martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 23

მეხუთე დევნა.

 

ტერტულიანეს აპოლოგიიდან ვიცით, რომ III საუკუნის დასაწყისისთვის ქრისტიანთა რიცხვი უზარმაზარი იყო. წარმართები წუხდნენ, რომ მათი ტაძრები დაცარიელდა, ქალაქები თუ სოფლები ქრისტიანებით აივსო და მათ მატებას ბოლო არ უჩანდა. ქრისტეს სწავლების განვრცობა ვერ შეაჩერა მორწმუნეთა დატყვევებამ, გვემამ, სიკვდილით დასჯამ თუ ცილისწამებამ.

II საუკუნის ბოლო წლებში იმპერატორის ტახტი ეპყრა სეპტიმიუს სევერუსს (193-211 წწ.), რომელიც თავდაპირველად თითქოს სწყალობდა კიდეც ქრისტიანებს. დანამდვილებით არ არის ცნობილი, შემდგომ რატომ შეცვალა იმპერატორმა დამოკიდებულება მათ მიმართ. ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი გახდა იუდეველთა ახალი მღელვარებანი და ზოგიერთი ქრისტიანი მეომრის უარი, წარმოეთქვათ წარმართული ფიცი. სეპტიმუს სევერუსი უცებ გარდაიქმნა უმკაცრეს მმართველად. 202 წელს გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც იკრძალებოდა და სიკვდილით ისჯებოდა იუდეველობისა და ქრისტიანობის მიღება. გახარებულმა წარმართებმა იმპერიის ყველა ოლქში წამოიწყეს ძლიერი, რიგით მეხუთე დევნა.

ზოგიერთ მხარეში წარმართებმა იმპერატორის ბრძანების მიღებასაც აღარ დაუცადეს და ისე შეუდგნენ ქრისტიანთა დარბევას. ასე მოხდა აფრიკაში, ქალაქ კართაგენში. პროკონსულს ქრისტიანობის ბრალდებით მიჰგვარეს თორმეტი კაცი. მათგან ცნობილია სპერატის და სამი დედაკაცის: დონატას, სეკუნდასა და ვესტიტას სახელები.

– მიგეტევებათ, თუ გონს მოეგებით და ღმერთებს საკადრის პატივს მიაგებთ. შეჰფიცეთ იმპერატორის გენიუსს და გაგათავისუფლებთ, – უთხრა მათ პროკონსულმა.

– არ ვიცით, რა არის იმპერატორის გენიუსი, ჩვენ ვემსახურებით უხილავ ღმერთს და არაფრით დაგვირღვევია ქვეყნის კანონები. სხვისას არაფერს ვეპატრონებით, თუ რაიმეს შევიძენთ, გადასახადსაც ვიხდით, რადგან ასე გვიბრძანა იმპერატორმა. ჩვენ მას მივაგებთ პატივს, როგორც უფლის მიერ დადგენილ ხელისუფალს. მაგრამ თაყვანს ვცემთ ღმერთს, მეუფეს მეუფეთა და ყოვლისამპყრობელს. – უთხრა ერთ-ერთმა.

მაშინ პროკონსულმა სხვა ბრალდებულებსაც მიმართა:

– ყური არ ათხოვოთ ამ შეშლილს, გეშინოდეთ ხელისუფლისა და ნუ გარდახვალთ მის ნებას!

– ჩვენ ზეციური ღმერთის შიში გვაქვს, – უპასუხეს ქრისტიანებმა.

ისინი ჯაჭვებით შეკრეს და საპყრობილეში წაიყვანეს. მეორე დღეს პროკონსულმა ისევ იხმო ისინი და ჯერ დედაკაცების დარწმუნება სცადა:

– მიაგეთ ხელისუფალს სათანადო პატივი და შესწირეთ მსხვერპლი ღმერთებს.

– ჩვენ პატივს მივაგებთ კეისარს, როგორც კეისარს, მაგრამ ერთ ღმერთს აღვუვლენთ ლოცვასა და თაყვანისცემას, – მიუგო დონატამ. დანარჩენმა დედაკაცებმაც იგივე განაცხადეს.

– დაბეჯითებით აღიარებ ქრისტიანულ სარწმუნოებას? – ჰკითხა პროკონსულმა სპერატს.

– დიახ, ყველა აქ მყოფმა გაიგონოს: მე ქრისტიანი ვარ!

– რომელ წიგნებს კითხულობთ?

– ოთხ სახარებას უფლისა ჩვენისა და მაცხოვრისა იესო ქრისტესი, პავლე მოციქულის ეპისტოლეებს... მთლიანად წმინდა წერილს.

– მე სამ დღეს გაძლევთ მოსაფიქრებლად; გონს მოეგეთ!

– ჩვენ ყველა ქრისტიანები ვართ და არასდროს განვუდგებით ქრისტეს რწმენას. მოგვექეცი, როგორც გსურს – უთხრა სპერატმა.

როდესაც პროკონსულმა სიკვდილი მიუსაჯა, განსასჯელებმა ერთხმად შესძახეს: „მადლობა უფალს, რამეთუ კეთილ-ინება ჩვენი, როგორც მისთვის წამებულთა, შეწყნარება“. სიკვდილის წინ ქრისტიანებმა მუხლი მოიყარეს, ილოცეს და ნაჯახს კისრები შეუშვირეს.

ამ დევნის დროს კართაგენში მრავალი მოწამე უშიშრად აღესრულა უფლის სადიდებლად. ჩვენამდე მოაღწია ზედმიწევნითმა გადმოცემამ ზოგი მათგანის წამების შესახებ; ესენი არიან პერპეტუა, ფილიციტატი, რევოკატი, სატურნილე, სეკუნდი და სატირი. როდესაც მოსანათლავად ემზადებოდნენ, ისინი მაშინ შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. ვივია პერპეტუა დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახიდან იყო, ფილიციტატი კი მისი მოახლე. თავად პერპეტუამ აღწერა თავისი დაკითხვა და საპყრობილეში ჩამწყვდევა.

დაკითხვები რამდენიმე დღეს გრძელდებოდა... ამ დროის განმავლობაში ბრალდებულებმა მოახერხეს და ნათელ-იღეს, რამაც მეტი მოშურნეობით აღავსო და ღმერთს მხოლოდ იმას ევედრებოდნენ, ძალა მიეცა ყველაფრის გადასატანად. მალე ისინი ჩაყარეს ბნელ და ვიწრო დილეგში, სადაც სუნთქვაც კი ჭირდა. გაუსაძლისი იყო იქ ყოფნა – ფილიციტატს მალე უნდა ემშობიარა, პერპეტუა კი ბავშვობიდან სიმდიდრესა და ფუფუნებაში ცხოვრებას იყო მიჩვეული, მაგრამ მას ეს არ ადარდებდა, მხოლოდ თავის ერთადერთ შვილზე წუხდა – ჩვილზე, რომელიც წაართვეს. ბოლოს ორმა დიაკონმა მოახერხა ტუსაღების გადაყვანა უფრო ფართო დილეგში, სადაც მათი მონახულება შეეძლოთ ახლობლებსა და მეგობრებს.

პერპეტუასთან მშობლები მოვიდნენ და მიუყვანეს მისი ყრმა. მამა ცრემლმორეული ევედრებოდა: „შვილო ჩემო, შემიბრალე, გაიხსენე, რომ ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდი. შეიცოდე უცოდველი ყრმაც, როგორ იცხოვრებს უშენოდ?! ნუ შეარცხვენ შენს გვარს, როგორღა გავბედავთ სადმე გამოჩენას, თუ შენ სამარცხვინოდ მოკვდები ჯალათის ხელით?“ მოხუცმა შვილის წინ დაიჩოქა და ხელები დაუკოცნა. დედა, რომელიც ფარულად ქრისტიანი იყო, ტიროდა, მაგრამ დუმდა.

მშობლების ტანჯვის შემყურე პერპეტუას გული ეგლიჯებოდა, მაგრამ ვერ უღალატებდა რწმენას. იგი მხოლოდ ამას ეუბნებოდა მამას: „ნუ დარდობ, მამა. იყავნ ნება ღვთისა. ჩვენ მის ნებაზე ვართ დამოკიდებული და არა საკუთარ თავზე“.

გულმოწყალე უფალმა განამტკიცა პერპეტუა სასწაულებრივი ხილვებით და აჩვენა მას, თუ როგორ ნეტარებენ ისინი, ვინც ქრისტეს ბოლომდე უერთგულეს. ქალი სიხარულით იტანდა ტყვეობას, ბნელი დილეგი სიმშვიდისა და სასოების მომტან ადგილად ეჩვენებოდა, ზეციური დიდების მოლოდინში მიწიერი განსაცდელები არად უღირდა.

ისევ წაიყვანეს ტუსაღები საჯარო დაკითხვაზე. პერპეტუას მამა სამსჯავროზე ყრმასთან ერთად მოვიდა. მას ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ დედა ჩვილისადმი სიყვარულის გამო განუდგებოდა ქრისტეს და ისევ დაუწყო ხევწნა-მუდარა. მას აჰყვა მსაჯულთა თავი ილარიოსი: „ნუთუ შეძლებ, მოხუცი მამა დაამწუხრო და უცოდველი ბავშვი მიატოვო? დათანხმდი მსხვერპლშეწირვის შესრულებას“.

– არ შემიძლია, მე ქრისტიანი ვარ! – გადაჭრით უპასუხა პერპეტუამ.

ბოლოს ილარიოსმა სასიკვდილო განაჩენი წარმოთქვა: ყველა ქრისტიანს მხეცებისგან დაგლეჯა!..

საპყრობილეში დაბრუნებულ ფილიციტატას მშობიარობა დაეწყო. ის ტკივილებისგან კვნესოდა. ვიღაცამ ჰკითხა: თუ ახლა გმინავ, მაშინ რა იქნება, როდესაც მხეცებს მიუგდებენ შენს თავს?

– მე ახლა მარტო ვიტანჯები, მაშინ კი უფალი იტვირთავს ჩემს ტკივილებს, – უპასუხა მან.

ქრისტიანების სიმშვიდემ და რწმენის სიმტკიცემ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საპყრობილის ერთ-ერთ მცველზე, რომ თავადაც მოიქცა და შეძლებისამებრ ცდილობდა, შეემსუბუქებინა მათი ხვედრი. დასჯის წინადღეს უამრავი ცნობისმოყვარე მივიდა ტუსაღების სანახავად. ქრისტიანები წარმართებს ესაუბრებოდნენ სამსჯავროზე, სამომავლო ცხოვრებაზე, გულთა აღმვსებელ სულიერ სიხარულზე.

დასჯა იმპერატორის ძის დაბადების დღეს იყო დანიშნული, რადგან ასეთ საზეიმო დღეებს გასართობი თამაშებით აღნიშნავდნენ. ყველა ქრისტიანი სიხარულით დაადგა სიკვდილის გზას: პერპეტუა გამარჯვების ჰიმნს გალობდა, სატურნილე თამამად ესაუბრებოდა ილარიოსსა და ხალხს უფლის სამსჯავროს შესახებ... დასჯამდე დაუნდობლად გვემეს ყველა, შემდეგ მხეცები მიუსიეს, გადარჩენილები კი შუბით დახოცეს. უფალმა სუსტ დედაკაცებს შთაბერა ძალა, უშიშრად შეჰგებებოდნენ საშინელ სიკვდილს. უკვე დაჭრილი პერპეტუა ტკივილს აღარ გრძნობდა და გაუკვირდა, რომ საკუთარ სხეულზე ნადირთა ბრჭყალების კვალი დაინახა. მერე ხელი გაუწოდა ფილიციტატს, წამოაყენა იგი და ორ ახალგაზრდა ქრისტიანს მიმართა: „გქონდეთ მტკიცე რწმენა და წამება ვერ შეგაშინებთ“. ხალხმა მოითხოვა, ამფითეატრის შუაში გაეყვანათ მოწამენი, რათა კარგად დაენახათ, თუ როგორ დახოცავდნენ მათ. ქრისტიანები ერთმანეთს გადაეხვივნენ და არენის შუაგულისკენ გაემართნენ, სადაც ისინი გლადიატორებმა განგმირეს.

გალიაში დევნის შესახებ წყაროები თითქმის არ შემოინახა. ცნობილია, რომ ლიონში მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა წმინდა ირინეოსი. ასე დაგვირგვინდა მისი ცხოვრება, რომელიც მთლიანად მიეძღვნა ღვთის სადიდებელ და მოყვასისთვის სასიკეთო შრომას. ეს მოხდა დაახლოებით 203 წელს.

ეგვიპტეში ისეთი ძალით მძვინვარებდა დევნა, რომ ბევრი ქრისტიანი მეორედ მოსვლასა და სამყაროს აღსასრულის დადგომას ელოდა. აქაც განსაცვიფრებელი სიმამაცე გამოიჩინეს მორწმუნეებმა. რწმენით განმტკიცებული სუსტი დედაკაცებიც კი სიხარულით უძლებდნენ უსაშინლეს ტანჯვა-წამებას.

ერთი ასული, იშვიათი სილამაზის მონა, სახელად პოტამია, თავისმა პატრონმა დაასმინა, რომ ქრისტიანი იყო. საშინელი წამების შემდეგ იგი ნელა ჩაუშვეს მდუღარე ფისით სავსე ქვაბში. დაკითხვისა და წამების მაყურებელნი ქალწულს ლანძღვა-გინებას აყრიდნენ, მაგრამ ერთი მათგანი, სახელად ბასილიდე, მაინც შეძრა მისმა მოთმინებამ და სიმშვიდემ, შეეცადა, შეძლებისამებრ დაეცვა იგი გაავებული ბრბოს შეურაცხყოფისგან. პოტამიამ მადლობა გადაუხადა მას და აღუთქვა, რომ სიკვდილის შემდგომ შეევედრებოდა უფალს მის გადარჩენას.

გავიდა ხანი. ერთხელ მეგობრებმა ბასილიდეს რაღაც შემთხვევის გამო ფიცის დადება მოსთხოვეს, მაგრამ პასუხად მიიღეს, რომ ქრისტიანია და ვერ დაიფიცებს. მათ ჯერ ეგონათ, რომ ხუმრობდა და არ დაუჯერეს. მაგრამ მან ისევ გაიმეორა ნათქვამი, რის შემდეგაც მსაჯულს მიჰგვარეს. იქაც დაადასტურა ბასილიდემ თავისი ქრისტიანობა და მსაჯულმა მისი საპყრობილეში ჩაგდება ბრძანა. ზოგმა ქრისტიანმა მოინახულა იგი და გამოჰკითხა ასეთი უეცარი მოქცევის მიზეზი. ბასილიდემ უამბო, რომ პოტამია სიკვდილით დასჯიდან სამი დღის შემდეგ გამოეცხადა, თავზე გვირგვინი დაადგა და უთხრა, რომ შეუსრულა დანაპირები და რომ მალე გაწირავდა თავს ქრისტესთვის. საპყრობილეში ბასილიდე მოინათლა და მალევე დაისაჯა სიკვდილით.

შეიპყრეს ერთი ქრისტიანიც, სახელად ლეონიდე, და საპყრობილეში ჩააგდეს. მას დიდი ოჯახი – ცოლი და შვიდი შვილი ჰყავდა, რომელთაგან უფროსი მხოლოდ ჩვიდმეტი წლისა იყო. მისი სიკვდილის შემდეგ მათ უკიდურესი სიღატაკე ელოდათ, რადგან ხელისუფლის ბრძანებით სარწმუნოებისთვის მსჯავრდებულთა ქონება ხაზინას გადაეცემოდა. მაგრამ ვერც ამან შეარყია ლეონიდეს სიმტკიცე და ვერ აიძულა, განდგომოდა ქრისტეს. მისმა უფროსმა ვაჟმა, ორიგენემ, მამას საპყრობილეში მისწერა: „მამა, ჩვენზე ნუ იდარდებ, მოწამეობას თავს ნუ აარიდებ ჩვენი გულისთვის“. ლეონიდე მოწამებრივად აღესრულა – მას მახვილით მოჰკვეთეს თავი.

 

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა