martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი, † 1963)

წერილები

 

წერილი 7

ძვირფასებო ...!

... "ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი" (გალატ. 6,2), ხოლო ქრისტეს შჯულის აღმსრულებელს ქრისტეს მშვიდობა მოეფინება, რომელიც აღემატება ჩვეულებრივ ადამიანურ გაგებას. ეს მშვიდობა ადამიანს მიწიერ მწუხარებათა და ტანჯვათა მიმართ უგრძნობელს ხდის, აქრობს ყოველგვარ ინტერესს ამასოფლისადმი, ადამიანს ზეცისკენ იზიდავს, გულში ნერგავს ყველას მიმართ სიყვარულს, რომელიც მოყვასის ყველა ნაკლოვანებას ფარავს, ვერ ამჩნევს მათ, აიძულებს საკუთარ თავზე მეტად სხვა ებრალებოდეს. ამ მშვიდობისთვის არის მოწოდებული ყველა ქრისტიანი, განსაკუთრებით მონაზვნები.

და თუკი ასეთი არაფერი გაგვაჩნია, მაშინ ვიტიროთ მაინც ღვთის წინაშე, რომ ვართ გლახაკნი, ღატაკნი, ყოველგვარი სიკეთისგან შიშველნი, და თავი დავანებოთ ერთმანეთის განკითხვასა და საყვედურებს, რაკიღა თავად უვარგისნი ვართ და გვემუქრება უფლისგან განგდების საშიშროება. "ვჰკურნებდით ბაბილონსა და არა განიკურნა" (იერ. 51,9). კიდევ დიდხანს მოგვითმენს უფალი? უფლის სიყვარული დაკავშირებულია უფლის სიმართლესთან, რომლის მიხედვითაც ადამი სამოთხიდან განიდევნა, დაშვებულ იქნა წარღვნა, დაიწვა სოდომი და გომორა, ჯვარს ეცვა უფალი იესო ქრისტე ჩვენი ცოდვებისათვის.

დავმდაბლდეთ ერთმანეთისა და უფლის მიმართ, დავიტიროთ ჩვენი განუკურნებელი წყლულები და შეძლებისამებრ ვაიძულოთ თავი, რომ ერთმანეთი შევიყვაროთ. მაშინ სიმდაბლისათვის და სხვების მოთმენისათვის ჩვენც მოგვითმენს უფალი თანახმად კანონისა: "რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ" (მათ. 7,2). ხოლო თუკი უბრძოლველად მივეცემით ვნებებს, რა მოგველის, თუ არა განგდება? ღვთის სასუფეველი არის სასუფეველი მშვიდობისა, სიყვარულისა, სიხარულისა, სიმშვიდისა და სხვ., ხოლო მათი საპირისპირო თვისებებით ღვთის სასუფეველში არ შეგვიშვებენ. საჭიროა დავძლიოთ თავი, დავიტიროთ ჩვენი სულის ლპობა და კეთროვანივით ვითხოვოთ, რომ უფალმა განგვკურნოს და განგვწმინდოს. "ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით, და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ" კარი სინანულისა, გლოვისა, ლმობიერებისა, რომელთაგანაც იშვება მშვიდობა და ცხონება...

 

ერილი 11

ძვირფასო, საყვარელო მ.ვ.!

"ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა" (მათ. 6,33). ადამიანი განა საკუთარი ძალით უზრუნველყოფს თავს? თუკი ხორციელად შრომობთ, სულიერადაც უნდა იშრომოთ. საკუთარი გული უნდა დაამუშაოთ ისევე, როგორც ბოსტანი (უფრო სწორად, მეტადაც). თუკი ადამიანი უხდის დაქირავებულ მუშებს, ნუთუ ღმერთი სასყიდლის გარეშე დატოვებს მათ, ვინც მისთვის იმსახურებს? როგორ ვემსახუროთ მას? – თქვენ ყველაფერი იცით. უნდა ვილოცოთ კიდეც, თავსაც დავუკვირდეთ, გულისსიტყვებს ვებრძოლოთ, არ ვიკამათოთ უმნიშვნელო საგნებზე, დავუთმოთ ერთმანეთს, თუნდაც ამით საქმე დაზიანდეს (შემდეგ გაცილებით მეტს მოვიგებთ), სასწრაფოდ შევურიგდეთ მოყვასს, აზრები გავაცხადოთ (მოძღვართან – მთარგმ. შენ.), ხშირად ვეზიაროთ და სხვ.

შეიძლება სამუშაოსთან ამის შეთავსება? თუკი უძლურების გამო ყველაფრის არა, ბევრი რამისა შეიძლება. ხოლო თუკი რაიმეს ვერ ვასრულებთ, უნდა შევიმუსროთ მაინც და ამის საშუალებით სიმდაბლე მოვიპოვოთ, და არანაირად თავი არ ვიმართლოთ, რადგან ამით თავს სულიერი ზრდის საშუალებას დავუკარგავთ. თუკი არ ვასრულებთ იმას, რაც გვევალება, და ამასთანავე არ ვითმენთ წყენასა და მწუხარებებს, და ამის საშუალებით არ შევიმუსრებით და არ ვმდაბლდებით, მაშ არც კი ვიცი რა ვთქვა. მაშინ რითი ვიქნებით ურწმუნოებზე უკეთესი? ამიტომაც გთხოვთ ყველას: მოითმინეთ წყენა, საყვედურები, კაცობრივი უსამართლობანი, ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ, რომ ამით მაინც შეავსოთ სულიერი მოღვაწეობის ნაკლოვანება. მთავარია – გავაცნობიეროთ, რომ ყოველგვარი შეურაცხყოფისა და მწუხარების ღირსი ვართ ("სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგვეგების").

თქვენთვის ცნობილია, რომ ბოლო ჟამს მწუხარებებით ცხონდებიან. ნუთუ ჩვენ გამონაკლისნი ვართ ამ კანონიდან? ტყუილად არ გვირჩევდნენ წმიდა მამები – ხშირად, დღეში მრავალჯერ გავიხსენოთ სიკვდილი, სამსჯავრო, რომ აუცილებლად მოგვიწევს პასუხი გავცეთ უფალს ყოველი საქმის, სიტყვის, გულისსიტყვის, მზაკვრობის, ამასოფლისადმი მიჯაჭვულობის, მზვაობრობისა და ყოველივე დაფარულის გამო, რაც მხოლოდ ღმერთისთვის და ჩვენი სინდისისთვისაა ცნობილი. თქვენც ხშირად იფიქრეთ ამაზე...

 

წერილი 13

ძვირფასო კ.!

ჩვენი სამკვიდრებელი ზეცაშია, შენც მალე წახვალ იქით. ასე რატომ მისცემიხარ ამაოებასა და მიწიერ მწუხარებებს? ეს ყოველივე ჩაივლის. როცა გაგიჭირდება, გაიხსენე, რომ თვით ღვთისმშობელმა მიწიერ ცხოვრებაში ისეთი მწუხარებები გადაიტანა, რასაც ჩვენ ვერ გავუძლებდით. მის თვალწინ აცვეს ჯვარს უფალი იესო ქრისტე. რაოდენ ძნელი მოსათმენი იყო ეს მისთვის! მაცხოვრის ყველა მეგობარი მოწამებრივად აღესრულა. და მოწამეები?

სამასი წლის მანძილზე მოწამეთა სისხლი იღვრებოდა. ხოლო ღირსი მამები და დედები როგორ იღვწოდნენ?

შენგან კი უფალი ძალიან მცირედს ითხოვს. გჯეროდეს მისი და მოითმინე მცირედი მწუხარებანი, რომელთა გაძლებაც შენს ძალებს არ აღემატება (უფალმა შენზე უკეთ იცის შენი ძალა). მოითმინე და ნუ დრტვინავ. ხოლო თუ დაიწუწუნებ, მოინანიე, შესთხოვე უფალს მოტევება და მოგიტევებს.

მოითმინე, საყვარელო, ცხონების გზით იარე, დააგროვე სიმდიდრე საუკუნო ცხოვრებისათვის, ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭე მიწიერ საქმეებსა და მწუხარებებს. მაპატიე და ილოცე, რომ უფალმა მეც მაცხოვნოს...

 

წერილი 21

ძვირფასო მ.ვ.,

მადლობა ხსოვნისა და კეთილი სურვილებისთვის

... ვინც სულიერ გზაზე სწორად მიემართება, საკუთარ თავში სულ უფრო მეტ ცოდვას დაინახავს; ბოლოს სულიერი თვალით იხილავს, რომ ცოდვას სრულიად მოუცავს, სულიერად კეთროვანია, მთელი გულით შეიგრძნობს, რომ ჭუჭყი და უწმინდურობაა, რომ უფლის სახელის წარმოთქმის ღირსიც არ არის და მხოლოდ მეზვერესავით, თვალთა ზე აღხილვად ვერ მკადრებელი, გულშემუსვრილებით ხმობს: "ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას". ასეთ სულიერ მდგომარეობაში დიდი ხნით ყოფნის შემდეგ ადამიანი განმართლდება ისევე, როგორც განმართლდა მეზვერე.

ხოლო თუ ადამიანი თავზე კარგი აზრის არის, საკუთარ ცალკეულ, თუნდაც მძიმე ცოდვებს მიიჩნევს შემთხვევით ცოდვებად, რომლებშიც მასზე მეტად გარეგანი გარემოებები, ადამიანები ან ეშმაკები არიან დამნაშავენი, მაშინ ასეთი სულიერი განწყობა ყალბია, ეს აშკარად ფარული ხიბლის მდგომარეობაა, რომლისგანაც, დაე, ყველანი გვიხსნას უფალმა.

იმისთვის, რომ სწორი გზით ვიაროთ, თვალყური უნდა ვადევნოთ საკუთარ თავს; ჩვენი საქმეები, სიტყვები, გულისსიტყვები, მისწრაფებები და ა.შ. ქრისტეს მცნებებს შევუდაროთ, საკუთარი თავი არაფერში არ გავამართლოთ, ვეცადოთ თავის გამოსწორებას, რამდენადაც შესაძლებელია; სხვები არ დავადანაშაულოთ და არ განვიკითხოთ, შევინანოთ უფლის წინაშე, თანდათანობით დავმდაბლდეთ ღვთისა და კაცთა წინაშე – მაშინ უფალი ნაბიჯ-ნაბიჯ დაანახებს ასეთ ადამიანს მის დაცემას, დაზიანებას, მის გადაუხდელ ვალს. ერთს ხუთასი დინარი ემართა, მეორეს – ორმოცდაათი, მაგრამ არც ერთს არ შეეძლო გადახდა. ორივე მათგანი უფლისაგან საჭიროებდა შეწყალებასა და მიტევებას. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს ისეთი მართალი, ვინც არ საჭიროებს მაცხოვრისგან წყალობას...

 

წერილი 29

ძვირფასნო მ. და კ.!

მშვიდობა თქვენდა და ცხონება უფლისა მიერ!

მივიღე თქვენი წერილი. უფალმა სნეულებით მოგაკითხათ, ცხადია, იმიტომ, რომ ეს თქვენი ცხონებისათვის აუცილებელი იყო. "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა" (საქმე 14,22) – ასეთია სულიერი კანონი. მოციქულები, მოწამეები, ღირსნი, ყველა წმინდანი ღვთის სასუფეველში შევიდა მრავალი დიდი განსაცდელის გავლით. "რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის" (ებრ. 12,6). ცხადია, რომ არ არის სხვა გზა ცათა სასუფევლისაკენ, გარდა ვიწრო, ჯვრისმიერი გზისა; ამიტომ თქვენც არ უნდა მოუძლურდეთ სნეულებისა და სისუსტის გამო; პირიქით, გიხაროდეთ სულით, დამშვიდდით გონებით, რადგან უფალი ახლა უფრო ახლოსაა თქვენთან, ხოლო მომავალში მისი შვილები იქნებით, თუკი ბოლომდე მას უერთგულებთ და უდრტვინველად გადაიტანთ ყველა იმ მწუხარებას, რის მოწევნასაც უფალი საჭიროდ ჩათვლის. "რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს".

საჭიროა ხშირად მოვუხმოთ უფლის სახელს (იგულისხმება "იესოს ლოცვა" ან სხვა მოკლე ლოცვა – მთარგმ. შენ.), თავი უფლის წინაშე დავაყენოთ და ვითხოვოთ მოთმინება, როცა ძალიან გაგვიჭირდება. დრტვინვას ისე უნდა ვუფრთხოდეთ, როგორც შხამიან გველს. უგუნურმა ავაზაკმა დრტვინვითა და ლანძღვით მხოლოდ ტანჯვა კი არ გაიძლიერა, არამედ სამუდამოდ დაიღუპა, ხოლო გონიერმა ავაზაკმა – იმის გაცნობიერებით, რომ თავისი საქმეების გამო დასჯის ღირსი იყო, ტანჯვაც შეიმსუბუქა და ღვთის სასუფეველიც დაიმკვიდრა.

ღირსი მაკარი დიდის დილის ლოცვაში ნათქვამია: "ღმერთო, განმწმიდე მე ცოდვილი, რამეთუ არა მიქმნიეს კეთილი წინაშე შენსა". თუკი ღვთის დიდად სათნო ადამიანებს ასეთი განცდა ჰქონდათ, მაშ ჩვენ რაღას უნდა ვგრძნობდეთ, რისი იმედი შეიძლება გვქონდეს? მარტოოდენ ღვთის მოწყალების იმედი. ყველა ჩვენი კეთილი საქმე უნდა დავივიწყოთ და მეზვერესავით მთელი გულით ვხმობდეთ: "ღმერთო, გვილხინე ცოდვილთა ამათ!" და თუკი მეზვერე მხოლოდ ამგვარი ლოცვით განმართლდა ყველა ცოდვისგან, მაშ ცხადია, უნდა გვჯეროდეს, რომ უფალი ჩვენც შეგვიწყალებს, თუკი მთელი გულით ვილოცებთ და ღვთის მოწყალების იმედად ვიქნებით. ვერანაირი სნეულება ვერ დაგვიშლის, თუნდაც დღეღამეში რამდენჯერმე სულის სიღრმიდან სინანულით მივმართოთ უფალს.

არ ყოფილა შემთხვევა, რომ ოდესმე უფალს მონანულისთვის შენდობაზე უარი ეთქვა. მხოლოდ მაშინ არ შეგვინდობს უფალი, როცა ჩვენ თვითონ არ შევუნდობთ სხვებს. ამიტომაც შევურიგდეთ ყველას, რომ უფალი შეგვირიგდეს. ვაპატიოთ ყველას, რომ უფალმა გვაპატიოს...

 

წერილი 42

ჩემო ძვირფასო მ.!

შენ უკვე ნაღვლობ და იბნევი მცირედი განსაცდელისგან. ამას უფალი უშვებს, რომ შეიცნო საკუთარი უძლურება და მიხვდე, რამდენი რამ იმალება კაცის სულში, როგორი შრომა უნდა გასწიო, რომ განიწმინდო ვნებებისაგან და იქმნე "ტაძარი ღმრთისა ცხოველისა" და ცხონდე. როცა მთელი ადამიანური უძლურება გაცხადდება, მაშინ შეუვრდები უფალს და უკვე გულის სიღრმიდან შეჰღაღადებ, როგორც წყალში ჩაფლული მოციქული პეტრე. მაშინ უფლისგან შეწევნას მიიღებ და მიხვდები, რომ ჭეშმარიტად ახლოა უფალი მათთან, ვინც მის სახელს მთელი გულით მოუხმობს, და უკვე მადლიერებით შეუვრდები უფალს, დაიტირებ ყველა შენს ცოდვას, რითაც მას შეურაცხყოფდი. მაშინ დამდაბლდება შენი გული, თავს დაანებებ სხვების განკითხვას და იმაზე დაიწყებ ზრუნვას, რომ უფალმა ცოდვები მოგიტეოს და დაგიფაროს, რომ კვლავაც არ შეურაცხყო იგი მცნებათა დარღვევით. იმასაც შეიცნობ, თუ რა ამაოა ყოველივე მიწიერი, რა არარაობაა შენი მიჯაჭვულობა მიწისადმი, კამათები, გულისტკივილი საგნებისა და საქმეების გამო, როგორ არ ღირს ამ ყველაფრისათვის დარდი, ჩხუბი და ამის გამო სულიერი სიმშვიდის დაკარგვა, და შესაძლოა ცხონების დაკარგვაც.

აი, შენ მიხვდი, რას ნიშნავს სიტყვა "დედა", რა არის სევდა, შური და სხვ. და თუკი უფალი შენს სულს ფსკერამდე გაამჟღავნებდა, შესაძლოა სასოწარკვეთილებაშიც ჩავარდნილიყავი. მაგრამ ყველაფერ ცუდს, ყველა ვნებას, ეშმაკის ყველა ხრიკს, ყველა მწუხარებასა და ტანჯვას – ყველაფერს ამარცხებს სიმდაბლე. ხოლო სიმდაბლე იმით გამოიხატება, რომ ჩვენ მთელი გულით, გონიერი ავაზაკის მსგავსად, ვეტყვით უფალს: "და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების. მოგვიხსენე ჩუენ, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა".

აი, თუ შევძლებთ ასე თქმას ცხოვრების ყველა შემთხვევაში, არ ვიდრტვინებთ არც ღმერთზე და არც ადამიანებზე, მაშინ გაჭირვების გადატანაც გაგვიადვილდება და სწორი სულიერი გზითაც ვივლით. თუკი ვიდრტვინეთ ვინმეზე, მაშინ უფრო მეტად უნდა დავმდაბლდეთ და ვთქვათ: "უფალო, ჭეშმარიტად არაფრად ვღირვარ, მხოლოდ შენ ძალგიძს ჩემი გადარჩენა". "უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალგიც განწმედაჲ ჩემი" – თქვა კეთროვანმა, რომელსაც განკურნების ყველა სხვა იმედი დაკარგული ჰქონდა, და მაშინ გაიგონა უფლისაგან: "მნებავს, განწმიდენი!" – და უფალი შეეხო მას და განკურნა.

ასევე ჩვენც, სულის სიღრმემდე რომ შევიცნობთ საკუთარ უძლურებასა და სულიერ სიღატაკეს, მივიქცეთ უფლისკენ, ერთადერთი მაცხოვრისკენ, და შემუსვრილი და დამდაბლებული გულიდან აღმოვთქვათ: "უფალო, თუკი გნებავს, ძალგიძს ჩემი განკურნება და ცხონება" – და მივიღებთ პასუხს ჩვენთვის ჯვარცმული უფლისგან: "მნებავს, განწმიდენი". მას ცხადად გაიგონებს ჩვენი სული და მიიღებს ძალას, რომ მადლიერებით გადაიტანოს მიწიერი ცხოვრების ყველა მწუხარება, როგორც გადაიტანა ავაზაკმა – იგი საშინლად იტანჯებოდა, მაგრამ უდრტვინველად ეკიდა ჯვარზე საღამომდე. უფალი შეგეწიოს, ძვირფასო მ., რომ ეს შეიგნო, დამდაბლდე და უფლის ხელთ მიეცე. ნიადაგ იმეორე: "უფალო, იყოს შენი წმიდა ნება; უფალო, ჰქმენ ჩემზედ, რაც გნებავს, მხოლოდ არ დაუშვა, რომ ვიდრტვინო შენზე, მხოლოდ მაცხოვნე".

შენ აქამდე მხოლოდ წაგიკითხავს და მოგისმენია სულიერი ბრძოლის, გლოვისა და გულისმიერი ტანჯვის შესახებ. უფალი უშვებს, რომ ეს გამოცდილებით შეიცნო და განსაზღვრო: მოითმენ უდრტვინველად და ღმერთს მადლობას შესწირავ, თუ მიეცემი დრტვინვას, შემდეგ კი უარესსაც – სასოწარკვეთას.

თავად გადაწყვიტე. "მიეცი სისხლი და მიიღე სული". ყრმობის ჟამი წავიდა, დროა უფროსების საქმეს შეუდგე. "გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს"; "თავმდაბალს ეშმაკის მახეები არც კი შეეხებიან" (ღირსი ანტონი დიდის ხილვა ეშმაკის მახეების შესახებ).

თუკი მიეცემი დრტვინვას და დაადანაშაულებ ადამიანებსა და გარემოებებს, ამის შემდეგ დაიწყებ ღმერთზე დრტვინვასაც და შეიძლება მიხვიდე სასოწარკვეთილებამდე, რისგანაც ღმერთმა დაგიფაროს...

 

წერილი 45

ძვირფასო...

... წერილებიდან გავიგე, რომ ხორციელ დასთან ხშირად მშვიდობა არ გაქვს, იმ ზომამდე, რომ ზოგჯერ თავის ჩამოსახრჩობადაც მზად ხარ. შენ კი, და განსაკუთრებით [შენმა დამ] დიდი ხანია უნდა იცოდეთ, რომ არსებობენ ეშმაკები, რომლებიც თავიანთი უკიდურესი სიბოროტით ყოველნაირად ლამობენ თითოეული კაცის დაღუპვას. როგორ აკეთებენ ამას? აი ასე: ისინი ცდილობენ იმოქმედონ ადამიანის ვნებებზე და გააღვივონ ისეთი ძალით, რომ მათ დაღუპონ ადამიანი.

მაგალითად, ვისაც სმა უყვარს, მას ეშმაკები აიძულებენ, უფრო მეტი დალიოს, ცდილობენ გაალოთონ, ჩააბან ჩხუბში, მიიყვანონ მკვლელობამდე და თვითმკვლელობამდე და სამუდამოდ დაღუპონ. სხვას ეშმაკები ქურდობას ასწავლიან, სხვა ერთობ დახვეწილად მიჰყავთ გონებამაღლობამდე, ზვაობამდე, ამპარტავნებამდე, და ბოლოს სულიერ ხიბლამდე და ასე ცდილობენ მის წარწყმედას. და კიდევ მრავალი სხვა გზით ცდილობენ ადამიანის დაღუპვას.

ზუსტად ასე ესწრაფვიან ეშმაკები თქვენს დაღუპვას, ან თუნდაც ერთერთი თქვენგანის. როგორ ცდილობენ ამის გაკეთებას? – თავადაც კარგად იცი. ეშმაკები აღძრავენ თქვენ შორის კამათს, ისე აღგაგზნებენ, რომ მზად ხართ ერთმანეთის საცემად, მოგშლიან და დაგამწუხრებენ იმ ზომამდე, რომ, როგორც ამბობთ, ასე ცხოვრებას თავის ჩამოხრჩობა გირჩევნიათ. თუკი შენ ან სხვა ვინმე თუნდაც დროებით შეიწყნარებთ ამ აზრს, მაშინ ეშმაკები უფრო დიდი ძალით, სხვა, უფრო ძლიერი ეშმაკების დახმარებით ("სხუანი შვიდნი სულნი, უბოროტესნი მისა", როგორც ნათქვამია სახარებაში) შეეცდებიან, უფრო ხშირად და უფრო ძლიერად ჩაგინერგონ აზრი თვითმკვლელობაზე. თუ ადამიანი მთელი ძალით არ შეეწინააღმდეგება ამ საეშმაკო აზრს და თუნდაც მცირედით დაეთანხმება, მაშინ ეშმაკებმა, უფლის დაშვებით – ვნებების, უნანელობისა და სიბოროტის გამო, შეიძლება დაახრჩონ კაცი; აძლევენ თოკს ან პირსახოცს და ეხმარებიან თვითმკვლელობაში.

... როცა მშვიდად იქნები, დაფიქრდი, სულის როგორ დაბნელებამდე უნდა მიხვიდე, რომ მცირეოდენი მწუხარების გამო მარადიულ, უსაშინლეს ტანჯვაში წახვიდე. რაც უნდა მძიმე იყოს აქ ყოფნა, თუნდაც დედამიწაზე ათასობით წელი ვიცხოვროთ მძიმე ტანჯვაში, ამას მაინც ექნება დასასრული, ჯოჯოხეთში კი ტანჯვას დასასრული არა აქვს...

 

წერილი 46

ძვირფასო...!

ხშირად იფიქრე სიკვდილზე და იმაზე, თუ ვინ შეგხვდება აღსრულების შემდეგ. შეიძლება შეგხვდნენ ნათელი ანგელოზები და შეიძლება გარს შემოგერტყნენ ბნელი, ღვარძლიანი დემონები...

დემონები ამპარტავანნი არიან და ეუფლებიან ამპარტავნებს, მაშასადამე უნდა დავმდაბლდეთ. დემონები მრისხანენი არიან – ჩვენ სიმშვიდე უნდა მოვიპოვოთ, რომ არ დაგვეუფლონ, როგორც სულიერად თავიანთ მსგავსებს. დემონები ძვირისმოხსენეები (გულღვარძლიანები), უწყალონი არიან, ე.ი. ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევუნდოთ და შევურიგდეთ იმათ, ვინც გვაწყენინა, და ყველას მიმართ მოწყალენი ვიყოთ. და ასევე მოვიქცეთ ყველაფერში.

ჩვენს სულში დავთრგუნოთ საეშმაკო მიდრეკილებები და დავნერგოთ ანგელოზებრივი მიდრეკილებები, რაც მითითებულია სახარებაში.

თუკი სიკვდილის შემდეგ ჩვენს სულში უფრო მეტი იქნება ეშმაკისეული, მაშინ ეშმაკები დაგვეუფლებიან. თუ ჩვენ აქვე გავაცნობიერებთ ჩვენს საეშმაკო მიდრეკილებებს, გამუდმებით შევთხოვთ უფალს მათ გამო შენდობას და თვითონაც ყველას შევუნდობთ, მაშინ უფალი მოგვიტევებს, მოსპობს ჩვენში ყოველივე ცუდს და არ ჩაგვაგდებს ეშმაკთა ხელთ. თუკი ჩვენ აქ არავის განვიკითხავთ, მაშინ არც უფალი განგვიკითხავს იქ. ასევე იქნება ყველაფერში.

ვიცხოვროთ მშვიდობით, შევუნდოთ და სასწრაფოდ შევურიგდეთ ერთმანეთს; ყველაფერი მოვინანიოთ ღვთის წინაშე, ვითხოვოთ მისგან წყალობა და გადარჩენა ეშმაკებისა და მარადიული ტანჯვისგან, სანამ კიდევ გვაქვს დრო.

ნუ ვეთამაშებით ჩვენს მარადიულ ხვედრს. უფალმა შეგაგონოს. ამინ.

 

წერილი 96

მშვიდობა შენდა და ცხონება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ, ძვირფასო...!

უკვე დროა იცოდე, რომ მტერი არცერთ ცხონების მსურველს არ მოეშვება და, აქედან გამომდინარე, მასთან ბრძოლა სიკვდილამდე არ შეწყდება. ხოლო მისი დამარცხება საკუთარი ძალით არავის ძალუძს. სწორედ ეშმაკის საქმეთა შესამუსრავად მოვიდა ქვეყნად უფალი. და იგი ებრძვის ეშმაკსა და ცოდვას მათთან ერთად, ვინც მუდამ მოუხმობს მას საშველად. ადამიანიც უნდა აღუდგეს წინ ცოდვასა და ეშმაკს მთელი თავისი ძალით, საჭურველად კი ის საშუალებები გამოიყენოს, რომლებზეც მიგვითითეს უფალმა, მოციქულებმა და წმიდა მამებმა. მართლმადიდებელი მორწმუნისთვის ეშმაკის საწინააღმდეგო იარაღებია: მარხვა, ლოცვა, მღვიძარება, სიმდაბლე. სიმდაბლის გარეშე ვერაფერი გვიშველის; უფალი თავდაჯერებულსა და ამპარტავანს არ შეეწევა და ისიც გარდაუვალად ჩავარდება მტრის მიერ დაგებულ ნაირგვარ მახეში.

ვისაც მტრის დამარცხება და ვნებებისგან გათავისუფლება სურს, მაგრამ არ ებრძვის მას ამ იარაღით, ის, ცხადია, ვერ გაიმარჯვებს. რაც მეტად დამდაბლდება ადამიანი, მით მალე გათავისუფლდება მტრისგან. ამას უნდა დავუმატოთ, რომ ძვირისხსენება აქარწყლებს ლოცვის ძალას, რადგან უფალი არ იღებს იმ კაცის ლოცვას, ვინც მოყვასს ემტერება ან წყენას იმარხავს, და მას შესარიგებლად აგზავნის. ხოლო თუკი უფალი ლოცვას არ მიიღებს, მაშინ ადამიანი მარტო დარჩება და მტერი შეძლებს მის დამარცხებას. და ისიც, ვინც სწორად იბრძვის, მტერს უცებ ვერ სძლევს. ამისთვის საჭიროა დრო და მოთმინება. იბრძოლე სწორად, ეცადე ყველასთან მშვიდობიან ურთიერთობას, განისწავლებოდე მღვიძარებასა და განუწყვეტელ ლოცვაში. დამდაბლდი ღვთისა და ადამიანების წინაშე. მაშინ გოლიათებს ერთი-მეორის მიყოლებით დასცემ მიწაზე და გათავისუფლდები ცოდვის ტყვეობისაგან.

არცერთი სულიერი მოძღვარი არ მოეპყრობა ადამიანს ცუდად იმის გამო, რომ მან გულწრფელად და ღრმად მოინანია თავისი ცოდვები, როგორიც უნდა იყოს ისინი. ეს მტრის ხრიკია, რომ მონანულმა დაფაროს თავისი ცოდვები და ვერ მიიღოს შენდობა. პირიქით, თუკი მოძღვარი მორწმუნე ადამიანია, უფრო კარგად მოეპყრობა მონანულს. ეს აღსარების საიდუმლოობითი თვისებაა...

მოითმინე ყველა საყვედური, ლანძღვა და ცილისწამება, სამართლიანიცა და უსამართლოც, რადგან მათ სარგებელი მოაქვთ, სულს ცოდვისგან წმენდენ და სიმდაბლის ზრდას შეეწევიან, თუკი არ შეეპასუხები ხოლმე. თქვი ავაზაკივით: "სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების. მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა"...

 

წერილი 121

ძვირფასო მ. ...!

რაღაც ძალიან დასნეულდი. ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს: სნეულებანი – ეს ღვთისაგან შეხსენებაა, რომ სიკვდილი მოგვიახლოვდა და საჭიროა განვწმინდოთ ჩვენი წარსული გულწრფელი შემუსვრილებით, სინანულით, ზიარებით. ასევე უნდა აღვასრულოთ მოწყალების საქმეებიც, რაც მრავალი ცოდვისაგან განგვწმენდს. საუბარია არა მხოლოდ ნივთიერ მოწყალებაზე; ბევრად უფრო ძვირფასია სულიერი მოწყალება, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი მოყვასთ, ნაცვლად განკითხვისა, შეიბრალებს, შეუნდობს ცოდვებსა და ნაკლოვანებებს და სთხოვს უფალს, მიუტეოს მათ. ასევე საჭიროა, არ ვიწუწუნოთ, როცა ავად ვართ ან ირგვლივ მყოფნი უყურადღებოდ და ცივად გვეპყრობიან და ა.შ., არამედ მთელი გულით ვთქვათ ხოლმე: "სამართლად ღირსი, რომელი ვქმენ, მომეგების. მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა".

გახსოვდეს უფალი – ამისთვის ძალისხმევა არ დაიშურო. იესო ქრისტეს სახელის მოხმობის გარეშე ეშმაკები შემოგვესევიან, ათასგვარ სიბილწეს ჩაიდენენ, დაგვტანჯავენ, მიგვიზიდავენ თავისკენ და უფსკრულისკენ. სნეულება და სიკვდილისწინა ტანჯვა – მარადისობის კარიბჭეა და მასში ირეკლება ჩვენი გამართულობა, ჩვენი ცხოვრება: სიკვდილის წინ გამოცხადდება ყველაფერი, რაც შევაგროვეთ სიცოცხლეში, კეთილიცა და ბოროტიც. ამიტომაც უნდა ვევედროთ უფალს, რომ მოგვანიჭოს "შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშვიდობით და სინანულით აღსრულებად". გაიხსენე ყველა წარსული ცოდვა, შეიმუსრე, იტირე, შესთხოვე უფალს შენდობა. შეურიგდი ყველას, თანაც ისე, რომ ადამიანებმა იგრძნონ შენი შემუსვრილება და გაპატიონ გულით და არა ენით; შენც ყველას აპატიე...

 

წერილი 276

საყვარელო ნ.მ.!

... რელიგიური აღქმები ფსიქოლოგიზმი არ არის, ისინი ისევე რეალურია, როგორც ფიზიკური სამყაროს აღქმები. მიწიერი ცხოვრება სიამოვნებისთვის კი არ მოგვეცა, არამედ საკუთარი თავისა და ღმერთის შესაცნობად. ადამიანმა მიწიერი ცხოვრების განმავლობაში გადაწყვეტილად, სამუდამოდ უნდა განსაზღვროს – საით წავიდეს: სიკეთისკენ თუ ბოროტებისკენ, ღმერთისკენ თუ ეშმაკისკენ...

ამ ცხოვრებისგან, ამასოფლის სულისგან შორს მინდა ვიყო. ეს სული დაეუფლა მთელ კაცობრიობას. მხოლოდ მისგან განშორებულმა შეიძლება იგრძნოს და დაინახოს ამ სულის მთელი სისაძაგლე და საშინელება. ახლა ამქვეყნად ცოტანი არიან ადამიანები, რომლებიც მოახერხებდნენ ბოროტი სულის ზემოქმედებისგან გათავისუფლებას. ეს საშინელებაა! ამბობენ, როცა ბაყაყი გველს თვალებში შეხედავს, გაშეშდება, საშინელებისგან ყიყინებს, მაგრამ გაქცევა არ შეუძლია, სულ უფრო უახლოვდება გველს, სანამ მის ხახაში არ მოექცევა.

საღამოს ლოცვებში არის ასეთი სიტყვები: "მიხსენ მე, უფალო, დამღუპველი გველის ხახისაგან, რომელიც დაუღია ჩემს ჩასანთქმელად და ჯოჯოხეთში ჩასაყვანად". ეს გამოცდილებითაა დაწერილი. ისინი, ვინც ამასოფლის სულის მოქმედების სფეროში იმყოფებიან, ვერ გრძნობენ ამ საფრთხეს და არ სჯერათ მათი, ვინც უკვე გათავისუფლდა მისგან.

დაე, უფალმა გაკურთხოთ, დაგიცვათ ყოველგვარი ბოროტებისგან და სიკვდილის შემდეგ მარადიული ნეტარება მოგანიჭოთ. იქნებ შევხვდეთ იმქვეყნად.

აირჩიეთ ღმერთი, განეშორეთ ეშმაკს სულით და საქმეებით, რომ თქვენზედაც თქვას უფალმა: "რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე" (იოან.6,37).

მოკითხვა ყველას.

 

წერილი 277

...

... რატომ არა ვართ შემუსვრილნი, თუკი ვაცნობიერებთ ჩვენს დანაშაულს ღვთის წინაშე? კარგად განვიხილოთ, თუ რატომ ხდება ასე. ვფიქრობ, სულის სიღრმეში იმალება დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე, თავის დაფასება. ეს ირიბად შეიმჩნევა იმით, რომ ადამიანი საერთოდ ვერ ითმენს, ან დიდი გაჭირვებით ითმენს მხილებას. შენც ასე ხომ არ გემართება? გააცნობიერე ესეც და ბევრი სხვა რამეც და სიჩუმეში უფლის წინაშე გულისმიერი ცრემლით მოინანიე შენი დანაშაული, უსაზღვრო უწმინდურობა, გადაუხდელი ვალი მის წინაშე...

 

წერილი 287

დედაო პ.! მშვიდობა შენდა!

შენ პირველად არ მეკითხები სიკვდილის შიშზე. თუკი ყურადღებით შეხედავ რომელიმე საგანს, მას გარკვევით დაინახავ, ხოლო გარემომცველ საგნებს ნაკლებად შეამჩნევ. ასევე შეიძლება ითქვას სიკვდილის შიშზეც. როდესაც სიკვდილს ძველი კაცის თვალით უყურებ და ყურადღებას აქცევ მხოლოდ სიკვდილისწინა ტანჯვას, მაშინ ის ძალიან დიდად გეჩვენება და გაშინებს. ამას ემატება ეშმაკების მოქმედებაც. თუკი კაცი ასეთ მდგომარეობაში დარჩება, შეიძლება მთლიანად მოიშალოს. სიკვდილს ღვთის სიტყვის მიხედვით უნდა შევხედოთ: "გული მეტყვის განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად" (ფილიპ. 1,23), – ასე უყურებდა მოციქული პავლე და ყველა წმინდანი. მიწიერი ცხოვრება – გამოსასწორებელი პატიმრობაა. როგორც ციხიდან ან ბანაკიდან გათავისუფლებაა სასიხარულო, ასევე, უფრო სწორად, შეუდარებლად უფრო სასიხარულოა ბნელი მიწიერი ცხოვრებიდან გასვლა.

იტყვი: "კარგია, თუკი ღვთის სასუფეველში მოხვდები, მაგრამ თუკი ჯოჯოხეთში?" და რა გვიშლის ხელს ღვთის სასუფეველში შესასვლელად? ნათქვამია: მცნებები აღასრულე და ცხონდები. რადგან უძლურნი ვართ, მოშლილები, ეშმაკების ზემოქმედებას ვექვემდებარებით, ამიტომაც მოგვანიჭა უფალმა სინანული და სხვა საიდუმლოებები. თუკი გულწრფელად მოვინანიებთ, უფალი გვაპატიებს, ანუ განწმენდს ჩვენს სულს ცოდვისმიერი წყლულებისაგან და მონანულს ღვთის სასუფეველს ჰპირდება. დღეში სამეოცდაათჯერ შვიდგზის მოინანიებ და ამდენჯერვე მიიღებ შენდობას. თუკი შენ ღვთის სიტყვისა არ გჯერა, მაშინ, ცხადია, შეშინდები და ეშმაკების ძალაუფლებას დაექვემდებარები, ხოლო ისინი გაგტანჯავენ. აშკარაა, ფარისეველივით საკუთარი საქმეების იმედი გაქვს, თუმცა, შესაძლოა, ამას ვერ აცნობიერებ. მიემსგავსე მეზვერეს, ანუ ცხონების მთელი იმედი ღვთის მოწყალებაზე დაამყარე და არა შენს სწორ ქმედებებზე, და მაშინ ამ ცხოვრებიდან ისევე გახვალ, როგორც მეზვერე ტაძრიდან – განმართლებული, ანუ ღვთის სასუფეველს დაიმკვიდრებ...

 

წერილი 302

ძვირფასო დაო ს.!

... შენ თვითონაც არასწორად იქცევი – ხედავ სხვის ცოდვებს, მთელი შენი ყურადღება იქითაა მიპყრობილი, ხოლო საკუთარ ცოდვებს ან ვერ ამჩნევ, ან იოლად პატიობ შენს თავს. სანამ გული არ გეტკინება საკუთარ ცოდვებზე და მახლობლებს ცოდვებს არ მიუტევებ ხოლმე, შენ არა მხოლოდ მონაზონი, არამედ სულით ქრისტიანიც არა ხარ. დახუჭე თვალი სხვების ცოდვებზე, ხოლო თუკი მათი არდანახვა შეუძლებელია, ილოცე შემცოდეთათვის, როგორც საკუთარი თავისთვის, რათა უფალმა მიუტეოს მათ. მაშინ მიიღებ წყალობას უფლისგან; დაიწყება შენი სულის მუდმივი ცვლილება, გაჩნდება გულის შემუსვრილება, ლმობიერება, სულის სიგლახაკე, სიბრალული ყველას მიმართ, სულიერი სიმშვიდე, განუწყვეტელი ლოცვა და ღვთის სხვა ნიჭები.

ებრძოლე შენში დამკვიდრებულ ცოდვებს: სიცრუეს, მზაკვრობას, მზვაობრობას, ცილისწამებას, შურს, არაწმინდებას, მცირედმორწმუნეობას, მრისხანებას, სიზარმაცეს, ამქვეყნიურ მწუხარებას, ღვთის სახელის დავიწყებას, სიკვდილის დავიწყებას, დიდებისმოყვარებას, ხალხისგან პატივისცემის სურვილს და სხვა მრავალს. თუკი საკუთარ თავს დააკვირდები, დაინახავ, რომ ყოველ წუთს სცოდავ და ღმერთს შეურაცხყოფ. მაშინ ნამდვილად არ მოგინდება მოყვასის განკითხვა, რადგან თავად შეიძლება ნებისმიერ ცოდვაში ჩავარდე, და იმ ცოდვაშიც, რომელსაც ამ წუთში ხედავ სხვა ადამიანში...

ანდერძი

ძალიან გთხოვთ ყველას, ნათესავებსა და ახლობლებს, მტკიცედ იდგეთ მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სარწმუნოებაში და სიკვდილამდე ყოველი ღონე იხმარეთ სულის გადასარჩენად სახარებისეული მცნებების აღსრულებით და ხშირი აღსარებითა და ზიარებით (წელიწადში ერთხელ მაინც). ჩემი ცხოვრების მანძილზე ყველაზე მძიმე გარემოებებში და სასტიკ განსაცდელებში ნუგეშს ვპოვებდი უფალ იესო ქრისტეს რწმენასა და ლოცვაში.

გთხოვთ, გებრალებოდეთ და გიყვარდეთ ერთმანეთი, დაეხმარეთ ერთურთს მატერიალურად და სულიერად. სადაც მშვიდობა და სიყვარულია, იქ არის ღმერთი, იქ არის სიხარული და ცხონება, ხოლო შუღლი და შური ეშმაკისგანაა.

ცხონდით.

ი. ნიკონი, 13 აგვისტო, 1963 წ.

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა