martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 2

სულიწმიდის გარდამოსვლა. სამოციქულო ეკლესია იერუსალიმში.

 

უფლის ამაღლების შემდგომ მოციქულები ელეონის მთიდან იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი ერთად იყვნენ და რწმენით ელოდნენ აღთქმულ ნუგეშინისმცემელსა და დამმოძღვრავს – სულიწმიდას; გამუდმებით ლოცულობდნენ სახლში, სიონის მთაზე (სავარაუდოდ, უფალმა საიდუმლო სერობა აქ აღასრულა). იუდეველებს ძველთაგანავე ჩვეულებად ჰქონდათ სახლის ზედა ნაწილში ოთახის გამოყოფა სალოცავად. იქ იყვნენ პეტრე და იაკობი, იოანე და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე, და იუდა, ძმა იაკობისა. მოციქულებთან ერთად გამუდმებით ლოცულობდნენ ყოვლადწმიდა ქალწული ღვთისმშობელი, დედები, რომლებიც უფალს ემსახურებოდნენ და სხვა მორწმუნენი – სულ დაახლოებით ასოცი კაცი. ასე მცირერიცხოვანი იყო მაშინ ქრისტეს ეკლესია, რომელიც უნდა განფენილიყო „კიდით კიდემდე ქუეყანისა“ (საქმე 13,47).

ერთ-ერთი პირველი, რაც მოწაფეებმა მოიმოქმედეს, იყო იუდა ისკარიოტელის ადგილზე სხვა მოციქულის არჩევა. ამით მათ აღადგინეს უფლისგან თავიდანვე შერჩეული მოციქულების რაოდენობა (თორმეტი). იუდამ, თავისი საზარელი დანაშაულის გამო, ვერ გაუძლო სინდისის ქენჯნას და სასოწარკვეთილმა სიცოცხლე მოისწრაფა.

 პეტრე დადგა მოწაფეთა შორის და შესთავაზა, აერჩიათ ერთი იმ კაცთაგანი, რომლებიც მათთან ერთად იყვნენ უფლის ნათლისღებიდან ამაღლებამდე. ყველა დათანხმდა; დააყენეს ორი მოწაფე: იოსები, რომელსაც შემდგომ ეწოდა იოსტოსი, ანუ მართალი, და მატათია; შემდეგ ლოცვით შესთხოვეს გულთამხილავ უფალს, მიენიშნებინა, მათგან რომლის არჩევა ნებავდა სამოციქულო მსახურებისთვის და წილი ყარეს – შედეგად თერთმეტ მოციქულს მატათია შეემატა.

გავიდა ათი დღე ამაღლებიდან და დადგა მეერგასე (პასექიდან ორმოცდამეათე) დღე. ამ დღესასწაულზე, რომელიც ძველთაგანვე დიდი ზეიმით აღინიშნებოდა, იუდეველები პირველ მომკილ მოსავალს უფალს უძღვნიდნენ მადლობის ნიშნად; აგრეთვე იხსენებდნენ, რომ სწორედ ამ დღეს მისცა ღმერთმა რჯული მოსეს სინას მთაზე. სინაგოგები და სახლები ხის ტოტებითა და ყვავილებით ირთვებოდა, იერუსალიმში თავს იყრიდნენ მოსეს რჯულის მიმდევრები ყველა ქვეყნიდან. იმჟამად მოსეს რჯულს მარტო იუდეველები არ აღიარებდნენ – იგი ბევრმა უცხო ტომელმაც მიიღო: ზოგიერთმა სრულად შეითვისა, სხვები მის წესებს ნაწილობრივ ასრულებდნენ, მაგრამ აღიარებდნენ სწავლებას და თაყვანს სცემდნენ ერთ ღმერთს. იუდეველები თავიანთ სარწმუნოებაზე მოქცეულ უცხოტომელებს პროზელიტებს (მოსულებს) უწოდებდნენ. ამრიგად, იერუსალიმში სხვადასხვა ქვეყნიდან მოსულმა დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი. ეს საზეიმო დღე ამოირჩია უფალმა, რათა მოწაფეებზე მოეფინა ძალი ზეგარდმო – ახალი რჯულის გასავრცელებლად.

მორწმუნენი ერთსულოვნად ლოცულობდნენ სახლში, სიონის მთაზე, როდესაც უცებ დღის მესამე ჟამზე[1] (ჩვენთვის დილის ცხრა საათზე) გაისმა ძლიერი ქარის ქროლვის ხმა და თითოეულ მათგანზე ცეცხლოვანი ენების სახით გარდამოვიდა სულიწმიდა. უმალ ყველა აღივსო სულიწმიდით, მიიღეს უდიდესი სიბრძნე და სხვადასხვა ენაზე საუბრის უნარი. ხმაურზე მრავალი ადამიანი შეიკრიბა, ყველა განცვიფრებული უსმენდა, თუ როგორ ესაუბრებოდნენ მოწაფეები თითოეულ მათგანს მშობლიურ ენაზე.

– ეს რას ნიშნავს? – ეკითხებოდნენ ურთიერთს, – ესენი ხომ გალილეველნი არიან, როგორღა ლაპარაკობენ ისინი სხვადასხვა ენაზე?! აქ შეკრებილნი ვართ პართელნი და მიდიელნი, ელამიტელნი (სპარსეთის მკვიდრნი), მესოპოტამიის, იუდეის, კაპადოკიის, პონტოსა თუ ასიის, ფრიგიისა თუ პამფილიის, ეგვიპტისა თუ ლიბიის ქვეყნების მცხოვრებნი, რომიდან ჩამოსული იუდეველნი, წარმართობიდან მოქცეული კრეტელნი თუ არაბები... და რას ვისმენთ – ეს ადამიანები ჩვენს ენებზე გვიქადაგებენ ღვთის დიად საქმეებს. რას ნიშნავს ეს?!

ერთნი განაცვიფრა ამ მოვლენამ, სხვები, რომელთაც არ ესმოდათ მოციქულების საუბარი უცხოტომელებთან, დასცინოდნენ მათ, რადგან მთვრალები ეგონათ.

მაშინ მოციქულები წამოდგნენ, პეტრემ ხმა აღიმაღლა და შეკრებილთ მიმართა: „კაცნო ჰურიანო და ყოველნი, რომელნი დამკვიდრებულ ხართ იერუსალემს! ესე თქუენდა ცხად იყავნ და ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი, რამეთუ არა ვითარ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ ამათ სთრავს, რამეთუ არს ჟამი დღისაჲ ამის მესამე. არამედ ესე არს თქუმული იგი იოელ წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: და იყოს უკუანაჲსკნელთა დღეთა, – იტყვის უფალი ღმერთი, – მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და წინაჲსწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ და მოხუცებულთა თქუენთა ჩუენებით განვეცხადო, და მონათა ჩემთა ზედა და მხევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინაჲსწარმეტყუელებდენ. და ვსცე ნიშებ ცათა შინა და სასწაულ ქუეყანასა ზედა, სისხლი და ცეცხლი და არმური კუამლისაჲ; მზე გარდაიქცეს ბნელად და მთოვარე სისხლად პირველ ვიდრე მოწევნადმდე დღისა მის უფლისა დიდისა და განჩინებულისა. და იყოს ყოველმან, რომელმან ჰხადოს სახელსა უფლისასა, ცხოვნდეს“ (საქმე 2,14-21).

 დიდხანს საუბრობდა პეტრე. ენათა ცოდნასთან ერთად უფალმა მოწაფეებს მიანიჭა სიბრძნე, ძალა და სულის სიმტკიცე. მაცხოვარმა ისინი გააფრთხილა: „ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით. რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ“ (მათ. 10,19-20); და სულიწმიდამ შთააგონა სათქმელი პეტრეს, რომელმაც მსმენელებს შეახსენა წინასწარმეტყველებანი მაცხოვრის შესახებ და დასძინა, რომ ზუსტად ის იესო ნაზარეველი, რომელიც მათ ჯვარს აცვეს და ურჯულოთა ხელით მიამსჭვალეს ძელს, აღდგა მკვდრეთით, ამაღლდა ზეცად, მოავლინა სულიწმიდა, რომელი მამისაგან გამოვალს და მოჰფინა იგი თავის მოწაფეებს. პეტრე უშიშრად ამოწმებდა, რომ ეს იესო იყო ქრისტე და უფალი.

იესო ქრისტეს ამაღლების შემდგომ ეს სიტყვები პირველი მოწმობა იყო მის შესახებ, რამაც ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. მსმენელებმა გულით შეინანეს, აღიარეს თავიანთი შეცოდებანი და უძლურებანი და შეჰღაღადეს: „რაჲ-მე ვყოთ, კაცნო ძმანო?“ „შეინანეთ, – მიუგო მათ პეტრემ, – და ნათელ-იღენ კაცად-კაცადმან თქუენმან სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა მისატევებელად ცოდვათა, და მიიღოთ ნიჭი სულისა წმიდისაჲ. რამეთუ თქუენი არს აღთქუმაჲ და შვილთა თქუენთაჲ და ყოველთა შორიელთაჲ, რაოდენთა მოუწოდის უფალმან ღმერთმან ჩუენმან“ (საქმე 2,38-39).

ამ სიტყვების შემდეგ მრავალმა ირწმუნა და ითხოვა ნათლისღება; იმ დღეს ეკლესიას დაახლოებით სამი ათასი კაცი შეემატა.

ასე დაიწყეს მოციქულებმა უფლის სიტყვის ქადაგება იერუსალიმში; ისინი ხალხს ჯვარცმული ქრისტეს სახელით მოუწოდებდნენ სინანულისკენ, ჰპირდებოდნენ ცოდვათა მიტევებასა და გადარჩენას. უფლის ბრძანებისამებრ, მორწმუნენი ნათლისღებით უერთდებოდნენ ეკლესიას. როგორც მახარებლის ნაამბობიდან ვიგებთ, პირველმოქცეულები ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეები გახდნენ – ისინი გამოირჩეოდნენ თავმდაბლობით, ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულით; ეს ადამიანები ყიდდნენ საკუთარ ქონებას და ყველაფერი საერთო ჰქონდათ, რათა არავინ ყოფილიყო გაჭირვებული. გამუდმებით სწავლობდნენ მოციქულთაგან, ეზიარებოდნენ, იყვნენ „განტეხასა პურისასა და ლოცვასა“ (საქმე 2,42). სალოცავად ტაძარში[2] იკრიბებოდნენ, ხოლო სახლებში აღასრულებდნენ „პურის განტეხას“ – ასე უწოდებდნენ ევქარისტიის საიდუმლოს, ანუ ზიარებას, რაც უფალმა მოწაფეებთან თავისი უკანასკნელი სერობის დროს დაადგინა. მას აგრეთვე უფლის სერობად მოიხსენიებდნენ. ქრისტეს მორწმუნეები „მიიღებდეს საზრდელსა მხიარულითა და განმარტებულითა გულითა. აქებდეს ღმერთსა, და აქუნდა მადლი ყოვლისა მიმართ ერისა. ხოლო უფალი შესძინებდა ცხოვნებულთა დღითი დღედ ეკლესიასა“ (საქმე 2,46-47). – წერს ლუკა მახარებელი.

ეკლესიის გავრცელებას ხელს უწყობდა სასწაულმოქმედების ნიჭი, რაც უფალმა თავის მოწაფეებს გადასცა. ერთხელ, დღის მეცხრე ჟამზე, პეტრე და იოანე სალოცავად მიდიოდნენ ტაძარში, რომლის ბჭესთან იჯდა დაბადებით მკელობელი (კოჭლი) და მათხოვრობდა, მან მოწყალება მოციქულებსაც სთხოვა. პეტრე დარწმუნებული იყო, რომ უფალი მას მოუსმენდა, და მკელობელს უთხრა: „ვეცხლი და ოქროჲ არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, გცეთ შენ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა: აღდეგ და ვიდოდე!“ (საქმე 3,6). ამ სიტყვების შემდეგ პეტრემ ხელზე ხელი მოჰკიდა მკელობელს, ის კი წამოდგა, მოციქულებთან ერთად შევიდა ტაძარში და აქებდა ღმერთს. ყველამ იცოდა, რომ ასე სასწაულებრივად განკურნებული მკელობელი დაბადებიდანვე ხეიბარი იყო. განცვიფრებული ხალხი გარს შემოერტყა და ადიდებდა მოციქულებს. პეტრემ მიმართა მათ: „კაცნო ისრაიტელნო, რაჲსა გიკვირს ამას ზედა? ანუ ჩუენ რაჲსა გუხედავთ ვითარცა თვისითა ძალითა გინა ღმრთის-მსახურებითამცა გუექმნა სლვაჲ მაგისი? ღმერთმან აბრაჰამისმან და ისააკისმან და იაკობისმან, ღმერთმან მამათა ჩუენთამან ადიდა ძე თვისი იესუ, რომელი თქუენ მიეცით და უარ-ჰყავთ წინაშე პილატესა, რომელმან საჯა განტევებაჲ მისი. ხოლო თქუენ წმიდაჲ იგი და მართალი უარ-ჰყავთ და ითხოვეთ კაცი იგი კაცის მკლველი მიმადლებად თქუენდა. ხოლო წინამძღუარი იგი ცხოვრებისაჲ მოჰკალთ, რომელი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, რომლისა ვართ ჩუენ მოწამე (საქმე 3,12-15) ... და სარწმუნოებამან მის მიერმან მოსცა მას [მკელობელს] სიცოცხლე ესე წინაშე თქუენ ყოველთა. და აწ უწყი, ძმანო, რამეთუ უმეცრებით ჰქმენით, ვითარცა-იგი მთავართა თქუენთა (საქმე 3,16-17) ... შეინანეთ უკუე და მოიქეცით, რაჲთა აღიხოცნენ ცოდვანი თქუენნი“ (საქმე 3,19).

პეტრე მოუწოდებდა ხალხს ცხონებისაკენ. მიუთითებდა მოსესა და წინასწარმეტყველთა უწყებებზე მაცხოვრის შესახებ. სულიწმიდის ძალითა და მადლით აღსავსე მისი სიტყვები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ხუთი ათასმა კაცმა ირწმუნა ქრისტე.

სანამ პეტრე ქადაგებდა, მას მღვდლები და სადუკეველები მიუახლოვდნენ. მოისმინეს მოციქულთა საუბარი მიცვალებულთა და ქრისტეს აღდგომაზე, შემდეგ კი ბრძანეს მათი შეპყრობა და მეორე დილამდე დაპატიმრება.

როგორც ვხედავთ, აქამდე იუდეველთა მთავრები მოციქულებს არ სდევნიდნენ. რატომ? – ნუთუ გულგრილად შეჰყურებდნენ მათთვის საძულველი იესო ქრისტეს სწავლების გავრცელებას?! სავარაუდოდ, თავიდან ისინი არ ელოდნენ, რომ იესოს მოწაფეები შეძლებდნენ მისი სწავლების წარმატებით ქადაგებას. თავად იესო მათ სასიკვდილოდ გაიმეტეს და იმედოვნებდნენ, რომ მასთან ერთად მისი მოძღვრებაც დასამარდებოდა. ქრისტეს მიმდევრები მდაბიო, უწიგნური ადამიანები იყვნენ და თითქოს არც რაიმე საშიშროებას ქმნიდნენ. და აი, ამ უბრალო, გაუნათლებელმა მეთევზეებმა სხვადასხვა ენაზე იწყეს ქრისტეს აღდგომის ქადაგება და უამრავი ხალხი მიიზიდეს, რომელსაც არწმუნებდნენ, რომ ჯვარცმული იესო არის აღთქმული მესია – ძე ღვთისა. ყოველივე ამის გამო მთავრები შფოთავდნენ და ხელსაყრელ შემთხვევას ელოდნენ, რომ დაედანაშაულებინათ მოციქულები და ასეთი საშუალებაც მიეცათ – ისინი ტაძარში ქადაგებისას შეიპყრეს კიდეც სადუკეველებმა, რომელთაც, რაკი თვითონ არ აღიარებდნენ აღდგომას, განსაკუთრებით განარისხებდა მოციქულთა ქადაგება ამის შესახებ.

იმ დროს იუდეაში რამდენიმე რელიგიური სექტა არსებობდა, რომელთაგან მთავარი ფარისეველთა და სადუკეველთა სექტები იყო. ფარისევლები გარეგნული ღვთისმოსაობითა და რჯულის წესების შესრულების სიზუსტით გამოირჩეოდნენ. უფალი ხშირად კიცხავდა მათ ორგულობისა და ამპარტავნებისთვის; ამხელდა, რომ ისინი წესებს ზედაპირულად ასრულებდნენ, მთავარს კი – სამართალს, მოწყალებასა და რწმენას – ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. უნდა ითქვას, რომ ფარისევლებს სჯეროდათ სამომავლო ცხოვრებისა. სადუკეველებმა კი თავიანთ სწავლებაში უარყვეს სამომავლო ჯილდო და სასჯელი, მკვდრეთით აღდგომა, ანგელოზებისა და სულების არსებობა. ორივე სექტას სძულდა იესო, მას არ აღიარებდნენ ქრისტედ, აღთქმულ მესიად.

დილით შეიკრიბნენ მთავარნი, მღვდელთმთავარნი, უხუცესნი და მოაყვანინეს მოციქულები, რომელთაც ჰკითხეს: რომელი ძალით და ვისი სახელით აღასრულეს სასწაული? სულ ცოტა ხნის წინ პეტრემ, შიშისა და სულმოკლეობის გამო, უარყო სასიკვდილოდ მიმავალი თავისი მოძღვარი, მაგრამ ამჟამად მას ღვთის ძალა განამტკიცებდა – სულიწმიდამ განაახლა მისი გული, შთააგონა სიმხნევე და სიმამაცე, ამიტომ მოციქულმა უშიშრად მიუგო მთავრებს: „უკუეთუ ჩუენ დღეს განვიკითხვით ქველის-საქმესა ზედა კაცისა უძლურისასა, რომლითა ესე ცხოვნდა, ცხად იყავნ თქუენ ყოველთა და ყოვლისა ერისა ისრაელისა, ვითარმედ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ, რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით (საქმე 4,9-10)... არცაღა არს სახელი სხუაჲ ცასა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა“ (საქმე 4,12).

მთავრებს უკვირდათ მოციქულების სითამამე და არ იცოდნენ, რა მოემოქმედათ. ისინი ვერ დამალავდნენ და ვერც უარყოფდნენ მთელი ერის თვალწინ აღსრულებულ სასწაულს, სამაგიეროდ მუქარით აუკრძალეს მოციქულებს იესოს შესახებ საუბარი, რაზედაც პეტრემ უპასუხა: „უკუეთუ სამართალ არს წინაშე ღმრთისა თქუენი სმენაჲ უფროჲს, ანუ ღმრთისაჲ, საჯეთ. რამეთუ ჩუენ ვერ ხელ-გუეწიფების, რომელი-იგი გუესმა და ვიხილეთ, ვითარმცა არა ვიტყოდეთ“ (საქმე 4,19-20). უხუცესნი ისევ დაემუქრნენ მათ, მაგრამ მაინც გაათავისუფლეს, რადგან ეშინოდათ ხალხისა, რომელიც ღმერთს ადიდებდა მკელობელის სასწაულებრივი განკურნების გამო.

პეტრე და იოანე მორწმუნეებთან დაბრუნდნენ და უამბეს ყოველივე, რაც შეემთხვათ. ყველამ ერთხმად იწყო ღმერთის განდიდება... ისინი ევედრებოდნენ უფალს, თავისი მონებისთვის მიეცა ძალა, გულშეუძვრელად ექადაგათ მისი სიტყვა და არად ჩაეგდოთ მუქარა და დევნა: „უფალო, მოჰხედენ თქუმასა ამას მათსა ზედა და მოეც მონათა შენთა ყოვლითა განცხადებულებითა სიტყუად სიტყვისა შენისა, განრთხმად Pელი კურნებად და სასწაულებისა და ნიშებისა ყოფად სახელითა წმიდისა ძისა შენისა იესუჲსითა“ (საქმე 4,29-30). მოწაფეებმა დაასრულეს თუ არა ლოცვა, იძრა ადგილი, სადაც იდგნენ და უმალ აღივსო სულიწმიდით ყველა მორწმუნე, რომელთაც შემდგომ უდიდესი შეუპოვრობით განაგრძეს ღვთის სიტყვის ქადაგება.

ქრისტეს მაღიარებელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდებოდა, ისინი ერთსულოვნად და სიყვარულით ცხოვრობდნენ. ქრისტიანობა ასეთივე გრძნობებს უღვივებდა ახალმოქცეულებსაც – ისინი აღარ უფრთხილდებოდნენ თავიანთ ამსოფლიურ ქონებას, ჰყიდდნენ მას და საფასური მოციქულებთან მიჰქონდათ, რომლებიც აქედან თითოეულს აძლევდნენ იმდენს, რაც მას სჭირდებოდა. „მადლი დიდი იყო მათ ყოველთა ზედა“ – ამბობს მოციქული. მათ შორის, ვინც სხვათა სასარგებლოდ თავისი ქონება გაყიდა, იხსენიება იოსებ კვიპრელი, მოციქულების მიერ ბარნაბად წოდებული, რაც ნიშნავს „ძე ნუგეშინისცემისაჲ“.

მაგრამ მოქცეულებიდან ერთმა ცოლ-ქმარმა იცრუეს და ამით ღვთის რისხვა მოიწიეს. ანანიამ და მისმა ცოლმა საფირამ, სხვათა მსგავსად, გაყიდეს თავიანთი მამული, საფასურის რაოდენობა დამალეს, თანხის ნაწილი მოციქულებს მიუტანეს, ნაწილი კი თავისთვის დაიტოვეს, რითაც უმძიმესად შესცოდეს.

სულიწმიდით განბრძნობილ მოციქულებს სიცრუე ვერ დაემალებოდა და პეტრემ ანანიას უთხრა: „ანანია, რაჲსათვის აღავსო გული შენი ეშმაკმან ცრუებად სულისა წმიდისა და გამოხუებად სასყიდელსა მის დაბისასა? ანუ არა, იყო რაჲ, შენი იყო და, გან-რაჲ-ჰყიდე, ხელმწიფებასავე შენსა იყოა? და რაჲსათვის დაიდევ საქმე ესე გულსა შენსა? არა ეცრუვე შენ კაცთა, არამედ ღმერთსა“. წარმოთქვა თუ არა მოციქულმა ეს სიტყვები, ანანია მის ფერხთით უსულოდ დაეცა.

სამიოდე საათის შემდეგ მოვიდა ანანიას ცოლი, საფირა, რომელმაც არ იცოდა, რაც მოხდა. გაყიდული მამულის საფასურის შესახებ პეტრეს შეკითხვაზე მან უპასუხა ისე, როგორც ქმართან მოილაპარაკა. „რაიასთვის ესრეთ შეითქუენით თქუენ განცდად სულსა უფლისასა? ანუ არა აჰა ესერა ფერხნი დამფლველთა ქმრისა შენისათა კართა ზედა დგანან და განგიღონ შენცა“ – უთხრა მას პეტრემ. საფირაც მყისვე მიწაზე დაეცა და სული განუტევა (იხ. საქმე 5,3-9).

საღვთო მართლმსაჯულების ასეთმა მაგალითმა ყველას თავზარი დასცა. ძალა ღვთისა გამუდმებით ვლინდებოდა მოციქულთა ხელით აღსრულებულ ნიშებსა და სასწაულებში. ქალაქის მცხოვრებლებს ქუჩებში გამოჰყავდათ სნეულები და აწვენდნენ სარეცელზე, რათა ზოგ მათგანს იქვე ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დასცემოდა და ამით განკურნებულიყო. ხალხი ადიდებდა მოციქულებს, მრავალი ადამიანი შეემატა ეკლესიას...

ეს ერთობ განარისხებდა მღვდელთმთავრებს, რომლებიც სადუკეველების სექტას ეკუთვნოდნენ. მათ ისევ ბრძანეს მოციქულთა შეპყრობა და საპყრობილეში ჩამწყვდევა, მაგრამ რას გააწყობდა ადამიანური ძალისხმევა უფლის ნებასთან?! მოხდა ისე, რომ ღამით საპყრობილის კარი ანგელოზმა გააღო და მოციქულებს უთხრა: „მივედით და დადეგით და ეტყოდეთ ტაძარსა შინა ერსა მას ყოველთა მათ სიტყუათა ამის ცხორებისათა“ (საქმე 5,20). ისინიც დამორჩილდნენ და წავიდნენ ტაძარში, რათა განეგრძოთ ხალხისთვის სწავლება.

დილით შეიკრიბა სინედრიონი (უმაღლესი სათათბირო ანუ მთავარი სამსჯავრო). იგი შედგებოდა სამოცდაათი წევრისგან, რომლებსაც სამღვდელო პირთაგან და იერუსალიმის წარჩინებულთაგან ირჩევდნენ. რაოდენ დიდი იყო სინედრიონის წევრების განცვიფრება, როდესაც მოციქულთა მოსაყვანად გაგზავნილები მობრუნდნენ და განაცხადეს: საპყრობილე ცარიელია, თუმც მცველები თავიანთ ადგილზე დგანან და კარიც დახშულია! ამ დროს ვიღაც მოვიდა და ამცნო: „კაცნი იგი, რომელნი თქუენ შესხენით საპყრობილესა, ტაძარსა შინა დგანან და ასწავებენ ერსა“. სინედრიონის გაოცებულმა წევრებმა მოციქულებს უხმეს და ისინიც მოვიდნენ. „არა მცნებით გამცენით თქუენ, რაჲთა არღარა ასწავებდეთ სახელითა ამით [ანუ იესოს სახელით], და აჰა ესერა აღგივსიეს იერუსალემი მოძღურებითა თქუენითა და გნებავს მოწევნად ჩუენ ზედა სისხლი კაცისაჲ ამის?“ – ჰკითხეს მღვდელთმთავრებმა.

მოციქულებმა უშიშრად მიუგეს: „მორჩილებაჲ ჯერ არს ღმრთისაჲ უფროჲს, ვიდრე კაცთაჲ. ღმერთმან მამათა ჩუენთამან აღადგინა იესუ, რომელსა-იგი თქუენ ხელნი შეასხენით და დამოჰკიდეთ ძელსა; ესე ღმერთმან წინამძღურად და მაცხოვრად აღამაღლა მარჯუენითა თვისითა მიცემად სინანული ისრაელსა და მოტევებაჲ ცოდვათაჲ. და ჩუენ ვართ მოწამე მისა სიტყუათა ამათ და სული წმიდაჲ, რომელ მოსცა ღმერთმან მორწმუნეთა მისთა“ (იხ. საქმე 5,25-32).

ამ პასუხმა იმდენად განარისხა მღვდელთმთავრები, რომ მათი დახოცვაც კი მოინდომეს... მაგრამ აქ მათ დამცველად მოულოდნელად გამოჩნდა ბრძენი და სწავლული რჯულისმოძღვარი ფარისეველთა სექტიდან, სახელად გამალიელი, რომელმაც ბრძანა, მცირე ხნით გაეყვანათ მოციქულები. შემდგომ კი მიმართა სინედრიონის წევრებს და თან შეახსენა, რომ იუდეაში სხვადასხვა დროსაც ჩნდებოდნენ ხოლმე განდიდების სურვილით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, ხალხი მიეზიდათ; მაგრამ მათი სიცრუე ყოველთვის გამოაშკარავებულა და ამ მცდელობებს წარმატება არ მოჰყოლია. გამალიელის აზრით არ იყო საჭირო, რაიმე მოემოქმედათ მოციქულების წინააღმდეგ – „უკუეთუ არს კაცთაგან ზრახვაჲ ესე გინათუ საქმე ესე, დაჰხსნდეს; ხოლო უკუეთუ ღმრთისაგან არს, ვერ Pელ-გეწიფების დაPსნად მისა, ნუუკუე ღმრთისა მოლალეცა იპოვნეთ“ (საქმე 5,38-39).

სინედრიონის წევრებმა ნაწილობრივ ყურად იღეს ეს რჩევა, მით უმეტეს, რომ თუ მოციქულებს დახოცავდნენ, საშიშროება იქმნებოდა ქრისტეს მოწაფეთა მოყვარე ხალხის მხრიდან. ამიტომ გადადეს მათი სიკვდილით დასჯა, მაგრამ სასტიკად გვემეს, რის შემდეგაც გაუმეორეს, რომ ქრისტეს შესახებ ლაპარაკი ეკრძალებოდათ და გაათავისუფლეს.

მაგრამ მოციქულებს ახარებდა, რომ ერგოთ პატივი ტანჯვისა საყვარელი მოძღვრისთვის და განაგრძეს თავიანთი საქმე... მალევე ერთ-ერთი მორწმუნე ღირსი შეიქნა, თავისი სარწმუნოებისთვის სიცოცხლე გაეწირა და ქრისტეს ეკლესიის პირველმოწამე გამხდარიყო.

 

 

[1] იუდეველები დროს მზის ამოსვლიდან ითვლიდნენ. მესამე ჟამი ლოცვის დროდ ითვლებოდა და მანამდე საკვებს არ ღებულობდნენ.

[2] იგულისხმება ძველი აღთქმის ტაძარი.

 

 

       

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა