როგორ იქცა მკრეხელი პოლკოვნიკი სამაგალითო მოღვაწედ
პეტერბურგში გასულ (მეცხრამეტე) საუკუნეში გვარდიაში მსახურობდა პოლკოვნიკი მილონოვი. მისი პირადი აღიარებით, ახალგაზრდობაში ის სრულიად ურწმუნო იყო და თავის ამხანაგებში დიდი აღვირახსნილობით გამოირჩეოდა. ყოველივე წმინდა მისთვის არაფერს ნიშნავდა, მკრეხელობდა, დასცინოდა ყველა ქრისტიანულ წესს, უარყოფდა ღვთის რწმენას და მომავალ მარადიულ ცხოვრებას. იმ დროის ახალგაზრდობის ჩვეულებისამებრ უყვარდა ქეიფი და გარყვნილება. მოხუცი დედა უშედეგოდ ცდილობდა მის შეგონებას, უშედეგოდ ემუდარებოდა, დადინჯებულიყო და ჭეშმარიტი ქრისტიანი გამხდარიყო, – ის არაფერს ისმენდა. დედა მხოლოდ წუხდა ამის გამო და ღმერთს მხურვალედ ევედრებოდა, რადგან ღრმად მორწმუნე და კეთილმსახური ქალი იყო.
ერთხელ ამხანაგებთან ღრეობის შემდეგ მილონოვი თავდამძიმებული დაბრუნდა სახლში და დასასვენებლად წამოწვა, მაგრამ ვერ მოასწრო თვალის დახუჭვა, რომ ღუმელის უკნიდან ხმა შემოესმა: „მილონოვ, აიღე პისტოლეტი და თავი მოიკალი“. ამან ძალიან გააოცა და იფიქრა, რომ ვიღაც ეხუმრებოდა. როცა ოთახი დაათვალიერა და ვერავინ იპოვა, ჩათვალა, რომ მოეჩვენა ღრეობის გამო. თუმცა მალე ხმა ისევ მოესმა, თანაც ამჯერად დაჟინებით ითხოვდა, რომ პისტოლეტი აეღო და თავი მოეკლა.
შეძრწუნებულმა მილონოვმა მოსამსახურე ჯარისკაცს დაუძახა და მომხდარის შესახებ მოუყვა. ჯარისკაცი მორწმუნე იყო. მან თავის უფროსს ურჩია, პირჯვარი გამოესახა და ელოცა, უთხრა, რომ ეს ეშმაკის საცდური იყო. მილონოვმა, რომელიც უკვე დიდი ხანია არც პირჯვარს ისახავდა და არც ლოცულობდა, გამოლანძღა თავისი მსახური ასეთი რჩევისთვის და მხოლოდ დასცინა. „არც ღმერთია და არც ეშმაკი“, უთხრა ჯარისკაცს; მაგრამ ის ეხვეწებოდა, დაეჯერებინა, და ისევ ურჩია, რომ როდესაც კვლავ გაიგონებდა ხმას, რომელიც თვითმკვლელობას ითხოვდა, პირჯვარი გამოესახა. „მაშინ დაინახავთ, ბატონო, – ეუბნებოდა ჯარისკაცი, – რომ არსებობს ღმერთი და არსებობს ეშმაკიც; ხმა მაშინვე შეწყდება, რადგან ცხადია, რომ ის საეშმაკო წარმომავლობისაა და სურს თვითმკვლელობისკენ გიბიძგოთ, თქვენი სულის სამუდამოდ დასაღუპად“. ჯარისკაცის გაშვებისა და ცოტა დაწყნარების შემდეგ მილონოვმა ისევ გაიგონა ხმა ღუმელის უკნიდან და გადაწყვიტა პირჯვარი გამოესახა. ხმა მყისიერად დადუმდა და აღარ განმეორებულა.
მომხდარმა ძლიერ იმოქმედა მილონოვზე – ის დაფიქრდა, დაიწყო თავის განვლილი ცხოვრების გახსენება. იმის გააზრებამ, თუ როგორ თავაშვებულად და დარდიმანდულად ატარებდა დროს, უნებურად თავზარი დასცა. იქვე გადაწყვიტა, სამუდამოდ განშორებოდა ძველ ცხოვრებას და დარჩენილი დღეები სინანულში გაეტარებინა. არ დაუყოვნებია, სამსახურიდან წამოვიდა, გაიხადა ბრწყინვალე სამხედრო მუნდირი, ჩაიცვა უბრალო ცხვრის ტყაპუჭი და ფეხით წავიდა კიევში, იმ განზრახვით, რომ კიევო-პეჩორის ლავრაში დარჩენილიყო სინანულისთვის. ლავრის ხელმძღვანელობამ უბრალო ტყაპუჭიანი გვარდიის პოლკოვნიკი რომ დაინახა, ვერ გადაწყვიტა მისი ძმობაში მიღება და შესთავაზა, მისულიყო კიევის მიტროპოლიტთან, მონასტერში მიღების თხოვნით. მიტროპოლიტს ძალიან გაუკვირდა, პოლკოვნიკი გლახაკის სამოსში რომ იხილა, მაგრამ როცა მილონოვი ყველაფერს გულახდილად მოუყვა, მიტროპოლიტმა ურჩია, გლინის უდაბნოს სავანეში (კურსკის გუბერნიაში) წასულიყო სულიერ მოძღვართან – იღუმენ ფილარეტთან და მისი გამოცდილი ხელმძღვანელობით ეღვაწა თავისი სულის გადარჩენისთვის. მილონოვი ასეც მოიქცა. გლინის უდაბნოში ის მკაცრ მონაზვნურ ცხოვრებას ატარებდა, იყო ისეთი მმარხველი და მლოცველი, როგორებიც ახლა ცოტანი არიან. მან იღუმენ ფილარეტზე მეტხანს იცოცხლა და მისი მემკვიდრის, იღუმენ ევსტრატის დროს ნეტარებით აღესრულა.
წიგნიდან: Павел Никольский. "Самоубийство". Тамбов, 1910.
|