თავისი ცდომილებები, შეინანა და თავის მემკვიდრე იუსტინე II (565-578 წწ.) დაუბარა, ევტიქი უკან დაებრუნებინა.

მაგრამ დავა და აურზაური მეტისმეტად დიდხანს გაგრძელდა. გაუთავებლად ჩნდებოდა ახალი ცრუსწავლებები. მონოფიზიტური ერესიდან მოგვიანებით აღმოცენდა ახალი ცრუსწავლება – მონოთელიტობა. იესო ქრისტეს პიროვნებაში ორი ბუნების შეერთების შესახებ სწავლება ხელახლა განიხილეს 130 წლის შემდეგ, VI მსოფლიო კრებაზე.

 

[1] ნესტორიანელები დღევანდლამდე არსებობენ სპარსეთში სახელით „ქალდეველი ქრისტიანები“. ეს სახელი მათ იმიტომ ეწოდა, რომ ძველი ქალდეას ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ქალდეურ დიალექტზე ლაპარაკობენ. ნესტორიანელები ოსტინდოეთში ცნობილნი არიან, როგორც „თომისტი ქრისტიანები“, თომა ბარსუმას სახელის მიხედვით. თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსის ვარაუდით, ისინი ამ სახელს ატარებენ თომა მოციქულის, ინდოეთის პირველი მქადაგებლის, ხსოვნის პატივსაცემად.

 

 

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა