martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

 

წერილი ათონიდან

(ნაწ. 3)

 

ჩემო საყვარელო შვილებო, ვუყურებ ჩვენი კეთილი "გერონტისას" მრავალგვერდიან რვეულს და ვწუხვარ, რომ გაგრძელება აღარ შემიძლია... თანაც რა მშვენიერი, როგორი სასარგებლო ჩანაწერებია... სინანულზე და აღსარებაზე, კეთილ მაგალითზე, ვნებებთან ბრძოლაზე, სინდისზე, ქრისტესმიერ სიხარულზე და სხვა, მაგრამ... სამწუხაროა, რომ აღარ შემიძლია გაგრძელება... ახლა უნდა დავისვენო, დავმშვიდდე... მინდა დავასრულო შემდეგით:

ჩემი ერთადერთი და კურთხეული მოგზაურობის დროს თქვენს მშვენიერ სამშობლოში, თბილისის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში სამი ახალგაზრდა გავიცანი (ლევანი, შიო და კვიპრიანე). კვიპრიანემ, ბერძნულის მცოდნე ერთი ქართველის საშუალებით მთხოვა მისი სახელის წარმოშობის შესახებ რაიმე მეამბნა, მაგრამ მეც არ ვიცოდი ამ სახელის შესახებ... ჩავიწერე მისი მისამართი და დავპირდი, რომ გავუგებდი... (სამწუხაროდ, ეს ჩანაწერი, ისევე როგორც სხვა ბევრი რამ, გაიბნა და დაიკარგა ჩემი ავადმყოფობის დროს ნივთების კარიესიდან მონასტერში სასწრაფოდ გადმოტანისას).

ცნობილია ყოფილი ჯადოქრის, შემდგომში კი ანტიოქელი ეპისკოპოსის, კვიპრიანეს შესახებ, რომელიც იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს 304 წელს ეწამა...

ასევე, ცნობილია წმინდა კვიპრიანე კართაგენის ეპისკოპოსი, რომელიც ვალერიანის დროს, 258 წლის 14 სექტემბერს ეწამა. წმინდა კვიპრიანე მდიდარი კერპთაყვანისმცემელი სენატორის შვილი, შესანიშნავი განათლებისა და ბრწყინვალე ორატორული ნიჭის მქონე ახალგაზრდა, ქრისტიანობაზე პრესვიტერმა თასკიოს ცეცილიოს კვიპრიანოსმა მოაქცია...

სამწუხაროდ ბერძნულ "სვინაქსარში" მხოლოდ წმინდა კვიპრიანე ანტიოქელზეა საუბარი, ხოლო წმინდა კვიპრიანე კართაგენელის ხსენება არ იზეიმება... იგი უცნობი რჩება... მინდა აქ ცოტა რამ მოგითხროთ მის შესახებ (რისი შეგროვებაც შევძელი), რათა არა მარტო ვიცოდეთ ამ წმინდანის შესახებ, არამედ პატივიც მივაგოთ...

წმინდა კვიპრიანე კართაგენელი 200-იანი წლების დასაწყისში დაიბადა. საეპისკოპოსო ტახტზე 250 წელს ავიდა... იყო მტკიცე ხასიათის, ჰქონდა საუკეთესო განათლება, ორგანიზატორული და განსაცვიფრებელი ორატორული ნიჭი. აი, ასეთი პიროვნება ჩაუდგა სათავეში აფრიკის ეკლესიის ცენტრალურ ნაწილს...

ჩემო შვილებო, ვაღიარებ, რომ როდესაც მის ზოგიერთ წერილებს გავეცანი, გაოცებული დავრჩი, თუ როგორ სულიერებასა და სიტყვის ხელოვნებას ფლობს... სწორედ ამის გამო მომდევნო თაობებმა მას "აფრიკის ოქროპირი" უწოდეს. უაღრესად მრავალფეროვანი და ნაყოფიერია მისი სამწერლო შემოქმედება... (დაწერა: "ეკლესიის ერთობის შესახებ", "სიკვდილის შესახებ", "შრომისა და მოწყალების შესახებ", "დიმიტრიანელთა მიმართ", "გადანათვლის შესახებ", "შურის შესახებ", "განსაცდელის შესახებ", "ქრისტიანის სახელმძღვანელო" – 3 ტომად და სხვა...)

დაპატიმრებულ იქნა 257 წელს...

პროკონსული პატერნი ეკითხება: ჩვენი იმპერატორები ბრძანებდნენ, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს რომაელთა სარწმუნოებას და შენ რატომ ეწინააღმდეგები?

წმინდა კვიპრიანე: მე ქრისტიანი და ეპისკოპოსი ვარ... ქრისტეს, ჩვენ ღმერთს ვემსახურებით და დღე და ღამე ყველასათვის ვლოცულობთ...

პროკონსული: მაშასადამე, შენს აზრზე რჩები?

წმ. კვიპრიანე: ღვთის მიერ შთაგონებული აზრი არ იცვლება!

პროკონსული: მაშინ გადასახლებისთვის მოემზადე!

წმ. კვიპრიანე: მზად ვარ! შენ შენი მოვალეობა შეასრულე, ხოლო მე ჩემს ქრისტიანულ ვალს მოვიხდი!

პროკონსული: ბრძანება, რომელიც მიღებული მაქვს, არა მარტო ეპისკოპოსებს, არამედ მღვდლებსაც ეხებათ. მინდა, რომ შენი ქალაქის მღვდლების სახელები მითხრა.

წმ. კვიპრიანე: თქვენი კანონები სამართლიანად კრძალავენ დასმენას... ამრიგად, მათ სახელებს არ გავცემ!

...წმინდანი ერთი წლით გადაასახლეს... გათავისუფლების შემდეგ კვლავ განაგრძო თავისი მოძღვრული მოვალეობების შესრულება, დახმარება, ნუგეშისცემა, წერა და .., მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით... კვლავ იჭერენ და წამების ადგილას მიყავთ... წმინდანი კი ხმამაღლა აცხადებს: "გმადლობ შენ, ღმერთო ჩემო, რადგან ღირს ჰყავ სული ჩემი ხორციელი სიკვდილით განეშოროს სხეულს და შენთან მოვიდეს..." წმინდა კვიპრიანეს თავი მოჰკვეთეს...

 

(მინდა მცირე ნაწილი მოვიყვანო წმინდანის იმ ბრწყინვალე წერილებიდან, რომლებშიც იგი საპყრობილეებში გამომწყვდეულ ქრისტიანებს მიმართავს...)

 

"...ფეხებზე ბორკილები დაგადეს, სხეული დაგიტყვევეს, მაგრამ თქვენი სულები თავისუფლად ფრენენ... ბორკილები არ ამცირებენ ქრისტიანებს, მათი საშუალებით თქვენი ზეციური გვირგვინები იწნება...

...ოჰ! დიდებული სიმდაბლე!..., უფალი თქვენ გაგათავისუფლებთ... ტყვეობაში მყოფნი საუკუნოდ თავისუფალნი ხართ... ულმობელი მიწიდან ქრისტესთან განისვენებთ... სხეულით შიშველნი ხართ, მაგრამ სულიერად შემოსილნი... ქრისტეთი შემოსილი შიშველი კი არა ყოვლადშემკულია!...

 

...გიხაროდენ, ჩემო საყვარელო შვილებო, მომავალ შეხვედრამდე იქ... ზეცაში... უფლის ტახტთან... სადაც ჩვენ წმინდა მოწამეთა კრებული გველოდება...

...ბევრი შეეჩვია იმის თქმას, რომ სიხარული მხოლოდ ზღაპარშია, მაგრამ ეს ასე არ არის, სიხარული რეალობაა და მხოლოდ ქრისტესთან ახლოს არსებობს, რომელიც თავად არის ჭეშმარიტი და მარადიული სიხარულის ერთადერთი წყარო... მხოლოდ მასთან "ძღება" და "წყურვილს იკლავს" ადამიანის გული...

სახელად მას (უფალს) სიყვარული ჰქვია... იმაზე მეტად ვუყვარვართ, ვიდრე ჩვენ გვიყვარს საკუთარი თავი... ჩვენს გამო მან ზეცა დატოვა, მიწაზე ჩამოვიდა და ჩვენი მსგავსი გახდა, რათა ჩვენში უდიდესი გარდაქმნა მოეხდინა: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ."

 

"...განსაცდელი, რომელსაც უფალი გვიგზავნის, საოცრად ტკბილია!... გაუფრთხილდი შენს სხეულს, მაგრამ იმგვარი სულისკვეთებით, რომ თუ სარწმუნოება მოითხოვს, ყოყმანის გარეშე გაიმეტო ცეცხლში დასაწვავად... დაე, მეც მომკლან, ხომ უნდა შეეწიროს ეპისკოპოსი თავის საეპისკოპოსო ქალაქს...

ჩემო საყვარელო ძმებო და დებო, დადგა დრო, როდესაც ქრისტესადმი ჩვენი რწმენა უნდა დავამტკიცოთ... ვიცი, რომ არ შედრკებით... კვლავ შევხვდებით... ღვთის მადლით თქვენი თანმხლები გავხდები, რათა ზეცაში ნეფის სუფრასთან ადგილი შეგინახოთ... იქ გვექნება დიდი შეხვედრა..."

 

როდესაც თვალცრემლიანი ქრისტიანები წმინდანს ევედრებიან, რომ დაიმალოს და სასჯელს გაექცეს, იგი პასუხობს:

არა, არ გავიპარები! – ამით მარადიულ ცხოვრებას გავექცევი! ვაი, იმ მღვდელმთავრებს, რომლებიც ეკლესიას უღალატებენ... თქვენ კი რატომ მტირით? სიკვდილში ხომ არა, გამარჯვებაში მივდივარ... თანაც ვერ შეიტყვეთ ახალი ამბავი? იქ, რომში ეპისკოპოს სიქსტეს (იგულისხმება წმ. მღვდელმოწამე რომის პაპი სიქსტე მეორე), რომელიც საეპისკოპოსო ტახტიდან მორწმუნეებს ესაუბრებოდა, სახალხოდ თავი მოჰკვეთეს და როგორ შეიძლება არაფრად ჩავაგდო ასეთი მოწამებრივი მაგალითი?..."

 

ჩემო საყვარელო ძმებო და დებო, მინდა კიდევ ერთი კეთილი მაგალითის შესახებ მოგიყვეთ: წმინდა კვიპრიანე შავი ჭირის საშინელი ეპიდემიის დროს ქალაქის ქუჩებში დადიოდა, დაავადებულებს ეხმარებოდა, მშივრებს აპურებდა და ყველას თანაუგრძნობდა, არ არჩევდა ვინ იყო ქრისტიანი და ვინ არა, ხოლო როდესაც წამების ადგილას მიიყვანეს, ბევრი კერპთაყვანისმცემელი აღშფოთდა: სირცხვილი ჩვენი, იგი ჩვენგან ასეთ საზღაურს არ იმსახურებსო! – ამბობდნენ ისინი. (ხედავთ ჭეშმარიტი ქრისტიანობის მაგალითს? წმინდა კვიპრიანე თვით კერპთაყვანისცემლებსაც სიკეთეს უნაწილებდა).

 

საყვარელო ძმებო და დებო, წმინდა კვიპრიანე მაღაროებში მომუშავე ტყვე ქრისტიანებს სწერდა:

"...რა თქმა უნდა, ამომავალი მზე აღმოსავლეთს ანათებს... მთვარეც ცას სინათლით ავსებს, მაგრამ ის, ვინც ყოველივე ეს შექმნა, თქვენთვის ყველაზე დიდ ნათელს წარმოადგენს... ქრისტეს ზეციური დიდება, რომელიც თქვენს გულებში ამოიწვერება, ჯოჯოხეთის სიბნელეს განაგდებს... სიკვდილი, რომელიც სხვებისათვის შიშსა და წყვდიადს განასახიერებს, თქვენთვის მარადიული სიწმინდის გამონათებაა...

...დევნილობის ზამთრის შემდეგ, ნამდვილად მოვა გაზაფხული... სამოთხის ბრწყინვალება მართლაც გაზაფხულთა გაზაფხულია... თქვენ უკვე ზეციური გვირგვინები გადგათ თავზე... თქვენ მიწიერი დამარხეთ და მარადიული დიდება მოიმკეთ... თქვენ ღვთის ვენახის ყურძნები ხართ... მაღაროები ის "საწნახელია", სადაც ღვინის ნაცვლად თქვენი სისხლი იწურება!

მხნე და მამაცნი ტანჯვაში, გახარებული გულებით ცლით თქვენი ტანჯვის ფიალას... აქ ადამიანები დედმამიშვილები ხდებიან, ყველანი ქრისტეში ერთიანდებიან..."

 

კართაგენის ეპისკოპოსი წმინდა კვიპრიანე თვალისმომჭრელი სიკაშკაშის წმინდანია და სირცხვილია, რომ იგი ისე ფართოდ არ არის ცნობილი, როგორც საჭიროა...

ჩემო ძმებო და დებო, ყველამ ვიცით, რომ ყვავილიდან თაფლის მოსაპოვებლად ფუტკარია საჭირო... სხვადასხვა წიგნებისა და გამოცემების სახით ასევე არსებობს სულიერი თაფლიც, და ამ შემთხვევაშიც საჭიროა "ფუტკარი"... მოდით, ძმებო და დებო, სულიერ "ფუტკრებად" ვიქცეთ... სადაც კარგ და სასარგებლოს შევხვდებით, ყოველივე შევაგროვოთ...

მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც არ ცხოვრობს ქმედითი, შეგნებული და თანმიმდევრული ქრისტესმიერი ცხოვრებით, რომელიც არ იღვწის მუდმივად იმისათვის, რომ ყველგან და ყოველთვის, სიტყვით და საქმით, ცხოვრების თუნდაც სრულიად უმნიშვნელო წვრილმანებშიც კი ქრისტიანობა დაამოწმოს, რომელიც გამუდმებით არ ლოცულობს, რომელიც გონებით ქრისტეს ჯვარცმის ქვეშ არ დგას იგი "თაფლის მკეთებელი ფუტკარი" არ არის.

ჩვენი თანამედროვე რუსი წმინდანი მამა არსენი ამბობს: "...ძმებო, სანამ ამ ქვეყნიდან წავალთ, მოდით, ჩვენს შემდეგ რაიმე კარგი დავტოვოთ: ერთი წიგნი, ერთი ხე, ერთი კეთილი სიტყვა... არა აქვს მნიშვნელობა ზომას, მთავარია ყოველივე ღვთის სახელითა და მოყვასის სიყვარულით კეთდებოდეს..."

ჩემო ძმებო და დებო, დაე სულიერ ფუტკრებად ვიქცეთ!

 

ჩემო ძმაო, ჩვენი მონასტრის ტაძარში შესულს, მარცხნივ წმინდა ბასილი ახლის ხატი შეგხვდება. ეს წმინდანი ძირითადად შემდეგი ამბითაა ცნობილი: როდესაც მისი მოწაფე თეოდორა (მისი სულიერი შვილი) აღესრულა, ზეცაში ასვლისას ბევრ სხვადასხვა საზვერეში გამოიცდებოდა. გამოცდის ეს ამბავი სასარგებლოცაა და შიშის მომგვრელიც. ერთ მომენტში თეოდორა მის თანმხლებ ანგელოზებს ეკითხება:

რა გზითაა შესაძლებელი, რომ ადამიანს ცოდვები მიეტევოს და "ჰაერის მცველ დემონების" წიგნიდან ამოიშალონ?

ანგელოზებმა უპასუხეს:

ყოველივე ეს შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც ადამიანი შეინანებს და მღვდელთან იტყვის აღსარებას. ამ დროს დემონთა დავთარიდან ცოდვები უმალვე წაიშლება. თუკი შენსავით მოიქცევიან, .. ცოდვის აღიარება შერცხვებათ და საკმარისად მხოლოდ ცოდვის აღარ ჩადენას და გულში სინანულს ჩათვლიან, იგი არ მიეტევებათ. უფალმა შენდობის საიდუმლოს მადლი და აღსრულება მოციქულებს დაუტოვა, რომლებმაც ეს მადლი, თავის მხრივ, მღვდელმთავრებსა და მღვდლებს გადასცეს. უფალს სურს, რომ დედამიწაზე ეს საიდუმლო დაცული იქნას... ამიტომ ადამიანებმა აღსარება სულიერ მოძღვრებს უნდა ჩააბარონ...

 

დიახ, ჩემო ძმაო, დიდი ყურადღება მიაქციე ანგელოზის ამ სიტყვებს. თუკი ადამიანი აღსარებას მართლმადიდებელ სულიერ მოძღვართან არ იტყვის და შემდეგ, მისი კურთხევით არ ეზიარება უფალ იესო ქრისტეს უხრწნელ სისხლსა და ხორცს ვერ ცხონდება!

"...რომელი ჭამდეს ორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორება საუკუნო" (და ასევე) "...უკუეთუ არა სჭამოთ ორცი ძისა კაცისა და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორება".

ჩემო ძმაო, დაე შევინანოთ, დაე აღსარება ვთქვათ და სულიერი მოძღვრის კურთხევით ვეზიაროთ... დაე, ვიქცეთ ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიის ცოცხალ წევრებად... ცხონების სხვა გზა არ არსებობს...

 ძმაო ჩემო, თუკი ვინმე მკვდარს აღადგინებს, თუკი სასწაულებს მოახდენს, თუკი სამყაროს განაცვიფრებს, თუკი ყოველგვარ სიკეთესა და მოწყალებას ჩაიდენს, მაგრამ მოძღვართან არ წავა და საკუთარი ნაკლის შესახებ არ ეტყვის – იგი ვერ ცხონდება! ზეციურ სასუფეველს ვერ იხილავს!

 

ქვემოთ მოყვანილ ზოგიერთ საგულისხმო მაგალითსა და სასარგებლო სულიერ შეგონებას ვუძღვნი ზაზას, ეკას, ზინობს, ნანას, შალვას, ირაკლის, ზურაბს, შიოს, ლევანს, ავთანდილს, ალექსანდრეს, ელენეს, ნინოს, ანას, ნიკოლოზს, დავითს, ვახტანგს, გიორგის, მიქაელს, ლაზარს, თეოდორეს, რეზოს, გურამს, მონაზონ ა-ს და ყველა ქრისტესმიერ საყვარელ ქართველ ძმასა და დას.

(მომდევნო ფურცლები ჩემი ძველი "კრებულის" ჩანაწერებს მოიცავენ).

როდესაც ბრძენ თალესს ჰკითხეს, თუ რა არის ყველაზე რთული და ყველაზე იოლი რამ, მან უპასუხა: ყველაზე რთულია საკუთარი თავის შეცნობა და მასზე "გამარჯვება", ხოლო ყველაზე იოლი სხვებისათვის რჩევის მიცემა.

 

ვიღაცამ ალექსანდრე დიდს ჰკითხა, თუ რა იყო მისი საგანძური და ალექსანდრემ მას საკუთარი მეგობრები უჩვენა!

 

იმას უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს, თუ რა შეცდომებს ჩავდივართ, ვიდრე იმას, თუ რას ვაკეთებთ შეცდომების შემდეგ.

 

კარგი და ცუდი ორი მარადიული "თანამგზავრი" და "მოწინააღმდეგეა". ჩემო საყვარელო ქართველო ძმებო და დებო, ყურადღება მიაქციეთ, თუკი ცუდი "ზეიმობს", ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ – "კარგები" – არაფერს ვაკეთებთ!

 

ფილოსოფოს ზენონს ერთმა მისმა მოძულემ უთხრა: ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენ დაგსაჯოო!

მეც ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენ ჩემს მეგობრად გაქციოო! – უპასუხა ზენონმა.

 

ჩემო ძმებო და დებო, ალბათ ყველაზე დიდი ბედნიერება ის არის, როდესაც სხვებს ანიჭებ ბედნიერებას!

პლატონს უთხრეს, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მასზე ცუდს ამბობდნენ. ბრძენმა უპასუხა: მე ვიცხოვრებ ისე, რომ მათ არავინ დაუჯეროს!

 

მიუხედავად ჩვენი ნაკლისა და დაცემისა, საკუთარი თავი ხომ მაინც გვიყვარს? დაე, სხვების მიმართაც ასე მოვიქცეთ!

 

 სიმშვიდე უდიდესი "აღმოჩენაა"...

 ...ერთი სიტყვა, რომელსაც სიმშვიდე მოაქვს, ათას უსარგებლო სიტყვაზე მეტია.

...რამდენად ღირებულია ერთი ადამიანური გულწრფელი ღიმილი!

 

ტრაგიკულია ის, რომ ზოგიერთები, რომლებსაც არ შეუძლიათ ან არ სურთ სწავლა, ბოლოს მასწავლებლებად გვევლინებიან!

 

ჩემო კეთილო ძმებო და დებო, დიდი სიფრთხილე იქონიეთ, რათა არასოდეს არ დაემონოთ ნივთებსა და პიროვნებებს...

 

სინანული, რომელიც ღვთის საყოველთაო სამსჯავრომდე ყოვლადძლიერია, სრულიად უძლური ხდება მის შემდეგ.

 

პოპულარობა არის ის, როდესაც ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს, ხოლო შემდეგ, როგორც წესი, შავ სათვალეებს იკეთებს, რომ ვერავინ იცნოს!

 

Bბევრი საუბრობს იმაზე თუ რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ცოტაა ისეთი, ვინც ამის განხორციელებას ცდილობს!

 

ძმაო, რომელ სახლშიც არ უნდა შეხვიდე, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე იმას, რომ საკუთარ თვალებზე და ენაზე კონტროლი არ დაკარგო!

 

უკულტურო და დაუფიქრებელი ადამიანის დამახასიათებელი თვისება სხვისი დადანაშაულებაა...

 

შეასრულეთ ღვთის მცნებები და კეთილგონიერი ადამიანების რჩევები...

 

Bბევრი, ფილოსოფოსივით საუბრობს, მაგრამ სამწუხაროდ, უგნურივით ცხოვრობს...

 

შეიყვარე მდუმარება, რათა სინდისი მასწავლებლად გექცეს...

 

გაექეცი მრავალსიტყვაობას, რათა მთავარი საქმე არ დაგავიწყდეს...

 

დაფიქრდი და შემდეგ ილაპარაკე...

 

მანამდე შეჩერდი, სანამ გეტყვიან – "საკმარისია!"...

 

რამდენადაც უნამუსო უნდა იყოს რომელიმე ადამიანი, იგი მაინც ჩვენი მოყვასია.

 

ოდესღაც არისტოტელემ მოწყალება ერთ გარყვნილ ადამიანს მისცა, რითაც საკუთარი მეგობრების გაოცება გამოიწვია.

რამ გაგაკვირვათ? – უპასუხა მათ ფილოსოფოსმა, მე მოწყალება არა სიბილწეს, არამედ ადამიანს მივეცი...

ღვთიურ სიბრძნეს დაბალი ჭიშკარი აქვს, რომ შეხვიდე, უნდა მოიხარო...

 

ზოგი ბევრს, ზოგი ცოტას, მაგრამ ფუჭ სიტყვებს ყველა წამოვისვრით ხოლმე, მხოლოდ მდუმარებაა ამისგან თავისუფალი.

ძმაო, გაფრთხილდი! შენ ბატონობ იმ სიტყვებზე, რომლებიც არ გითქვამს და ემონები უკვე ნათქვამს!

 

უგნურნი ხშირად იმით ამაყობენ, რის გამოც უნდა რცხვენოდეთ!

 

როდესაც შეგნებულ ადამიანებს არ ესაუბრები კარგავ ადამიანებს, ხოლო როდესაც შეუგნებელ ადამიანებს ესაუბრები კარგავ სიტყვებს... თუ ბრძენი და საზრიანი ხარ, არ დაკარგავ არც ადამიანებს და არც სიტყვებს...

 

ფული კარგი მსახურია, მაგრამ ცუდი ბატონი!

 

შეუძლებელია ღვთის მეგობრებად ვიქცეთ, როდესაც ჩვენივე ვნებებით მას წინ აღვუდგებით და შემწყნარებლობას ვიჩენთ ეშმაკის ტირანიისა და ჩვენი სულების მოკვდინების წინაშე!

 

არანაირ სარგებელს არ იღებს ერისკაცი იმ სასულიერო პირის სწავლებიდან, რომელიც პირველ რიგში თავად არ ასრულებს იმას, რასაც ასწავლის...

 

უაღრესად მცირე ნაკლი, რომელსაც დასაწყისშივე არ მიექცევა ყურადღება, შემდგომში ადამიანს დიდ უბედურებად ექცევა...

 

გჯეროდეს, რომ ვინც შეუძლებლის გაკეთებას შეგპირდა, ის ვერც შესაძლებელს გაგიკეთებს!

 

არაფერი არ არსებობს მიწიერ "წარმატებაზე" უფრო დროებითი და არამყარი!

 

კარგ ადამიანებთან მეგობრობა საგანძურთან მეგობრობაა!

 

ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა ჩვენ, ყველაზე უმნიშვნელო კი მე!

 

იზრუნე საკუთარი ნაკლის "დასჯისათვის", რათა თავად არ "დაისაჯო" მისგან...

 

ყველაზე კარგი "სპორტი" სიკეთის კეთებაა...

 

ყველაზე დიდი მტერი სიბოროტეა და ყველაზე დიდი ნაკლი ტყუილი...

 

ბევრია შეცდომა, ტკივილი და უბედურება იქ, სადაც მცირეა სიყვარული...

 

კრიტიკა წამალივითაა: იოლია სხვას მისცე და რთულია თავად შენ მიიღო...

 

საკუთარ ლოცვებში მხოლოდ "მთხოვნელი" ნუ იქნები, მადლიერიც იყავი...

 

ოპტიმისტი გამოსავალს ნებისმიერი პრობლემიდან ხედავს, პესიმისტი კი, ნებისმიერი გამოსავლიდან პრობლემას...

 

თავგანწირვა სიყვარულის დიდსულოვანი მიზანია... ვინც თავს არ წირავს, მან სიყვარული არ იცის...

 

ყველანი სულიერად ავადვმყოფობთ, სწორედ ამიტომ ჩვენი სულიერი მკურნალობისთვის, ქრისტემ "საავადმყოფო" – ეკლესია დააარსა...

სული იმ წამლით იკურნება, რომელიც მზადდება იქ, სადაც სინანულის ცრემლი გოლგოთის სისხლს ერევა...

 

თანამედროვე დიქტატორები ავტორიტეტს არა ჯავშან-იარაღით, არამედ ტელევიზიით იხვეჭენ!

 

საყვარელო ქართველო ძმებო და დებო, არასოდეს დაივიწყოთ, რომ ჭეშმარიტი ბედნიერებისა და თავისუფლების "გასაღები" მართლმადიდებელ ეკლესიაში, ქრისტეს ჯვარზე ჰკიდია...

...და კიდევ, ქრისტეს "მონა" – ყველაზე თავისუფალი ადამიანია...

 

გსურს, რომ არასოდეს შესცოდო? – მუდამ გახსოვდეს სიკვდილი!

 

მხოლოდ მაშინ ისაუბრე, როდესაც ჩათვლი, რომ დუმილზე მეტის თქმა შეგიძლია...

 

სინანულზე და პატიებაზე უფრო დიდი გრძნობა არ არსებობს...

 

როდესაც შენი სამშობლო გაჭირვებაში იმყოფება, შენი სიმდიდრე – ნულია, როდესაც შენი სამშობლო კეთილდღეობაშია, მაშინ შენი სიმდიდრეც – საგანძურია...

 

კარგი სახელის მოპოვებისთვის უამრავი კეთილი საქმის გაკეთებაა საჭირო, ხოლო მისი დაკარგვისთვის – ერთი ცუდი საქმეც კმარა...

 

სჯობს დაგიცდეს ფეხი, ვიდრე ენა...

 

ურწმუნო ადამიანები ისე ცხოვრობენ, თითქოს არასოდეს მოკვდებიან და კვდებიან ისე, თითქოს აღარასოდეს იცხოვრებენ...

 

ვინც იოლად პირფერობს, ცილისწამებამდე ეშვება...

 

ამ ცხოვრებაში ღმერთზე უარის თქმით მომავლის ყოველგვარ იმედს ვკლავთ...

 

არ არსებობს დაკეტილი კარი, რომელსაც სიყვარული ვერ გააღებს...

 

არ არსებობს იმაზე მეტი "განათლება", ვიდრე ცუდის დავიწყება...

 

ყველაფერში სიფრთხილე გვმართებს... ერთმა უყურადღებო მზერამაც კი შესაძლოა მთელი ისტორია წარმოშვას...

 

თანამედროვე ბავშვისთვის ყველაზე რთულად სასწავლი კეთილი საქციელია, რადგან ამას იგი თავის გარშემო ძნელად თუ ხედავს...

 

სიბრმავეზე უარესი რამეც არსებობს, ეს სიძულვილია, იგი სულის სიბრმავეა...

 

ყველაზე დიდი ნაკლი ნაკლის დაფარვის მცდელობაა...

 

ერები კვდებიან არა შიმშილით, არა გაკოტრებით, არა მარცხით, არამედ უმაღლესი იდეალების უარყოფით...

 

ეშმაკთან არ არის ლოგიკა... სატანურ სიამაყეში ლოგიკა ადგილს ვერ იპოვის... იგივე ემართება ეგოისტსაც...

 

ეგოიზმი "გაორებული", ცუდი ლინზაა: შენ გადიდებს და სხვას ამცირებს...

 (მონაზონი ვერონიკა)

 

ყველაზე უსაფრთხო გზა განკითხვისაგან გასაქცევად საკუთარი ნაკლის გამოსწორებაა...

 

მეშინია ღმერთის და მეშინია იმ ადამიანისაც, რომელსაც ღმერთის არ ეშინია...

 

იყავი მკაცრი საკუთარი თავის და ლმობიერი სხვების მიმართ...

 

ღარიბია არა ის, ვისაც ცოტა აქვს, არამედ ის, ვისაც ბევრი უნდა...

 

თუ ადამიანებს ღვთის გარეშე "გაანათლებ", მათ "ჭკვიან" დემონებად აქცევ...

 

ურწმუნო ადამიანი ჯანმრთელობას იმისათვის ხარჯავს, რომ დიდი ქონება დააგროვოს და შემდეგ ამ ქონებას ხარჯავს, რომ ჯანმრთელობა გაიუმჯობესოს...

 

ცხოვრებაში Bბევრ წარმატებას მივაღწევთ, თუ იმას მივყვებით და განვახორციელებთ, რასაც სხვებს ვურჩევთ...

 

არაფრად არ ღირს ეს დროებითი ცხოვრება, მაგრამ ყველაფერია იმისათვის, რომ მარადიული ცხოვრება მოვიპოვოთ...

 

დღევანდელი დღე და მოვალეობები ჩვენია, შედეგი და მომავალი კი ღვთისა...

 

ბევრი ამბობს ლოცვის სიტყვებს, მაგრამ ცოტა ლოცულობს...

 

ბევრი ლაპარაკობს ღმერთზე, მაგრამ ცოტა "საუბრობს" ღმერთთან...

 

სირცხვილია ახალგაზრდა მოხუცზე სუსტი იყოს და მოხუცი ახალგაზრდაზე უჭკუო...

 

კეთილად მოღვაწე სინდისი საუკეთესო წიგნია ზნეობის შესახებ...

 

არავინაა იმაზე პატარა, ვისაც სურს, რომ დიდად და ცნობილად მოჩანდეს...

 

მართლმადიდებელი ქრისტიანი ყველაზე თავისუფალი ადამიანია მსოფლიოში და ყველაზე დიდი ექსპერტი სიყვარულის საკითხში...

 

ძმაო, იმისათვის ნუ კითხულობ, რომ ეძებო, არამედ ის ეძებე, თუ რა ღირს წასაკითხად...

 

გუშინდელი დღე გავიდა, ხვალინდელი დღე ჯერ არ დამდგარა... ნუ დაკარგავ დღევანდელ დღეს...

უძვირფასესი ბრილიანტები იუველირის მოძრავ დისკზე დამუშავებით მიიღება, უმშვენიერესი ქანდაკებები მოქანდაკის საჭრეთელის დარტყმით იქმნება, ამიტომ განსაცდელების დროს მოთმინება იქონიე...

 (მონაზონი ვერონიკა)…

 

მტრებზე მეტად იმ მეგობრების გეშინოდეს, რომლებიც გეპირფერებიან...

 

ღვთის მადლით, დღემდე ვცდილობ თითოეული ჩემი ნაცნობი რაღაცით ჩემზე უკეთესად ჩავთვალო და ამგვარად ბევრი რამ ვისწავლო მათგან...

 

ნუ გაღელვებს ის, თუ რას გიკეთებენ და რას ფიქრობენ შენზე სხვები, არამედ იმაზე იზრუნე, შენ რა გაუკეთო სხვას...

 

ცხოვრების მანძილზე ნებისმიერი განსაცდელის დროს შეეცადე გაექცე კითხვას – "რატომ?"...

კითხვა "რატომ?" თავად არის განსაცდელი...

 

ბევრისგან გვესმის: "არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია...", მაგრამ თუკი არც კარგი გაქვს გაკეთებული, ეს უკვე ცუდის კეთებაა...

 

თავისუფლება არის არა ის, რომ იმის გაკეთება შეგეძლოს რაც მოგესურვება, არამედ ის, რომ რაც საჭიროა ის გააკეთო...

 

რამდენადაც ქრისტესმიერ ცხოვრებაში წარვემატებით, იმდენად უკეთ გვესმის, რომ ჩამოვრჩებით...

 

რა სამწუხაროა! რამდენი ადამიანი კარგავს დროს უკვე დაკარგული დროის მიმართ ნოსტალგიით...

 

ყურადღება მიაქციე შენს აზრებს, რადგან ისინი სიტყვებად იქცევიან...

ყურადღება მიაქციე შენს სიტყვებს, რადგან ისინი საქმეებად იქცევიან...

ყურადღება მიაქციე შენს საქმეებს, რადგან ისინი ჩვევებად იქცევიან...

ყურადღება მიაქციე შენს ჩვევებს, რადგან ისინი შენს ხასიათად ჩამოყალიბდება...

ყურადღება მიაქციე შენს ხასიათს, რადგან ის შენს "ბედად" იქცევა...

 

გაფრთხილდი! ყური დაუგდე მას, ვისაც შენ ნამდვილად უყვარხარ და ქრისტესმიერი ცხოვრების გამოცდილება გააჩნია...

 

სიყვარული და სიკეთე ნებისმიერი კარის "გასაღებებია"...

ეთაყვანე არა იმ ღმერთს, რომელიც შენ შექმენი, არამედ იმას, რომელმაც შენ შეგქმნა...

 

ის, ვინც უსამართლობას თესავს, ადრე თუ გვიან უბედურებას მოიმკის...

 

რა საშინელებაა სატანური სიძულვილი... მთელი წლის სიყვარული წამიერი სიძულვილით იშლება!...

(მონაზონი ვერონიკა)

 

მშვიდ სინდისზე მსუბუქი ბალიში არ არსებობს...

 

ერთადერთი ტალახი რომელიც გვსვრის ის არის, რომელსაც სხვას ვესვრით...

 

როდესაც შეჰყურებ სხვებს, რომლებიც რეალურად ფუჭი საქმისთვის მონდომებით იღვწიან, შენს თავს ჰკითხე: ჭეშმარიტებისთვის მე რას ვაკეთებ?

 

აქსიომა და რეალობა არის ის, რომ მეტ კმაყოფილებას სიყვარულის გამცემი იღებს, ვიდრე მისი მიმღები...

ნამდვილი მშვიდობა არა ომის არარსებობით, არამედ ღმერთის არსებობით მიიღწევა...

 

დაე, ყოველთვის მთელი გულით ვთქვათ: უფალო მსურს ის, რაც შენ გსურს და მსურს იმიტომ, რატომაც შენ გსურს...

 

გონიერი და ჭკვიანი ადამიანი აზრს იცვლის, ეგოისტი და უჭკუო კი არასოდეს...

 

დედამიწის მოსახლეობა სულ იზრდება, მაგრამ ადამიანები მცირდებიან... ხალხი ბევრია, მაგრამ ადამიანები ცოტა...

 

იზრუნე, რომ საკუთარი ნაკლი დასაჯო იმისათვის, რომ მისგან არ დაისაჯო...

 

შეცდომების პოვნა თუ გინდა, შენი თავიდან დაიწყე... მაშინ დარწმუნდები, რომ სხვა საქმისთვის დრო აღარ დაგრჩება...

 

ჩემო დებო და ძმებო, დიდი ყურადღებაა საჭირო თავიდანვე, დასაწყისშივე... არავინ შობილა მწეველად, მემთვრალედ, ნარკომანად... ფრთხილად იყავით... თავიდან ცოდვა სტუმრად ერთი დღით მოდის, შემდეგ ტურისტი ხდება და ბოლოს სახლის მეპატრონედ და ტირანად იქცევა...

დებო და ძმებო, თავიდანვე დიდი სიფრთხილე იქონიეთ ღვთის ნების საწინააღმდეგო ყოველგვარი სურვილის მიმართ...

 

(მონაზონი ვერონიკა)

 

ადამიანები ყველაფერს აკეთებენ სიამოვნების, მოგების, სახელის და ამაო დიდების მოსახვეჭად, მაგრამ უკვდავი სულისათვის აკეთებენ კი რაიმეს?

 

ბრილიანტი ვერ იბრწყინებს, თუ არ დამუშავდა... ასევე ქრისტიანიც, განსაკუთრებით კი მონაზონი, სრულყოფილებას სირთულეების, განსაცდელებისა და საცთურების გარეშე ვერ მიაღწევს...

მოწყალე უფალი განსაცდელებს მხოლოდ ჩვენს სასიკეთოდ უშვებს... ჩვენ კი ამას მუდამ ვერ ვამჩნევთ ან არასწორად ვიყენებთ...

 

შენი ნამდვილი მეგობარი არის ის, რომელიც სხვებთან გიცავს და პირში კი შენს ნაკლზე მიგითითებს...

ადამიანის თავისუფალ ნებას და პიროვნულ თავისუფლებას არც ღმერთი და არც ეშმაკი არ არღვევენ... ამიტომ ჩვენი ნებაა რას ავირჩევთ სიკეთეს თუ ბოროტებას, ღმერთს თუ სატანას, სამოთხეს თუ ჯოჯოხეთს...

 

კარგი ოჯახი სათნოებათა წმიდათა წმიდაა...

 

თუკი სწორად მიჰყვები ქრისტეს, მისი ყოვლადწმიდა ნების შესაბამისად, მაშინ გახსოვდეს, რომ "სოფელი", რომელმაც იგი ჯვარს აცვა, შენც უარგყოფს...

ჩვეულებრივ ნაკლი, რომელსაც სხვებში ვხედავთ, ჩვენივე საკუთარი ნაკლია...

 

უწყვეტი ბრძოლაა საჭირო საკუთარი ნაკლის დასამარცხებლად...

 

ადამიანის ყველაზე დიდი მტრები მისი ეგოიზმი და ვნებებია...

 

კაცობრიობის ისტორიაში გვხვდებიან ძლიერი პიროვნებები, რომლებმაც მილიონობით ადამიანზე მოიპოვეს ძალაუფლება, მაგრამ ეს საკუთარ ვნებებზე ვერ შეძლეს!

 

ძალზე სამწუხარო და ტრაგიკულია, როდესაც ადამიანები ესწრაფვიან და იღვწიან იმისათვის, რომ შეიცნონ ყოველივე გარდა საკუთარი თავისა!...

 

იმისათვის, რომ საკუთარი თავი ვიპოვოთ, საჭიროა გონების კონცენტრაცია, სიმშვიდე და ლოცვა...

 

ყოველ დღე ეცადე იპოვო წუთები, როდესაც განმარტოვდები, იქნები მშვიდად და ილოცებ... ეს ძალზე დაგეხმარება ღვთისა და საკუთარი თავის პოვნაში... ჩვენს შფოთიან და თავაშვებულ ეპოქაში სიმშვიდე ძვირადღირებული სულიერი თანამებრძოლია...

 (მონაზონი ვერონიკა)

 

როდესაც საკუთარ თავში არა გვაქვს სიმშვიდე, ნათელია, რომ ამაოდ გავირჯებით, თუკი ღვთისადმი სხვა რაიმეს თხოვნას დავიწყებთ...

 

ყველაზე დიდი უნარი საკუთარი უნარების დაფარვაა...

 

შეეჩვიე, შეურაცხყოფას რომელსაც მოგაყენებენ ქვიშაზე დაწერო და სიკეთე, რომელსაც მოგაგებენ მარმარილოზე...

 

როდესაც იღებ, ხელები გევსება და როდესაც აძლევ გული...

 

სამწუხაროდ ხშირად ხდება საზოგადოებაში, ისევე როგორც სასწორზე, ცარიელი პინი ზევით ადის, ხოლო სავსე – ქვევით...

 

ეკლესია, არა მისი ზოგიერთი უძლური წევრით, არამედ მისი დამფუძნებელით ქრისტეთი შეაფასე...

 

მართლაც უცნაურია, რამდენი უნდა ვისწავლოთ, რომ გავიგოთ, თუ რა ცოტა ვიცით...

ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში შენს თავს ჰკითხე: როგორ მოიქცეოდა ქრისტე შენს ადგილას?

 

ომი უსიამოვნო თამაშია, რომელშიც ხან ერთი მმართველი იმარჯვებს და ხან მეორე... ხალხი კი არასოდეს!

 

ყველაზე უარესი ეგოისტები ვითომდა თავმდაბლად მოსაუბრენი არიან...

 

ჭეშმარიტი ქრისტიანები ფრანივით არიან: რამდენადაც ძლიერია შემხვედრი ქარი, იმდენად მაღლა მიიწევენ...

 

მხდალისა და დამნაშავის ძალა ცილისწამებაშია...

 

რჩევა თოვლივითაა: რაც უფრო მსუბუქად ეცემა, მით უფრო დიდხანს რჩება და მით უფრო ღრმად შედის გულში...

 

ადამიანისათვის, რომელიც არავის ემორჩილება, შეუძლებელია საკუთარი თავის სიმძიმე ატაროს...

 

ყველაზე იოლი "სათნოება" სხვების ჭკუის სწავლებაა...

 

ერთ სუფთა ხელთათმანს შეუძლია ერთი დასვრილი ხელი დაფაროს, მაგრამ მისი გაწმენდა არ შეუძლია... მით უმეტეს, თუ ხელი სისხლითაა შეღებილი...

 

სიბნელე ვერ შეებრძოლება სიბნელეს, მხოლოდ სინათლეს ძალუძს ამის ქმნა. სიძულვილი ვერ შეებრძოლება სიძულვილს... ეშმაკი ვერ განაგდებს ეშმაკს, ეს მხოლოდ სიყვარულს შეუძლია!..

გამოცდილება აჩვენებს, რომ საქმე, რომელიც ეშმაკობით იწყება, დიდი სირცხვილით სრულდება...

 

იოლად შენს გულს ნურავის მისცემ... ადამიანები იცვლებიან...

სენტიმენტალიზმი, სპონტანურობა, წამიერი გრძნობები, რაიმე გარეგნული ფაქტორების ზეგავლენით ენთუზიაზმით მოქმედება, გარკვეული ფიზიკური შესაძლებლობები და სხვა, როგორც წესი, "ცუდი მრჩევლები" და "ბრმა მეგზურები" არიან...

სულიერი მოძღვარი და ლოცვა საუკეთესო "მრჩევლები" არიან...

(მონაზონი ვერონიკა)

 

დიდი ადამიანები იდეებზე და იდეალებზე მსჯელობენ, საშუალო დონის ადამიანები მოვლენებზე, ხოლო დაბალი დონის ადამიანები სხვებზე!

სიყვარული არასოდეს მოელის სარგებელს, რადგან ისინი ერთმანეთს ვერ ეწყობიან...

 

თავისუფლებით ამაოდ იკვეხნის ის, ვისაც სათნოება არა აქვს...

 

სოფელი ამბობს: "სიკვდილი შენი სიცოცხლე ჩემი...

იესო ქრისტე კი ამბობს: "სიკვდილი ჩემი სიცოცხლე შენი".

 

სამწუხაროა, სწორად ლაპარაკობდე და საქმით კი არ აკეთებდე...

 

არ უნდა ვინაღვლოთ, თუკი სხვები სიმართლეს გვიმალავენ, რადგან საკუთარ თავს მას ჩვენც ხშირად ვუმალავთ...

 

იოლად ვამჩნევთ სხვის ნაკლს, მაგრამ ამას იშვიათად ვიყენებთ საკუთარი ნაკლის გამოსასწორებლად...

 

ჩვენი ცუდი ჩვევები ცეცხლსა ჰგავს, რაც მეტ შეშას შეუკეთებ, მით მეტად ძლიერდება...

 

ყველა გამარჯვებაზე აღმატებული გამარჯვება ჩვენს საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

 

ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი ბოროტმოქმედები განათლებული, მაგრამ ურწმუნო კლასისგან გამოვიდნენ...

 

საშინელია სიკვდილი, მაგრამ უფრო საშინელია ცოდვა...

 

თითოეული ადამიანი, პატარა და დიდი, უცნობი და სახელგანთქმული ერთადერთი და განუმეორებელია... მართლმადიდებლური სწავლებით ადამიანის ემბრიონი განაყოფიერებიდანვე – "ღვთის ხატი" და სრულყოფილი არსებაა, თუმცა ფიზიკურად ჯერ ჩამოუყალიბებელი...

ადამიანი! – დიადი სახელია, იგი ქმნილებათა გვირგვინი და ღვთაებრივი ბუნების ხატებაა... ამიტომ ემბრიონის განზრახ განადგურება ადამიანის მკვლელობის ტოლფასია...

 

როდესაც ვლაპარაკობთ ვთესავთ, როდესაც ვუსმენთ ვიმკით... რომლის კეთება სჯობს?

 

ვისაც სწამს, რომ ფულით შეუძლია ყველაფრის გაკეთება, მზადაა ყველაფერი გააკეთოს ფულისათვის...

 

ცხოვრება იცვლება, მაგრამ არ იკარგება...

 

იმედი ქრება, მაგრამ არ კვდება...

 

ერთ დიდ ასკეტს ჰკითხეს: მამაო, როგორ ცხონდება ადამიანი?

მან თავი დახარა და უპასუხა: სწორ გზაზე სიარულით...

და რომელია სწორი გზა?

ასკეტი ფიქრს მიეცა და ცოტა ხანში დაბეჯითებით თქვა: აღმართი!

 

ღვთის გარეშე რაიმე ზნეობრივისა და მშვენიერის გაკეთებას ვერ შევძლებთ...

 

გმირობა გამოიხატება არა იმდენად გამარჯვების მიღწევით, არამედ იმით, თუ როგორ გადაგაქვს მარცხი...

 

ნუ მაჩვენებ ათლეტს ვარჯიშის დროს, მაჩვენე იგი შეჯიბრებისას... ნუ მაჩვენებ, მაღალფარდოვანი საუბრით, შენს კეთილკრძალულებას და სათნოებას, ყოველივე ეს საქმეში მაჩვენე...

კარგი ოჯახი მშობლების ერთსულოვნების და სიყვარულის კეთილ მაგალითზე დგას...

 

ნუ ვიამაყებთ იმით, რომ რაღაც ვიცით, რადგან ის, რაც ვიცით, უცნობი ოკეანის მხოლოდ ერთი წვეთია...

 

უხეში, ხმამაღალი ყვირილი და ლანძღვა მათი "თავის მართლებაა" – ვინც არ არის მართალი...

 

გსურს დარჩე გამართული? – დაიჩოქე!

გსურს ახვიდე მაღლა? – დაიჩოქე!

გსურს წახვიდე სამოთხეში? – დაიჩოქე!

 

(პირადი აღიარება): – ბევრჯერ მინანია, რომ ვილაპარაკე, მაგრამ არასოდეს მინანია, რომ ვდუმდი...

 

სიზარმაცე ყველაზე მდიდრული სუფრაა, რომელიც ოცნებაში ეწყობა და თანაც... საჭმლის გარეშე!

 

ბევრი დაპირება და თავის მართლება, ტყუილის განუყრელი "მეგობრები" არიან...

 

ვისაც ჭეშმარიტების ნათელი ვერ ანათებს, მათ იგი – "აბრმავებს"...

 

ის, ვინც რჩევებს იძლევა, მაგრამ თავად არ ასრულებს, იმ ბრმას ჰგავს, რომელსაც ფანარი უჭირავს, რომ სხვებს გაუნათოს...

 

დროს ნუ დაკარგავ, იგი ყველაზე ძვირფასია... დაკარგული დროის ყოველი საათი შესაძლოა მომავალი წარუმატებლობის მიზეზად იქცეს...

 

მოდით ნუ ვიქნებით მომთხოვნები სხვების მიმართ... თითოეული ჩვენგანი საკუთარი წარმატების "არქიტექტორია"...

 

სიცოცხლე – ხანმოკლეა და წარმოუდგენლად ძვირფასი, ამიტომ, სამწუხაროა, როდესაც ვინმე უმნიშვნელო საქმეებისთვის თავგამოდებით იღვწის...

 

ჩამოაშორეთ ღმერთი სასწავლებლებს, სკოლებს, ოჯახებს, საზოგადოებრივ ინსტიტუტებს და მიიღებთ... დემონების "მოსავალს"!

 

საზოგადოებას ქრისტიანულ სარწმუნოებას თუ გამოვაცლით, ის ცხოველების კრებულად იქცევა...

უცოდინრობის შეგრძნება დიდი ნაბიჯია ცოდნისაკენ...

 

მშვენიერი ყოველთვის არ არის კარგი, მაგრამ კარგი ყოველთვის მშვენიერია...

 

რა სამწუხაროა, სხვის საქმეებში ერეოდე და საკუთარი ვერ გაგერკვიოს... რაოდენ სავალალოა და დაგმობის ღირსია, სხვის ცხოვრებას აგვარებდე და საკუთარი ცხოვრება მოუწესრიგებელი გქონდეს!...

 

"სად ჩავიდინე უკანონობა? რა გავაკეთე? ჩემი მოვალეობებიდან რა არ შევასრულე?" – ეს ის კითხვებია, რომლებიც ყოველ საღამოს საკუთარ თავს უნდა დავუსვათ...

 

...როდესაც მოთმინებას ისწავლი თითქმის ყველაფერი გისწავლია...

 

შესანიშნავია ალექსანდრე სოლჟენიცინის სიტყვები: "ვერც ერთი ეკონომიკური მოდელი ვერ გვიშველის, თუკი სინდისი არ გაიღვიძებს..."

 

ტრაგიკული სინამდვილეა: ერთადერთი რასაც ისტორია გვასწავლის, არის ის, რომ არავინ, თითქმის არავინ, არ სწავლობს მისგან (ისტორიისაგან)...

 

როდესაც სიმართლეს ამბობ, უკვე კარგია თუნდაც იმიტომ, რომ არ არის საჭირო იმის გახსენება, თუ რა თქვი!...

 

მამაცი სულები ტკივილს საკუთარ თავში ინახავენ, ხოლო სიხარულს სხვებს უზიარებენ...

 

აღიარებ საკუთარ შეცდომას? – მას გაანახევრებ...

გაამართლებ? – გააორმაგებ!

 

ძმაო, არასოდეს მიატოვო სათნოებისა და პატიოსნების გზა, ეს ერთადერთი გზაა ბედნიერების მისაღწევად...

 

უგუნური ამბობს თუ რას გააკეთებს, ამპარტავანი ამბობს თუ რა გააკეთა, ჭეშმარიტი ქრისტიანი კი აკეთებს და დუმს...

ტრაგიკული და ამავე დროს კომიკურია, როდესაც ზოგიერთები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ, სხვებს ადანაშაულებენ, რომ ყველაფერი არ იღონეს...!

 

თავაზიანობა არაფერი ჯდება და "ყველაფერს" კი ყიდულობს!...

 

რამდენადაც ღმერთი მამასავით გვექცევა, იმდენად ჩვენ ერთმანეთში ძმებივით უნდა მოვიქცეთ...

 

გსურს ღვთის ხილვა? – დაინახე შენი ცოდვები!

 

ყველა გიყვარდეს, მაგრამ ფრთხილად იყავი, მხოლოდ ზნეობრივ ადამიანებთან იმეგობრე...

 

ჩვენი ნებისმიერი წარუმატებლობა არის "სასწორი", რომელზეც მეგობრები იწონებიან...

 

ადამიანს ცოდვილი სძულს, მაგრამ უყვარს ცოდვა... ღმერთს კი, ცოდვა სძულს და ცოდვილი უყვარს...

 

ცხოვრებაში გაცილებით მეტს მივაღწევდით, თუკი ბევრ მიღწევად საქმეს მიუღწეველად არ ჩავთვლიდით...

 

ვინც მლიქვნელობს, საძაგელ საქმეს სჩადის, მაგრამ მლიქვნელობის მიმღები უარეს სისაძაგლეს...

 

რაოდენ სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა ის, როდესაც ადამიანი მოყვასს ზიანს აყენებს და იმიზეზებს, რომ ამას მის სასიკეთოდ აკეთებს!...

(მონაზონი ვერონიკა)

 

სნაიპერს თითი ჩახმახზე აქვს, ხოლო მზერა სამიზნეზე, ასევე, ჭეშმარიტ ქრისტიანს ხელი საქმეზე, ხოლო გული ღმერთთან უნდა ჰქონდეს...

 

იოლია გიყვარდეს ადამიანები... შორიდან.

 

იმ მომენტიდან, როდესაც შევწყვეტთ მცდელობას გავხდეთ უკეთესი აღარც კარგებად ვრჩებით...

 

ვერცხლისმოყვარე ადამიანი სიმდიდრეს დედამიწაზე იხვეჭს და ჯოჯოხეთში აგროვებს!...

 

ყველაფერი დავკარგე გარდა იმისა, რაც გავეცი!

 

მტერს არა სიძულვილით ან განადგურებით, არამედ სიყვარულით დაამარცხებ...

 

ყველაზე ტკბილი შურისძიება, შენდობის თხოვნაა!

ადამიანი შეიცნობა არა იმდენად იმით, თუ როგორ საუბრობს, არამედ უფრო იმით, თუ როგორ დუმს...

 

როდესაც საკუთარ ცოდვებს ვიხსენებთ, ღმერთი მათ ივიწყებს, ხოლო როდესაც ცოდვებს ვივიწყებთ, ღმერთს ისინი ახსოვს...

 

ბედნიერებაა, როდესაც შენ უყვარხართ, მაგრამ განუზომლად დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენ გიყვარს...

 

შემწყნარებლობით ხეს მიბაძე, რომელიც ჩრდილს ყველას თანაბრად აძლევს, მათ შორის მასაც, ვინც მისგან ყავარჯნებს ამზადებს...

 

როდესაც ჩვენი შეცდომები სხვებისთვის ცნობილი არ არის, მათ იოლად ვივიწყებთ...

 

ნამდვილად ღვთის ნიჭია კარგი მახსოვრობა... მაგრამ უფრო დიდი ნიჭია ზოგიერთი მომენტის დავიწყებაც შეგეძლოს...

 

კურთხეული არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ ახსოვთ, როდესაც სხვას ასაჩუქრებენ და არ ივიწყებენ იმას, როდესაც საჩუქარს თავად იღებენ...

 

ჯალათის ნაჯახიც ისე ბასრი არაა, როგორც შენი მწარე სიტყვა...

 

ქრისტიანო, როგორ ცხოვრობ??? ფრთხილად იყავი!... რადგან შესაძლოა, შენ იყო ის ერთადერთი "წმიდა წერილი", რომელსაც რომელიმე შენს გარშემო მყოფი "კითხულობს"!...

 

(უფრო ხშირად რა უნდა გვახსოვდეს, რა ვაკეთოთ და რაზე უნდა ვიფიქროთ)

განუწყვეტლივ მოვუხმობდეთ უფალ იესო ქრისტეს სახელს,

გვახსოვდეს ჩვენი მარადიული დანიშნულება,

გვახსოვდეს დროის ფასი,

მოთმინების სათნოება,

უბრალოების ღირსება,

სიკეთის ძალა,

საკუთარი მოვალეობები,

მადლიერება შრომაში,

კეთილი ხასიათის ფასი,

კარგი მაგალითის გავლენა,

გვახსოვდეს, რომ სათნოება მეტია ცოდნაზე,

სიყვარული სენტიმენტალიზმზე,

კეთილგონიერება ინტელექტზე,

ჯანმრთელობა სიმდიდრეზე,

სიმყუდროვე მოგებაზე,

ბოდიში და არა განკითხვა,

დუმილი და არა მრავალსიტყვაობა,

საკუთარი თავის "დაფარვა" და არა წარმოჩენა,

ნებისმიერ ტყუილში მონაწილეობის არ მიღება,

ტკბილი ღიმილი სიმკაცრის, პირქუშობის ნაცვლად,

ყოველგვარი ცუდისაგან გაქცევა.

 

მართლმადიდებელო ქრისტიანო:

ისწავლე ისე, რომ ცოდნა არ გამოააშკარაო,

ურჩიე, მაგრამ ძალა არ დაატანო,

რჩევა მიეცი, მაგრამ გულს ნუ ატკენ,

დახმარება გაუწიე, მაგრამ ნუ დაღლი,

აღიარე და არ დამალო სხვისი სათნოებები,

გაეცი საჩუქარი და დაივიწყე,

მიიღე საჩუქარი და გახსოვდეს.

 

შენ არ გიტირია...

 

ერთ მუზეუმში არის ფერწერული ტილო, რომელზეც საკუთარი ცოდვის გამო მწარედ მტირალი დავით წინასწარმეტყველია გამოსახული. მის გვერდით დგას ანგელოზი, რომელიც დავითის ცრემლებს ერთ გამჭვირვალე ჭურჭელში აგროვებს. ნახატის ქვეშ მიწერილია ეკლესიის ერთი დიდი მამის სიტყვები: "დავითმა ერთხელ შესცოდა და მთელი დარჩენილი ცხოვრება ტიროდა. შენ კი ბევრჯერ შეგიცოდავს და არასოდეს გიტირია".

დედამიწაზე შეუცოდავად არავის გაუვლია. ყოველ ადამიანს, მათ შორის წმინდანებსაც აქვთ ნაკლი და სისუსტეები, ზოგს ბევრი და ზოგს ნაკლები. მხოლოდ ერთადერთია უცოდველი უფალი იესო ქრისტე ძე და სიტყვა ღვთისა.

ცოდვილს ცოდვის განცდა და სინანული გადაარჩენს. სინანული – ეს ღვთის ნიჭი – ცოდვილს ვნებებისგან, ნაკლისგან განწმედს. სინანულის ცრემლები ცოდვილის შინაგან კოსმოგონიას წარმოაჩენენ და სულიერ აღორძინებას ახდენენ. ანგრევენ ცოდვის დამპალ შენობას და ახალ ცხოვრებას უყრიან საფუძველს.

დავითი საკუთარი ცოდვების გამო მუდამ ტიროდა და იმეორებდა: "მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა". მოციქული პეტრე, უფლის უარყოფის შემდეგ, "ტიროდა მწარედ".

მრუში დედაკაცი, წმინდა წერილიდან, "ფერხთა მისთა ცრემლითა დაალტობდა" და უფლისაგან შეწყალებას ითხოვდა. სინანულის ცრემლებით უამრავმა ადამიანმა მიპოვა ღვთის წყალობა და ზეციური სასუფეველი.

 

"მადლობა ღმერთს!... რამდენი რამ არსებობს, რაც მე არ მჭირდება!"...

 

სოფელი წარმატებას აფასებს, ღმერთი კი მცდელობას...

 

ყურადღებით! როდესაც ერთ შეღავათს გააკეთებ, 99 უკმაყოფილოსა და ერთ "უმადურს" შექმნი!... ფრთხილად!

 

როდესაც კარზე მრისხანება გიკაკუნებს, უმრავლეს შემთხვევაში საღი აზრი გემშვიდობება!...

 

რამდენი ამბობს მშვენიერ სიტყვებს და საშინელ საქმეებს კი აკეთებს...

 

ძმაო, გაშოლტე ბოროტება, მაგრამ ადამიანს არ მოარტყა...

არა სიმდიდრეა მეგობარი, არამედ მეგობარია სიმდიდრე...

 

შევეჩვიეთ, რომ ღმერთზე ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ ღმერთთან ცოტას ვსაუბრობთ...

 

ნამდვილი გამარჯვებული ის არის, რომელმაც მარადიულობისთვის ბევრი გააკეთა...

ქრისტიანო, არასოდეს დაივიწყო, რომ ცხოვრება მუდმივი თავგანწირვაა...

 

თუ ვინმეს ღვთის ხილვა სურს, მაგრამ მოყვასის არა, ტყუილად ირჯება...

 

მან, ვინც გასცა მას შემდეგ, რაც მისგან ითხოვეს ძალზე დააგვიანა...

 

დღეს ვცხოვრობთ დიდი მოვლენების, მაგრამ პატარა ადამიანების ეპოქაში...

 

თანამედროვე ახალგაზრდა არა რჩევებს, არამედ პირად მაგალითებს საჭიროებს...

 

მხოლოდ მაშინ უნდა ვუხელმძღვანელოთ სხვას, თუკი თავად სწორად მივდივართ...

 

ნებისმიერი მცდელობა რაიმე დიდი მიზნის მისაღწევად არასოდეს იკარგება, თუნდაც ეს მიზანი მიღწეული ვერ იქნას...

 

ყველანი "ანგელოზები" ვართ... მაგრამ ერთი ფრთა გვაქვს... ფრენას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუკი ერთმანეთს გადავეხვევით...

მშრომელი უკვე გამარჯვებულია, სწორედ იმიტომ, რომ შრომობს...

 

წმინდანს მთელი სამყარო გამონაკლისის გარეშე უყვარს...

 

ბრძოლის წაგება ომის წაგებას არ ნიშნავს... ამიტომ, ძმაო და დაო, წინ გასწი ღვთის რწმენითა და სიყვარულით...

 

სკოლებში იმ უნარ-ჩვევებს გვასწავლიან, რომლებიც სხვადასხვა საქმიანობისთვის არის საჭირო, მაგრამ ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს არ გვასწავლიან...

 

ათასი წელი ვერ აანაზღაურებს ერთი საათის გულგრილობას...

 

არასოდეს დაივიწყო, რომ ყველაზე ძლიერი იარაღი ქრისტესთან ერთად ცხოვრებაა... ისწავლე გვერდზე გადადო საკუთარი "უფლებები", ისწავლე საკუთარ ეგოიზმზე გამარჯვება...

 

ვისაც არასდროს ჰყვარებია და მოყვასისთვის თავგანწირვა არ განუცდია მუდამ არაფრის მქონე იქნება...

 

სიყვარულის თავშიც და ბოლოშიც სამოთხეა... რადგანაც სიყვარული ღმერთია...

 

არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმ აზრებს ახმოვანებენ, რომლებშიც სხვების პრობლემები ან შეცდომები ჩანს, მაგრამ საკუთარზე სიტყვასაც არ ძრავენ!...

 

ზოგი ამბობს: ჩაუღრმავდით საკუთარ თავს და იქ იპოვეთ სიმშვიდეო;

სხვები ამბობენ: გამოდით საკუთარი თავიდან და სიამოვნებებში იპოვეთ ბედნიერებაო... ზოგადად ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია: ბედნიერება არც ჩვენს შიგნით და არც ჩვენს გარეთ არ იმყოფება... ბედნიერება ჩვენში და ჩვენს გარეთ მხოლოდ ღმერთთან ერთადაა...

 

ჭეშმარიტი ქრისტიანი მშვიდობისმყოფელი და ადამიანთა შორის ურთიერთობების შემაკავშირებელია...

 

კეთილ დედაზე უკეთესი პედაგოგი და მქადაგებელი არ არსებობს...

 

მართლმადიდებელი ეკლესია ის "გრდემლია", რომელზეც დღემდე ბევრი ჩაქუჩი დაიმსხვრა...

 

ქრისტიანო, უპირველესად საკუთარ თავს ჰკითხე:

რის თქმასაც ვაპირებ არის სიმართლე? არის სასარგებლო? არის აუცილებელი? არის კეთილშობილური? სურს ეს ღმერთს?

 

ძმებო და დებო, შეიყვარეთ ღმერთი და მარადიულ სიხარულს იპოვით. არაფერი არ ამჯობინოთ მის სიყვარულს...

 

ქრისტეს თანამედროვე "ჯვარმცმელები" ისინი არიან, რომლებიც მის მცნებებს არღვევენ. ქრისტეს მოწაფეები კი მისი მცნებების შემსრულებლები...

 

ჯაჭვებითაც რომ შემკრან, მე მაინც თავისუფალი ვიქნები... თავისუფლებასა და მონობას თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავში ატარებს...

 

ქურდები ღამით იღვიძებენ, რომ ადამიანები გაქურდონ და შენ იმისათვის ვერ იღვიძებ, რომ ცხონდე?

 

სახარება არითმეტიკას არ ცნობს... სახარებისთვის ერთ ადამიანს იგივე წონა აქვს, რაც დანარჩენ კაცობრიობას...

 

კარგი წიგნი, რომელსაც კითხულობ, შენს აზრებს გადაამუშავებს და აყალიბებს... იგი შენი სულის დიდი მიწათმოქმედია... დიდი ყურადღება მიაქციე წიგნის ეპილოგს...

 

"ღმერთის არ მწამს"! – ურწმუნო მეგობარო, გაწყვიტე კავშირი ცოდვასთან, შემდეგ მოდი ვისაუბროთ და მაშინ ნახავ როგორ გაქრება შენი "ურწმუნოება"...

(მონაზონი ვერონიკა)

 

პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ძალიან ძნელად ვიღებთ, მაგრამ იოლად კი ვიხსნით...

 

პატივს ადამიანს "თანამდებობა" კი არ მოუპოვებს, არამედ პირიქით, ადამიანი – "თანამდებობას"...

 

ჭეშმარიტი ქრისტიანი ოაზისია ამა სოფლის უდაბნოში...

 

ზეცასთან მუდმივი კავშირი ქრისტიანის საიდუმლო იარაღია...

 

ფობია და მარცხის შიში ნამდვილი ქრისტიანის დამახასიათებელი ნიშნები არ არიან...

ვისაც შია, შენი საჭმლიდან უწილადე, ხოლო ვისაც ტკივა შენი გულიდან...

 

თუკი ღვთისკენ მიმართულები არ ვიქნებით, ვერ ვიპოვით სიყვარულის ძალას, ვერ შევძლებთ ავიტანოთ, შევიყვაროთ და ვემსახუროთ ერთმანეთს, რადგან ღვთის გარეშე ჭეშმარიტი სიყვარული შეუძლებელია...

 

ყველაზე დიდი მიღწევა და გამარჯვება აზრების, გულის შეუსვრელად შენარჩუნება და ღვთის გზაზე ურყევად დგომაა...

 

მოთმინებით განუზომლად ბევრს მოიგებ, ვიდრე "საღი აზრითა" და "სასამართლოთი"...

 

განსაცდელები და ტკივილი ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების საიდუმლო ლაბორატორიაა...

 

ვისაც ბევრი აქვს გადატანილი, მრავალი ენის მცოდნეს ჰგავს, შესწევს ძალა ბევრს გაუგოს და ასევე, ბევრს ესმოდეს მისი...

 

ღმერთს ადამიანები ტკივილის სიღრმეებში დასახრჩობად კი არა, განსაბანად შეჰყავს...

 

ადამიანი, რომელიც განსაცდელს იტანს და ტკივილის ღუმელში იწვის, განსაკუთრებით განიწმინდება... ავადმყოფობა ღვთის სიყვარულის სტუმრობაა... სიფრთხილეა საჭირო იმისათვის, თუ რას ვეტყვით ავადმყოფს, მას დიდი თანაგრძნობით უნდა მივმართოთ, სარწმუნოებით, ქრისტიანული სიყვარულით და იმ სიტყვებით უნდა ვანუგეშოთ, რაც მის სულს სიმშვიდის შესძენს, ხოლო მის უძლურებას ღვთის მძლავრ ხელში მოაქცევს...

 

"ჩემი ინვალიდი მეგობარი ავღი მოვინახულე. მისი სულის სიმტკიცემ გამაოცა, ჩემი უსუსურობისა და მოუთმენლობის კი შემრცხვა... წლებია, რაც ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული და სწორედ იქ იპოვა ცხოვრების არსი... მუდამ იმეორებს: "დიდება შენდა ღმერთო"!... ოჰ, ღმერთო ჩემო რა მოთმინება აქვს, იობ მრავალვნებულის მოთმინებას შევადრიდი... მე, რომელიც კომფორტში დავცურავ, მისი ცხოვრების იწროებამ დამისერა გული... შემრცხვა ჩემი სავალალო მდგომარეობის... სავალალოა იმიტომ, რომ მინიმალური სულიერებით თვითკმაყოფილებას ვარ მიცემული... გარეგნული "სიკეთით" რამხელა კომფორტში ვცხოვრობ... რამდენი წელი დამიკარგავს... ჩემო კეთილო ავღი, მადლობას გიხდი, რომ გამომაფხიზლე... ვაი, ჩემს თავს უბედურს!... ვაი, რომ ტკივილის, ღვაწლისა და იწროების გარეშე ვცხოვრობ... მივხვდი, რომ ცხოვრების მიზანსა და აზრს მხოლოდ ქრისტესმიერი შინაგანი თავისუფლება იძლევა... გამოიღვიძე საბრალო მარია... თორემ მოულოდნელი სიკვდილი გეწვევა... შენს დასასჯელად ისიც საკმარისია, რომ ამდენი წელი ფორტეპიანოზე დაკვრას, ამ ვნების სიყვარულს მიუძღვენი..."

 

ჩვენი ცხოვრების ერთადერთი და მთავარი მიზანი ზეციურ სასუფეველში უფალთან მისვლაა... ასევე, ჩვენი ცხოვრების ერთადერთი, ჭეშმარიტი და ერთგული მეგობარი უფალი იესო ქრისტეა...

 

რა საშინელებაა, როდესაც ვინმეს სძულხარ... არა, ეს არ არის ყველაზე დიდი საშინელება... უფრო დიდი საშინელებაც არსებობს?

ესაა, როდესაც შენ გძულს ვინმე...

გისურვებ, რომ ეს არასოდეს გამოგეცადოს...

 

ჩვენს მატერიალისტურ და თავაშვებულ ეპოქაში, წმინდა ცხოვრებისათვის "ბრძოლა" მკაცრი, აბსურდული და გაუგებარი ჩანს, მაგრამ ღირს, რადგან ადამიანების ერთადერთ ფასეულობას უფალ იესოს ქრისტეს მცნება – "წმიდა იყვენით" – წარმოადგენს...

(მონაზონი ვერონიკა)

 

მოთმინება, ოჯახური და ზოგადად ცხოვრების, ოქროს სათნოებას და ჭეშმარიტ სიბრძნეს წარმოადგენს...

 

სულის სიმშვიდესა და თავისუფლებაზე დიდი სიკეთე არ არსებობს...

 

"გისმენ გულწრფელად და ყურადღებით" – ნიშნავს იმას, რომ სიმდაბლით დავხარო თავი, რათა აღმოვაჩინო ის, რაც ჩემმა ძმამ ჩემს გონებაში და გულში სიყვარულით ჩარგო...

 

ყველა "კომპეტენტურია", მაგრამ არავინაა პასუხისმგებელი...

 

საშინელებაა იმის ხილვა, თუ სადამდე დაეშვა ადამიანი ყოველ ქმნილებათა მეფე, "ღვთის ხატი", ეს წარმოუდგენელი მშვენიერება, სიყვარულის, აზროვნების, თანაგრძნობის, სიკეთისა და სხვა მრავალი განსაცვიფრებელი ნიჭების კრებული... ადამიანი, რომლისთვისაც "ქრისტე ევნო", საშინელი სულიერი დაცემითა და უმსგავსოებით ღორივით მიწაზეა გართხმული...

 

ადამიანი, "წარმოების იარაღამდე", "მოძრავ გვამამდე", "რობოტამდე", "ნომერამდე", "საგნამდე" დაეშვა...

 

ჩემო დებო და ძმებო, სადამდე მივედით?!... დღეს ადამიანმა, რეალურად, ადამიანის სახე დაკარგა... ყოველი დღე ხოცვა-ჟლეტის დღედ, ხოლო ჩვენი "ცივილიზაცია" – "განადგურების ლაბორატორიად" გადაიქცა...

 

ღმერთო ჩემო! შენთან მარადიული თანაცხოვრება მოგვმადლე!...

 

ეკლესიისგან დაშორებამ და ღვთისაგან განდგომილებამ, ადამიანის საკუთარი თავისგან და მოყვასისგან გაუცხოება გამოიწვია...

 

ნუ დავეყრდნობით იმის ალბათობას, რომ მტერი არ მოვა, მუდამ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ...

 

დიდი გამარჯვებისთვის დიდი ბრძოლაა საჭირო...

 

გულგრილი გამვლელი ისეთივე ბრმაა, როგორც ტროტუარზე მდგომი ბრმა მათხოვარი, ამასთან მისი სიბრმავე უფრო დიდია, რადგან გულისა და სინდისის სიბრმავეზე მეტყველებს...

სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების დაუმორჩილებლობით უფრო მეტ საფრთხეში იმყოფება, ვიდრე მტრების მხრიდან...

 

სულის სიმშვიდე მხოლოდ სულიერი მოძღვრის მიმართ ჩვენს ნდობასა და მორჩილებას მოაქვს...

 

ადამიანმა, მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ, შესაძლოა რაც სურს ყველაფერი იპოვოს, გარდა საკუთარი ცხონებისა...

 

როდესაც ადამიანები ვნებებისა და მოვლენების გავლენის ქვეშ ვექცევით, მაშინ თავისუფლებას ვკარგავთ...

 

დღეს ადამიანები არაფერში ისე "თავისუფლები" არ არიან, როგორც ბოროტმოქმედებაში, ნიჰილიზმში და თავისუფლების განადგურებაში...

 

(ერთი ხელმოცარული ბავშვის წუხილი)

"...ნამდვილად ყველაფერი მქონდა... მაგრამ როგორც მახსოვს ის, რაც მაკლდა, იყო სიყვარული... ვითხოვდი, ვესწრაფოდი, მაგრამ მას ვერსად ვპოულობდი... სიყვარულის ნაცვლად ნივთებს ვიღებდი... მშობლებზე რას ვიტყვი?... ბანქოს თამაშის მანია ჰქონდათ... ერთმანეთში მუდმივად კამათობდნენ... ერთი მხარე მოგებას ითვლიდა, მეორე კი, რადგან მისმა გუნდმა წააგო, გაბუტული იყო... მოსულ სტუმრებსა და ნათესავებთან გამუდმებით პოლიტიკაზე და ბიზნესზე საუბრობდნენ... არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბილწსიტყვაობითა და სიგარეტის კვამლით გექმნებოდა შეგრძნება, რომ სახლში კი არა, ცუდი რეპუტაციის მქონე კაფეში ცხოვრობდი... ჩემი ნერვული სისტემა განადგურდა!" (ეს, ერთი ახალგაზრდის ტრაგიკული ისტორიაა, რომელიც განუკითხაობისა და ნარკოტიკების ტყვეობაში აღმოჩნდა... ხედავთ რა პასუხისმგებლობა აქვს მამას, დედას, ოჯახს???)

 

უდიდესი მჭევრმეტყველება დუმილის ხელოვნებაშია...

 

ახალგაზრდები დისკოთეკების კარებს მიღმა იკეტებიან და ულმობელ მარტოობაში რჩებიან...

 

"ბოროტმოქმედი" ადამიანი – "ბოროტმოქმედი" საზოგადოების განტევების ვაცია...

სრული თავდაჯერებულობა ბავშვებისა და გიჟების დამახასიათებელი თვისებაა, მხოლოდ ისინი არ ეჭვობენ არასდროს...

 

"ძილში მესიზმრებოდა, რომ ცხოვრება სიხარულია... გავიღვიძე და ვნახე, რომ ცხოვრება არის მოვალეობა... ვიშრომე და ვნახე, რომ მოვალეობა არის სიხარული..."

 

კეთილგონიერმა და ბრძენმა ადამიანმა იცის:

იმის გასაგებად, რომ ცოტა იცი, ბევრი უნდა ისწავლო! …

ყველაფერი რაც იცი არ უნდა თქვა და ყოველთვის უნდა იცოდე ის, რასაც ამბობ!

სიბრძნით სიმდიდრე მოიპოვება, მაგრამ სიმდიდრით ვერასოდეს სიბრძნეს ვერ იყიდი...

 

როდესაც ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობს და საკუთარ თავთან არა აქვს კავშირი, იგი ვერც სხვებთან დაამყარებს კავშირს...

 

მართლმადიდებელი ქრისტიანის სწორი შეხედულება:

ვარსებობ ამ ცხოვრებაში არა იმისთვის, რომ მე მემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ მე ვემსახურო სხვას...

 (მონაზონი ვერონიკა)

 

რამდენი ქალი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ საკუთარი სილამაზე წარმოაჩინოს... ერთი მნიშვნელოვანი რჩევა:

ნამდვილად ლამაზი რომ იყო, ერთი წუთი სარკის, ხუთი შენი სულის, ხოლო ათი ღვთის წინაშე გაატარე!

 

ერთ ასაკოვან ქალს ჰკითხეს, თუ რა კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებდა იმისთვის, რომ სილამაზე, მომხიბვლელობა და სახის ბრწყინვალება შეენარჩუნებინა. ქალმა უპასუხა:

ჩემი ტუჩებისთვის ვიყენებ სიმართლეს, თვალებისთვის ურთიერთგაგებას, ხელებისთვის მოწყალებას, გულისთვის სიყვარულს, მათთვის კი, ვინც მე მმტრობს ლოცვას...

თქვენც გამოიყენეთ ეს "კოსმეტიკა" და სასწაულებრივ შედეგებს მიიღებთ...

 

ბევრი ადამიანი ახალგაზრდობის წლებს იმისათვის იყენებს, რომ დარჩენილი ცხოვრება უბადრუკად გაატაროს...

 

ყველაზე დიდი ტყუილები ითქმება:

არჩევნების წინ, ომის დროს და ნადირობის შემდეგ...

 

ყოველ დილით ვამბობთ "მამაო ჩვენოს", მაგრამ შემდეგ, მთელ დღეს, "ობლებივით" ვატარებთ...

 

როგორც ხელი გევსება, როდესაც რაიმეს გაძლევენ, ასევე ივსება გული, როდესაც გასცემ...

 

ყოველთვის, და განსაკუთრებით ჩვენს დროში, ბავშვებს არა მსაჯულები, არამედ პირადი მაგალითები ესაჭიროებათ...

 

დიდი ინტელექტის დამახასიათებელი თვისებაა ცოტა სიტყვებით ბევრი თქვას, ხოლო დაბალი ინტელექტის ბევრი სიტყვებით თქვას ცოტა ან საერთოდ არაფერი!...

 

გამოცდილებამ აჩვენა, რომ ის, ვინც გულს ტკენს სხვას, უფრო უბედური ხდება, ვიდრე ის, ვისაც გული ატკინეს...

 

 

გაგრძელება

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა